თარგმანი

აბდულრაზაკ გურნა – ჩემი ცხოვრების წიგნები

ნობელიანტი მწერალი აბდულრაზაკ გურნა თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

ეჭვგარეშეა, ყურანი. ხუთი წლის ასაკისთვის ზანზიბარში, chuoni-ში ვიზრდებოდი, რასაც ჩვენ ყურანის სკოლას ვეძახით. საჯარო სკოლა ერთი წლის შემდეგ დაიწყო, იმ დროისთვის, როდესაც, დარწმუნებული ვარ, მოკლე სურებს უკვე ვკითხულობდი. საჯარო სკოლაში ერთ-ერთი სასწავლო მასალა ეზოპეს იგავების სუაჰილური თარგმანი იყო, ილუსტრაციებით, რომლებზეც მელია უშედეგოდ ცდილობს ყურძენს მისწვდეს, კურდღელი კი გზისპირას ისვენებს, როცა კუ ნელ-ნელა ეწევა. ამ სურათების წარმოდგენა ისევ შემიძლია.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

შემოკლებული „ათას ერთი ღამის“ სუაჰილური თარგმანი ოთხ თხელ ტომად. იქ წავიკითხე პირველად ქამარ ზამანისა და პრინცესა ბადურას ამბავი, რომელიც მას შემდეგ ჩემთანაა. მთარგმნელი და ყველა, ვისაც წინასიტყვაობაში მადლობას უხდიან, კოლონიელი ოფიციალური პირები იყვნენ, მაგრამ ენა მაფიქრებინებს, რომ ერთი ან ორი ადგილობრივი ინფორმატორი ჰყავდათ, რომლებიც ნიუანსების ცოდნით უზრუნველყოფდნენ. სანამ 10 წლის გავხდებოდი, წიგნები, რომლებიც ინგლისურად წავიკითხე, კომიქსები იყო და სკოლის ჯილდო, რომლის სათაური „მსოფლიოს ხალხი“ გახლდათ. ერთი ან ორი წლის განმავლობაში ხელახლა ვკითხულობდი. თუმცა მასში ზანზიბარი ნახსენები არ ყოფილა.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

რთული შეკითხვაა. მახსოვს, მომბასაში, ბიძაჩემის მოკრძალებულ სახლში, ჭილოფზე ვიწექი და „ანა კარენინას“ განადგურებულ ასლს ვკითხულობდი. არ ვიცი, იქ როგორ აღმოჩნდა. ბიძაჩემი არ იყო მკითხველი. 13 წლის თუ ვიქნებოდი და ბევრი რამ ვერ გავიგე, მაგრამ მაინც ვტიროდი და ვქვითინებდი კითხვისას. რასაც ვკითხულობდით, შემთხვევითი იყო, იმაზე დამოკიდებული, რა იყო ხელმისაწვდომი სკოლის ბიბლიოთეკაში: ძირითადად, შემოწირულებები აქედან წასული კოლონიელი საჯარო მოხელეებისგან. 15 წლის ვიყავი, როცა ჯეიმს ბოლდუინის „სხვა ქვეყანა“ წავიკითხე და მახსოვს, როგორი ამაღელვებელი იყო. ჩვენმა მასწავლებელმა ვიდიადჰარ ნაიპოლის „მისტიკური მასაჟისტი“ მათხოვა, რომელიც, ვფიქრობ, პირველი რომანი იყო, რომელშიც ვნახე ხალხი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვიცნობდი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

18 წლის ვიყავი, როცა უილიამ საროიანის „გაბედული ახალგაზრდა კაცი მფრინავ ტრაპეციაზე“ წავიკითხე და უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ჩემზე. მიყვარდა თავისუფლებისა და გახსნილობის ტონი. ამის პოვნა მის სხვა ტექსტებში ვერ შევძელი.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

მაშინ, როდესაც რომანის დაწერაზე ვფიქრობდი, ამერიკელ მწერლებს ვკითხულობდი: სოლ ბელოუს, ბერნარდ მალამუდს და, პირველ ყოვლისა, ბოლდუინს. ისევ მაქვს „Penguin“-ის შელახული წიგნი, „შემდეგში ცეცხლი“. ასევე ხშირად ვკითხულობდი ჯოზეფ კონრადს, დევიდ ლოურენსს და ნადინ გორდიმერს, უოლე შოინკას, ამიტომ არ ვიცი, შემიძლია თუ არა თქმა, ამ მკითხველური გამოცდილებებიდან რომელმა მიაღწია შედეგს.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც დავუბრუნდი

მოსწავლეობისას დავიმახსოვრე და დაუსრულებლად ვიმეორებდი ერთ პასაჟს „პატარა დორიტიდან“. დირექტორმა ციტირების კონკურსზე გამგზავნა. არ ვიცოდი, ეს პასაჟი საიდან იყო ან რას შეეხებოდა. ამის შემდეგ დიდხანს აღარ შემეძლო დიკენსის წიგნების წაკითხვა, მაგრამ მერე შემიყვარდა და ვისწავლე მისი რომანები.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე წამიკითხავს

ჯონ მაქსველ კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ ენის სიზუსტისა და სიცხადის გამო, რომლითაც ადამიანის ბოროტებას გამოსახავს.

წიგნი, რომელსაც აღარასოდეს წავიკითხავ

გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“. ვაღმერთებ მისი ენის იდეალურობას, მაგრამ ახლა თავს უხერხულად მაგრძნობინებს. ვფიქრობ, იმ ადამიანების გამო ვგრძნობ თავს ასე, რომელთა ამაოება ამდენად უმოწყალოდაა გამოაშკარავებული.

წიგნი, რომელიც გვიან აღმოვაჩინე

ყოველ დღეს ახალი აღმოჩენები მოაქვს. მინდა აღვნიშნო ბოლო პერიოდის აფრიკელი მწერლების უზარმაზარი შემოქმედება. შოინკა, ნურუდინ ფარაჰი და ნგუგი ვა თიონგო ათწლეულებია ბრწყინვალე მასალებს ქმნიან. თანამედროვე ავტორები – დეიმონ გალგუტი, მააზა მენგისტი, ივონ ადჰიამბო ოვუორი, ნოვიოლეთ ბულავაიო და ნადიფა მოჰამედი – არაჩვეულებრივები არიან.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“.

ჩემი კომფორტული საკითხავი

კრიკეტის სიახლეები და მოგონებები, მაშინაც კი, როცა ავსტრალიელების გამარჯვებაზეა.

© არილი

Facebook Comments Box