ახალი წიგნები

აგვისტოს ბიბლიოდღიური

ბიბლიოდღიურში მოგიყვებით აგვისტოში გამოცემული ოთხი წიგნის შესახებ:

კლერ კიგანი, ასეთი წვრილმანები, „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ირლანდიელი მწერალი კლერ კიგანი 1968 წელს ირლანდიაში დაიბადა, დიდ ოჯახში. 17 წლის ასაკში სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა, ირლანდიაში კი 1992 წელს დაბრუნდა.

„ასეთი წვრილმანები“ კიგანის რიგით მეოთხე წიგნია, 2021 წლის მიწურულს გამოცემული და ორუელის პრიზით (პოლიტიკური ფიქციისთვის) დაჯილდოებული. გარდა ამისა, ეს წიგნი 2022 წელს ბუკერის პრემიის მოკლე სიაშიც მოხვდა და იქცა ყველაზე პატარა წიგნად, რომელიც ოდესმე დასახელებულა ბუკერის ნომინანტებს შორის.

რაც შეეხება წიგნის სიუჟეტს: „1985 წელია. პატარა ირლანდიური ქალაქი შობის აღნიშვნისათვის ემზადება. დიდი ოჯახის პატრონს, ხუთი ქალიშვილის მამას, ნახშირით მოვაჭრე ბილ ფერლონგს აუარებელი საქმე აქვს – მისთვის ეს ყველაზე დატვირთული სეზონია. დილაადრიან, როცა ის შეკვეთილ საწვავს აბარებს ადგილობრივ ქალთა მონასტერს, ბილი აკეთებს აღმოჩენას, რომელიც მას აიძულებს, დაუპირისპირდეს თავის წარსულსაც და, რაც მთავარია, საყოველთაო მდუმარებას ქალაქში, რომელსაც ადგილობრივი ეკლესია აკონტროლებს.“

ამგვარად, „ასეთი წვრილმანები“ საშუალებას გვაძლევს, ირლანდიის კოლექტიური ისტორიის საშინელი პერიოდი ახალი და განსხვავებული პერსპექტივიდან დავინახოთ.

ჟოზე სარამაგუ, სიკვდილის წყვეტა, „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

2005 წელს პორტუგალიაში „სიკვდილის წყვეტა“ გამოიცა, ჟოზე სარამაგუს რომანი, რომლის მთავარი გმირი სიკვდილია – ერთი მხრივ, სიკვდილი როგორც ფენომენი; მეორე მხრივ, როგორც გაადამიანურებული არსება. ცენტრალური თემა კი სიკვდილისა და საზოგადოების ორმხრივი ურთიერთობაა – როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს სიკვდილთან და პირიქით, სიკვდილი როგორ აღიქვამს/ხედავს ადამიანებს.

„მომდევნო დღეს არავინ მომკვდარა“ ასე იწყება თხრობა და ნელ-ნელა სრული სურათი იხატება – როგორც სარამაგუს ახასიათებს, უჩვეულო და დასამახსოვრებელი. ადგილი, სადაც სიკვდილი აღარ არსებობს, ჯერ ედემის ბაღს ჰგავს, მაგრამ მალე ბაღის ნამდვილი ბუნება მჟღავნდება. ესაა ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული მოცემულობა – გარდა იმისა, რომ სიკვდილი შემოსავლის წყაროცაა, მისი არარსებობა ხელის შემშლელია ოჯახებისთვისაც, რომლებიც ახლობლების სიკვდილს ელოდებიან… ამიტომაც ხდება სიკვდილი სასურველი.

როგორც რომანის შესახებ დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ, მასში ყველაზე ირონიული ისაა, რომ თუკი ადამიანები ოდესმე უკვდავებას მოიპოვებენ, არ ეცოდინებათ, რა მოუხერხონ მას. ისინი არასწორად გაიგებენ უკვდავების იდეას, ისევე, როგორც არ ესმით, რას ნიშნავს, იყო ცოცხალი. „სარამაგუს სამყაროში არაფერს აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მას მრავალი სხვადასხვა მნიშვნელობა მივანიჭოთ“.

მიხალ რუსინეკი, არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე, გამომცემლობა ინტელექტი, მთარგმნელი: ნათელა გავაშელი

„მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელიც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.“

„მას რომ მკვეთრი შუქჩრდილების სიყვარული ჰქონოდა, თავისი დროის ნამდვილი ფერების მიმართ ერთგული ვეღარ იქნებოდა. მისი ნაწერები მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია, და რაკი ასეა, შეგვიძლია ეს დიაგნოზი სხვა ენებზეც დაისვას. აქ თავისთავად ჩნდება სემუელ ბეკეტისა და ფილიპ ლარკინის სასოწარმკვეთ ხილვებთან შედარების ცდუნება. მათგან განსხვავებით, შიმბორსკა ისეთ სამყაროს გვთავაზობს, რომელშიც ადამიანი სუნთქვას შეძლებდა. სუბიექტურობის გამიზნული უარყოფის წყალობით, ,,მე” და პიროვნული დეპრესიის კერძო შემთხვევები პერიფერიაზე ექცევა. ესენი შიმბორსკასთან თამაშის სულითაა ჩანაცვლებული, რომელიც, სხვა რომ არაფერი, ადამიანის ყოფიერების საოცარ მრავალფეროვნებას და დიდებულებას წარმოაჩენს.“ – წერდა ჩესლავ მილოში ნობელიანტ მწერალზე, რომელსაც ამჯერად მიხალ რუსინეკის თვალით დავინახავთ.

ნიკოლა დიკნერი, თავისუფლების ექვსი ხარისხი, გამომცემლობა აგორა, მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი

„ნიკოლა დიკნერი თანამედროვე კანადელი მწერალია.  პირველი რომანი 2005-ში გამოაქვეყნა და ისეთი აღიარება მოიპოვა, რომ კანადის ფრანგულენოვანი ლიტერატურის ანთოლოგიებში კლასიკური მწერლების გვერდით დაიკავა ადგილი. მისი რომანების პერსონაჟები გამოირჩევიან ორიგინალობით, უცნაურობით, აკვიატებული იდეებით, ისტორიული ამბებისა და მათთვის საინტერესო საკითხების ღრმა ცოდნით.

„თავისუფლების ექვსი ხარისხი“ 2015 წელს გამოიცა და როგორც წლის საუკეთესო რომანს, გენერალური გუბერნატორის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

წიგნში თავისუფლების თემა მრავალი წახნაგით ვითარდება, რომანის პერსონაჟები, რომლებიც თავისუფლებას ესწრაფვიან, რა თქმა უნდა, მწერლის ტრადიციას არ ღალატობენ და რომელიმე კონკრეტულ, აკვიატებულ სფეროში უკიდეგანო ცოდნას ფლობენ, ან უსაზღვრო ნიჭს და მიხვედრილობას ამჟღავნებენ“ – წერს  ნანა ლალიაშვილი ცოტა ხნის წინ გამოცემული „თავისუფლების ექვსი ხარისხის“ შესახებ.

© არილი

Facebook Comments Box