პოეზია (თარგმანი)

ადონისი – მიჰიარ დამასკელის სიმღერები


ეს ციკლი 141 მცირე ზომის ლექსისგან შედგება და 7 ნაწილადაა დაყოფილი. მათგან პირველი 6 იწყება ფსალმუნით, ხოლო მეშვიდე შედგება 7 მცირე ელეგიისგან. ადონისი მე-11 საუკუნის პოეტის, მიჰიარ დაილამის (+1037) ხატს აცოცხლებს – ის ჩრდილოეთ ირანის მთიანი რეგიონიდან იყო, თუმცა არაბულად წერდა. ქმნიდა ელეგიებს, სასიყვარულო ლირიკას.

არაბულიდან თარგმნა ნინო დოლიძემ

  არ არის ვარსკვლავი

არც ვარსკვლავია,

არც შთაგონება წინასწარმჭვრეტის,

არც სახე არის მთვარის წინ მდგარი

მორიდებულად და მოწიწებით…

ეს არის ის, ვინც მოვიდა როგორც

                                      შუბი წარმართთა,

ასოთა მიწას შეუტია,

                              სისხლი დაკარგა

და სისხლდენით მზისკენ ამაღლდა,

სწორედ ის არის, ტანთ რომ ემოსა

                                          სიშიშვლე ქვათა,

მლოცველი გამოქვაბულების…

ის, ვინც მსუბუქად ჩაეხუტა მიწას, ჩაბარდა.

მიჰიარი მეფეა

მიჰიარი მეფეა,

მისი ოცნება სასახლე და ცეცხლის ბაღებია,

დღეს მომაკვდავმა ხმამ დაიჩივლა

                                                  მის გამო…

მიჰიარი მეფეა,              

ის ქართა სამეფოში ცხოვრობს

და საიდუმლოებათა მიწას მართავს.

ხმა

მიჰიარი სახეა,

რომელსაც ეთაყვანებიან,

მიჰიარი ზარებია

რეკვის გარეშე.

მიჰიარი სიმღერაა

სახეებზე გამოსახული,

საიდუმლოდ რომ გვსტუმრობს

დევნილობის თეთრ და უდაბურ გზებზე.

მიჰიარი ის ზარებია,

გალილეოს მიწაზე

მოხეტიალე კაცნი რომ რეკენ.

არაფრის მქონენი[1]

პირველ ახალ წელს ასე გვითხრეს –

გამაგრდითო,

შორეული ადგილებისკენ გაემგზავრეთ

ან გამძლე კარვებში დასახლდითო –

თქვენი ქვეყანა აქ აღარ არისო!

ჩვენ ისინი ვართ, უცხოდ რომ დარჩნენ,

რომ აღელდნენ, აფორიაქდნენ,

რომ დასუსტდნენ, დაუძლურდნენ

და შეუდგნენ უსახლკაროდ ხეტიალს…

ჩვენი ძახილი სიცარიელემ ჩაყლაპა,

წინ და უკან რომ მოგვყვებოდა.

დღეები სხეულის ნაწილებზე მიგვეყინა,

სისხლივით შეგვეკუმშა,

წამად გადაგვექცა,

ჩვენმა დღეებმა უდროოდ ჩაიარა.

გაბნეულნი ვართ, მიმოფანტულნი,

სხვა ბილიკებზე მიმოფლანგულნი

უფერული  მკლავებით და გულებით,

             უსუსური, მშიერი დაძახილით…

ჩვენთვის გაღებული მოწყალება ქარია,

დილაც კი გაგვირბის ჰორიზონტიდან –

გვიქრება თვალწინ.

გულებო, შეგვიბრალეთ

და თქვენ მაინც ნუ გაგვექცევით –

მედგრად გაუძელით ბედის სისასტიკეს,

შიმშილს და მწარე სასოწარკვეთას.

მტვრით დაიფარეთ აქ, ამ ადგილზე…

ხვალ კი იტყვიან –

ჩვენი მიწიდან აგორდა ბრძოლა,

მერე გაგრძელდა ჩვენს კიდურებზე,

ძახილსა და მოწოდებაზე  

და ხვალინდელი დღეებისაკენ

ჩვენს შორეულ მიმოხედვაზე…

სიცარიელე

სიცარიელის ნარჩენები მაქვს შუბლზე –

სივრცეს იპყრობს და მტვერს აფრქვევს,

ჩემს ნაბიჯებში სიბნელედ აღწევს,

თვალწინ ჩვენებად მეწელება…

აქ, ჩემს ბილიკზე გაზაფხული კვდება,

სოფელი ყვითლდება,

აქ, ჩემს ძარღვებში სიმშრალის  ექოა,  

ბუზღუნი, ჭრიალი,

აქ, ჩემს სისხლში შემოდგომა იშვება,

ფიქრობს, მშორდება –

მზეც მტოვებს ბედის.

ცოდვას ჩაიდენს შემოდგომა

                                           ვნებააშლილი

მერე ინანებს,

მკერდში ჯინებით და ჯადოქრებით

მეოცნებეთა ნაბიჯებში გადაიზრდება…

სიცარიელის ნარჩენები

ვარსკვლავს მიფარავს,

მიწას მიყინავს

და მტოვებს მღვიმედ საკუთარ თავთან,

სიცარიელის ნარჩენები

სიცარიელედ გვაქცევს.

ჩვენს მიწაზე

ამაყად დააბიჯებს ბატონი

ქვიშად, მირაჟად

და ჩვენს სიღრმეებს სიმშრალით ავსებს.

მას კი ავსებენ წაბლისფრით და მუქი სინელით…

აქ, ჩვენს მიწაზე  საფლავებს თხრის მოწყენილობა

და დღეებს შორის ოხვრა-კვნესად მათ მიმოაბნევს,

ნაბიჯებს შორის სასაკლაოები გვიჩნდება,

სიძულვილმა მორწყა აქაურობა,

გზად და მწვერვალად საფლავები დააკანონა,

ისინი სწრაფვას ზედ ყინულად გადააფინა

და სურვილებზე ხანძრად დაგვინთო.

ჩვენი ქვეყანა და თვით ხალხიც ზიზღმა მოიცვა,

მისია ჩვენი ტერიტორიაც, ყვირილიც, ომიც –

სიძულვილის და უძღებობის ღრმა ორმოები

ძმებს გვიბინძურებს,  ვაჟებს გვიწამებს –

სახეზე უბრტყელებს ყოველ ვარსკვლავს,

ყოველ დღეს უხრჩობს ქუთუთოებში.

ჩემი ქვეყნის დრო სიცარიელეა,

კაფეებიც

და ღამის გასართობი ადგილებიც

სიცარიელეა…

ის, ვინც მორჩილად დამცირებულა –

თავის მიწაზე თქვა უარი ამ მორჩილებით,

მდინარეები ჭუჭყით გაავსო

და გვიწინამძღვრა,

სიცარიელეა.

ვინც ხალხს განუდგა და მათ სიყვარულს,

დარდში ჩაძირა მისი სიღრმეები,

სიცარიელეა.

თავის თავის მეტს ვინც ვერას ხედავს,

კარგს კარგს არ არქმევს,

                                თუ თავადაც არ იხეირა,

სიცარიელეა,

სიცარიელეა…

სიცარიელეა, სადაც დაღუპვა ჩაბუდებულა,

დამპყრობი თათრები ჩასახლებულან…

აქ სიწმინდე ითელება

აქ ღირსება იბზარება

მცოდნე კაცი წელში ტყდება –

უარყოფილი წინ ვეღარ მიდის, მერე ჩერდება…

ჩვენი თაობა ვის უკმევს საკმეველს?

ნეტავ, რომელ ღმერთს ემსახურება,

რომელს სცემს თაყვანს?

ვის ეკუთვნის და

ვის წინ დგება ხელებაწვდილი?

ვის უყვირის და ვის ემართლება –

უმართავს ბრძოლას?

და ვისთვის გაყო დღე ღამედ და მზედ

თუ სულ ერთია მისთვის დრო-ჟამი?

ვისთვის იზრდება და აღიზრდება?

მის სიღრმეებთან ახლოს ღმერთები

უბღვერენ საწყლად დაღვრემილ მსხვერპლებს,

ფეხებს ურტყამენ მათ სათითაოდ,

მერე ტოვებენ მედიდურად,

ამპარტავნებით…

ბეირუთი

1

ბეირუთში ცხოვრობს –

მის თვალში ეს მიწა ანბანი,

ხუთი უნივერსიტეტი,

კლდე, ვაშლი და სიმღერებია.

თუმცა ის კვდება –

კვდება ბუტბუტით,

თითქოს ცოცხლობდეს

დღეებს მიღმა,

გაუგებრად,

თითქოს არც იყოს პიროვნება.

2

მაგიდა იყო ოთახები

სტუმრების ღრიანცელით აკლებული,

ცხვრის ხორცით უხვად დახუნძლული

და მის გარშემო

სასმელი გასაოცრად დააბიჯებდა.

მაგიდის ოქროს კიდეზე კი

გამქრალ სახეებთან ერთად

წიგნის სახე ფერმკრთალდებოდა

და ნელ-ნელა იღუპებოდა.

3

აიშამ ჩამოიარა.

ბრმა სხეულისთვის

ან ბრმა დროისთვის

ყოველი ღამე ტახტია

და ყოველი დედალი აქლემი – ლამპარი.

აიშა ღუპავს –

ვნების ფერი ხომ განადგურებაა…

მას ეცეკვება ემირი უბრალო თავსაბურავით

ან – ღატაკი ემირის ქუდით,

აი, სიმღერით გაესაუბრა,

თუმც ლაპარაკიც შეეძლო კაცს,

მკლავი მოჰხვია,

მის მუცელზე გადაიხარა

და დაიძინა…

ქალი და კაცი

– ვინ ხარ?

– რაინდი უადგილო,

ეშმაკის შვილი

სივრცის ქვისგან გაკეთებული.

შენ ვინ ხარ თავად?

ჩემს სხეულში გამოემგზავრე?

– კი, რამდენჯერმე.

– რა დაინახე?

– ჩემი სიკვდილი.

– შენ ჩემი სახე გადაიცვი?

და ჩემი მზე როგორც ჩრდილი

ხოლო ჩრდილი როგორც მზე, ისე იხილე?

ჩემი საწოლის ქვეშ შეძვერი?

კარგად მომძებნე?

– და თავად თუ აღმომაჩინე?

– შენ გამეხსენი? ირწმუნე ჩემი?

– არა.

– ჩემით განიკურნე? ისევ გეშინია?

– კი, რა თქმა უნდა.

– მე შემიცანი?

– და შენ თავად თუ შემიცანი?

აღმოსავლეთი და დასავლეთი

(სერიიდან „საფლავი ნიუ იორკისთვის“)

რაღაც გაიწელა ისტორიის გვირაბში,

რაღაც მორთული და თან დანაღმულია,

ვაჭარს ბავშვი მოჰყავს, რაღაცას უმღერის,

ბავშვი ნავთობით მოწამლულია…

აღმოსავლეთი გაჰყვიროდა –

                   პატარასავით ითხოვდა შველას,

უფროსი დასავლეთი ხომ უცოდველია –

ხელშეუხებელი მისი ბატონია…

ამოატრიალეთ რუკა,

დაწვით მსოფლიო!

დასავლეთი და აღმოსავლეთი

ფერფლში გახვეული

ერთი საფლავია.

მოგონება

1

… როგორ დავკარგეთ მოწყენილი სიმღერები,

ჰორიზონტებით ამოვივსეთ ქუთუთოები

და დავიყვირეთ:

ჩვენი წვიმების ღრუბლებო,

სწორედ ის დრო ვართ და ყვავილი,

თქვენ რომ ელოდით,

გახსენით თქვენი სავსე ჭურჭელი

და გადმოგვასხით უხვად წყალი თქვენ,

რომელნიც ზღვიდან მოხვედით.

2

… მდინარეში

ლერწმებივით ვირბინეთ

ვიარეთ წყლად  და წყლის ბუშტუკებად,

გადავიმალეთ ჯინების მკერდში.

… დღესასწაულზე

სანთლები ვანთეთ, ბევრი ვილოცეთ,

მერე ვისურვეთ და დავინახეთ

დათქმული დროის გარეშე

ღმერთი.


Facebook Comments Box