პროზა (თარგმანი)

პოლ ოსტერი – ოგი რენის საშობაო ამბავი

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ეს ამბავი ოგი რენისგან მაქვს მოსმენილი. ოგი აქ მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, თვითონ რომ გაეხარდებოდა, ამიტომ მთხოვა, მისი ნამდვილი სახელი არ მეხსენებინა. სხვა ყველაფერი, დაკარგული საფულის, ბრმა ქალისა და საშობაო სადილის ამბის ჩათვლით, ზუსტად ისე დავტოვე, როგორც თვითონ მიამბო.
უკვე თითქმის თერთმეტი წელია, რაც მე და ოგი ერთმანეთს ახლოს ვიცნობთ. ოგი ბრუკლინის ცენტრში, კურტ სტრიტის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს გამყიდვლად. ეს ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ჩემი საყვარელი ჰოლანდიური სიგარების ყიდვა შეიძლება და ამიტომ იქ ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე. ოგი ჩემთვის ძალიან დიდხანს არაფერს ნიშნავდა. ერთი უცნაური ვინმე იყო, ქაღალდის გაბერილი ლურჯი ქურთუკით, რომლისგანაც სიგარებს და ჟურნალებს ვყიდულობდი; ირონიული, ენამოსწრებული კაცი, რომელიც სულ ,,მეტსებზე“, ამინდზე ან ვაშინგტონელ პოლიტიკოსებზე შაყირობდა. ეს იყო და ეს.
მაგრამ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, მოხდა ისე, რომ თავის მაღაზიაში ჟურნალს ათვალიერებდა და ჩემი ერთ-ერთი წიგნის რეცენზიას წააწყდა. ოგი მიხვდა, რომ საუბარი ჩემზე იყო, რადგან სტატიას ფოტო ჰქონდა დართული და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სრულიად შეიცვალა. იმ დღიდან ოგისთვის მაღაზიის ჩვეულებრივი მყიდველი აღარ ვიყავი, გამორჩეულ პერსონად ვიქეცი. ადამიანების უმეტესობას წიგნები და მწერლები მასზე ნაკლებად არ აინტერესებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოგი თავს ხელოვან ადამიანად თვლიდა. ეხლა, როდესაც ჩემი ვინაობა გაარკვია, მთელი გულით მიმიღო, როგორც მოკავშირე, მესაიდუმლე და თანამებრძოლი. სიმართლე გითხრათ, ეს უეცარი ცვლილება ცოტათი კიდეც მეხამუშებოდა. მერე, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, ოგიმ თავისი ფოტოსურათების დათვალიერება შემომთავაზა. მისი დიდი სურვილისა და ჩემდამი კეთილგანწყობის გამო, უარის თქმა და მისი გაწბილება  შეუძლებელი მეჩვენა.

ღმერთმა იცის, რის ნახვას მოველოდი, ოღონდ არა იმას, რაც მეორე დღეს მაჩვენა. მაღაზიის უკანა, უფანჯრებო პატარა ოთახში ოგიმ მუყაოს ყუთი გახსნა და თორმეტი ერთნაირი ალბომი ამოაწყო. ოგიმ მითხრა, რომ ეს მთელი მისი ცხოვრების საქმე იყო და რომ ამ საქმეს დღეში მხოლოდ ხუთ წუთს ანდომებდა. უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში, ყოველ დილას, ზუსტად შვიდ საათზე, ატლანტიკ ავენიუსა და კლინტონ სტრიტის კუთხეში დგებოდა და ერთი და იმავე ხედის ერთადერთ ფერად ფოტოს იღებდა. ეხლა მის პროექტში თითქმის ოთხი ათასი ფოტო იყო თავმოყრილი. თითო ალბომი ერთი წლის ნამუშევრებს იტევდა. სურათები თანმიმდევრობით იყო ჩაწყობილი, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულის ქვეშ კოხტად მიწერილი თარიღი ჩანდა. ალბომების ფურცვლა და ოგის ნამუშევრების თვალიერება რომ დავიწყე, თავიდან არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. პირველი შთაბეჭდილებით, ამაზე უცნაური და ახირებული რამე ცხოვრებაში არ მენახა. ყველა სურათი ერთმანეთს ჰგავდა; ერთი და იგივე ქუჩა, ერთი და იგივე შენობები, უთვალავი სახეები, გადარეული ბოდვა. ოგისთვის სათქმელად თავში არაფერი მომდიოდა, ამიტომ გვერდების გადაშლას ვაგრძელებდი. თვითონ ოგის სახეზე ჭოჭმანის ნასახიც არ ეტყობოდა და გულღია ღიმილით დამყურებდა, თუმცა რამდენიმე წუთში უცებ ფურცვლა შემაწყვეტინა და მითხრა: ძალიან სწრაფად ათვალიერებ. ცოტა შეანელე, თორემ სიამოვნებას ვერ მიიღებ.
მართალიც იყო, რა თქმა უნდა. თუ დანახვის უნარი არ გაქვს, ვერც ვერაფერს დაინახავ. ყუთიდან მეორე ალბომი ამოვიღე და თავი ვაიძულე, უფრო გულდასმით მეთვალიერებინა. მეტ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, ამინდის მონაცვლეობას; წელიწადის დროების ძალაში შესვლასთან ერთად განათების კუთხის ცვლილებას ვაკვირდებოდი. თანდათანობით მანქანების მოძრაობაში, სხვადასხვა დღის რიტმში (სამუშაო დღეების დილის ციებ-ცხელება, შედარებითი უმოძრაობა კვირის მიწურულს, კონტრასტი შაბათსა და კვირადღეს შორის), სულ უმნიშვნელო განსხვავებების გარჩევა დავიწყე, მერე კი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანების ამოცნობაც – გამვლელ-გამომვლელების, რომლებსაც სამსახურში ეჩქარებათ; ყოველ დილით, ერთი და ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იგივე ადამიანები, რომლებმაც ოგის ფოტოაპარატის ხედვის არეში თავიანთი ცხოვრების ერთი წამი იცხოვრეს. რაკი ზოგიერთს უკვე სახით ვცნობდი, ახლა მათი სხეულის ენაზე დავიწყე დაკვირვება – იმაზე, როგორ იცვლებოდნენ დილიდან დილამდე; ვცდილობდი, გარეგნული ნიშნებით გამომეცნო მათი გუნება-განწყობა, მათი ცხოვრების ისტორიები წარმომედგინა, თითქოს მათს სხეულებში გამოკეტილ უხილავ დრამებში ვცდილობდი შეღწევას. კიდევ ერთი ალბომი ამოვიღე. აღარც მობეზრებას ვგრძნობდი, არც დაბნეულობას, რომელიც თავიდან დამეუფლა. მივხვდი, ოგი დროის ფოტოგრაფირებას ახდენდა, ბუნებრივ დროსთან ერთად, ადამიანთა დროს აღნუსხავდა,  ამისთვის სამყაროს ერთი პატარა კუთხე ქონდა ამორჩეული, იმ სივრცის მცველად იყო დაყუდებული და მთელი არსებით ცდილობდა მის დასაკუთრებას.

ნამუშევრებში ჩაძირულს, ოგი ისევ ღიმილით და ჩუმი სიამოვნებით მიყურებდა. მერე, თითქოს ჩემი ფიქრები წაეკითხოს, შექსპირის სტრიქონების კითხვა დაიწყო.
“ხვალ და ისევ ხვალ და ისევ ხვალ/ დრო ვიწრო ნაბიჯებით მიემართება.” მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

ეს დაახლოებით ორი ათასი სურათის წინ მოხდა. იმ დღის შემდეგ მე და ოგის ბევრჯერ გვისაუბრია მის ნამუშევრებზე, მაგრამ მხოლოდ წინა კვირას შევიტყვე, როგორ ჩაუვარდა ხელში თავისი ფოტოაპარატი და როგორ დაიწყო სურათების გადაღება. ოგიმ ამის შესახებ კარგა გრძელი ამბავი მიამბო. დღემდე ვცდილობ, მისი მონათხრობიდან აზრი სწორად გამოვიტანო და არ შევცდე.

იმავე კვირის დასწყისში “ნიუ-იორკ ტაიმსის’’ თანამშრომელმა დამირეკა და მკითხა, ისეთი მოთხრობის დაწერას ხომ არ ვისურვებდი, გაზეთის საშობაო ნომერში გამოსაქვეყნებლად რომ ივარგებდა.  ჩემი პირველი იმპულსი უარის თქმა იყო, მაგრამ გაზეთის თანამშრომელი ძალიან სიმპათიური და თან ჯიუტი კაცი აღმოჩნდა და საუბრის ბოლოს დავპირდი, ვეცდები-მეთქი. თუმცა, ყურმილი დავდე თუ არა, პანიკა დამეწყო. რა იცი საერთოდ შობის დღესასწაულზე, ვკითხე თავს, ან შეკვეთით დაწერილი მოთხრობების რა გაგეგება-მეთქი?
შემდეგი რამდენიმე დღე სასოწარკვეთაში და დიკენსის, ო’ჰენრის თუ საშობაო სულისკვეთების სხვა დიდოსტატთა სულებთან ბრძოლაში გავატარე. თვით სიტყვათშეთანხმება “საშობაო მოთხრობაც’’ კი უკვე უსიამოვნო ასოციაციებს, ფარისევლური სიბრიყვის და სიმსუყის ნალექს მიჩენდა. საშობაო მოთხრობის საუკეთესო ნიმუშებიც კი თავის მოსატყუებელი ოცნებაა, დიდების ზღაპარი, და საკუთარ თვალში ძალიან დავეცემოდი, ოდესმე რამე მსგავსის დაწერის უფლება რომ მიმეცა ჩემი თავისთვის.

ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანს არასენტიმენტალური საშობაო მოთხრობის დაწერა შესთავაზო-მეთქი? აქ ცნებები ერთმანეთს გამორიცხავდა, შეუთავსებლის შეთავსება შეუძლებელი ჩანდა. ერთი სიტყვით, თავსატეხი გავიჩინე.  რაღა ეს ჩემი ამოცანა და რაღა დოღის უფეხო ცხენი ან უფრთო ბეღურა.
აღარსად დავდიოდი. ხუთშაბათს ქუჩაში გავედი და დიდხანს ვისეირნე, იმ იმედით, რომ სუფთა ჰაერი გონებას გამიხსნიდა. შუადღის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მარაგების შესავსებად სიგარების მაღაზიაში შევიარე. როგორც ყოველთვის, ოგი იმ დღესაც დახლთან იდგა. რატომღაც მისთვის ჩემი საფიქრალის გაზიარება მომინდა. “საშობაო მოთხრობა?’’ თქვა ოგიმ, სათქმელი რომ მოვამთავრე. “სულ ეგ არის? ერთი სადმე ვახშამზე დამპატიჟე, მეგობარო და ისეთ ამბავს მოგიყვები, ეგეთი ცხოვრებაში არ გექნება მოსმენილი. თან, სიტყვას გაძლევ, თითოეული სიტყვა სიმართლე იქნება.’’

ერთი კვარტლით ქვემოთ, ჯეკის პატარა რესტორანში შევედით, ხმაურიან პატარა სადელიკატესოში, სადაც მშვენიერი ლორიანი სენდვიჩები იცოდნენ, კედლები კი “დოჯერსის’’ ძველ გუნდურ ფოტოებს მიჰქონდა.. უკან თავისუფალი მაგიდა ვიპოვეთ, შეკვეთა მივეცით და მერე ოგი გზნებით შეუდგა თავისი ამბის მოყოლას.
“სამოცდათორმეტი წლის ზაფხული იყო’’, დაიწყო მან. “ერთ დილასაც მაღაზიაში ბიჭი შემოვიდა და თაროებიდან რაღაცეების აწაპვნა დაიწყო. ცხრამეტის ან ოცის იქნებოდა, და უნდა გითხრა, ეგეთ მონდომებულ ქურდს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, გულიც კი ამიჩუყდა. მოპირდაპირე სტელაჟს იყო მიმდგარი და წიგნებს საწვიმარის ჯიბეებში იტენიდა. დახლის ირგვლივ ხალხი იდგა, ამიტომ თავიდან ვერ დავინახე, მაგრამ  შევნიშნე თუ არა, ერთი ვუღრიალე. კურდღელივით მოცოცხა და სანამ დახლს უკნიდან გამოვაღწევდი, ის უკვე ატლანტიკ ავენიუზე მირბოდა. დაახლოებით ნახევარი კვარტალი ვდიე, მერე ხელი ჩავიქნიე. ამ სირბილში ჯიბიდან რაღაც ამოუვარდა და რაკი დევნის ოფსილა აღარ მქონდა, მივედი და დავიხარე, რომ მენახა, რა იყო.’’
“საფულე აღმოჩნდა. შიგ ფული არ ედო, მაგრამ მართვის მოწმობას და რამდენიმე სახელდახელო ფოტო კი ვუნახე. შეიძლება, პოლიციელებისთვის უნდა დამეძახა კიდეც და მისი დაჭერა მომეთხოვა – მოწმობაზე ხომ მისი გვარ-სახელიც ეწერა და მისამართიც, მაგრამ რაღაცნაირად შემეცოდა. ბოლოს და ბოლოს ერთი საცოდავი ბაცაცაა-მეთქი, ვიფიქრე, თანაც, საფულეში ნაპოვნი სურათები რომ დავათვალიერე, ბრაზმა სულ გადამიარა. რობერტ გუდვინი. ეს იყო მისი სახელი და გვარი. ერთ-ერთ ფოტოზე, მახსოვს, დედასთან თუ ბებიასთან ხელგადახვეული იდგა; მეორეზე ცხრა ან ათი წლის იქნებოდა, ბეისბოლისტის ფორმით იჯდა და ისე იცინოდა, ყველა კბილი გადმოყრილი ქონდა. უგულო კაცი ვარ-მეთქი, ვიფიქრე. ბიჭი, შეიძლება დაბოლილი იყო, ან რაღაც ჰქონდა ნაყნოსი. საწყალი ბრუკლინელი ბიჭი, რომელსაც წინ არაფერი კარგი არ ეჭყანება-მეთქი.  ნაგავში გადასაყრელი ის რამდენიმე წიგნი კი ნეტავი ვის რაში სჭირდებოდა?

“ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ის საფულე დავიტოვე. რამდენჯერ დამიპირებია პატრონისთვის მისი დაბრუნება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის ვდებდი ხოლმე და სამაგისოდ თითი თითზე არ დამიკრავს. ერთიც გავიხედოთ და, შობა კარზეა მომდგარი, მე კი მოწყენილობისგან კედლებს ვაწყდები.  ჩვეულებრივ, ამ დღეს ბოსი მპატიჟებს ხოლმე თავისთან, მაგრამ იმ წელს ოჯახთან ერთად იყო ფლორიდაში წასული ნათესავების მოსანახულებლად. ერთი სიტყვით, ვზივარ დილით სრულიად მარტო ჩემს ბინაში და თავი მებრალება. მერე  სამზარეულოს თაროზე შემოდებული რობერტ გუდვინის საფულე მხვდება თვალში და ჩემთვის ვფიქრობ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება, ერთხელ კეთილი საქმე გავაკეთო; პალტოს ვიცვამ და საფულის დასაბრუნებლად სახლიდან გავდივარ.’’

“მისამართმა ბაუარამ ჰილთან მიმიყვანა, სადღაც გადაკარგულში, მრავალსართულიან დასახლებაში. იმ დღეს კარგა მაგრად ყინავდა, მე კი, მახსოვს, სანამ შენობას ვიპოვიდი, გზა რამდენჯერმე ამებნა. იქ ყველა სახლი ერთმანეთს გავს, შეიძლება,  ერთსა და იმავე ადგილს უვლიდე გარს და თავი შორს გეგონოს წასული. ამას არა აქვს მნიშვნელობა; ბოლოს და ბოლოს იმ ბინას ვპოულობ, რომელსაც ვეძებდი და ზარს ვრეკავ. ჩამიჩუმი არ ისმის. ჩემთვის ვფიქრობ, ალბათ შინ არავინ არის-მეთქი, მაგრამ მაინც რომ დავრწმუნდე, ზარს კიდევ ერთხელ ვრეკავ. ცოტაც, და უკან გაბრუნებას ვაპირებ, და ამ დროს კარის უკნიდან ფეხის ჩაჩუნი მესმის. მოხუცი ქალის ხმა მეკითხება, ვინ ვარ, და მეც ვპასუხობ, რომ რობერტ გუდვინს ვეძებ. “შენა ხარ, რობერტ?’’ ამბობს მოხუცი, მერე დაახლოებით თხუთმეტ საკეტს აჩხაკუნებს და კარს აღებს. ოთხმოცდაათის თუ არა, ოთხმოცის ნამდვილად იქნება და პირველი, რასაც ვამჩნევ – მოხუცი ბრმაა. “ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, რობერტ,’’ მეუბნება, “ვიცოდი, შობადღეს არ დაგავიწყდებოდა შენი ბებია ეთელი.’’ მერე ხელებს ისე შლის, თითქოს მოხვევას მიპირებს.
დიდი ფიქრის დრო არ მქონდა, ხომ გესმის. სასწრაფოდ რაღაც უნდა მეპასუხნა და სანამ მივხვდებოდი, რა ამბავია ჩემს თავს, ჩემივე პირიდან ამოსული სიტყვები მესმის. “ხო, ბებია ეთელ,’’ ვეუბნები, “ჩამოვედი, შობაზე მაინც ხომ უნდა მენახე.’’ არ მკითხო,  რატომ გავაკეთე ეს. წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, მისთვის იმედის გაცრუება არ მინდოდა, რაღაც მაგდაგვარი. არ ვიცი. უბრალოდ, ესე გამოვიდა;  მერე იმ მოხუცმა ქალმა თავისი ბინის ზღურბლთან გულში ჩამიკრა, და საპასუხოდ მეც მოვხვიე ხელები.
მე ხომ არ მითქვამს, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვებით არა; თითქოს კი იგულისხმებოდა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მოტყუება არ მინდოდა. რაც იქ მოხდა, თამაშს ჰგავდა, რომელსაც ორივე ერთდროულად შევყევით  და რომლის წესები არავის დაუწესებია. მოხუცი, რა თქმა უნდა, მიხვდა, მისი შვილიშვილი რობერტი რომ არ ვიყავი. კი, ბრმაც იყო და ფეხზეც ძლივს იდგა, მაგრამ საქმე ისე ცუდად არ ჰქონდა, უცხო კაცი  სისხლისა და ხორცისგან ვერ გაერჩია. ამ თავის მოკატუნებით ბედნიერი ჩანდა, და, რაკი სხვა, უკეთესი საქმე არ მქონდა, თამაშში ავყევი და თავი მეც ბედნიერად ვიგრძენი.’’
“ერთი სიტყვით, შევედი და მთელი დღე ერთად გავატარეთ. უნდა გითხრა, რომ იქაურობა მტვერს და ნაგავს მიქონდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, სხვას რას უნდა მოელოდე ბრმა მოხუცისგან, რომელსაც საოჯახო საქმის კეთება თვითონ უხდება? ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ამბებს კითხულობდა, ახალი ტყუილს ვიგონებდი. ვუთხარი, რომ კარგი სამუშაო ვიშოვე სიგარების მაღაზიაში, რომ მალე ცოლის მოყვანას ვაპირებ, ის კი თავს ისე მაჩვენებდა, თითქოს ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა სჯეროდა. “ძალიან კარგი, რობერტ,’’ მეუბნებოდა, ,,ძალიან კარგი“, თავს მიქნევდა და იღიმებოდა. “ვიცოდი,  ბოლოს მაინც სწორ გზას დაადგებოდი.’’

რაღაც ხანი გავიდა და ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა მაგრად მშივდება. მის სამზარეულოში ბევრი არაფერი მეგულებოდა, ამიტომ მაღაზიაში ჩავედი და ათასი რამე ამოვიტანე: შესაწვავად გამზადებული ქათამი, ბოსტნეულის წვნიანი, კარტოფილის სალათი, შოკოლადის ტორტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები. ეთელს საძინებელში ერთი ბოთლი ღვინო აღმოაჩნდა გადანახული, ისე რომ, ჩვენში დარჩეს და, მაგარი საშობაო სუფრა გამოგვივიდა. მახსოვს, ღვინო ორივეს მოგვეკიდა და სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში გადავედით. იქ უფრო მოსახერხებელი სავარძლები იდგა. მერე საჭიროებამ მიწია, მოვუბოდიშე და დერეფნის გავლით აბაზანაში შევედი. იქ საქმე სულ სხვა მიმართულება მიიღო. ეთელის შვილიშვილად თავის გასაღება ხომ ისედაც ვერაფერი საქციელია, მაგრამ რაც მერე გავაკეთე, უკვე ნამდვილი სიგიჟე იყო და თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია.’’

“აბაზანაში შევდივარ და შხაპის გვერდით, კედელთან ვშეშდები. თაროზე ჩამწკრივებულ ექვს თუ შვიდ ფოტოაპარატს ვხედავ. ყველა უახლესი გამოშვების ოცდათხუთმეტმილიმეტრიანი აპარატია, თავ-თავისი ყუთებით, ყველა საუკეთესო ხარისხის. ვხვდები, რომ ესენი ნამდვილად რობერტის მოპარულებია, რომ მისი ბოლოდროინდელი გატაცება ეს ყოფილა და რომ მის სამალავს წავაწყდი. მანამდე სურათები ცხოვრებაში არ გადამეღო – მითუმეტეს, არასდროს არაფერი მომიპარავს, მაგრამ იმ წუთას,  აბაზანაში ის ფოტოაპარატები რომ დავინახე, გადავწყვიტე,  ერთი ცალი ჩემთვის დამეთრია. აი ესე, უბრალოდ. დიდხანს არ მიფიქრია, ერთი ყუთი ამოვიიღლიავე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
სულ რამდენიმე წუთით ვიყავი გასული, მაგრამ ბებია ეთელი  სავარძელში ჩაძინებული დამხვდა. ბევრი მოგვივიდა ალბათ კიანტი. სამზარეულოში გავედი და თეფშები დავრეცხე, იმას კი ეძინა და  ახალშობილი ჩვილივით ფშვინავდა ძილში. მის გაღვიძებაში დიდი აზრი ვერ დავინახე და წასვლა გადავწყვიტე. დასამშვიდობებლად წერილსაც კი ვერ დავუტოვებდი, – ბრმა არ იყო? ამიტომ უბრალოდ წამოვედი. შვილიშვილის საფულე მაგიდაზე დავუტოვე, მოვკიდე ხელი აპარატს  და ბინის კარი გამოვიხურე. აი, ესე იყო ეს ამბავი.’’

“მის სანახავად აღარ დაბრუნებულხარ?’’ ვკითხე.
“მარტო ერთხელ,’’ მიპასუხა, “სამი თუ ოთხი თვის მერე. აპარატის ქურდობის შემდეგ თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, ერთხელაც არ გამომიყენებია. ბოლოს მისი დაბრუნება გადავწყვიტე. მაგრამ ეთელი იქ აღარ დამხვდა. არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგრამ მის ბინაში უკვე სხვა ხალხი იყო შესახლებული, ეთელის ამბავი კი ვერავინ მითხრა.’’
“ალბათ გარდაიცვალა.’’
“ხო, ალბათ’’…
“ გამოდის, თავისი უკანასკნელი შობა შენთან ერთად გაუტარებია, არა?’’
“როგორც ჩანს. მაგაზე არასდროს მიფიქრია.’’
“კეთილი საქმე გაგიკეთებია, ოგი. ძალიან კარგი რამე გაგიკეთებია ბებოსთვის.’’
“ჯერ მოვატყუე, მერე მოვპარე. არ მესმის, როგორ შეგიძლია მაგას კეთილი საქმე დაარქვა.’’
“თავი ბედნიერად ხომ აგრძნობინე. აპარატი კი მაინც ნაქურდალი იყო და ვისგანაც წამოიღე, არ ეკუთვნოდა.’’
“ყველაფერი ხელოვნებისთვის, არა, პოლ?’’
“ეგ არ მითქვამს, მაგრამ კარგი გამოყენება ხომ უპოვნე?’’

“აბა, რას იტყვი, გაქვს თუ არა საშობაო ამბავი?’’
“კი,’’ ვუთხარი, “მგონი მაქვს.’’
და აქ ერთი წუთით გავირინდე, რადგან ოგის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა დაურბინა. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, ოღონდ თვალები ისეთი იდუმალებით უბზინავდა, შინაგანი ნეტარების ისეთი სხივი ედგა,  უეცრად აზრმა გამკრა, ხომ არ გამოიგონა-მეთქი ყველაფერი. მაგრამ იქვე მივხვდი, რომ მაგას არც არასდროს მეტყვის. მეც თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს დავიჯერე, და მთავარი ეს იყო. თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება, ის ამბავი ნამდვილი არ იყოს.

“ძალიან მაგარი ხარ, ოგი,’’ ვუთხარი. “გმადლობ. მართლა დამეხმარე.’’
“ღმერთმა შეგარგოს, მაგისთვის ყოველთვის მზად ვარ,’’ მიპასუხა ოგიმ, რომელსაც თვალებში ისევ ის მანიაკალური სინათლე ედგა. “გარდა მაგისა, თუ მეგობრისთვის  საიდუმლოს გაზიარება არ შეგიძლია, რაღა მეგობარი გქვია?’’
“მგონი, ერთი საიდუმლო მეც მმართებს შენი.’’
“არაფერიც არ გმართებს. ჩათვალე, რომ უცებ სურვილი გამიჩნდა და მოგიყევი, და არც მანამდე გმართებდა ჩემი რამე.’’
“მარტო ეს ერთი ვახშამი, არა?.’’
“ მარტო ეს ერთი ვახშამი.’’

ოგის ღიმილს ღიმილით ვუპასუხე, მერე მიმტანს დავუძახე და ანგარიში ვთხოვე.

“ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ის საფულე დავიტოვე. რამდენჯერ დამიპირებია პატრონისთვის მისი დაბრუნება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის ვდებდი ხოლმე და სამაგისოდ თითი თითზე არ დამიკრავს. ერთიც გავიხედოთ, და, შობა კარზეა მომდგარი, მე კი მოწყენილობისგან აღარ ვიცი, რა კედელს მივეხალო. ჩვეულებრივ, ამ დღეს ბოსი მპატიჟებს ხოლმე თავის სახლში, მაგრამ იმ წელს ოჯახთან ერთად ნათესავების მოსანახულებლად ფლორიდაში გაემგზავრა. ერთი სიტყვით, ვზივარ დილით სრულიად მარტო ჩემს ბინაში და საკუთარი თავი მეცოდება. მერე თვალში სამზარეულოს თაროზე შემოდებული რობერტ გუდვინის საფულე მხვდება, და ჩემთვის ვფიქრობ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება, ერთხელ კეთილი საქმე გავაკეთო; პალტოს ვიცვამ და საფულის დასაბრუნებლად სახლიდან გავდივარ.’’

“მისამართმა ბაუარამ ჰილთან მიმიყვანა, სადღაც გადაკარგულში, მრავალსართულიან დასახლებაში. იმ დღეს გვარიანად ყინავდა, მე კი, მახსოვს, სანამ შენობას ვიპოვიდი, გზა რამდენჯერმე ამებნა. იქ ყველა სახლი ერთმანეთს გავს, შეიძლება, გარს ერთსა და იმავე ადგილს უვლიდე, და თავი შორს გეგონოს წასული. ამას არა აქვს მნიშვნელობა; ბოლოს და ბოლოს იმ ბინას ვპოულობ, რომელსაც ვეძებდი, და ზარს ვრეკავ. ჩამიჩუმი არ ისმის. ჩემთვის ვფიქრობ, ალბათ, შინ არავინ არის-მეთქი, მაგრამ მაინც რომ დავრწმუნდე, ზარს კიდევ ერთხელ ვრეკავ. სადაცაა, უკან გაბრუნებას ვაპირებ, და ამ დროს კარებთან ფეხის ჩაჩუნი მესმის. მოხუცი ქალის ხმა მეკითხება, ვინ ვარ, და მეც ვპასუხობ, რომ რობერტ გუდვინს ვეძებ. “შენა ხარ, რობერტ?’’ ამბობს მოხუცი, მერე დაახლოებით თხუთმეტ საკეტს აჩხაკუნებს და კარს აღებს. ოთხმოცდაათის თუ არა, ოთხმოცის მაინც იქნება, და პირველი, რასაც ვამჩნევ, ისაა, რომ მოხუცი ბრმაა. “ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, რობერტ,’’ მე მეუბნება, “ვიცოდი, რომ შენი ბებია ეთელი შობადღეს არ დაგავიწყდებოდა.’’ და მერე ხელებს ისე შლის, თითქოს მოხვევას მიპირებს.
დიდი ფიქრის დრო არ მქონდა, ხომ გესმის. სასწრაფოდ რაღაც უნდა მეპასუხნა, და სანამ მივხვდებოდი, რა ამბავია ჩემს თავს, საკუთარი პირიდან ამოსული სიტყვები მესმის. “ხო, ბებია ეთელ,’’ ვეუბნები, “ჩამოვედი, შობაზე მაინც ხომ უნდა მენახე.’’ არ მკითხო, ეს რატომ გავაკეთე. წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, მისთვის იმედის გაცრუება არ მინდოდა, ან რაღაც მაგდაგვარი. არ ვიცი. უბრალოდ, ესე გამოვიდა; და მერე იმ მოხუცმა ქალმა თავისი ბინის შესასვლელთან გულში ჩამიკრა, და საპასუხოდ მეც მოვხვიე ხელები.
მე ხომ არ მითქვამს, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვებით არა; ეს კი იგულისხმებოდა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მოტყუება არ მინდოდა. რაც იქ მოხდა, თამაშს გავდა, რომელიც ორივემ ერთდროულად გადავწყვიტეთ გვეთამაშა, და რომლის წესები არავის დაუწესებია. მოხუცი, რა თქმა უნდა, მიხვდა, მისი შვილიშვილი რობერტი რომ არ ვიყავი. კი, ბრმაც იყო და ფეხზეც ძლივს იდგა, მაგრამ საქმე ისე ცუდად არ ქონდა, რომ უცხო კაცი საკუთარი სისხლისა და ხორცისგან ვერ გაერჩია. ამ თავის მოკატუნებით ბედნიერი ჩანდა, და, რადგან სხვა, უკეთესი საქმე არ მქონდა, თამაშში ავყევი, და თავი მეც ბედნიერად ვიგრძენი.’’
“ერთი სიტყვით, ბინაში შევყევი და მთელი დღე ერთად გავატარეთ. უნდა გითხრა, რომ იქაურობა მტვერს და ნაგავს მიქონდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რას უნდა მოელოდე ბრმა ქალისაგან, რომელსაც საოჯახო საქმის კეთება თვითონ უხდება? ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ამბებს კითხულობდა, ახალი ტყუილს ვიგონებდი. ვუთხარი, რომ კარგი სამუშაო ვიშოვე სიგარების მაღაზიაში; რომ ძალიან მალე ცოლის მოყვანას ვაპირებ, ის კი თავს ისე მაჩვენებდა, თითქოს ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა სჯეროდა. “ძალიან კარგია, რობერტ,’’ მეუბნებოდა, თავს მიქნევდა და იღიმებოდა. “ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც სწორ გზას დაადგებოდი.’’
რაღაც ხანი გავიდა და ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა ძალიან მშივდება. სამზარეულოში ბევრი არაფერი მეგულებოდა, ამიტომ მაღაზიაში ჩავედი და ათასი რამე ამოვიტანე: შესაწვავად მომზადებული ქათამი, ბოსტნეულის წვნიანი, კარტოფილის სალათი, შოკოლადის ტორტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები. ეთელს საძინებელში ერთი ბოთლი ღვინო აღმოაჩნდა გადანახული, ისე რომ, ჩვენში დარჩეს და, გვარიანი საშობაო სუფრა გამოგვივიდა. მახსოვს, ღვინო ორივეს მოგვეკიდა, და სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში გადავედით. იქ უფრო მოსახერხებელი სავარძლები იყო. მერე საჭიროებამ მიწია, მოვუბოდიშე და დერეფნის გავლით აბაზანაში შევედი. იქ საქმე სულ სხვანაირად წარიმართა. ეთელის შვილიშვილად თავის გასაღება ხომ ისედაც ვერაფერი საქციელია, მაგრამ ის, რაც მერე გავაკეთე, უკვე ნამდვილი სიგიჟე იყო, ჩემი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია.’’

“აბაზანაში შევდივარ, და შხაპის გვერდზე, კედელთან ვშეშდები. თაროზე ჩამწკრივებულ ექვს, თუ შვიდ ფოტოაპარატს ვხედავ. ყველა უახლესი გამოშვების ოცდათხუთმეტმილიმეტრიანი აპარატია, თავ-თავისი ყუთებით, ყველა საუკეთესო ხარისხის. ვხვდები, რომ ესენი ნამდვილად რობერტის მოპარულებია, რომ მისი ბოლოდროინდელი გატაცება ეს ყოფილა და რომ მის სამალავს წავაწყდი. სურათები ცხოვრებაში არ მქონდა გადაღებული, და მითუმეტეს, არასდროს არაფერი მომიპარავს, მაგრამ იმ წუთას, როცა აბაზანაში ის ფოტოაპარატები დავინახე, გადავწყვიტე, რომ ერთი ცალი ჩემთვის დამეთრია. აი ესე, უბრალოდ. დიდხანს არ მიფიქრია, ერთი ყუთი ამოვიიღლიავე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
სულ რამდენიმე წუთით ვიყავი გასული, ბებია ეთელი კი სავარძელში ჩაძინებული დამხვდა. როგორც ჩანს, კიანტი ბევრი მოგვივიდა. სამზარეულოში გავედი და თეფშები დავრეცხე, იმას კი ეძინა და ძილში ახალშობილი ჩვილივით ფშვინავდა. გაღვიძებაში დიდი აზრი ვერ დავინახე და წასვლა გადავწყვიტე. დასამშვიდობებლად წერილსაც კი ვერ დავტოვებდი, – მოხუცი ხომ ბრმა იყო. ამიტომ უბრალოდ წამოვედი. შვილიშვილის საფულე მაგიდაზე დავუტოვე, აპარატი ავიღე და ბინის კარი გამოვიხურე. აი, ესე იყო ეს ამბავი.’’
“მის სანახავად აღარ დაბრუნებულხარ?’’ ვკითხე.
“მარტო ერთხელ,’’ მიპასუხა, “სამი თუ ოთხი თვის შემდეგ. აპარატის ქურდობის მერე თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, რომ ერთხელაც არ გამომიყენებია. ბოლოს მისი დაბრუნება გადავწყვიტე… მაგრამ ეთელი იქ აღარ დამიხვდა. არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგრამ მის ბინაში უკვე სხვა ხალხი იყო შესახლებული, ეთელის ამბავი კი ვერავინ… მითხრა.’’
“ალბათ გარდაიცვალა.’’
“ხო, ალბათ’’…
“ესე იგი, თავისი უკანასკნელი შობა შენთან ერთად გაუტარებია, არა?’’
“როგორც ჩანს. მაგაზე არასდროს მიფიქრია.’’
“კეთილი საქმე გაგიკეთებია, ოგი. ძალიან კარგი რამე გაგიკეთებია ბებოსთვის.’’
“ჯერ მოვატყუე, მერე მოვპარე. არ მესმის, როგორ შეგიძლია მაგას კეთილი საქმე დაარქვა.’’
“თავი ბედნიერად ხომ აგრძნობინე. აპარატი კი მაინც ნაქურდალი იყო, და იმას, ვისგანაც წამოიღე, არ ეკუთვნოდა.’’
“ყველაფერი ხელოვნებისთვის, არა, პოლ?’’
“ეგ არ მითქვამს, მაგრამ კარგი გამოყენება ხომ უპოვნე?’’
“აბა, რას იტყვი, გაქვს თუ არა საშობაო ამბავი?’’
“კი,’’ ვუთხარი, “მგონი მაქვს.’’
და აქ ერთი წუთით გავირინდე, რადგან ოგის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, ოღონდ თვალები ისეთი იდუმალებით უბზინავდა, შინაგანი ნეტარების ისეთი სხივი ედგა, რომ უეცრად აზრმა გამკრა, ხომ არ გამოიგონა ყველაფერი-მეთქი. მაგრამ იქვე მივხვდი, რომ მაგას არც არასდროს მეტყვის. მეც თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს დავიჯერე, და მთავარი ეს იყო. თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება, ის ამბავი ნამდვილი არ იყოს.
“ძალიან მაგარი ხარ, ოგი,’’ ვუთხარი. “გმადლობ. მართლა დამეხმარე.’’
“ღმერთმა შეგარგოს, მაგისთვის ყოველთვის მზად ვარ,’’ მიპასუხა ოგიმ, რომელსაც თვალებში ისევ ის მანიაკალური სინათლე ედგა. “გარდა მაგისა, თუ მეგობრისთვის შენი საიდუმლოს გაზიარება არ შეგიძლია, რაღა მეგობარი გქვია?’’
“მგონი, ერთი საიდუმლო მეც მმართებს შენი.’’
“არაფერი არ გმართებს. ჩათვალე, რომ უცებ სურვილი გამიჩნდა და მოგიყევი, და არც მანამდე გმართებდა ჩემი რამე.’’
“მარტო ეს ერთი ვახშამი.’’
“ხო. მარტო ეს ერთი ვახშამი.’’

ოგის ღიმილს ღიმილით ვუპასუხე, მერე ოფიციანტს დავუძახე და ანგარიშის მოტანა ვთხოვე.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box