ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ავტორის სიკვდილი – ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობა

1967 წელს გამოქვეყნებულ ესეში „ავტორის სიკვდილი“ ლიტერატურის თეორეტიკოსი როლან ბარტი ამტკიცებდა, რომ ტექსტის მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის მისი ავტორით და დამოკიდებულია მკითხველსა და მის ინტერპრეტაციაზე. ავტორებს აქვთ გავლენა ტექსტებზე, მაგრამ არ შეუძლიათ, გადაწყვიტონ, როგორ გაიგებს ამ ტექსტებს მკითხველი.

რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ავტორი? უფრო ზუსტად, ვინ არის იმ სიტყვების ავტორი, რომლებითაც ChatGPT ლაპარაკობს?

ამ პროგრამას შეუძლია მოთხრობების წერა, სონეტების შეთხზვა, განსხვავებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, კომპლექსურ თემებზე მსჯელობა, ისტორიაზე, კინოსა და ლიტერატურაზე საუბარი და სხვა. ChatGPT-ის ენა ჩვენი პოსტებით, ჩვენი ბლოგებით, ჩვენი დაწერილი აკადემიური სტატიებით არის კონსტრუირებული. ინფორმაცია, რომელიც მას აქვს, ყველას შექმნილია, ვისაც რაიმე წვლილი შეუტანია კაცობრიობის განვითარებაში; ყველასი, ვინც ინტერნეტშია.

ასე რომ, ჩვენ, ყველანი, ნაწილობრივ ავტორები ვართ, ChatGPT-ის სიტყვების ავტორები და მისი ლექსიკის შემქმნელები. ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გროვდება და რე-ინტერპრეტირდება. ChatGPT ავტორებს აშორებს მილიონით ტექსტს, ცვლის მათ და იყენებს ახლებურად. სწორედ ესაა ავტორის ნამდვილი მკვლელობა.

ბარტი შემთხვევით არ გვიხსენებია, რადგან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი „ავტორის სიკვდილი“ გამოქვეყნდა. ამჯერად ეს მხატვრული ნაწარმოებია, რომლის ავტორადაც ეიდენ მარშინია მითითებული. სინამდვილეში, ეს მწერლისა და ჟურნალისტის, სტივენ მარჩის ფსევდონიმია. რაც შეეხება წიგნის ავტორობას, აქ ასე მარტივად არ არის საქმე. სტივენმა მის შესაქმნელად სამი პროგრამა გამოიყენა: ChatGPT, Sudowrite and Cohere და, როგორც თავად ამბობს, წიგნის ენის 95% მანქანების მიერაა გენერირებული.

New York times-ის სტატიაში (რეცენზიაში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ წიგნზე წერს ადამიანი) ვკითხულობთ, რომ ლიტერატურის ნეკროლოგები დიდი ხნის წინ იღებს სათავეს. სემუელ რიჩარდსონი მე-18 საუკუნეში ფიქრობდა, ამბობდა თუ არა რომანი იმას, რაც მას უნდა ეთქვა. თეოდორ ადორნო ამტკიცებდა, რომ ლექსების წერა აუშვიცის შემდეგ ბარბაროსობა იყო. ხორხე ლუის ბორხესმა კი ფიქციებში ორიგინალური ნაწარმოებების შექმნის თითქმის სრული შეუძლებლობა დაამტკიცა. ამის გათვალისწინებით, რა არის რომანი? რა როლი აქვს ავტორს დღეს?

სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ დიდად არ აღელვებს, ვინ არის ავტორი, ვინ შექმნა ეს კონკრეტული წიგნი, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, მოსწონს, რადგან კარგადაა დაწერილი. თანაც, კითხვისას შეუძლებელი აღმოჩნდა გარკვევა, სად იწყებოდა და მთავრდებოდა ხელოვნური ინტელექტი, სად ჩნდებოდა და უჩინარდებოდა ნამდვილი ავტორი.

ერთ-ერთი სხვა კრიტიკოსის, ლაურა მილერის თქმით, „ავტორის სიკვდილი“ უფრო დამაინტრიგებელია, ვიდრე ადამიანების მიერ დაწერილი სხვა მისტიკური წიგნები.

Wired-ის რეცენზიაში კი ვკითხულობთ, რომ „ავტორის სიკვდილი“ ჯერჯერობით საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ კარგი ტექსტი შეიძლება შეიქმნას ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით. არა მარტო საინტერესო საკითხავი, არამედ პროდუქტი, რომელსაც გამჭრიახი ავტორი და ფიქციის ჟანრში მილიონობით სადოქტორო ხარისხის მფლობელის ეკვივალენტი მანქანა შექმნიან, რადგან ChatGPT-ს შეუძლია მილიონობით პარამეტრის პოვნა, წაკითხვა და გათვალისწინება, რათა იდეალურად მოამზადოს „კარგი“ ნაწერი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტორს არ გაუსწორებია უცნაურობები, რომლებიც ChatGPT-სთან ერთად წერამ გამოიწვია. მაგალითად, გაუგებარი მეტაფორები და პერსონაჟების უჩვეულო დახასიათებები.

ჯერჯერობით ChatGPT-ს არ შეუძლია ერთიანი, შეკრული, ვრცელი რომანის დაწერა. ახლა საჭიროა, რომ ცალ-ცალკე მივცეთ მითითებები სხვადასხვა ეპიზოდის დასაწერად.

თავად ავტორმა ინტერვიუში თქვა – „100%-ით ამ ნაწარმოების შემქმნელი ვარ. მაგრამ, მეორე მხრივ, სიტყვები მე არ შემიქმნია“. ასეთი ფსევდონიმიც ამიტომ შეარჩია (ესაა ორი სიტყვის კომბინაცია – machine და Marche, ავტორის გვარი).

რაც შეეხება რომანის სიუჟეტს: პეგი ფირმინის დაკრძალვაზე მიწვეული მთავარი გმირი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მკვლევარი, ცდილობს, გაიგოს, ვინ მოკლა პეგი და რატომ. გამოძიებისას კი აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი დიდი კომპანიის ექსპერიმენტის საგანია. ამ დროს ჩნდება კითხვები – რატომაა ექსპერიმენტის ნაწილი და რა როლი შეასრულა ამ ამბავში ფირმანმა? მეტიც, თვითონ რატომ იქცა ფირმინის მკვლელობაში ეჭვმიტანილად? და უარესი – თვითონ ხომ არ არის შემდეგი მსხვერპლი? პროტაგონისტი ცდილობს, საყვარელი ავტორის მკვლელობის მისტიკური საიდუმლო ამოხსნას და სწორედ ესაა რომანის მთავარი ინტრიგა. ტექსტის კითხვისას მკითხველი დაფიქრდება – როგორია ადამიანებსა და მანქანებს შორის ურთიერთობის მართებული გზა და სად მივყავართ ამ გზიდან გადახვევას.

© არილი

Facebook Comments Box