ინტერვიუ

ბლიცი მკითხველთან – გიორგი ჩიტიძე – „ყველა მენანება, ვინც კარგი წიგნის მუსიკალურობას დახშული სმენით ხვდება“

გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც იქნებიან.

ამჯერად რუბრიკის სტუმარია გიორგი ჩიტიძე:

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

პოლ ოსტერს დავეთანხმები: თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება, ის ამბავი ნამდვილი არ იყოს?

თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ

„სად მიფრინავენ იხვები, როცა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტბა იყინება?“

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში

სწორხაზოვნად ბანალური პასუხი უნდა გაგცეთ: რა თქმა უნდა, ალუდა ქეთელაური.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ და გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“. მარკესს ვერ ვკითხულობ, ვერაფრით ვგუობ ასეთ ტექსტებს. მელვილს, ალბათ, პენსიაზე გასვლისას წავიკითხავ.

თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება

კითხვა უკვე გატაცებაა. თუმცა, ვფიქრობ, კარგი მკითხველისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ერკვეოდეს მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში. ყველა მენანება, ვინც კარგი წიგნის მუსიკალურობას დახშული სმენით ხვდება, ხოლო დიადი ტექსტების წარმოსახვას — ფერთა პალიტრას ვერ უსადაგებს.  

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი

ზაზა ბურჭულაძე, არჩილ ქიქოძე, ზურაბ ქარუმიძე

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

„ჯადოსნური მთა“, თომას მანი. ვინ არ ისურვებდა, ასე ოსტატურად შეეძლოს თავისი ეპოქის შეჯამება, საკუთარი ცივილიზაციის ანატომიის გამოწვლილვით შესწავლა-დიაგნოსტირება.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, ზაზა კოშკაძე.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

„კრეატივი“

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ღვინო

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

„ვარდის სურნელი“, ზაზა ბურჭულაძე, „სამხრეთული სპილო“, არჩილ ქიქოძე, Maid in Tiflis, აკა მორჩილაძე

თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა

მაღიზიანებს, როდესაც ავტორები ლიტერატურას  საკუთარი ეგოს სადიდებელ კარნავალად გადააქცევენ ხოლმე. მე, მე, მე არ არის ლიტერატურა. საერთოდ არაფერია.

როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?

ყველა წიგნს ბოლომდე ვკითხულობ. არც თუ ისე კარგი თვისებაა, მაგრამ აწი ამას არაფერი ეშველება.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. თუმცა სხვებმა ესეც არ იციან“.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,

ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა,

რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,

ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა

ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ სტროფის ერთი ტაეპიც კი იტევს მთელ საზრისს, რომ ადამიანი თავისუფალია. თუმცა, იქვე რუსთაველი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის აღებაა. არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე (რაც უნდა საპირისპირო გვიკიჟინონ განმანათლებლებმა). მეტიც, თავისუფლება პასუხისმგებლობაშია.

საოცარი გამბედაობა სჭირდება, ქართველი კაცი (თუმც კი პერსონაჟად სხვა ეროვნების საფარქვეშ) ამ ენით აამეტყველო. ალბათ, ამიტომაცაა გენიალური ეს ნაწარმოები.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ჩემი თაობისთვის საუკეთესო ქართული ლექსია ზაზა კოშკაძის „მამაჩემი გენიოსია“. თუ რატომ, ეს თავად მკითხველმა გადაწყვიტოს.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამზე

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

იოჰან ნილსენ ნაგელი

ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

დავით კლდიაშვილთან. პირველ რიგში, ჩემს მშობლიურ ბათუმზე, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქზე ვისაუბრებდი. შემდგომ, ალბათ, ვკითხავდი, რა მანქანებით ახერხებდა, მის პერსონაჟებს მკითხველში სიბრალული, სიბრაზე და სიცილი თანადროულად გამოეწვია?

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„ქალაქ სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ერთ ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს სვანტესონების ასევე ჩვეულებრივი ოჯახი. ამ ოჯახის ჩვეულებრივ დედასა და მამას ჰყავთ სამი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი: ბოსე, ბეტანი და ბიჭუნა“.

რომელია საუკეთესო დასასრული?

„იცოდა, რომ შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრება, რომ მას შეუძლია ათეულ წლობით ეძინოს ავეჯსა თუ თეთრეულში, მოთმინებით იცადოს ოთახებში, სარდაფებში, ჩემოდნებში, ცხვირსახოცებში, ქაღალდებში და იქნებ ერთი დღეც დადგეს, როცა ადამიანთა საუბედუროდ თუ მათ ჭკუის სასწავლებლად, შავი ჭირი კვლავ გამოაღვიძებს ვირთხებს და სასიკვდილოდ გამოაგზავნის ბედნიერ ქალაქში“.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ადრე ამბავი იყო, ახლა — ენა. ამბავი თუ გამართული ენით არ არის გადმოცემული, გულს ვერ ვუდებ, გემოს ვერ ვატან. ჩემნაირ ადამიანებს Grammar-Nazi უწოდებენ. სავსებით სამართლიანადაც.

რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?

„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ — ტყუილია.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი: „როგორ ჩამოიმხო თავზე საწვნე, ორჯერ, როგორ ჩამოკიდა თავისი და იდა ფლაგშტოკზე, როგორ გადაარჩინა ალფრედი წარმოუდგენელ ქარბუქში და უამრავი სხვა ამისთანა“.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

გადასარევი ხელობა აქვთ.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ყველა მეორეხარისხოვანი წიგნი, რომელიც დიადი წიგნების შესახებ მოგვითხრობს.

ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ

„ზაჰირი“, პაულო კოელიო. აკი გითხარით, ყველა წიგნს ბოლომდე ვკითხულობ-მეთქი?

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ჯადოსნურ მთას

ახლა რას კითხულობთ?

ახლახან მოვრჩი ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადს“. იმდენად მომეწონა, გავთავხედდი და ცხოვრებაში პირველად რეცენზიისმაგვარი რამ დავწერე. ამბობენ, მარტივად იკითხებაო.

რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა

მრავალფეროვანი, დინამიკური, საინტერესო.

რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?

#1(301) 2022. ნომერი, რომელიც ბორხესს მიეძღვნა.

ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?

ალბათ, იმ ნომერს, რომელიც თბილისს მიეძღვნა.

ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?

საიდან დავიწყოთ – ჯულიან ბარნსი.

ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?

ჯულიან ბარნსი, მალხაზ ხარბედიას საინტერესო ინტერვიუს გამოისობით.

როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?

არ ვიცი, რამდენად კარგი, მაგრამ ყველა წიგნის ბოლომდე მკითხველი ნამდვილად ვარ.

© არილი

Facebook Comments Box