თარგმანი

აიად ახტარი სალმან რუშდის შესახებ – „ტყვედ აქცია თავისუფლებისკენ სწრაფვამ“

ახალგაზრდა ვიყავი და სიცოცხლით სავსე საზოგადოებაში ვცხოვრობდი. პაკისტანური და ინდური ოჯახები. სირიელი, ეგვიპტელი, ინდონეზიელი ხალხი ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით მილუოკის სხვადასხვა ნაწილში, ვისკონსინში. ერთად, ჩვეულებრივ, კვირაობით ვიკრიბებოდით, ადგილობრივ მეჩეთში. ჩვენი მეჩეთი რამდენიმე წლის წინ იყო გახსნილი, დიდი შრომისა და მონდომების შედეგად, რასაც ახალ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვნის აგება მოითხოვს ხოლმე.

იქ ერთმანეთისთვის სხვადასხვა კერძს ვამზადებდით, ამბებს ვცვლიდით, ერთმანეთი მოგვწონდა, ვლოცულობდით; ყველაფერზე ვერა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვთანხმდებოდით. და, რა თქმა უნდა, არაფერი იყო ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წინასწარმეტყველი.

აი, ვინ ვიყავით, როცა სალმან რუშდის ეშმაკეული აიები და – და მისი თანმდევი მოვლენები – ნაღმივით აფეთქდა ჩვენი საზოგადოების შუაგულში.

უმრავლესობას წიგნი არ ჰქონდა წაკითხული. ხოლო ვინც წაიკითხა… ისინი ისეთ რამეებს გვეუბნებოდნენ წიგნის შესახებ, რისი გაგებაც არ შეგვეძლო. რატომ უნდა დაწეროს მუსლიმმა ისეთი რამეები მუჰამედზე, როგორიც სალმან რუშდიმ დაწერა? წინასწარმეტყველი, რომელიც ჩვენი უღრმესი იმედების ცენტრში იდგა, იმას განასახიერებდა, რაც საუკეთესო იყო ჩვენში თუ ჩვენს მეზობლებში და იყო ყველაზე დიდი იმედების წყარო. წინასწარმეტყველი არ გახლდათ ადამიანი, ის ჩვენთვის იყო გზა, როგორ უნდა გველაპარაკა შესაძლებელზე თავისთავად. თვით ღვთიურობა. რატომ უნდა დაეწერა ვინმეს ასეთი რამეები ამის შესახებ?

იმის თქმა, რომ შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, ვერ მოიცავს ტკივილს, რომელიც იმან მოგვაყენა, რასაც ჩვენ მხოლოდ ღალატად აღვიქვამდით.

ნელ-ნელა ზრდასრულ ადამიანად ვყალიბდებოდი და უკვე ვებრძოდი ბევრ რამეს, რასთან ერთადაც გავიზარდე – ასეულობით წლის წინანდელი რწმენის ფუნდამენტები, დოგმები და შეხედულებები, რომლებიც – უფრო და უფრო ცხადად ვხედავდი – იყო ჩემთვის საყვარელი ადამიანების ტკივილისა და უბედურების სათავე. კაფკამ ერთხელ დაწერა, რომ ლიტერატურა არის ნაჯახი, ჩვენში გაყინული ზღვისთვის – ასეთი იყო ჩემთვის ეშმაკეული აიების წაკითხვა. დამაინტერესა იმან, რასაც მის შესახებ ამბობდნენ და როცა ვკითხულობდი, მესმოდა სეისმური, გაბზარვის ხმები საუკუნეების მანძილზე გაყინული რაღაცების, რისგანაც ვთავისუფლდებოდი შინაგანად.

იმის თქმა, რომ წიგნმა გარდამსახა, არ იქნება საკმარისი. მახსოვს, როცა სალმანის რომანის კითხვა დავამთავრე, – და ეს ის ნაწილია, როცა ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ და სახელით მივმართავ – უკონტროლოდ ვტიროდი და სამი დღის განმავლობაში არ შეჩერებულა ცრემლის ნაკადი.

მამაჩემს არ ესმოდა: „რა ჯანდაბა გჭირს? უბრალოდ, წიგნია. არ შეიძლება, ასეთი ცუდი იყოს“.

მე ვთქვი: „არა, მამა. შენ არ გესმის. ის ძალიან ლამაზია.“

მე ვთქვი „ლამაზი“ და, როგორც კიტსი, სინამდვილეში ვგულისხმობდი „მართალს“.

ეშმაკეული აიები მუსლიმანური ტრადიციების უძრაობის აშკარა კრიტიკა იყო. წიგნის საოცარი იუმორი და უზადო, შეურაცხმყოფელი სილამაზე კი გახლდათ მისივე მძიმე სიყვარულის გამოხატულება. ეს იყო ღრმა, სერიოზული, ისტორიული დანაშაული.

და მან მე, ამბიციურ ახალგაზრდას, რომელსაც მწერლობა მინდოდა, მაჩვენა ბილიკი – არა მხოლოდ წერის, არამედ იმის, თუ როგორ უნდა დარჩე შენს რწმენასთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული წერითა და ცნობისმოყვარეობით, სკეპტიციზმითა და წინააღმდეგობებით და არა ბრმა მიკუთვნებულობითა და მორჩილებით.

სალმანმა შეურაცხგვყო – რათა გამოვეფხიზლებინეთ. და გამოგვაფხიზლა. მან გამოაღვიძა მოლების ავი ზრახვები და ადამიანების მოულოდნელი, გულმხურვალე მხარდაჭერა მთელი პლანეტიდან. ამ პროცესში ის იქცა სიმბოლოდ, მწერლად, რომელიც საკუთარი წარმოსახვის პროდუქტმა ჩააგდო საფრთხეში, ტყვედ აქცია თავისუფლებისკენ სწრაფვამ, რაც მხოლოდ მისთვის კი არ იყო გამოცდილება, არამედ ჩვენთვისაც, რათა გვესწავლა ამ ყველაფრისგან.

ეშმაკეულ აიებზე ვარ ფოკუსირებული, მაგრამ სალმანის გავლენა ჩემს თუ სხვათა ცხოვრებაზე და ბევრი მწერლის ხმაზე არის შედეგი მისი კვლავ მნიშვნელოვანი, კვლავ ზრდადი ლიტერატურული მემკვიდრეობისა, რომელიც მოიცავს 40 წლის განმავლობაში შექმნილ ორ ათეულ ნამუშევარზე მეტს. და ის კიდევ აგრძელებს წერას. ახალი არაა და სრულიად აშკარაა, რომ სალმან რუშდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალია.

2004 წელს სალმან რუშდი პენ ამერიკის პრეზიდენტი გახდა. ალბათ, ყველაზე იკონური პრეზიდენტი მათ შორის, ვინც კი გვყოლია, არა უბრალოდ მისი ისტორიული ნიჭის მასშტაბის ან იმ დიდი ფასის გამო, რომელიც ჩვენი წარმოსახვის შესაძლებლობების გაფართოებაში გადაიხადა, არამედ იმიტომაც, რომ იდგა და დგას თავისუფლების მხარეს. ფიქრის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, წარმოსახვისა და შეკითხვების დასმის თავისუფლების დასაცავად. თავისუფლების, რომ რეალობა და ისტორია დოგმებისადმი პატივისცემის გარეშე უნდა გაანალიზო, შედეგების მიუხედავად. პენ ამერიკაც, ფუნდამენტურად, ამას გამოხატავს და ესაა იდეალი, რომელმაც დროდადრო უნდა შეგვახსენოს, რომ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რათა ჩვენს იდეალს მივუახლოვდეთ, ზრდისა და განვითარების პროცესით.

ჩვენთვის, ჩემთვის – სალმანის მაგალითი შთამაგონებელია. ამიტომაც გასულ აგვისტოს რუშდიზე თავდასხმა ჩვენი ორგანიზაციისთვის საგულისხმო და, ამავე დროს, გამაოგნებელი მომენტი იყო. ჩემს შემთხვევაში, ამ ამბავმა მაპოვნინა გადამწყვეტი მნიშვნელობის პასუხი შეკითხვაზე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ვერ ვუპასუხე. არის თუ არა შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოწვეული ზიანი ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც შემოქმედებითად აზროვნებისა და თავისუფლად საუბრის უფლება?

რა თქმა უნდა, არა. რა თქმა უნდა, არა. თუ სალმანის მაგალითი რამეს ნიშნავს, სწორედ ამას. როგორც თავად თქვა ერთხელ: „რა არის გამოხატვის თავისუფლება? შეურაცხყოფის მიყენების უფლების გარეშე, ის წყვეტს არსებობას.“

გასულ წელს, თავდასხმის შემდეგ, სალმანის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაზე, გამოსასვლელ სიტყვაში ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიმ აღნიშნა, რომ აღელვებს მზარდი კულტურული ტენდენცია, რომელიც აიძულებს ავტორებსა და მათ გამომცემლებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი შეურაცხმყოფელი კრიტიკისგან, რათა თავიდან აირიდონ სოციალური ცენზურა ან კიდევ უფრო უარესი და დაფიქრდა, დაიწერებოდა თუ არა ეშმაკეული აიები დღეს.

ამ კითხვაზე პასუხი, თუ ეს მწერალი სალმან რუშდია, არის დიახ. ის ნამდვილად დაიწერებოდა კიდევ ერთხელ დღეს.

© არილი

Facebook Comments Box