ახალი ამბები,  რეპორტაჟი

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ – “რამდენიმე დღით მათი ყოფის ნაწილი ვხდებით”

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ წელს უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში წალენჯიხას ეწვია 30 ავტორი და მათი მონაწილეობით გაიმართა გრანელის პარკში 20-მდე ღონისძიება, მათ შორის ახალი წიგნების პრეზენტაციები, დისკუსიები და სხვ. ღონისძიებების პარალელურად გაიხსნა წიგნის ბაზრობაც.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტი განხორციელდა წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.

ფესტივალი გახსნეს ირმა ტაველიძემ და რატი რატიანმა. მწერლებმა თავიანთი რომანების („ბნელ წყლებში“, „რომეო იცინოდა“) შესახებ ისაუბრეს.

შემდეგ კი, ორი დღის განმავლობაში, ფესტივალზე ავტორებმა და მთარგმნელებმა წარადგინეს წიგნები: „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“, „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“,  „აუსტერლიცი“, „ომის წიგნი, ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს“,  „ტრიქსტერი და სიმულაკრი“, „გზავნილი უკრაინიდან“, „ყველანი აქ ვართ. უკრაინის გაკვეთილები“, „ზელენსკი უგრიმოდ“, „ექვსი ნოეს კიდობანი“ და სხვ.

ფესტივალის დასასრულს პრემია გრანელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელის“ სპეციალური ჯილდო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტსა და ფოლკლორისტს, ეთერ თათარაიძეს.

„ჩემთვის ფესტივალი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სხვა მონაწილეებისთვის. წალენჯიხამდე გასავლელ გზაზე რა წიგნი აღარ ვახსენეთ მე და მაია ბადრიძემ, მუზილის, ბროხის, ზებალდისა და სხვა გერმანულენოვანი მწერლების მთარგმნელმა. სამეგრელოს ამ პატარა ქალაქმა, საგულდაგულოდ მოვლილი ეზოებით, პარკებით, თბილი და გულისხმიერი ადამიანებით თავი სწრაფადვე შეგვაყვარა. წიგნების საყიდლად თუ უბრალოდ შესათვალიერებლად მოსულებს ჩუმად ვაკვირდებოდი – ბავშვებიც იყვნენ და დიდებიც. გახალისებულები. სახეგანათებულები. მერე, სცენასთან, ერთი ქალი – ხანში შესული, ლამაზად ჩაცმულ-დახურული, ხელში თაიგულით – გვერდით მომიჯდა და მითხრა – ჩემი ეზოს ყვავილებია, პოეტს ამოვირჩევ და ვაჩუქებო. ამ სურათით, ამ სიტყვებით დავიმახსოვრებ წალენჯიხის ლიტერატურულ ფესტივალს.“ – გვიყვება ირმა ტაველიძე.

ირმა ტაველიძე და მაია ბადრიძე

ფესტივალის შესახებ ეკატერინე ტოგონიძესაც ვესაუბრეთ: „წალენჯიხაში, გრანელის პარკში ყოფნისას გეჩვენება, რომ ყველაფერი რიგზეა: ლიტერატურული ფესტივალი უკვე ტრადიციად ყალიბდება, სცენაზე თანამედროვე ავტორები საინტერესო გამოსვლებით ენაცვლებიან ერთმანეთს, იქაურობა სავსეა ხალხით, ადამიანები ინტერესით უსმენენ მწერლებს, ყიდულობენ ქართულ თუ ქართულად თარგმნილ წიგნებს, გვთხოვენ ავტოგრაფებს, სტუმრები გვერდზე სოფლებიდანაც ჩამოდიან, ბავშვები, მოხუცები – ყველა თაობის ადამიანი ერთიანდება ლიტერატურის სიყვარულით და სასაუბრო თემებიც არ ილევა. ავტორები ადგილობრივებთან ვცხოვრობთ და რამდენიმე დღით მათი ყოფის ნაწილი ვხდებით. ჩაის ვსვამთ დიასახლისებთან ერთად, მასპინძლებს ვუსმენთ მდინარე ჭანისწყლის ფონზე, დავდივართ მწვანე ქუჩებში ისე, რომ ყველა წერტილიდან ვხედავთ მომაჯადოებელ მთებს, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ სტუმართმოყვარეობას და მეტს ვიგებთ იქაურობაზე, ხალხის წუხილსა თუ სიხარულზე. წალენჯიხა ადვილი შესაყვარებელია – ლამაზია და თავისუფალი.

წელს ფესტივალის ფოკუსი ევროპული ღირებულებები იყო და ესეც ძალიან ბუნებრივად ჩაეწერა იმ გარემოში, დემოკრატიის კუნძულს რომ ეძახიან. მრავალპარტიულ მმართველობას და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეების თანაცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, ივლისის ხვატში წიგნის ფესტივალზე მოსული ადამიანების ფეხმოუცვლელი ჯდომა და მოსმენის კულტურაც საკმარისია, რომ ეს „ევროპულობა“ ხელშესახებად შეიგრძნო.

წალენჯიხაში, სამწუხაროდ, არ არსებობს წიგნის მაღაზია და ამდენად ის წიგნის ბაზრობაც, რომელიც ფესტივალის ფარგლებში იმართება, ერთიათად მნიშვნელოვანია. როგორც გამომცემლობების წარმომადგენლები ამბობენ, ამჯერად შარშანდელზე მეტი წიგნიც გაიყიდა.

წელს სცენიდან მეტი პროტესტი და სოლიდარობა ისმოდა, გამომსვლელები მხარდაჭერას უცხადებდნენ საქართველოს კინოცენტრს, სულაკაურის გამომცემლობას და ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც ცენზურა დაემუქრა, ხელოვნების, კულტურის და თავისუფალი სიტყვის გავრცელების გამო საფრთხე შეექმნა, თავს დაესხნენ სიტყვიერად ან/და ფიზიკურად, სხვადასხვა გზით სცადეს მათი ჩახშობა და დასჯა. ალბათ ეს ჩვენივე საპროტესტო განცხადებები იყო ის, რაც გვაბრუნებდა პრობლემებით და გამოწვევებით სავსე ცხოვრებაში, გვახსენებდა, რომ ბრძოლა გრძელდება და ეს ფესტივალიც, სხვა მრავალ ტრიბუნასთან ერთად, დღესასწაულთან ერთად ბრძოლის ნაწილია.

ერთმანეთის მოსმენა, იდეების გაზიარება და კავშირების გამყარება ჩვენთვის, ავტორებისთვისაც, სასარგებლო მგონია. ასეთი სივრცეები ჩვენი ურთიერთობის მასაზრდოებელიცაა, ასეთი დღეების შემდეგ ჩვენც უფრო მეტად ვგრძნობთ ერთიანობას, რაც თუნდაც პროტესტის დროს ძალას გვმატებს.

სიამოვნება იყო ეთერ თათარაიძის მოსმენა, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი მართლაც რომ დიდი წვლილისთვის გრანელის ფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა და ამ ფესტივალის სულისჩამდგმელებს ასეთი სიტყვები მიუძღვნა: „თქვენ საქართველოს ასაქართველოებთ.“

 „მიუხედავად იმისა, რომ მთელი პროგრამა ორ დღეზე იყო გადანაწილებული, ფესტივალმა შესანიშნავად ჩაიარა. თუნდაც იმიტომ, რომ ახლანდელი რეპრესიული კულტურის სამინისტროსგან დამოუკიდებელი ასეთი თავყრილობები იშვიათია და ძალიან საჭირო. ზოგადად, ფესტივალები დიდი როლს ასრულებს ლიტერატურულ და, ზოგადად, კულტურულ პროცესებში. ამ დროს მკითხველს აქვს საშუალება თანამედროვე ავტორები გაიცნოს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც ბევრს ჰგონია, რომ ცოცხალი მწერლები არ არსებობენ.

ფესტივალის იმ სექციას, რომელშიც პირადად მე ვმონაწილეობდი, „სხვა ენა“ ერქვა და ეხებოდა წიგნებს, რომლებმაც შეგვცვალეს – ბავშვობიდან დღემდე. შეხვედრის მოდერატორს, ირმა ტაველიძეს და მე აქვე გვქონდა საშუალება, ჩვენი წიგნებიც წარგვედგინა. 

ფესტივალის დიდი ნაწილია წიგნის ბაზრობა – მართლა განსაკუთრებული რაღაც, იმიტომ, რომ წალენჯიხაში წიგნის მაღაზია არ არის.

საერთო ჯამში, წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესების ნაწილია, რომლებმაც ავტორი პიედესტალიდან უნდა ჩამოიყვანოს და მკითხველთან დააკავშიროს“ – რატი რატიანი.

ფესტივალის მონაწილეები

სტატიაში გამოყენებული ფოტოები აღებულია წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის ოფიციალური გვერდიდან.

© არილი

Facebook Comments Box