Uncategorized,  თარგმანი,  ინტერვიუ

აი ვეივეი / ჰანს ულრიხ ობრისტი

 AiWeiwei_54545

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მიხეილ ციხელაშვილმა

ვაღიაროთ, რომ პოსტმოდერნულმა ხელოვნებამ მთელი მსოფლიო დაგვღალა. იყო მომენტები, როდესაც გვაპამპულავა კიდეც და თავი უმეცრებად გვაგრძნობინა. აბა როგორია, იდგე გალერეაში, რომელიმე ნიმუშს უყურებდე, ტვინს იჭყლეტდე იმაზე, თუ რისი თქმა სურს ამით ავტორს და რამდენიმე ინტერპრეტაციის შემდეგ – თუკი საერთოდ ინტერპრეტაციის საშუალება მოგვცა ნიმუშმა – ვიგებთ, რომ თურმე ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მხოლოდ და მხოლოდ ავტორის პირადი განცდაა, პირადი გამოცდილება, რომელსაც დიდი შანსია, რომ ვერასოდეს გავიზიარებთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პოსტმოდერნიზმმა ჩვენს თვალწინ მოიჯახუნა კარი, როდესაც პოსტმოდერნულ სიტუაციაში ჩამოყალიბებული არტისტები იმდენად ეგოისტები გახდნენ, რომ რეციპიენტები სრულიად გადაგვივიწყეს. არადა, ფულის შოვნა და პოპკულტურის ნაწილად ქცევა ყველას უნდა! ამიტომაც არის ორმაგად საინტერესო ისეთი არტისტის აღმოჩენა, რომელმაც პოსტმოდერნისტულ ხელოვნებას სოციალური და პოლიტიკური შინაარსი შესძინა და გახადა ის იმაზე უფრო სახალხო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„ხელოვნებას მაშინ აქვს ყველაზე დიდი ძალაუფლება, როდესაც ის ჩვეულებრივ ადამიანებს უკავშირდება“ – ეს აი ვეივეის სიტყვებია, ჩინელი ხელოვანის, რომელმაც უამრავ ჟანრს მოარგო თავი თუ უამრავი ჟანრი თავად მოირგო, ჯერაც გასარკვევია. მისი ინსტალაცია პერფორმანსს ჰგავს, არქიტექტურა – ქანდაკებას, ყველაფერი ეს კი მისი კომენტარია წარსულსა და თანამედროვეობაზე. მან ასე შეძლო უნიკალურად, ყველასათვის გასაგებად დაეკავშირებინა წარსული და აწმყო თავის შემოქმედებაში. მომავალზე კი არაფერს ამბობს, სასაცილოდ ეჩვენება რაღაცეების წინასწარმეტყველება.

ხელოვნების მთავარ დანიშნულებად აი ვეივეის საზოგადოებრივი სიმართლისა და ადამიანად ყოფნის უმთავრესი პრინციპების ერთგულება მიაჩნია. მისი აზრით, ხელოვნება კომენტარია ყველაფერზე და თუკი ის ამ ფუნქციას დაკარგავს, მაშინ აღარსადაა მისი ადგილი. ამ გამუდმებული კომენტარების გამოა, რომ იგი დღეს სახელოვნებო სამყაროს უიშვიათესი წარმომადგენელია – რეპრესირებული ხელოვანი. მას და მის ხელოვნებას დაუფარავად ებრძვის ჩინეთის მთავრობა, თუმცა ვეივეი დღემდე რჩება თანამედროვე არტ-სცენის ყველაზე ძლიერ დამრტყმელ ძალად. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელოვნება არ არის გაყიდვადი – რამეთუ ვერ აკმაყოფილებს კოლექციონერთა მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს – ის მაინც მოთხოვნადია, რადგან აი ვეივეი ხალხსაც სჭირდება და ხელოვნებასაც.

2008 წელს ჩინელმა არტისტმა თავის განუხორციელებელ პროექტად გაქრობა დაასახელა, როგორც ყველაზე ადამიანური სურვილი. 2011 წელს კი აი ვეივეი გაქრა. შეუძლებელია სხვა რამ ვუწოდოთ იმ პერიოდს, როდესაც 81 დღის განმავლობაში აი ვეივეი ჩინეთის მმართველ პარტიას ჰყავდა დაპატიმრებული და თან ისე, რომ მასზე არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული ხელოვანი – გირაოს აბსურდულად დიდი გადასახადი კი მას ხალხმა გადაუხადა – დღეს კომუნიკაციას არის მოკლებული. მას ჩინეთის დატოვების უფლება არ აქვს, რითაც მოჭრილი აქვს მთავარი გზა – დაუკავშიროს ხელოვნება მსოფლიოს „ჩვეულებრივ“ ადამიანებს. მაგრამ აი ვეივეის არ შეუძლია ჩუმად იყოს. იგი დღესაც იბრძვის.

ეს ინტერვიუ აიმ 2008 წელს ჩაწერა შვეიცარიელ კურატორ ჰანს ულრიხ ობრისტთან. ის ჯერ Phaidon Press-ში გამოქვეყნდა 2009 წელს, შემდეგ კი Penguin Books-მა შეიტანა წიგნში „AI WEIWEI SPEAKS with Hans Ulrich Obrist” (2011). ინტერვიუში მკითხველის თვალწინ იშლება ვეივეის ცხოვრება და მსოფლმხედველობა. მისი წაკითხვით დავინახავთ,  თუ როგორ გარემოში უწევდა ცხოვრება ჩინელ არტისტს, რა მძიმე თუ დალხენილი პერიოდი ედგა მის ხელოვნებას და რამ ჩამოაყალიბა იგი „ბრენდად მათთვის, ვისაც ფიქრი შეუძლია“.

გაიცანით აი ვეივეი, სანამ კიდევ ერთხელ – ვინ იცის, საბოლოოდ – გამქრალა!

 

ჰანს ულრიხ ობრისტი / აი ვეივეი

რეტროსპექტივა

ჰანს ულრიხ ობრისტი: პირველ რიგში, თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით.

აი ვეივეი: დავიბადე 1957 წელს. მამა – აი ჩინი – პოეტი იყო. პატარა ვიყავი, როდესაც თავისი ტექსტების გამო მკაცრად გააკრიტიკეს და გობის უდაბნოში – ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით – გადასახლებით დასაჯეს. ასე რომ, ბავშვობის 16 წელი სინძიანის პროვინციაში გავატარე, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან. ძალიან მძიმე და მკაცრ პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ამას გარდა, იქ განათლების კერაც კი არ არსებობდა. მაგრამ კულტურული რევოლუციის დროს მომიწია ცხოვრება და უბრალოდ იძულებული შევიქენი მუდმივად გამევარჯიშებინა ხოლმე გონება ყველაფრის გაკრიტიკებით – დაწყებული საკუთარი თავით – დამთავრებული მაო ძე დუნის, კარლ მარქსის, ლენინის და ეგეთი ტიპების პოლიტიკური სტატიებით. როცა ბელადი მაო მოკვდა, პეკინის კინოაკადემიაში შევედი სასწავლებლად.

როგორც ახსენეთ, სინძიანის პროვინციაში უკიდურესად მკაცრ პირობებში ცხოვრობდით, განათლების კერაც კი არ გქონდათ იქ, მაგრამ შეუძლებელია, რომ ისეთი ექსტრაორდინარული პოეტისგან, როგორიც მამათქვენი იყო, რაიმე არ გესწავლათ. მოგვიყევით, თუ როგორი ურთიერთობა გქონდათ აი ჩინთან.

მამა ხელოვნების დიდი მოტრფიალე იყო. განათლება პარიზში მიიღო 1930-იან წლებში, სადაც ძალიან კარგ მხატვრად ჩამოყალიბდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა ჩინეთში, გუომიტანელებმა(1) მაშინვე შანხაის ციხეში უკრეს თავი. სამი წელი იყო საპატიმროში, სადაც, ბუნებრივია, არანაირი პირობები არ ჰქონდა, რომ ეხატა, თუმცა აპოლინარის, რემბოს, ბოდლერის და სხვა ფრანგი პოეტების გავლენით წერა დაიწყო და დროთა განმავლობაში თანამედროვე „ენობრივი პოეზიის“ ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელიც გახდა. მაგრამ ამ დროისთვის უკვე ვეღარ წერდა, რადგანაც კომუნისტურმა პარტიამ მისი შემოქმედება ანტირევოლუციურად, ანტიკომუნისტურად, ანტისახალხოდ მონათლა, რაც მაშინ დიდ სასჯელს ითვალისწინებდა. კულტურული რევოლუციის პერიოდში, მამა მძიმე შრომით დასაჯეს და ჩინეთის სოფლებში გადაასახლეს სამუშაოდ, სადაც იძულებული იყო ყოველდღე საზოგადოებრივი ტუალეტები ესუფთავებინა. ზედმეტად მკაცრი სასჯელი იყო იმისათვის, რაც მან გააკეთა. თანაც იმ პერიოდში 60 წლის ხდებოდა და ცხოვრებაში არასოდეს ჰქონია ისეთ სამსახურში მუშაობის გამოცდილება, რომელიც მძიმე ფიზიკურ გარჯას მოითხოვდა. ხუთი წლის განმავლობაში ერთი დღეც არ დაუსვენია. რომ შეესვენა, მეორე დღეს გაორმაგებულ სამუშაოს დაახვედრებდნენ, რასაც ფიზიკურად ნამდვილად ვერ გაუმკლავდებოდა. მაშინ პატარა ვიყავი და დახმარება არ შემეძლო, თუმცა ხშირად მოვინახულებდი ხოლმე და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა: პირწმინდად მოაკრიალებდა ერთ ტუალეტს და გადავიდოდა შემდეგზე. ხუმრობით მეტყოდა ხოლმე: „- იცი, ადამიანები სულ ჯვამენ და ჯვამენ, არასოდეს ჩერდებიან!“ აი, ეს იყო ჩემი ბავშვობისდროინდელი განათლება.

ლიტერატურასა და ხელოვნებაზე არ საუბრობდით ხოლმე?

კი, ხშირად ჰქონდა მსგავსი საუბრების სურვილი. სამწუხაროდ, მისი წიგნების დაწვა მოგვიხდა, რადგან შეიძლებოდა უარეს შარში გახვეულიყო მათ გამო. ღმერთო ჩემო, რომ იცოდეთ რა წიგნები დავწვით! ლამაზი, მაგარი გარეკანებით – მთელი ცხოვრება რომ აგროვებდა – ულამაზესი სამუზეუმო კატალოგები. მხოლოდ ერთი წიგნი გადარჩა – ფრანგული ენციკლოპედია – და იმ წიგნს ჩაჰკირკიტებდა მუდამ. სულ რაღაცებს ინიშნავდა იქიდან. საბოლოოდ რომის ისტორიაც დაგვიწერა იმ ფრანგული ენციკლოპედიიდან. ხშირად გვაზეპირებინებდა  მაშინდელ რომაულ ისტორიებს – ვინ ვინ მოკლა და მსგავსი ამბები. წარმოიდგინეთ, გობის უდაბნოში რომის ისტორიის მოსმენა – ნამდვილი სიგიჟე იყო! ამ პერიოდში ჯანმრთელობაც გაუუარესდა – კვების ნაკლებობის გამო, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა – მაგრამ მაინც არ გატყდა. ხელოვნებაზე საუბრებს ძველებურად აგრძელებდა, იმპრესიონისტებზე გველაპარაკებოდა ხოლმე. უყვარდა რენუარი და როდენი. მოდერნისტულ პოეზიაზეც ხშირად გვისაუბრია.

მოგვიანებით თუ მიუბრუნდა შემოქმედებით ცხოვრებას?

1980-იანებში შელახული რეპუტაცია აღიდგინა და ისევ პოპულარული გახდა. მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარედ დაინიშნა და წერას ისევ მიჰყო ხელი. თუმცა სრულიად განსხვავებულ ლიტერატურას ქმნიდა, თითქოს უფრო ახალგაზრდა კაცი გამხდარიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. მისი ლიტერატურა აბსოლუტურად ახალგაზრდული იყო. ძალიან ვნებიანი გახლდათ შემოქმედების მიმართ. და ზოგადად, ძალზე დასაფასებელი კაცი იყო.

როდის გარდაიცვალა?

1996 წელს, 86 წლის ასაკში. მისი ავადმყოფობის გამო მომიხდა აშშ-დან დაბრუნება.

პროვინციაში გაზრდილი ბიჭი, ოცი წლის ასაკში პეკინში ჩახვედით და სკოლაში შეხვედით. ამ პერიოდზე მოგვიყევით რამე.

დიახ, ეს ბელადი მაოს სიკვდილის შემდეგ მოხდა. ამ პერიოდიდან ის მახსენდება, რომ რამდენიმე წლით ადრე ნიქსონმა ინახულა ჩინეთი და თავისი თვალით იხილა, რომ შეუძლებელი იყო კაცი აქ რეჟიმს გადარჩენოდი. კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდ მტრად იყო იმ დროს აშშ შერაცხული, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი საფრთხე ჩინეთს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისგან ემუქრებოდა – იმ დიდი დათვისგან, ჩრდილოეთიდან რომ გვაწევს. ჩინელები და რუსები არასოდეს ენდობოდნენ ერთმანეთს და ალბათ ეს მაომაც გააცნობიერა თავის დროზე, როცა ამ „პინგ-პონგის დიპლომატიაში“ ჩაერთო – ვგულისხმობ კისინჯერის და ნიქსონის ვიზიტის შედეგებს. ამის მერე იყო 1976 წლის ტანშანის მიწისძვრა, საშინელება, რომელმაც ერთ ღამეში 300 000 ადამიანი იმსხვერპლა. იმავე წელს მაოც გარდაიცვალა და მისი სამი დიდი ხელქვეითიც წავიდა იმ ქვეყნად – ჯოუ ენლაი და კიდევ სხვა ორი. აი, მაშინ დაერხა ჩინეთს: იდეოლოგიამ კოლაფსი განიცადა, ბრძოლა ჩაფლავდა და ხალხმა აღარ იცოდა რა გზას დასდგომოდა. ერთგვარი პოლიტიკურად ცარიელი ზონა გავხდით. ამ პერიოდში მომიწია უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებაც. გარკვეული ხანი დავყავი პეკინში, სადაც მამასაც ვპატრონობდი თვალზე მკურნალობის პერიოდში. სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი პირველი ნახატების შექმნა. მიზეზი ის იყო, რომ მსურდა საზოგადოებას, მასას გავქცეოდი და ვარჩიე მეტი დრო ხელოვნებისთვის დამეთმო. თანაც შესანიშნავი შანსი მქონდა ბევრი რამ მესწავლა მამაჩემის სამეგობროსგან.

ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

„ქვეყნის მტრები“ – როგორც მამაჩემი. ბევრი მათგანისთვის თავის დროზევე დაიხურა ყველა სასწავლებლის კარი, რადგან რაღაც-რაღაც კატეგორიებს მოარგო რეჟიმმა და ჩემი სტუდენტობის დროსაც კი საზოგადოებისთვის საშიშებად იყვნენ მიჩნეულები. პოლიტიკურად ჯერ კიდევ არ იყვნენ რეაბილიტირებულები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან განათლებული და მცოდნე ხალხი იყო, პროფესორები, კარგი ხელოვანები, ადამიანები, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს ჩემზე.

1970-იან წლებში – თქვენი სტუდენტობის პერიოდში – თუ გქონდათ წვდომა იმ ხელოვანების  შემოქმედებასთან, საიდანაც ფიქრობთ, რომ უნდა წამოსულიყო ის გავლენა, რაც ახალგაზრდობას სჭირდებოდა? თუ შეიმჩნეოდა რაიმე სახის ინტერესი დასავლური ხელოვნებისადმი, ილუსტრირებული წიგნები თუ იშოვებოდა?

ინტერესი იყო, მაგრამ მთელ ჩინეთში ალბათ ერთ წიგნსაც კი ვერ იშოვიდი. კარგად მახსოვს პირველი მსგავსი წიგნები როგორ მივიღე: იყო ასეთი კაცი, ძიან შენ ი – ხელოვნების შესახებ რამდენიმე ილუსტრირებული წიგნის მთარგმნელი – რომელიც გერმანელ ქალზე იყო დაქორწინებული და მსგავს გამოცემებზე ხელიც მიუწვდებოდა. როდესაც ეს კაცი შემხვდა, თავიდანვე შემამჩნია, თუ რა ძლიერ მიყვარდა ხელოვნება, ჰოდა, თავისი ნათარგმნი წიგნები მაჩუქა: ვან გოგზე, დეგაზე, მანეზე და კიდევ ვიღაც ჯასპერ ჯონსზე(2), რომლის შესახებ მაშინ გაგონილიც კი არ მქონდა. მართალია, ეს წიგნები მალევე გახდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მაგრამ დაინტერესება იმხელა იყო, რომ სახლში ვერ გამოვამწყვდევდი. მთელი პეკინის ვიწრო, სახელოვნებო წრეები მოვატარე. ყველამ წაიკითხა ეს ეგზემპლარები. იმპრესიონისტები და პოსტიმპრესიონისტები ძალიან მოგვწონდა, მაგრამ, უნდა ვაღიარო, მაშინ ჯასპერ ჯონსს ვერაფერი გავუგეთ. ერთმანეთს ვეკითხებოდით, თუ რა ჯანდაბას ხატავდა ეს კაცი, რას ნიშნავდა მისი ხელოვნება, ამერიკის დროშა იქნებოდა ეს, რუკა თუ სხვა რამ.

რა ბედია ეწია იმ წიგნს საბოლოოდ?

მაშინვე ნაგავში გადავუძახეთ, რადგან იმ განათლებიდან გამომდინარე, რაც მაშინ სასწავლებლებიდან გვქონდა მიღებული, მსგავს ხელოვნებაზე წარმოდგენასაც კი ვერ შევიქმნიდით. კულტურული რევოლუციის დროს ხომ საერთოდ არც არსებობდა საუნივერსიტეტო განათლება. სტუდენტები მხოლოდ და მხოლოდ სოციალისტურ წესებს ემორჩილებოდნენ და ასე ცხოვრობდნენ, რუსულ სტილში.

როგორ, არანაირი ცნობები არ იყო მაგალითად მარსელ დიუშანზე(3) ან ბარნეტ ნიუმენზე(4)?

არანაირი! კუბიზმის შემდეგ საერთოდ არაფერი ისწავლებოდა. პიკასო და მატისი იყვნენ ჩვენი უკანასკნელი გმირები.

პირდაპირ გასაოცარია! როდესაც ასეთი შეზღუდული განათლება იყო და ინფორმაციაც არსაიდან შემოდიოდა, არც წიგნები იშოვებოდა, სწორედ მაშინ, 1970-იანი და 1980-იანი წლების მიჯნაზე, მოიკიდა ფეხი იმ მძლავრმა ჩინურმა ავანგარდულმა ხელოვნებამ, რომლის პროტაგონისტიც თქვენ იყავით. რა ხდებოდა ასეთი იმ დროს, ჯერ კიდევ უამრავი სირთულის, ზეწოლის, შევიწროების პერიოდში? როგორ ჩამოყალიბდა ისეთი საოცარი თაობა ჩინეთში, როგორიც ეს 60-იანების ევროპასა და ამერიკაში იყო, როდესაც დასავლურ ხელოვნებას ეპყრა ხელში სადავეები – ენდი უორჰოლს(5), ჯოზეფ ბოისს(6) და სხვ.

მიხარია, რომ ამ თემას შეეხეთ. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც „რკინის ფარდას“ და იმ პერიოდის კომუნისტურ ზეწოლას ყველაზე მტკივნეულად გრძნობდა. ჩვენ ვიყავით ობიექტები იმ საშინელი წნეხისა, დაუფარავად რომ ილაშქრებდა ჰუმანიზმისა და ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ. ყველაფერ არაჩინურზე ისეთი დიდი ცენზურა მოქმედებდა, რომ დღეს ჩრდილოეთ კორეაშიც კი არ არის ამ მხრივ ასეთი მძიმე სიტუაცია. მაგალითისთვის გეტყვით, ერთადერთი პოეტი, რომლის დეკლამირებაც შესაძლებელი იყო, მაო ძედუნი გახლდათ. ყველა გაზეთი მხოლოდ მაოზე ან მაოს სიტყვებს წერდა. ყველა საკლასო ოთახში მაოს ფოტო ეკიდა. მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 1920-იანი და 1930-იანი წლების ჩინეთში, თუ რისთვის იბრძოდნენ ჩვენი მამები – თანამედროვე, მოდერნისტული ჩინეთისათვის, მისი დემოკრატიისთვისა და მეცნიერული წინსვლისთვის. და სწორედ 1970-იან და 1980-იან წლებში დავფიქრდით ჩვენი უახლესი ისტორიის ამ ეტაპზე, გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი დროის ჩინეთში არ არსებობდა არათუ გამოხატვის თავისუფლება, არამედ ზოგადად თავისუფლების შეგრძნებაც კი. ამის გააზრება ნამდვილი ტრაგედია იყო. და სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმა დავიწყეთ პოეზიის შექმნა, ჟურნალების გამოცემა, რომლებიც დემოკრატიულ აზროვნებას უწევდა პროპაგანდას. თითქოს ყველანი ერთბაშად მოვედით აზრზე, ახალაგამოღვიძებულებივით ვიყავით და ყველამ ერთად ვიგრძენით ის პასუხისმგებლობა, რაც გვეკისრებოდა – ყველას გვებრძოლა საკუთარი, პირადი თავისუფლებისათვის. ხატოვნად რომ ვთქვა, გაზაფხული დაგვიდგა! ყველაფერს ვკითხულობდით, რაც კი ხელში ჩაგვივარდებოდა და შემდეგ მეგობრებში ვავრცელებდით ამ ტექსტებს. მაშინ სად იყო ასლის გადამღები მანქანები?! ჰოდა, ჩვენც დაუზარებლად, ხელით გადავწერდით ხოლმე მთლიან ტექსტებს და ისე ვავრცელებდით სამეგობროში. კარგად ვიცოდით, რომ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდით, მაგრამ იმდენად დიდი იყო ვნება ხელოვნების სიყვარულისადმი და სრულიად ახალი, რაციონალური პოლიტიკური შეხედულებებისადმი, რომ თავს არ ვზოგავდით, ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. მაშინ გავაცნობიერეთ ყველამ, რომ ასეთი ძალისხმევით, დემოკრატიული ჩინეთისთვის შეგვეძლო მიგვეღწია.

მეც ყოველთვის მქონდა  განცდა, რომ სწორედ თქვენ იყავით ახალი ავანგარდული მოძრაობა. სად ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს ეს ადამიანები? სკოლაში, ბარში?..

გვქონდა კედელი, რომელსაც „დემოკრატიის კედელს“ ვეძახდით. ზედ ყველანი ჩვენს მოსაზრებებსა და სხვადასხვა ციტატებს ვაწერდით. სწორედ ამ კედელთან იყო ჩვენი თავშეყრის ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მოსახლეობა მაშინაც წარმოუდგენლად მაღალი იყო, ამ ამბებში ჩართული მაინც ძალიან ცოტანი ვიყავით – ასი ადამიანი არც კი! ყოველ ღამით ოც-ოცდაათ ჟურნალს ვბეჭდავდით ხოლმე და ამ კედელზე ვაკრავდით.

თავადაც მიგიღიათ მონაწილეობა ჟურნალის შექმნაში?

არაერთხელ. ხელით ვხატავდი ხოლმე ჟურნალის გარეკანებს. ერთხელ იმ დროისთვის საუკეთსო ჩინელი პოეტის პორტრეტიც დავხატე ჟურნალზე. მერე და მერე, წიგნების გამოცემაც დავიწყეთ, მაგრამ 1980 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში დენ სიაოპინის მთავრობა მოვიდა, ჩვენმა მოძრაობამ დიდი დარტყმა იწვნია. სიაოპინმა ჩვენს კედელს ბრძოლა გამოუცხადა, რადგან მას საზოგადოებრივი ცვლილების ეშინოდა, მით უმეტეს, რომ ხალხს თავადაც სურდა ცვლილება, უბრალოდ კომუნიზმის გაკიცხვა აზრად არავის მოსდიოდა.

და ამ დროს დაიწყეთ თქვენი სახელოვნებო მოღვაწეობა?

დიახ, სწორედ ამ დროს დავიწყე აქტიურად ხატვა. უამრავ ჩანახატს ვაკეთებდი ყოველდღე. თვეებიც კი  გამიტარებია რკინიგზის სადგურზე, სადაც გამვლელებს ვხატავდი. მაშინ არც სამხატვრო სკოლა იყო და არც არაფერი მსგავსი დაწესებულება, ამიტომაც ჩემს თავს დავაჯერე, რომ იქ, სადგურზე მქონდა საშუალება მეხატა ადამიანები. მართლაც ასე იყო, ერთგვარი მოდელები იყვნენ ეს ადამიანები ჩემთვის.

ახლაც გაქვთ ეს ნახატები შემორჩენილი?

მე მგონი, დედაჩემმა ნაგავში გადაყარა ეს ნახატები. იცით, იმ დროს სულაც არ ითვლებოდა მხატვრობა პრესტიჟულად! და არც სადგურზე დგომას მიწონებდნენ. ხშირად ზოოპარკშიც მივდიოდი ხოლმე და ცხოველებს ვხატავდი. ასე ვიწყებდი ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას.

როგორი იყო თქვენი პირველი ნახატები?

უმეტესად პეიზაჟებს ვხატავდი, ედვარდ მუნკის სტილში. მქონდა პოლ სეზანის გავლენით დახატული პეიზაჟებიც. ახლაც რომ შეგახედათ, მაშინვე მიხვდებით ამას. დასავლური ხელოვნებისკენ მეჭირა თვალი. მახსოვს, რომ სკოლაში გატარებული ბოლო სასწავლო წლის დამთავრებისას, ხელოვნების მასწავლებელს ყველა სტუდენტზე უნდა გამოეთქვა გარკვეული მოსაზრება, კარგი თუ ცუდი, მაგრამ მე განზრახ დამაიგნორა, ჩემზე სიტყვაც არ დასცდენია.

თქვენ თქვენს სამყაროში დაფრინავდით და მაგიტომ.

ზუსტად! ჩემთვის ვიყავი, ჩემს სამყაროში. სკოლა არც კი დამიმთავრებია. სასწავლებელი მანამ მივატოვე, სანამ ხარისხს ავიღებდი. 1981 წელს აშშ-ში გავემგზავრე.

რამ გიბიძგათ ამერიკაში წასვლისაკენ?

წავედი იმიტომ, რომ რაღაც სულელური ბრალდებით, ჩემი ბევრი თანამებრძოლიც დააპატიმრეს – რომ აღარაფერი ვთქვათ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებზე. ყველას დასავლეთის ჯაშუშობა დასწამეს. წარმოიდგინეთ რა ნონსენსია! და ამის გამო ხალხი 13 წლით ჩასვეს ციხეში. მეც და სხვა ჩემხელა ახალგაზრდებიც შოკში ვიყავით, უნდა ვაღიარო, გვეშინოდა კიდეც, რადგან ყველაფერმა, რისთვისაც ვიბრძოდით, კრახი განიცადა. საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთ ერს მომავალი არ გააჩნდა და ამიტომ დავტოვე ჩინეთი. გარდა ამისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნიუ-იორკი თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქი იყო და სულ მინდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი. მახსოვს, როდესაც აეროპორტში მივდიოდით, დედამ მკითხა ის მაინც თუ ვიცოდი, რის გაკეთებას ვაპირებდი ამერიკაში ინგლისურის არმცოდნე და უფულო სტუდენტი – ჯიბეში მხოლოდ 30 დოლარი მედო. მე კი დარწმუნებით ვუპასუხე, რომ იქ მივდიოდი, სადაც ჩემი სახლი იყო. ყველა ნერვიულობდა ჩემზე: მშობლებიც, კლასელებიც. წასვლისას ვუთხარი, რომ იქნებ ათ წელიწადში ახალი პიკასო დაგიბრუნდეთ-მეთქი და, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი ვიცინეთ. კარგად ვაცნობიერებდი იმას, რომ ძალიან ნაივური ხელოვანი ვიყავი, მაგრამ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ისე ძლიერ მწამდა, რომ ვიცოდი, მიზნებს აუცილებლად მივაღწევდი.

მაშინ, როცა ამერიკაში ჩახვედით, ალბათ სრულიად სხვა სახელოვნებო ტენდენციების მომსწრე გახდით. იმ დროს ხომ ნეოექსპრესიონიზმისა და ნეოფიგურატივიზმის ბუმი იყო! როგორ შეაბიჯეთ ამ უცხო ნიუ-იორკულ სამყაროში?

პირველ რიგში ინგლისურის სწავლა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 24 წლის ვიყავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიუ-იორკი იყო ჩემი პირველი და ბოლო გაჩერება, მე ამ ქალაქში უნდა მეცხოვრა სიცოცხლის ბოლომდე. როცა ინგლისური დამაკმაყოფილებელ დონეზე შევისწავლე, პარსონსის სახელობის დიზაინის სკოლაში შევედი სასწავლებლად. მაშინ წავიკითხე წიგნი „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“(7), რომელმაც მიმიზიდა იმით, რომ ძალიან მარტივი ენით იყო დაწერილი და ყველაფერი ნათელი, გასაგები იყო. მოგვიანებით, როგორც იტყვიან, ამ წიგნიდან ამოვედი. ამ წიგნისა და ჩემი მასწავლებლის, შონ სქალის დამსახურება იყო, რომ სრულიად ახალ ეტაპზე გადავედი. შონ სქალი ჯასპერ ჯონსის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ისე დაემთხვა, რომ პარსონსის სკოლაში შესვლის პერიოდში, ჯონსს გამოფენა ჰქონდა ლეო კასტელის გალერეაში და მის ხელოვნებას ხელახლა ვეზიარე. შონის გამოისობით ჯასპერ ჯონსის დიდი მოყვარული გავხდი და ამან გზა გამიხსნა უკეთ აღმექვა მარსელ დიუშანი, რაც თავის მხრივ დამეხმარა იმაში, რომ მალე სრულიად გავშინაურდი მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებში. ძალიან კარგად მაგონდება ეს პერიოდი – ჩემი ემოციები, ის ყველაფერი, რაც მაშინ ნიუ-იორკში ხდებოდა. როგორც ახსენე, მაშინ ნეოექსპრესიონიზმის ბუმი იდგა. მეც მიწევდა მისი შესწავლა. ვალდებული ვიყავი გალერეებში მევლო. უამრავი სახელოვნებო მიმდინარეობა იჩენდა თავს, ერთგვარი დომხალი იყო. შენ თვითონვე უნდა გარკვეულიყავი შენს თავში, თუ  რა სტილის ხელოვანი გსურდა ყოფილიყავი. რაღა დაგიმალოთ და დიდად არასოდეს მიზიდავდა ნეოექსპრესიონიზმი. მე ყოველთვის იდეების კაცი ვიყავი და ამიტომაც კონცეპტუალიზმი(8) და  ფლუქსუსი(9) მომწონდა. ამავე დროს, ასპარეზზე ჯეფ კუნსი(10) და  მისთანები გამოვიდნენ, თავიანთი ახალი მიდგომით ხელოვნებისადმი. კარგად მახსოვს კუნსის პირველი გამოფენა, მთელი თავისი კალათბურთის ბურთებით და აკვარიუმებით. ჩემს სამეზობლოში, ისტ ვილიჯში ხდებოდა ეს ყველაფერი. მახსოვს ძალიან მომეწონა კუნსის კალათბურთის ბურთების სერია და გაოცებული ვიყავი, როდესაც ეს ნიმუშები ძალიან დაბალ ფასში გაიყიდა, სულ რაღაც 3000 დოლარად.

როდის დაიწყეთ ქანდაკებასა და ინსტალაციებზე მუშაობა?

ჩემი პირველი ქანდაკება 1983 წელს შევქმენი – თუკი საერთოდ შესაძლებელია იმას ქანდაკება ვუწოდოთ. მოგვიანებით სხვადასხვა მზა მასალაც ჩავრთე, მაგალითად ტანსაცმლის საკიდი დიუშანის პროფილში(11), ვიოლინოები(12), პრეზერვატივები და სამხედრო სამოსი(13). ეს უკანასკნელი უსაფრთხო სექსის თემატიკას მივუძღვენი, რადგან მაშინ საზოგადოებაში შიდსისადმი დიდი შიში იყო გაბატონებული. ხალხს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა დაავადება იყო, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა მის შესახებ, ამიტომაც ეშინოდა მისი. მერე, სურვილი გამიჩნდა ყოველდღიური ნივთების გამოყენებით მემუშავა – მარსელ დიუშანისა და დადაიზმის  გავლენით – მაგრამ ბევრი არაფერი შემიქმნია მსგავსი. მათგან ახლა ძალზე ცოტა თუა შემორჩენილი, რადგან ყოველ ჯერზე, როცა საცხოვრებლის შეცვლა მიწევდა – და ეს ათჯერ მაინც მოხდა – ძველი ნამუშევრების უმეტესობას ველეოდი ხოლმე.

თქვენი „ვიოლინო“ ძალიან საინტერესოა, პირდაპირი კავშირი აქვს სიურრეალისტურ ხელოვნებასთან. კიდევ არსებობს?

დიახ, ისევ არსებობს და სიურრეალიზმთან კავშირშიც არის. ძალიან სახალისოც არის ამავდროულად – ეს ერთგვარი კომენტარია ძველ დროზე დღევანდელობაში.

მართალია სკულპტურაზე გადაერთეთ, მაგრამ ჯერ ისევ ხატავდით იმ პერიოდში, ვგულისხმობ თქვენ მიერ შესრულებულ მაო ძედუნის პორტრეტებს(14). საბოლოოდ როდის შეეშვით ხატვას?

სწორედ მაგ ნახატების შემდეგ. დავხატე მაოს სამი პორტრეტი და ეს იყო ჩემი ერთგვარი გამოთხოვება ძველ ცხოვრებასთან.

თუმცა ჩანახატებს ისევ აკეთებთ. ეს თქვენს სტუდიაშიც შეინიშნება.

ჩანახატებს მუდმივად ვაკეთებდი. ეს ჩემთვის ვარჯიშის გარდა ისიც იყო, რომ ვინიშნავდი სამყაროს პატარ-პატარა დეტალებს და დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამით. ახალგაზრდობაში საუკეთესო ნახატების ავტორი ვიყავი, ლექტორებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ ეს. მაგრამ რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ შეიძლება საფრთხეში ჩამეგდო თავი იმითი, რომ თვითკმაყოფილების მსხვერპლი გავმხდარიყავი. აი, პიკასოს და მატისის ფერწერას რომ უყურებთ, ხომ ხედავთ რომ ისინი სულ ხატავენ და ხატავენ შესანიშნავ ნახატებს, იმიტომ რომ ისინი ამ საქმის დიდოსტატები არიან და სიამოვნებთ ეს პროცესიც. იციან, რომ ხატვა მათი საქმეა და არ ანებებენ თავს. მე კი არ მომწონს მსგავსი შეგრძნებები. როგორც კი გავაცნობიერებ, რომ ამა და ამ საქმეში დასახულ მიზანს მივაღწიე და ჩემს უმაღლეს ნიშნულს ვინარჩუნებ, მაშინვე ვცდილობ გავეცალო ამ სფეროს და რაღაც ახალი დავიწყო. დღეს, მაგალითად, ჩემთვის მხატვრობა ფოტოგრაფიამ შეცვალა. ესეც ერთგვარი ჩანახატების კეთებაა, ოღონდ ახლებური სტილით. შენ არ გჭირდება, რომ ხელის ტექნიკაზე იმუშაო. მთავარია საქმეში ჩართო შენი ხედვა და მიდგომა საკითხისადმი და შედეგიც არ აყოვნებს.

არცაა გასაკვირი, ციფრულ კამერას სულ თან რომ დაატარებთ. უამრავ ფოტოს იღებთ, ეს ერთგვარი „გონებისეული ჩანახატებია“ და თქვენი კამერაც ერთგვარ ესკიზების წიგნად არის ქცეული. როდის დაიწყეთ აქტიურად გადაღება?

1980-იანების ბოლოს, როდესაც მხატვრობას შევეშვი. მაშინ ნიუ-იორკში 50-მდე ცნობილი მხატვარი იყო, ჯულიან შნაბელი(15) და სხვა მისი თაობის წარმომადგენლები. ძალიან რთული იყო მათთვის კონკურენცია გაგეწია, მაშინ როცა გამოფენების მოწყობა ყველგან დასწრებაზე იყო. მივხვდი, რომ ასე არაფერი გამომივიდოდა, ამიტომაც ფოტოგრაფიაზე გადავერთე და მალე ათასობით შავ-თეთრი ფოტო გადავიღე. უმეტესობა არც კი გამიმჟღავნებია. მხოლოდ მაშინ მივუბრუნდი ამ ფოტოებს, როცა პეკინში მომიწია დაბრუნება. მაშინ კი ფოტოგრაფია ჩემთვის სუნთქვასავით იყო და ამიტომაც ვიღებდი ამდენს.

ასე მგონია, რომ ეს გატაცება ფოტოგრაფიით იყო თქვენი ერთგვარი ბლოგი მანამ, სანამ საკუთრ ინტერნეტ-ბლოგს გახსნიდით.

შესაძლოა. ორი-სამი წლის წინ, როდესაც საკუთარი ბლოგი შემიქმნეს, აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა. მერე მივხვდი, რომ ეს იყო კარგი შანსი, უამრავი ადამიანისთვის გამეზიარებინა ის ზღვა ფოტომასალა, რომლებიც წლების განმავლობაში შევქმენი. დღეში ასამდე სურათს ვაქვეყნებდი ბლოგზე. ჯამში 70 ათასამდე ფოტო დაგროვდა და ისინი 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. საოცარი რამაა, ინტერნეტის წყალობით ის ადამიანებიც კი ხედავენ შენს საქმეს, რომლებმაც არც კი იციან თუ ვინ ხარ.

შესანიშნავია. ბლოგის ფოტოარქივი უკვე ერთ დიდ, მზარდ მთლიანობად იქცა. ჩანახატების თემას მინდა მივუბრუნდე; ერთხელ ზაჰა ჰადიდმა (16) მითხრა, კალიგრაფია კომპიუტერული მხატვრობის პირდაპირი წინამორბედიაო. გამოდის, რომ კალიგრაფიაც ჩანახატების კეთების ერთ-ერთი გზა ყოფილა. მაინტერესებს, დღესაც თუ ქმნით ჩანახატებს – ნებისმიერი სახით – იქნება ეს გეომეტრიული ფიგურები, სხვადასხვა ფრაგმენტები ან თუნდაც კალიგრაფიას თუ უთმობთ დროს? მაინტერესებს, თუ მუშაობს აი ვეივეი ქაღალდზე სივრცის მოწესრიგებაზე ნებისმიერი სახით.

ჩანახატებს, რა თქმა უნდა, დღესაც ვაკეთებ, საქმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კალიგრაფიას, მიმაჩნია, რომ ეს  ერთგვარი გონების კარნახია; მასში ყველაზე კარგად იჩენენ თავს შენი ემოციები. მთელი შენი ფიქრები იქ იღებენ ფორმას. მაგრამ დღევანდელ ეპოქაში, სადაც ფოტოც და რადიოც კი კომპიუტერში შეიძლება გქონდეს, კალიგრაფია კი არა, უბრალოდ წერაც კი აღარაა უკვე ხელსაქმე, ისიც დიგიტალიზაციის პროცესს არის აყოლილი. ასობით პუბლიკაციას ვაქვეყნებ წელიწადში, იქნება ეს ინტერვიუ, კრიტიკა, მიმოხილვა თუ პოლიტიკური კომენტარი. ამისთვის ძალიან ბევრი გზა არსებობს: გაზეთი, ჟურნალი, ბლოგი, ტელევიზია. და უკვე არსად აღარ ხდება ისე, რომ ვინმემ ინტერვიუს ჩაწერისას კალიგრაფია გაავარჯიშოს. ასეთი მდგომარეობა ან ყველაფერში წინსვლას გვიქადის, ან კი დიდი რეგრესის გზას უნდა ვადგეთ. შეიძლება ასე უფრო სრულყოფილად გავხდეთ რეალობის ნაწილი, ან კი საერთოდ დავკარგოთ რეალობის განცდა. ჯერ კიდევ წინ არის ამ კითხვაზე პასუხი.

წეღან კრიტიკა ახსენეთ. თქვენს ახალგაზრდობაში წერა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო, ვიცი, რომ თავადაც ქმნიდით პოეზიას. ახლა როგორია თქვენი პოზიცია წერისადმი?

წერა ყველაფერს მირჩევნია. ადამიანის აქტივობებს შორის ყველაზე ღირებული და ყველაზე საინტერესო სწორედ წერაა, რადგან ის ყველას და ყველაფერს ეხება და ყველასათვის გასაგებ ფორმებს იღებს. კულტურული რევოლუციის დროს კრიტიკული წერილების გარდა არაფრის წერა არ შეგვეძლო. დღეს სხვა დროა, სხვა გარემო. ბლოგი ძალიან მეხმარება, რომ უამრავ თემას მივედ-მოვედო. ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია სხვადასხვა არტისტებთან, რიგითი, ჩვეულებრივი, უბრალო ინტერვიუები, როცა მხოლოდ მათ წარსულსა და შეხედულებებზე ვუსვამ ორიოდ შეკითხვას. მერე ამ ყველაფერის ტექსტად გარდაქმნა და გამოქვეყნება სწორედ ბლოგზეა შესაძლებელი. უკვე 200-ზე მეტი ტექსტი დამიგროვდა, ამ ინტერვიუების ჩათვლით. ჩემი ბლოგის ტექსტები კრიტიკის საგანიც ხშირად ყოფილა; ამას ვერ გაექცევი, რაღაცას დაწერ და ის უკვე ფაქტად იქცევა, შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გაგაკრიტიკოს ამა თუ იმ ტექსტის გამო. მიყვარს ეს პროცესი, ძალიან საინტერესოა. ასე შენი თავის მუდმივ წვრთნაში ხარ და მიდიხარ იმ მომენტამდე, როდესაც უკვე აშკარად გრძნობ, თუ რა არის შენი სათქმელი, რისი გამოხატვა გსურს. შეიძლება საერთოდ არაფერი გქონდეს გამოსახატავი და ამ დროს წერა იმაშიც გეხმარება, რომ ეს შინაგანი სიცარიელე გამოგიაშკარაოს და დაგანახოს.

თქვენი ბლოგიც და შემოქმედებაც ღიაა ყველასათვის. რაიმე საიდუმლოებები თუ გაქვთ? და თუ გაქვთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი საიდუმლო?

მე პირადი საიდუმლოების სხვებისათვის გაზიარება მახასიათებს. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი საიდუმლო – სიკვდილსაც, სიცოცხლესაც – და ძალიან დიდია ამ საიდუმლოებების გამოაშკარავების ცდუნება. ჩვენც მუდმივად ვცდილობთ თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მეტი სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ, რათა უკეთ გავერკვეთ სიცოცხლისა და სიკვდილის არსში. გვგონია, რომ ასე ამ მისტერიას ამოვხსნით. მაგრამ, რეალურად, აზრი არ აქვს რამდენად გულღია იქნები და როგორ გამოააშკარავებ საიდუმლოებებს. ბოლომდე მიანც ვერაფერს ვერ ამოხსნი, ყველა და ყველაფერი შეუცნობელია. ჩვენს თავებშიც კი ვერ გავერკვევით ბოლომდე ვერასოდეს. როგორც არ უნდა ვიმოქმედოთ, ოდესმე გზას მაინც ავცდებით.

პეი იუ მინს (17) რომ ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ამერიკაში გამგზავრებისას უკვე იცოდა, რომ სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ასეც მოიქცა, ამერიკელი არქიტექტორი გახდა და არასოდეს დაბრუნებულა ჩინეთში. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო ეს ამბავი? ჩინეთში დაბრუნება წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილება იყო თუ, როგორც აქამდე თქვით, მხოლოდ და მხოლოდ მამის ავადმყოფობამ გადაგაწყვეტინათ ამ ნაბიჯის გადადგმა? რაზე ფიქრობდით, როცა ჩინეთს ტოვებდით დროებით გადასახლებაზე თუ სამუდამოდ უცხო ქვეყანაში დარჩენაზე?

როცა ამერიკაში ჩავედი, ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში სამუდამოდ უნდა დავრჩენილიყავი. დოკუმენტებზე აღარც მიზრუნია და არალეგალი გავხდი. მაშინ ძალიან ცუდად ვფლობდი ინგლისურ ენას, ამიტომაც ყველანაირ სამუშაოზე ვთანხმდებოდი, ოღონდ კი თავი მერჩინა; ძირითადად ხელსაქმით ვემსახურებოდი ხალხს; სულ პირველად მებაღე ვიყავი, მერე დიასახლისი. დურგლადაც მიმუშავია, მოჩარჩოება ვიცოდი კარგად. ერთი პერიოდი მღებავიც ვიყავი. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მეკეთებინა თავის გადასარჩენად, მაინც ხელოვანად დავრჩებოდი. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ ხელოვანი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ხნის განმავლობაში საერთოდ არაფერი არ მქონდა შექმნილი. მარსელ დიუშანის წყალობით გავაანალიზე, რომ იყო ხელოვანი, ეს პირველ რიგში ცხოვრების წესისა და მისადმი დამოკიდებულების ამბავი უფროა, ვიდრე შექმნის.

რას გულისხმობთ დამოკიდებულებაში?

გარემოსთან დამოკიდებულებას. თუ როგორ აკვირდები და აღიქვამ გარშემომყოფ საგნებს. ეს ძალიან დამეხმარა შინაგანი თავისუფლების მოპოვებაში, მაგრამ ამავდროულად მძიმე სიტუაციაშიც ჩამაგდო – როგორია, უწოდებდე შენს თავს ხელოვანს და არაფერს არ ქმნიდე?! იმ დროის ნამუშევრებიდან, რაც შემორჩენილია, მე მგონი ეგ არის სულ, რაც მაშინ გავაკეთე. მეტი არც არაფერი შემიქმნია. უბრალოდ დავხეტიალობდი და არც ვიცოდი რა უნდა მექნა. ახალგაზრდა ვიყავი და ეს შეგრძნება ორმაგად დამაწვა კისერზე. მინდოდა რაღაც მეკეთებინა, ვიღაცებისათვის დამემტკიცებინა, თუ ვინ ვარ, რა შემიძლია, მაგრამ ვხვდებოდი რომ შეუძლებელი იყო. ეს სხვა კულტურული გარემო იყო და აქ ეკონომიკური უსახსრობის შემთხვევაში, ვერაფერს გააკეთებდი. მრცხვენოდა ჩინეთში დაბრუნება, რადგან ოჯახთან უკვე აღარ მქონდა ურთიერთობა, ცამეტი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიმიწერია. მაგრამ საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ თუ ოდესმე უნდა დავბრუნებულიყავი, სწორედ მაშინ იყო ეს მომენტი. 1993 წელს საბოლოოდ გადავწყვიტე ჩინეთში გამგზავრება, ჩავალაგე ბარგი და დავბრუნდი პეკინში.

ძალიან შეცვლილი დაგხვდათ ჩინეთი, როცა დაბრუნდით?

ამერიკაში ყოფნისას ჩინეთში მომხდარი ამბებიდან მხოლოდ 1989 წლის სტუდენტური მოძრაობის დარბევა მახსოვს ტიანამენის მოედანზე. დანარჩენზე წარმოდგენაც კი არ მქონდა რა ხდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ჩინეთი გაცილებით უკეთესი გახდა, უამრავი ცვლილება იყო ქვეყანაში, მაგრამ ასე გადაჭრით ვერაფერს იტყოდი. რაღაც შეიცვალა, რაღაც – არა. შეიცვალა ის, რომ პეკინის ცენტრი გალამაზდა, საწარმოები აღარ იყო ცარიელი. მაგრამ რისთვისაც ქვეყანა დავტოვე, უცვლელი დამხვდა: კომუნისტური პარტია ისევ წნეხში აცხოვრებდა ხალხს და ადამიანებს იდეოლოგიასთან ბრძოლა ისევ უხდებოდათ. ახლაც ასეა, აქ ახლაც მძლავრია ცენზურა და საერთოდ არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. როცა ჩამოვედი და დავინახე, რომ ისევ იგივე გარემო იყო, ისევ იმდენივე პრობლემა იჩენდა თავს საზოგადოებაში, ისევ კუს ნაბიჯებით ვითარდებოდა ჩინელი ერი, სასოწარკვეთაში ჩავვარდი. თავს ვუთხარი, რომ რაღაც უნდა მეკეთებინა, თორემ ამათი შემხედვარე, ისევ უსაქმურ ხელოვანად დავრჩებოდი. სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა ჩემს სამ წიგნზე(18).

რამდენიმე ხნის წინ, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში, ჩინური დიზაინის თემაზე მოეწყო გამოფენა. იქ ვნახე თქვენი ეს წიგნები კიდევ ერთხელ. ეს სამი წიგნი ახლა უკვე საკულტო ნაშრომებადაა ქცეული.

დიახ, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ხელოვანისთვის იქცა ეს წიგნი ერთგვარ წახალისებად, და ბევრზე მოახდინა გავლენა. ამ წიგნებში მინდოდა ერთად მომექცია ის ყველაფერი, რაც კი ჩინეთის ხელოვნებაში იმ დროს შექმნილა, ერთგვარი ეპოქის დოკუმენტი შევქმენი. მიზნად მქონდა, ამ ნიმუშების კონცეფციების უფრო წინა პლანზე წამოწევა, ამიტომაც ყველა ხელოვანს ცალ-ცალკე ვთხოვდი, რომ თავიანთ ნაშრომებზე მოეყოლათ ან დაეწერათ, თუ რამ გადააწყვეტინათ ამა თუ იმ ნიმუშის შექმნა, რა იყო მათი სურათების სათქმელი და ფონი. უმეტესობა მათგანი დასაწყისში გაჯიუტდა და გაზარმაცდა, მსგავს რამეს არ იყვნენ შეჩვეულები და ეს პროექტიც ირეალურად ეჩვენებოდათ. მაგრამ ზოგიერთმა იცოდა, თუ როგორ აება მხარი ჩემთვის ამ მიზნის განხორციელებაში და ყველაფერი გამოვიდა. ამ წიგნებით ისიც კი მოვახერხე, რომ ჩინეთის სახელოვნებო წრეებს და არა მხოლოდ მათ, ამერიკელი კონცეპტუალისტი არტისტები გავაცანი – მარსელ დიუშანი, ენდი უორჰოლი, ჯეფ კუნსი და სხვა.

სწორედ ეს იყო თქვენი პირველი ნაბიჯები კურატორულ საქმიანობაში. ამ წიგნებს თუ განიხილავთ კურატორიის კატეგორიაში?

რა თქმა უნდა, ეს წიგნები კურატორიულია. ამის მერე დავიწყე ჩემი კურატორული საქმიანობა. 1997-98 წლებში ჩინეთის ხელოვნების არქივი შევქმენით, სადაც უამრავ ნამუშევარს მოვუყარეთ თავი და ამავდროულად თანამედროვე ჩინური ხელოვნების პირველი კერა დავაარსეთ. იმ პერიოდში ჩინური ხელოვნების ნიმუშებს მხოლოდ სასტუმროების დიზაინისთვის თუ ყიდულობდნენ, ანდაც რომელიმე ტურისტი ან საელჩოს თანამშრომელი გააყოლებდა ხელს სუვენირად. ამიტომაც განვიზრახეთ, რომ რაღაც სივრცე უნდა შეგვექმნა, რითაც დავანახებდით ხალხს, თუ რა ძვრები იყო ადგილობრივ ხელოვნებაში. მოგვიანებით, ამავე მიზნით, 2000 წელს შანხაიში მოვაწყვეთ შოუ, სახელად „Fuck Off”. თქვენც ხომ იყავით იქ! თუმცა მანამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს.

დიახ, პირველად 1990-იანი წლების ბოლოს შევხვდით.

მახსოვს, ერთ-ერთი მხატვრის სახლში შევიკრიბეთ, რაღაც საღამოზე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყავით, მაგრამ მაინც ბევრი ადამიანი მოვიდა თქვენს სანახავად.

დიახ, მეც მახსოვს ის საღამო... ჩინეთში პირველად რომ ჩამოვედი, ჩემი მიზანი თქვენი სამი წიგნის კარგად გაცნობა იყო. ნამდვილი ავანგარდია! დღევანდელი გადმოსახედიდან ერთგვარ მანიფესტადაც შეიძლება მივიჩნიოთ ეს წიგნები. ყველა მანიფესტს ხომ თავისი გამოძახილიც აქვს, აი, მაგალითად, დადაიზმსა და ფუტურიზმს, ორივეს ჰქონდა თავისი მანიფესტები, რამაც 1960-იანი წლების ავანგარდშიც კი ჰპოვა გამოძახილი – ბენჯამენ ბუქლოხ (19) ბევრს წერდა ამაზე – თანამედროვე მსოფლიოში კი სულ უფრო და უფრო იშვიათად იქმნება მანიფესტები. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? ნუთუ აღარ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ მანიფესტები ისევ შეიქმნას?

მიმაჩნია, რომ კარგ ხელოვნებას – დღესაც კი – ყოველთვის თან ახლავს თავისი მანიფესტიც, მაგალითად: დადაიზმი, რუსული კონსტრუქტივიზმი, 1970-იანი წლების ფლუქსუსი. ეს ერთგვარი განაცხადია, რომ რაღაც ახალ პოზიციას იკავებ, ახალი ხედვის წერტილს პოულობ, ახალ შესაძლებლობებს ააშკარავებ.  სწორედ ესაა ყველაზე ამაღელვებელი რამ ხელოვნებაში. და თავად ეს ხელოვნება უკვე იქცევა მანიფესტად. ამ დროს განზე მდგარი აღმოჩნდები და უამრავს რისკს ეჯახები, რას ვიზამთ, ასეთია მანიფესტის ბუნება!

სულ სხვაა განახორციელო მანიფესტი არქიტექტურაში და თქვენ ეს შეძელით, წახვედით ამ დიდ რისკზე. როდის გაგიჩნდათ სურვილი იმისა, რომ არქიტექტურაშიც გეცადათ თავი, ამერიკაში ყოფნისას თუ ჩინეთში დაბრუნების შემდეგ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პირველად როცა შეგხვდით, მაშინ ხატვის გარდა უკვე არქიტექტურაშიც სინჯავდით ძალებს.

ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, თუ სად და როდის გაჩნდა სურვილი. თუმცა, მახსოვს, ამერიკაში ყოფნისას ორმა რამ განაპირობა ჩემი დიდი ინტერესი არქიტექტურისადმი: პირველი იყო ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ აგებული გუგენჰაიმის მუზეუმის ხილვა, მისი „მშვენიერება“, რომლის მიმართაც მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ ზიზღს განვიცდიდი. მიზეზი ამ ზიზღისა გახლდათ ის, რომ გუგენჰაიმი არ იყო სივრცე მხატვრობისათვის, ამ მუზეუმში ვერ გამოფენდი ნახატს. დღეს მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო ნაგებობაა, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმზე უფრო საპარკინგე ადგილის სტილის გარემოა, თუმცა მაშინ ასე არ ვფიქრობდი. მეორე კი იყო ვიტგენშტეინის წიგნი. ამ კაცმა თავისი დისთვის სახლი ააშენა ვენაში, რომელიც ამ გამოცემაში ვნახე და ვიფიქრე, „ერთი ამას დამიხედეთ, ამ ტიპს სახლიც აუშენებია თავისი დისთვის“, ჰოდა, მაშინვე ვიყიდე ეს შესანიშნავი წიგნი, რომელმაც შემდეგ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. აი, ეს ორი რამ იყო ნიუ-იორკში, რამაც არქიტექტურისადმი მეტი ინტერესი გამიჩინა. როცა ჩინეთში დავბრუნდი, დედასთან ერთად ვცხოვრობდი. 1999 წელს ვიგრძენი იმის საჭიროება, რომ საკუთარი სტუდია უნდა მქონოდა. სოფელში გავიკითხე, თუ შეიძლებოდა სადმე ფართის ქირაობა, ზედ შენობა რომ დამეშენებინა. მამასახლისმა მითხრა, რომ ეს შესაძლებელი იყო – არადა, კანონი კრძალავდა მსგავს ქმედებას, თუმცა ეს ყველას ფეხებზე ეკიდა, ოღონდ კი ქირა გადაგეხადა. მეც ავდექი და ვიქირავე ფართი, ერთ საღამოს კი სტუდიის დიზაინისთვის ჩანახატების კეთება დავიწყე. ისე, უბრალოდ ვხატავდი შენობის დიზაინს, სად უნდა ყოფილიყო კარი და ფანჯრები, როგორი პროპორციები უნდა ჰქონოდა ნაგებობას და სიმძიმეები როგორ უნდა გადანაწილებულიყო. არანაირი არქიტექტურული წესებით არ ვხელმძღვანელობდი, არც ვიცოდი მსგავსი არაფერი. ექვს დღეში პროექტი დავასრულე და შენებას შევუდექი. ეს ის დრო იყო, როცა ჩინეთში მშენებლობების ბუმი ატყდა და ჩემი სტუდიაც მალე გახდა ყველასთვის ცნობილი; ყველა ამბობდა, რომ სადღაც ცხოვრობდა კაცი, რომელიც მინიმალური რესურსით აგებდა შენობებს, თანაც იაფად. მალე დიდი კომპანიების ყურადღებაც მივიქციე და რამდენიმე დაკვეთა მივიღე. მაშინ ვიფიქრე, რომ თურმე რა მარტივი ყოფილა ყველაფერი. ზოგადი განათლებაც საკმარისი ყოფილა. შენობის აგებისთვის სულაც არ იყო საჭირო, რომ არქიტექტორი ყოფილიყავი. ეს ზოგადი განათლება პრაქტიკაში გადავიდა და გამოცდილებად იქცა – სწორედ ესაა არქიტექტურაში მთავარი, რაც, სამწუხაროდ, აკადემიურ სწავლებაში დიდი იშვიათობაა. შანსი მომეცა და მეც არ გავუშვი ხელიდან. მალე კომპანიაც ჩამოვაყალიბე, სახელად „ყალბი დიზაინი“ (FAKE DESIGN). სახელწოდება ძალიან მომწონს, რადგან ჩინეთში ისე გამოთქვამენ ხოლმე, როგორც „ძირს დიზაინი“ (FUCK DESIGN). უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში უკვე 50-ზე მეტ პროექტზე ვიმუშავეთ, დაწყებული ურბანული დაგეგმარებით, დამთავრებული – ინტერიერის დიზაინით.

ამ პროექტების უმეტესობა უკვე დასრულებული სახით ასებობს?

დიახ, 90% უკვე აშენებული გვაქვს.

გამოდის, რომ არტისტმა ცხრა წელიწადში იმაზე მეტი შენობა ააშენეთ, ვიდრე ზოგიერთი არქიტექტორი მთელი ცხოვრება უნდება ხოლმე.

სწორედაც რომ!

შესანიშნავი შედეგია. თანაც მაშინ, როცა არა მხოლოდ აშენებთ, არამედ – კურატორის ფუნქციასაც ითავსებთ არქიტექტურაში, რაც აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის ვიდრე მხატვრობის კურატორობა. ჩვენი წინა ინტერვიუს დროს, თქვენ Domus-თვის (20) კურატორობდით ერთ-ერთ არქიტექტურულ სოფელს – დაახლოებით შტუტგარდის 1920-იანი წლების ვაისენჰოლფის დასახლების მაგვარს – სადაც თანამედროვე არქიტექტორებს ქუჩა უნდა დაეგეგმარებინათ. ახლა კი ისეთ დიდ პროექტზე მუშაობთ, რომელშიც ასი არქიტექტორია ჩართული. კურატორობას კი ისევ აგრძელებთ. იყო კურატორი არქიტექტურაში – ეს არის რეალობის წარმოება. ამაზე მოგვიყევით რამე.

სწორად აღნიშნეთ, არქიტექტურა მართლაც არის რეალობის წარმოება. უმნიშვნელოვანესი რამაა, რადგან ეს ილუსტრაციაა იმისა, თუ ვინ ვართ, როგორ ვუყურებთ სამყაროსა და საკუთარ თავებს, როგორ ვახერხებთ ეპოქასთან იდენტიფიცირებას. არქიტექტურა ყველაზე კარგად შიფრავს, თუ როგორია მისი თანადროული პოლიტიკური ცხოვრება, ზოგადად რეალობა – კაცობრიობის ნამდვილი ხატია ამა თუ იმ ეპოქაში. როგორც კი პირველი ნაბიჯები გადავდგი ამ სფეროში, მაშინვე შემიყვარდა იგი და მივეჯაჭვე მას. მაშინ მივხვდი, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომლის მეშვეობითაც უნდა წარდგნენ ერთმანეთის წინაშე მთელი მსოფლიოს ქვეყნები. დღეს უამრავი არქიტექტორია დასავლეთში, რომელთაც შანსიც კი არ ეძლევათ, რომ თავიანთი პროექტები განახორციელონ. გამოდის, რომ ამ დარგში მათი აკადემიური განათლება ვერასოდეს იღებს შესაფერის პრაქტიკულ გამოცდილებას და ცხადი ხდება, რომ ეს აკადემიური განათლება დიდ კრახს განიცდის, რადგან მხოლოდ თეორიულ საფუძველს გვაძლევს. შედეგი ისაა, რომ ჩვენ საკუთარ ნაშრომებს კი არ ვასხამთ ხორცს, არამედ განზე ვრჩებით და ისღა დაგვრჩენია, არქიტექტურაზე მხოლოდ და მხოლოდ ვილაპარაკოთ. მე მგონია, რომ ოპტიმალური გამოსავალი იქნება, თუ ამ განათლებამიღებულ ადაიანებს პირდაპირ ჩავრთავთ იმ გლობალურ აქტივობებში, რომლებიც დღესა სახეზეა. ამით ჩვენ მათ რეალობაში ჩავრთავთ. კარგად ჩანს, რომ არაა საკმარისი ისწავლო ეგრეთ წოდებული შედევრების მაგალითზე, მით უმეტეს, თუ გინდა, რომ მცირე რესურსებით შექმნა არქიტექტურა. ამ შემთხვევაში აბსოლუტური სიზუსტით უნდა განსაზღვრო პრობლემაცა და საჭიროებაც, უნდა დაადგინო სწორი პროპორციები, ბალანსი უნდა დაიცვა, ლოკაცია შეისწავლო, წინასწარ გათვალო, რა არასასურველი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და ა.შ. მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ის მთავარი ფაქტორები, რაც არქიტექტორმა მუდმივად უნდა გაითვალისწინოს. ამის სწავლა კი პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია.

არ ფიქრობთ, რომ ეს მცირე რესურსების არქიტექტურა, რაღაც იმ ავიაკომპანიების სერვისივითაა, რომლებიც უარს ამბობენ კლიენტურის ტრადიციულ მომსახურებაზე?

ზოგჯერ ასეცაა, ეს უსწორმასწორო, უწესრიგო არქიტექტურაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ შესანიშნავია; მისი მეშვეობით ადამიანის წვალებაცა ჩანს და მდგომარეობაც. ზუსტად ის რეალობა წარმოგვიდგება თვალწინ, რაც მართლა არსებობს, განსხვავებით რაღაც უტოპიური პროექტებისგან. ასეთმა არქიტექტურამ განაპირობა, რომ მე მსგავს კურატორულ საქმიანობაში ჩავერთე და ვცდილობ ხალხს ეს სფერო დავანახო. ბევრს სურს, რომ სწორედ ასეთ ხელოვნებაზე გაავარჯიშოს გონება, აქ დააგროვოს გამოცდილება. აქ შესაძლოა კონკრეტული პიროვნული პრობლემაც კი წარმოგვიდგეს, როგორც საზოგადო პრობლემა და ჩვენც ვალდებულად მივიჩნევთ თავს, რომ სწორედ მის წარმოჩენასა და გადაჭრაში მივიღოთ მონაწილეობა. საწყენია, როცა უარს ამბობენ ხოლმე ასეთ პროცესებში მონაწილეობაზე.

სწორედ ეს მხარე ყოფილა მთავარი ფაქტორი იმ „ასარქიტექტორიანი“ პროექტისა, შიდა მონღოლეთში(21) რომ ახორციელებთ.

დიახ. დეველოპერებმა მითხრეს, რომ მხოლოდ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც შეეძლო მსგავსი ქალაქის აშენებას გაძღოლოდა შიდა მონღოლეთში და მეც დავთანხმდი მათ წინადადებას. ოღონდ ერთი პირობით: ამ პროექტის კურატორი უნდა ვყოფილიყავი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავრთულიყავი უშუალოდ არქიტექტურულ საქმიანობაში. აღარ მაქვს ამის თავი, ისედაც უამრავ პროექტზე ვმუშაობ. მაგრამ შემიძლია კარგად შევარჩიო ის ადამიანები, ვინც ამ პროექტის არქიტექტურულ მხარეს ძალიან კარგად გაუძღვებიან. მათ მითხრეს, რომ დაჰყვებიან ჩემს ნებას, ჰოდა, მეც მაშინვე დავუკავშირდი ჟაკ ჰერცოგს (22), ვთხოვე, თავისი კორპორაციიდან საჭირო რაოდენობის არქიტექტორები გამოეყო. ჟაკმაც ასამდე ადამიანის გვარი მომცა, რომელთაც მალევე დავუკავშირდი და უკლებლივ ყველამ თანხმობა განაცხადა ამ შესანიშნავ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე. სამოცი მათგანი უკვე ჩამოვიდა ჩინეთში, ოცდაათი ვიცი, რომ შემდეგ თვეში ჩამოვა. ჯამში ასი არქიტექტორი იქნება, რომლებიც ამ შუაგულ უდაბნოში ქალაქის შენებას დაიწყებენ. კარგია, რომ სამასამდე ადამიანიც დასაქმდება. ორ წელიწადში უკვე დასრულებული სახით წარდგება პროექტი.

ასეთ მოკლე ხანში? საოცრებაა!

მიხარია, რომ უკვე საბოლოოდ გააცნობიერა ხალხმა, ასეთი პროექტების ასეთ მოკლე დროში დასრულებაც რომ გახდა შესაძლებელი. ეს ბიძგია, არა მხოლოდ იმ არქიტექტორებისთვის, რომლებიც შიდა მონღოლეთის პროექტში არიან ჩართულები, არამედ სხვებისთვისაც, ვინც თავადაც აცნობიერებს მსგავს შესაძლებლობებს და აგერ, ფაქტიც სახეზე აქვთ. ეს კიდევ ერთი კარგი მხარეა ამ პროექტის.

ახლა თქვენი შემოქმედების ძალიან კარგ ეტაპზე იმყოფებით. ჯერ იყო და, ჩინეთიდან გაიქეცით,  მერე ნიუ-იორკიდან ისევ სამშობლოში გაფრინდით. ახლა ისევ ნიუ-იორკში ვართ, სადაც მერი ბუნის გალერეაში თქვენი გამოფენაა გახსნილი. როცა ახალგაზრდა იყავით, მერი ბუნის გალერეაში სხვის დასათვალიერებლად დადიოდით ხოლმე, ახლა კი თავად ხართ ამ გალერეაში გახსნილი გამოფენის მთავარი ფიგურა. როგორი შეგრძნებაა ეს?

სასიამოვნოა და სახალისო. ცოტა დაუჯერებელიც კია. 1980-იან წლებში ძალიან ხშირად დავდიოდი ხოლმე მერი ბუნის გალერეაში, სადაც ვიზუალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებოდი. ერთი წლის წინ კი, პეკინის ქუჩებში რომ ვსეირნობდი, ტელეფონზე მერიმ დამირეკა და შემომთავაზა ჩემი გამოფენა მოეწყო თავის გალერეაში. ისე გამიხარდა, რომ მაშინვე დავთანხმდი. ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როცა იხსენებ, რომ ნიუ-იორკში ცხოვრობდი, სწავლობდი, წვალობდი იმისათვის რომ რაღაც გექნა და ვერაფერს მიაღწიე. და უცებ, ერთ დღესაც ნიუ-იორკიდან გირეკავენ შემოთავაზებით, რომ შენი გამოფენა გახსნან. თურმე ყველაფერი ყოფილა შესაძლებელი! კარენ სმიტი(23) კურატორობდა ჩემს გამოფენას და მიხარია, რომ შოუმ შესანიშნავად ჩაიარა. ბევრი დამთვალიერებელი იყო და ბევრიც ითქვა ამ გამოფენაზე. მერიც ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი თანამშრომლობით. იცით, მან მთხოვა, რომ განათებაზე მე მეფიქრა. მიაჩნდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ თავად შევარჩევდი ჭაღებს, ან შევქმნიდი მათ, მე კი არ მსურდა ეს, რადგან უკვე არაერთხელ გამიკეთებია მსგავსი რამ. თუმცა ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაინც დავთანხმდი, რადგან ერთი კარგი იდეა მომივიდა, თანაც ძალიან მიყვარს, როდესაც გარკვეულ მოთხოვნილებებთან მიწევს მუშაობა, ბრძოლა. სივრცე “ჩამოვარდნილი ჭაღით“ (24) გავანათე, ჭაღით, რომელიც ჭერს მოსწყდა და ძირს დაენარცხა. ძალიან ცოტა დრო მქონდა დარჩენილი, რომ გამოფენამდე მომესწრო ამ ინსტალაციის შექმნა, ასე რომ, ნორმალურად არც ამიწყვია, პირდაპირ დეტალები გავგზავნე ნიუ-იორკში და მერე იქ ოცკაციანი ჯგუფი ვმუშაობდით მის აწყობაზე. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს ეს ინსტალაცია.

ეს ინსტალაცია ზოგადად ნათელის დაცემაზე გვაფიქრებს.

სწორედ ეს იყო ჩემი მიზანიც.

და შეიძლება ითქვას, ეს თქვენს კიდევ ერთ შესანიშნავ ინსტალაციას ენათესავება – „სინათლის შადრევანს“ (25), რომელიც რუსული ავანგარდის ნიშნებს ატარებს.

დიახ. ზოგადად ადრეული რუსული ავანგარდი შესანიშნავი რამ არის. იმ ეპოქის არტისტებს უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდათ და შეეძლოთ სრულიად ახალი ენით გადმოეცათ საკუთარი წინათგრძნობა იმისადმი, თუ რას უქადდა სამყაროს მე-20 საუკუნე. მართალია, უმეტესობა მათგანი უტოპია იყო და უტოპიადვე დარჩა, მაგრამ ეს არაფერს აკლებს ამ მიმდინარეობას. როდესაც ლივერპულიდან შემოთავაზება მივიღე, თავში ვლადიმერ ტატლინის(26) მონუმენტმა „მესამე ინტერნაციონალი“ გამიელვა და დავიწყე „სინათლის შადრევანზე“ მუშაობა. ეს იქნებოდა ერთგვარი კომენტარი ანდაც გაშარჟება იმ გლობალიზაციის, ინფორმაციული ეპოქის, ინდუსტრიალიზაციის, რომლის ერთ-ერთი უდიდესი განმაპირობებელი ფაქტორი ინგლისიც არის. ამიტომ გადავწყვიტე ამ ლივერპულში მსგავსი ინსტალაცია განმეთავსებინა – მანათობელი შადრევანი, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს.

საინტერესოა ის, რომ ასეთი შარჟი ტატლინმა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გააკეთა, თქვენ კი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. ის ერთგვარი წინათგრძნობა იყო, ეს – კომენტარია. ახლა 2008 წელია, 21-ე საუკუნის პირველი დეკადა დასასრულს უახლოვდება და ჯერაც ვერ შეგვიფასებია ეს ათწლეული. რა უნდა ვუწოდოთ მას – უბრალოდ 2000-იანები? 00? უცნაურია არა? არადა, უკვე ახალი ათწლეული იწყება, ახალი მომავალი. როგორ ხედავთ მას? ოპტიმისტურად თუ ხართ განწყობილი?

ნამდვილი სიგიჟეა მომავალზე საუბარი, ამ დროს ძალიან ნაივურები ვხდებით ხოლმე. რაც არ უნდა ვთქვათ, ისე მაინც არ მოხდება. მოსახდენი კი ჩვენს წარმოსახვაში ასე ადრეულად ნამდვილად ვერ შემოაღწევს. ჯერ ვერაფერს დავარქმევთ სახელს.

გუშინ ღამით თქვენს წიგნს „ნაშრომები 2004-2007“(27) კიდევ ერთხელ გადავხედე და გამახსენდა ერიკ ჰობსბაუმთან(28) საუბარი, როდესაც მან მითხრა, რომ ჩვენ დავიწყებას უნდა გამოვუცხადოთ ომი. მეხსიერება სწორედაც რომ თქვენი შემოქმედების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ამაზე მინდა შეგეკითხოთ. ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მთელი არქივი რომელიღაც ბაზაზე გვიგროვდება და შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივაკითხოთ მას, რაც იმაზეც გვაფიქრებს, რომ მეხსიერების საჭიროება ნელ-ნელა ქრება. ჩვენ ვისაუბრეთ არქიტექტურაზე, კურატორულ საქმიანობაზე, ინსტალაციებზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენს ნაშრომებში მეხსიერება, წარსულის რეტროსპექტივა დიდ როლს თამაშობს, ამას მოწმობს „კოკა-კოლას ვაზა“ (29), „მაგიდა – ორი ფეხით კედელზე“ (30) და სხვა. უკანასკნელი წლებია ამ კუთხით ძალზე საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მაგალითად, ახლა გამახსენდა, თქვენს სტუდიაში ორი წლის წინ ნანახი „მარგალიტების თასი“ (31). თქვენ კარგად შეგიძლიათ, რომ მეხსიერებას მიაკითხოთ ხოლმე მუშაობისას და ეს ძალიან საინტერესოდ გამოგდით. გვესაუბრეთ, როგორ ახერხებთ ამას.

სამყაროს ტემპი ძალიან აჩქარებულია და ჩვენ იძულებულები ვართ უფრო ხშირად მოვიხედოთ ხოლმე წარსულისაკენ. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ამ სიჩქარისას, მაგრად გვქონდეს ხელი ჩაჭიდებული მეხსიერებისთვის. მეც ასე ვიქცევი. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ წიგნს, მას მართალია დიდი სერიოზულობით მოვეკიდე, მაგრამ ჩემი სამუშაო პროცესის მხოლოდ 1/10-ს თუ ვახარჯავდი. ხელოვნებაშიც ასე ვარ, მაქვს რაღაც გამოკვეთილი აქცენტები; მაგალითად, ჩემს ხელოვნებას დიდი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები, მაგრამ მის წარმოებაზე არასდროს მიჭყლეტია ტვინი, ამიტომაცაა, რომ ის ხშირად ძალიან სარკასტულია ხოლმე. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საჭიროა უამრავი რამის გათვალისწინება; შენ გჭირდება რომ დააფიქსირო და აჰყვე გონების კარნახს, გჭირდება ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც შენს ადგილს განსაზღვრავ, გჭირდება დიდი პასუხისმგებლობის ქონა, რათა შენს ნებისმიერ ნათქვამსა თუ ქმედებაზე აგო პასუხი და ასევე პასუხისმგებლობის ქონა იმ პიროვნებაზეც, რომელიც თავად ხარ. ამასთანავე, უნდა გააცნობიერო, რომ რაღაც დიდი ტანჯვის ნაწილი ხარ და ამას ძვრას ვერ უზამ. ერთი დიდი მომნუსხველი კონდიციის, მდგომარეობის ნაწილი ხარ და მორჩა! შეგიძლია ამაზე ყურადღება არ გაამახვილო, მაგრამ ამის გააზრების გარეშე არაფერი გამოვა. თავად მეც ვცდილობ, რომ სრულიად სხვა დამოკიდებულებით, სხვა შეგრძნებებით ვიმუშაო, მაგრამ იმ შეგრძნებას, რაც წეღან ვახსენე, გვერდს ვერ ვუვლი. უბრალოდ მიიღე ეს როგორც გარკვეული ფრაგმენტი, ნაგლეჯი, ნარჩენი იმ ქაოსისა, რომელმაც უკვე ჩაიარა და ახლისთვის მოემზადე. ეს ნარჩენები მხოლოდ იმიტომ რჩება გონებაში, რომ ფაქტი უკვდავყონ, თორემ მათ უკვე აღარაფრის ძალა აღარ აქვთ, ვერაფერს ვერ შეცვლიან. მეხსიერების ფუჭი ნარჩენებია და მორჩა!

ფუჭი? და რადგანაც თავად ეძახით ამას ნარჩენებს,  ესე იგი, ნარჩენებია? ვერ დაგეთანხმებით.

უცნაურია, რომ შეგიძლიათ ამას რაიმე სხვაც უწოდოთ. აი, მაგალითად, შევადაროთ ძველ, დანგრეულ ტაძარს: ვიცით, რომ ეს ტაძარი ძველად ძალიან ლამაზი იყო, შესანიშნავად ნაგები და ა.შ. ჩვენ შევდიოდით მასში, ვლოცულობდით, იმედს, რწმენას ვიმყარებდით. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ის დაინგრა, მორჩა, ის აღარაფერი არ არის, გარდა უბრალო, არაფრისმაქნისი მატერიისა, რომლისგანაც სხვა ხელოვანმა უკვე მისი ანტიპოდი უნდა შექმნას. ეს წინააღმდეგობრივი ნაბიჯი შეიძლება სრული უმეცრებაც გამოდგეს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება მისი მეშვეობით ახალი ინტერპრეტაცია, ახალი სიტყვაც წამოიჭრას. როდესაც ეს 4000 წლის წინანდელი ნეოლითური ლარნაკები ავიღე და საღებავებში ამოვავლე, ისინი იმ წამიდან უკვე სრულიად სხვა ხატებად წარმოდგინდნენ, ახალი ცხოვრება დაიწყეს. ბევრს შეუძლია კვლავ ამოიცნოს ამ ლარნაკების თავდაპირველი სახეები მათ შრეებში და სწორედ ამის გამო დააფასოს ისინი, მაგრამ ეს სხვა თემაა, ამ ლარნაკებს უკვე სხვა ღირებულება აქვთ: მათ მოახერხეს, რომ ტრადიციული, ძველი ეპოქის ძეგლებისთვის განკუთვნილი მუზეუმებიდან, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში გადაინაცვლეს და ამ ნაბიჯით წარდგნენ აუქციონებზე.

გამოდის, რომ ეს ფუჭი ნარჩენები ერთ დიდ ნაგავსაყრელს ქმნიან ახალი ხელოვნებისთვის. როდესაც დოკუმენტაზე (32) თქვენი „ზღაპრის“ (33)  მომსწრე გავხდი და შემდეგ თქვენს ბლოგზეც შევიხედე, აღმოვაჩინე, რომ ეს ბლოგი უკვე ერთგვარ სოციალურ სკულპტურად (34) არის ქცეული. თავად თუ მიიჩნევთ თავს სოციალური სკულპტურის შემქმნელად, ხართ თუ არა ხელოვანი, რომელიც სახალხო ხელოვნებას ქმნის?

მე მგონი პირველი ადამიანი ხართ, რომელმაც შენიშნეთ, რომ ნამდვილი რეალობის ნაწილი გახდა ციფრული რეალობაც – რეალობა, რომელიც დღითი დღე უფრო გავლენიანი ხდება და რომელზე დამოკიდებულებიც უფრო და უფრო ძლიერად ვხდებით. დიახ, ყველა აქტივობაცა და ხელოვნების ნაწარმოებიც უნდა იყოს სახალხო! შუა საუკუნეებშიც კი ეს გზავნილი ჰქონდა ხელოვნებას და რენესანსიდან მოყოლებული დღემდე უცვლელია; – ხელოვნება ხალხისთვისაა და ეყრდნობა ინდივიდუალიზმსა და რაზეც წეღან ვისაუბრეთ, მანიფესტებს. დღეს განსაკუთრებით რთულია – თითქმის შეუძლებელიც – გაექცე იმ გარემოებას, რომ ხელოვნება არ იყოს სახალხო, არ ატარებდეს პოლიტიკურ ნიშნებს, დამოკიდებულებას. ეს ყველაზე კარგად პოპ-არტმა წარმოაჩინა. ენდი უორჰოლმა თავისი ინტერვიუებით, პორტრეტებით, ზოგადად იმ „პროდუქციით“ რაც დაგვიტოვა, ყველას დაგვანახა ის ნიშნული, რომელზე მეტად სახალხოც ხელოვნება ვერასოდეს გახდება.

ჩვენ ბევრ თემას მოვედეთ და ძალიან მრავალფეროვანი საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ ჩემი საყვარელი შეკითხვა ჯერაც არ დამისვამს. თითქმის ყოველი საუბრისას გეკითხებით ხოლმე და არც ახლა დავარღვევ ტრადიციას:  – რა არის თქვენი ჯერაც განუხორციელებელი პროექტი?

ჩემი განუხორციელებელი პროექტი? არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. ალბათ გაქრობა. რაღაც დროის შემდეგ ხომ ყველას უნდა, რომ ცოტა ხნით გაქრეს?! მეც მინდა. სხვა მხრივ, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. მომავალ წელს მიუნხენში, ხელოვნების სახლში,(35) ჩემი გამოფენა ეწყობა და ამ პროექტისათვის უნდა მოვემზადო. უშუალოდ რა როგორ იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ერთხელ დენ გრეემმა(36) თქვა, რომ ხელოვანებს რომ სრულად გავუგოთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა მუსიკას უსმენენ ისინი. თქვენ რა მუსიკას უსმენთ?

მუსიკის დიდი მცოდნე არ ვარ. ვაფასებ მას, შემიძლია მისი ანალიზიც გავაკეთო, ბევრი მუსიკოსი მეგობარიც მყავს, მაგრამ მოსმენით არასოდეს არ ჩამირთავს და მომისმენია ჩემი ნებით. ჩემი მუსიკა არის სიჩუმე.

თქვენი საყვარელი სიტყვა.

„ქმედება“.

რა განიჭებთ მოტივაციას?

უცნობ გარემოში, რთულ სიტუაციაში ყოფნა.

რა გიქვეითებთ მოტივაციას?

გამეორებები, რეპეტიცია.

რა არის ის მომენტი, რომელსაც ყველა ველით?

მომენტი, როდესაც ყველანი გავითიშებით, უგრძნობები გავხდებით.

რომ არა ხელოვანი, რა პროფესიას აირჩევდით?

დღესაც ისე ვცხოვრობ, რომ საერთოდ არ მიფიქრია პროფესიის არჩევაზე.

თუკი სამოთხე არსებობს და თქვენ იქ მოხვდით, რა გინდათ რომ ღმერთისგან მოისმინოთ?

„რა იყო, არ მოელოდი ხომ აქ მოხვედრას?“

ინტერვიუ ჩაწერილია 2008 წელს, ნიუ-იორკში.

 

(1)  ჩინეთის ნაციონალისტური პარტია.

(2)  ამერიკელი მხატვარი, ნეოდადაიზმის, პოპ-არტის, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი. დაიბადა 1930 წელს.

(3)  ფრანგული წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და მოქანდაკე. დადაიზმის და კონცეპტუალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა. (1887-1968)

(4) ამერიკელი მხატვარი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი (1905-1970).

(5) ამერიკელი მხატვარი, პოპ-არტის მთავარი ფიგურა. (1928-1987)

(6)  გერმანელი მოქანდაკე, ინსტალატორი და გრაფიკოსი. (1921-1986)

(7)  The Philosophy of Andy Warhol (From A to B and Back Again)

(8) ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც წინა პლანზე წამოწევს ნაწარმოების ფორმალურ-ლოგიკურ იდეას.

(9)  Fluxus – სახელოვნებო მიმდინარეობა, რომელიც წინა პლანზე წამოწევს ინდივიდუალისტურ ესთეტიკას და ებრძვის კომერციულ და ზედმეტად სენსიტიურ ხელოვნებას.

(10)  ამერიკელი ხელოვანი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით ქმნის ინსტალაციებს. დაიბადა 1955 წელს.

(11) Hanging Man, 1985.

(12) Violin, 1985 .

(13)  Safe Sex, 1986.

(14) Mao 1-3, 1985.

(15) ამერიკელი ნეოექსპრესიონისტი მხატვარი და კინორეჟისორი. დაიბადა 1951 წელს.

(16)  ერაყელი წარმოშობის ბრიტანელი არქიტექტორი. დაიბადა 1950 წელს.

(17)  ჩინელი წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორი, დაიბადა 1917 წელს.

(18)  The Black Book (1994), The White Book (1995), The Grey Book (1997).

(19)  გერმანელი ხელოვნების კრიტიკოსი და ისტორიკოსი, სრული პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში. დაიბადა 1941 წელს.

(20)  იტალიელი არქიტექტორის, ჯო პონტის მიერ 1928 წელს დაარსებული ჟურნალი არქიტექტურასა და დიზაინზე.

(21) ავტონომიური რაიონი ჩრდილოეთ ჩინეთში.

(22) შვეიცარიელი არქიტექტორი, კორპორაცია Herzog & de Meuron-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

(23) ინგლისელი კურატორი და კრიტიკოსი, თანამედროვე ჩინური ხელოვნების სპეციალისტი.

(24)  ინსტალაცია “Descending Light”, 2007.

(25)  ინსტალაცია “Fountain of Light”, 2007, გამოიფინა ლივერპულის ტეიტის სამხატვრო გალერეაში.

(26) რუსი ავანგარდისტი მხატვარი, სკულპტორი და არქიტექტორი (1885 – 1953)

(27)  Works 2004-2007 by Ai Weiwei [Jrp Ringier Books 2008].

(28)  ბრიტანელი ისტორიკოსი, მარქსისტი, რომელიც იკვლევდა კაპიტალიზმს, სოციალიზმსა და ნაციონალიზმს.

(29) Coca-Cola Vase, 1997.

(30)  Table with Two Legs on the Wall, 1997.

(31)  Bowl of Pearls, 2006.

(32)  Documenta – გერმანელი მხატვრისა და არქიტექტორის, არნოლდ ბოდეს მიერ დაარსებული ფესტივალი გერმანიის ქალაქ კასელში, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. დოკუმენტას ფარგლებში, 100 დღის განმავლობაში ქალაქში იფინება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.

(33)  აი ვეივეის მიერ 2007 წელს განხორციელებული პერფორმანსი, როდესაც მან დოკუმენტაზე 1001 ჩინელი მოქალაქე ჩაიყვანა მეხსიერების „გასამდიდრებლად“.

(34) ჯოზეფ ბოისის მიერ შექმნილი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საზოგადოებრივ ჩართულობას ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოების შექმნაში.

(35)  Haus der Kunst – მიუნხენში მდებარე სახელოვნებო გალერეა.

(36)  ამერიკელი მხატვარი, მწერალი და კურატორი (დაიბადა 1942 წელს).

© “არილი

Facebook Comments Box