ესე,  ხსოვნა

აკა მორჩილაძე – მაჰმუდ!..

რა მახსენდება და მახოს მძიმე, მოცვეთილი ზურგჩანთა. კაი ნათრევი. გამოტენილი. ცხადია, შიგ  არ ჩამიხედავს, მაგრამ რაც იქიდან ამოუღია ხოლმე, იმაზე მეტყველებდა, რომ ეს იყო ნამდვილი, წესრიგა მოგზაურის ზურგჩანთა. კი მითქვამს, დავტოვოთ, ამ წანწალისას რატომ უნდა ათრიო-თქო და რას ამბობო, უამისოდ რას ვიზამო. რაც იქიდან ამოუღია, კარგად ნამუშევარი ბლოკნოტები იყო: აუცილებლად ჩაიწერდა ხოლმე რამეს, სულ ერთი იყო, რას. უბრალოდ, რაც ახალი იყო.  მაგალითად, მახსოვს, ინგლისური ელების, სიდრების და ირლანდიური სტაუტების ლამის ლიტერატურულ სახელებს იწერდა: გობლინი, მეწამული სიდრი, ველური ტახი და ასეთები. მარტო ამეებს არა, თითქმის ყველაფერს, კულტურულს, თუ უკულტუროს.  ზემოთ ნაწერს გადახაზავდა ხოლმე რგოლების სწრაფი მოსმით; ასე ვარ მიჩვეულიო, სერიოზულად მეტყოდა. კი გადმომდო ეგ ჩაწერის ამბავი და ასე მგონია, ზერელედ არაფერს უდგებოდა. არც იოლად. ამ ზურგჩანთიდან ღვინის ბოთლს დააძრობდა ხოლმე და ერთჯერად ჭიქებსაც. მერე მეორეს, მესამეს. მარანი გაქ მანდ? მარანი რო მაქ, ხო იცი? უხაროდა. მთელი სახე უცინოდა ხოლმე. ეს, აი გასინჯე უბრალოდ. უბრალოდ გასინჯე.  სუსტი ვარ ღვინის სინჯვაში. ეგ არაფერი. მისი ღვინოც ზუსტად  ისეთი იყო, როგორც თვითონ. ლიტერატურული ღვინო-თქო. დაუჭყლეტელი ერთჯერადი ჭიქები მოგზაურის გაცვეთილი ზურგჩანთიდან. ცალკე ვისკის ამბავი: ხო დაწერა მაგაზეც. ერთხელ მეუბნება, ვინმეს დავაინტერესებ, გზის ფული ვიშოვოთ, წავიდეთ ჰაილენდებში,  გავიგოთ, როგორ ხდიან მაგ სასმელსო.  

ქართველებს ერთად სად რა დაულევიათ და რომელ ვიტრინას შებრძოლებიან, იმის გახსენება ვის  გაუჭირდება. მაგრამ მახო ლიტერატურის კაცი იყო. ლიტერატურის ნამდვილი კაცი. განსაკუთრებული. ჯერ ეგ ერთი, კლასიკური ფილოლოგია ჰქონდა ნასწავლი და ეგ, მე თუ  მკითხავთ, ჩვენს გარემოში ერთი დიდი კულტურული უპირატესობაა: შენ რომ ჩათვლის წინა დღეს ცდილობ კურსელი გოგონას ქართული ასოებით დაწერილ ხუთიოდე ძველბერძნული ანდაზის დამახსოვრებას და ფონს ასე გასვლას,  ეგ ხუთ წელიწადს სწავლობს.

ვისაც იმ დროის უნივერსიტეტში უსწავლია, იმან კი იცის, რა იყო კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. ნამდვილ ცოდნას გულისხმობდა. ის მკვდარი ენა რომ უნდა იცოდე, ისე, როგორც მშობლიური, რომლის გარეშეც ბევრი არაფერი არსებობს, ცხადია, დიდი რამეა.

ამიტომ, მახოს  ლიტერატურის სიყვარული არ მოჰყვებოდა ბავშვობაში შემთხვევით წაკითხული წიგნიდან, ჯონ სილვერის ყავარჯენმა და მისმა თუთიყუშმა შემიტყუეს წიგნებშიო – საფუძვლები იცოდა. ლაპარაკში ამას დიდად არ ამჟღავნებდა, ნაწერში გამოუჩნდებოდა ხოლმე. ეს ამბები კარგად უწერია თავის ბოლო წიგნში: ძველი აღმოსავლეთის ისტორიის სიყვარულიდან, როგორ მივიდა ევროპულ კულტურამდე. ზუსტად ასე უწერია, ევროპულ კულტურამდეო. ამ ბოლო წიგნით ისიც ცხადია, რომ საუცხოოდ ხედავდა ცხოვრების და ლიტერატურის ამბავს ისეთ ადგილებში, როგორიც ჩვენია.

ახლა ისიც გამახსენდა, როგორ დავხვდი ტარნემ გრინის მეტროს სადგურთან და ჩიზიკის წიგნის მაღაზიებში წავედით. მაღაზია სულ ორი იყო, ერთი ქსელური და მეორე –  დამოუკიდებელი. ასეთ დროს წიგნები არ მეორდება: იქ სხვაა, იქ კი, სხვა.  მაშინ მახო ძალიან გახარებული იყო, რადგან ჯულიან ბარნსთან ესაუბრა კარგი ადამიანების დახმარებით. ეგ გამოქვეყნებულია კიდეც. ალექს ფერგიუსონის მორიგი წიგნის ყიდვა უნდოდა. ეგეთი წიგნები კიდე, ძვირია.  აი, ეგ იყო, ძალიან უბრალოდ და ადამიანურად უყვარდა რაღაცები: ლიტერატურა, სასმელები და ფეხბურთი.

ეს ფერგიუსონი სქელყდიანი და მართლა ძვირი იყო, მეთქი ეგებ სადმე რბილყდიანი იყოს. თუმცა, სანამ სქელყდიანი არ გათავდება, რბილს ვინ გამოუშვებს. მოკლედ, დიდ ამბავში ვიარეთ. ეს ზურგჩანთაც მოკიდებული. იქ ერთ ინდუსს ვიცნობდი, მთელ აქეთა მხარეს თამბაქოს უკანასკნელი მაღაზია ჰქონდა, პატარა და ულამაზესი.  მსოფლიო ტერორიზმის შიშის მიუხედავად, მუდმივი კლიენტობის წყალობით, ზურგჩანთას დაიტოვებდა. არაო, მაგრამ თამბაქოს მაღაზია რომ გაიგო, აბა, წავედითო. უცებ ისევე დაინტერესდა, როგორც ღვინოებით და ვისკით. ასაწონი, შერევის უსასრულო ხერხები, რა როდის, ეკლესიის დარაჯის გრძელი ჩიბუხი, მეზღვაურის მოკლე ჩიბუხი… არ ვიცი, ეგ ჩანაწერები წაშალა, თუ არა იმ სწრაფი რგოლებით. ჩანთა არ დატოვა, მაგრამ, თამბაქოს ექსკურსია კი გამოვიდა. რა მაგარია კულტურა, ეს კი მახსოვს რო თქვა –  ყველა ქუდს სახელი აქვს და მგონი ასი ქუდია. ქუდებზეც ბევრი რამე იცოდა.

შეიძლება ვცდები,  ლონდონში ორჯერ – კარგ ამინდში და ცუდ ამინდში მახსოვს. შეიძლება ორივე ერთი იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი წიგნის ბაზრობაზე იყო და მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე რომ კარგი ლიტერატურული რამეები მოაწყო მაია ჯაგიმ.  ეს ორივე გაზაფხულზე და ეგებ ვცდები, არ ვიცი, რადგან ცალკეც გაგვიტარებია დღეები და სხვებთან ერთადაც.  ერთხელ, ცხონებულ ზურა ქარუმიძესთან ერთად შევხვდი, რაც  სახალისო იყო, რადგან სამივენი ხელმოკლედ აღმოვჩნდით  და ლიტერატურაზე საუბრის გაგრძელება ქარიან დღეს და თან შენობაში, მეტად  გაჭირდა.  ე, მანდ დაიწყო მახომ ღვინოების დაძრობა იმ უძირო ჩანთიდან. ზუსტად ისე,  სკვერში, პარკში, თუნდაც ტყისპირზე რომ შეეფერებათ დიდი ქალაქის უსახლებო დამლევებს.   

საერთოდ, იმ დიდ ქალაქში  ერთად ალბათ ოცამდე წიგნის მაღაზიაში და ამდენივე პაბში ვიყავით, რაც ალბათ დიდ ნაკლად არ ჩაგვეთვლება. საერთოდ ეგრეა, რომ ჩამოსული ხალხი შუა ლონდონში ტრიალებს. მახო მალევე მიხვდა, რომ ეგ გადასარევია, მაგრამ საკმარისი არ არის. აქ წამოჭრა პაბების საკითხი! ხო, ეს ტურისტულია. საერთოდ, სამნაირი გამოდის –  ერთი, რომ სადაც უმეტესად ტურისტები ან იქ მოხვედრილი ხალხია, მეორე, სადაც ფართო უბნის, შეიძლება ითქვას, ჰაი სტრიტის და მესამე, უბნის. პირველი ორი ვნახე. უბნის? წავიდეთ ჩვენს უბანში.  ე, მანდ იწყებოდა. ფიდელს რატო გეძახიან, წვერის გამო? ნუ აბდულა პაბში არ დადის. ვხალისობდით. მახო მთვრალი არ მინახავს: მგონი, ძალიან უკვირდებოდა, რას, როგორ, რამდენს. გემოს კაცი იყო: შესწავლის.

სულ რაღაც ჟიურიში ხვდებოდა და ყოფილა, მეტყოდა: არ მოგეცი ხმა. ხმა რა, ნაწერი ან გამოვა, ან არა. ვინც წერას გადაყვა, ხმა კი ავიწყდება. მახოც, მგონი, ასე იყო. დიდი რამეა, რომ ფილოლოგია ლიტერატურისგან გაარჩიო. ეგ შეეძლო. 

ისევ იმ ამბავზე გამახსენდა, მახო და ქარუმა რომ მოვიდნენ ერთად. ჰამერსმიტის ხიდის დაბლა, მდინარის პირას ძველი სანაოსნო კლუბია, იმის აყოლებაზე, მწვანე მინდორი, საცხოვრებელი სახლების მწკრივი და პაბები. უქმეებზე და კარგ ამინდში, იქ ვერ გაივლი, იმდენი ხალხი და თოლიაა: აბა, მიდის პიმსის ტოლჩებით სირბილი, მაგრამ ცუდ ამინდში და სამუშაო დროს, რა? ეჭვიანი თოლიები და მდინარეზე ნავები ირწევა, სიცარიელე და სიჩუმე. მახომ, აბა, მე ფიშ ენდ ჩიპსი ხო უნდა გავიგო ბოლოს და ბოლოს რა არიო. ვსხედვართ უჟმურში ცარიელ ადგილას, წყალი რუხზე უარესი რუხი. ტემზა, ამბავი, აკროიდზე ლაპარაკი და კაი, ამ ლუდისაც გვითავდება. ქარუმა ვისკის მოყვარეა, მარა ვისკიზე ნამდვილად ვეღარ წავალთ და როგორც არი ხოლმე, ამოვისეირნეთ ფეხით მოუმთავრებლებმა და ამოვედით მწვანე მინდვრამდე, სადაც ასევე ქარი და სიცარიელეა და მახო ამბობს, აქ უნდა დავლიოთ ახლა ჩემი ღვინოო, ხო შეიძლება აქ დალევაო.

როგორ არ შეიძლება, ამ  ლამაზ ბალახებში სულ ბრტყელი ბოთლები ყრია, სანამ მეეზოვენი არ დაუვლიან… მით უმეტეს, ასეთ დროს და სკამეიკებზე კი, სულ არასანდო იერის, არამომხიბვლელი ასაკის მამაკაცები სხედან, თუმცა, ადგილი ჩვენთვისაც არის.  უქმეში და კარგ ამინდში ვინ დაგსვამს, მაგრამ ახლა ასეა.  დავსხედით და დააძრო მახომ სახრახნისი და ნამდვილი კორპიანი ბოთლი. სამი ბოთლი იყო, განა ერთი და აბა, გამისინჯეთ.

ქარი, უმზეობა, სკამი, ბოთლები, პლასტმასი. თან მახო ტელეფონს იჭერს მაღლა, იღებს. მერე მითხრა, ვიღაცამ ამ სურათს ხაროში-პლახოი-ზლოი დაარქვაო. ფოტოზე ღიმილების  მიხედვით, ხაროში ნამდვილად მახო იყო. ამოვიარეთ ტაატით და მეტროს წინ, გადასასვლელთან, ბებერი როკერები უკრამენ: ქარი აფრიალებს მათ შერჩენილ გრძელ ჭაღარას. ჰანგიც ქარს მიაქვს.  

ქუჩის ბებერი როკერი პაბის მსახიობს ჰგავს. ცარიელა განწირულობაა და ხელობის ცოდნაა. შენც შენი მოგდის: თან ჰანგი აღვიძებს, როგორ გინდოდა თავისუფლება იმ უხსოვარ დროს და თან ხედავ, ამ ქარში, ქუჩის პირზე ამხელა ხალხი საჭმლის ფულს აგროვებს მთელი ჯიგრით და სიწრფელით.

ქარუმა დაუდგა წინა და ამბობს, ჩვენ ესენი ვართ, ოღონდ აზიაში.

სიცოცხლე  რთულია და დასასრული ყველამ ვიცით. წერა და ნაწერი რომ არ იყოს, სამღელვაროც ბევრი არაფერი იქნებოდა.

ეს ვითომ  სისულელე იმიტომ მახსოვს, რომ სინამდვილეში, ცხოვრება არც რამეა ასეთი სურათების ხსოვნის გარდა. ეს არის, კარგი და ნამდვილი.

განა ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მივწერ- მოვიწერებოდით ხოლმე: მაჰმუდ! აკაკიუს!  და იყო ამაში ირონია და ცოტა ლიტერატურაც, რაც საუცხოოა. მამლუქი, ბაში-აჩუკი, რა ვიცი. ერთმანეთი სოფლებში ვერ ვნახეთ: აბა, გამოიზაფხულებს, აბა, ამას  გადავაგორებ… ასე დამთავრდა. ამბობს, ბიჭო, ჩიტები არი შენთან, ჩიტები?

ღამის ღია მეტრო მახსოვს, რო შევიდა იმ ზურგჩანთით და გაგრიალდა მატარებელი: სიმართლე ითქვას და, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.

ერთი პატარა, საკიდიანი თიხის ქვევრი დამრჩა მახოსგან. ოდესღაც, ამოიღო უბიდან და გქონდეს ჩვენგან, გასაღებს შააბიო; სახე კიდე გაბადრული ჰქონდა, ამ ნივთს რომ დახედა და ამომხედა.

© არილი

Facebook Comments Box