პოეზია,  პოეზია (თარგმანი)

ლუიზ გლიკი – ლექსები

 

ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა

 

ზეციური მუსიკა

 

მეგობარი მყავს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა სამოთხის.

ის სულელი სულაც არ არის, უბრალოდ, მთელი არსებით ელაპარაკება ღმერთს,

ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – ჰგონია, ცაში ვიღაც ზის და უსმენს.

მიწაზე ის უჩვეულოდ კომპეტენტურია.

მამაციც ეთქმის, შეუძლია უსიამოვნებებს თვალი თვალში გაუყაროს.

 

 

მუხლუხი ვიპოვეთ, მიწაზე ეგდო, კვდებოდა, გაუმაძღარი ჭიანჭველები ზედ დაცოცავდნენ.

ყოველთვის მამძიმებს ცუდი ამბავი. ასეთ დროს მინდება ხოლმე, სიცოცხლეს წინააღმდეგობა გავუწიო,

მაგრამ მორცხვი ვარ, ვერავინ დამასწრებს თვალის დახუჭვას.

ჩემმა მეგობარმა შეძლო, თვალი არ მოეშორებინა. უბრალოდ, ხელი არ შეუშალა

ბუნებრივი მოვლენების განვითარებას. მერე კი მაინც ჩემი გულისთვის ჩაერია,

დაძიძგნილი სხეულიდან ხელით მიმოფანტა ჭიანჭველები და მუხლუხი

გზიდან გადაიყვანა.

 

ჩემი მეგობრის აზრით, თვალებს იმიტომ ვხუჭავ, რომ ღმერთი არ დავინახო, სხვანაირად ვერ აიხსნება რეალობის მიმართ ჩემი სიძულვილი. ამბობს, რომ ბავშვივით ვიქცევი, რომელიც ბალიშში რგავს თავს,

რათა დასანახი არ დაინახოს; ბავშვი, რომელიც საკუთარ თავს ეუბნება,

რომ სინათლე სევდას იწვევს.

ჩემი მეგობარი დედებს ჰგავს. მოთმინებით ელის, როდის გავიღვიძებ მასავით ზრდასრული, რისკენაც დაჟინებით მომიწოდებს, გაბედული ადამიანი…

 

ჩემს სიზმრებში მეგობარი სულ მსაყვედურობს. იქ იმავე გზას

მივუყვებით. მხოლოდ, სიზმარში ზამთარია;

ის მიხსნის, რომ თუ ადამიანს სამყარო უყვარს, ზეციური მუსიკა ესმის;

მაღლა აიხედეო, – მეუბნება. ვიხედები და არაფერია.

მხოლოდ ღრუბლებია, თოვლი, თეთრი ნივთიერება ხეებზე,

თითქოს პატარძლები ამხტარან წარმოუდგენელ სიმაღლეზე.

უცებ მის გამო შემეშინდა: ვხედავ, დედამიწაზე საგულდაგულოდ

გადაფარებულ ბადეში გაიხლართა.

 

სინამდვილეში გზის პირას ვსხედვართ, მზის ჩასვლას ვუყურებთ;

სიჩუმეს დროდადრო ჩიტების ძახილი მსჭვალავს.

სწორედ ასეთი მომენტების ახსნას ვცდილობთ – ფაქტია, რომ

გვათავისუფლებს, შვებას გვგვრის სიკვდილი და სიმარტოვე.

ჩემი მეგობარი ტალახიან მიწაზე წრეს ხაზავს; შიგნით მუხლუხია, რომელიც არ იძვრის.

ის სულ რაღაცის გამთლიანებას და გალამაზებას ცდილობს,

სურს, ისეთი რამ შექმნას, რაც მისგან დამოუკიდებლად იარსებებს.

 

უსიტყვოდ ვსხედვართ. სიმშვიდე მოაქვს ასე ჯდომას, ხმას რომ არ ვიღებთ. კომპოზიცია უძრავია. უეცრად გზაზე ჩამობნელდება, ჰაერი

უფრო გრილი ხდება, აქა-იქ ქვები იწყებენ ბრწყინვას, ელვარებას –

ეს სიმშვიდე გვიყვარს ორივეს.

ფორმის სიყვარული დასასრულის სიყვარულზე მიანიშნებს.

 

ერთგულების მითი

 

როცა ჰადესი დარწმუნდა, რომ გოგო უყვარდა,

მისთვის მეორე ცალი დედამიწა ააგებინა, პირველის ასლი,

იგივე იყო ყველაფერი მდელოს კიდემდე

მხოლოდ საწოლი ჩაამატა.

 

ყველაფერი იგივე იყო მზის შუქის ჩათვლით.

გაჭირდებოდა პატარა გოგოსთვის სწრაფად გადასვლა

კაშკაშა ნათლიდან სრულ უკუნეთში.

 

ამიტომ გადაწყვიტა, თანდათანობით გაეცნო ღამე.

პირველად, როგორც ათრთოლებული ფოთლების ჩრდილი,

მერე მთვარე და ვარსკვლავები. მერე როგორც უმთვარობა და უვარსკვლავობა.

დაე, ნელ-ნელა შეჩვეოდა ბნელს პერსეფონე.

ბოლოს სიბნელე კიდევ უფრო დაამშვიდებსო, ასე ფიქრობდა.

 

დედამიწის ასლი. იმ განსხვავებით,

რომ აქ სიყვარული არსებობდა.

განა, ყველას არ სურს სიყვარული?!

მრავალი წელი იცადა ჰადესმა,

თან სამყაროს აშენებდა, თან თვალს ადევნებდა

მდელოზე პერსეფონეს.

პერსეფონეს – სურნელის შემმეცნებელს, გემოს გამსინჯავს.

ჰადესი ფიქრობდა, თუკი ერთ რომელიმე გემოს შეიცნობ, ყველა დანარჩენსაც მოიპოვებო.

ყველას სურს, ღამით იგემებდეს

საყვარელ სხეულს, შემოესალტოს, მიიზიდოს!

სურს, რომ ესმოდეს მშვიდი სუნთქვა, რომელიც ნიშნავს:

ცოცხალი ვარ. ეს კი, თავის მხრივ, იმას გულისხმობს,

შენ ხარ ცოცხალი, გესმის ჩემი ხმა,

აქ ხარ, ჩემ გვერდით. და როცა ერთი შეტრიალდება,

მეორეც მისდევს –

აი, ასეთი შეგრძნებები უჩნდებოდა ბნელის მეუფეს, როცა

ახალ სამყაროს გაჰყურებდა, პერსეფონესთვის აშენებულს.

მის გონებაში არასდროს გაჩენილა აზრი იმის შესახებ,

რომ იქ მალე ყოველგვარი სუნი გაქრებოდა,

შესაბამისად, ყოველგვარი საკვები.

 

დანაშაული? ზაფრა? სიყვარულის შიში?

გონებაშიც კი არ გაუვლია.

ასეთ საგნებზე შეყვარებულები არ ფიქრობენ.

 

ის ოცნებობს, არჩევს რა სახელი უწოდოს ახალ ადგილს.

ჯერ იფიქრა ახალი ჯოჯოხეთი, მერე ბაღნარი.

ბოლოს, გადაწყვიტა პერსეფონეს ყმაწვილქალობა დაერქმია.
რბილი შუქი დაადგა თავზე სწორ და გლუვ მდელოს,

საწოლის უკან. ჰადესმა მკლავებში მოიქცია,

უნდოდა ეთქვა: მე შენ მიყვარხარ, არაფერი გემუქრება,

 

მაგრამ გადაწყვიტა,

ტყუილი იქნებოდა, დაბოლოს ასე უთხრა:

მკვდარი ხარ უკვე არაფერი გემუქრება,

და ასეთი დასაწყისი უფრო საიმედო ეჩვენა,

უფრო მართალი.

 

 

 

ეპითალამა[1]

 

მანამდე სხვები იყვნენ; მათი სხეულები

მოსამზადებელი ეტაპი იყო.

მომიხდა ასეთების ნახვა.

 

ვნახე მათი ხვეწნა-მუდარისგან დამდგარი ორთქლი.

რამდენი ტკივილია სამყაროში – ეს ამორფული

სხეულებრივი მწუხარება. ამ სხეულების ენა

 

შიმშილია,

ხოლო დარბაზებში ყუთებით მირთმეული ვარდების

არსებობა

 

ქაოსს გულისხმობს. მერე კი იწყება

ქორწინების საშინელი საქველმოქმედო შემწყნარებლობა.

ქმარი და ცოლი

 

ამწვანებულ მთაზე ადიან ოქროსფერ შუქში.

ივლიან, სანამ მთა არ გაქრება

და სწორი ველი გადაიშლება ცით დასაზღვრული.

 

კაცმა თქვა: აი, ჩემი ხელი, –

თუმცა ეს ითქვა დიდი ხნის წინათ, –

ხელი, რომელიც არასდროს გავნებს.

 

            ფანტაზია

 

რაღაცას გეტყვი: ადამიანები ყოველდღე

კვდებიან. თან ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

მგლოვიარე სახლებში ყოველდღე ჩნდებიან ახალი ქვრივები,

იბადებიან ახალი ობლები. ქვრივები სხედან გულხელდაკრეფილი

და ფიქრობენ, როგორი იქნება ახალი ცხოვრება.

 

მერე მიდიან სასაფლაოზე. ზოგი მათგანი

არ ყოფილა იქ არასოდეს. ქვრივებს ტირილის ეშინიათ,

ისიც, რომ ვერ იტირონ. დროდადრო ვინმე იხრება მათკენ

და ჩურჩულით ეუბნება, რა გააკეთონ, რაც იმას ნიშნავს,

რომ ან ქვრივის სიტყვას ელიან, ან დრო მოსულა

მიაყარონ ახალ საფლავს მიწის გორახი.

 

და ამის შემდეგ ყველა ბრუნდება ისევ მკვდრის სახლში,

რომელიც უცებ ივსება ხალხით.

ქვრივი ტახტზე ზის, ლამის უძრავად,

ამიტომ ხალხი მის სანახავად რიგში დამდგარა.

ზოგი ხელს კიდებს ხელის მტევანზე, ზოგი – ეხვევა.

ისიც ყველასთვის პოულობს სიტყვას.

მადლიერია, მადლობას იხდის თანაგრძნობისთვის.

 

სინამდვილეში მხოლოდ ის სურს, მალე წავიდნენ,

უნდა საფლავზე დაბრუნდეს ისევ. უნდა, დაბრუნდეს

საავადმყოფოს პალატაში. თან იცის, ასე არასდროს ხდება,

მაინც უკუსვლის სურვილია ბოლო იმედი. იმ დროში არა,

როცა შედგა ქორწინება ან პირველი კოცნა.

არა, სულ ოდნავ უნდა უკან დახევა.

 

 

 

ცხენი

 

რას განიჭებს ეს ცხენი ისეთს,

რასაც მე ვერ მოგანიჭებდი?

 

თვალს გადევნებ, როცა მარტო ხარ,

როცა მინდორზე მიაჭენებ რძის ფერმის უკან,

შენი ხელები ჩამარხულია

მუქფერ ფაფარში.

 

ვხვდები, რა იმალება შენი სიჩუმის მიღმა:

ზიზღი და ჩემი სიძულვილია, ქორწინების ზიზღი. მაინც გინდა,

 

რომ შეგეხო; გულამოსკვნით ტირი, როგორც

პატარძლებმა იციან, მაგრამ გიყურებ და ვხედავ

შენს სხეულში ბავშვები არ არიან.

მაშ, რა არის?

 

არაფერია, ასე მგონია. მხოლოდ სულსწრაფობა –

ჩემამდე მოკვდე.

 

სიზმარში ვნახე ცხენს მიაჭენებდი

გადამხმარ მინდვრებზე და მერე

 

ჩამოქვეითდი: თქვენ ორნი ერთად მიაბიჯებდით

სიბნელეში, ჩრდილები არ გქონდათ.

ისინი კი, ვგრძნობდი, ჩემკენ მოეშურებოდნენ,

ღამით ხომ სადაც უნდა, იქით წავლენ

ჩრდილები საკუთარი თავის ბატონ-პატრონები არიან.

 

შემომხედე: გგონია, არ მესმის?

ცხოველი სხვა არაფერია, თუ არა

ამ ცხოვრებიდან გასასვლელი გზა.

 

აპრილი

 

ჩემი სასოწარკვეთა შეუდარებელია, არავისას ჰგავს.

 

ამ ბაღნარში თქვენი ადგილი არ ყოფილა,

ასეთებს თუ ფიქრობთ, ასეთი გამაღიზიანებელი

გამოხატვის ფორმები რადგან გაქვთ; კაცმა ლამის

მთელი ტყე გამარგლოს, დაუფარავად აკეთებს საქმეს.

ქალი კოჭლობს და უარს ამბობს ტანსაცმლის გამოცვლაზე,

თავის დაბანაზე.

 

გინდ ელაპარაკეთ ერთმანეთს, გინდ, არა!

სულ არ მადარდებს.

მაგრამ, იცოდეთ, ვგულისხმობ, რომ

მეტს მოველოდი თქვენ ორისაგან,

იმათგან, ვისაც ჭკუა მიეცა: თუ ერთმანეთზე

არ იზრუნებდეთ,

სულ მცირე, იმას მაინც იგებდეთ,

რომ მწუხარება ვრცელდება და მრავლდება

თქვენში, შორის ყოველთა ნათესავთა, სწორედ ამ ნიშნით

მე თქვენ გცნობთ ხოლმე, როცა ველური ცისთვალები აღიბეჭდება

სევდიანი მუქი სილურჯით, ტყის იები კი

სითეთრის ფერით.

[1] ნეფე-დედოფლის სადიდებელი, საქორწილო სიმღერა

© არილი

Facebook Comments Box