პოეზია

ალეკო ცქიტიშვილი – ახალი ლექსები

ახალი ცხოვრების დაწყება

ზვიად რატიანს

ახალი ცხოვრების დაწყება,

როგორც მიზანი, იქ, 

სადაც პოლიციელები ჩაფხუტებად

დედის ფაფახებს იხურავენ

და ჩვენი სხეულებით აშენებულ კედლებს

წყლის ჭავლით შლიან,

სადაც პატრიარქი ჩარჩა

ღვინის ჭიქებში,

როგორც ქინქლა

და იქიდან დირიჟორობს

კონსერვატორთა აგრესიულ სადღეგრძელოებს,

ახალი ცხოვრების ღმერთი კი

ხვიჩა კვარაცხელიაა, ახლა,

როცა ემიგრანტების დაბრუნება

შეუძლებელია და პირიქით –

საკუთარ სახლებში ვართ ემიგრანტები,

უცხოები.

წმინდაო ღმერთო,

დაგვაწყებინე ახალი ცხოვრება

გასული საუკუნის 90-იანი წლების პოეტებს!

ჩვენ არ გვინდა მოვკვდეთ

მეტროპოლიტენში,

ვაგონიდან გამოსვლისას,

როცა კარები იკეტება და

ინფარქტი მოულოდნელად სხვა კარებს აღებს.

ჩვენ ასეთი სიკვდილები ნანახი გვაქვს

და მათ შესახებ ხანდახან ვწერდით.

ჩვენ არ გვინდა ომი

ექიმებთან,

რომლებიც აკვირდებიან ჩვენი ნევროზების აყვავებას

და როცა ვნერვიულობთ,

გვეკითხებიან – „დაზღვევა გაქვთ?!“

ჩვენი მერყევი სხეულებიდან

თაგვებივით ვიღრღნით კიბოს უჯრედებს.

ჩვენ არ გვინდა დიდუბის პანთეონში

ჯაბა იოსელიანის გვერდით დამარხვა

და ამისგან ვითხოვთ დაზღვევას!

წმინდაო ძლიერო,

ჩვენ – ამ ცხოვრების გარემარბებს

მოგვეცი ძალა

სიკვდილის გუნდთან თამაშისას

და იმ წუთებში,

როცა გულშემატკივარიც ფარ-ხმალს ყრის

და გაბრაზებული გვისტვენს,

თვითონ გადადი იერიშზე,

ანგარიში გაათანაბრე.

2023. ნოემბერი

გიორგი გახელაძეს

მივხვდი, 

როგორ არის შესაძლებელი,

ზურგჩანთით გადაადგილდებოდე

მკვლელი ქალაქის ქუჩებში,

გიცნობდეს ყველა

და მაინც იყო უჩინარი.

დილა იწყება გადაწყვეტილებით,

რომელიც იწვევს მიწისძვრას – 

ეპიცენტრით საკუთარ გულში

და ცოლის, შვილების, ნათესავების,

მეგობრების წუხილის მზარდ რადიუსში.

ცხოვრებას, როგორც შავ ხვრელს, 

შეუძლია, მოულოდნელად აფეთქდეს

და თავის წიაღში შეისრუტოს

ბედნიერების ყველა წამი,

კენჭებივით რომ აგროვებდი

მის დანაღმულ სანაპიროზე.

მივხვდი,

როგორ არის შესაძლებელი,

დადო ბოლო დღის დუმილის აღთქმა

და ისე უჩუმრად გაიარო მკვლელი ქალაქი,

მხოლოდ და მხოლოდ შენ გესმოდეს

საკუთარი ყვირილის ექო.

ტვინი მუშაობს გამალებით
და ფიქრებს, როგორც SOS-სიგნალებს,
აგზავნის ყველასთან, ვინც გეძებს,
მაგრამ დრო და სივრცე დეფორმირებულია,
აფეთქებული ცხოვრების გამო
და უკვე ძალიან შორია ადრესატებამდე –
მილიონი სიცოცხლის წელი.

2024, ივლისი

დეპრესიების გადაკვეთა

დილით ყორნის ხმა

გაგვაღვიძებს და

ცაში მონიშნავს

ჩვენი დეპრესიების გადაკვეთის წერტილს.

ამ ხმას თან ერთვის,

განუწყვეტლივ,

შემოდგომის ბუზის ბზუილი

ფანჯრის კუთხიდან,

საიდანაც შინ შემოდის

მკრთალი მზის ქერტლი.

ეს გაღვიძება,

როგორც პროცესი, ჰგავს

ნაცრიდან გამოხსნილი ნაკვერცხლის

ქრობას.

წინ სიცოცხლეა –

სავალდებულო არსებობა

და სამსახური. ამიტომაც

დრო არ გვაჩერებს –

უნდა ავდგეთ და

არაფრის დღის გეგმა დავსახოთ.

ჭურჭელს გავრეცხავთ

ან სახლს გამოვგვით,

რომ გვაბრუნოს წუთისოფელმა,

მაგრამ რა მოგვდის?!..

ვინ გვაჭედებს ერთმანეთზე,

როგორც ჯვარცმაზე?!..

მზემ კორპუსები გადაიარა,

ჩვენ კი საკუთარ საწოლს ვერ გავცდით.

გადავიხადოთ ეს საბნები –

მათ ქვეშ თოვლია!

ეს ჩვენ ვართ ახლა

და ვეღარ ვგრძნობთ

როგორ გვადნობს

ჩვენი ძვირფასი დეპრესიები.

2024, ივნისი

პურის რიგი

იმ დღეებს ვიხსენებ, სიზმრებით

და შენი თვალების სიღრმიდან

რაც მოჩანს წარსულად, რითმები

ამჯერად არა მაქვს და მხოლოდ

სიტყვები – მარტივი სიტყვები

მჭირდება მაგიდის უჯრიდან –

სწორედ იმ მაგიდის, რომელსაც

წინ უზის სტუდენტი, ხან – ორი

(მე და შენ, ტიციან ტაბიძის

ქუჩაზე, თბილისში) და მასზე

ხან მხოლოდ პური დევს – საუზმე,

მთელი დღის საგზალი სხვა არის –

ის გრძნობა, რაც დღემდე გვანაყრებს,

რაც იწვევს წარსულის განვრცობას

აწმყოზე – დღეებზე და წლებზე

შემდეგშიც.

სიზმრები მახსენებს

პურის რიგს და ფიფქებს ცხელ პურზე,

შენ – რიგში, მანანაც იქვეა –

გაჰყურებს თოვლის ნისლს და ლანდებს,

რიგს მიღმა სიცივე მეტია,

მეტია ხიფათიც და პურით

გაცილებთ სახლისკენ. თუშები

ქალაქში – ეს უკვე თემაა

პოეტის, რომელიც ტიციან

ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობს და

აგროვებს გრძნობების ნამცეცებს

და თითქოს ცხოვრებაც პურია,

რომელიც ჩიტებმა გაკენკეს.

2024 წ.

აპოკალიფსი

სიკვდილი წველის დედამიწის ცურს,

თვითონვე ირჩევს ვისი სული სურს.

კაცი კაცს ისე, გასართობად კლავს,

აზარტით, იცის – უნდა მოკლას კვლავ.

ეშმაკის ხახა დაუღია ომს,

კუდს იქნევს – მათრახს, ყველას აცლის გონს.

სადილად გვამებს აქუცმაცებს, ჭამს.

იყორავს მუცელს – უსასრულო ჭას.

არ ვიცით, როგორ დააღამებს დღეს,

დაქანცულს თუკი დაეძინა ღმერთს.

ყველანი მკვდრებად გავიღვიძებთ ხვალ

და ვკითხავთ: გვარქვი, ესე ვიდრე ჰხვალ?..

2024

მონატრება

ცოტნეს

თუმცა მეზობელ სოფლად გახვედი,

მე მაინც ვეძებ შენს გზას, ნაკვალევს

და მონატრება, როგორც თავხედი

მდგმური, არ ტოვებს ოთახს და თვალებს.

დიდხანს ვცდილობდი მეთქვა საკუთარ

თავისთვის, შენზე, რომ არ წასულხარ.

ახლა არ ვიცი, რა გავაკეთო

და სიზმრებს ვკენკავ, როგორც ნასუფრალს.

2024

© არილი

Facebook Comments Box