ახალი ამბები

ალექსანდრია იწვის – ბოლო დროს აკრძალული წიგნები

ტენესის შტატში პასტორის ინიციატივით წიგნთა საჯარო დაწვის აქცია მოეწყო. ხალხმა ტაში შემოკრა, როცა „სატანის ზეგავლენისაგან გასათავისუფლებლად“ სხვა წიგნებთან ერთად ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“ და სტეფან მეიერის „ბინდი“ ცეცხლს შეუკეთეს.

კონტრპროტესტანტმა საპასუხოდ რეი ბრედბერის  „451º ფარენჰაიტით“ და ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ დაწვა. მისივე თქმით, ეს წიგნები სიმბოლურად ბიბლიას განასახიერებდა.

ლიტერატურის სამსჯავრო ტენისის სკოლების მიერ არტ შპიგელმანის კატა-თაგვობანას (Maus) აკრძალვის გადაწყვეტილებას მოჰყვა. გრაფიკული რომანი, რომელიც მღრღნელების ილუსტრაციებით შვილისა და ჰოლოკოსტ გამოვლილი მამის დაძაბულ ურთიერთობას ასახავს, მე-9 კლასის სასწავლო პროგრამიდან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამოიღო საბჭომ. მიზეზად უხეში ენა და (თაგვების) შიშველი გამოსახულებები დაასახელეს.

გადაწყვეტილებას მედიის დიდი პროტესტი მოჰყვა. ყურადღება გაამახვილეს შეერთებულ შტატებში წიგნთა აკრძალვის პრაქტიკის მოხშირებაზე, რის მიზეზადაც ამერიკელი კონსერვანტების მხრიდან სკოლებში კრიტიკული რასის თეორიის გავლენის შესუსტების, ხოლო მემარცხენეთა მხრიდან უმცირესობების დაცვის სურვილს ასახელებენ.

ტეხასის შტატის საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარემ მოსწავლეთათვის დისკომფორტის შემქმნელ ლიტერატურის სიაში 850 წიგნი შეიყვანა, მათ შორისაა  მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი”. ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციამ აღნიშნა, რომ წიგნების აკრძალვის მიზნით შემოტანილ საჩივართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ბოლო პერიოდში ამერიკის სკოლებში (სხვადასხვა შტატში) ძირითადად რასიზმისა ან თანამედროვე ღირებულებებთან შეუსაბამობის ბრალდებით სხვა წიგნებთან ერთად აიკრძალა: ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“, ტონი მორისონის „ყველაზე ცისფერი თვალი“ და ჰომეროსის „ოდისეა“ ქალაქ ლორენსში, მასაჩუსეტსის შტატში ძალადობრივი და სექსისტური სცენების გამო.

 

© არილი

Facebook Comments Box