ალექსანდრ მიხაილოვი
ალექსანდრ მიხაილოვი (1938-1995) – რუსი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და ხელოვნებათმცოდნე. “პრელუდიები მოცარტისა და კირკეგორისათვის” 1991 წელს დაიბეჭდა და მოცარტის გარდაცვალების 200 წლისთავს მიეძღვნა. თარგმანი დაიბეჭდა 2000 წელს ჟურნალ „არილში“.
თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
კირკეგორში მუსიკა კი არა, მოცარტი ცხოვრობს. თანაც, არა იმდენად მოცარტი, რამდენადაც “დონ ჟუანი”, და არა “დონ ჟუანი”, არამედ დონ ჟუანი. ეს არაა მოცარტი მთელი თავისი შემოქმედებით… პირიქით, ესაა მოცარტი, ვისი მთელი შემოქმედებაც მის ერთ შედევრშია თავმოყრილი. სხვა დანარჩენი თითქოს არც არსებობს. ამ აზრს არასდროს დაეთანხმებოდა არც მუსიკის მოყვარული, არც თავად მუსიკოსი და არც მუსიკათმცოდნე-ტექნიკოსი. და მართლაც, არ უნდა დავეთანხმოთ, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ კირკეგორს. იგი ხომ ერთია, ჩვენ კი ამ ერთის ბუნება უნდა გავარკვიოთ, გავიგოთ ამ მარტოობის არსი – ამოვიკითხოთ იგი მუსიკასა და სამყაროში.
ძნელია მოძებნო მუსიკის ისტორიაში ადამიანი, ვინც უკმაყოფილო იქნებოდა მოცარტის “დონ ჟუანით”. ასეთი ადამიანი ძვირად ფასობს – იმიტომ, რომ ძალზე იშვიათია. თავის დროზე მეგობრები მიხაილ ივანოვიჩ გლინკაზე ამბობდნენ, მოცარტის “დონ ჟუანში” ნაკლს ხედავსო. არადა, მას არ შეეძლო არ დაენახა ნაკლი, იმიტომ, რომ დონ ჟუანი მის წინაშე მწვავე შემოქმედებით ამოცანად იდგა და ეს იყო არა მოცარტის შემოქმედებითი ამოცანა, არამედ მისი, საკუთარი, გლინკასეული.
სიორენ კირკეგორი მოცარტთან დამოკიდებულებაში გლინკას საპირისპიროა: მოცარტის მთელი შემოქმედება, მისი აზრით, “დონ ჟუანის” შექმნაზე იყო მიმართული, მთელი “დონ ჟუანი” კი დონ ჟუანის შექმნას მიეძღვნა, ანუ ისეთი ადამიანური ხატის შექმნას, რომელიც გარკვეული ადამიანური მსოფლმხედველობის საკმაოდ ტიპიური წარმომადგენელია და თავის თავში ახორციელებს ამ მიზანდასახულებას. დონ ჟუანის სახის შექმნით, მოცარტის მუსიკა უკვალოდ გაქრა, ამ სახის სიღრმეში ჩაიკარგა; მასში მოიყარა თავი არამხოლოდ მოცარტის “დონ ჟუანის” მუსიკამ, არამედ მთელმა მოცარტმა, ვისი მუსიკაც კირკეგორისთვის არარაობა იქნებოდა, დონ ჟუანი რომ არ შეექმნა, და ბევრი სხვა, სრულიად განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებიც სწორედ მისთვის დაიწერა.
უკიდურესობები ხშირად ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს – ბოლოს და ბოლოს, გლინკა და კირკეგორიც ასევე გაერთიანდებიან იმიტომ, რომ ორივემ მოცარტის “დონ ჟუანს” დაადგა თვალი, ოღონდ პირველისთვის იგი პირადი შემოქმედებითი ამოცანა იყო, მეორისთვის კი ცხოვრებისა და ფილოსოფიის საყოველთაო მიზანი. ისინი სხვადასხვა მიმართულებით იყურებიან და მუსიკალური ისტორიის შუაგულში ორივესთვის “დონ ჟუანი” დგას, როგორც ცენტრი და ბირთვი.
* * *
გამოდის, კირკეგორს მუსიკა სხვისთვის დასჭირდა და არა თავისთვის. მუსიკათმცოდნე-ტექნიკოსი უკვე გაუჩინარდა, მალე მუსიკოსიც წავა, მოყვარული კი მხოლოდ უქმი ცნობისმოყვარეობის გამო დარჩება.
ტექნიკოსი იმიტომ წავიდა, რომ არაფერია ტექნიკურ-თეორეტიკული თვალსაზრისისთვის უფრო მიუღებელი, ვიდრე მუსიკისადმი კირკეგორისეული მიდგომა. ანუ ისინი დიამეტრალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რა გამომდინარეობს აქედან? ალბათ ის, რომ ტექნიკოსი მალე დაბრუნდება; იმდენად, რამდენადაც უკიდურესობები ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, ტექნიკოსი შეიძლება დაინტერესდეს, მაინც რა აერთიანებს მას ამ უცნაურ ფილოსოფიასთან. აი თუნდაც: ნამდვილი მუსიკოსი, მოცარტის “დონ ჟუანის” მოსმენისას, ალბათ, გაოცებული გაქვავდება და შესაძლოა, ეს გაოგნება მთელი ცხოვრების მანძილზეც გაჰყვეს. უეჭველია, რომ ასეთი რამ ახლაც ხდება, მეორე ათასწლეულის ბოლოს, როცა ადამიანური კულტურა მზადაა დაემშვიდობოს საკუთარ თავს.
* * *
კირკეგორის სმენა – ერთადერთი დედამიწის ზურგზე – იმთავითვე ისე იყო მოწყობილი, რომ მთელ მუსიკაში მხოლოდ დონ-ჟუანი ამოეკითხა – მუსიკის ეს საოცარი ნადიმი, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება. და ამ დიად მარტოობას არაფერი სჭირდება, გარდა ერთისა. კირკეგორი იშვა, რათა ყოფილიყო ერთადერთი, ვინც მუსიკას ამგვარ რაკურსში მოისმენდა.
* * *
1843 წელს გამოსული მისი წიგნი “ან-ან” “დიაფსალმატებით” იწყებოდა. “დიაფსალმატები” კი ინსტრუმენტული ინტერლუდიებია ბიბლიური ფსალმუნებისთვის, ნიშნები, რომლებიც ასეთ ინსტრუმენტულ განყოფილებებს აღნიშნავდნენ. ამ ბერძნული სიტყვით, რომელიც მე მგონი, არანაირი სხვა მნიშვნელობით არ გვხვდება, კირკეგორმა თავისი ფრაგმენტების განსაკუთრებული ხასიათი განსაზღვრა. მხოლოდ დიაფსალმატების შემდეგ იწყება წიგნის სახელგანთქმული მონაკვეთი – “მუსიკალურ-ეროტიკული” ნაწილი, სადაც, უკვე სათაურში, კირკეგორი ჩვეულებრივი, მისთვის თანადროული გერმანული ფილოსოფიისა და ესთეტიკის დამახასიათებელი აბსტრაქტული ენისკენ იხრება. სრულად ამ ნაწილს ჰქვია “უშუალო ეროტიული სტადიები, ანუ მუსიკალურ-ეროტიული”. როდისმე ჩვენი მკითხველი მოესწრება მის თარგმანს.
“დიაფსალმატებში” კი მკითხველი ინსტრუმენტის აწყობას ესწრება. ეს ნაწყვეტებია, ანუ პრელუდიების ნაფლეთები. წინასწარი სტადიები. არც ფრაგმენტები, ან აფორიზმები, არამედ აზროვნების მუსიკა. იგი ყოველთვის იწყება და შუა გზაზე გტოვებს. აზროვნების მუსიკა… აქ იშვიათად თუ რაიმეს გაიგონებ თავად მუსიკის შესახებ.
* * *
მოცარტი ყოველგვარი მუსიკის საყოველთაო საზომია.
უფრო ფართოდ კი – მუსიკა სტიქიაა. იგი შეუმჩნევლად, მაგრამ გასაგონად ეშვება თავად სამყაროს და მისი ბგერების სიღრმეში. ყველაფერი, რაც და როგორც ისმის სამყაროსა თუ ცხოვრებაში, არ უპირისპირდება მუსიკას. კარეტების ჭრიალი ქუჩაში ვიოლინოების მოკრძალებულ ბგერებს ახშობს. მხოლოდ რაღაც წამებით გაიჟღერებს ხოლმე ვიოლინოს ხმა ქუჩის მთელ ამ აურზაურში. ეს ხმაური და გნიასი საორკესტრო ბასების როლს თამაშობენ ქუჩის იმ ღრიანცელში, საიდანაც იშვიათად ვიოლინოს ხმაც ისმის. თუკი მოცარტის მუსიკა, ყოველგვარი მუსიკისა და ნებისმიერი ჟღერადობის საზომია, მაშინ იგი ქუჩაში მოსმენილი სამყაროს საერთო მუსიკის საზომიცაა – ეს მუსიკა ხომ არამხოლოდ ვიოლინოს ხმაა, არამედ კარეტების ჭრიალიცა და ტვირთით დამძიმებული საზიდრების გამაყრუებელი ხმა და გრუხუნი, გამვლელების შეძახილები და სხვა ყველაფერი, რასაც კაცი გაიგონებს დიდი ქალაქის ქუჩებში. მუსიკა – სტიქიაა. ალბათ კირკეგორმა ერთ-ერთმა პირველმა გაიგონა დიდი ქალაქის ხმები, მისი მუსიკალური ჟღერადობა. თავად მისი ჟღერადობის აუტანლობაა მუსიკალური; ვიდრე მუსიკა სტიქიაა, ვიდრე ყოფიერების სტიქია მუსიკის საზომით იზომება, მოცარტის მუსიკის საზომით. ფოსტალიონი და ბიჭუნა, მსახური ქალი და ფილოსოფოსი კირკეგორი – მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, კერძოდ კი ის, რომ ერთხელ მათ ქუჩაში სტიქიის მუსიკა მოისმინეს, ადამიანური ყოფიერების სტიქიური მუსიკა – ის, რომელიც შემდეგ მოცარტის მუსიკად გადაიქცა.
* * *
ის, თუ რა მოისმინა კირკეგორმა ქალაქის ქუჩებში, შეუცდომლად და ეჭვის გარეშე შეგვიძლია დავასახელოთ. ესაა მეთერთმეტე და მომდევნო ტაქტები “დონ ჟუანის” უვერტიურიდან – ვიოლინოების დრამატული სინკოპირებული ფრაზები. სმენა, რომელიც ფსიქოლოგიურად იმდენადაა დახვეწილი, რომ ყველაფერ მუსიკალურში სულიერ, შინაგან ცხოვრებასა და ამ სულიერ ქმედებებს ხედავს, აქ პირდაპირ კვნესასა და ჩივილს, საბრალო ადამიანის ხმას ამოიცნობს. ასეთი ანალოგიები არაა აუცილებელი. ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე იგი ნებისმიერი მსმენელისთვის იქნება გასაგები. ისევე, როგორც საბრალო ვიოლინოების ხმები ქალაქური სტიქიის აურზაურში, მოცარტის ეს სავიოლინო ფრაზებიც, სინკოპირებული და დრამატული, მართლაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაღლდება ალტების, ვიოლონჩელოებისა და კონტრაბასების დაბალ ჟღერადობაზე, ვალტორნების, ჰობოებისა და ფაგოტების კიდევ უფრო დაბალ ხმაზე. სულ რამდენიმე წამით, მარტოსული ვიოლინოები ზევით მიიწვენ, თავიანთ მოკრძალებულ სიმაღლეზე – რომელსაც ტესიტურის მიხედვით, ადამიანური, ნაზი, ქალური ხმები შეესაბამება.
* * *
ყოფიერების მუსიკა რომ მოვისმინოთ, ამისთვის თავი უნდა ვანებოთ მოსმენას. გადავფაროთ უფსკრული შესრულებულსა და შესასრულებელს შორის; საბრალო მუსიკოსები… შენიშნავს კირკეგორი, თუმცა მათ მიერ შესრულებულ მუსიკაში მაინც იგრძნობა სამყაროს დიდებულება. ამის შესახებ არც მათ და არც მათ გარშემო შეკრებილმა მსმენელებმა არაფერი უწყიან, მაგრამ გრძნობენ.
კირკეგორთან ყველაფერი ზუსტადაა გაგონილი და განაწილებული. მოკლე ფრაგმენტში თავმოყრილია, ღმერთმა უწყის, რამდენი ფურცელი. თავიდან კირკეგორი თითქოს ჩვენთვის ნაცნობი მუსიკათმცოდნე-ტექნიკოსის როლშიც გვევლინება: ბგერას არამხოლოდ საზრისად, განწყობილებად ან გრძნობად აღიქვამს, არამედ, როგორც სავიოლინო შტრიხსა და ხემის მოძრაობას, ანუ იგი მუსიკას ინსტრუმენტალისტის ფიზიკურ მოძრაობასთან შერწყმით ისმენს, სმენითა და სხეულით ამ მოძრაობას აჰყვება. სწორედ ასე ისმენს კირკეგორი პირველ ბგერებს: ორი ნაცნობი შტრიხი, ან ხემის მოძრაობა. იგი ხემის მოძრაობას ისმენს და სმენით, თავისი ადამიანური ყოფიერებით უეცრად მოცარტის უვერტიურის ხსენებულ მონაკვეთში გადაადგილდება. ე.ი. ეს უვერტიურა და ეს ადგილიც უვერტიურიდან, კირკეგორს გათავისებული აქვს, გაგებული და განცდილი; ტექნიკურ და საზრისისეულ ერთიანობაში აქვს აღქმული. ამ ერთიანობაში წარმოუდგა კირკეგორს თვალწინ საბრალო მუსიკოსებიც ქალაქის ქუჩებში და ყოველგვარი დეტალი მათი ჩაცმულობისა თუ მოძრაობებისა… ყველაფერი ხემის მოძრაობით დაიწყო. მოძრაობით, რომელიც არ გამორჩა გამოცდილ და მახვილ სმენას.
* * *
პრელუდირებისას ჯერ ვერა და ვერ მივაღწიეთ კირკეგორისა და მისი ფილოსოფიის დონ ჟუანურ მოტივებს, მარადიული გმირის მისეულ განმარტებას. და ეს მარადიული გმირიც კირკეგორისთვის ესპანელმა ტირსო დე მოლინამ ან ფრანგმა მოლიერმა კი არ შექმნა, ანუ მათ, ვინც მოცარტამდე ქმნიდა, ამუშავებდა და ავითარებდა ამ სახეს. იგი არც ლორენცო და პონტეს კალამს ეკუთვნის – თეატრალურ მოღვაწეს ავანტურისტის რეპუტაციით, რომელიც, სხვა თუ არაფერი, ლიბრეტოს ავტორია, ვის გარეშეც თავად მოცარტის ოპერაც არ იარსებებდა.
კირკეგორისთვის მარადიული გმირის ერთადერთი შემოქმედი მხოლოდ მოცარტი იყო! სხვანაირად შეუძლებელი იყო! ამ სახეში ხომ მოცარტის მთელმა მუსიკამ მოიყარა თავი და მის დაბადებას ემსახურება მოცარტის ოპერის მთელი მუსიკაც – თავისი ყველაფრით, დაწყებული ინსტრუმენტალისტების მოძრაობებითა და ნაწარმოების არსით დამთავრებული, ნებისმიერი ცალკეული ფრაზით დაწყებული… თუმცა ეს “დაწყებული” და “დამთავრებული” არ არსებობს, აქ ყველაფერი საერთო საქმისთვის იღვწის, ისინი ერთიანი ძალებით ქმნიან დონ ჟუანს. მოცარტის მუსიკა მუსიკის მატერიალური, საგნობრივი მხარეა, ანუ ის, თუ როგორ ასრულებენ მას. ესაა მოცარტის მუსიკის ხდომილება, ჩვენს “თვალწინ” მისი აღსრულება – მიპყრობილი, მიშტერებული სმენის თვალწინ.
ჩვენც თვალყურს ვადევნებდით, თუ კონკრეტულად როგორ ხდებოდა ეს კირკეგორთან – ოღონდ ამის შესახებ ბევრი არაფერი გვითქვამს და მოაზროვნის სიტყვებსაც ძუნწი განმარტება მივეცით.
და მაინც, პრელუდირებისას, ვერა და ვერ მივადექით ყველაზე არსებითს, იმას, რაც აკავშირებდა კირკეგორს მოცარტის მარადიულ სახესთან. ვერ მივადექით იმ ადამიანთა გულისგასატეხად, ვისაც არ წაუკითხავს კირკეგორის “ან-ან”-ის პირველი ნაწილის მეორე ნაკვეთი. ჩვენ კირკეგორის დიაფსალმატებზე შევჩერდით, მის ერთ-ერთ დიაფსალმოსზე გავიჭედეთ და ადგილიდან დაძვრაც ვერ მოვახერხეთ მასში ჩაღრმავებულებმა. მაგრამ ეს არაფერი – სწრაფვა და ლტოლვა უკეთესია და უფრო ღირებული, ვიდრე გულგრილი ფლობა.
* * *
კირკეგორი მოცარტის მუსიკის სახელოვანი მსმენელია, მისი ერთ-ერთი უდიდესი მსმენელი.
იგი ძალიან არ ჰგავს მსმენელ-მოყვარულს, მსმენელ-მუსიკოსს, მსმენელ-მუსიკათმცოდნე-ტექნიკოსს და ყოველ მათგანთან მაინც რაღაც აკავშირებს: მუსიკით მონუსხულობა, თანაშემოქმედების ძალა, ზუსტი მოსმენის ზედმიწევნითობა. მაგრამ იგი ყველაფერს თავის ყაიდაზე აკეთებს! კირკეგორის სმენაში კვლავ გაცოცხლებული დონ ჟუანი ისტორიულად განუმეორებელი მოვლენაა, მოაზროვნე ცნობიერებისა და მხატვრული შედევრის უნიკალურობის კავშირი, რომელსაც უკვე ვეღარანაირი შინაგანი გამოცდილება ვერ გაიმეორებს.
© “არილი”