ესე (თარგმანი)

იტალო კალვინო – იგავი პატიოსნებაზე გახრწნილთა ქვეყანაში

calvino 544

იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

იყო ერთი, უკანონობაზე დამყარებული ქვეყანა. განა კანონები აკლდა, არა. პოლიტიკური სისტემაც ისეთ პრინციპებს ეფუძნებოდა, რომელთაც, მეტ-ნაკლებად, ყველა იზიარებდა. მაგრამ ძალაუფლების ცენტრებისგან შემდგარ ამ სისტემას საარსებოდ დიდძალი ფული სჭირდებოდა (დიახ, სჭირდებოდა, რადგან დიდი ფულის განკარგვას ნაჩვევს ცხოვრება სხვაგვარად ვეღარ წარმოუდგენია), ამ ფულის შოვნა კი მხოლოდ უკანონოდ შეიძლებოდა. Aანუ, საჭირო იყო ფულის თხოვნა მისთვის, ვისაც ფული ჰქონდა, პასუხად კი უკანონო სამსახურის შეთავაზება. მას, ვინც რაღაც-რაღაცების საფასურად ფულს იძლეოდა, ეს ფული ადრე მიღებული უკანონო შეღავათებით ჰქონდა ნაკეთები, და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ქვეყანაში ერთგვარი წრიული და სავსებით ჰარმონიული ეკონომიკური სისტემა მუშაობდა. ერთიმეორის უკანონოდ დაფინანსების გამო ძალაუფლების ცენტრებს დანაშაულის გრძნობა სულაც არ აწუხებდათ, რადგან ერთგვარი “შიდა” მორალის თანახმად ის, რაც ჯგუფის ინტერესებისთვის კეთდებოდა, კანონიერი, უფრო მეტიც, მართებული იყო: და ვინაიდან თითოეული ჯგუფი საკუთარ ძალაუფლებას საერთო კეთილდღეობასთან აიგივებდა, ფორმალური უკანონობა სულაც არ გამორიცხავდა ერთგვარ უზენაეს, არსებით კანონიერებას. კოლექტიური ერთეულების სასარგებლოდ განხორციელებული თითოეული უკანონო ფულადი ოპერაციიდან, როგორც წესი, გარკვეული წილი ცალკეული ინდივიდების ხელში რჩებოდა, როგორც დამსახურებული ანაზღაურება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის: საქმის გაჩარხვის, შუამავლობისთვის და ა.შ. ამრიგად, ჯგუფის შიდა მორალით დაშვებულ უკანონობას უკანონობათა მთელი ასხმა ებმოდა. კერძო პირი, რომელიც კოლექტიური ქრთამიდან თავის ინდივიდუალურ წილს იჯიბავდა, დარწმუნებული იყო, რომ კოლექტიური ანგარიშის სასარგებლოდ მოქმედებდა, ანუ საკუთარ ქცევას გულწრფელად მიიჩნევდა არა მხოლოდ კანონიერად, არამედ – მართებულადაც.

ამ ქვეყანას ჰქონდა მდიდარი ბიუჯეტი, რომელიც ყოველგვარი კანონიერი საქმიანობიდან ამოღებული გადასახადებით საზრდოობდა და კანონიერად აფინანსებდა ყველას, ვინც, კანონიერად თუ უკანონოდ, მოახერხებდა, ბიუჯეტიდან თავი დაეფინანსებინა. ამ ქვეყანაში გაკოტრება არავის უნდოდა, გაკოტრება კი არა, კაპიკის გაღებაც არ სურდათ საკუთარი ჯიბიდან (და გაუგებარიც იყო, რისი სახელით უნდა მოეთხოვა ვინმეს ვინმესთვის, საკუთარი ჯიბიდან გაეღო რამე) და ამიტომ საჯარო ფული აუცილებელი იყო, რომ კანონიერად შევსებულიყო ჯგუფური კეთილდღეობის სახელით აღსრულებული უკანონო ქმედებების შედეგად შექმნილი დანაკლისები. გადასახადების ამოღების პროცესი, რომელიც სხვა ეპოქებსა და ცივილიზაციებში სამოქალაქო ვალდებულებით იქნებოდა გამართლებული, ამ ქვეყანაში თავის პირვანდელ, წმინდა სუბსტანციას დაბრუნებოდა, ძალისმიერი ქმედებისა (ზოგან სახელმწიფო ბეგარას განგსტერული და მაფიოზური დაჯგუფებებისთვის გადასახდელი ხარკიც ემატებოდა), რომელსაც გადასახადის გადამხდელი ვერსად გაექცეოდა, თუ სურდა, უარესი უბედურება აეცილებინა თავიდან. მაგრამ წესიერი გადამხდელი მშვიდი სინდისით მოგვრილ შვებას როდი განიცდიდა: მას უსიამოვნო შეგრძნება ღრღნიდა, რადგან გრძნობდა, რომ პასიურად მონაწილეობდა საჯარო სახსრების ცუდ განკარგვაში და უკანონობის ხელშემწყობად მიაჩნდა თავი, იმ უკანონო საქმიანობების თანამონაწილედ, რომლებიც, როგორც წესი, საერთოდ არ იბეგრებოდა.

ხანდახან, მაშინ, როცა ადამიანი ყველაზე ნაკლებად ელოდა ამას, რომელიღაც სასამართლო რომელიღაც კანონის გამოყენებას გადაწყვეტდა და პატარ-პატარა რყევებს გამოიწვევდა ძალაუფლების რომელიმე ცენტრში; ამას ზოგიერთი ისეთი ინდივიდის დაპატიმრებაც მოჰყვებოდა ხოლმე, რომელსაც იქამდე ყველა მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ დაუსჯელი ჰგონებოდა საკუთარი თავი. ასეთ შემთხვევებშიც, მოსახლეობაში დომინანტური გრძნობა იყო არა კმაყოფილება (სამართალმა გაიმარჯვა…), არამედ ეჭვი, რომ ეს სამართლის ზეიმი კი არა, რაღაც ანგარიშსწორების მაგვარი იყო ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებს შორის. მოკლედ, რთული გასარკვევი იყო, კანონის გამოყენება უკვე მხოლოდ ტაქტიკური და სტრატეგიული იარაღის სახით შეიძლებოდა უკანონო ინტერესების შიდა ბრძოლებში თუ სასამართლოებს თავიანთი ინსტიტუციური მოვალეობის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდათ იმ აზრის განმტკიცება, რომ ისინიც ძალაუფლებისა და უკანონო ინტერესების ცენტრებს წარმოადგენდნენ.

ბუნებრივია, იგივე ხდებოდა ტრადიციულ დანაშაულებრივ სამყაროშიც, რომელიც ადამიანების გატაცებითა თუ ბანკების ძარცვით (ან, თუნდაც, ჯიბის ქურდობით) არაპროგნიზირებადი ელემენტის სახით ჰარმონიულად ეწერებოდა მილიარდების კარუსელში და მისი სვლის დევიაციას ახდენდა სხვადასხვა, ფარული მიმართულებებით; მერე კი, სადმე, ოდესმე, აუცილებლად ამოტივტივდებოდა ხოლმე კანონიერი თუ უკანონო ფულის ათასნაირი, სრულიად მოულოდნელი ფორმებით.

სისტემისადმი დაპირისპირებით საქმეს იკეთებდნენ ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების იმავე მეთოდებს იყენებდნენ, რომლებსაც ტრადიციული კანონგარეშე სამყარო და კარგად გათვლილი, მოქალაქეთა ყველა კატეგორიაზე თანაბრად გადანაწილებული მკვლელობებით (ცნობილი პიროვნებები, კრიმინალური წარსულის მქონე სუბიექტები) თავს სისტემის ერთადერთ გლობალურ ალტერნატივად წარმოაჩენდნენ. სინამდვილეში კი ტერორისტული ორგანიზაციები მხოლოდ აძლიერებდნენ სისტემას, იმდენად ამყარებდნენ მას, რომ თავად ხდებოდნენ სისტემის განუყოფელი ნაწილი და არწმუნებდნენ მას, რომ სწორედ ის იყო საუკეთესო შესაძლებელი სისტემა და რომ ის არანაირად არ უნდა შეცვლილიყო.

ასე მტკიცდებოდა და ფესვს იდგამდა სისტემაში უკანონობის ყოველგვარი ფორმა, ყველაზე ფარული თუ ყველაზე აღვირახსნილი; სისტემაში, რომელიც თავისებურად სტაბილური, შეკრული, თანმიმდევრული იყო, რომელშიც უამრავი ადამიანი ნახულობდა საკუთარ პრაქტიკულ სარგებელს ისე, რომ არ კარგავდა მშვიდი ძილისთვის აუცილებელ მორალურ კომფორტს. მოკლედ, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იმ ქვეყნის მცხოვრებლები ერთნაირად ბედნიერები იყვნენ, რომ არა მოქალაქეთა კიდევ ერთი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელთა როლიც ვერავის განესაზღვრა: პატიოსანი ადამიანები.

ისინი პატიოსნები იყვნენ არა რამე განსაკუთრებული მიზეზის გამო (ისინი არანაირ დიად პრინციპებს არ ემსახურებოდნენ, არც პატრიოტულს, არც სოციალურს და არც რელიგიურს), არამედ უბრალოდ მენტალური ჩვევით, ხასიათის წყობით, გნებავთ, ნერვული ტიკებით. მოკლედ, ვერაფერს გააწყობდნენ, ასეთები იყვნენ და ის, რაც მათ უყვარდათ, პირდაპირ ვერაფრით აისახებოდა ფულად ერთეულში. ვერაფერს გააწყობდნენ იმასთან, რომ მათი გონება იმ მოძველებული მექანიზმით მუშაობდა, რომელიც თავისთავად უკავშირებს შრომას შემოსავალს, პატივისცემას – დამსახურებას, საკუთარ კმაყოფილებას – სხვა ადამიანების კმაყოფილებას. იქ, იმ ადამიანების ქვეყანაში, სადაც ყველა მშვიდი სინდისით ცხოვრობდა, ისინი მუდამ საკუთარ სინდისში ჩხრეკით იტანჯებოდნენ და თავს იმტვრევდნენ იმაზე ფიქრით, რისი გაკეთება შეეძლოთ. იცოდნენ, რომ სხვისთვის მორალის კითხვა, აღშფოთება, კეთილშობილების ქადაგება (გულწრფელი თუ ყალბი) ადვილად მოაპოვებინებდათ სხვათა მოწონებასა და მხარდაჭერას, მაგრამ მათ ძალაუფლება იმდენად არ იზიდავდათ, რომ მასზე ეოცნებათ (ყოველ შემთხვევაში, ის ძალაუფლება, რაზეც სხვები ოცნებობდნენ); არც თავს იტყუებდნენ, რომ სხვა ქვეყნებსაც იგივე სენი არ ხრავდა, თუმცა ზოგან უფრო ფარულად; უკეთესი საზოგადოებისა აღარ სჯეროდათ, რადგან იცოდნენ, რომ უარესი ყოველთვის უფრო შესაძლებელი და უფრო ადვილად მოსალოდნელია.

გადაშენებას უნდა შეგუებოდნენ? არა, მათი ნუგეში იყო, ეფიქრათ, რომ საუკუნეების მანძილზე, მუდამ, ყველა საზოგადოებასთან თანაარსებობდა ქურდბაცაცების, ავაზაკების, ნაძირლების მარგინალი კონტრსაზოგადოება, რომელსაც არასოდეს ჰქონია სურვილი, საზოგადოებად ქცეულიყო, რომელიც დომინანტი საზოგადოების ნაოჭებში ცხოვრებით კმაყოფილდებოდა და ცდილობდა, საკუთარი არსებობა შეენარჩუნებინა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების საწინააღმდეგოდ და თავი თავისუფლად, ცოცხლად წარმოეჩინა (და ახერხებდა კიდეც, სანამ კარგად არ დააკვირდებოდი); იქნებ ასევე მოეხერხებინა წესიერი ადამიანების კონტრსაზოგადოებას, საუკუნეებისთვის გაეძლო, არსებული დომინანტური საზოგადოების კიდეზე ეარსება უჩუმრად, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე და მხოლოდ საკუთარ განსხვავებულობას გაფრთხილებოდა, გამიჯვნოდა ყოველივეს, რაც ირგვლივ ხდებოდა; ასე, შეიძლება, ოდესმე გაიგივებულიყო კიდეც რაღაც არსებითთან ადამიანთა უმრავლესობისთვის, რაღაც ისეთთან, რისი გადმოცემაც სიტყვებით უკვე შეუძლებელია, რაც ჯერ არ თქმულა და რაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის.

პიერ პაოლო პაზოლინი – მე ვიცი

ორი იგავი პოლიტიკაზე

ერთი მხრივ, ძალიან ლოგიკურია ამ ორი ტექსტის ერთად დაბეჭდვა, მაგრამ მიჭირს მათზე ერთად წერა, თქმა, რა აერთიანებთ მათ. ისევე, როგორც გამიჭირდებოდა, მეთქვა, რა აკავშირებთ კალვინოსა და პაზოლინის. ამ პატარა წერილით, რომელიც 1980 წლის 15 მარტს დაიბეჭდა “ლა რეპუბლიკაში”, იტალო კალვინომ სამუდამოდ დაუსვა წერტილი სოციალურ და პოლიტიკურ თემებს თავის შემოქმედებასა თუ საჯარო გამოსვლებში. ამ გადაწყვეტილებისთვის კალვინოს არასოდეს უღალატია. პაზოლინის ტექსტმა “მე ვიცი” ისევე შეარყია პოლიტიკური სივრცე იტალიაში 1974 წლის 14 ნოემბერს, როგორც მალევე – მისმა უკანასკნელმა ფილმმა “სალო” – იტალიური საზოგადოება. ბევრი მკვლევარი პაზოლინის სიკვდილს პირდაპირ უკავშირებს ამ წერილს და მასში გაჟღერებულ ბრალდებებს.

არ ვიცი, კმარა იმის თქმა, რომ ორივე მათგანი სულით ხორცამდე მემარცხენე იდეოლოგიის ერთგული იყო სიცოცხლის ბოლომდე? რომ პრაქტიკულად არ დარჩენილა ინტელექტუალური, სოციალური თუ შემოქმედებითი თვითგამოხატვის ფორმა, ამ ორ ადამიანს რომ არ ეცადა? რომ სრულიად უნიკალურია მათი ენობრივი ექსპერიმენტები თანამედროვე იტალიური ენის განვითარებაში? რომ მათი თითოეული სიტყვა დღეს ასე შემაშფოთებლად აქტუალურია? კალვინოსა და პაზოლინის ალბათ ბევრი რამ აკავშირებთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ორი პატარა წერილი ყველაზე მეტად მაინც იმითაა შთამბეჭდავი, რომ გვიჩვენებს პოლიტიკისადმი ორ კარდინალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას, ინტელქტუალის მოქალაქეობრივი ვალდებულებისა და ფუნქციის ორ სრულიად განსხვავებული ხედვას. კალვინოსი, რომელმაც სურეალისტური, ნახევრად ფანტასტიკური განზომილება არჩია თვითგამოხატვის ნარატიულ ფორმად, იგავის, ზღაპრის არარსებული, ანონიმური დრო და სივრცე, რომელსაც სამხრეთამერიკული ლიტერატურის მისტიური სურნელი გადაკრავს. და – პაზოლინი –ნამდვილის, რეალურის, ავთენტურის ხარბი მაძიებელი ყველაფერში: “მინდა, ადამიანებს კამერით ვსდიო დილიდან საღამომდე, არ გამომრჩეს მათი არცერთი მიმიკა, მიხვრა-მოხვრა, ღიმილი, გამოხედვა” – ეს პაზოლინის სიტყვებია, პაზოლინისა, რომელიც ქუჩაში ეძებდა ფილმების პერსონაჟებს, რადგან იქ ეგულებოდა ყველაფერი ნამდვილი, კონფორმიზმით დაღდაუსმელი. რომელიც ეთაყვანებოდა ადამიანის სხეულს, როგორც ერთადერთს, რასაც “ხელისუფლებამ, პოლიტიკამ ვერაფერი მოუხერხა”.

შოკისმომგვრელად განსხვავებულია კალვინოსა და პაზოლინის ემოციური და ინტელექტუალური განწყობა პოლიტიკისადმი და ამავე დროს – საფუძველმდები პრინციპების სრული გაზიარება. პაზოლინის არ ასვენებდა ინტელექტუალის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა, აგიჟებდა კონფორმიზმი, ნებისმიერი სახის ინტელექტუალური კომპრომისი. ის ამხელს და ბოლომდე ცდილობს, გაარღვიოს კედელი, რომელიც წინ აღუმართეს, მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც დაუმალეს, აღიდგინოს ინტელექტუალური ღირსება, რომელიც შეულახეს, დაიბრუნოს ფუნქცია, რომელიც წაართვეს. მაგრამ ამხელს არა იმიტომ, რომ გმობს პოლიტიკას, არამედ – პირიქით: “მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების.”

კალვინოს მხილება იმედგაცრუებით, გულისტკივილით, უარით, უკანდახევითაა სავსე და თან უცნაური, თითქმის გულისამაჩუყებელი ოპტიმიზმითაა ნაზავი. ძნელია, ემოციის გარეშე წაიკითხო მისი წერილის ბოლო სიტყვები პატიოსანი ადამიანების მარგინალ ქვესაზოგადოებაზე, რომელიც უბრალოდ ვალდებულია, კაცობრიობის წინაშეა ვალდებული, გადარჩენისთვის იბრძოლოს.

პუბლიკაცია მოამზადა ხათუნა ცხადაძემ

Facebook Comments Box