მწერალთა სახლის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა სარეზიდენციო პროგრამა „დრო, დრო აღნიშნე!“
პროგრამის მიზანი იყო მწერლებისა და პუბლიცისტების წახალისება ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე წერისა და დაპირისპირების შესამცირებლად გზების ძიებისათვის. კონკურსში მონაწილე ოცდაათამდე კანდიდატს შორის გაიმარჯვეს: ირმა ტაველიძემ, ალექს ჩიღვინაძემ, ცირა ბარბაქაძემ, ლექსო დორეულმა და ნიკა შენგელიამ.
გამარჯვებულები 2021 წლის 1-დან 15 ნოემბრამდე ცხოვრობდნენ წერალთა სახლის რეზიდენციაში და მუშაობდნენ პუბლიცისტურ სტატიებზე, რომელთა გამოქვეყნებასაც ჟურნალი „არილი“ იწყებს თავის ვებ-გვერდზე ირმა ტაველიძის ტექსტით „აბრეშუმის საბანში. ორი რომანისა და ორი თარგმანის შესახებ“. „არილი“ მომდევნო ერთი თვის მანძილზე შემოგთავაზებთ პროექტის ფარგლებში შექმნილ ხუთივე სტატიას.
“პირველი კლასი ისევ არ გულისხმობს სკოლას”
– Bori$ the Blade
ბავშვი გამოვიდა გარეთ. თოვლჭყაპია და გუნდა არ კეთდება. ლოყებაწითლებული ბიჭი წითელ კომბინეზონში და სასაცილო ქუდში, რომელიც ბერეტსაც მოგაგონებთ და ტაქსისტის ქუდსაც, აღფრთოვანებული ამბობს, როგორ უნდა, რომ თოვდეს. თოვლი ხომ ამ ნაცრისფერ ქალაქს, სადაც ბავშვს, როგორც მოქალაქეს არ აღიარებენ, სადაც ბავშვის თამაშის უფლებას არად აგდებენ, ცოტა უფრო ასატანს ხდის, უფრო მხიარულს. ქუჩის გამოკითხვაა და ჟურნალისტი ბავშვს ეკითხება. ბავშვიც ხალისით პასუხობს. „თოვლი სათამაშო ამინდიაო“, ამბობს. ამ დროს კადრში შემოდის მოხუცი კაცი და ენის ლანგრით შევარდნაძის დედის ტრაკი შემოაქვს. ბავშვი კი კადრიდან ქრება. კაცი აგრძელებს გინებას, მეტი გზნებით, მეტი გამოთქმით. ისე იმყრალებს ენას, რომ გავიწყდება თოვლიც და ბავშვიც. ასეა – ჩვენი ბავშვობა იქ მთავრდება, სადაც გინებით შემოდიან ანჩხლი, გამწარებული, დაუკმაყოფილებელი კაცები.
რატომ უხარიათ ბავშვებს თოვლის მოსვლა და რას ცვლის თოვლი ქალაქში? პირველ რიგში, შლის საზღვრებს, სათამაშო სივრცეს აფართოებს, იდეებს გკარნახობს: გუნდაობა გინდა, თოვლისაგან ფიგურების გაკეთება თუ სრიალი. წმენდს ჰაერს, აშორებს მტვრის ნაწილაკებს. თოვლში მოძრაობა ავარჯიშებს და აძლიერებს კუნთებს. ალბათ თოვლის მიბაძვით უნდა დაიგეგმოს თანამედროვე, ბავშვზე მორგებული ქალაქიც. რადგან დაუგეგმავი ურბანიზაცია ნიშნავს მხოლოდ არაჯანსაღ და საფრთხეებით სავსე გარემოს, სასეირნო და სათამაშო ადგილების სიმცირეს, ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას და ა.შ.
ტომი, 4 წლის
„მამა, გთხოვ, გააჩუმე ეს ხმაური!“
ალექსი, 35 წლის
მშენებლობასთან გავიარეთ. ჩემი შვილი მხრებზე გამოცდილი ჟოკეისავით ზის. ტროტუარზე ახალგაზრდა ბიჭი მშრალი წესით ამუშავებს ქვის ფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვის დამუშავების ამგვარი მეთოდი მთავრობის დადგენილებით აკრძალულია, ხშირად ამ წესს მერიის მიერ დაკვეთილი სამუშაოების შესრულების დროსაც არავინ იცავს. ბიჭს არც ნიღაბი უკეთია, არც სათვალე. მთელი მტვერი ფილტვებში ჩასდის. ნაბიჯს ვუჩქარებ, რომ სწრაფად გავეცალო მტვრის ღრუბელს, რომელიც იზრდება, ფუვდება და ჩვენკენ მოიზლაზნება, როგორც უბინძურესი მდინარის სული იუბაბას აბანოებში. ჩემი შვილი ყურებზე იფარებს ხელს და მემუდარება: „გთხოვ, გააჩუმე ეს ხმა. გთხოვ!“ „როგორ გავაჩუმო, მამა?“
ასეთია ჩვენი ქალაქის იავნანა. ზებრებზე შემხტარი მანქანები ლომებივით ღრიალებენ, ყოველ ნაბიჯზე კუთხსახეხები, ბურღები, ძრავები ზმუიან. ამას ემატება კონდიციონერების და გათბობის სისტემების შიშინი, სირენები და შუაღამისას ატეხილი ფოიერვერკები… არადა, ხმაურით დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, მაღალი წნევა, სასუნთქი გზებისა თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემა, გონებრივი აქტივობის შენელება, ყურადღების გაფანტვა, უძილობა, აგრესიულობა, სტრესი. ხმაურით დაბინძურების მოქმედების ეფექტი განსაკუთრებით და განუზომლად დიდია ბავშვებზე, ისევე, როგორ ჰაერის დაბინძურებისა, რადგან მათი ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია და რასაც შეიძლება გავუძლოთ ჩვენ, ზრდასრულებმა, ბავშვები ვერ გაუმკლავდებიან.
ბავშვები იშვიათად ახსენდებათ ქალაქმგეგმარებლებს, მით უმეტეს, მათ “დამკვეთებს” და მით უმეტეს, საქართველოში, დიდ ქალაქებში, სადაც სად რა შენდება და რატომ შენდება, ვერ გაიგებ და ამას ემატება კლიმატის კრიზისი, ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნები. ვცდილობ, გავიხსენო, ბავშვობაში რა ადგილები გვიყვარდა და რომელი გვძულდა? რა გვაშინებდა? ვეკითხები ნაცნობებს. მათ პასუხებში ბევრი რამ ნიშანდობლივია და სამწუხაროდ, არც დიდი კონტრასტი იკვეთება წარსულ რეალობასა და დღევანდელობას შორის – იგივე პრობლემებია, იგივე საფრთხეები.
უტა, 25 წლის
ძალიან მეშინოდა სკოლის. საზოგადოებრივი ტუალეტების, საავადმყოფოების და ავტობუსის გაჩერებების. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სადარბაზოების მეშინოდა. ლიფტი არასდროს მუშაობდა და პირველ სამ სართულზე სრული უკუნეთი იყო. მეორე და მესამე სართულზე არავინ ცხოვრობდა, ამიტომ თავ-პირის მტვრევით ავრბოდი კიბეზე. ერთხელ ფეხი გადავიბრუნე. ვეღარ ავდექი და ორი სართული ხოხვით ავიარე.
სანდრო, 27 წლის
არც სკოლამდე გზა იყო უსაფრთხო. მერვე კლასში ვიყავი, როცა ერთი ბიჭი შემიყვარდა. სახლებიდან გაქცევას ვგეგმავდით. მერე ამ ბიჭმა თქვა, რომ პიდარასტი ვარ და ჩემი ცხოვრებაც ამოყირავდა. სკოლისკენ გზაზე ღელესავით რაღაც იყო და იმ ღელეზე რკინის ხიდი იყო გადებული. იმ ხიდზე სულ გადავრბოდი, რომ არავის გადავეგდე წყალში. მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ, მცემდნენ და ქალაქში არ იყო ადგილი, სადაც დავიმალებოდი.
ლელა, 33 წლის
სახლთან ახლოს იყო ბირჟა და ამ ბირჟასთან რომ არ გამევლო, ორჯერ უფრო გრძელი მანძილის გავლა მიწევდა, იმიტომ, რომ როცა გავივლიდი, უკნიდან ვგრძნობდი მზერას. განიხილავდნენ რაღაცას, შეიძლება არაფერი მოეძახებინათ, მაგრამ მაინც ისეთი არასასიამოვნო იყო. ალბათ კაცებისთვის გაუგებარია, რას ვგულისხმობ.
და კიდევ ფიზიკურად ვერ შევდიოდი სკოლის ტუალეტში.
სანდრო, 27 წლის
წელიწადში ერთხელ ხომ შეიძლება აგეშალოს კუჭი, აი, მე ვერ შევიდოდი ტუალეტში, იმიტომ, რომ შემომყვებოდნენ და უნიტაზში ჩამაყუდებდნენ. დილით საგულდაგულოდ მოვითავებდი ყველაფერს და მერე მივდიოდი სკოლაში. მერვე კლასიდან მეათე კლასამდე სკოლაში აღარ წავსულვარ, მაგრამ სხვა წასასვლელი არსად მქონდა. გავდიოდი ყოველ დილით სახლიდან, ავდიოდი სხვენში და იქ ვიცდიდი. ზამთარში ყინავდა და ვკანკალებდი, ვლურჯდებოდი. პატარა ფანჯრიდან ვუყურებდი, როდის გავიდოდა მამაჩემი, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. დედამ იცოდა, რომ სკოლაში პრობლემები მქონდა, მაგრამ მამას ვერ უმხელდა.
ია, 48 წლის
ძველი საბჭოთა წიგნია. ავტორი არ მახსოვს ახლა, ჰქვია „ექსპერიმენტი „იდეალური ადამიანი“. ისეთი განცდა მქონდა, რომ მე ვიყავი ეგეთი ექსპერიმენტის ნაწილი. გარეთ არ მიშვებდნენ. სახლში ვიყავი გამოკეტილი და თითქოს მშობლები ცდილობდნენ ჩემგან იდეალური ადამიანის შექმნას. რაც შეიძლება მეტი უცხო ენა უნდა მესწავლა, მუსიკა მესწავლა. 7 წელი მტანჯეს ფორტეპიანოზე. კიდევ დავდიოდი მხატვრული კითხვის წრეზე პიონერთა სასახლეში. იცი, როგორი შენობა იყო?
– დიდი, ცივი, ბნელი!
სადაც არავის ხმა არ ისმოდა. ვიცოდი, რომ არიან სხვებიც, ვინც სხვა წრეებზე დადიან, მაგრამ მათი ხმა არ მესმოდა. მხატვრული კითხვის წრეზე მხოლოდ მე და ჩემი მასწავლებელი ვიყავით გაყინულ ოთახში, რაღაც ლექსებს ვამბობდით. საზიზღარი ვარდისფერი, ატლასის ფარდები ეკიდა. მაგრამ ყველაზე უცნაური რაც არის, მაინც მიყვარდა ის ადგილი. ახლა მგონი ბანკია იქ.
უტა, 25 წლის
ვერ ვიტანდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, იმიტომ რომ მშობლებს ძალით დავყავდი იქ ცეკვაზე. მასწავლებელი გვირტყამდა მათრახს. ჩემს მშობლებს არასოდეს ეცალათ, რომ მოსულიყვნენ და ენახათ, რა დღეში ვიყავი. სხვა მშობლები კი ისხდნენ წრეზე და უყურებდნენ, როგორ იქნევდა მასწავლებელი მათრახს. და კიდევ, მოედანი მძულდა, იმიტომ, რომ ტრენერი გვაგინებდა დაუსრულებლად. მამაჩემის ოცნებას, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი, წერტილი ამ გინებამ დაუსვა.
ალექსი, 35 წლის
გარეუბანში გავიზარდე. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ საკმაოდ ფართო ეზოებს, რომელიც კორპუსებს ჰყოფდა, ერთი ზოლი ჩამოეჭრა და დაიწყო ავტოფარეხების შენება. ყველა იმას აშენებდა, რის საშუალებაც ჰქონდა. ზოგი აშენებდა ბლოკით, ორსართულიანს, ფანჯრებით და ტალავერით, გეგონება მანქანასთან ერთად სტუმრების მიღებასაც იქ აპირებსო. ზოგი კი დაჟანგული თუნუქის ქილებით აკოწიწებდა, რკინის ბადისაგან, ძველი ტროლეიბუსებისა და ავტობუსების კარ-ფანჯრისაგან… კორპუსის ეზო შემცირდა, შუაზე გაიყო, მაგრამ ამ გარაჟებმა სხვა სივრცე გააჩინა, ვერტიკალური და სახიფათო… იმიტომ, რომ ამ დაუსრულებელი კონსტრუქციებიდან გამოჩრილი იყო ჟანგიანი „არმატურები“ და ვაი მას, ვისაც ფეხი დაუცდებოდა. ჩვენ მაინც ძალიან გვიყვარდა ამ „გარაჟების“ სახურავზე ძრომიალი, ეს იყო ჩვენი სასრიალოც და საქანელაც.
სკოლის უკან იყო ჭაობი. ამ ჭაობზე გადიოდა მსხვილი მილი და ამ მილით ხვდებოდი გორებზე, სადაც იყვნენ გიურზები. ამ ადგილს უკავშირდებოდა თავგადასავლებიც და სრულიად გაუგონარი სისასტიკეც, გაუპატიურების და ძალადობის.
მახო, 33 წლის
იქვე, ჩემს კორპუსთან ჩამოდიოდა მდინარე ყვირილა, რომელიც იყო სუფთა და მწვანე. მერე შემოვიდა დიდი კომპანია, „ჯორჯიან მანგანეზი“. გამოჩნდნენ მისი შვილობილი კომპანიებიც. დიდმა სატვირთო მანქანებმა, “კრაზებმა” დაიწყეს სიარული და მტვერი დაედო ყველაფერს. მდინარე გაშავდა. მაგრამ საბანაოდ მაინც დავდიოდით. წყალში ორი ქვა იყო. ამ ქვებს შორის იყო გაბმული ტროსი. ამ ჟანგიან ტროსზე ვეკიდეთ. მშობლებს რომ არ გაეგოთ, რომ ამ მდინარეში შევდიოდით, აუცილებლად შიშვლებს უნდა გვებანავა, რომ ტრუსებზე შავი კვალი არ დაგვტყობოდა და მერე ტანსაც ქუჩაში, ონკანზე ვიხეხდით.
ია, 48 წლის
კიდევ სტალინის სახლ-მუზეუმი მძულდა. არადა, დაწყებითი კლასებიდან რომ დავიწყეთ, მას მერე წელიწადში სამჯერ მაინც მივდიოდით. ექსკურსიის დრო მოვიდოდა და იკითხავდნენ. აბა, სად წავიდეთ? რა თქმა უნდა, სტალინის მუზეუმში. მეორე-მესამე კლასელი ბავშვი რატომ უნდა წაიყვანო სტალინის მუზეუმში? ამას ემატებოდა ოჯახური ექსკურსიებიც. სტუმარი თუ ჩამოვიდოდა, პატივისცემის ნიშნად აუცილებლად სტალინის მუზეუმში უნდა წაეყვანათ. სტალინი ხომ გორელების იდენტობის ნაწილია. მუზეუმში შესვლამდე რაღაც ჩაბნელებული ოთახი უნდა გაგევლო და ძალიან მეშინოდა. არასდროს მაინტერესებდა არც გამოფენა, რაღაც პირადი ნივთები, საჩუქრები და თან მძულდა ეს კაცი, მეზიზღებოდა.
სანდრო, 27 წლის
სახლის გარდა მთელ ქალაქში კომფორტული ადგილი არ ყოფილა, მაგრამ სახლში ძალიან ვიწყენდი. წყალი არ მოდიოდა. მერვე სართულზე ვცხოვრობდით. ამიტომ ვედროებით ვეზიდებოდით მე და ჩემი ძმა. სადარბაზოდან ვერ გავდიოდი, იმიტომ, რომ სადარბაზოსთან იდგნენ ძველი ბიჭები და თუ გავიდოდი, მცემდნენ. ამიტომ წყალი სადარბაზომდე ჩემს ძმას მოჰქონდა და მერე მე ამქონდა მერვე სართულზე. აბაზანა რომ შეივსებოდა, მერე წყალს ტუალეტში ვასხამდი. ჩემს ძმას კი ვეუბნებოდი, არ გავსებულა აბაზანა-მეთქი…და სანამ არ დავიქანცებოდი, ვეზიდებოდი წყალს. ბავშვი ვიყავი, როგორმე ხომ უნდა დამეხარჯა ენერგია?!
მახო, 33 წლის
მერე მთელი ქალაქის ბიჭები დავდიოდით დანგრეულ საავადმყოფოებში, მიტოვებულ ქარხნებში და ვაგროვებდით ჯართს. მაგალითად, მიტოვებული სამშობიაროდან გამოგვქონდა ჯართი. ძაან ავარიული შენობა იყო. სულ გვეშინოდა, რომ თავზე დაგვენგრეოდა. გამოვზიდეთ რაღაც დანადგარები, რადიატორები, ლიფტის ძრავი გამოვიტანეთ. იატაკზე გუბეები იდგა და პალატებში კოცონებს ვანთებდით. ერთხელ ჯართის ძებნის დროს ნამდვილი იარაღიც ვიპოვეთ – იარაღის სამალავი, თავისი ტყვიებით.
კიდევ ვიპარავდით ტროლეიბუსის სპილენძის ხაზებს. გადავდიოდით მიტოვებულ სახლებში. მახსოვს, ჩემი პირველი ერთი ტონა ჯართი 36 ლარად გავყიდე და ამ ფულით ვიყიდე „ჯორდანები“.
კორპუსებს შორის თუ ვინმეს ღორი ჰყავდა და ეს ღორი გამოექცეოდა, არ არსებობდა რომ ეს ღორი უბანზე შემოსულიყო და არ მოგვეყუჩებინა. ვმალავდით, მერე დავკლავდით და მთელი „შპანა“ ქეიფობდა.
ალექსი, 35 წლის
ჩემი პირველი წასვლა მახსოვს კინოთეატრში, ოღონდ გლდანის კინოთეატრში რატომღაც მხოლოდ ინდური ფილმები გადიოდა. საბავშვო ფილმს წამლად ვერ ნახავდი, მაგრამ მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე კინოთეატრის შენობაში კაზინო გაიხსნა და ბავშვები მერხებიდან პირდაპირ სათამაშო აპარატებს მიუსხდნენ და წავიდა, დატრიალდა მარწყვები, დატრიალდა იმათ თვალწინ, ვისაც ბავშვობაში იშვიათად ღირსებია ნაღდი მარწყვი.
ია, 48 წლის
გორის ციხე მაინტერესებდა და არ მიშვებდნენ. იმიტომ, რომ იყო ურბანული ლეგენდები. იქ ნარკომანები დადიან, ბოზები დადიან. ხაროებია, შეიძლება ფეხქვეშ მიწა გამოგეცალოს და ჩავარდე. იქიდან ვეღარ ამოგიყვანენ. ცოფიანი ძაღლები არიან. ბავშვი დაგლიჯეს და დაფლითეს. სულ ეგეთი საშინელებები მესმოდა. არადა, ქალაქის ცენტრში იყო, ისტორიული და საინტერესო ადგილი. არ ვიყავი ნამყოფი. ჩემს ძმას უშვებდნენ. ადიოდა ჩვეულებრივად. მე კი რამდენიმე წლის წინ ავედი პირველად, ერთ ფრანგ მწერალთან ერთად. არაფერი განსაკუთრებული. ფოტოები გადავიღეთ და ჩამოვედით.
ტომი, 4 წლის
ახლა ძალიან მოწყენილობა უნდა მოგიყვე. გუშინ გარეთ რომ მივდიოდი გასრესილი კატა დავინახე.
უტა, 25 წლის
ყველაზე მეტად მიყვარდა ადგილი, რომელიც ბაღი არ იყო, მაგრამ ბაღს ვეძახდით. სამყურები ამოდიოდა და ორი ალვის ხე იდგა, ბაღის ერთ ბოლოში და მეორე ბოლოში. ბადეები გვქონდა გაბმული ამ ხეებზე და აი, იქ მიყვარდა თამაში.
სანდრო, 27 წლის
მიყვარდა ადგილები, სადაც მაღალზე ავიდოდი. გაზონებზე მიყვარდა სიარული. მაღლა ავდიოდი, დედაჩემი კი გვერდზე მომყვებოდა. ეგ იყო და ეგ.
ტომი, 4 წლის
მამა, კიდევ ერთი მოწყენილობა უნდა მოგიყვე…
*
მოწყენილობები კი ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრია. შინ ვერის ბაღის გავლით ვბრუნდები. სამიოდე წლის წინ პარკს ორი ჩასასვლელი ჰქონდა. ამათგან ერთი გააუქმეს და სამშენებლო ობიექტის ეზოს მიუერთეს. პარკის პირას ძველი სახლისაგან მხოლოდ ფასადი დატოვეს, რომ უკან სხვა ნაგებობა მიაშენონ … მეტი ბეტონი, მეტი რკინა, მეტი გასაყიდი კვადრატული მეტრი. მეტი კედელი. მეტი ფული.
პარკში საკალათბურთო მოედანიც იყო, რომელიც გაასხვისეს და ახლა იქ ავტოსადგომია. ავტოსადგომის გვერდით კი კიდევ ერთი გამოშიგნული ძველი შენობა დარჩა. შენობის უკან არსებული სივრცის გამოთხრის და გაღრმავების სამუშაოები დაიწყო. პარკში ბავშვების მხიარულ ყიჟინას ფონად ნიადაგის გამოშიგვნის და ქანების რღვევის ხმები ერევა.
პარკში 200 გამხმარი ხე მოჭრეს და მათ ნაცვლად მხოლოდ ოცამდე ნერგი დარგეს. ძველი დამტვრეული სკამები ახალი რკინის სკამებით შეცვალეს, რომლებიც ზამთარში ისეთი გაყინულია, რომ ვერ დაჯდები და ზაფხულში კი ხურდება, რადგან სკამების უმრავლესობა მზის გულზე დგას.
ერთი პარკის ბედისწერა და იქ არსებული მდგომარეობა თავისუფლად შეგვიძლია მთელ ქალაქზე განვაზოგადოთ. ქალაქი იზრდება, მაგრამ მცირდება საჯარო სივრცეები. იმატებს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, შესაბამისად, ხმაური და გამონაბოლქვიც იმატებს. დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ტროტუარზე გავლაც შეუძლებელია. აბა, შეეცადეთ და მაგალითად, მცხეთის ქუჩაზე გაისეირნეთ. ქარიან ამინდში გადით გარეთ, როცა ქარი სამშენებლო მტვერს ფანტავს. აბა, ორთაჭალის ბაღებში მნახეთ, ვინა ვარ კი არა, აბა, საერთოდ ბაღები ნახეთ, ისეთი ადგილები მოძებნეთ, სადაც ქალაქის ხმაურს განერიდები, განიტვირთები, თავისუფლად ითამაშებ.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა უბნის რეალობაც განსხავებულია. ჩვენი დედაქალაქი უთანასწორობის ზედმიწევნითი ილუსტრაციაა. მაგალითად, ინტერვიუში 10 წლის ბიჭი, რომელიც დიღომში ცხოვრობს, აქებს დიღმის ტყე-პარკს, მაგრამ სწუხს, რომ სახლთან ახლოს სკეიტზე დგომას ვერსად ახერხებს. დედაქალაქში ცოტა ხნის წინ მოეწყო ორი სკეიტ-პარკი, მაგრამ მხოლოდ ქალაქის ცენტრში, სადაც განაპირა უბნებიდან იშვიათად ხვდებიან ბავშვები. ალაგ-ალაგ განახლდა სათამაშო მოედნებიც, მაგრამ ისევ სტანდარტულად და უფანტაზიოდ: სასრიალო, საქანელა და აიწონა-დაიწონა. ხშირ შემთხვევაში ეს სათამაშო მოედნები ქუჩის პირას არის, ხმაურში, გამონაბოლქვსა და მტვერში.
მაგრამ სულ რომ იდეალური სათამაშო მოედნები იყოს, ესეც არ იქნებოდა საკმარისი. რადგან ბავშვებს სჭირდებათ სხვადასხვა სახის, უსაფრთხო ადგილები და მრავალფეროვანი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც შეძლებენ ვარჯიშს, დაკავდებიან სპორტით, განივითარებენ ფიზიკურ უნარებს, ისწავლიან. როგორც ჯეინ ჯეკობსი აღნიშნავს წიგნში „ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“, ბავშვებს სჭირდებათ „არასპეციალიზებული, ქუჩის „სახლიც“, რომელშიც ითამაშებენ, ერთად შეიკრიბებიან, რომელიც სამყაროზე წარმოდგენის შექმნაში დაეხმარებათ. ფაქტიურად „ქუჩის აკადემიას“ გულისხმობს ჯეინ ჯეკობსი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ კრიმინალური რომანტიკის გამოკლებით, რასაც ჩვენ ვდებთ ხოლმე „ქუჩის აკადემიის“ მნიშვნელობაში. ფართო ტროტუარებს გულისხმობს, ისეთი თვისებებითა და ნაგებობებით, რომლებიც ქალაქის ქუჩების უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია.
საქართველოს ქალაქებში არ არსებობს არც მუნიციპალური კინოთეატრი, არც მუნიციპალური აუზი, არც ბიბლიოთეკები, არც სხვა სახის ცენტრები, სადაც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ლიტერატურული, თეატრალური, ანიმაციური თუ კინო სახელოსნოები. არსებული რეალობა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა და ბავშვები ვიწრო, დაბალჭერიან, არაკომფორტულ ბინებში გამოკეტა.
ბავშვები ამ ქალაქის ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. არავინ იყენებს მათ გამოცდილებას, ხედვასა და წარმოსახვის უნარს, რომლითაც ბავშვებს, როგორც ნამდვილ ჯადოქრებს, ჩვეულებრივი ობიექტების გარდაქმნა და ფუნქციურად გამდიდრება შეუძლიათ. მათთვის ყველაფერი ახალია, ისინი ამჩნევენ იმას, რასაც ჩვენ, ზრდასრულები ვეღარ ვამჩნევთ; აქვთ ის ცოდნა, რაც ჩვენ დავკარგეთ.
ჩინოვნიკები არ უსმენენ ბავშვებს. არადა, ბავშვთა უფლებების კონვენცია საქართველოშიც მოქმედებს და მასში კი გარკვევით წერია:
„ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მხარდაჭერით, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობისთვის უვნებელი ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით, მიიღოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და მიიღოს მონაწილეობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში“.
2020 წელს თბილისი და ბათუმი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას შეუერთდა. 40 ქვეყნის, 3000 ქალაქთან ერთად ამ ქალაქების მერიებმა აიღეს ვალდებულება, რომ ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის დღის წესრიგში დიდ ყურადღებას დაუთმობენ. თუმცა, გვახსოვს უამრავი სხვა „უმნიშვნელოვანესი“ ინიციატივა, რომელიც ფურცელზე დარჩა. იმედია, ეს ინიციატივაც იგივე ბედს არ გაიზიარებს.
ალექსი, 35 წლის
ვერის ბაღის გასასვლელი მანქანებით არის ჩახერგილი. ჩვეულებრივი ლაბირინთია. თავს ვაღწევ და სადღეღამისო მაღაზიაში შევდივარ. სალაროსთან მორიგეობენ: ბიჭი და გოგო. ორივეს სკოლა ახალი დამთავრებული ექნება. გოგო ბიჭს თავზე ადგას, მუცელზე მიუდია ხელი და ზურგში ოდნავ მოხრილა. სახეზე კი დაღლილობა და ტკივილი აღბეჭდვია. მოლარე ბიჭი ახალია და გოგო სალაროს სწორად გამოყენებას ასწავლის, რომელ ღილაკებს უნდა დააჭიროს, როგორ წაშალოს პროგრამაში შეცდომით გატარებული პროდუქტი და ასე შემდეგ. როგორც ეტყობა გოგოს ტკივილი არ უნელდება და ლამის ორად მოიკეცოს. სახე ემანჭება. არ ვიცი, რატომღაც მერიდება და არ ვეკითხები: რა გჭირს? რით შემიძლია დაგეხმარო? ხელში ერთი ბოთლი რძე მიჭირავს. ბიჭს ვუწვდი ფულთან ერთად და გარეთ გამოვდივარ. ავდივარ სახლში და ვფიქრობ, იმ ფერმკრთალ გოგოზე, წელში მოხრილზე და გატანჯულზე. მახსენდება ყველა ის ბავშვი, ვისი ტანჯვაც გამოსცდა სტატისტიკას, მოვიდა ჩვენთან ახალ ამბად, ფოტოდ თუ სიუჟეტად. მახსენდება რამდენიმე წლის წინ ჯართის შეგროვებისას ცოცხლად დამარხული ბავშვი. ცოტა ხნის წინ ვიღაცების სიხარბის გამო ჩამონგრეულ კორპუსში ცოცხლად მოყოლილი ბავშვები; ის ბავშვებიც, ჩვენეულ აფრიკაში ხუხულასავით რომ დაუნგრიეს სახლები. ის ბავშვიც მახსენდება, სკოლამ პოლიციას რომ გადააბარა და მერე მთელი პოლიციის განყოფილება მის დასათრგუნად მეთოდურად ირჯებოდა და რომელმაც შემდეგ მაღალი შენობის სახურავზე იპოვა ღია კარი. ყველა ეს ბავშვი თითქოს იმ ფერმკრთალი, წელში მოხრილი კონსულტანტის სახეში იყრის თავს.
რისი გაკეთება შეგვიძლია? მაშინ, როცა მორიგ ჭიქას ავწევთ და ბავშვებს ვადღეგრძელებთ, მომავალს დავლოცავთ, როცა წარვადგენთ ახალ პროექტებს და ბავშვების სახელით ბიუჯეტის მსუყე ულუფებს დავარიგებთ, სულ მარტივად შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, რა გამოვიარეთ, როგორი იყო ჩვენი ბავშვობა, რა გვაკლდა და რის გაღება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს იმ ბავშვისთვის, რომელიც სტატისტიკის ყრუ კედელს მიღმა გამოკეტილა.