პოეზია (თარგმანი)

ამერიკელი ქალი–პოეტები

სილვია პლათი

შეშლილი გოგოს სიმღერა

თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ისევ ვხსნი, ყველაფერს სული უბრუნდება თავისით
(ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ).

ახედე წითელში და ლურჯში ვარსკვლავებს ვალსები
როგორ გაუშლიათ, გვეყოფა, სიშავე ჩავიცვით:
ქუთუთოს დაუშვებ და ქრება, რაც იყო გარშემო.

იცი, ვოცნებობდი, შეგეტყუებინე საჩემო
ადგილას, საწოლში, გიჟივით გეკოცნა (რა ვიცი,
იქნებ შენც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ).

ცას ჭერი ეხდება, ქვეყანა ცეცხლში და ქარშია,
ღმერთის და დემონის ბრძოლაში ბრძანება გავეცი:
თვალს ვხუჭავ და ქრება უკვალოდ, რაც იყო გარშემო.

მჯეროდა, ამბობდი, ისეო, მოვალო, ასეო,
მაგრამ გავიზარდე და შენი სახელიც არ ვიცი
(იქნებ შენც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ).

სჯობდა, მყვარებოდა ჩიტი, თბილ ქვეყნებში წამსვლელი,
უკან ბრუნდებიან ჩიტები ზაფხულის ჟამისთვის
თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.

მიურიელ რაკეისერი

ფორთოხლისა და ყურძნის ბალადა

საღამოს, როცა უკვე მორჩი სამსახურის
საათებს, ესე იგი, ერთი დღეც ჩავლილია,
დაწერე დასაწერი, დახურე დასახური
და გარეთ გამოხვედი: ქალაქი, ავენიუ,
კვარტალსაც გაივლი და მეორე ასახვევთან
რომ მიხვალ, ჰოთ-დოგების ურიკაც მალევეა…
მოკლედ, აღმოსავლეთ ჰარლემია.

დარაზეს დარაბები, დარაზვა რას უშველის
სანაგვეს, გისოსებში – ვირთხების გადი-გადი,
ფარფარა ფარეხიდან დიდი და წარუშლელი
ნახევრად ამოზრდილა კრიალა კადილაკი,
ნარკოლოგიური კლინიკის შუშებიდან
კაცი ჩანს, ნეკნებს რომ ნეკნებზე დაგილაგებს…
მაგრამ დღისით-მზისით ნამდვილად არ ივარგებს.

წითელი სოსისები მაყალზე შიშხინებენ
და მათზე გამყიდველი, თავისი აბა/რა-თი,
სახეზე – არაფერი, დამწვარი სიცხისაგან,
წინ – ორი ერთნაირი საწური აპარატი,
პირველი – ყურძნისათვის (წერია, რისიცაა),
მეორე – ფორთოხლისთვის (არ უნდა ლაპარაკი)…
გამვლელი შავი ბიჭი შეხედავს აპარატებს.

და დგას ეს გამყიდველი, მარადი მარტოხელა
და ურევს, გიჟები რომ ურევენ, აი ისე,
ყურძნის წვენს – აპარატში წარწერით “ფორთოხალი”,
ფ-ო-რ-თ-ო-ხ-ა-ლ-ს აიისფრებს,
მერე კი ნარინჯისფერს დაჰყურებს ცოტა ხანი
და “ყურძნის” აპარატიც მზადა აქვს საიმისოდ…
არადა, აწერია: “ყურძენი” “ფორთოხალი”.

გამყიდველს ვეუბნები, უბრალოდ, შეკითხვა მაქვს
(ის ისევ ისე ურევს, გულდაგულ, ნელა-ნელა),
სახელი სახელთან რომ უკუღმა შემიხამე,
რა დასკვნა გავაკეთო, ან თუნდაც წეღანდელმა
ბიჭმა რა დაუჯეროს ჩემი და შენისთანას,
ერთი თუ მეორეა, მეორე – მერამდენე…
რა უნდა გაარკვიოს – ხედავს თუ ელანდება.

მთელი ეს ყველაფერი (ის ისევ ისე ურევს),
კანონი, ძალადობა, ნაკლებად, გაცილებით,
შავ-თეთრი, მტერ-მოყვარე, უღირსი, ღირსეული,
მორალი, უფლებები და დეკლარაციები,
ზიზღი და სიყვარული, შენი თუ მისეული –
ესაა, არც კი ღირდა, ჩაყოლა-ჩაციება…
ჩავყვებით – ჩავცვივდებით.

ესეც თქვენ – აღმოსავლეთ ჰარლემი, როგორია
აბრების, ღიმილების, და სასოწარკვეთების,
ცხელ-ცხელი მკვლელობების ცივ-ცივი მოგონების
სამყარო, არც თუ ისე ზუსტი და ფართო ხედით,
და იქვე გამყიდველი, და დახლი ჰოთ-დოგებით,
ყურძენი – ფორთოხალში, ყურძენში – ფორთოხალი…

და ურევს სამუდამოდ.

ლუის ბოგანი

სიმღერა ბოლო სცენისთვის

მას აქეთ, რაკი შენი სახე დავიზეპირე,
მრავალძარღვების ძველი კორდი, ცეცხლივით ყვითელ
კომშებს და ნესვებს რომ მოურთავთ, შუქი, დღითიდღე
რომ იქერცლება, ძველებურად, თავისებურად,
აღარ მიზიდავს საყურებლად და თუ კიდეა
სანახაობა (მარმარილოს ძეგლებით), ისევ
ბაღია, ბაღში ზაფხულია, მიდის, ფეხს ითრევს,
თუმცა სასხლავი ვაშლის ხეზე უკვე კიდია.

მორჩა, ეგ სახე საბოლოოდ დავიზეპირე.

მას აქეთ, რაკი შენი ტემბრი დავიზეპირე,
შენი ნოტების გისოსების სიგრძე-სიშავე,
რაღას იტყვიან ეს ნიშნები, ან რას ნიშნავენ
სიტყვები… და თუ რამე ვიცი, კლავიშებიდან
გამოჟონილი სიჩუმეა, წინდაწინ ფურცლის
ყველა ნაგლეჯზე რომ დავწერეთ და ორმაგ სიზმარს
შორის ვკითხულობთ, ვიმეორებთ, ვმარცვლავთ და ვრითმავთ
და მერე ისევ სიტყვებს ვუცდით, მუსიკას ვუცდით.

მორჩა, ეგ ტემბრი საბოლოოდ დავიზეპირე

მას აქეთ, რაკი შენი გული დავიზეპირე –
ზღვებით, გემებით, ბადეებით, კოლონადებით,
უცხო ნაპირით, კონტრაბანდით, ტვირთით, ანძებით
გაბზარული ცით, ეს ნაპირი, თავის ზღვებიან-
ჩემოდნებიან-მზისკასრიან-ღვინისსუნიან-
ჟანგისცრემლიან-ღუზებიან და ოთხივ მხარეს,
ყველაფრიანად, რაც რამეა, გამოთხოვება
კი არა, მხოლოდ ვოიაჟის დასასრულია.

მორჩა, ეგ გული საბოლოოდ დავიზეპირე.

მაია ანჯელოუ

ფენომენალური ქალი

მისმინე ლამაზმანო, საიდან საიდუმლო ჩვენში,
ან სახე სადედოფლო, ან ტანი სამოდელო – ვინ თქვა,
ეს შარმი უცნაური, ეს ჩემი უჩვეულო ეშხი
ისეთი უბრალოა, ისეთი, ორი-სამი სიტყვა:
სუროსავით ტანზე შემოხვევაში,
ნელი რხევით გავლა-გამოვლაშია,
ბაგეებით ჩამოკრეფილ მტევანში,
აი, მთელი საიდუმლო რაშია –
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური.

კაცები (ოთახშიც კი ისეთმა გავიარე ამ წამს,
რომ ფეხზე ადგომად და მუხლებზე დადგომადაც ღირდა)
ფუტკრებად მეხვევიან, თუმცა მე ბზუილისა არ მწამს
და ჩემი საიდუმლო აქამდეც არაერთხელ მითქვამს:
სიხარულით, ფეხებს რომ ეუფლებათ,
ცეცხლითაა, თვალებში რომ მინთია,
ტუჩებს ვხსნი და ელვა გესაუბრებათ,
აი, განსაკუთრებული რითი ვარ –
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური.

თუ ვინმეს მოვწონვარ და ამ ამბის თვითონაც კი უკვირს,
თუ ვინმემ ვერ გაიგო, რა ვთქვი და რაც ჯერ გულში მიდევს,
ვინც ჩემი იდუმალი სამყაროს წარმოდგენას უკვე
ათასჯერ შეეცადა და მაინც – ვერაფერი, კიდევ
ერთხელ ვეტყვი: ატეხილი მკერდიდან,
გრაციიდან, მორევში რომ ჩაგიტანს,
ღიმილიდან – ათასიდან ერთიდან,
აი, ჩემი სილამაზე საიდან –
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური.

ახლა ამ სიამაყის მიზეზსაც მიხვდებოდით, ვფიქრობ,
თუ რატომ არ ვკაპასობ, რატომ ვარ ხმადაბალი, ამ დროს
ყელსაც თუ მოვიღერებ, თქვენც უნდა სიამაყე იგრძნოთ,
ამასაც, რა თქმა უნდა, ისევ თქვენს საამაყოდ ვამბობ:
ქუსლის ხმაა, გზაც ხომ მისი ნებაა,
თმის შეკვრაა, სუნთქვის შეკვრისნაირი
თითებია, მათი მოფერებაა,
აი, ჩემი საიდუმლო რა არის –
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური.

ედნა სენტ ვინსენტ მილეი

სიყვარული არ არის ყველაფერი

ის არც ხორცია და არც ღვინო, არც კიდევ – ჭერი,
წვიმაში თავს რომ შერგავდი და დაიძინებდი,
არც მაშველ რგოლად გამოდგება, რომ დაგიჭიროს,
თუ იძირები და ტივტივებ და იძირები.
ის ჰაერით ვერ დაგიტუმბავს შეხუთულ ფილტვებს,
არც სისხლს გაწმენდს და არც დაშლილ ძვლებს არ გაამთელებს,
თუმცა რამდენმა აირჩია სიკვდილთან ფლირტი –
უსიყვარულოდ, ესე იგი, სხვა დანარჩენი
გაწირა… ზოგჯერ წარმოვიდგენ, ვთქვათ და მოხდა რომ
ტკივილებისგან გატანჯულმა ეს გრძნობა ფარსად
ვაქციე, როცა განსაცდელმა წელში მომხარა
და მთელი შენი სიყვარული სიმშვიდის ფასად
გავყიდე, ჩვენი ღამეები პურში გავცვალე.
შეიძლებოდა. თუმცა, არ ღირს. იყოს, რაც არის.

ინგლისურიდან თარგმნა რეზო გეთიაშვილმა

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box