ესე (თარგმანი),  პორტრეტი

ხავიერ მარიასი – დიდების ასპექტები

თარგმნა ირმა ტაველიძემ
არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა სერვანტესი და არც შექსპირის გარეგნობაზე შეუძლია საუბარი ვინმეს. ასე რომ, “დონ კიხოტისა” და “მაკბეტის” მიღმა არ ჩანს მათი ავტორების სახის გამომეტყველება, სახასიათო ნაკვთები თუ სულაც მზერა, რომელიც დროთა განმავლობაში სხვა ადამიანების თვალებში ჩაიყინებოდა და მათ საკუთრებად იქცეოდა. მხოლოდ ის თუ წარმოუდგება ყველას, რაც შთამომავლობამ მიაწერა ამ მწერლებს – გაუბედავად, მოუქნელად და უსინდისოდ: ისეთი იერი, მზერა, სახის ნაკვთები, როგორიც, ცხადია, არც შექსპირს ექნებოდა და არც სერვანტესს.
თითქოს წიგნები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვკითხულობთ, უფრო უცხო და გაუგებარი ხდება მათი ავტორების სურათების გარეშე. თითქოს ჩვენი საუკუნე, რომელშიც ყველასა და ყველაფერს შესაბამისი გამოსახულება აქვს, ვერ იგუებს ისეთ რაღაცას, რის ავტორსაც სახე არ მოეძებნება. თითქოს მწერლის სახის ნაკვთებიც რაღაცნაირად მონაწილეობს ნაწარმოების შექმნის პროცესში. ალბათ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მოღვაწე ავტორებმა სწორედ ეს იგრძნეს და ამიტომაც დაგვიტოვეს უამრავი ფერწერული თუ ფოტო პორტრეტი. ალბათ მეც ამიტომ ვაგროვებდი წლების მანძილზე იმ ღია ბარათებს, რომლებზეც ეს პორტრეტებია გამოსახული. სრულიად უსისტემოდ შედგენილი ჩემი კოლექცია, დღეს, 150 სურათს ითვლის.
იოლად შევნიშნავთ, რომ ძალიან ცოტა ღია ბარათზეა გამოსახული მწერლის მთელი სხეული (რა თქმა უნდა, ზოგ სურათზე თავს ტანის მოზრდილი ნაწილიც მოჰყვება) – თითქოს ის სიტყვები, რომლებითაც მათ ვიცნობთ, მხოლოდ თავმა შექმნა, ხელებს კი არაფერი უკეთებიათ. იმ მწერლებს შორის, რომლებიც სხედან, დგანან თუ წვანან – ამგვარად, სრულად ან ნაწილობრივ გვიჩვენებენ, ზოგადად, არაფრისმომცემ სხეულებს – დიკენსი ყველაზე გამორჩეულია. ის სამივე შემთხვევაში ზის: ორ ფოტოზე სკამზე უკუღმა გადამჯდარა, სახით საზურგისკენ. პირველ სურათზე მარტოა, მისი პოზა, ცოტა არ იყოს, ხელოვნური და გაზეპირებულია. მკლავებით სკამის საზურგეს ეყრდნობა, მარჯვენა ხელი კი სწორედ იმისთვის აუწევია, რომ გრაციოზულად და მელანქოლიურად გადახრილი თავი ზედ ჩამოაყრდნოს. მეორე სურათზე ის საკუთარ ქალიშვილებთან ერთადაა: ისეთ თხელ წიგნს უკითხავს, რომ თავისი დაწერილი ვერაფრით იქნება. აქაც სკამზე უკუღმა გადამჯდარა, ისევ სახით საზურგისკენ. ასეთი დამთხვევა აუცილებლად გვაფიქრებინებს, დიკენსი, სინამდვილეში, ალბათ სულ ასე იჯდაო. ორივე ფოტოზე, მოლოდინის საპირისპიროდ, სერიოზული კაცის სახე აქვს, სულაც არ ჩანს მხიარული, უდარდელი, ან ძალიან ბედნიერი – უფრო ფიცხსა და წესრიგის მოყვარულს, ელეგანტურად ჩაცმა-დახურვას გადაყოლილს ჰგავს. ჰო, რაღაცით დენდია, მაგრამ თვალს არ გვიხვევს: კაცი, რომელმაც სული ჩაბერა პიკვიკს, მიკობერს, უელერს, სნოდგრასსა და უამრავ სხვა პერსონაჟს, თავის ხუმარა, ოინბაზ მხარეს დეტალებით ამხელს: შეუძლია არავის მოერიდოს და ფეხებგაჩაჩხული იჯდეს, შეუძლია სკამს უკუღმა გადააჯდეს. არა, მესამე ფოტოზე ასე აღარ ზის, თუმცა მაინც ჭკვიანურად და ეშმაკურად იქცევა: არ თვალთმაქცობს, თითქოს რაიმეს წერდეს – ეს ვულგარულიც იქნებოდა და რთულად განსახორციელებელიც. ამის ნაცვლად, ისეთი სახე მიუღია, თითქოს ღრმად ჩაფიქრებულა, ხელში კალამი უჭირავს და ეს კალმიანი ხელი ფურცელზე უდევს. დიკენსი მომდევნო წინადადების ძებნაში გართულა, იმ წინადადების გამართვაში, რომელსაც არასდროს დაწერს. ფიქრებში წასული და რაღაცით გახალისებული კაცის მზერა აქვს – რა გასაკვირია, აბა, ვინ დაიჯერებს იმას, რასაც თვითონაც ვერ დაიჯერებდა: თითქოს ფიქრს წამით მაინც წყვეტდა იმ წლების მანძილზე, როცა უზარმაზარ, უთავბოლო რომანებს წერდა.
ოსკარ უაილდი ისე კოხტად იცვამს და იხურავს, რომ შესანიღბად შერჩეული ტანსაცმელი მისი განუყოფელი ნაწილი ხდება – ამას ვერც ვამჩნევთ და არც მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის ყველაზე მეტად სახეზე ზრუნავს. უაილდი ცდილობს, ორივე პორტრეტზე ლამაზ მამაკაცად ჩანდეს და ისე იყურება, თითქოს მართლაც ასეთი იყოს: აი, ამას აკეთებენ დღევანდელი მოდელები რეკლამებში. პირი ორივე შემთხვევაში ერთნაირად მოუკუმავს, თითქოს სარკეში საკუთარი თავი დიდხანს ათვალიერა და ახლა კარგად იცის, რომ მხოლოდ ასეა მისაღები, ასე ბევრად სჯობს. ყველაზე უცნაური კი ორივე ფოტოზე ის არის, რომ უაილდის მთელი იუმორი და ირონია ტანსაცმელზე გადასულა – ძალიან სერიოზულ სახეზე მათი კვალიც არ ჩანს. გაფართოებული ნესტოები იმაზე მიგვანიშნებს, რომ სუნთქვაშეკრული მწერალი რაღაცას ელოდება. ამ კაცს ყველაფრის მიუხედავად სჯერა, თითქოს სილამაზე მხოლოდ სახესა და მის გამომეტყველებაშია. ის მნიშვნელობას არ ანიჭებს ბეჭედს, ხელჯოხს, გრძელ თმას, ხელთათმანებს, ბეწვშემოვლებულ საყელოსა და სახელოებს, ქუდს, ლაბადასა თუ ბაფთად შეკრულ ყელსახვევს – ეს ყველაფერი მხოლოდ უმნიშვნელო სატყუარაა, რომელმაც დამთვალიერებელს მისი ფოტოები უნდა შეამჩნევინოს. თვალშისაცემი რაღაც-რაღაცების შემდეგ კი ამ უკანასკნელმა მართლაც მნიშვნელოვანი რამ უნდა დაინახოს: იმ კაცის სახე და მზერა, ვისაც ყველანაირი მასხრობისა და ხუმრობის მიღმა სერიოზულობის თანმხლები სილამაზის მიღწევა სურს.
ჰენრი ჯეიმსის ნამდვილი სახე სარჯენტის ნახატმა შემოგვინახა. მასზე ის ისეთივეა, როგორიც უფროს ძმასთან, უილიამთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ჯეიმსის სახე ერთიანად მრგვალია, მისნაირი ლოყები და თავის ქალა უამრავ პოლიტიკოსსა თუ ბანკირს აქვს. მიუხედავად ამისა, სარჯენტის ნახატზე, სადაც ის დაბინდული, ჩამქრალი მზერით იყურება, თვალში გვხვდება დეტალი, რომელიც ძირს უთხრის ამ მოჩვენებით რესპექტაბელურობას და შეუძლებელს ხდის მის პოლიტიკოსობასა თუ ბანკირობას: მწერლის ცერი ჟილეტის ჯიბეზეა გამოდებული – მორცხვად, მოუქნელად და დაუდევრად – მტევანი კი მოუხერხებლად ჰკიდია. ფოტოზე, პირიქით, მხოლოდ მისი თვალები იპყრობს მნახველის ყურადღებას, და სასაცილო ყელსახვევიც – მეტად უცნაური რამ ასეთი თავდაჭერილი კაცისთვის. ჭკვიანი ადამიანის საშინელი მზერა აქვს: მისი გონება გარემოს შეცნობისკენაა მიმართული და გაცილებით მეტ ცნობისწადილს ამჟღავნებს, ვიდრე ფილოსოფოსი ძმისა, რომლის სახეც, ერთი შეხედვით, უფრო მეტყველი გვეჩვენება. უბრალოდ, ორივეს თვალებში უნდა ჩახედო: უილიამი პირდაპირ იყურება და თითქმის ვერაფერს ხედავს, ჰენრი კი გვერდით იხედება და ალბათ იმასაც კი ხედავს, რაც იქ არ არის.
კონრადი, ძალიან სერიოზული სახით, სავარძელში ზის და ვერ ხვდება, ხელები სად წაიღოს. აი, ამიტომ ერთი ხელი მოუმუშტავს, მეორე კი ზემოდან დაუფარებია. თავის გარეგნობაზე ისე ზრუნავს, თითქოს, ზოგადად, ასე კარგად არ იცვამს ხოლმე, თითქოს სულაც არ დადის ისე კოხტად, უნაკლოდ გამოწყობილი, როგორიც ამ სურათზეა. მისი პორტრეტი იმ რესპექტაბელურობის საჩვენებლად არის ჩაფიქრებული, რომლის მისაღწევადაც ემიგრანტებს უამრავი რამის გადატანა უწევთ – მათ ხომ, პირველ რიგში, უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსეული ადამიანები არიან. საგულდაგულოდ მოვლილი წვერი აქვს, მაგრამ სწორედ ასეთი ნამდვილ ინგლისელს ვერ ექნებოდა: ბოლოწამახვილებული, სამკუთხედის ფორმის. ვერც ასეთი ულვაში ექნებოდა, აწკეპილი ბოლოებით. მწერლის უწამწამო თვალებში სიმკაცრეს დაუსადგურებია: ისინი იმ მართალი კაცის თვალებია, რომლის გულშიც რისხვა მწიფდება, უსამართლოდ განსჯილი კაცის თვალები. ან იქნებ, უბრალოდ, აღმოსავლელი კაცის თვალებია.
რილკეს სახე სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია. წერის დროს დიდ პოეტს თავისებური მოთხოვნილებები და აუტანელი ჩვევები ჰქონდა – ჩვევები, რომლებსაც ვერ უმკლავდებოდა და მოთხოვნილებები, რომლებსაც იკმაყოფილებდა. მისი სახე აშკარად საშიშია, ღრმად ჩამჯდარი თვალების ირგვლივ ჩამუქებული წრეებით, ქვემოთ ჩამოზრდილი მეჩხერი ულვაშით, რაც უცნაურ, მონღოლურ იერს აძლევს. ცივი, ირიბი მზერა სასტიკ კაცად აქცევს და მხოლოდ ხელები – ისეთი, როგორიც უნდა იყოს: ერთმანეთში მყარად გადაჭდობილი თითებით, კონრადის გაუბედავი ხელებისგან სრულიად განსხვავებული – ასევე, ხარისხიანი ტანსაცმელი მწერლის სიმშვიდეზე მიანიშნებს, სისასტიკეს კი როგორღაც არბილებს. შეიძლებოდა ის ერთი მეოცნებე ექიმი ყოფილიყო, რომელიც ლაბორატორიაში ზის და რაღაც თავზარდამცემი, აკრძალული ექსპერიმენტის შედეგს ელოდება.
ჯუნა ბარნსი, მხრებზე წამოცმული პალტოთი და მშვენიერი აღმოსავლური თავსაბურით, ყველაზე გამორჩეულია ჩემს გალერეაში. ის კეთილსინდისიერად იღებს შესაბამის პოზას და ასევე კეთილსინდისიერად გამოწყობილა სწორედ ამისათვის, თუმცა ეს ყველაფერი ყოველდღიურ ჩვევად უნდა ჰქონდეს. უაილდისგან განსხვავებით, ვისაც უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო და ასეთად გამოჩენილიყო, ამ ქალმა იცის: ლამაზი არ არის და ასეთად ვერც გამოჩნდება. აი, ამიტომ არ ცდილობს, იმგვარი მეოცნებე იერი მიიღოს, სახეების უმრავლესობას რომ გადაჰფენია. ამის ნაცვლად, თვალს თვალში გიყრით, სკეპტიკური და დამცინავი გამომეტყველებით. ბოლომდე მხოლოდ ტანსაცმელს (განსაკუთრებით, პალტოს აწეულ საყელოს) და საკუთარ პოზას ენდობა. ყელსაბამი მას სულაც არ ამშვენებს – უბრალოდ, იცავს. ზოგადად, ამ ქალისთვის სისადავე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისი გარეგნობის დაფასება.
რაც შეეხება ნაბოკოვს, ის მასხარაა, მაგრამ ამის საქვეყნოდ აღიარება არ სურს. აი, ამიტომ იკითხება მის სახეზე მღელვარებისა და რაღაცით განცვიფრების კვალი. მიუხედავად ამისა, მაინც ბედავს საძაგელი, ალბათ ნატკენი მუხლების გამოჩენას და ისეთი ქუდის არჩევას, როგორსაც არასდროს დაიხურავდა ის, ვინც ნამდვილი ამერიკელი არ გამხდარა. მუხლამდე შორტი აცვია, ვითომ პეპელას მისდევს, პერანგის ჯიბე კი კალმებით, სათვალითა თუ რაღაც ასეთით ამოუვსია: იმით, რაც პეპლების მდევარს არ სჭირდება. უკვე ასაკოვანია, რასაც გაბადრული სახე კი არ ამხელს, არამედ მისი ბებრული კოფთა.
თომას ჰარდის ყველაზე სოფლური გარეგნობა აქვს მთელს კოლექციაში. ჯეიმსს თუ არ ჩავთვლით (რომელიც მეორე უკიდურესობას წარმოადგენს), ის ერთადერთია, ვისზეც ვერაფრით იფიქრებ, მწერალიაო. ყოველ შემთხვევაში, ამ ფოტოს ნახვისას მაინც, რომელიც ასაკში შესულს გადაუღია. სქელი, ბოლომდე შეკრული შალის ჟილეტი აცვია. დაშაშრული, გახევებული კანი, უწამწამო ქუთუთოები, აბურდული წარბები და ჩალასავით უხეში ულვაში იმ სოფლის ექიმს ამსგავსებს, რომლის დაუფარავი გაღიზიანებაც პენსიაზე იძულებით გასვლას უნდა გამოეწვია, ან იმას, რომ ძალიან ბევრ ცუდ ამბავს შეესწრო – “პატარ-პატარა ცხოვრებისეულ ირონიებს”, როგორც თავად უწოდებდა მათ. ამ დროისთვის ჰარდის უკვე გაეცვალა პროზა პოეზიაზე, მაგრამ ვერც იმას იფიქრებ, პოეტიაო. როცა გაგახსენდება, რომ კიდევ 14 წელი უნდა ეცოცხლა, გული გისკდება იმის წარმოდგენაზე, რა დღეში ჩავარდებოდა ბოლოს მისი დანაოჭებული კანი. ის ხომ სოფლელი იყო: ვინ იცის, იქნებ ყოველთვის სოფლელს ჰგავდა, სიყმაწვილეშიც კი.
იეიტსი უდავოდ პოეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე თეთრი თმა აქვს, მოხუცები კი ლექსების წერასთან არ ასოცირდებიან ხოლმე. როცა სახეზე შეხედავ, ფანატიკოსსა თუ ფანტაზიორს დაინახავ – ძლიერი ხასიათის მქონე კაცს, რომელმაც კარგად იცის, რას ფიქრობს და რას აკეთებს. ეს ნამდვილად მისი სახეა. გაწეწილი თმის გამო, რომელიც თითქმის ქერად მოჩანს, ვერ იფიქრებ, მოხუციაო. თმა მთელ სახეს აცოცხლებს – ამ კაცს ენერგია მოსჭარბებია. თვალში მუქი წარბებიც გვხვდება. გაუჩინარებული, სათვალის მიღმა საგულვებელი მზერა კი ერთ რამეზე მიგვანიშნებს: ის მაგრად მოკუმული პირით უნდა ხედავდეს – თითქოს თვითონაც მხოლოდ ხმა იყოს და მეტი არაფერი.
იეიტსისგან განსხვავებით, ელიოტის სახე შეიძლებოდა ესეისტისა ყოფილიყო, რომ არაფერი ვთქვათ ბანკის მოხელისაზე (სწორი შედარება არ იქნებოდა – ის ხომ ერთხანს სწორედ ბანკის მოხელედ მუშაობდა). აი, ათწლეულებია, ეს კაცი თმას ერთი და იმავე მიმართულებით ივარცხნის და სულაც არ ანაღვლებს, რომ ჩამოსწორებული თმა დიდ, პარტყუნა ყურებს ვერ უმალავს. მან კარგად იცის: ასე უფრო ორიგინალური თავი უჩანს. პედანტი და პერფექციონისტია. დიდი ძალისხმევის ფასად სულაც არ უჯდება ის, რომ ამგვარად უნაკლო იყოს – უბრალოდ, ჩვევის ამბავია. იმ კაცის მშვიდი, მიმნდობი მზერა აქვს, რომელსაც ოდნავადაც არ აეჭვებს სამყაროსეული წესრიგი, რადგან მას სრულად ეთანხმება და თვითონაც ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, მთელ სახეზე უცნაური, უსაზღვრო იმედის შუქი აფენია – აი, ამიტომაც უნდა იყოს გამომგონებელიც.
უილიამ ბლეიკის სახის ნაცვლად მის ნიღაბს ვხედავთ. ნიღაბი გვამიდან არ აუღიათ, პოეტის სიცოცხლეშივე აიღეს, როგორც ღია ბარათზე მიწერილი სიტყვები მოწმობს: 1823 წელს, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე აღებული ნიღბიდან დამზადებული თაბაშირის ასლი. როცა სხვები თვალთმაქცობენ, თითქოს წერენ, ან იმაზე ფიქრობენ, რომ ამ დროს მათი პორტრეტი იქმნება, ბლეიკი თავს მკვდრად გვაჩვენებს. არა, მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის: თუ კვარცხლბეკზე დამაგრებულ ნიღაბს ყურადღებით დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს დახუჭული თვალები მკვდრისა არ უნდა იყოს. ისინი ისე მაგრად დაუხუჭავთ, ისე ჩაუნაოჭებიათ, თითქოს მათ პატრონს დანახვა ისევ შეუძლია, მაგრამ არ სურს, რომ რამე დაინახოს. ნესტოები ამოსასუნთქ ჰაერს იკავებენ. შუბლი დაჭიმულია: თითქოს ძარღვებში სისხლი ისევ მოსჩქეფს. ტუჩები გამქრალია – მათ ადგილას გრძელი, წვრილი ხაზია, ხელის ერთი მოსმით გავლებული, და ეს ხაზიც რაღაცნაირად იჭიმება. ბლეიკი თავს მკვდრად გვაჩვენებდა იმ დროს, როცა ცოცხალი იყო და ახლა, როცა ნამდვილად მკვდარია, ისევ გვატყუებს: სინამდვილეში მთელ შთამომავლობას აკონტროლებს. ის მკვდარიც არის და ცოცხალიც – აი, ამიტომ წარმოადგენს მისი სურათი ხელოვანის ყველაზე სრულყოფილ პორტრეტს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box