პროზა

ანა კორძაია-სამადაშვილი – გემო და ავაზაკები

არ მიყვარს ტურისტები.

იმისთვის, რომ არავინ გამიბრაზდეს, დავაზუსტებ: საკუთარი საყვარელი თავიც კი არ მიყვარს ტურისტის როლში. აი, აქლემზე ხუთ დოლარად რომ შემსვეს და ჩამოსვლაში ორმოცდაათი რომ მომთხოვეს, როგორც სულელს და ტურისტს.  

სეეს ნოოტებუმი აღწერს, გზამკვლევებით აღჭურვილი იაპონელი ტურისტების ჯგუფი როგორ ჩამომდგარიყო ტოლედოს საკათედრო ტაძარში, პატარა ფარასავით. ტურისტები ყურადღებით უსმენდნენ სერიოზულ გოგონას, გოგონა კი ხმაათრთოლებული აუწყებდა მათ უცნაურ ამბებს, რომლებიც დასავლეთის სასტიკი ღმერთის მაზოხისტ ვაჟს გადახდა.

აი, ასეთი სულიერია ტურისტი, და როცა ტურისტი ვარ, ზუსტად ასეთი ვარ მეც. ცუდი და ბოროტი კი არა, უბრალოდ, ტურისტი ვარ, და ეს, მე თუ მკითხავთ, ბითურული სტატუსია.

ისევე, როგორც ყველა მეტ-ნაკლებად დალაგებულ ადამიანს, მეც არ მომწონს, როცა რამე არ მომწონს, განსაკუთრებით, ისეთი რამ, რაც ობიექტურად არსებობს და ამას ვერაფერს მოვუხერხებ. ჩემთვის არასიმპათიური სტატუსის მქონე ადამიანებს, ანუ ტურისტებსაც ვერსად გავექცევი, და ამიტომ ვცდილობ, თუმც ამაოდ, მაგრამ მაინც, მათ მიმართ დამოკიდებულება შევიცვალო.

ჩემი გონიერ-პრაგმატული მხარე მახსენებს, რომ ტურისტს ქვეყანაში ფული შემოაქვს.

კი, – პასუხობს ავი ანა, – კორონავირუსიც.

ტურიზმი ჩვენი ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა.

ავ ანას სულ არ ადარდებს, გაიცნობს დეიდა კუნიგუნდა საქართველოს თუ არა.

ავმა ანამ იცის, რომ ტურისტი არსებობს ყველგან, როგორც ტარაკანა. მისი, ანუ ტურისტის გამო ავი ანას სიცოცხლე გართულდა, გაძვირდა, მისი საარსებო არეალი შემცირდა, და ავ ანას ეს საერთოდ არ მოსწონს, და მაგრად იტანჯება, რომ ცნება „ტურისტის“ არმოწონების გამო სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ავად უცქერს. კი, იცის, რომ თვითონაც იგივე იყო ეგვიპტეში, მაგალითად, მაგრამ მაინც.

* * *

მე მიყვარს ჩემი სამშობლო.

იმის გამო, რომ ჩემს სამშობლოში სიტყვებს უმსგავსოდ ექცევიან და იმედი ტელევიზია ჰგონიათ, ოცნება – პარტია, ეროვნული კი – ფაშისტური, ამის განცხადება ცოტა უხერხული გახდა, მაგრამ ასეა, და ამ გრძნობის გამოსახატად მდიდარ და მოქნილ ქართულ ენაში სხვა სიტყვებს ვერ მივაგენი. მე არ მგონია, რომ ალავერდი დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტაძარია, დანამდვილებით ვიცი, რომ სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ჩემს თანამემამულეებს არ ახასიათებთ და ქართლის ველებზე დიდი ველებიც მინახავს. მაგრამ მე ჩემს სამშობლოზე ვგიჟდები, და ასი წლის მერე – მანამდე არ მაწყობს – როცა მოვკვდები, ყოვლად იაზვურად დავიბარებ, დამწვან და ჩემს მიწაზე მომაბნიონ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე არა, მაგრამ სოხუმიდან ფლავამდე მაინც.

ზემოთ თქმულის გამო საშინლად გავწბილდი, როცა ერთი უმშვენიერესი, მაღალ მთაში დაკარგული ტბის პირას აღმოვაჩინე კაფე – კაფეებს საერთოდ არ ვერჩი, – და ამ კაფეს მაგიდების თავზე გაშლილი ქოლგები წარწერით „კოკა-კოლა“ – არც ენდი ვორჰოლს ვერჩი, ალალად. მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს ამბავი საშინლად არ მომწონს და იქ აღარ წავალ.

რა მოხდა. მილიონობით ადამიანი არ ყოფილა ამ ტბის პირას და ეგებ ჩემზე ბედნიერიცაა, მე კი იქ უთვალავი ღამე გამითენებია. მეგობრის ბათინკაზე დამაგრებული სანთელი პარპალებდა, მწვერვალების გვირგვინს სავსე მთვარე დასჩახჩახებდა, და მაშინ მეგობარმა უკვდავი სიტყვები თქვა: „რომ გაგვიწყალეს გული ამ ქართველებს, რატომ არ აშენებთო – აშენებულია, ბატონო, აჰა!“ ეს მაშინ იყო, უხსოვარ დროს, ახლა კი – კაფე.

ჰოდა, აღარ წავალ. არავის არაფერი დააკლდება და არც მე ვიქნები უბედური, რომ რაღაც არ მომწონს.

ერთი ისაა, რომ სადმე ხომ უნდა წავიდე, სულ აქ ხომ არ ვიქნები, სადაც ახლა ვარ – ქალაქი თბილისი, უბანი ვაკე… კარგი, რა!

და ისმინეს მიწის და წყლის ღმერთებმა ჩემი საწყალობელი გულისთქმა და გამახსენეს, რომ საქართველოში, იმ მხარეში, სადაც არ არიან ტურისტები, ერთი სახლი დგას, ჩემი სახლი, და ის სახლი დგას მიწაზე, რომელიც დაბადების უფლებით და კანონის ძალით ჩემია, და მერე? ახლა აქ რას უზიხარ, ქალბატონო?

* * *

მისამართი უადვილესია: მეორე მოსახვევი მარჯვნივ, მერე კი სულ პირდაპირ, დილამდე.

მართლა კი არა. ეს პიტერ პენის ამბავია. ვიცი, რომ იცანით. იმ კუნძულზე ყველანი ვყოფილვართ.

ჩემი სახლის, ჩემი სასახლის მისამართიც ცოტა ასეთია: ჯერ – მატარებელი, მერე – ავთოს მანქანა (სხვისა არ ვარგა, ვერ მიდის), და თუ ძალიან ნაწვიმარია – ნაძვებიდან, და თუ ოდნავ – მუხებიდან ცუნცულით, ფეხით მიუყვები გზას. მერე გზის პირას ჭანჭრობია და ბაყაყების დიდი გუნდი იოანე ოქროპირის ლიტურგიას აგუგუნებს, მერე პირველი მოსახლე ჩნდება, მერე – კიდევ ორი სახლი, შეიძლება ძაღლი ნადირაც გამოხტეს და აღავღავდეს, იმიტომ, რომ სხვა დროს საშინლად მოწყენილია და ადამიანის გამოჩენა გულწრფელად უხარია, მერე – აღმართი, მერე – გადასახვევი, მდელო, და მდელოდან რომ ჩაიხედავთ, ის უკვე ჩანს. ჩემი პალაცო, აღთქმული მიწა.

…და დაე, იყოს ჩვენი სახლი უდარდელი, ბალახსა და ხშირ ფოთლებში ჩაფლული, და რომ გავიგებ ყველაფერს, რაც დაფარული იყო, დავჯდები და დავიცდი, როდის გაივლის ტკივილი… ამ სიმღერას შორს, ლიტვისა და პოლონეთის საზღვარზე, უხსოვარ დროს, როცა სხვა სახელი მერქვა, ერთი ლურჯთვალა გოგო მღეროდა ხოლმე. ახლა სადაა და მღერის თუ არა, არ ვიცი. კარგი გოგო კი იყო.

* * *

ჩემს სახლში დრო გაჩერებულია. საერთოდ. ირგვლივ ვინმე რომ ცხოვრობდეს კიდეც, სოხუმის დაცემასაც ვერ გაიგებდა – საიდან? მართალია, დენი მაქვს და ვიღაც, იდუმალი – ალბათ, ტყის სულია, თორემ აბა, ერთხელ მაინც როგორ ვერ ვნახე? – მრიცხველის ჩვენებას ამოწმებს და მერე სმს-იც მომდის. ეს შეტყობინებები საშინლად მახარებს: არ მომჩვენებია, არ გამიფრენია, სახლი არსებობს! იქ სულ არის წყალი – წყარო, გაზაფხულზე ღარში ვერ ეტევა, შემოდგომის მიწურულს არც კი ისმის, და სულ არის დრო. დილიდან შუადღემდე დიდი დროა, შუადღიდან საღამომდე – კიდევ მეტი, და საღამოები ძალიან გრძელია, უსასრულო. და ისეთი ტკბილი, რომ არაერთხელ მიფიქრია: თუ მარადისობა ასეთია, ახლავე, აქვე ვარ ყაბულს, სული განვუტევო. ჩემს სახლს მაღალფარდოვნება უხდება.

როცა იქ ვარ, დროის ზღვარი იშლება, და ისინი, ვინც ოდესღაც აქაურობის ბატონ-პატრონები იყვნენ, ძალიან ახლოს მოდიან. და ბევრს ვიცინით, როცა ვყვებით, როგორ ეგონათ კომისრებს კნეინა ჟანა „ვარავაიკა“, გვიხარია, რომ ბაბუა დავითმა ქედი არავის მოუხარა, ბიძია მიტუშას მოყოლილ ანეკდოტებზე ვიცინით – მეათასედ, მეასიათასედ: სკოროსტებს მოუმატე, კნეინა! – ჰა-ჰა-ჰა!

ახალი პერსონაჟი ცოტაა. მხოლოდ კატა გემო და მისი ყოვლად გაუზრდელი, ყოველწლიურად სხვადასხვა შვილები შემოგვემატნენ. უტიფარი საზოგადოებაა, ჩვეულებრივი ავაზაკები. ისინი ყველგან არიან: ლოგინში, ქვაბში, ღუმელზე, ტანსაცმლის კარადაში, ისინი ღამით კედელს მოუყვებიან და სხვენიდან ჰამაკში ტკბილად მძინარეს თავზე ეცემიან: პირკატა! კატასტროფა! გემო, გაათრიე აქედან შენი ოხერი ჯალაბი! გემო, შავი, როგორც ცოდვა და უდრტვინველი, როგორც ბუდა, მხოლოდ თვალებს ჭუტავს, მან ზუსტად იცის, რომ მის მზეთუნახავ შვილებს არავინ აწყენინებს. გემო, რამე რომ იყოს, ტურისტებს ხომ მოერევი? გემოს ეცინება. ტურისტი რა სახსენებელია, საერთოდ.

უხსოვარ დროს, საუკუნეების მიჯნაზე, აქ, ჩემს მიწაზე, ერთ დედოფალივით გამართულ ქალს გაუვლია. ახლა ამ მიწაში წევს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ჰოდა, მის საფლავთან ვიღაც ქალმა – ალბათ, ტყის სული იყო, თორემ აი, აქ საიდან გაჩნდა? – ასე მითხრა, მივხვდი, ვინც ხარო, იმიტომ, რომ ძალიან ჰგავხარო, და მას აქეთია, დაფეთებული ვარ: ევდოკია კორძაია 1902 წელს გარდაიცვალა, მისი არანაირი გამოსახულება არა გვაქვს და ვაიმე?.. მაგრამ ქალმა მიამბო, ვისთან მეგობრობდა დუკია, მეფის ნაცვლის სასახლეში, წარმოდგენაზე რა ეცვა…

მე მგონი, გემო მაქციაა. ხან დენის კაცად იქცევა ხოლმე, ხან ასეთ შემაშფოთებელ ქალებად.

* * *

რაც სახლი აღმოვაჩინე, საზარელ სიზმრებს ვხედავ: აი, გავიღვიძე ჩემს აივანზე და დავინახე, რომ ღამეა, და იქით, გორაკებზე, ნუცუბიძის პლატო ბრჭყვიალებს. ისიც მესიზმრა, რომ სახლში ჩემი ზამბარიანი ლოგინების ნაცვლად უშველებელი, ტყავის სამეული იდგა და კაცი, რომელიც მანამდე კარგი ადამიანი მეგონა, არადა, მკვლელი ყოფილა, მეუბნებოდა, რომ აქ იქნება ჰოსტელი. ცივ ოფლში გამღვიძებია, იმიტომ რომ მინახავს, რომ მდელომდე მივედი, გადავიხედე და სახლი არ დამხვდა, არ იყო, და მიშველეთ, ხალხო, სადაა ჩემი სახლი?

მაგრამ ეს სიზმრებია, სისულელე, ტყუილი. სახლი დგას. და ერთ დღესაც იქნება – მალე, სულ მალე – შევუხვევ მეორე მოსახვევში, მარჯვნივ, და მერე სულ პირდაპირ ვივლი, დილამდე, და მდელოდან წითელ სახურავს რომ დავინახავ, დავიძახებ: „მოვედი, ჩემო სახლოვსკი!“ ძალიან ხმამაღლა დავიძახებ, ვიღრიანცელებ, ღამის დედოფლის არიას ვიმღერებ, ჯიგას დავუვლი – არავინ შეწუხდება, ვერავინ გაიგონებს. იქ მხოლოდ ჩვენ ვარ: მე, სახლი, გემო და ავაზაკები.

© არილი

Facebook Comments Box