კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

დავით მაზიაშვილი – ალექსიძის მეტამორფოზა

ფოტო: გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი”

…ჩემს დასაწყისშია ჩემი დასასრული..

…ჩემს დასასრულშია ჩემი დასაწყისი.[1]

თ.ს. ელიოტი

დღევანდელი გადმოსახედიდან, 2018 წელს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომდევნო წელს, პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში გაჩენილი ხანძარი და იმავე წლის ბოლოს კოვიდ 19-ის პანდემია ახალი სამყაროს დაბადების ნიშანი იქნებოდა. 2022 წელს კოვიდის მუტაციებმა (გარდასახვებმა) იმედი გააჩინა, რომ კაცობრიობის მორიგი ჟამიანობა დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა ამაოდ. ფასეულობათა, იდეოლოგიათა, თუ ცივილიზაციათა დაპირისპირებამ, რუსეთ-უკრაინის ომის სახით, მსოფლიო ტრანსფორმაციების ახალი რაუნდი გვამცნო. „მშობიარობის ტკივილების“ დასრულებამდე ვერავინ იტყვის, რა სამყაროში „დავიბადებით“ ან/და როგორი იქნება კაცობრიობის მომდევნო ფაზა, თ.ს. ელიოტის სიტყვებით რომ ვთქვათ: „დასაწყისში იქნება დასასრული“ თუ „დასასრულში დასაწყისი“.

ადამიანის, სამყაროს და კოსმოსის გარდასახვებს ჯერ კიდევ პირველყოფილი ცივილიზაციების რიტუალებში ვხვდებით, თუმცა, ის ყველაზე ღრმად და მაღალმხატვრულად ალბათ მაინც ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში აისახა. მართალია, თანამედროვე ადამიანმა მითი უარყო, თუმცა მითოლოგიაში დაგროვილი ცოდნა, სიბრძნე, ნიშნები თუ სიმბოლოები დღემდე აქტუალური რჩება. როგორც მირჩა ელიადე წერს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი მრავალრიცხოვანი და სათანადო საშუალებით შეეცადა, თავი გაეთავისუფლებინა საკუთარი ისტორიისგან და ხარისხობრივად განსხვავებული რიტმის მქონე დროში ეცხოვრა, იგი გაუცნობიერებლად მაინც დაუბრუნდა მითური ცხოვრების წესს (ელიადე 2018:34). მხატვრული აზროვნების ისტორიაში, მითის ერთ-ერთი მთავარი დამბრუნებელი დიდი ტრანსფორმაციების ეპოქაში მცხოვრები მეამბოხე რომაელი პოეტი ოვიდიუს ნაზონი და მისი „მეტამორფოზებია“, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ხელოვნების, ლიტერატურისა თუ ზოგადად მხატვრული აზროვნების ისტორიაზე. ამიტომ, დღეს, ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მხატვრულ სამყაროსთან მიახლებისას, ხელოვანის უმთავრესი გამოწვევა გამომსახველობითი ფორმაა.

2018 წელს მარიამ ალექსიძის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტი „მეტამორფოზები“ ოვიდიუსის სამყაროს მხატვრული იდეის და გამომსახველობითი ფორმის სინთეზის საინტერესო მაგალითია.[2]ქორეოგრაფმა თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სოციო-კულტურული თუ სულიერი მეტამორფოზები ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში დალექილი მხატვრული იდეებით, სიუჟეტებითა თუ სახეებით in illo tempore-ში (დიდ დროში) წარმოგვიდგინა. მარიამ ალექსიძემ თანამედროვე „მეტამორფოზების“ წარმოსაჩენად მითის მუდმივი დაბრუნების მხატვრულ იდეას მიმართა, ხოლო მხატვრული ფორმის მხრივ, „სანახაობას და კითხვას“, იმავე ელიადეს სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიც კინოსა და თეატრისთვის დამახასიათებელ კონცენტრირებულ დროში დიდი დაძაბულობით მიმდინარეობს და ესთეტიკური თანაზიარობის გარდა, მაყურებელში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს (ელიადე 2018: 34, 35). ალექსიძის თანამედროვე ბალეტი სწორედ ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ „წაკითხვა“ და იოჰან სებასტიან ბახის, ელექტრონული მუსიკისა და ნეო-კლასიკური და თანამედროვე საბალეტო ენით გამოხატული სანახაობაა. თუმცა, წაკითხვა-სანახაობა არა მხოლოდ გართობა ან/და ესთეტიკური სილამაზის მინიჭება, არამედ უპირველესად შემეცნება-დაკვირვებაა. სანახაობა-ცეკვა, როგორც მხატვრულ-რიტუალური აქტი, იმას ემსახურება, რომ მითოლოგიურ დროში გავიაზროთ თანამედროვე დროების გარდასახვები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ალექსიძის „არტისტული რიტუალი“ ოვიდიუსის პოეზიის საფუძველზე თამაშდება, რომელშიც პლასტიკურადაა წარმოჩენილი თანამედროვეობაში სილამაზის, სიყვარულის, სექსის, ხელოვნების, პოლიტიკის, ღალატის, შურის, ბოროტების, ძალაუფლების გარდასახვები. მათ შორის აღსანიშნავია: ფაეტონის ამბით მოყოლილი სამყაროს წესრიგის რღვევა, კიკნუსის მწუხარება,  ნარცისისა და ექოს სილამაზის ტრაგიზმი, ტირესიასის სიამენი, არაქნეს ამპარტავნული ხელოვნება, არიადნეს, თეზევსისა და დიონისეს სექსი, ჰერმაფროდიტუსის ორმაგი ბუნება, პირამუსისა და თისბეს მარადიული სიყვარული, კენტავრ ნესუსის ველური ვნებები, სიბილას მარადიულობისა და ახალგაზრდობისკენ ლტოლვის ტრაგიზმი,  ორფევსის გამაყრუებელი გოდება, ფილომელასა და პროკნეს სისასტიკე და ბოლოს, მთავარი მეტამორფოზა: სამყაროს დაბადების და აღსასრულის (აპოკალიფსი) მუდმივი განმეორებადობა.

სპექტაკლის ფინალური სცენა, ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ ბაკქანალიას ეყრდნობა და მითოლოგიური მხატვრული პერსონაჟების სახით თანამედროვე საზოგადოების მრავალსახოვან პორტრეტს გვიხატავს, რომელიც სულიერი უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომ მრავალალუზიურ ფინალში მკაფიოდ ჩანს ბრბოსა და ინდივიდის დაპირისპირება. ერთ მხარეს ორგიალურ რიტუალში ჩაბმული უსახური მატერიებია, რომლებსაც ერთ დროს ადამიანები ერქვათ და მეორე მხარეს გოლგოთას გზაზე მავალი თისბე, სიყვარული, ქრისტე, პოეტი, ოვიდიუსი ან/და თავად ქორეოგრაფის ალტერ ეგო, რომელმაც მეტამორფოზების ეპოქაში მარადიულობის (დიდ) დროში/მხარეს დგომა აირჩია.


გამოყენებული ლიტერატურა:

ელიადე, მირჩა მითები, სიზმრები და მისტერიები, გამომცემლობა „ალეფი“, თბილისი 2018.

ელიოტი, თ.ს. „ოთხი კვარტეტი“, Four Quartets by T.S. Eliot;

ოვიდიუსი, „მეტამორფოზები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2013.


[1]…In my beginning is my end…In my end is my beginning. Four Quartets by T.S. Eliot;

თარგმანი ეკუთვნის სტატიის ავტორს.

[2]თანამედროვე ბალეტ “მეტამორფოზების” ვიდეო რგოლები იხილეთ ბმულში:

© არილი

Facebook Comments Box