რ. ფადეევი – მისივე თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწის, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის დახასიათებით, “ტალანტით სავსე ლიტერატურული კონდოტიერი სამხედრო უწყებისა” – თავად მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობაში. 1859 წელს მთავარსარდალ ა. ბარიატინსკის ახლდა და მისივე დავალებით დაწერა გამოკვლევა “კავკასიის ომის 60 წელი”. ეს დაინტერესება ოჯახური ხაზითაც მოდიოდა: მამამისი – ანდრეი ფადეევი (1790-1867) იმპერიის თვალსაჩინო მოხელე იყო (წლების მანძილზე სხვადასხვა რეგიონში ებარა უცხოელი მოახალშენეების, მომთაბარე ხალხების ბედი); 1846 წელს იგი მეფის ნაცვალმა მ. ვორონცოვმა მოიწვია კავკასიაში, იყო მთავარმმართებლის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი და სიკვდილამდე განაგებდა ამიერკავკასიის მხარის სახელმწიფო ქონების ექსპედიციას.
ა. ფადეევმა დატოვა XIX ს. პირველი ნახევრის ევროპულ-რუსული მემუარული ბელეტრისტიკის დონეზე დაწერილი ვრცელი “მოგონებანი” (პირველად დაიბეჭდა ისტორიულ ჟურნალში (“რუსკი არხივ”, 1891 წ., წიგნად გამოიცა 1897 წელს, ოდესაში). გერმანელი კოლონისტების, რუსი დუხობორების, მოლოკნების, ამიერკავკასიის მკვიდრი ხალხების ყოფასთან ერთად, ამ მოგონებებში ქართველების იმდროინდელი სატკივარიც კარგად ჩანს, ცხადია, როგორც იტყვიან, დამპყრობლის “პრიზმაში გადატეხილი”, არც სხვათა გაქირდვას ჩვეული თვალი და ენა აკლია.
დღევანდელობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჭაშნიკად ეს ერთი ეპიზოდი შევარჩიე (სათაურიც, პატიებას ვითხოვ, ჩემეულია). ამბავი კასპიის ზღვის სანაპიროდან, ლენქორანიდან იწყება, სადაც ა. ფადეევი თავისი სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების დროს ჩასულა.
ნოდარ ებრალიძე
…აქაური თევზის სარეწების მოურავმა არშაკუნიმ თავისი მოღვაწეობის საბრძანისში უსაშველო გულუხვობით გვიმასპინძლა, რაც ჩვეული რამ არის ყველა მოიჯარადრისათვის, როცა მათ რაღაც უფროსობა ან ვინმე გავლენიანი პირი ეწვევა ხოლმე. განსაკუთრებით მაინც ჭამა-სმაზე დაიხარჯა. შამპანური ნამდვილი ნიაგარის ჩანჩქერივით მოჩქეფდა, თითქოს კასპიის ზღვის უძირო მორევიდან ამოჰქონდათო. საკუთრივ და პირადად ჩემს მონაწილეობას ამ ფესტივალზე მოკრძალებულსაც ვერ დაარქმევდით, მაგრამ ის მოხელეები, მე რომ მახლდნენ, – ახალგაზრდა, ჯანსაღი ვაჟკაცები, გულიან ქეიფს არ გაერიდნენ, გემოზე მოულხინეს და ეს კარგად დააჩნდათ მეორე დილით, როცა საქმის კეთებას უნდა შესდგომოდნენ. იმხანად სულაც არ ვფიქრობდი, რომ მოიჯარადრე არშაკუნი ის კაცია, ვინც საზოგადოებრივი თვალსაზრისით ვინმეს დააინტერესებს, ანდა მიეთ-მოეთის და განსჯის საგნად იქცევა-მეთქი. თევზი დაიჭიროს და ივაჭროსო – მეტი ვის რა უნდა მოეთხოვა. მაგრამ, რამდენიმე წელი რომ გამოხდა, მასზე ალაპარაკდნენ და გაოცდნენ კიდეც იმ გარემოების გამო, რის აღნიშვნასაც საჭიროდ ვრაცხ, რადგანაც ესე ამბავი მისი სოლიდური ასაკისა და სამეწარმეო ასპარეზის კაცისთვის დიდ უცნაურობად მიმაჩნია.
არშაკუნი ვახტანგ ბუღდანისი – როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, ერთი არცთუ დიდი გაქანების სომეხი ვაჭრუკანას ტიპი, ერთთავად მოხვეჭის მსწრაფველი, ავთვალი, უხეშად აზიური ყაიდის კაცი, პიროვნულად არაფრით გახლდათ საინტერესო, მით უმეტეს, სიმპათიური; მოხსენიების ღირსიც არ გახდებოდა, თუ რომ მალე არ გამოევლინებინა ისეთი მისწრაფება, რაც სრულიად არ ეთანხმებოდა მის ბუნებას და მის არსებაში უცნაურ ფსიქიკურ მოვლენად წარმოჩნდა. წარმომავლობით მდაბიო იყო, ჩარჩის თუ მედუქნის ვაჟი; თვითონაც დასაწყისში ამ ხელობას ადგა, როდესაც მდიდარი ტფილისელი კომერსანტის მირზოევის წვრილფეხა მოსამსახურეთა მარაქაში მოხვდა; მერე ამ კაცის ნდობა მოიპოვა, ნოქრობას მიაღწია, რწმუნებულადაც გაუხდა და მრავალი წლის მანძილზე იმდენი ქონება დააგროვა, რომ თავკაცად ჩაუჯდა კომპანიას, რომელმაც იჯარით აიღო თევზის სარეწები, და ამ საქმეს თავგზიანადაც გაუძღვა. მართლაც კარგად ააწყო ყველაფერი, და მაინც, ჯერ თავო და თავოო, თავისი კაპიტალიც მილიონამდე გაზარდა. ეს ხომ ჩვეული ცხოვრებისეული ამბავია. მაგრამ მან სრულიად უჩვეულო რამ ჩაიფიქრა. ამ კომერსანტი კაცის გულში, რომელიც თითქოს ანგარიშებში, საქონლისა და ფულის ტრიალში, მომგებლობაში იყო დანთქმული, თურმე ინასკვებოდა, მთელ მის არსებაში ღრმად იდგამდა ფესვს ერთი იდუმალი ხვაშიადი. ეს იყო ნატვრა ზღაპრული სახლისა, რომელსაც მთელი ამიერკავკასია უნდა განეცვიფრებინა. ეგებ ჯერ კიდევ ბალღობაში, როცა ქუჩებსა და ბაზრებში დატანტალებდა, ანდა ხელის ბიჭად ჰყავდათ დუქნებსა და სახაბაზოებში, მოხეტიალე საზანდრების სიმღერებმა და მეზღაპრეების მონაყოლმა გაუხედნეს ყური იმ საარაკო სასახლეების, ზღაპრული პალატების აღწერით, რომელთაც ბროლის კედლები, სარკეებიანი ჭერი ჰქონდათ, მარგალიტის შადრევნები ამოსქჩეფდათ და მოგიზგიზე აღმოსავლური ფანტაზიით ნაშობ ათასი ჯურის სამკაულებს დაეხუნძლათ; ჰოდა ეს გაგონილი ღრმად ჩაჰბეჭდოდა წარმოსახვაში. შესაძლოა, ეს სწრაფვა სხვა წყაროდანაც ჩაესახა, მაგრამ ეს კია, რომ ზღაპრული სახლი მყარად ჩასჯდომოდა ტვინში, ათეული წლობით მკვიდრდებოდა მის არსებაში და მთელი მონაგარი და ნაშოვარი ამ ოცნების ასახდენად იყო გამიზნული.
ამ სახლში აუცილებლად უნდა გამართულიყო უძვირფასესი ორი დარბაზი – ეს უნდა ყოფილიყო მისი ლაზათი და თვალი. დიახ, ორი დარბაზი – სარკისა და ბროლისა, “ზერკალნი” და “ხრუსტალნი” – როგორც თავად ამბობდა არშაკუნი; შემდეგ კი, მთელი ნაგებობის დამთავრებისას, იგი ოცნებობდა, რომ ჭერის დალოცვა უჩვეულო მეჯლისით გადაეხადა. მეჯლისი სახლივით ზღაპრული უნდა ყოფილიყო. აქ მისი ოცნებანი ზღვარს აღწევდნენ და ამ მიჯნას აღარ გადადიოდნენ. აქ იყო მათი აღვსებისა და დაშრეტის ნიშანსვეტი. ჰოდა, როცა თავისი გაანგარიშებით, განზრახული მიზნის მისაღწევად საკმაო ფული დააგროვა, იგი შეუდგა კიდეც ამ ოცნების აღსრულებას. ტფილისში კომენდანტის ქუჩაზე(1), ჩემი ბინის შორიახლოს, იყიდა დიდი ადგილი და შენობის გეგმის შედგენას შეუდგა. თვითონ ამ საქმისა არა გაეგებოდა-რა. როგორც მიმიხვდებით, ყველა არქიტექტორი, მოიჯარადრე, ვინც კი ამ ამბავში ჩაება, იმას ცდილობდა, რომ მეტი ფული აერთმია, და მიჰქონდათ კიდეც. მშენებლობა დაიწყო და რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ყოველი მხრიდან, სპარსეთიდანაც კი, იწვევდნენ ოსტატებს, მხატვრებს, მეჩუქურთმეებს, მომვარაყებლებს გარე და შიდა სამუშაოებისათვის; ევროპიდან და აზიიდან იწერდნენ ავეჯს, ხალიჩებს, ათასნაირ ზიზილ-პიპილებს; ამათში რიგიანი საქონელიც ერია, უმეტესობა კი ხარახურა იყო და ნაღდ ფასზე ბევრად ძვირად აჩეჩებდნენ. მათს ჩამოსატანად არშაკუნის თავისივე ნოქრები დაუდიოდა. ამასობაში კი თანდათან შენდებოდა და ბოლოს და ბოლოს აღიმართა კიდეც უცნაური ვრცელი ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა მინაშენები, სამშვენისები, კოშკურები, დაჭრელებული ცხაურები და ჩარჩოები ამკობდნენ. შიდა ნაწილი გარეთა მხარეზე უფრო დახვლანჯულად იყო გამართული. აი იქ განსაკუთრებული ფარეზობით იგებოდა ბროლისა და სარკის დარბაზები, რომელთა ჭერსა და კედლებს მოზაიკური, სარკისა და ფერადი მინის არაბესკები ჰქონდა დაყოლებული; უამრავი ოთახი მოკაზმეს, ყველა თავისებურად და სხვადასხვა გემოვნებით, უფრო სწორად – უგემოვნებოდ. დიდებულ ბუფეტს ფართო დახლი მიუყვებოდა, კედლებში ჭურჭლეულისა და ვერცხლეულის უზარმაზარი განჯინები დაეყოლებინათ; ერთ ოთახში მარმარილოს აუზი გაემართათ, რომლის ფსკერიდან აღიმართებოდა მჭახედ შეფერილი ან მომინანქრებული ლითონის ფოთლებისა და ყვავილების დიდი თაიგული. მათი ბუტკოებიდან კი წვრილ-წვრილი შადრევნები უნდა ამოფრქვეულიყო, რაც, ალბათ, მეტად ეფექტური იქნებოდა. მოკლედ, სანახავი არ ილეოდა. და რახან არშაკუნის ამეების არაფერი გაეგებოდა, და იცოდა კიდეც, არაფერი გამეგებაო, ყველას ეთათბირებოდა და ყველანაირ რჩევა-დარიგებას ყურად იღებდა, ყველაფერსაც მრავალგზის ხელახლა მართავდა და აკეთებდა. ფული არ ენანებოდა, თავისი ქისებიდან ოქროს ჩეჩქივით აპნევდა. მაგალითად, ერთი ოთახი ბიბლიოთეკად გაიკეთა, ვიღაცამ კი უთხრა: “რად გინდა ბიბლიოთეკა? არა სჯობია, საყონაღე მოიწყოთ? (მეგობრული მასლაათისთვისო). ბიბლიოთეკა მაშინვე დაივიწყეს, დაალაგეს ტახტები, გაშალეს ნოხები, მიმოფანტეს ნაქარგი ყურთბალიშები და საყონაღეც მზად იყო. ახლა სხვა მრჩეველი გამოუჩნდა: “ეგ რად გინდა, ეკლესია არა სჯობია? ასეთი დოვლათიანი სახლი უეკლესიოდ განა შეიძლება!” ჰოდა, მაშინვე უარი თქვეს საყონაღეზე, ჭერი გუმბათად გადააქციეს, ხატები დაასვენეს და ასე გაჩნდა პატარა სომხური საყდარი. მაგრამ ვიღაცას ეკლესია არ დაუჯდა ჭკუაში; აზრი გამოითქვა, საბილიარდე უფრო უპრიანი იქნებოდაო, – და მაშინვე ახალი მეტამორფოზა მოხდა – ეკლესია საბილიარდედ იქცა. ასე ხდებოდა დაუსრულებლივ. მასხარაობამდე მიდიოდა ეს გაწამაწია. “ბროლის დარბაზის” სარკმლების ამბრაზურებში არშაკუნიმ ალფრესკოდ მთელი ტანით ჩაახატინა პორტრეტები – თავისი საკუთარი, თავისივე მეუღლისა – ხნიერი სომხის ქალისა, თავისი ნაცნობ-მეგობრებისა. აზიელმა მხატვარმა თავისი ტლანქი ფუნჯით მიხატ-მოხატა ჩოხოსანი და სერთუკოსანი ფიგურები, რომელთაც დიდი წითელი ცხვირები ამშვენებდათ(2). არშაკუნი აღფრთოვანებული იყო. მაგრამ ერთმა კეთილისმყოფელმა ურჩია, ფიგურები თეთრად შეაფეთქინე და ყვავილოვანი არაბესკებით შეაცვლევინეო; ესეც უდრტვინველად შესრულდა(3). უგემოვნებას და სიშტერეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებოდით. დარბაზულ ჭერზე შეკიდული იყო ათასნაირი საგნები: მოოჭვილი ყალიონები, ბრინჯაოს ფიგურები, იქვე კი კუთხეში იდგა სპილენძის ტაშტი და ფეხსაცმლის ჯაგრისი. მოკლედ ყველაფერი უცნაური იყო, და ხალხი გუნდ-გუნდად დადიოდა სასეიროდ.
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ არშაკუნი თავის ზღაპრულ სრას აშენებდა და მრავალწლოვან ნაოფლარს ახარჯავდა მხოლოდ იმისათვის, რათა თავისი იდეალისთვის შეესხა ხორცი. მერე კი თვითონაც არ იცოდა, რას აქნევდა ყველაფერ ამას. არშაკუნის მთელი მიზანი, ამოცანა ის იყო, რომ ეს სახლი აეგო, და მშენებლობის დამთავრების შემდეგ სრულიად ქართლის თვალის დასაყენებლად მეჯლისი გადაეხადა: მოეწვია, თუკი ვინმე დიდკაცობა იყო, ირანელები, რჩეული თავადიშვილები, ქალაქის მამები, გაჩახჩახებულ შუქზე ეჩვენებინა სარკისა და ბროლის დარბაზი, ფანტასტიკურად მორთულ ოთახებში გამავალ ანფილადაზე გაეტარებინა, დამტკბარიყო სტუმრების გაოცებითა და მისადმი აღვლენილი ხოტბით; არნახული მასპინძლობა გაეწია, ღვინოში ჩაეხრჩო. ასეთი ფინალით არშაკუნის გული და გონება თავიანთი მისწრაფების ზენიტს აღწევდნენ და მას აღარაფერი რჩებოდა გარდა იმისა, რომ განცხრომით მისცემოდა სრულ კმაყოფილებას და დაფნის გვირგვინიც შეეშვნია. სახლის შემდგომი ბედი თითქოს აღარც ადარდებდა. რაიმე შემოსავალს სახლი ვერ შემოუტანდა, საპატრონოდ კი დიდი ხარჯი სჭირდებოდა. არშაკუნის შვილები არ ჰყავდა. ამგვარი მემკვიდრეობის ცოლისთვის ან ნათესავებისთვის დატოვება კი გულში არც გაუვლია. თვითონ მას იქ ცხოვრება მაინცდამაინც არ ეხალისებოდა, მიუჩვეველი იყო. ხმები დადიოდა, უნდა, რომ პეტერბურგში ვიღაც დიდებულს აჩუქოსო, ანდა ქალაქს გადასცეს რაიმე საზოგადოებრივი დაწესებულებისთვის მოსახმარადო(4).
მაგრამ რა სასტიკად მოექცა საბრალო არშაკუნის მისივ ბედისწერა! მართლაც რომ საშინლად დასცინა შავმა ბედმა. საქმე ბოლოვდებოდა, უკვე ახლოს დაჩნდა ამდენი ზრუნვისა და შრომის ნავსაყუდელი, უკვე შეიძლებოდა მთელი მშენებლობის დამთავრების ვადის დათქმა. იმის ზუსტი გათვლაც კი აღარ იქნებოდა ძნელი, რამდენი თვის შემდეგ უნდა დაელოცათ ჭერი ზარზეიმით, – და უცებ არშაკუნიმ რაღაც ავადობა შეატყო თავს; თითქოს სატკივარი არ მოსძალებია, მაგრამ რაღაც კი გაუჯდა ჯანში. ტფილისში დიდხანს მკურნალობდა – ვერ გამორჩა; საზღვარგარეთ გაემგზავრა, ცნობილ ევროპელ ექიმებს ეჩვენა და უკეთობა ვერ იგრძნო, ისე დაბრუნდა. სახლისთვის მთელი აღალი საქონელი ჩამოიყოლა. ტფილისელმა ექიმებმა პიატიგორსკი ან ესენტუკი ურჩიეს, და იქიდან კი უარეს სნეულად დაბრუნდა. მისი ავადობა ნათლად და უეჭველობით დადგინდა: ყელის ჭლექი შეჰყროდა. ამასობაში კი სახლი ბოლომდე აშენდა, ყველა კედელყურე საბოლოოდ გაიმართა; ისღა რჩებოდა, რომ მიედგათ ტფილისის ფაბრიკაში შეკვეთილი მარმარილოს კიბე, რომლის მომთავრებას ორი კვირაღა აკლდა, – და მაშინ კი ყველაფერი მომთავრდებოდა და არშაკუნის დაე იმდღესვე გაემართა ნადიმი, თუნდაც სულის ამოხდომის წინ. მაგრამ არშაკუნი სასიკვდილო სარეცელზე იწვა და კიბის მიდგმას ორი დღით გაუსწრო. ასე დამთავრდა ეს თუმც უთაური, მაგრამ მაინც გრანდიოზული წამოწყება. სომხები თავის უბედურ თანამემამულეს დიდი პატივითა და ზარზეიმით ასაფლავებდნენ; დიდძალი სამღვდელოება მოგროვდა. კუბო აღმართულ მკლავებზე მიჰქონდათ; ჭირისუფალი და ახლობლები კუბოს მისდევდნენ და ვისაც მოსმენა არ ეზარებოდა, ყველას მოუთხრობდნენ, რა ტანჯვით დაელია სული მიცვალებულს. მისი სხეული კი არა, სული ეწამებოდაო, კრინტი არ დაუძრავს, არც არავის განდობიაო. და ყოველივე ამას სომხურ-ვაჭრულად განმარტავდნენ: “კაცს თუ ასი მანეთი ფული მაინც აბადია, ვაი, როგორ უჭირს სიკვდილი, მაგას კი ასეთი სახლი რჩებოდა, ამხელა სასახლეს სტოვებდა და, აბა, იფიქრეთ, რამხელა ჯავრიც უნდა გაჰყოლოდა”.
მთარგმნელის შენიშვნები:
(1) ასე ერქვა XIX ს-ში ახლანდელი ა. გრიბოედოვის ქუჩას, ოღონდ გარკვეულ პერიოდში ბესიკის, ადრე მამადავითის, ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე. ა. ფადეევს თბილისში ჯერ სოლოლაკში უცხოვრია, შემდეგ ვერაზე (ლამის ქალაქგარეთო), სასაფლაოს პირდაპირ (ე.ი. ყოფილი “კიროვის პარკის” წინ) თავად სუმბათაშვილის დიდებულ სახლში. მაგრამ ეს სახლი რუსეთის ხელისუფლებას 3 წლით დაუქირავებია სპარსეთიდან გამოქცეული უფლისწულის (და მისი დიდი ამალის) დასაბინავებლად. როგორც ა. ფადეევი წერს, შემდეგ თავადს პირიც უშალეს (თუ თვითონ მოინდომა ამ ამბით აშენებაო) და სპარსელებსაც ისე აუოხრებიათ მთელ ქალაქში გამორჩეული მისი სახლ-კარი, რომ პატრონი დარდს გადაჰყოლია კიდეც… ფადეევები ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში გადასულან (ზემოთ ნახსენები კომენდანტის ქუჩის კუთხეში). თვით პოეტი ერთი წლის გარდაცვლილი იყო (ა. ჭავჭავაძე 1846 წ. გარდაიცვალა) და სახლი მის ვაჟს დავითს ეკუთვნოდა, რომელმაც მალე, თავის ნათლიმამას, ტფილისელ მოქალაქე შახმურადოვს მიჰყიდაო.
რადგანაც ა. ჭავჭავაძის ბიოგრაფები მისი დაღუპვის სულ ზუსტ სურათს ვერ ხატავენ, მომიტევეთ და ყურადღებას შევაჩერებ ა. ფადეევის მონათხრობზე, რომელიც სანდოა დეტალების რეალური აღწერით.
თავადი ალექსანდრე მჯდარა დროშკაზე (სიტყვა “დროშკა” გაქართულებული ვარიანტია რუსული “დროჟკი”-სა). ეს იყო ქალაქში სამგზავრო პატარა ოთხთვალა. მგზავრები უშუალოდ ძარაზე ისხდნენ გვერდულად (ზურგშექცევით) და ფეხები დაბლა ჩამოშვებულ, თვლების ფრთების შემაერთებელ საფეხურზე ჰქონდათ დაყრდნობილი. …დამფრთხალი ცხენი უცებ ერთ მხარეს რომ გახტა და ხელნები მიღრიჯა, დროშკა ცალ მხარეს წამოყირავდაო. აი ამ დროს შეიძლებოდა პოეტის მაზარის კალთა ბორბალს ჩაეხვია, ანდა დაექაჩა. ამის გამო გადმოვარდნილი ა. ჭავჭავაძე ქვაფენილს კი არ დაენარცხა, არამედ შუბლით დასკდომია კუთხეში მდგარ ტროტუარის ტუმბას. თბილისში ქუჩის დასაწყისში, ტროტუარის კიდეებზე ბევრგან იყო ჩასმული ასეთი, ალგეთის ქვისაგან (ბაზალტისგან) გამოთლილი დაბალი სვეტები. ჩემი ქუჩის თავში (ვ.ორბელიანის შეს.) ასეთი ნიში სულ ბოლო ხანებამდე იდგა. როდესაც აშშ-ის საელჩოს წინ (ათონელის ქუჩაზე) კედელი ააგეს და მერე მთელი დასახიჩრებული მიდამო ახლად მოაშანდაკეს, ასფალტით პირი მოსწმინდეს, მაშინ გაქრა; ალბათ მშენებლობის ქვა-ღორღს, ბეტონის ნამუსრევს გააყოლეს.
(2) XIX ს. დამდეგიდან თბილისში მთელი სკოლა შეიქმნა ადგილობრივი პორტრეტისტი მხატვრებისა. ბევრი მათგანის ნამუშევარი საყურადღებოა როგორც ამ ჟანრის განვითარების, ისე ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალიების თვალსაზრისითაც. ასე რომ, ა. ფადეევის მიერ ათვალწუნებული კედლის მხატვრობა შეიძლება ხელწამოსაკრავი კი არა, სულაც მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენდა.
(3) ვაგლახ, რომ “კედლების შეთეთრება” უკვე დამკვიდრებული იყო საქართველოს ყოფაში, და არა მარტო ვაჭრის ახალმშენებლობაზე, არამედ წარმოუდგენლად უფრო მაღალ სფეროებშიც. აი, რას წერს ზემოხსენებული ა. დონდუკოვ-კორსაკოვი თავის “მოგონებებში”: მაშინდელ კორპუსის უფროსთან ჩემი ხანმოკლე სამსახურის დროს (ლაპარაკია გენერალ ალექსანდრე ნეიდგარდტზე, რომელიც ე. გოლოვინის შემდეგ მ. ვორონცოვის მეფის ნაცვლად დანიშვნამდე მართავდა კავკასიის მხარეს (1842-44 წლებში. – ნ.ე.). მივლინებული გახლდით კავკასიაში ახლად დანიშნული საქართველოს ეგზარქოსის, შემდგომში სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის ისიდორის შესახვედრად. მის მაღალსამღვდელოებას ქ. დუშეთის სადგურზე მივეგებე (ცხადია, იგულისხმება ფოსტის ეტლების პუნქტი – ნ.ე.) და ტფილისამდე მივაცილე. გზად ეგზარქოსი ჩამოხდა საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის შესანიშნავ ტაძარში. ძალზე სასიამოვნო კაცი გამოდგა და მომხიბლა თავისი უბრალოებით და, რაც მთავარია, იმ გააზრებული ყურადღებით, რასაც ის იჩენდა კავკასიის უძველესი საეკლესიო ძეგლების მიმართ…
იგი ინტერესით ეკიდებოდა თანადროულ მოვლენებს და მე მუდმივად ვუგზავნიდი თავადისგან (ეს უკვე მ. ვორონცოვია – ნ.ე.) მოწვდილ უცხოურ და სხვა ჟურნალებს. ასე მახსოვს 1850-ში, მისი ბორჯომში ყოფნის დროს, ყოველთვის თან ვახლდი, როდესაც ცხენებით გავდიოდით მთებსა და ტყეებში, რომლებიც გარს არტყია ამ ადგილს, და იქ ხშირად მოვიხილავდით იმ ძველ მართლმადიდებლურ ტაძრებს, რომლებიც ესოდენ უხვადაა საქართველოში, ხოლო მათს კედლებზე კი კარგადაა შემონახული ფრესკები. ისიდორს ძლიერ უყვარდა ცხენზე ჯდომა და კარგად გაწაფული მამაცი მხედარიც იყო; ასეთი ცხენოსნური გასვლის დროს, მე მიტაცებდა საგანთა გამო მისი განათლებული განსჯის მოსმენა და საქართველოს უძველესი ქრისტიანული ყოფის ირგვლივ ცოდნის შეძენა…
ისიდორის წინამორბედი ეგზარქატში იყო ევგენი, რომელსაც მეც მოვესწარი, – უაღრესად უხეში, თვითრჯული და სრულიად უსწავლელი კაცი. მის დროს არქიტექტორად ჰყავდათ ფრანგი რინარი, ღვთის გარეგანი და ყოველგვარი სიწმინდის უარმყოფელი. გეტყვით ევგენის და რინარის ვანდალურ მაგალითს სიძველის მაშინდელი საეკლესიო ნაშთების მიმართ. მცხეთის ტაძრის ყველა კედელი შემკობილი იყო, რამდენადაც მახსოვს, VIII-IX საუკუნეების (ასეა! – ნ.ე.) ფრესკებით; ეკლესიას რემონტი სჭირდებოდა და ამ საქმეზე გამწესებულმა რინარმა, ეგზარქოსის დასტურით, თეთრი სქელი საღებავით დაფარა ტაძრის, სიძველით გამორჩეული, მთელი ფერწერა (ა. დონდუკოვ-კორსაკოვის “მოგონებანი”, ჟურნ. “Старина и новизна, წიგნი V, 1902, სანკტ-პეტერბურგი).
(4) ავტორი მოგონებებში იმასაც მოგვითხრობს, რომ ერთხანს უპატრონოდ დარჩენილი სახლი ინგრეოდაო და ამით წყვეტს მისი ამშენებლის ამბავს. მაგრამ ამ შენობამ განაგრძო არსებობა: იგი ქობულაშვილების საკუთრება გახდა. 1902 წელს კი მისი იერი ძალზე გამოიცვალა. იგი კაპიტალურად გადააკეთა და, როგორც აკად. ვახტანგ ბერიძე წერს: “სრულიად ახალი ფასადით შეამკო” გამოჩენილმა არქიტექტორმა სიმონ კლდიაშვილმა (1922 წლიდან აქ ბინა დაიდო თბილისის სამხატვრო აკადემიამ).
ასე რომ, ახლა უკვე ძნელი საქმეა ა. ივანოვის ხუროთმოძღვრული შეფასების რეალურ-მხატვრული თუ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური წანამღძვრების შეპირისპირება.
© “არილი”