Uncategorized

ანდრო ბუაჩიძე – ლანდები ქვაფენილზე

leri alimonaki

ლერი ალიმონაკი, გრანელის ლანდი, თბ., ინტელექტი, 2012.
ლერი ალიმონაკის წიგნი „გრანელის ლანდი“ ჟანრობრივად მემუარულ ლიტერატურას განეკუთვნება. ამ წიგნს აქვს თავისი სტრუქტურა, კომპოზიცია, სიუჟეტიც კი. ლერი ალიმონაკი მოგვითხრობს იმაზე, თუ რა წინააღმდეგობა ეღობებოდა ტერენტი გრანელის ლექსების გამომზეურებას. გრანელის პოეზია სასინჯი ქვაა და მისი ზემოქმედების მეშვეობით ეპოქის სურათი იშლება თვალწინ.

ამ ზემოქმედებას ლერი ალიმონაკი ახდენდა.                                         წიგნის „მთავარი გმირი“ ტერენტი გრანელია. მას არ უფიქრია თავის სამომავლო ხვედრზე. ის წერდა ლექსებს, თითქოს ნათელს ასხივებდა, წერდა მისტიკური სევდით შეფერილ ლექსებს, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ავტორიტარული რეჟიმი ცხრაკლიტულში გამოკეტავდა და მძიმე ბოქლომს დაჰკიდებდა შთაგონებით აღბეჭდილ შემოქმედებას.
ლერი ალიმონაკი ბედისწერულად დაუკავშირდა ტერენტი გრანელის პოეზიას. ამის ნათელსაყოფად ის თავის ბიოგრაფიასაც მოგვითხრობს. მან ისეთ ასაკში და ვითარებაში გაიცნო ეს პოეზია, როცა მისივე პოეტური, მგრძნობიარე ბუნება მომზადებული იყო უმძაფრესი შთაბეჭდილების მისაღებად.
აქედან დაედო სათავე სულთა ნათესაობით ნაკარნახევ ღწვას. ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა უსამართლოდ მისჯილი დავიწყების მორევისთვის გამოეტაცა პოეტის ლექსები. ეს ლექსები არამარტო სევდიანი ტონალობით ემიჯნებოდა ბოლშევიკურ-ტოტალიტარულ ხანას, არამედ შინაარსობრივად ღრმა ადამიანური გრძნობებითაც. ტერენტი გრანელმა ქართულ ლირიკაში შემოიტანა ყოველდღიურობა, რომელსაც ახლდა ნათელი და მკაფიო შუქ-ჩრდილები, ყველასაგან განსხვავებული, მძაფრი ემოციური განწყობა, ფაქიზი შტრიხებით დაწერილი ქალაქის ლანდშაფტი. ლექსებში აღბეჭდილი ნაღველი უაღრესად ადამიანური და ინტიმური, წრფელი და ნაღდი იყო, რითაც იზიდავდა მკითხველს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის დღემდე აუხსნელია იმ მწერლების შეუვალობა, ვინც სამუდამო დავიწყებისთვის გაიმეტა ტერენტი გრანელის პოეზია. ლერი ალიმონაკმა მათი სახელებიც აღბეჭდა. და ეს საჭირო გახლდათ, რადგან ვისაც შეუძლია გულგრილი დარჩეს გრანელის მრავალი შესანიშნავი ლექსის მიმართ, მას, როგორც იტყვიან, პოეზიასთან ერთი ღამეც კი არ გაუთევია. აი, ვთქვათ, რად ღირს თუნდაც ასეთი სტრიქონები:

„მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.’

მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ: ლერი ალიმონაკი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ეძებს პოეტის მივიწყებულ საფლავს და იქაური მღვდლის მეშვეობით აგნებს კიდეც. და რადგან საფლავი გაძარცულია, თვითონვე მიაქვს იქ გრანიტის ქვის მართკუთხა ნატეხი.
გრანელის შემოქმედების კვლევა-ძიება თვალსაწიერის გაფართოებას მოითხოვს. წიგნის ავტორი წერს: „ღამეებს ვათენებ ქართული ლექსთწყობის შესასწავლად, დაუცხრომლად ვსწავლობ რუსული, ფრანგული, ქართული სიმბოლიზმის, და საერთოდ, მოდერნიზმის ისტორიას, ვეუფლები ლიტერატურის თეორიის საგულისხმო, აუცილებელ საკითხებს. ამავე ხანებში იწყება ჩემი დაინტრესება აღმოსავლური ფილოსოფიით და ესთეტიკით, რასაც შედეგად მოჰყვა  საკაცობრიო მნიშვნელობის ფილოსოფიურ-რელიგიურ თხზულებათა – „დაო დე ძინის“ და „უპანიშადების“ თარგმანები, რომელთაც თორმეტი-თხუთმეტი წლის კატორღული შრომა შევალიე“.
ლერი ალიმონაკისთვის თეორული კვლევა და პრაქტიკული ძიება განუყოფელი იყო ერთმანეთისგან. ის დეტალურად აღწერს ძიების ყოველ ეტაპს, ყოველ პიროვნებას, რომლისგანაც ტერენტი გრანელის შესახებ თუნდაც მცირე ინფორმაციის მოპოვება იყო შესაძლებელი, ყოველ ფონდში შეღწევის მცდელობას, ყოველ პუბლიკაციას, რომლის ხელში ჩაგდება ნერვების წყვეტას მოითხოვდა.
წიგნის ავტორი ამბობს: “დაუცხრომელ ძიებაში დავსდევ დეკემბრის ნისლიან ქუჩებში პოეტის შემკრთალ ლანდს“. კითხულობ და გრძნობ, მართლაც ასე იყო. პოეტის წამებული სახის წარმოსახვა შთაგონების მომნიჭებელ იმპულსად იქცა.

ლერი ალიმონაკი საგანგებოდ დადის იმ ადგილებში, სადაც პოეტს ფეხი დაუდგამს: „მადათოვის მიდამოებში თუ ალექსანდრეს ბაღში, სიონსა თუ ქაშუეთში, პეტრე-პავლესა თუ დიდუბის სასაფლაოებზე, ავლაბარსა თუ ორთაჭალაში, ბოტანიკურ ბაღსა თუ ნარიყალაზე, მეიდანსა თუ ვერის ბაღში, კათოლიკურ თუ რუსულ ეკლესიაში“.
ლერი ალიმონაკის ირგვლივ შემოკრებილი მწერალთა და ლიტერატორთა საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: ერთნი არიან გრანელის მომხრენი, მისი პოეზიის მგრძნობელნი და დამფასებელნი, მეორენი კი ამ პოეტის მოწინააღმდეგენი. ძნელი წარმოსადგენია ამ უწყინარი კაცის მოწინააღმდეგენი, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობდნენ. ისინი უფრო ტოტალიტარული სახელმწიფოს წვრილმანი ჩინოვნიკები იყვნენ.
„გრანელის ლანდის“ ავტორი პოეტის მომხრეებს მოგონებების დაწერას სთხოვს. ეს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა მათ წარმოსახვაში არსებული ცოცხალი სახის შესანარჩუნებლად. იქმნება მოგონებები, გროვდება შტრიხები, რომლებიც პოეტის სახეს წარმოაჩენს მკითხველის წარმოდგენაში. აქ უნებლიეთ გიორგი ლეონიძე მახსენდება. მან ძველი თბილისის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, რათა ნიკო ფიროსმანის ცხოვრების დეტალები შეეტყო. მისი ჩანაწერების მიხედვით წარმოჩნდა მხატვრის სახე. სადღეისოდ დაგვრჩა უაღრესად საინტერესო რაკურსით დანახული ხელოვანის ცხოვრება.
1968 წელს ლერი ალიმონაკმა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ წარუდგინა გამოსაცემად გამზადებული გრანელის ლექსების კრებული. წვალებამ კიდევ რამდენიმე ხანს გასტანა და წარდგენიდან ოთხი წლის შემდეგ გამოიცა შავყდიანი, პროფესიულ დონეზე გაფორმებული წიგნი. ამ წიგნის გამოცემა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მოვლენა იყო ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში.
მე მაშინ მერვეკლასელი ყვაწვილი ვიყავი და გაკვეთილებზე მერხქვეშ მალულად ვკითხულობდი გრანელის კრებულს. მას აქეთ მისი არაერთი და ორი კრებული გამოიცა, მაგრამ იმ შავყდიანმა წიგნმა შეუნაცვლებელი შთაბეჭდილება დატოვა. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, ალბათ იმიტომ, რომ სრულყოფილად იმხანად პირველად გავიცანი ამ პოეტის შემოქმედება.
უამრავ ფაქტთან, მოვლენასთან, პიროვნებასთან ერთად, წიგნში „გრანელის ლანდი“, თავისებურად ირეკლება გალაკტიონიც, რომელიც უაღრესად კეთილგნწყობილი იყო გრანელის მიმართ. ტერენტის ცხოვრებას არამხოლოდ მოგონებები გვაცნობს, არამეც უაღრესად მეტყველი ფოტოებიც. შავ-თეთრი კინოკადრებისა და ფოტოების ეპოქამ სათუთად შემოგვინახა ბევრი დაუვიწყარი თუ დავიწყებული ადამიანის სახე. ამ დავიწყებულ ადამიანებს, ფოტოებქვეშ გაკეთებულ წარწერებში კითხვის ნიშნით აღნიშნავენ ხოლმე. ტერენტის ფოტოსურათებზეც არიან ასეთები. მაგრამ არის გალაკტიონიც, რომელსაც, ცხადია, დავიწყება არ უწერია.
ლერი ალიმონაკს ხელში ჩავარდნია ერთი ფოტო და ამ ფოტოს ისტორიაც შეუტყვია. 1923 წელს ალექსანდრეს ბაღში ერთმანეთს შეხვედრიან გალაკტიონი და ტერენტი გრანელი. მათ ორი პოეტი ახლდა: ხარიტონ ვარდიშვილი და მიხეილ ბოჭორიშვილი. აბა, ბაღი რისი ბაღი იქნებოდა, იქვე ფოტოგრაფი რომ არ ყოფილიყო, და სურათიც გადაიღეს. გალაკტიონი და ტერენტი ერთმანეთის გვერდით დგანან, აქეთ-იქიდან კი მეგობარი პოეტები უმშვენებენ მხარს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როგორც წიგნის ავტორი გვატყობინებს, სურათის გადაღების შემდეგ პოეტებს იეთიმ გურჯის სანახავად მეიდნისაკენ აუღიათ გეზი. ცხადია, ცნობილი აშუღი უპატივცემულოდ არ გამოუშვებდა სტუმრებს.
და მეც წარმოვიდგენ: უკან გამობრუნებული, უკვე შეზარხოშებული ტერენტი და გალაკტიონი ოდნავი ბორძიკით მოაბიჯებენ შეღამებული თბილისის ქუჩებში და მათი ლანდები ქვაფენილებზე ირეკლება…

© “არილი”

Facebook Comments Box