ზაზა თვარაძე, „ჩადექი მანდ!“ (ესეები, ინტერვიუები, ჩანაწერები), თბ. „ინტელექტი“, 2014.
ზაზა თვარაძე 50 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან. ამას ვერასდროს შევეგუები, რადგან ის ჩემი მეგობარი იყო. ესეების და ჩანაწერების მოზრდილი წიგნი, რომელიც ახლა ჩემს წინ დევს, მრავალ საფიქრალს აღმიძრავს. ყველაფერზე, ცხადია, ვერ ვისაუბრებ. წიგნიც მრავლისმომცვლია და ფიქრადაც არა მაქვს, თუნდაც რამდენადმე ამომწურავად ვისაუბრო მასზე. ზაზას გარდაცვალებიდან მეშვიდე წელი გასრულდა და ამ წიგნის გამოცემა საბაბს მაძლევს კიდევ ერთხელ გავიხსნო ჩემი მეგობარი. ამ წიგნში მწერლობაზე, როგორც თავის მოწოდებაზე საუბრისას ზაზა უჩვეულო თავმდაბლობას ამჟღავნებს. ის აქაც, როგორც სხვაგან, გულგახსნილი და გულწრფელია. ინტერვიუში ამბობს, რომ ლექსებს და პატარ-პატარა მოთხრობებს ბავშვობიდანვე წერდა, მაგრამ ადრეულ ასაკში მწერლად გახდომაზე სერიოზულად არ უფიქრია.
მწერლობა რომ იოლი საქმიანობა არ არის და ბედისწერა უფროა, ვიდრე პროფესია, ეს მან ბავშვობიდან იცოდა. ალბათ ამიტომაც არ უთქვმს, რომ მწერლობას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობის წლებში დროდადრო მოთხრობებს და ლექსებსაც წერდა, გამოქვეყნება არ უცდია. 18-19 წლის ასაკში ახალგაზრდა კალმოსნები ჩვეულებრივ ცნობილ მწერლებს ბაძავენ, ზაზას ნაწარმობები კი არავისას არ ჰგავდა. ეს იყო იუმორისტული, თუმცა შემზარავი ელფერის ფანტასმაგორიები. ერთნაირად სარკასტული იყო მოთხრობებიც და ლექსებიც. ყოველივე ეს ცდას ჰგავდა, რომელიც ბოლომდე არ განხორციელებულა, არც გამოქვეყნებულა. რაღაც ახალი იბადებოდა, იბადებოდა მისი შემოქმედების მკრთალი კონტურები, არადა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზაზა ერთობოდა და სრულიადაც არ ანიჭებდა მნიშვნელობას ამ ადრეულ ცდებს.
მახსენდება მაქს ბროდის მოგონება იმის თაობაზე, თუ როგორ კითხულობდა კაფკა თავის მოთხრობებს და სხვებთან ერთად თვითონვე როგორ ქილიკობდა. რაღაც ამდაგვარი იყო ზაზას მაშინდელი შემოქმედება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას მსგავსი თვითირონია არ ჰქონია, სერიოზულად ქმნიდა ფანტასმაგორიებს. მერე კი როცა „წითელი ძაღლები“, „მონტებულსუ“ ან „სიტყვები“ დაწერა, ამ თხზულებებში ირონია კი გამოსჭვიოდა, მაგრამ იუმორისტული საბურველი სადღაც გაქრა.
ფრანც კაფკა ვახსენე და მინდა ვთქვა, რომ ძალიან უყვარდა ეს მწერალი. მახსოვს, 70-იან წლებში 1964 წელს გამოცემული „მნათობი“ გამომართვა, სადაც ზურაბ კაკაბაძის ორი შესანიშნავი თარგმანი იყო დაბეჭდილი – „მეტამორფოზა“ და „განაჩენი“. ზაზა ხშირად საუბრობდა ამ მოთხრობებზე.
სტუდენტობის წლებში ზაზა პავლოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. კუთხის ბინიდან პეკინის ფართო ქუჩა მოჩანდა. მისი ოთახი იყო მისივე სამკითხველო. ყოველი მნიშვნელოვანი წიგნის წაკითხვა სამყაროს აღმოჩენის ტოლფასი გახლდათ. ზაზა ეძებდა აზრის გამზიარებელს და იოლად პოულობდა კიდეც, ვინაიდან სტუმარი არ აკლდა. მის ოთახში მეგობრები ხშირად ვიკრიბებოდით. მახსოვს, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ რომ წაიკითხა, ვერ ისვნებდა, წრიალებდა, გამუდმებით საუბრობდა ამ წიგნზე. ზაზა მთელი არსებით, ემოციურად იღებდა და ითვისებდა წაკითხულ ნაწარმოებებს, თავისებურად განჭვრეტდა პერსონაჟებს, რაც ნიჭიერების აშკარა ნიშანი იყო. პერსონაჟებზე ისე საუბრობდა, როგორც ცოცხალ ადამიანებზე და იმ რეალობაში ცხოვრობდა, რომელიც წიგნში იყო განფენილი. ჩემთვის სწორედ ეს ემოციური დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი, რადგან მხატვრულ ლიტერატურაში აზრიც ემოციური შეფერილობისაა. გული მწყდება იმაზე, რომ ამ ახლადგამოცემულ წიგნში არ აღიბეჭდა ზაზას ადრინდელი საუბრები ლიტერატურაზე. არც აღიბეჭდებოდა, ვინაიდან ზაზასთვის მაშინ არავის ჩამოურთმევია ინტერვიუები. მოგვიანებით ზაზამ დიდწილად საქართველოს სავალალო რეალობაზე, ღვთისმეტყველების, რწმენის და ურწმუნობის საკითხებზე ფიქრს მიუძღვნა დრო (რაც უმნიშვნელოვანესია მის სულიერ გამოცდილებაში და ამ წიგნშიც აისახა) ადრე კი უფრო ლიტერატურას და მუსიკას იყო მიდევნებული.
ესეისტიკა და პუბლიცისტიკა ცხოვრებამ მოიტანა. ყოველივე ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან 90-იან წლებში და მანამდეც გაუსაძლის ვითარებაში აღმოვჩნდით, საკუთარი თავის და ქვეყნის გადარჩენაზე ვფიქრობდით. ლიტერატურაზე ფიქრის თავი აღარავის ჰქონდა.
ამ მსოფლმხედველობრივმა გამოცდილებამ დააწერინა ზაზას წინამდებარე წიგნში დაბეჭდილი ესეისტურ-პუბლიცისტური წერილები და ამისგან განუყოფლად მისივე საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებები. ოღონდ ამ წიგნში უშუალოდ ლიტერატურაზე წერილობითი სახით შემორჩენილი საუბრები პუბლიცისტიკასთან შედარებით ნაკლებია. აქ არის ერთი შესანიშნავი ლიტერატურული წერილი – „სურამის ციხე“ და „მსხვერპლშეწირვა“ და ცალკეული ინტერვიუები ლიტერტურის თემაზე.
ამიტომ, მინდა გავიხსენო ყმაწვილობისდროინდელი ზაზა, როგორც ლიტერატორი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყოველი მწერალი, ამავე დროს ლიტერტორია, ანუ ის ადამიანია, ვისაც აქვს თავისი შემოქმედებითი ლაბორატორია. მახსენდება თომას ვულფის სტუდენტებთან შეხვედრისას ნათქვამი: „მე თქვენთან მოვედი პირდაპირ სახელოსნოდან, სადაც დიდხანს და ბეჯითად ვირჯებოდი“. ზაზაც ასე ირჯებოდა. მას სხვადასხვა ადგილებში უწევდა ცხოვრება. კარიერას, სიმდიდრეს და რეგალიებს არად დაგიდევდათ. შეეძლო მცირე ფართი ეკმარა, სადაც მუსიკას მოისმენდა, წიგნს წაიკითხავდა და რამეს დაწერდა. ასეთი იყო მისი ცხოვრება. ძალიან უყვარდა ინგლისური ფეხბურთი და ლიტერატურა, საერთოდ, ანგლომანი იყო, უყვარდა ღვინო, სუფრა, მეგობრებთან ცხარე კამათი, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა.
ზაზას შემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს მომენტად ქართული ენის ფლობა მიმაჩნია. ის მართლაც ზედმიწევნით კარგად ფლობდა ენას. ვინ იცის მერამდენედ უნდა მოვიხმო პოლ ვალერის მშვენიერი სიტყვები: „მწერლობა სიტყვიერი ხელოვნებაა, უკეთესია ის, ვინც უკეთ ფლობს თავის ენას“. ზაზას წიგნი „ჩადექი მანდ!“ სწორედ ენაზე საუბრით იწყება. ეს არის ეგზალტირებული, მეტაფორული ფრაზეოლოგიით დაწერილი ესე ენაზე, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, რომელიც მუდმივ ცვალებადია: „ენა არ არის ურთიერთობის საშუალება, აზრის გამოხატვის საშუალება, და საერთოდ არანაირი საშუალება თუ იარაღი – ენა ცოცხალი სხეულია, ისევე როგორც ადამიანის ტანი – იზრდება, იფურჩქნება, მეორე ხანს სუსტდება, ავადდება და სხეულივით სჭირდება წამალი, ახალი სისხლი, განკურნება…“ – წერს ზაზა.
ზაზა თარგმნიდა რელიგიურ გამოკვლევებს, სტატიებს ხელოვნებაზე, თავისუფალ ლექსებს და ეს თარგმანები უზადოდ იყო შესრულებული. როცა ვკითხულობ მის „მონტებულსუს“ ან „სიტყვებს“ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს სიტყვის გრაფიკული გამოსახვა და ფრაზის სისხლხორცეული შეგრძნება თავის წილ შთაგონებას ანიჭებდა ზაზას. მას ენის მძაფრი და გამახვილებული აღქმა ჰქონდა, ამიტომაც აზრი მის ფრაზაში სახედ იქცეოდა, პლასტიკურ გამოხატულბას იძენდა.
დიკენსი, ედგარ პო, სტივენსონი, ვაშინგტონ ირვინგი, ნათანიელ ჰოთორნი – ყმაწვილობისას ზაზას საყვარელი მწერლები იყვნენ. მათდამი სიყვარული ბოლომდე არ განელებია, ბოლომდე იცავდა „მათ უფლებებს“. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, როცა ყმაწვილკაცობის რომანტიკული პერიოდი თვითონ ლიტერატურული რომანტიზმით გატაცებას ემთხვევა. ასეთ დროს ყმაწვილმა ბოლომდე უნდა შეავსოს თავის თვალსაწიერი, ბოლომდე უნდა ამოწუროს ის სფერო, რომელიც სულიერ საზრდოს და წარმოსახვით გასაქანს ანიჭებს მას. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს თავის ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაში არ უნდა დარჩეს გამოტოვებული საფეხურები, თეთრი ლაქები, რომელთაც მერე ძნელად თუ შეავსებს. ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია ლიტერატურაშიც არსებობს. ვთქვათ, ბოდლერის მიერ თარგმნილმა ედგარ პოს „ყორანმა“ ახალ ევროპულ ლიტერატურულ ეპოქას დაუდო სათავე. დაიბადა სიმბოლიზმი, დადგა ლირიკული პოეზიის უჩვეულო აღზევების ხანა. რომანტიზმის შემდეგ XX საუკუნეში ჯერ იყო რეალისტურ-ნატურალისტური ნაკადი და მერე – სიმბოლიზმი.
მახსოვს ზაზას ინგლისურად წაკითხული “ყორანის“ ფრაგმენტები. ის მომნუსხველ ჟღერადობას უსვამდა ხაზს, საუბრობდა სუგესტიურობაზე და სწორედ ეს შთაბეჭდილება ქმნიდა ეპოქის რეალურ სურათს. ყველაფერი კი, ცხადია, რომანტიზმიდან იწყებოდა.
აქ იმის თქმა მინდა, რომ რომანტიზმის ყოვლისმომცველი წიაღის გარეშე ახალ დროში არაფერი არ არსებობდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ რომანტიზმის და სიმბოლიზმის შეგრძნება ჩვენთვის შესაძლებელი გახდა არა მანიფესტების და ტრაქტატების გაცნობით (თუმცა ესეც აუცილებელია), არამედ ნაწარმოებების დაგემოვნებით. ზაზა სწორედ ასეთი დაგემოვნების ოსტატი იყო.
ჩვენ ვკითხულობდით და ვეცნობოდით ლიტერატურას უსისტემოდ, ეპოქათა გზამკვლევის გარეშე, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი დალაგდა და მოწესრიგდა. მთავარი კი, როგორც უკვე ვთქვი, იყო ცალკეული ნაწარმოებებისგან მოგვრილი წარუშლელი შთაბეჭდილება. ზაზა სწორედ ასეთი ნაწარმოებების აღმომჩენი და გამომჩხრეკელი გახლდათ. მაგონდება სტივენ კრეინის „ცისფერი სასტუმრო“, ამბროს ბირსის პროზა, დილან ტომასის ლექსები, თომას ვულფის ცალკეული პოეტური წიაღსვლები რომანიდან „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ და მისივე „დაკარგული ბიჭი“, ჰერმან მელვილის „გადამწერი ბარტლბი“, ჰერბერტ უელსის რომანი „უჩინარი კაცი“ და მოთხრობები, ჩესტერტონის ნოველები, წერილები და წიგნი დიკენსზე, ჯოზეფ კონრადის „ლაგუნა“ და „ლორდი ჯიმი“ და სხვ მრავალი ნაწარმოები, რომელთა შესახებაც ზაზას ძალიან დიდხანს შეეძლო ესაუბრა. ზაზა არ იყო დეკლამატორი, ის უბრალოდ კი არ ციტირებდა ცალკეულ პასაჟებს თუ პერსონაჟების ნასაუბრევს ამ ნაწარმოებებიდან, არამედ ამ თხზულებათა რეალობაში ცხოვრობდა და იქიდან გვესაუბრებოდა. მისი საუბარი შთაბეჭდილებას ახდენდა, ვინაიდან ის აბსოლუტურად გულწრფელად იყო შთაგონებული წაკითხულით და ცდილობდა შენც შეეყვანე ამ რეალობაში. ის ჰგავდა მაგს თუ ქურუმს, რომელიც წიგნიერების რომანტიკულად მომხიბლავ სამყაროში გეპატიჟებოდა. ერთხელ მახსოვს დიღმის მასივში მოვიდა ჩემთან და განმიცხადა, ახლა აქ რომ მოვდიოდი, დოსტოევსკის სვიდრიგაილოვი შემხვდა გზაშიო.
ასე იყო თუ ისე, ამ ყმაწვილკაცობისდროინდელ გატაცებებს თავის კუთვნილი ადგილი ჰქონდა დროში და სივრცეში. მერეც უკვე, როცა მოწიფული ზაზა ოლდოს ჰაქსლის (მეოცე საუკუნის საუკეთესო მწერლად მიაჩნდა) რომანებს კითხულობდა, ადრინდელი მოგზაურობა ლიტერატურულ სამყაროში არამცთუ არ უარუყვია, უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნია. ეს პერიოდი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ვინაიდან მისივე ლიტერატურული გემოვნება იმხანად ყალიბდებოდა. აკი ამბობს კიდეც ერთ ინტერვიუში: „საყვარელი მწერლები რომ არ მყოლოდა და არავის გავლენა არ განმეცადა, წერას ალბათ არც დავიწყებდი. სხვადასხვა დროს უამრავი საყვარელი მწერალი მყავდა“.
ზაზას ჰქონდა უნარი წაკითხული ნაწარმოები ისეთი კუთხით მოეწოდებინა და ისე წარმოეჩინა შენს წარმოდგენაში, რომ ამ ნაწარმოებს უჩვეულო სხივი და მადლი შესძენოდა. ამას სწორედ იმ ემოციური კონტაქტის მეშვეობით ახერხებდა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ და რომელიც მას მთელ გარესამყაროსთან აკავშირებდა. წიგნში რომელსაც პირობითად ეწოდა „ჩადექი მანდ!“ კარგად ჩანს ზაზას ხასიათი, მისი ნატურა. ეს არის მოუსვენარი კაცი, რომელსაც ცნობისწადილი არ ასვენებს, ეს კაცი ეძებს, ჩხრეკს, ეკამათება და ეკითხება გარშემომყოფებს. ზაზას მკლავები არ დაუკაპიწებია, არ მიმჯდარა საწერ მაგიდასთან და არ უთქვამს, ვწერ და ხელი არ შემიშალოთო, ის სპონტანურად ქმნიდა თავის ნაწარმოებებს, ვინაიდან სათქმელი არ ასვენებდა. საქართველოს ბედზე და ქართველი ადამიანის მორალურ სახეზე ფიქრიც ბუნებრივად დაიბადა, სწრაფად იწერებოდა, მოუსვენრობა და ნერვიულობა ახლდა და საბოლოოდ ამ წიგნად შეკრული მივიღეთ.
© არილი