Uncategorized

გიგი გულედანი – სიტუაცია დაღესტანში

situacia dagestanshi

მიროს სამუშაო დღე არ იწყებოდა დილის ცხრაზე ან ათზე, როგორც წესი და რიგია.  რადგან ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა, რედაქციაში მაგ დროს ჯერ არავინ იყო ხოლმე.  აქტიური მუშაობა ბოლო კვირას ჩაღდებოდა, არა იმიტომ, რომ ასე ჯობდა, უბრალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, გასაკეთებელი საქმე ყველას ბოლო წუთამდე მიყავდა, ხოლო ბოლო კვირას,  მთელი რედაქცია, ავტორების, რედაქტორების, ფოტოგრაფებისა და დიზაინერების ჩათვლით, იძირებოდა შემოქმედებით ქაოსში, რომლითაც, არათუ წუხდებოდნენ, ეს ქაოსი რაღაც შეუცნობელი სიამაყითაც კი ავსებდათ. იყო ამ უწესრიგობაში რაღაცა ბოჰემური.  რედაქციის წევრები ამით, თუ შეიძლება ითქვას,  კეკლუცობდნენ, თავს იწონებდნენ კიდეც, როგორც გამორჩეული პრივილეგიით.

თუმცა მიროს ჯერჯერობით არ ქონდა გავლილი ეს კულმინაციური ფაზა, რადგან ის სულ ერთი კვირის წინ აიყვანეს ჩეკერად, რაც სტატიებში დასახელებული ფაქტების წყაროებთან გადამოწმებას გულისხმობდა. ამის გარდა, მის მოვალეობებში შედიოდა რედაქტორის ან სხვა ზემდგომების თხოვნების შესრულება, რაც, როგორც წესი, კურიერული ტიპის მომსახურებაში გამოიხატებოდა.

მიროს სიამოვნებას ანიჭებდა ყოველდღიურობა – გამეორებადი დეტალებით და იმითაც, რაც სამსახურების ცვლასთან ერთად იცვლებოდა. მაგალითად, როცა ტელევიზიაში მუშაობდა, მისი მსვლელობა სამსახურისკენ იწყებოდა ქუჩის ზედა კუთხეში, სადაც ის N99 მარშუტკას აჩერებდა, რომლითაც კვეთდა მთელ ქალაქს – დაეშვებოდა იპოდრომისკენ, გაივლიდა უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს, მერე დაეშვებოდა სანაპიროსკენ, გადადიოდა გაღმა, იჭედებოდა საცობში სამშენებლო ბაზრობასთან, სადაც მირო ფანჯრიდან აკვირდებოდა დილიდან აგორებულ ქაოსს. ქალები დადიოდნენ გამაგრილებელსასმელიანი ურიკებით, სატვირთო მანქანებიდან ცლიდნენ ცემენტს, კემპთან, მანქანების ბოქსებში ნაპერწკლებს ყრიდა სვარკა, პატარა პლატფორმებზე წასაღებად აქონდათ მეტალოპლასტმასის ფანჯრები, დასიცხული ნაშები ქმრებთან ერთად არჩევდნენ კაფელს. ამის მერე მარშუტკა გადადიოდა გაუქმებულ რელსებზე და სამრეწველო ზონის გავლით ხვდებოდა ქალაქის ბოლოში, ტრიალ მინდორზე, რომელსაც კვეთდა სწორი ასფალტის გზა. ამ ადგილს მირო  „არიზონას“ ეძახდა.

მიროს ახალი მარშრუტი ბევრად უფრო მოკლე იყო, რადგან რედაქცია ქალაქის ცენტრში, ძველ კომუნისტურ გამომცემლობაში მდებარეობდა, რომელიც, საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ, ათასი ჯურის წითელ-ყვითელ გაზეთს, ჟურნალს, კალენდარს თუ სხვა საეჭვო პროფილის ორგანიზაციას დაენაწილებინა. ამ,  ერთ დროს გაწკეპილ ბაუჰაუსის შენობაში შესვლისას, პირველი ნაბიჯებიდანვე დიდი ეპოქის დასასრულს ხედავდი, რაც საპრივატიზაციოდ გამზადებული გამომცემლობის პოსტ-აპოკალიპტურ ანტურაჟში გამოიხატებოდა.

სამსახურში გასვლამდე ნახევარი საათით ადრე მიროს ლეპტოპზე შეტყობინება ამოხტა.

თინა: ხომ ვერ მეტყვი, რამდენად უსაფრთხოა თბილისიდან ვლადიკავკაზში წასვლა ინგლისელი გოგოსთვის? ვლადიკავკაზიდან დაღესტანში და შემდეგ ასტრახანში? თუ გეცლება მიპასუხე :)) (შენ ჩემი ინფოპედია ხარ თუ რა მგონია არ ვიცი :)) დიდი მადლობა წინასწარ ! June 21st, 2:56pm

მირო ორი წამით დაფიქრდა. იდეაში, წარმოდგენა არ ქონდა, რა ხდებოდა იმ წუთას დაღესტანში, თუმცა, ზოგადად, ახსოვდა, რომ იქ ცოტა დაძაბული მდგომარეობა იყო. თინას  იმდენად ახლოს არ იცნობდა, რომ სცოდნოდა, რა მდგომარეობა შეიძლებოდა ყოფილიყო „უსაფრთხო“ მისი კრიტერიუმებით.  პასუხი მაინც მაშინვე მიწერა.

მირო: ვლადიკავკაზში შედარებით უსაფრთხოა, თუ უკვე გახსნეს გზა, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, არ ვიცი. დაკეტილი იყო ცოტა ხნის წინ მაგის გამო და იქიდან დაღესტანში მაინცდამაინც უსაფრთხო არაა, მითუმეტეს, ინგლისელისთვის.

მერე აიღო და დაგუგლა: „Ситуация в Дагестане“ და ამოგდებულ ლინკებს დახედა.

შედეგების მიხედვით, სიტუაცია მართლაც საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებდა პირველივე სამი ლინკი:

Ситуация в Дагестане уже давно напоминает кипящий котёл, на крышке которого пытается усидеть повар, на давая раскалённому пару вырваться …

Mar 6, 2014 – Эксперт: «Федеральный центр должен взять ситуацию в Дагестане под свой контроль». Общественные организации провели в …

Oct 11, 2013 – В республике ситуация непростая, но это не означает, что ничего …

მირომ თინას ძებნის ლინკი დაუკოპირა, ჩაის ჭიქა და თეფში გარეცხა, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.

ჟურნალს, რომელშიც მირო მუშაობდა, სახელად „ქალაქური დაიჯესტი“ ერქვა და მისი ისტორია ჯერ კიდევ პერესტროიკის დროიდან იღებდა სათავეს, თუმცა, შუაში, ალაგ-ალაგ იყო კრიზისული შავი ხვრელებიც, როცა გამოცემა რამდენიმე თვით ან სულაც წლითაც ჩერდებოდა ხოლმე. მთელი ამ ხნის მანძილზე „ქალაქურმა დაიჯესტმა“ რამდენჯერმე იცვალა სახეც და აუდიტორიაც და ყვითელი პოსტპერესტროიკული ჰოლივუდისა და ჰოროსკოპების გავლით, ჯერ ახალი ამბების მიმოხილვის, შემდეგ რევოლუციურ, ხოლო საბოლოოდ – ირონიულ-კრიტიკულ გამოცემად ჩამოყალიბდა, რომელშიც ქალაქისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი პუბლიცისტები მოღვაწეობდნენ.

ჟურნალის გამომშვები რედაქტორი გახლდათ ვინმე ლ. ზერეკიძე რომელიც საკმაოდ საინტერესო პერსონაჟს წარმოადგენდა. ეს იყო გვიანი ეპოქის საბჭოთა ინტელიგენტის, გარდამავალი ეპოქის ქუჩის მაფიოზების მეგობრისა და ბოლო-ბოლო, ბიზნესმენ-გამომცემელ-რედაქტორად ჩამოყალიბებული, ზომიერად ბიბლიოფილი, რელიგიური და მელომანი ადამიანი. ზომიერებაში უპირველეს ყოვლისა, მირო გულისხმობდა სულ ოდნავ ძველმოდურობას თუ კონსერვატულობას. როცა, რაც არ უნდა ბევრი იკითხო ინტერნეტში, ყველაზე მაგარ ჟურნალებად მაინც „ტაიმი“ და „ეკონომისტი“ რომ მიგაჩნია, აი ეგ სულიერი მდგომარეობა.

ასეა თუ ისე, ლ. ზერეკიძე იყო „ქალაქური დაიჯესტის“ სახე და მიროს ხშირად უჭირდა მისი ამოცნობა თუ გაშიფვრა. ერთ დღეს ზერეკიძეს შეიძლება შენთან მეგობრულად ელაპარაკა ჯიმ მორისონის საკურსო ფილმებზე, ხოლო მეორე დღეს ზონდერივით ტყავის კურტკაში გამოწყობილი, კორიდორში შეხვედრისას, გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით სადღაც მიმავალს, სულაც სალმის გარეშე ჩაევლო.

ავტობუსით მგზავრობაც იმ რუტინული რიტუალების რიგში შედიოდა, რომელიც მიროს საშუალებას აძლევდა, დარწმუნებულიყო სასაცილომდე მისული გამეორებების არსებობაში. ავტობუსი ყოველთვის მოულოდნელად ჩამოუხვევდა ხოლმე. ავტობუსი იჭედებოდა ბანკის შენობასთან წარმოქმნილ საცობში. საავადმყოფოსთან შუქნიშანზე ყოველთვის ვიღაც კეტავდა მოძრაობას უადგილოდ გაჩერებული მანქანით. სასტუმროსთან, როგორც წესი,  ამოდიოდა კონტროლიორი.

ტყავის კურტკაში დახვდა ლ. ზერეკიძე მიროს ამ დღესაც, როცა ეს უკანასკნელი, დაღესტნის ნიუსების წაკითხვის შემდეგ, ავტობუსიდან სამსახურის წინ გაჩერებაზე ჩამოხტა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მუშები სპეციალური აგრეგატებით იღებდნენ ასფალტს ტროტუარიდან, რის გამოც მთელი შენობის გაყოლებაზე აპოკალიპტური მდგომარეობა სუფევდა. ლ. ზერეკიძის ოთახის კარი ღია იყო და ჩანდა, როგორ ჩასცქეროდა ის მაგიდაზე გაშლილ ამობეჭდილ სტატიებს. მირო შეეცადა, კართან შეუმჩნევლად ჩაევლო, მაგრამ ზურგსუკან მაშინვე  შემოესმა ზერეკიძის ხმა:

– მირო!

მირო მოტრიალდა და ღია კარში გაჩერდა.

– მისმინე, – ამოხედა ზერეკიძემ – ზაზა იგვიანებს და შეგიძლია, ნავთლუღში გახვიდე და ერთი გამომგონებლისგან წამოიღო რაღაც ნახაზები, რო აქ დავასკანეროთ?

– მმ… შემიძლია, რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა მირომ. – უბრალოდ, იმ თარგმანებს რა ვუყო, გუშინ რო დამავალე?

– ეგ მოიცდის.

– კაი, რითი წავიდე?

– ზაზას მანქანით წადი, აი გასაღები – ლ.ზერეკიძემ ტყავის კურტკის ჭრაჭუნით მაგიდაზე მანქანის გასაღები გამოაცურა და მიროს გაუცინასავით, – შენ ხო გიყვარს ვინტაჟი?

– მე კარგი ყველაფერი მიყვარს – გაუღიმა მირომ, მერე გასაღები აიღო და კიბეებისკენ წავიდა.

მანქანა, რომელიც ლ. ზერეკიძემ ვინტაჟად მოიხსენია, იყო ერთი ძველი აგურისფერი რენო-მოსკვიჩი, რომელიც „ქალაქური დაიჯესტის“ მიროზე ერთი საფეხურით დაბალი კატეგორიის მრავალფუნქციურ თანამშრომელს – ზაზას ეკუთვნოდა. მიროსგან განსხვავებით, ზაზას ფუნქციები უმეტესწილად კურიერულ საქმიანობას უკავშირდებოდა და ძირითადად რაღაცეების მიტან-მოტანით, საგადასახადოში სირბილითა და სტამბაში საქმეების მოგვარებით შემოიფარგლებოდა. აგურისფერი რენო-მოსკვიჩი მისი არ იყო, თუმცა, როგორც საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბოლო თაობას, ზაზას ამ მანქანის მიმართ გარკვეული სენტიმენტები გააჩნდა, რის გამოც რენო-მოსკვიჩი, ასაკთან შედარებით,  საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო შენახული. მანქანა, როგორ იტყვიან,  შეკრული იყო, მოტორი და სავალი ნაწილი წესრიგში ქონდა, ხოლო მისი ყველაზე შარმიანი შტრიხი გახლდათ – დროთა განმავლობაში თანაბრად გადამქრალი ლაკი, რაც ავტომობილის კორპუსს არაამქვეყნიური აგურისფერი ხავერდის ფაქტურას აძლევდა.

ასაწყობი თვითმფრინავის მოდელით ხელში, მირო გზას მიიკვლევდა ნავთლუღის საფეხმავლო მიწიქვეშა გადასასვლელში, რომელიც მეტროს რკინიგზის სადგურს საგარეუბნო გზატკეცილთან აკავშირებდა. აღმოსავლეთის სადგურის აქ გადმოტანის შემდეგ, გზატკეცილზე სამშენებლო ბუმი დაიწყო, რაც რამდენიმე წელიწადში ერთმანეთზე მიშენებულ კვარტლებში აისახა. ამას დაემატა ახალი რკინიგზის სადგურის მგზავრთა ნაკადებიც, რომლებმაც საფეხმავლო გვირაბის ატროფირება გამოიწვია. გვირაბის მთელ სიგრძეზე გაჭიმული იყო რაიონებიდან და საბითუმო ბაზრობებიდან მოზიდული ხლამი, რომელიც  ათჯერ  გაზრდილი მგზავრების ნაკადისთვის 30-სანტიმეტრიან გასასვლელსღა ტოვებდა. ზოგჯერ ეს გასასვლელიც იკეტებოდა თონის პურის ურიკების თუ სხვა სახელდახელო  სავაჭრო „ყველგანმავალის“ გამო და ერთმანეთში იზილებოდა გამვლელების ტალახიანი ნაფეხურები –  გასაყიდად გამოტანილ კლიონკებზე, შალის ნაქსოვ ტრუსებსა და ბურახის პატარა კასრებზე, რომლებზეც ეწერა – „პატარა ჭიქა 10 თეთრი, დიდი ჭიქა – 20 თეთრი, ვიბარებ ნატურალურ თმას“.

გვირაბში სუფევდა განუკითხაობა და ანტისანიტარია. უკნიდან მოწოლილი ხალხის  გამო მირომ წაიფორხილა და ფეხი წამოკრა გასაყიდად გამოტანილ, ფეხზე დაყენებულ, პატარა შემწვარ თიკანს, რომლის გამყიდველსაც კინაღამ თვალი ამოთხარა ასაწყობი თეთრი თვითმფრინავის ფრთით. თვითმფრინავით მაღლა აშვერილი ხელით, ვიღაცის დუბლიონკიან ზურგზე მიჭყლეტილმა მირომ თვალი მოკრა ბოჩოლას გვერდზე გამოფენილ რკინის მანქანის საბჭოთა მოდელებს, როგორებსაც ბავშვობაში აგროვებდა ხოლმე. დახლებზე იყო შედარებით ახლად ათვისებული პროდუქციაც – დაკლული და გოჭებივით შეტრუსულ-გატყავებული საშუალო ზომის კატები, რომლებსაც დაცლილი კლანჭებთან გამომავალი ბეწვი, კლიენტის მისაზიდად, სილამაზისთვის ქონდათ ჩამოვარცხნილი. სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ასეთი პროდუქტის ნახვა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სურსათის ფასების თავბრუდამხვევ ზრდასთან ერთად, ადგილობრივებმა საბოლოოდ აღიარეს აზიური პრაქტიკა და ქუჩის ძაღლებსა და კატებს მიადგნენ, რაც სიდუხჭირის გარდა, რაციონალური სანიტარული შედეგებითაც მართლდებოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატებითა და ძაღლებით კვება მაინც დაბალი სოციალური ფენისადმი მიკუთვნებულობას მიანიშნებდა.

უკვე გვირაბის ბოლოში მირომ ძლივს გამოითავისუფლა თავი ხის ყუთებისგან გამართული სახელდახელო დახლებიდან. უკვე სამშვიდობოზე გასული, გაოფლიანებული, ხელში თვითმფრინავის მოდელით წელში გაიმართა, მობრუნდა და  გამწარებულმა გამყიდველებს უმისამართოდ მიაძახა – „თქვენი დედაშევეცი!“, რის შემდეგაც მოტრიალდა და მანქანისკენ დაიძრა. გამყიდველებმა უხერხულად ჩაიცინეს, რადგან იცოდნენ,  რომ  მტყუანები იყვნენ.

უკან მობრუნებულმა მანქანა პირდაპირ გამომცემლობის წინ, კარგ ადგილას გააჩერა. მანქანიდან გადმოსულმა თვალი მოკრა მისკენ წამოსულ გიჟ მღვდელს, რომელიც  ქოლგით ხელში სტაიანშიკობდა კიდეც. მირომ მანქანის კარი დაკეტა და მღვდელს თვალი მოარიდა, თუმცა, როგორც გაირკვა, სტაიანშიკი მღვდელი სულ სხვა მანქანისკენ მიდიოდა. მანქანამ მღვდელს გაასწრო ისე, რომ ფული არ მიუცია. სტაიანშიკმა შეიგინა. მირო გამომცემლობაში შევიდა.

როგორც წესი, სამუშაოს დაწყებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ, მიროს საშვს აღარ თხოვდნენ, დაცვა  სახეზე ცნობდა. ამიტომ მირო შეუჩერებლად გადიოდა ხოლმე ტურნიკეტს და პირდაპირ კიბეებისკენ  მიეშურებოდა, თუმცა ამჯერად მას დაცვამ რაღაც მოაძახა. მირო ჯიხურთან მობრუნდა. ტურნიკეტთან მიდგმულ მაგიდასთან ახალგაზრდა დაცვის უფროსი იჯდა, მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგითა და ცისფერი თვალებით. შესახედავად გავდა საბურთალოზე გაზრდილ რუსს, ქართული რომ ძალიან კარგად იციან.

–  თქვენ ვისთან მიდიხართ? – ამოხედა მან მიროს.

–  მე აქ ვმუშაობ – უპასუხა მირომ.

–  საშვი გააქვთ?

მირომ ჯიბეები მოიქექა. საშვი არ ჩანდა.

–  უკაცრავად, ეტყობა სახლში დამრჩა მეორე კურტკაში.

–  მაშინ ვერ შეგიშვებთ.

მირომ დაქანცული გამომეტყველება მიიღო, მერე კი გულზეხელებდაკრეფილ დაცვის უფროსს, რომელიც ნახევრადთვალდახუჭული უსმენდა, შემრიგებლური ინტონაციით მიმართა.

– ძალიან გთხოვ, შემიშვი რა. გამარჯობა – მიესალმა მირო ტურნიკეტზე შემოსულ თანამშრომელს, რომელსაც საშვი არ შეუმოწმეს, შემდეგ ისევ დაცვას მოუბრუნდა – მართლა აქ ვმუშაობ, დილით რომ ვიყავი მოსული, არ გახსოვთ? – მერე თვითმფრინავი აჩვენა – ამის მოსატანად გამგზავნა ჩვენმა რედაქტორმა, რა ქვია… – მირომ გონება დაძაბა, მაგრამ ლ. ზერეკიძის გვარი მისი ტვინიდან გაუგებარი კანონზომიერებით გამქრალიყო. ვერანაირად ვერ გაიხსენა, ბოლოს ჟურნალზე გადავიდა – მე „მოქალაქის დაიჯესტიდან“ ვარ.

დაცვის უფროსი ჟურნალის არასწორმა სახელმა წყობიდან გამოიყვანა.

–  რა „მოქალაქის დაიჯესტი“,  რეებს ლაპარაკობ, ეგეთი ჟურნალი აქ საერთოდ არ არსებობს.

–  მოქალაქის კი არა, ქალაქური, კაი, შემეშალა. – გამოასწორა მირომ. მართლა რედაქციის თანამშრომელი ვარ, აი ჟურნალის მანქანის გასაღები, თუ არ გჯერათ.. – მირომ ჯიბიდან აგურისფერი რენო-მოსკვიჩის გასაღები ამოაძვრინა და დაცვის წინ გააქანავა. რატომ არ გჯერათ?

– იმიტორო.. – დაცვამ მილულული თვალები ბოლომდე გაახილა, ფეხზე წამოდგა და მიროს მიუახლოვდა – იმიტორო, ზერეკიძე უბრალო კაცი არ არის, გაიგე??!

–  მე სადმე ვთქვი, უბრალოა-მეთქი? – მხრები აიჩეჩა მირომ.

დაცვამ მიროს რამდენიმე წამი უყურა, მერე დაცვის ოთახისკენ დაიძრა და თქვა:

–  გამომყევი.

მირო, ხელში თვითმფრინავის მოდელით, დაცვის უფროსთან ერთად დაცვის ოთახში შევიდა, რომელიც ფანჯრებით უკანა ეზოში გადადიოდა. ეზოში იდგა რამდენიმე შენახული, მაგრამ დიდი ხნის ნადგომი საბჭოთა მძიმე მანქანა – ერთი ამწე „ივანოვეცი“, ორი „რაფი“ და ერთიც ძალიან ძველი სტაფილოსფერი ავტობუსი, რომლის მარკაც მირომ არ იცოდა, მაგრამ ახსოვდა, რომ ეგეთი ავტობუსები,  ძალიან ღრმა ბავშვობაში, მისი სახლიდან კულტურისა და დასვენების პარკამდე დადიოდა.

ოთახში იყო კიდევ ორი ტიპი, რომლებიც მორიგე დაცვისთვის განკუთვნილ ტახტზე ნახევრად წამოწოლილიყვნენ. ერთი მათგანი კედლისკენ იყო მიბრუნებული, ხოლო მეორე უყურებდა მაცივარზე შემოდებულ ტელევიზორს, საიდანაც იღვრებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე პავილიონში, მტვრიან შავ ფონზე გადაღებული რომელიღაც იდუმალი გადაცემის ხმა.

თავქვეშ ხელებამოდებულმა მიროს ერთი გამოხედა, მერე პულტი აწია და სხვა არხზე გადართო. პრივატიზებისთვის განწირულ საბჭოთა ოთახში დაიღვარა ბრიტანული პანკ-როკის ღვთიური ჰანგები. მიროს სიამოვნებისგან გააჟრიალა. მოუბრუნდა დაცვის უფროსს,  უნდოდა რაღაც  ეთქვა, მაგრამ დაინახა, რომ ის თვალდახუჭული იდგა. როგორც ჩანდა, დაცვის უფროსიც, რაღაცისაგან, შესაძლოა, სულაც იგივე პანკ-როკისგან, იმ მომენტში უდიდეს სიამოვნებას იღებდა. ამას,  დახუჭული თვალების გარდა, სულ ოდნავ შესამჩნევად მთრთოლვარე ნესტოები და მელოდიას  ლაითად აყოლებული საჩვენებელი თითიც მოწმობდნენ. მირო მონუსხული უყურებდა ამ სანახაობას. პანკ-როკი ჯერ კიდევ უბერავდა, როცა დაცვის უფროსმა უცებ თვალი გაახილა, ოთახს მარჯვენა ხელი მოავლო და იკითხა: „თქვენ, ყველა ხედავთ, ამ გიჟურ ჟანგისფერში გარდამავალ იასამნისფერს?“

ჩამოვარდა რამდენიმეწამიანი პაუზა, მირომ პირი დააღო და არავინ იცის, რას იზამდა, მაგრამ  უცებ  მის უკან წამოწოლილ ტიპს  სიცილი აუტყდა, რასაც დაცვის უფროსიც აყვა. მიროს სახეზე ჯერ ღიმილი გამოეხატა, მერე მასაც გაეცინა და დაცვის უფროსს უთხრა: „გატრიპეთ ხო? მეც მინდა“.

დაცვის უფროსმა მიკროსკოპული წვეთებით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და მწოლიარე პადელნიკებს მიმართა.

– ჰა, რა ვქნათ ეხლა, ვცეეთ პატივი სტუმარს?  რა ჭირს, ბიჭო, მაგას, მართლა ძინავს?

წამოწოლილმა თანამშრომელმა კედლისკენ გადაბრუნებულს მხარზე დაადო ხელი და შეანჯღრია.

– ადე,  შეჩემა, მოვიდა. – თუმცა მეორე თანამშრომელს, როგორც ჩანს ღრმად ეძინა.

– ეს ვინ არი? – იკითხა მირომ.

– ეგ არის სიურპრიზი – უპასუხა დაცვის უფროსმა – მანამდე კი ენა გამოყავი – თქვა მან და მუქ  წამლის ბოთლში ჩახრახნილი პიპეტკა გააძრო. – მაგას უთხარი მადლობა, რომ აქ ხარ.

კედლისკენ მიბრუნებული უცნობის სახე არ ჩანდა. მირომ პირი გააღო და დაცვის უფროსმა მას ენაზე რაღაც დააწვეთა. მირომ პირი გააწკლაპუნა, ფანჯარაში გაიხედა და დაინახა, რომ დაცვის უფროსი მართლაც არ ცდებოდა ფერებთან დაკავშირებით. ფანჯრის მიღმა სივრცეში მართლა ჩანდა ჟანგისფერში გარდამავალი იასამნისფერი ეთერი.

პანკ-როკი ნელ-ნელა ატონალურ ჯაზში გადაიზარდა. ვიღაცა თავდაჯერებით უბერავდა ტენორ საქსაფონში და ვითომ შემთხვევით გამოსროლილი ბგერების ფეიერვერკში როგორღაც არცერთი არ ჩაუბერავს უადგილოდ. ძველი ტელევიზორის ეკრანზე, რაღაც საბავშვო გადაცემის პრომოს სტილში, გამოჩნდა ბავშვების  გამოძერწილი ინფანტილური აბდაუბდისგან შემდგარი პლასტელინის ცხოველების ფერმა.

–  თუ არ უბერავ, არ ცოცხლობ – თქვა მირომ მუსიკის შთაგონებით.

–  თუ არ სუნთქავ, არ ცოცხლობ – გაუსწორა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა დაცვის უფროსმა, რომელიც ეკრანზე პლასტელინის ფერმას ყურადღებით ათვალიერებდა.

–  არა-არა, „თუ არ უბერავ“, უნდა იყოს. – თავი გააქნია მირომ და ფანჯარაში გაიხედა. – იმიტომ რომ სუნთქვით შეიძლება ხელოვნურზეც იყო. ჰაერს უნდა აკაჩავებდე შენთვითონ, შენთვითონ უნდა უბერავდე. თუ არ უბერავ, არ ცოცხლობ.

© არილი

Facebook Comments Box