გზაჯვარედინი
მალხაზ ხარბედია, პირადი ბიბლიოთეკა, თბ. “არეტე”, 2006.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ “პირადი ბიბლიოთეკა” რუბრიკას დაერქვა და “24 საათში” სვეტს უძღოდა წინ.
მოგვიანებით მალხაზ ხარბედიამ შეკრიბა გამოქვეყნებული მასალა და სტრუქტურულ მთლიანობად აქცია და როგორც თვითონ დასძენს წინასიტყვაობაში, თავი მოუყარა იმ ნაწარმოებებზე გამოთქმულ შთაბეჭდილებებს, რომელთაც დროის გარკვეულ მონაკვეთში კითხულობდა ან ხელახლა გადაიკითხავდა ხოლმე. თვითონ ამ ჟანრს “სალაღობო რეცენზიები და მოკლე წინასიტყვაობები” უწოდა, პირველსათავეების და წარმომავლობების მისამართიც არ დავიწყნია: ხორხე ლუის ბორხესის “პირადი ბიბლიოთეკა” და უმბერტო ეკოს “შიდა რეცენზიები”.
სიტყვა “სალაღობო”, ჩემი აზრით, განმსაზღვრელია მთლიანად ამ წიგნისთვის. მხოლოდ ეს სიტყვა, ამ შემთხვევაში, არ უნდა გავიგოთ “მსუბუქის” მნიშვნელობით. სიახლეზე რომ ვსაუბრობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი – კრიტიკული თხრობის უჩვეულო ტონალობას, თვალშისაცემ სილაღეს და თავისუფლებას, რომელიც პირველივე სტრიქონებიდანვე გიზიდავს.
ავტორი ამა თუ იმ მნიშვნელოვან თხზულებაზე რომ საუბრობს, ამავე დროს ესთეტიკური დაგემოვნების განწყობასაც აღვიძებს მკითხველში, ეს კი თავისუფალი თხრობის გარეშე წარმოუდგენელია.
წერილი, რომელიც კიარან კარსონის “სამყურა ჩაის” ეხება, ასე იწყება: “ისევ აქა ვართ, სამთვიანი შესვენების შემდეგ კვლავ დავუბრუნდით ამ დალოცვილ კუთხეს, მშობლიური სვეტის ტერიტორიას და ძველი მეგობრების წრეს. ასეთ მეგობრებთან კი ჩაისაც დალევდა კაცი”.
ჩაის დალევაზე რომ საუბრობს, მახვილგონივრული მინიშნების მეშვეობით რომანის დაგემოვნებას თუ დაჭაშნიკებას, მის შეძლებისდაგვარად სრულფასოვან, გონებრივთან ერთად ემოციურ აღქმასაც გულისხმობს.
პასკალ კინიარის წიგნზე მსჯელობისას ავტორი უპირველეს ყოვლისა ხმებზე აკეთებს აქცენტს: “პირველი, რამაც ჩემი ყურადგება მიიქცია ამ შესანიშნავი წიგნის კითხვისას, არაიმდენად მოთხრობილ ამბავთან იყო კავშირში, რამდენადაც სხვა, უცხო ფენომენთან. წიგნში გადმოცემული სევდიანი ისტორიის ფონზე განუწყვეტლივ რაღაც ხმიანობს, ავტორს არცერთი ხმოვანი დეტაილ არ ეპარება და ე.წ. აუდიო-ეფექტები გარკვეულ საზრისადაც კი ყალიბდება”.
ეს ბოლო შენიშვნა მართლაც რომ საგულისხმოა. პასკალ კინიარის რომანს ხმები, მელოდიური პასაჟები, უაღრესად დახვეწილი ხელწერა ქმნის. მთელი რომანი თითქოს ვიოლაზე შესრულებული სევდიანი მელოდიაა.
ყოველივე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ საბჭოთა პერიოდის მხატვრულ გამოცემებს, ლექსების კრებულებს თუ პროზაულ ნიმუშებს ისეთი “პირქუში” წინათქმები უძღოდა, რომ თვითონ ნაწარმოების წაკითხვის ხალისი გეკარგებოდა. ამ წინათქმებში უმთავრესად თხზულების “იდეოლოგიური მხარე” იყო მკაცრად მონიშნული. კაცი იფიქრებდა, ესთეტიკურ ფენომენთან, მხატვრულ ნაწარმოებთან კი არა, ორაზროვან დეკლარაციასთან გაქვს საქმე, რომელიც გაშიფრვას საჭიროებსო. გონებაჭვრეტითი დამოკიდებულება ლიტერატურისადმი დღესაც არსებობს და მრავლად იწერება ე.წ. “გარჩევის” წიგნები, რომელსაც მხატვრული ნაწარმოების ზემოქმედების საიდუმლოებასთან, მის მომნუსხველ მადლთან ზიარების ნიშანწყალიც კი არ ატყვია.
მალხაზ ხარბედია ამის საპირისპიროდ ყოველთვის ცდილობს ნაწარმოების ესთეტიკური ზემოქმედების ველში შეიყვანოს მკითხველი, იგრძნოს და მასაც აგრძნობინოს ნაწარმოების მხოლოდ გონებით ვერსაწვდომი პლასტები. ყოველივე ამას კი ავტორი უაღრესად თავისებურად აკეთებს. ის თამაშობს, მახვილსიტყვაობს, მოულოდნელ ლიტერატურულ თუ ცხოვრებისეულ წიაღსვლებს გვთავაზობს, იუმორს იშველიებს, იღიმება ან საკმაოდ სერიოზულად, ისე, რომ არ კარგავს თხრობის საერთო ტონალობას, თავის წიგნიერ ასოციაციებსაც გვანდობს; აი, ვთქვათ, უილიამ ფოლკნერის “სოფელისადმი” მიძღვნილი წერილი როგორ იწყება: “მოდი, გზაჯვარედინებით დავიწყოთ, მტვრიანი გზაჯვარედინებით. ამერიკული ლიტერატურა და კინო ხომ სავსეა ასეთი გზაჯვარედინებით, სადაც ზოგი თავს პოულობს, ზოგი კი იკარგება”.
ამის შემდეგ ავტორი გვატყობინებს, რომ ჯეფერსონში იმყოფება, იოკნაპატოფას ოლქის ცენტრში, გზაჯვარედინზე დგას და სამხრეთისკენ მიმავალ დილიჟანსს ელოდება, ფრანგისხევში უნდა ჩავიდეს, იქ, სადაც ფლემ სნოუპსი დასახლდა თავის ჯალაბობასთან ერთად. და აი, ასე შეჰყავს მკითხველი მალხაზ ხარბედიას ფოლკნერის რომანის დახლართულ სამყაროში.
მახსენდება აკირა კუროსავას ერთი კინონოველა, რომელიც სხვა ნოველებთან ერთად სიზმრებად არის წარმოდგენილი. საგამოფენო დარბაზში მდგარი დამთვალიერებელი დიდხანს შეჰყურებს ვან-გოგის პეიზაჟებს და სხვათაშორის, მხატვარსაც შეხვდება და გაესაუბრება.
ზუსტად ასევე შევყავართ მალხაზ ხარბედიას ფოლკნერის “ლანდშაფტში”, თითქმის მთელ იოკნაპატოფას მოგვატარებს, გვერდს ავუქცევთ ჯოანა ბარდენის სახლს, სადაც ქრისთმასმა რომანიდან “აგვისტოს ნათელი” მის ბარდენი მოკლა. ცენტრში კონფედერაციის ჯარისკაცის ძეგლია. ქალაქს რო გავცდებით, ორიოდე საათის სავალზე ტალის და არმსტიდის ფერმებიც გამოჩნდება და ფრანგისხევიც იქვეა…
ყოველი წერილი გზამკვლევია მწერლების რთულ და მიმზიდველ სამყაროში, მხოლოდ მალხაზ ხარბედიას ეს გზამკვლევი თავისებურია, ლაკონურია და მოქნილი, ყოველი წერილის მოკლე მონაკვეთზე მინიშნებულია ამა თუ იმ მწერლის უცნაურობა თუ თავისებურება, როგორც ბიოგრაფიული ხასიათის, ისე შემოქმედებითი. ავტორი ფაქტობრივად გვაინტრიგებს და პროვოცირებას გვიწევს, რათა გადავდგათ “საბედისწერო” ნაბიჯი, გადავლახოთ რეალობის ზღურბლი, შევიდეთ მწერლების წარმოსახულ ქვეყნიერებაში, რომელიც უფრო ღრმად დაგვანახებს ჩვენსავე რეალობას.
“პირადი ბიბლიოთეკის” დროითი და სივრცობრივი არეალი უაღრესად ფართოა: აქ ჰესიოდედან დღევანდელ დღემდე, ნებისმიერი ღირსეული მწერლის ნებისმიერ ნაწარმოებს შეიძლება შეხვდეთ. ეს წიგნი ლიტერატურულ სიახლეთა დასაჭაშნიკებლადაც გვიბიძგებს და სიძველეთა გემოსაც გვახსენებს.
და კიდევ ერთი რამ: როგორც ირკვევა, მალხაზ ხარბედიას ამ წიგნის წერისას სხვა მიზანიც ჰქონდა. ის ებრძოდა ლიტერატურულ ამნეზიას: “ვკითხულობთ გადაბმით და ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ აღარაფერი გვახსოვს. ამ წერილებით ვცდილობ, მხოლოდ კი არ ჩავინიშნო, არამედ სამუდამოდ ჩავიბეჭდო ის ნაღდი და ღირებული, რასაც ვკითხულობ, ეს წამალივითაა, ამიტომაც შეიძლება წიგნს “ანტიამნეზინიც” ეწოდოს.”
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”