პოეზია

ანდრო ბუაჩიძე

ქალაქგარეთ

რატომ მოვხვდით მე და შენ ამ ქვეყანაზე,
სადაც არსებობს რეგალიები და წოდებები, სადაც
არსებობს მკვლელობები და რატომ კლავენ
არ იციან, სადაც იცვლება ხშირად ტაროსი
და სულ უაზროდ ლიმნისფერი მზე ანათებს
ამ ქედებს უკან. ცივი ქარია, ალბათ მოთოვა
ტყეებს მიღმა, ჩვენ მივაბიჯებთ ნელა
და ცივი: უკვე ცხოვრების საკმარისი გზა
გავიარეთ და კვლავ მივდივართ. ცარიელია
ტრასა. შენ ამბობ: კარგია, რომ აქ
იცხოვროს კაცმა, – მზიან ტრასასთან
აქვე სულ ახლოს ლისის ტბა არის, მალე
ავტობუსის გარაჟები აღარ იქნება, და მათ
ნაცვლად აქ იპოდრომს გააშენებენ.
ქალაქგარეთ, ნუცუბიძის პლატოს იქით ჩვენ
მივაბიჯებთ ნელი ნაბიჯით. შენ იხდი კურტკას
და მხრებზე ისხამ, და მერე უკვე
არაფერზე აღარ ვსაუბრობთ, ნელა მივდივართ
მზიან ტრასაზე. ეს პირველი მზიანი
დღეა მარტის თვეში. საიდან მოვხვდი აქ,
სადაც ქვაფენილზე ორმოებია და მარცხნივ
კი ტრიალ მინდორზე ლტოლვილების კორპუსია,
სარეცხი კიდია აივნებზე და ბავშვი ტირის
ზედა სართულზე. შორიახლოს კი ჩვენს წინ
და თან მარცხენა მხარეს მოჩანს ის –
ე.წ. “ბავშვთა სოფელი” და თეთრი სახლი –
ჩემი შვილების საბავშვო ბაღი. მე იქ მივდივარ
პატარების გამოსაყვანად, შენ კი მომყვები.
ჩვენც ხომ ჩვენი წარსულიდან გამოვეშურეთ
და უკანვე ვეღარ დავბრუნდით. დიღმის მასივი
მივატოვეთ და გავიფანტეთ სხვადასხვა მხარეს.
კლასელები ვართ. კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.
ცხოვრების გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა.
როგორც ღამეში შუქნიშნები კვეთენ მოედნებს
და მიიწევენ სახლებისკენ. ჩვენ უკვე გავცდით
ლტოლვილთა კორპუსს. აქ ჭალაა და ჯუჯა ნაძვები,
და წყალია დაგუბებული. გზისპირას ვდგავართ
ორივენი და გადავყურებთ: მიტოვებული საძირკველია,
ქვის სალტეებში მწვანე წყალი დგას.
წყალში ცა მოჩანს მოწმენდილი და
ცარიელი, ხიმინჯებია, მიგდებული მშენებლობის
მიუსაფრობა, მზე და სიცივე და მივაბიჯებთ
მზიან ტრასაზე, საიდან მოვხვდით აქ
არ ვიცით, სადაც იმედებია ღრუბლებივით გაწოლილი
ქედების მიღმა, სადაც ვეძებდით ბევრ რამეს
და ვერ კი ვიპოვეთ და ახლა უკვე
შუახნისანი მივაბიჯებთ, რადგან ცხოვრება
სიარულია, შენ ყოფილი ფეხბურთელი ხარ,
მე კი ისევ იმ ერთ წერტილს მივჩერებივარ.
ახლოვდება ე.წ. “ბავშვთა სოფელი”, და აგურის
წითელ სახლში სიწყნარეა, თეთრ სახლში კი
ჩემი შვილები მელოდებიან და აშენებენ
კუბიკებისგან ახალ ცხოვრებას.

ოთახი

როგორ იბუდებს ამ ბინაში სიცარიელე,
რაც შენ დატოვე სამუდამოდ ეს ოთახები
და დღის სინათლე იატაკზე როცა იელვებს,
სხვა რამეს ამბობს, ამ სივრციდან რაც შენ გახვედი
სიჩუმეს იკრებს ყველა ნივთი – ბზა თუ რვეული,
მარადისობა თითქოს იწყობს თავის საბუდარს
მთრთოლვარე ხელით, და არ უნდა რომ ჭირვეული
იყოს, ამიტომ ჭკვიანურად ქსოვს აბლაბუდას.
და ეს ოდნავი აბლაბუდა თითქოს მუდმივად
ითრევს ამ ოთახს და ედება სხვა ოთახებსაც
და მთელი ბინა დაიკავა უკვე უნდილმა;
არ შეიძლება რომ ის იყოს სადმე ნახევრად.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box