თომას ვულფის ნაფიქრი და ნააზრევი ლიტერატურის შესახებ ერთ მსხვილ ტომს შეადგენს. ამ ნააზრევის მიხედვითაც კარგად ჩანს ამერიკელი მწერლის ნატურა: ბობოქარი ტემპერამენტის მარადმაძიებელი კაცი. ეს ჩანაწერები, ესეები, ბარათები თუ სხვა სახის ფრაგმენტები ბევრად არ განსხვავდება მისივე რომანებისა თუ მოთხრობებისგან. აქაც თავბრუდამხვევი ექსპრესიაა, აზრის სხარტი მოძრაობა, ფრაზების წარღვნა. აშკარაა, რომ ჩვენს ხელთაა წერას ატანილი კაცის ნაფიქრ-ნაგრძნობი, რომელიც გავარვარებული ლავასავით იფრქვევა ყოველწამიერად.
თომას ვულფმა ჰარვარდის ბიბლიოთეკაში წლინახევრის მანძილზე დანთქა მთელი მსოფლიო კლასიკა. ამგვარი სულმოუთქმელობა მისი ცხოვრების სტილი იყო. შთაგონების, ე.ი. ნამდვილი თავდავიწყების გარეშე მას არაფრის კეთება არ შეეძლო. თუმცა ლიტერატურულ საქმიანობაზე და უშუალოდ მწერლობაზე როცა საუბრობს, იმასაც ამბობს, რომ მწერალი შთაგონებას არ უნდა დაელოდოს, ვინაიდან მწერლობა ყოველდღიური ჭაპანწყვეტააო. როგორც ჩანს, სწორედ ამგვარი ჭაპანწყვეტის პროცესში ეწვეოდა მას მუზა და საშველს არ აძლევდა. მერე კი წერდა და წერდა…
მაქსუელ პერკინსი იგონებს: “ერთხელ დილაუთენია, ჩუმ და ცარიელ ორმოცდამეცხრე ქუჩაზე ნენსი ჰეილს თავის ბინიდან ვიღაცის მელოდიური ბანი შემოესმა. ხმა ძლიერდებოდა, ქალი ფანჯარას მიუახლოვდა. ფანჯრის გასწვრივ, ქუჩაში, მამაკაცის მოუხეშავი ფიგურა შენიშნა, იგი ცეკვავდა, შავი შლიაპა ეხურა და ფართო, გახსნილი ლაბადა ეცვა. ეს ტომი იყო, მოზეიმე და გამარჯვებული, მხიარულად მოღიღინე: “მე დღეს დავწერე ათი ათასი სიტყვა. მე დღეს დავწერე ათი ათასი სიტყვა”. ბებერი დრო კვლავინდებურად ცდილობდა მის დამარცხებას, მაგრამ იმ დღეს ტომმა იმარჯვა…”
მაქსუელ პერკინსმა შესანიშნავად იცოდა, თომას ვულფის შემოქმედების უმთავრესი მამოძრავებელი აზრი დროსთან ბრძოლა იყო. არა მხოლოდ რომანებში, არამედ რომანებზე საუბრისასაც კი ამერიკელი მწერალი დროში არსებობის პრობლემას უბრუნდებოდა. თუმცა ძნელია აქ პრობლემაზე ილაპარაკო. ეს ცნება, ალბათ უადგილოა, ვინაიდან დრო მისთვის ზოგადი და სიმბოლური კატეგორია უფრო იყო. დრო მისთვის მეტაფორად იქცა, რომელიც ძალიან მრავლისმომცველი გამოდგა და ადამიანიც მის საბურველში გაეხვია.
თომას ვულფს ლიტერატურაზე საუბრისას თავისი მხატვრული მეთოდის დადგენა არ უცდია. ალბათ იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ არ მიაჩნდა დასრულებულად ამგვარი მეთოდის დადგენის პროცესი. საერთოდ მისი საუბრები ლიტერატურაზე უდიდესი თავმდაბლობით გამოირჩევა. ეს თავმდაბლობა იმ პრეტენზიის პირდაპირპროპორციულია, რომელსაც ვულფი მწერლობას და მწერლის სახელს უცხადებდა. “მე მწერალი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მინდა ვიყო მწერალი. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მწერალი ის ადამიანია, ვინც ყველანაირი თვალსაზრისით მუშაკობს. განსაკუთრებით – ფიზიკური თვალსაზრისით”. ამ სიტყვებში კარგად ჩანს, თუ რა არის ვულფისეული გაგებით მწერლობა. მწერლობა, ყველაფერთან ერთად ფიზიკური შრომაა. ამ თეზას, ჩემი აზრით, ვულფი იმათ საპირისპიროდ, იმათ გასაგონად წარმოთქვამს, ვისაც ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ზეშთაგონებად, მხოლოდ ღვთის ნაბოძებ ფუფუნებად მიაჩნია. სტუდენტებთან შეხვედრისას ვულფი ამბობს: “მე თქვენთან მოვედი პირდაპირ სახელოსნოდან, სადაც დიდხანს და ბეჯითად ვირჯებოდი”. საერთოდ, ამერიკელი მწერლის საუბრები ლიტერატურაზე სტილური თვალსაზრისით სრულიადაც არ განსხვავდება მისივე მხატვრული ნაწარმოებებისგან. ბიბლიური პათეტიკა და სიმბოლიკა აქაც იჩენს თავს. კერძოდ, მწერლობაზე საუბრისას, ცხადია, რომ ვულფისთვის არსებითია ოფლისღვრით ლუკმა-პურის მოპოვება, რაც ცოდვითდაცემის შემდეგ მიუზღო ღმერთმა ადამიანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწერლობა ისეთივე საქმიანობაა, როგორიც ყველა სხვა. ამიტომაც შრომობს ასე თავგადადებულად თომას ვულფი. მისთვის არჩეული საქმე ცხოვრების საზრისის მოპოვების ტოლფასია.
ორიოდე სიტყვა ბიბლიასთან ნათესაობაზე. ამერიკელი მწერალი ამბობს: “ამ ზაფხულს ბიბლიის კითხვისას აღმოვაჩინე, რომ ეკლესიასტე, იობის წიგნი, ქებათა-ქება იმას გადმოგვცემს, რასაც მე ოცდაათი წელი ბუნდოვნად ვგრძნობდი. მე არამცთუ ვერაფერს ვუმატებ იქ ნათქვამს, არამედ განცვიფრებული ვარ ამ არაჩვეულებრივი პოეზიის სიბრძნით და მშვენიერებით. ამავე დროს, ვგრძნობ საკუთარ არარაობას”. სხვაგან ნათქვამი აქვს: “სიკვდილის წინ ვალტერ სკოტმა მოითხოვა: “წიგნი!” როდესაც მას ჰკითხეს, თუ კერძოდ რა წიგნი სურდა, პასუხი არ დაუყოვნებია: “წიგნი ამქვეყნად მხოლოდ ერთია”. და ის აბსოლუტურად მართალი იყო. ბიბლია შექსპირზე მაღლამდგომია და მდიდარი”.
ამ ბარათებიდან ამოკრეფილ დაკვირვებებში კარგად ჩანს თომას ვულფის ნატურა – ის უმაღლეს ღირებულებებს ეთაყვანება, მაგრამ არა ბრმად, არამედ წრფელად. მას ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას მიეცა ნიჭი ამ ღირებულებათა გაგებისა, მაგრამ ეს არ მომხდარა ერთბაშად. ვულფი სიყმაწვილიდანვე ეძებს თავის მძაფრი ტემპერამენტისთვის და ღრმა სულიერებისთვის გასასვლელ გზებს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ის იწყებს წერას. წერს უმთავრესად პიესებს. რატომღაც სურს დრამატურგობა, მაგრამ ამ ასპარეზზე ხელი მოეცარება. მიუხედავად ამისა, ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია – იქმნება უამრავი ლექსი, ჩანაწერი, დღიური.
თომას ვულფის პიროვნებად ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მარგარეტ რობერტსმა. ეს ქალი კერძო სკოლის მასწავლებელი გახლდათ და მწერალს ბავშვობიდანვე აიძულებდა ეკითხა ყველაზე უფრო სერიოზული წიგნები: “ილიადა” და “ოდისეა”, შექსპირის დრამები, თეკერეის “ამაოების ბაზარი”.
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში სწავლისას უკვე ხორეს უილიამსმა მიაქცია ნიჭიერ ჭაბუკს ყურადღება. სწორედ ამ პიროვნებამ შთააგონა ვულფს მარადიულ “დაწყევლილ” საკითხებზე მუდმივი ფიქრი. ვულფის მოთხოვნილებები მწერლობის მიმართ ძალზე მკაცრია. ის გაუთავებლად ადგენს ვრცელ რეესტრებს, ჩამონათვალებს, თავისებურ წერილობით კატალოგებს, სადაც ცდილობს შეარჩიოს მსოფლიო ლიტერატურის ოკეანედან უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები. ეს რეესტრები სხვადასხვა ნიშნით არის შედგენილი. ფაქტობრივად, აქ სერიის ნიშნებია აღნუსხული. ვულფი მწერალთან ერთად გამომცემელიც რომ ყოფილიყო, ალბათ ამ სერიული ნიშნებით გამოსცემდა წიგნებს: “თანამედროვე ყმაწვილის ბიბლიოთეკა”, “ამერიკული ლიტერატურის საუკეთესო დღევანდელი წარმომადგენლები”, “თანამედროვე მწერლები, რომლებსაც ყველაზე მეტად კითხულობენ ევროპაში” და სხვა და სხვა. აქვეა ჩამონათვალი, სადაც რჩეულთა შორის რჩეული მწერლები და ნაწარმოებებია წარმოჩენილი.
თომას ვულფი აზარტული მოთამაშესავით ადგენს გაუთავებელ კატალოგებს და მწერალთა კლასიფიკაციის სენით არის შეპყრობილი. ეს მისი თვითგანათლების ეტაპია, რომელიც, რასაკვირველია, წერასთან ერთად ავსებდა მისსავე მრავალსაათიან სამუშაო დღეს. სიტყვა “თავდაუზოგავი” კარგად გამოხატავს თომას ვულფის ნატურას, მაგრამ აქვე უნდა მოვიხმოთ ეპითეტი “შეპყრობილი” ან “წერას ატანილი”, ვინაიდან ამ კაცის თავდაუზოგაობა ოცდაოთხი საათის მანძილზე თითქმის განუწყვეტელი იყო. თუმცა თვითონ უკეთ იცოდა ყოველივე: “ჩემი ტვინის, გულის თუ მეხსიერების ერთი უჯრედი დღეიდან მარადიულად ენთება – დღისითაც და ღამითაც, ძილშიც და ღვიძილშიც; მატლი გაძღება, სინათლე გამოსხივდება და ვერავითარი წამალი, ვერც პური და ვერც წყალი, ვერც მეგობრობა და ვერც მოგზაურობა, ვერც სპორტი და ვერც ქალი ვერ გამამრთელებს. ვიქნები ასე განუკურნელი ამ სნეულებისგან, სანამ სიკვდილი არ წამაფარებს ბნელ საფარველს”.
ასე იბადება მწერალი თომას ვულფი და რაც ყველაზე განსაცვიფრებელია, ის თვითონ ადევნებს თვალს საკუთარ თავის მწერლად დაბადებას. მას არ შეუძლია არ მიადევნოს თვალი უცნაურ და მშვენიერ აქტს, რომელიც დროშია გაშლილი. თომას ვულფის ესეისტიკა, კერძოდ კი “ერთი რომანის ისტორია” სწორედ ამ თემაზეა დაწერილი. ეს თემა მუდმივად ბრუნავს ამერიკელი მწერლის ცნობიერებაში, ვინაიდან მისი პროზა ავტობიოგრაფიულია, მწერლად დაბადებაზე მნიშვნელოვანი კი სხვა აბა რა უნდა მოხდეს. ეს აქტი თომას ვულფისთვის მეხსიერების ფანატიკური, ექსტაზური გამოფხიზლებით იწყება. ვულფმა თავის ხანმოკლე ცხოვრების – ოცდათვრამეტი წლის მანძილზე ოთხი რომანი დაწერა: “სახლს მოხედე, ანგელოსო”, “დროის და მდინარის შესახებ”, “აბლაბუდა და კლდე”, “შინ ვერ დაბრუნდები”. ეს ოთხივე რომანი, ფაქტობრივად ერთი წიგნია, ერთი ვრცელი ტილოა, თვალუწვდენელი პანორამა, რომელშიც უკვე მირაჟივით გამქრალი, არარსებული წარსულისკენ არის გაჭრილი მზერა. ეს არის გაუთავებელი ხეტიალი მეხსიერების ყველაზე მიუვალ ტალანებში, სადაც ყველაზე უფრო შორეული ნივთიც შეიძლება მოიხელთო, რაც იმის მტკიცება იქნება, რომ წარსული ნამდვილად იყო. ამიტომაც დაეძებს თომას ვულფი მეხსიერების კლოაკაში გამუდმებით არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ საგნებს, ხმებს, ფერებს. ვულფი წერს: “ჩემს ვრცელ ჩანაწერებში არის სექციები, რომელთაც იდუმალი და საერთო სათაური აქვს – “სად არის ახლა?” ეს რუბრიკა აერთიანებს იმ საგნების მოკლე აღწერებს, რომელთაც მხოლოდ ერთხელ გაიელვეს ჩვენს თვალწინ, ერთხელ და შემთხვევით, და მერე სამუდამოდ დარჩნენ ჩვენსავე გულში და მეხსიერებაში”. ამის შემდეგ ჩამოთვლილია ზოგიერთი საგანი, მოვლენა თუ ჩქამი, მოულოდნელად რომ იჩინა თავი და მოულოდნელადვე გაუჩინარდა. აქ არიან, რა თქმა უნდა, ადამიანებიც – ნაცნობები და უცნობები – რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ თვალს მიეფარნენ და სიცარიელის ვეებერთელა გრძნობა დატოვეს.
თომას ვულფის სამყარო არ არის აბსტრაქტულ-პოეტური, ზოგადი და ამორფული, ის ყოველთვის ახერხებს თავისი პოეტური წარმოდგენების გასაგნებას, ჭვრეტითი, მეხსიერებაში აღბეჭდილი ხატების კონკრეტიზაციას. პირველი ორი რომანის – “სახლს მოხედე, ანგელოსო”, “დროის და მდინარის შესახებ” – მთავარი გმირია იუჯინ განტი, ბოლო ორი რომანისა – “აბლაბუდა და კლდე”, “შინ ვერ დაბრუნდები” – ჯორჯ უებერი. ეს ორი სხვადასხვა სახელის მქონე გმირი დროში არ თანხვდება ერთმანეთს, შინაგანი თვისებებით კი ბევრით არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თომას ვულფის, როგორც მწერლის და ადამიანის მეტამორფოზა თანმიმდევრულად განხორციელდა და აღიბეჭდა კიდეც ამ რომანებში. ბოლო რომანში კი (“შინ ვერ დაბრუნდები”) მან თითქოს თვითონვე შეკრა წრე და მთელი თავისი მანამდე განვლილი გზა აქცია მხატვრული რეფლექსიის საგნად. აქ ვულფი თითქოს ფარულად ეკამათება კიდეც თავის მუდმივ ოპონენტებს, რომელთაც მისი რომანების საბედისწერო ნაკლად ამორფულობა და ავტობიოგრაფიულობა მიაჩნდათ.
ადრევე ჩანდა, რომ თომას ვულფი მხოლოდ პოეტური წარმოდგენებით არ ავსებდა ცარიელ ფურცლებს. ამ წარმოდგენებს და ვიზუალურ ხატებს მწერლის ცნობიერებაში მოძრავი აზრი ამკვრივებდა და ამთლიანებდა. აი, ვთქვათ, რას ამბობს ის რომანზე “სახლს მოხედე, ანგელოსო”: “იდეა, მთავარი ლეგენდა, რომლის გამოხატვასაც მე ვესწრაფვოდი ამ წიგნში, უცვლელი რჩებოდა. ეს იყო იდეა მამისმაძიებლობისა. ამგვარი ძიებაა ადამიანური არსებობის საფუძველთა საფუძველი. მამა სიბრძნის და სიძლიერის ხატია”.
ბოლო რომანში უკვე აშკარად გაშლილია და გაღრმავებული ეს აზრი. ამავე დროს, თომას ვულფი დაუფარავად ჰყვება ყველაფერს საკუთარ თავზე და პირველი, უმნიშვნელოვანესი რომანის შექმნის პროცესზე. აქვეა გამოყვანილი მაქსველ პერკინსი, მისი რედაქტორი, რომელსაც მართლაც უდიდესი წვლილი მიუძღვის რომანების კომპოზიციურ მოწესრიგებაში. რაც მთავარია, ამერიკელი მწერალი ყოველივეზე გულღიად ლაპარაკობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპონენტების შემოტევებზე მეტად მას თავისი შემოქმედებითი მიგნებების სჯეროდა. ავტობიოგრაფიულობის გამოც არ გამოდევნებია ვულფი მოკამათეებს. ავტობიოგრაფიულობა განზოგადებული სახით მისთვის უფრო მწერლის ღირსებაზე მეტყველებდა, ვიდრე ნაკლზე. და ალბათ, ამას გაუსვა კიდეც მკვეთრი ხაზი ბოლო რომანის მეშვეობით.
XX საუკუნის ევროპელმა ავტორიტეტებმა მაღალი შეფასება მისცეს თომას ვულფის შემოქმედებას. ნიშანდობლივია თომას მანის აღტაცება და ჰერმან ჰესეს მწერლის პირველ რომანზე ნათქვამი: “ეს არის ამერიკულ ლიტერატურაში სხვა ნაწარმოებთა შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი”. თუმცა, როგორც მრავალრიცხოვანი ჩანაწერები, წერილები და ესეები ადასტურებს, ამერიკელმა თომას ვულფმა სხვაზე არანაკლებ იცოდა საკუთარი თავის ფასი.
© “არილი”