პროზა

დავით ქართველიშვილი – სანამ მე არ ვიყავი

1

როდესაც სრულიად მარტო ვარ, თავი ოდისევსი მგონია.

აი, ახლაც: სირინოზების ღვთაებრივი სიმღერა მესმის. უნებურად ფანჯარასთან მივდივარ და, ალბათ, მალე ფარდასაც გადავწევ. ფარდის მიღმა კი სირინოზების კუნძულია, რომელზეც ფეხს თუ დავდგამ, დავიღუპები.

ხელებს ჯიბეებიდან ვიღებ და ყურებთან მიმაქვს. იქნებ ასე მოვახერხო სმენის დახშობა და, შესაბამისად, გადარჩენა.

(ღმერთებო, აქ ხართ?!)

კარი იღება და მეც უნებურად თავს ღია კარისკენ ვატრიალებ. ყურებისკენ წაღებული ხელები კი ჰაერში მრჩება.

ოთახში ამავე ოთახიდან რამდენიმე წუთის წინ გასული ექიმი ფრიდმენი ბრუნდება. მარჯვენა ხელში საქაღალდე უჭირავს. ერთხანს მიყურებს, მერე საქაღალდეს საქმიანად ხსნის და მომართავს:

„მისტერ…“ – ყოვნდება და უხერხულად მიღიმის – “რთულად გამოსათქმელი გვარი გაქვთ..“

მართლაც ასეა.

„დ. ქ. – ასე მომმართეთ. ჩემი ინიციალებია. აქ ყველა ასე მეძახის.“ – ვუმარტივებ  ამოცანას.

ექიმი ფრიდმენი საქაღალდეს ხურავს და სკამზე მითითებს:

„მისტერ დ.ქ., დაბრძანდით.“

მანძილს ფანჯრიდან სკამამდე სამ ნაბიჯში ვფარავ და ექიმი ფრიდმენის მიერ მითითებულ სკამზე ვჯდები.

ექიმი ფრიდმენი ჯერ საქაღალდეს დებს მაგიდაზე, მერე კი ჩემ წინ განთავსებულ სკამზე თავსდება.

„მისტერ დ. ქ., მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ და ვითარდება, ბევრი რამ ჩვენთვის ისევ უცნობია.“

მე მას ვამშვიდებ.

„ყველაფრის ცოდნა არც არის საჭირო. იცით, რაც უფრო მეტი დრო გადის და ასაკი მემატება, მით უფრო ბევრი რამ აღარ ვიცი და, ალბათ, სიცოცხლეს აბსოლუტურ უცოდინარობაში დავასრულებ. რაც, სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად მახარებს კიდეც.“

ვჩუმდები და ექიმ ფრიდმენს ვუყურებ.

მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, ექიმი ფრიდმენი ფიქრობს, რომ ჩემს ნათქვამს მიმდინარე პროცედურასთან კავშირი თითქმის არ აქვს, ხოლო, ზოგადად, იქნებ მართალიც ვიყო.

“მისტერ დ. ქ.,  ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, ხშირად ვფიქრობ თქვენს შემთხვევაზე. ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაში, გამოგიტყდებით, მსგავსი პრეცედენტი არ მქონია და ამიტომ ერთმნიშვნელოვან, ზუსტ პასუხსა და მზა გამოსავალს ვერ გთავაზობთ, მაგრამ მაქვს ერთი ვარაუდი, რომელიც, ვფიქრობ, საფუძველმოკლებული არ უნდა იყოს…”

“გისმენთ, ექიმო ფრიდმენ.”

ექიმი ფრიდმენი დგება და ოთახში პატიმარივით იწყებს სიარულს ერთი კედლიდან მეორე კედლამდე და უკან. ოთახი არც ისე დიდია. ის ერთხანს ჩუმადაა. ფიქრობს. მერე უცებ ჩერდება და ჩემი საქმიანობით ინტერესდება.

ჩემი საქმიანობის შესახებ ჩვენ გაცნობითი ვიზიტისას ვისაუბრეთ. ჩემი საქმიანობა ასევე მითითებული მაქვს ანკეტაში, რომელიც საკუთარი ხელით შევავსე რეგისტრაციისას. სწორედ ამიტომ, ჩემი მხრივ,  ვვარაუდობ, რომ ეს შეკითხვა ექიმმა ფრიდმენმა არა უბრალო ცნობისმოყვარეობით, არამედ საკუთარი ვარაუდის გასამყარებლად დამისვა, თუმცა შესაძლოა ვცდები და ის, უბრალოდ, შორი გზიდან უვლის სათქმელს.

ადრე ჩემს საქმიანობაზე საუბარი რაღაცნაირად მერიდებოდა და ადამიანებს თავს ხან ბიოლოგად, ხან ქიმიკოსად და ხან მწერლად ვაცნობდი და ამ დროს მხოლოდ ნაწილობრივ თუ ვცრუობდი, რადგან თითოეული ამ დარგით თუ ხელობით, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მართლაც ვიყავი დაინტერესებული და გატაცებული, და რომ არა ომები და გადასახლება, იქნებ რომელიმე მათგანს მართლაც ბოლომდე გავყოლოდი.

ახალგაზრდობა დასრულდა. ომები დროებით შეწყდა. სამშობლოს გადასახლებაში ცხოვრება და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა ვარჩიე.

მერე ერთ, თითქოს არაფრით გამორჩეულ დღეს, ოკეანეში ღრმად შევცურე და სრულიად მარტოდ დარჩენილმა აღმოვაჩინე, რომ ოდისევსი ვარ და მაშინვე მივხვდი, დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა ჩემზე განრისხებული პოსეიდონის სამფლობელო და გავსულიყავი ხმელეთზე.

მთელი ძალითა და მონდომებით გავცურე უკან.

ადამიანების დანახვისთანავე, ოდისევსი გაქრა ჩემში და მე კვლავ მე გავხდი.

ექიმ ფრიდმენს ვეუბნები იმას, რაც, წესით, ისედაც უნდა იცოდეს და დარწმუნებულიც ვარ, რომ იცის.

“მე, ექიმო ფრიდმენ, მემორიალური სერვისის კომპანია მაქვს, უფრო მარტივად რომ გითხრათ, მიცვალებულებს ვასაფლავებ. საქმე შემოსავლიანია, მაგრამ მოსაწყენი და ერთფეროვანი.” ექიმ ფრიდმენს თვალებში ვუყურებ და ვეკითხები: “თქვენ თუ მიიჩნევთ თქვენს საქმეს მოსაწყენად და ერთფეროვნად?”

ექიმი ფრიდმენი იღიმის.

“ალბათ. ხანდახან. ძირითადად არც ვფიქრობ ამაზე, უბრალოდ ვმუშაობ.” ექიმი ფრიდმენი საწყის პოზიციას იკავებს, სკამზე თავსდება და მეგობრული ტონით მეუბნება: “მისტერ დ.ქ., მგონი, სამშობლოში უნდა დაბრუნდეთ. ოდისევსი ხომ სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა. იქნებ დაბრუნებამ გამოგაჯანმრთელოთ. სცადეთ ეს გზა. მჯერა, რომ გაჭრის…”

“მე სამშობლო არ მაქვს, ექიმო ფრიდმენ.”

“მისტერ დ.ქ., სამშობლო ყველას აქვს” – არ მეთანხმება ექიმი ფრიდმენი – “ადამიანი სამშობლოს მისი არსებობის უარყოფით ვერ გააქრობს. პირიქით, მხოლოდ მისი უპირობო აღიარებით შეიძლება გათავისუფლდეს მისგან. ნებას თუ მომცემთ, ბაბუაჩემის ამბავს მოგიყვებით.”

ექიმ ფრიდმენს თავს ვუქნევ, უფრო ზრდილობის გამო, რადგან მის მიერ მოყოლილი ამბავი როგორი მნიშვნელოვანი, თავბრუდამხვევი და დრამატულიც არ უნდა იყოს, ჯამში, ის მაინც სხვისი თავგადასავალი იქნება და მას ჩემთვის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა თუ ექნება, როგორც თუნდაც, სხვების სიკვდილს ან თუნდაც, სხვების სიცოცხლეს.

“ბაბუაჩემი“ – იწყებს თხრობას ექიმი ფრიდმენი – “საკონცენტრაციო ბანაკში დაიბადა და ოთხ წლამდე იქვე იზრდებოდა. შემდეგ დიდი ომი დასრულდა და მან და მისმა მშობლებმა, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ ჯერ მონური შრომის ყოველდღიურობას, ხოლო შემდეგ გაზის კამერებს, საკონცენტრაციო ბანაკი დატოვეს და მალევე გამოემგზავრნენ აქ. სწორედაც მოიქცნენ, რადგან ღმერთმა ეს ქვეყანა სწორედ იმათთვის შექმნა, ვისაც ცხოვრების გზაზე, უღრან ტყეში შემოაღამდათ.”

ექიმი ფრიდმენი მიყურებს და აშკარად აინტერესებს მესმის თუ არა მისი უკანასკნელი წინადადების სიმბოლური მნიშვნელობა და მსმენია თუ არა რამე ფლორენციელი პოეტის არსებობის შესახებ, რომელსაც ერთხელ, საუკუნეების წინ, უღრან ტყეში შემოაღამდა. ჩემში მომენტალურად შეუმდგარი მწერალი იღვიძებს და ექიმ ფრიდმენს თავდაჯერებული ვეუბნები:

“ღვთაებრივი კომედია, დანტე.“

ექიმი ფრიდმენი, ვატყობ, კმაყოფილია. მე კი ის დრო მახსენდება, როდესაც საკუთარი თავი მწერლად მიმაჩნდა და ამ ყოველმხრივ სანიმუშო პოემას ვკითხულობდი სხვა, არანაკლებ სანიმუშო წიგნებთან ერთად. ამ დროს ერთ გოგოს ვხვდებოდი, ისიც წერდა, ჩემი თანატოლი იყო. არც ვიცი, ცოცხალია თუ არა. თუ ცოცხალია, აუცილებლად იქ იქნება, საითკენაც ახლა ექიმი ფრიდმენი ასე მტკიცედ მიბიძგებს, რადგან მისი მსგავსი ადამიანები არასდროს ტოვებენ სახლს, თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლება. იშვიათზე იშვიათად, მაგრამ ხდება,

ადამიანი იცვლება.

ექიმ ფრიდმენი უკვე დარწმუნებულია, რომ ჩვენ შორის არსებობს ელემენტარული ინტელექტუალური ურთიერთგაგება და ამიტომ ის უფრო მეტად თავდაჯერებულად განაგრძობს ბაბუის ნამდვილ თუ სახელდახელოდ შეთხზულ, ეს მე ზუსტად არ ვიცი, ამბავს:

“და აი, საკონცენტრაციო ბანაკში დაბადებული ბაბუაჩემი მთელი ცხოვრება საკუთარ სამშობლოდ სწორედ საკონცენტრაციო ბანაკს მიიჩნევდა. უცნაურია, ბანაკი მან ისეთ ასაკში დატოვა, რომ მას, წესით, არც ასეთი განცდა და არც ბევრი მოგონება არ უნდა ჰქონოდა იმ დროზე. ბავშვობაში მშობლები ხშირად მტოვებდნენ მასთან. თქვენ გაიგებთ ამას, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ადამიანები ვართ და, ალბათ, თქვენც ხშირად გიწევდათ ბებია-ბაბუასთან დარჩენა. მსოფლიო იყო მაშინ ასეთი”.

ექიმ ფრიდმენს თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვაზუსტებ:

“ბებიებთან. მე რომ დავიბადე, ჩემი არცერთი ბაბუა ცოცხალი აღარ იყო. უცნაური ის არის, რომ არცერთი დიდ ომში არ დაღუპულა და არც რეპრესიების მსხვერპლი ყოფილა. ორივე, საკმაოდ ახალგაზრდა, გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი ამბავი.”

ექიმი ფრიდმენი ცოტა ხნის წინ მაგიდაზე დადებულ საქაღალდეს მარცხენა ხელით განზე სწევს და ამბის თხრობას განაგრძობს.

ამბავზე და მის გავლენაზე ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, სამი დღის შემდეგ, უკვე თვითმფრინავში მჯდომი ვიფიქრებ, უფრო სწორად, დავფიქრდები და მალევე მივხვდები, რომ აღარ ღირს ამაზე ფიქრი და ჩემ გვერდზე მჯდომ მგზავრს გამოველაპარაკები, რომელიც მალევე მეტყვის საკუთარი მოგზაურობის მიზეზს და მერე ამ მიზეზის უკან მდგომი ადამიანის ამბავს მომიყვება.

მაგრამ ახლა, ჯერჯერობით, ექიმი ფრიდმენის პირისპირ ვზივარ და – მართლაც რომ – ცალი ყურით ვუსმენ, ანუ: ამბავი მესმის, მაგრამ სხვა თემაზე ვფიქრობ. ეს სხვა თემა სამშობლოა. ექიმი ფრიდმენი მართალია, არ არსებობს უსამშობლო ადამიანი, რაც არ უნდა უარყოს ადამიანმა მისი არსებობა. სამშობლო მესამე მშობელია, არც მას ირჩევ და ერთადერთი რაც ადამიანს შეუძლია, მისი უარყოფაა, მაგრამ უარყოფა არ ნიშნავს არ არსებობას. ამას ჩემში ცოტა ხნის წინ გაღვიძებული ვერშემდგარი მწერალი ფიქრობს, რომელიც სულ რამდენიმე წამში ისევ გაქრება.

“ოთხმოცი წლის რომ გახდა ბაბუა – “ამბობს ექიმი ფრიდმენი“ – მთელი ოჯახი შევიკრიბეთ, ებრაული ნაირსახეობის ნატვრისთვლად ვიქეცით და მას სამი სურვილის ნაცვლად, მხოლოდ ერთის შესრულება შევთავაზეთ.” ექიმი ფრიდმენი იღიმის, მეც მეღიმება. სინამდვილეში, ებრაელებზე ხელგაშლილ ხალხს ცოტას თუ ვიცნობ დედამიწაზე, ხოლო დედამიწის მიღმა საერთოდ არც არავის ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ვუთხრა ეს ექიმ ფრიდმენს, მაგრამ ის ისე მიყურებს, რომ მისთვის ისედაც აშკარაა, რომ ჩემში ანტისემიტიზმის ნასახიც არ არის და ამბავს აგრძელებს: “და, ალბათ, ხვდებით, მისტერ დ. ქ.,  რაც ისურვა ბაბუამ.”

“სამშობლოს ნახვა.” ვვარაუდობ.

და სწორადაც.

“ამ დროს უკვე სრულწლოვანი ვიყავი და გადაწყდა, რომ ბაბუას მოგზაურობაში მე გავყვებოდი და წავედით. საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მუზეუმად იყო გადაკეთებული. მუზეუმის დანიშნულება კი ის იყო, რომ ადამიანებისთვის შეეხსენებინათ წარსულის სასტიკი დანაშაული და, ამავე დროს, გაფრთხილებაც მიეცათ მათთვის, რომ მსგავსი რამის გამეორება დაუშვებელი იყო, მაგრამ ცხოვრება წრეა, ერთადერთი რაც იცვლება, თაობებია, თუმცა ეს სულ სხვა სიღრმისა და მნიშვნელობის საკითხია და სჯობს, მთავარ თემას, ერთი ადამიანის ამბავს მივუბრუნდეთ, რადგან რამდენადაც საინტერესო და ღრმა არ უნდა იყოს განზოგადებული სიმართლე, მაინც თითქმის უკვალოდ იკარგება ყოველდღიურობაში, მხოლოდ ხანდახან თუ გაახსენდება ის ადამიანი ან თავად გაახსენებს  თავს, მაშინ, როდესაც  იმედგაცრუებული და გულგატეხილია. გამიტაცა მსჯელობამ, მაპატიეთ, თქვენ საერთოდ არ გევალებათ ჩემი მოსმენა.” ექიმი ფრიდმენი ჩუმდება და მიყურებს.

ვხვდები რაღაც უნდა ვთქვა, იქვე იმასაც ვხვდები, რაც.

“განაგრძეთ, ყურადღებით გისმენთ.”

მაგრამ ცალი ყურით. ამას აღარ ვამბობ. რა საჭიროა. ჯოშუა მახსენდება, ჩემი ებრაელი მეგობარი ქიმიის ფაკულტეტიდან, რომელმაც ერთხელ სრულიად უფასოდ დამითმო ერთი წლით სახლი.

ექიმი ფრიდმენი  აგრძელებს:

“იდგა ბაბუა უსიტყვოდ და აქეთ-იქით იყურებოდა…” ექიმი ფრიდმენი თავადაც რატომღაც აქეთ-იქით იხედება “არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ბაბუა, რას იხსენებდა, მიიჩნევდა თუ არა ამ ტერიტორიას კვლავ თავის სამშობლოდ, თუ იმედი გაუცრუვდა და გაიაზრა, რომ მთელი ცხოვრება თავს იტყუებდა და სინამდვილეში, მისი სამშობლო, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ბურბენკი, კალიფორნია, აშშ. იყო. არ ვიცი, ამაზე არც გვილაპარაკია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, უკან დაბრუნების შემდეგ ბაბუას საკონცენტრაციო ბანაკი აღარ უხსენებია, ყოველ შემთხვევაში, მე არ შევსწრებივარ ასეთ რამეს, არადა, კიდევ ხუთი წელი იცოცხლა ამის შემდეგ. სრულიად ჯანმრთელი და გონებასაღი გარდაიცვალა სიბერით, ერთ დღეს დაიძინა და წავიდა.”

2

ცოტაც და თვითმფრინავში ჩასხდომა დაიწყება. ყველა მგზავრი უკვე აქ არის და მზადაა ან მე მგონია ასე, რომ უკვე ყველა აქ არის და მზადაა, რას გაიგებ?!

ჩასხდომა იწყება. ჩემს რიგს ვუცდი. თანდათან წინ მივიწევ და თან ჩემს მომავალ თანამგზავრებს ვათვალიერებ. ისე, ირიბად, ცალი თვალით, საეჭვო მიჩერება რომ არ გამომივიდეს და ეჭვი და აღშფოთება რომ არ გამოვიწვიო. იქნებ რომელიმე მათგანი ტერორისტია? არ ვიცი და არც მინდა ამაზე ფიქრი. ერთ დღეს, ერთ წამში მოვკვდები. ყველა ასე კვდება: ერთ დღეს, ერთ წამში და მნიშვნელობა არ აქვს, მანამდე რამდენ ხანს იტანჯა ადამიანი, ლოგინადჩავარდნილი იყო თუ სრულიად ჯანმრთელი, ყველა ერთ დღეს, ერთ წამში კვდება, მაგრამ შემთხვევითი სიკვდილი არ მინდა და ამიტომ მირჩევნია ვიფიქრო, რომ ჩემი თანამგზავრებიდან არცერთი არ არის ტერორისტი, ფანატიკოსი ან უბრალოდ შეშლილი. ჩემში ვერშემდგარი ბიოლოგი იღვიძებს  და მახსენებს, რომ სიკვდილის შიში ფიზიკური, ბიოლოგიური შიშია და არა ის, რაც ფილოსოფოსებს ჰგონიათ – ეგზისტენციალური არყოფნის წარმოსახვით გამოწვეული პანიკა.

მემორიალურ სერვისში მუშაობას თითქოს უნდა გაეჩვეულებრივებინა ჩემთვის სიკვდილის არსებობა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჩემი ჯერია.

რეგისტრატორს ბილეთს ვუჩვენებ. ის თავის მოვალეობას ასრულებს და ჩემი პირადი მონაცემები ზოგადი მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეჰყავს. ყველაფერი რიგზეა. გზას ვაგრძელებ. დერეფანს გავდივარ და თვითმფრინავში ვჯდები, რომელშიც, იმედია, არავინაა ტერორისტი, ფანატიკოსი ან შეშლილი. ჩემს ადგილს ვპოულობ და უკვე ავიაკატასტროფაზე ვფიქრობ, ხომ შეიძლება თვითმფრინავი ჩამოვარდეს, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, თვითმფრინავი ყველაზე დაცული გადაადგილების საშუალებაა. მაინც ვერ ვმშვიდდები და თავს ვუტყდები, რომ სინამდვილეში, არა შემთხვევითი სიკვდილი და არყოფნა, არამედ სამშობლოში დაბრუნება მაღელვებს. ჩასვლისთანავე სრულიად მარტო დავრჩები და გადავამოწმებ ვარ თუ აღარ ვარ ოდისევსი, განვიკურნე თუ არა, მაგრამ როგორც ექიმმა ფრიდმენმა გამაფრთხილა – შედეგი შეიძლება არ იყოს მომენტალური.

ჩემ გვერდით აღმოსავლური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი ჯდება. თავაზიანად მესალმება, მერე პატარა ხელჩანთას ხსნის და ხელჩანთიდან ციფრულ საკითხავს იღებს. მე იმწამსვე მედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპების ტყვეობაში ვხვდები და ვიძაბები. ყველანაირად ვცდილობ არ შევიმჩნიო ეს დაძაბულობა და ამის გამო, მგონი, ჩემი დაძაბულობა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. არ ვიცი. ჩემ გვერდზე მჯდომი არაფერს იმჩნევს, უბრალოდ კითხულობს. ცალი თვალით ეკრანს ვუყურებ და ვცდილობ გავერკვე, რას კითხულობს. ყურანს, ლოცვებს… ვერ ვარკვევ, იქნებ უბრალოდ რომელიმე თავშესაქცევი რომანია კვანძის შეკვრით და გახსნით. არ ვიცი. შეკითხვის დასმა კი მეუხერხულება.

ამ დროს ეკიპაჟის კაპიტანი გვესალმება და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ფრენის შესახებ “რეისი ლოს-ანჯელესი-მიუნხენი..” და ა.შ.

მახსენდება, რომ მიუნხენში გადაჯდომა მაქვს და ვფიქრობ, რომ იქნებ სულაც არასწორია ამდენი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება. მიუნხენი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ზონაა, იქნებ იქ გადავიფიქრო კიდეც და უკან გამოვბრუნდე. ახლა კი უკეთესი იქნება, თვალებს თუ დავხუჭავ და დაძინებას ვცდი.

ასეც ვიქცევი, მაგრამ ძილი არ მოდის. უკვე ჰაერში ვართ. ვდგები. ჩემ გვერდზე მჯდომ თანამგზავრს რაც შეიძლება მაქსიმალურად თავაზიანად ვანიშნებ, რომ გამატაროს. ისიც დგება და გზას მითმობს. ასევე რაც შეიძლება მაქსიმალურად თავაზიანად გავდივარ და ვფიქრობ, რომ სულაც არ ჩანს ეს ადამიანი თავზეხელაღებული პიროვნება. ყველაფერი მედიის ბრალია, მედია ქმნის სტერეოტიპებს. სალმა მახსენდება. ჩემი ერთგული აღმოსავლელი მეგობარი გოგო. სალმა კაიროდან იყო. ერთხანს ვხვდებოდით, მერე მეგობრებად დარჩენა გადავწყვიტეთ და მართლაც დავრჩით მეგობრებად სალმას გათხოვებამდე. მერე ერთმანეთს დავეკარგეთ. მძიმე ვირუსით საავადმყოფოში რომ მოვხვდი, სალმამ გრძელი გამამხნევებელი წერილი გამომიგზავნა. დღემდე არ ვიცი, როგორ გაიგო ჩემი ავადმყოფობის ამბავი.

მივდივარ იქ, სადაც, ოდესღაც მეფეებიც საკუთარი ფეხით დადიოდნენ და თუმცა რატომ ოდესღაც. მეფეები დღესაც არსებობენ და საკუთარი ფეხით დადიან საპირფარეშოში.

კაბინასთან პატარა რიგია. მეც რიგის ნაწილი ვხდები. ჩემ გარდა კიდევ ორი ადამიანია. ქალი და ბავშვი. თავის ოდნავი დაქნევით ვესალმები და მეფეებზე ვაგრძელებ ფიქრს, უფრო სწორად, მათ წარმოდგენას ვიწყებ ტუალეტში. პირველი ვინც მახსენდება, მეფე მზე ლუია, მერე – ალექსანდრე მაკედონელი.

კაბინის კარი იღება. ასაკოვანი კაცი გამოდის. უხერხულად გვიღიმის და ასე უხერხულად გაღიმებული გვივლის გვერდს…

ბავშვი ქალს უყურებს და ჩემთვის უცნობ ენაზე ეუბნება რაღაცას, სიტყვები არ მესმის, მაგრამ რასაც ამბობს – კი. ბავშვს კაბინაში შესვლა არ უნდა. ქალი მანიშნებს, რომ შევიდე, ხოლო მანამდე ის ბავშვს მოელაპარაკება და მის დათანხმებას შეეცდება.

მე მას ღიმილით მომავალ მოლაპარაკებაში წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვს დაითანხმებს, რადგან ბუნება მის მხარეზეა. ბუნებრივ კანონზომიერებებთან ბრძოლაში კი ბავშვური სიჯიუტეც ვერაფერს გააწყობს.

მინდა ეს ყველაფერი ვუთხრა ქალს და დავამშვიდო, მაგრამ რა ჩემი საქმეა. უბრალოდ ვუღიმი, მერე ბავშვსაც ვუღიმი, ოდნავ განსხვავებულად, ისე, როგორც ბავშვებს უღიმიან უფროსები – ცოტა თავს ვისულელებ და კაბინაში შევდივარ. კარს ვკეტავ და იმავე წამს, სრულიად მარტო დარჩენილი, ოდისევსი ვხდები. ტროას ცხენში ვზივარ სხვა მეომრებთან ერთად. ირგვლივ სრული სიბნელეა, მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ მათი სუნთქვა მესმის. კიდევ რამდენიმე საათი და გამარჯვების ეიფორიით მთვრალი ტროელები ღვინის სმით ბოლომდე წაიშლებიან, მაგრამ მანამდე უნდა მოვითმინოთ. არ გავცეთ თავი არცერთი ზედმეტი მოძრაობით, ბგერის გამოცემით. შარდის ბუშტი მაქვს სავსე, მაგრამ ვითმენ, არ ვიცი, როდემდე შევძლებ მოთმენას.

(ღმერთებო, აქ ხართ!?)

ვიღაც კაბინის კარის სახელურს ეჯაჯგურება. და მე ისევ მე ვარ.

“ერთი წუთით.” ვამბობ და შარდის ბუშტს შვებას ვგვრი. მერე ხელებს ვიბან და კარს ვაღებ. რამდენიმე წუთის წინ კაბინიდან გამოსულ კაცს ვემსგავსები, არა ფიზიკურად, რადგან ჯერ მის ასაკამდე მისაღწევი მაქვს, არამედ რეაქციით – უხერხულად ვიღიმი და მერე ჩემი სავარძლისკენ მივდივარ.

ჩემ გვერდზე მჯდომ თანამგზავრს კიდევ ერთხელ ვთხოვ დამითმოს გზა, მაგრამ ამჯერად სიტყვებსაც ვიშველიებ:

“მაპატიეთ, შეგაწუხეთ…”

“არა, არა…” – მეუბნება და დგება. გზას მითმობს.

ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ისიც – საკუთარს და კითხვას აგრძელებს. რატომღაც თავს უკვე ვალდებულად ვთვლი გამოველაპარაკო. ალბათ, იმიტომ, რომ ვხვდები, მისი შეწუხება კიდევ მომიწევს, ჩვენი გრძელი, თითქმის უსასრულო საკონტინენტთაშორისო ფრენისას და უკეთესი იქნება თუ გავეცნობი.

“ვნანობ, მეც უნდა წამომეღო რამე საკითხავი, წინ გრძელი და მოსაწყენი ფრენა გველის.” ვეუბნები და ისიც ჩემკენ ატრიალებს თავს.“ რას კითხულობთ, თუ საიდუმლო არ არის?”

თანამგზავრი მიღიმის.

“საიდუმლო? არ ვიცი, შეიძლება არის, მაგრამ გეტყვით, უფრო სწორად, გაგიმხელთ ამ შესაძლო საიდუმლოს, ბებიაჩემის გრძელი წერილია პალესტინიდან, საკუთარ ცხოვრებას მიყვება და მთხოვს, ჩავიდე პალესტინაში და მოვინახულო სიკვდილის წინ, ბებია 95 წლის არის. არ ვიცი, მერამდენედ ვკითხულობ მის წერილს, უკვე სათვალავი ამერია.”

“და თქვენ აპირებთ მისი სურვილის შესრულებას?” ვხვდები, რომ უკვე ჩემი თანამგზავრის ძლიერ პირადულ, ემოციებით დანაღმულ ველზე შევაბიჯე და შესაძლოა ნაღმზე ავფეთქდე კიდეც, მაგრამ სინანული გვიანია, სათქმელი უკვე ითქვა და ახლა სრულად მის პასუხზე ვარ დამოკიდებული, თუ გადაწყვეტს და თავიდან მომიშორებს, მოვშორდები, თუ არა, მაშინ – სხვა რა გზა მაქვს – დავრჩები და ბოდიალს გავაგრძელებ.

“კი, რა თქმა უნდა, ამიტომაც ვზივარ თვითმფრინავში. მე დაუდი ვარ.” მეცნობა ის.

“დ. ქ.” – მეც ვაცნობ საკუთარ თავს.

“იცით, დ. ქ., უცნაური გრძნობაა ასეთი წერილის კითხვა, თითქოს ბებია კი არ მწერს მხოლოდ, არამედ ჩემი ისტორიული სამშობლო, რომელშიც არასდროს ვყოფილვარ და მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ არსებობს. კიდევ საინფორმაციო გადაცემებით, მაგრამ მათ ვერ ენდობი, რადგან ჟურნალისტებს არა ადამიანები, არამედ ფაქტები აინტერესებთ. ფაქტები კი ადამიანების გარეშე მხოლოდ სტატისტიკაა. მე ვესტ ვირჯინიაში დავიბადე და დიდხანს, ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ჩემი წარმომავლობის და სულ იმას ვცდილობდი, რომ გავქცეოდი მას, რაც შეიძლება შორს, უკან მოუხედავად. ბავშვობაში მაიკლ ჯექსონივით მდიდარი და ცნობილი მინდოდა ვყოფილიყავი და მის მსგავსად კანი გამეთეთრებინა…” დაუდი მიყურებს და იცინის. “სისულელე. არადა, ადამიანები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მშვენივრად მექცეოდნენ. დიდი დრო დამჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მერე, ერთ მართლაც მშვენიერ დღეს, მივიღე ჩემი წარმომავლობაც, კანის ფერიც და ახალი, მენტალურად გაცილებით ჯანსაღი ცხოვრებაც დავიწყე. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ბებია მყავდა პალესტინაში, მთლად ზუსტად თუ ვიტყვით, ბებიის და, რომელმაც ნამდვილი ბებიის ნაადრევი სიკვდილის შემდეგ მამაჩემი წაიყვანა და გაზარდა. მერე ეს წერილი მივიღე და აი, მივემგზავრები. ყველაფერს ერთად ვნახავ – ბებიას, ისტორიულ სამშობლოს.”

“ძალიან კარგი, ძალიან კარგი…” – ვამბობ და დაუდს ვუღიმი.

“გინდათ პატარა ფრაგმენტს წაგიკითხავთ წერილიდან, უფრო სწორად, გითარგმნით, არა მგონია, თქვენ არაბული იცოდეთ.”

“რა თქმა უნდა, წამიკითხეთ, მითარგმნეთ. არა, არაბული არ ვიცი, სამწუხაროდ.”

დაუდი ეკრანს უყურებს და იწყებს:

“ოთახიდან თითქმის აღარ გავდივარ. ფანჯარასთან თუ მივალ ხოლმე და გორაკებს გავხედავ. მე ამ გორაკების მიღმა მდებარე სოფელში დავიბადე. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ მსოფლიო ამბებს მოწყვეტილები ვიყავით, მხოლოდ ინგლისელები მიდი-მოდიოდნენ. ჩვენ მათთვის უბრალო მშრომელი ხალხი ვიყავით და დიდად არც გვაწუხებდნენ. ვცხოვრობდით ჩვენთვის. ინგლისელები თავისთვის. მტრები ვიყავით, მაგრამ უკვე იმდენ ხანს გრძელდებოდა ეს მტრობა, რომ მშვიდობაში იყო გადასული. მე ხომ მთლად ბავშვი ვიყავი და დიდად არც არაფერი გამეგებოდა პოლიტიკის. ერთი მწყემსი ბიჭი მომწონდა. მგონი, იმასაც მოვწონდი, მაგრამ ამ ამბავს ვერ ექნებოდა კეთილი ბოლო. ის უბრალო მწყემსი იყო, მე დიდვაჭრის შვილი, რომელსაც სახლში მოსდიოდნენ მასწავლებლები. იმან, ალბათ, წერა-კითხვაც არ იცოდა. ამ ამბავს მარტო შენ გეუბნები, შენ ხომ ჩემი შორეული ამერიკელი შვილიშვილი ხარ, დიდი ქვეყნის შვილი, სადაც ვისაც ვინ უნდა, ის უყვარს…” დაუდს ეღიმება. მიყურებს და მეუბნება “როგორი გულუბრყვილო წარმოდგენები აქვთ ადამიანებს ამერიკაზე…” და მოულოდნელად მეკითხება: “თქვენ საით?”

“მეც სამშობლოში, თუმცა, თქვენგან განსხვავებით, მე იქ აღარავინ მყავს, თავად სამშობლოს გარდა.”

რამდენიმე საათის შემდეგ მე და დაუდი მიუნხენის აეროპორტში ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ და დავემშვიდობებით და ჩვენ ჩვენი სამშობლოებისკენ გავემგზავრებით. ჯერჯერობით კი გვერდიგვერდ ვსხედვართ. დაუდს ვთხოვ, კითხვა თუ თარგმნა განაგრძოს.

ის წერილის სხვა ფრაგმენტზე გადადის, რომელიც ვარდების აღწერით იწყება.

3

შემიძლია გარეთაც გავიდე. პასპორტი ამის ნებას მაძლევს, მაგრამ გარეთ ცივა, ყინავს, თოვს და ამიტომ აეროპორტის შენობაში ვრჩები. კიდევ ორი საათი და სამშობლოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯდები, მაგრამ ჯერ მაინც საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს – ჩავჯდები თუ არა.

ორი საათი ხანდახან დიდი დროა. არ ვიცი, რა ვაკეთო. შემიძლია ცოტა ვჭამო. შემიძლია ასე უძრავად ვიჯდე ერთხანს, შემიძლია ბილეთი შევიძინო და სახლში გავბრუნდე. ექიმ ფრიდმენთანაც შევწყვიტო ვიზიტები და გავაგრძელო ცხოვრება ისე, როგორც მანამდე ვცხოვრობდი. ვიყო ხანდახან ოდისევსი, ძირითადად კი საკუთარი თავი და ვმარხო მკვდრები. იქნებ დავქორწინდე კიდეც და ვიცხოვრო ყოველდღიურობით, რომელშიც და რომლითაც ისედაც ვცხოვრობ და რომელსაც უბრალოდ არ ვაღიარებ საბოლოო მოცემულობად და ველი, რომ რაღაც მოხდება ამ შესაძლებლობებით შეზღუდულ პლანეტაზე. მეცნიერები ამბობენ და გვპირდებიან, რომ, ადრე თუ გვიან, ადამიანებს გარდაუვალად მოუწევთ სხვა პლანეტაზე გადასახლება. დიდი ალბათობით, ვერც ეს მეცნიერები და ვერც მე ამ დროს ვერ მოვესწრებით, ხოლო ის, რასაც ვერ ვნახავ, დიდად არც მაინტერესებს. ალბათ, ეს არის ეგოიზმი, თუმცა, ვინ იცის.

აეროპორტის თანამშრომლებმა ჩამიარეს. თვალს ვაყოლებ. გერმანელებთან კონტაქტს ზოგადად ვერიდები, თუმცა, პირადად მე, კარგის მეტი მათგან არც არაფერი მახსოვს, მაგრამ ახსოვს ისტორიას. ჩემი გერმანელი მეგობარი ფილიპი გამახსენდა, ახალი ჩასული რომ ვიყავი კალიფორნიაში, ისიც ჩემსავით რომ იყო ახალი ჩამოსული და ერთად რომ მოვხვდით უნივერსიტეტის კამპუსის საერთო საცხოვრებელში. ფილიპი. საყვარელ გიჟად მთვლიდა ჩემი მოსაზრებების გამო და მერე ერთ დღეს ბანკის ანგარიში დამებლოკა დროებით. ეს ამბავი ფილიპს ვუთხარი. ის კი წავიდა და ფული მომიტანა. მითხრა, მოცემული ფული მაშინ დამებრუნებინა, როდესაც ანგარიშს ბლოკი მოეხსნებოდა. რაც მალე მოხდა.

მაგრამ მაინც, მიუხედავად საუკეთესო გამოცდილებისა, გერმანელებთან ურთიერთობას ვერიდები. ალბათ, მათგან მათი თაობიდან თაობაში გარდამავალი დანაშაულის გრძნობა განმიზიდავს. თუმცა, ფილიპის გარდა არც ვიცნობ სხვა გერმანელს. წიგნების გავლენა უფროა.

გერმანიაში ვარ და არ მსიამოვნებს. კიდევ ორი საათი უნდა ვიყო ამ დანაშაულის გრძნობით გაჯერებულ სივრცეში. შეიძლება მე მეჩვენება ასე, რომ ეს სივრცე დანაშაულის გრძნობით არის გაჯერებული.

წავალ, მოვწევ. შევალ მოსაწევ კაბინაში, სიმყრალეა იქ, მაგრამ მარტო ვიქნები. კომფორტულ ლაუნჯს და ხალხს ჯობია. გავხდები ოდისევსი. ხანდახან ჩემი ოდისევსობა გამოსავალია და არა მხოლოდ ოდისევსობა, ხანდახან სრულიად მარტო დარჩენაა გამოსავალი.

ეტყობა, მგზავრობამ დამღალა. დაღლილს ადვილად მერევა პესიმიზმი.

კაბინა ყარს. კარს ვკეტავ და სრულიად მარტო დარჩენილი სიგარეტს ვუკიდებ. ჩემ წინ ღორებს ვხედავ. ეს ღორები ჩემი თანამებრძოლები არიან, არამხოლოდ თანამებრძოლები, არამედ უკვე მეგობრებიც კი, თუმცა თავს მათ თანასწორად არასდროს ვთვლიდი, მე ხომ დიდებული გმირი ოდისევსი ვარ, მაგრამ ერთად გატარებულმა დრომ ბრძოლასა და ხეტიალში თითქოს დაგვამეგობრა. მე მათ არ ვამტყუნებ, ძირითადად ღარიბი, არაფრისმქონე, ნოყიერ ცხოვრებაზე მეოცნებე მეომრები იყვნენ და აი, ოცნება აუსრულდათ, ღორებად იქცნენ. მემკვიდრეობითი სიღარიბე წყევლაა.

(ღმერთებო, აქ ხართ?!)

ჩემი წარმომავლობა ყოველთვის და ყველგან მიცავდა. ღმერთებსაც არასოდეს ვავიწყდებოდი. ახლაც ჰერმესის მოცემული ჯადოსნური ბალახი მიცავს, თუმცა პოსეიდონი კვლავ განრისხებულია. ჩემი თანამებრძოლი მეგობრები კი ღმერთებს არც არასდროს ახსოვდათ. ისინი უღმერთებოდ დარჩენილი ადამიანები იყვნენ და ცხოვრებაც შესაბამისი ჰქონდათ – გამარჯვება ან სიკვდილი. და ვინც არ კვდებოდა და იმარჯვებდა, იწყებდა ძარცვას, დამარცხებულების ქონების მისაკუთრებას, მაგრამ რადგან დაბადებით არაფრისმქონეები იყვნენ, ხოლო გულით მეომრები, ქონებას იოლად ატანდნენ ქარებს და მერე ახალ ომებს მოითხოვდნენ, რათა კვლავ გაემარჯვათ და დაჰპატრონებოდნენ დამარცხებულების ქონებას. და თუ ბრძოლაში კვდებოდა ასი, ორჯერ მეტი მოხალისე მზად იყო შემოსაერთებლად.

მე ვაიძულებ კირკეს დაუბრუნოს მათ ადამიანური სახე და ერთი წლით აქ დავრჩები, კირკეს საყვარლად. ჰო, ალბათ, არ მინდა სამშობლოში დაბრუნება.

ვახველებ. სიგარეტს ვაქრობ და მწეველთა კაბინიდან გამოვდივარ.

მწეველების წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვების მომხრე ვარ. არა მხოლოდ მწეველების, ზოგადად შეზღუდვების მომხრე ვარ…

წავალ, შევჭამ. ჯერ მეჭამა და მერე მომეწია, უკეთესი იქნებოდა. სწრაფი კვების ობიექტების მწკრივს მივუყვები. გზად ახალგაზრდების ჯგუფი მხვდება. მაჩერებენ. სამნი არიან. სამივეს რაღაც სარეკლამო ფურცლები უჭირავთ. ერთ-ერთი, ალბათ მათი ლიდერი, მეუბნება:

“გამარჯობა, სულ ცოტა დრო თუ გაქვთ, რომ მოგვისმინოთ?”

საათზე ვიხედები. გაფრენამდე საათი და ოცი წუთია დარჩენილი.

“მაქვს, გისმენთ.”

“ჩვენ ორგანიზაცია ‘მწვანე ენერგიის“ წარმომადგენლები ვართ…”

“მარიხუანას ყიდით?” – ვეუბნები და ვუღიმი.

“არა, არა.” სამივე იღიმის“ – ეკოაქტივისტები ვართ და თანამოაზრეებს ვეძებთ მთელ მსოფლიოში.”

“მე როგორ შევძლებ თქვენ დახმარებას?”

“რა იცით მწვანე ენერგიის შესახებ?”

“ბევრი არაფერი…” – მხრებს ვიჩეჩავ და ჩემში შეუმდგარი ქიმიკოსი იღვიძებს. მახსენდება უნივერსიტეტი. მერე ისევ ჩემი გერმანელი მეგობარი ფილიპი. მისი სიკეთე. ნეტავ ფილიპი სად არის ახლა? ჩემ წინ მდგომ აქტივისტებს ვუყურებ, ისე, თითქოს მათ იცოდნენ ფილიპის ადგილსამყოფელი და ვიმეორებ: “ბევრი არაფერი, განმანათლეთ.”

“ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს სინამდვილეში არა პოლიტიკოსები, არამედ ნავთობკომპანიები აკონტროლებენ, მათ მოსყიდული ჰყავთ მთავრობები, აღმასრულებლები, ბიუროკრატები… ნავთობკომპანიები დიდ ზიანს აყენებენ გარემოს, უკანასკნელი გამოთვლებით, დაახლოებით 70 წელში დედამიწაზე ჰაერი იმდენად დაბინძურდება, რომ პლანეტა არსებობას შეწყვეტს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი. ამისთვის კი მწვანე ენერგიაზე გადასვლაა საჭირო. გსურთ, გაწევრიანდეთ ჩვენს ორგანიზაციაში და ყოველთვიური შემოწირულობა გაიღოთ?”

ახალგაზრდები მაკვირდებიან. მათ მზერაში ერთდროულად ვხედავ იმედს და მოუთმენლობას.

“დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ შემიძლია. ვერ დაგეხმარებით, სამწუხაროდ. ერთადერთი, რასაც შევძლებდი, თქვენი დაპატიჟებაა ბურგერებზე, თუ გსურთ.”

“ზუსტად ერთი ბურგერის ფასი დაგიჯდებათ ყოველთვიური შემოწირულობა.“ იმედს არ კარგავს ლიდერი. დანარჩენი ორი კი კვლავ ჩუმადაა.

“მე თქვენს ასაკში რომ ვიყავი, ქიმიას ვსწავლობდი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ არის არც პლანეტის შესწავლა, არც დიად შეკითხვებზე საბოლოო პასუხების გაცემა. მივხვდი, რომ აქ დროებით ვარ. მოვედი და წავალ. გამვლელი ვარ და ამიტომ ვერაფერს გადავარჩენ საბოლოოდ, მით უმეტეს პლანეტას. ეს რომ აღმოვაჩინე, არც შემშინებია, არც სევდას და უიმედობას მოვუცვივარ, არც გამხარებია და არც მორალურად გავთავისუფლებულვარ. იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვიყავი და ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება მქონდა წინ, მაგრამ დრო მალე გავიდა. საერთოდ დრო მალე გადის…” ვამბობ და საათს ვუყურებ. მერე ვამატებ “აეროპორტში თვითმფრინავის მოლოდინს თუ არ ჩავთვლით.” და ვიღიმი. იქვე ვაფასებ ჩემს ღიმილს ზედსართავი სახელით – სევდიანად. “კარგი, ბავშვებო. ნახვამდის და გულით გისურვებთ გამარჯვებას თქვენს საქმეში…”

ბავშვებსა და მათში არეკლილ მომავალს ვშორდები და თან ვცდილობ გამოვიცნო ამ სამიდან წლების შემდეგ რამდენი მათგანი გახდება რომელიმე დიდი ნავთობკომპანიის თანამშრომელი. სრულიად მარტო რომ ვრჩები, თავი ოდისევსი მგონია, მაგრამ გული მაშინაც ეკლესიასტესი მაქვს. სრულიად მარტო რომ არ ვარ – მით უმეტეს.

ვჯდები და ვჭამ. კი არ ვჭამ – ვძიძგნი და ვკვნეტ. უკან არ გავბრუნდები, უკვე ზუსტად ვიცი. ის დღე მახსენდება, როდესაც სამშობლო დავტოვე. საბაჟოს თანამშრომელს პასპორტი გავუწოდე და პასპორტის დაბრუნების შემდეგ საბაჟო პუნქტი უკანმოუხედავად გავიარე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე და არც მერე მინანია ჩემი საქციელი. მეგონა, რომ ყველამ ერთად გამომაგდო. ალბათ, ასე უფრო მარტივი იყო ახალი ცხოვრების დაწყება. წამოსვლამდე მე და ჩემი მეგობარი გოგო, თითქოს რომ გვიყვარდა ერთმანეთი და შეყვარებულებიც ვიყავით, ერთმანეთს დავპირდით, რომ წერილებს მივწერდით, როგორც ძველად აკეთებდნენ შეყვარებულები, მივწერდით ხელით, მაგრამ მე მისთვის შეტყობინებაც კი არ გამიგზავნია, როგორ ვიმგზავრე, სად დავსახლდი, არა თუ ვრცელი, ხელნაწერი წერილი. ასეთი გადაწყვეტილება გზაში მივიღე, რადგან ჩავთვალე, რომ ახალი ცხოვრების დაწყება წარსულის აჩრდილებთან ერთად შეუძლებელი იყო, თუმცა ახალი ცხოვრება როგორი იქნებოდა, წარმოდგენა არ მქონდა.

ხორციც გაცივდა და კარტოფილიც. ხელსახოცით თითებს ვისუფთავებ, შემდეგ ხელსახოცს ვამრგვალებ და თეფშზე ვაგდებ. სწრაფი კვება არ გულისხმობს მხოლოდ საჭმლის სწრაფად მომზადებას, არამედ მის სწრაფად შეჭმასაც.

მივალ, ვნახავ, გამოვბრუნდები.

4

აქ ასეთი თოვლი საიდან?

მიკვირს.

მებაჟეს პასპორტს ვუწვდი და ადგილობრივ ენაზე ვეკითხები:

“დიდი ხანია, რაც თოვს?”

და იმწამსვე ვგრძნობ, რომ წლების შემდეგ პირველად მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობ.

მებაჟე უნივერსალურ ენაზე მეუბნება, რომ ენა, რომელზეც ვლაპარაკობ, არ ესმის და თუ შეიძლება, უნივერსალურ ენაზე ველაპარაკო.

მისი ნათქვამი თოვლზე მეტად მიკვირს, მაგრამ არ ვიმჩნევ და შეკითხვას უკვე უნივერსალურ ენაზე ვიმეორებ.

“ბუნებრივი თოვლი არ მოდის და აპოკალიფსმა ხელოვნური თოვლის მოსვლა გადაწყვიტა…”

ვერ ვხვდები, რას ამბობს მებაჟე, მაგრამ დროს აღარ ვკარგავ. მებაჟე პასპორტს მიბრუნებს და აეროპორტს ვტოვებ. ფეხქვეშ ხელოვნურ თოვლს ვგრძნობ, ფანტელებიც ხელოვნურია. ზამთრისთვის თბილი ამინდია.

ტაქსიში ვჯდები. კვლავ უნებურად მშობლიურ ენაზე ვიწყებ საუბარს:

“უახლოს სასტუმროში მიმიყვანეთ.”

მძღოლი იმავეს მეუბნება, რაც ცოტა ხნის წინ მებაჟემ მითხრა, რომ ეს ენა არ ესმის და თუ შეიძლება, უნივერსალურ ენაზე ველაპარაკო.

მეც ვეუბნები და თან ვფიქრობ საერთოდ ღირს თუ არა მასთან საუბრის გაგრძელება. მაგრამ ვერ ვითმენ და მაინც ვეკითხები…

“თოვლი რატომ არის ხელოვნური?”

“იმას, რასაც ბუნება თავად არ იძლევა, აპოკალიფსი გვაძლევს. მე პირადად, ხელოვნური თოვლი მირჩევნია ბუნებრივს, არ იყინება, არ ჭყაპდება. საჭმელიც უფრო ხელოვნური მომწონს, დიდ ხანს ღეჭავ და ღეჭვა ისე გიკლავს შიმშილის გრძნობას, რომ გადაყლაპვაც არ გჭირდება.” მძღოლი მიყურებს “განსაკუთრებით ხელოვნური ხორცი მომწონს.” მერე მანქანას აჩერებს და შენობაზე მიმანიშნებს” აი, ეს არის უახლოესი სასტუმრო.”

ტაქსიდან გადავდივარ.

 ადამიანები საქმიანად მიდი-მოდიან და უსაქმურად დგანან. მე მათ შორის ვმანევრირებ და ასე ვუახლოვდები სასტუმროს.

სასტუმროში შესული რეგისტრატორის დაფასთან მდგომ ქალს პირდაპირ უნივერსალურ ენაზე ვესალმები და ვეუბნები, რომ ერთსაძინებლიანი ნომერი მჭირდება.

ის საჭირო დოკუმენტაციას აფორმებს და გასაღებს მიწვდის.

გასაღებით ხელში და ბარგით ზურგზე ლიფტთან მივდივარ და კაბინას ვიძახებ.

ჩემი ნომერი მე-16 სართულზეა.

ლიფტს ჩემთან ერთად ოთხი აზიელი ელის. კრიპტოვალუტაზე საუბრობენ. ისინიც უნივერსალურ ენაზე ლაპარაკობენ. იყო დრო, როდესაც აზიელებს ერთმანეთისგან ვერც კი ვასხვავებდი და იმასაც ვფიქრობდი, რომ ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ.

ეს იყო ადრე, ძალიან ადრე.

ლიფტში მათთან ერთად შევდივარ და ცალკე გამოვდივარ. ისინი უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობენ.

დერეფანშიც ადამიანები არიან. ისინიც უნივერსალურ ენაზე საუბრობენ, თემა აქაც კრიპტოვალუტაა.

ნომრის კარს ვაღებ და აი, როგორც იქნა, სრულიად მარტო ვარ სიბნელეში. საკუთარი თავი ვარ. ერთდროულად შეშინებული და გახარებული სინათლეს ვანთებ და უზარმაზარ გამოქვაბულში ვხვდები. რა ტკბილი იყო სიბნელეში ყოფნა და თავის მოტყუება, რომ მე მე ვარ. ჩემ წინ გალეშილი ციკლოპია გათხლეშილი. მე შევაცდინე და დავათვრე. ახლა უკვე დროა, ერთადერთი თვალი ამოვუშანთო და დავაბრმაო.

ციკლოპს ვუახლოვდები და გახურებულ შანთს ვადებ თვალზე.

მოულოდნელად სასტუმროს შიდა ტელეფონი რეკავს. შანთი ხელიდან მივარდება. ტელეფონის ყურმილს ვიღებ.

“გისმენთ” – ვამბობ უნივერსალურ ენაზე.

ხმას ყურმილში აინტერესებს თუ სად მირჩევნია ვისადილო, ნომერში თუ დარბაზში, სხვებთან ერთად, და იქვე აზუსტებს, რომ ნომერში მომსახურება არ შედის ძირითად გადასახადში და საამისოდ თანხის დამატება იქნება საჭირო.

“ჩამოვალ, მადლობა.” – ვპასუხობ და ყურმილს ადგილზე ვაბრუნებ. მერე სწრაფად გავდივარ ნომრიდან.

ციკლოპის ღრიალი მესმის – მიშველეთ, თავს არავინ დამესხა!

ლიფტთან ადამიანები დგანან. უცებვე მატყობენ, არეული ვარ და მზერაც გამრუდებული მაქვს და ეჭვის თვალით მიყურებენ, თუმცა თქმით არავინ არაფერს მეუბნება. საუბრობენ კრიპტოვალუტაზე და დროდადრო ცალი თვალით მიყურებენ.

დარბაზი სავსეა ადამიანებით. მაგიდებს უსხედან და ჭამენ. მეც ვიღებ საჭმელს – ხორცს, ბოსტნეულს, ბრინჯს და რადგან არცერთი ცარიელი მაგიდა არ არის, ჩემგან უახლოეს მაგიდასთან მივდივარ და მაგიდასთან მჯდომს ნებართვას ვთხოვ, რომ შევუერთდე. ის თავს მიქნევს.

ირგვლივ ყველა კრიპტოვალუტაზე საუბრობს.

ვჯდები და საჭმელს დავცქერი. ხორცი, ბოსტნეული, ბრინჯი – ყველაფერი ხელოვნურია. ერთი შეხედვით ვერც გაარჩევ ნატურალურისგან და ფაქტიცაა, რომ ვერც გავარჩიე რამდენიმე წამის წინ.

“თქვენც კრიპტოვალუტის კონფერენციაზე იმყოფებით?“ – მეკითხება ჩემ წინ მჯდომი უცნობი.

“არა, არა…” ვიღიმი და იქვე ვთხზავ ჩემი აქ ყოფნის მიზეზს“ – მე ხელოვნური საკვების თვისებებს შევისწავლი, მის პერსპექტივებს მსოფლიო ბაზარზე.”

“ა, გასაგებია. ჩვენ, კრიპტოვალუტის სპეციალისტები, თითქმის ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გამიკვირდა…” – ამბობს ის.

რა თქმა უნდა, უნივერსალურ ენაზე ვსაუბრობთ.

ხელოვნურ ხორცს ჩანგალს ვასობ და დანას ვუსვამ. პატარა ნაჭერს ვიჭრი. მოჭრილი ხელოვნური ხორცის ნაჭერი პირთან მიმაქვს და პირველად ცხოვრებაში მის გასინჯვას ვაპირებ, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემ წინ მჯდომი უცნობი ამბობს:

“ჩემი მეუღლე მოვიდა.” – და ფეხზე დგება.

ჩანგალს თეფშზე ვდებ, თავს უკან ვატრიალებ და ჩვენი მაგიდისკენ მომავალ გაღიმებულ ქალს ვხედავ. იმწამსვე ვცნობ და იმწამსვე მცნობს. ერთი წამით ვშეშდებით. მე მზერა მიშეშდება, მას – ნაბიჯი. მერე, თითქოს არაფერი, ორივე ვაგრძელებთ ცხოვრებას.

ის მაგიდასთან მოდის. ქმარს ეხვევა ხანმოკლედ და მერე მე მიყურებს. მე უკვე ფეხზე ვდგავარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, თავი ისე დავიჭირო ვითომ არ ვიცნობ, თუ…

“ეს ადამიანი ხელოვნური საკვების სპეციალისტია. სიმართლე გითხრა, მისი სახელის გაგება ვერც მოვასწარი, მაგრამ სახელს, ალბათ, თავად გვეტყვის…” – ქმარი იღიმის.

მეც ცოტა ნაძალადევად და დაძაბულად ვეცნობი ორივეს, თუმცა მათგან ერთ-ერთი ისედაც მიცნობს და ვიცნობ.

“დ. ქ.” – და ხელს ვართმევ ორივეს. რა თქმა უნდა, რიგრიგობით. რა თქმა უნდა, ეტიკეტის დაცვით – ჯერ ცოლს, მერე ქმარს და იქვე ვაცნობ ჩემს გადაწყვეტილებას – „დაგტოვებთ, ხელს არ შეგიშლით.” ხელოვნურ ხორცწამოგებულ ჩანგალს ვუყურებ.

არ მაჩერებენ.

ქალი ჯდება. ადამიანებით სავსე აივანზე გავდივარ და სიგარეტს ვუკიდებ. ყველა კრიპტოვალუტაზე საუბრობს. ფრაგმენტულად მესმის მათი საუბარი. თემა დიდად არ მაინტერესებს. რამდენიმე წლის წინ ამ თემით დავინტერესდი, მაგრამ ვერაფერი გავიგე.

“როდის ჩამოხვედი?“ – მესმის მშობლიურ ენაზე დასმული შეკითხვა და ნაცნობი ხმა.

ის უკვე ჩემ გვერდით დგას. ვუყურებ და თითქოს მის დასმულ შეკითხვას თავს ვარიდებ.

“ჩვენს ენას რა დაემართა? რატომ არსად არ ისმის? “

“პირველმა მე გკითხე…”

“დღეს…”

“მომისმინე, არ ვიცი აქ რატომ ხარ და რისთვის, მაგრამ იცოდე, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. ჩემი ქმარი მიყვარს…”

ვაწყვეტინებ.

“არა, არა, შენ არაფერ შუაში ხარ…”

“რას ნიშნავს მე არაფერ შუაში ვარ. აბა, რატომ ხარ აქ? ვინ გყავს, ვის იცნობ აქ ჩემ გარდა? ყველა მკვდარია…”

“მინდა დედაჩემის საფლავი ვნახო…” – ვთხზავ ჩემი ჩამოსვლის მიზეზს, რადგან ნამდვილი მიზეზი იმდენად უცნაურია, რომ არც ღირს მისი თქმა.

 ის ცინიკურად მიყურებს.

“რომელი დედაშენის?! ისე რომ მოკვდა, რომ ერთხელაც არ დაურეკე და არცერთი სიტყვა არ მიწერე იმ დედაშენის?! ახლა მოკეტე და კარგად მომისმინე. დედაშენი ყოველდღე მირეკავდა და მეუბნებოდა, ისე ხომ არ მოვკვდები, რომ ჩემი შვილის ხმა ვერ გავიგო, ვეღარ ვნახოო. თან ეჭვი ჰქონდა, რომ მე მწერდი და მირეკავდი. ვეუბნებოდი, რომ არა, მაგრამ, მგონი, არ სჯეროდა. ფიქრობდა, რომ ვატყუებდი. ვერ იჯერებდა, რომ ეგეთი ნაძირალა ხარ, ვერც მე ვიჯერებდი თავიდან, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ხარ. და ახლა, უცებ, დედაშენის საფლავის ნახვა მოინდომე. ის მაინც იცოდე, სად არის დასაფლავებული. აი, საერთოდ როგორ გაიგე, რომ მოკვდა…”

ვაწყვეტინებ.

“დამესიზმრა.”

“დაესიზმრა…” – მწარედ იცინის – “არც მაინტერესებს, როგორ გაიგე. მე ის ვიცი, დედაშენი რომ მოკვდა, იმ პატარა ოთახში მე და შენი კლასელი მღვდელი ვიყავით მარტო. მერე სხვებმაც გაიგეს და მოლაგდნენ შენი ნახევრადმკვდარი ნარკომანი ძმაკაცები და დავასაფლავეთ. კუბო უვარდებოდათ ხელიდან. და ახლა, უცებ, დედიკოს მოყვარული ბიჭი გახდი. იცი, რას გეტყვი? შეიძლება მართლაც ნანობ, წლები გავიდა და შეიძლება, არ გამოვრიცხავ. მეც ვნანობ რაღაცებს. ხანდახან ისეთი რაღაცები მახსენდება, რომ მიკვირს. წესით, აღარც რომ უნდა მახსოვდეს… ჰო, იმას ვამბობდი, რომ შეიძლება მართლაც ნანობ, მაგრამ უკვე გვიანია, ძალიან გვიანი. სანამ მოკვდებოდა, დამირეკა და მთხოვა, რომ მივსულიყავი. არ მინდოდა. მე და დედაშენი დიდად ვერასდროს ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ მივედი და პირველად დავინახე ამ ქალში ადამიანი. მანამდე მტაცებელს ვხედავდი. სრულ მატერიალისტს. არავის და არაფერს რომ არ აღიარებს, ფულის გარდა. ჩემი ბრალიც იყო. ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა, რომ გაუნათლებლობა იყო მატერიალიზმის მიზეზი ადამიანებში, მაგრამ ასე არ არის. დღეს მეც მატერიალისტი ვარ. დედაშენისგან აღარაფრით განვსხვავდები და ვცდებოდი მის შეფასებაში. მოკლედ, მივედი. ომმა ბევრი გააკოტრა, მაგრამ თქვენნაირად ცოტა, თქვენ გაპარტახდით. შენ ახლაც სიმდიდრეში გაზრდილი ბავშვის გამოხედვა გაქვს, მაგრამ მდიდარი არ ხარ. იცი, საიდან ვიცი? ხელებზე გეტყობა. მშრომელი ადამიანის ხელები გაქვს, ნატანჯი ხელები გაქვს…“ – უნებურად ხელებზე ვიხედები – ”მაგრამ გამოხედვა არა. გამოხედვა გაქვს თვითკმაყოფილი. რაღაც გაგებით ძალიან ცოდო ხარ, მაგრამ მე არ მეცოდები იმიტომ, რომ ნაძირალა ხარ! მომეცი სიგარეტი.”

სიგარეტს ვუწვდი. სანთებელაც მზად მაქვს.

“ახალი არ მინდა, დამიტოვე. დიდი ხანია, აღარ ვეწევი.“ ვუტოვებ. მართმევს. ამბავს აგრძელებს. “მივედი. პატარა ოთახში ცხოვრობდა. აღარც მსახურები. აღარც სიმდიდრე. აღარც მონათმფლობლის გამოხედვა. ფოტო მანახა. ფოტოზე პატარა ბავშვი იყო. საყვარელი კიკინებით და ბაფთით. როიალთან იჯდა. მითხრა, რომ ეს უკანასკნელი ფოტო მამამ გადაუღო. მალევე მომკვდარა ამის შემდეგ და ბებიაშენი იძულებული გამხდარა დაეწყო შრომა. შრომამ შვილთან დააშორა და ძირითადად მარტო უწევდა ყოფნა. და აი, ცხოვრების ბოლოს ისევ მარტო დარჩა და რასაც მთელი ეს დრო გაურბოდა, მაინც წამოეწია და საბოლოოდ მოაქცია ალყაში. სიმარტოვეს, მითხრა, მთელი ცხოვრება გავურბოდი, მეშინია სიმარტოვის. ფიქრს ვიწყებ. ფიქრს ცოდნა უნდა და მე ეს ცოდნა არ მაქვს და სულ საშინელ რაღაცებზე ვფიქრობ. ვერ ვერევი.“ – სიგარეტს აქრობს და მეუბნება – “ვლაპარაკობ და ვგრძნობ, შეგირიგდი. არაფერი მინდა შენგან. თუ მართლა სასაფლაოს ნახვა გინდა, მე გამოგყვები. ჩემ მეტი არც აღარავინ არის ცოცხალი,  ვინც დაგეხმარება. ხვალ დილით, 10 საათზე, სასტუმროს შესასვლელთან დამხვდი.”

თავს ვუქნევ.

“მადლობა, დაგხვდები” – და ისევ ვეკითხები – “ჩვენს ენას რა დაემართა? რატომ არსად არ ისმის? “

“აპოკალიფსმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს ენაზე არანაირი საქმე არ კეთდება. მხოლოდ ჭორაობა და ერთმანეთის ლანძღვაა შესაძლებელი და ხანდახან კომპლიმენტების თქმაც…”

“კარგად გამოიყურები…” – ვუღიმი – “ისევ წერ?”

“რა აზრი აქვს წერას ენაზე, რომელზეც არანაირი საქმე არ კეთდება და მხოლოდ ჭორაობა და ერთმანეთის ლანძღვაა შესაძლებელი და ხანდახან კომპლიმენტების თქმა. აპოკალიფსი მართალია. მოკლედ, ხვალ, 10-ზე.”

მეუბნება და მიდის.

(ღმერთებო, აქ ხართ?!)

ნომერში ასვლა და სრულიად მარტო დარჩენა არ მინდა. საკუთარი თავი მინდა ვიყო და ამიტომ მთელ ღამეს სასტუმროს მისაღებში ვატარებ. ვჯდები. ვდგები. დავდივარ. მეორე ღამეა, რაც არ მძინავს.

5

სასაფლაო ხელოვნური თოვლით არის დაფარული. უხდება. ჩვენი სასაფლაოს შესასვლელთან ვდგავართ.

“მე ერთ აქაურ თანამშრომელს დავურეკე და ვთხოვე, რომ გზა და ზუსტი ადგილი გვაჩვენოს. მალე მოვა, ალბათ. საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვენდობი, დიდი დრო გავიდა.” – მეუბნება.

“დაველოდოთ.” – ვამბობ და თან ხელოვნური თოვლით დაფარულ სასაფლაოს ვუყურებ“ – რა მოხდა აქ, სანამ მე არ ვიყავი?”

“სანამ შენ არ იყავი, აპოკალიფსი მოხდა.”

“რა აპოკალიფსი?“ – სულელივით ვიღიმი – “რაც ჩამოვედი, ყველა აპოკალიფსს ახსენებს.”

“მე ზუსტად არ ვიცი, ამბობენ, რომ მოხდა. მე ჩემი ოჯახი და საქმე მაინტერესებს, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ აპოკალიფსი მოხდა.”

ამ დროს სასაფლაოს შიგნიდან მოხუცი კაცი გვიახლოვდება და ხელით გვანიშნებს, რომ შევიდეთ.

და ჩვენც შევდივართ.

მოხუცი კაცი გვესალმება. მერე გვიხსნის.

“მე მიხვეულ-მოხვეულებში გაგიყვანთ და მერე უკან ჩამოვალ. თქვენ კი სულ პირდაპირ გააგრძელებთ სიარულს. დიდ ქანდაკებას დაინახავთ, პატარა ბიჭია, ხელში მშვილდისარი უჭირავს და ფრთები აქვს და აი, მაგის მერე კიდევ ერთ ოც მეტრს გაივლით და დედათქვენიც იქ არის. წამომყევით.” – ამბობს ჩემი კოლეგა.

“ამას ჰკითხე აპოკალიფსზე.“ – მეჩურჩულება ის, ერთდროს რომ გვიყარდა ერთმანეთი. – “მეც მაინტერესებს.”

“რა ვკითხო?” – ვჩურჩულებ მეც და მხრებს ვიჩეჩავ.

“რა იცის, რა გაუგია. მოიცა.” – და თავად ეკითხება, მაგრამ ისე, თითქოს მხოლოდ მე მაინტერესებდეს. ”ეს კაცი წლებია აქეთ არ ყოფილა და აპოკალიფსზე აინტერესებს რაღაცები. თქვენ თუ იცით რამე?”

რაც უფრო ზევით მივიწევთ, მით უფრო ღრმავდება ხელოვნური თოვლი. მოხუცი ჩერდება და გვიყურებს. მერე დაბალ ხმაზე გვეუბნება:

“მე ეგრე ვიცი, რომ მაგის ნამდვილი სახელი სულ სხვაა. აქ არის დაბადებული, მაგრამ რომ წამოიზარდა, ეპატარავა აქაურობა და ზღვის იქითა სანაპიროზე რომ დიდი ქვეყანაა, იქ წავიდა. ჰოდა, აპოკალიფსიც იქ დაარქვეს მეტსახელად. ადრე რაც ერქვა, ეგ არავის ახსოვს. დაბადების ადგილი ისეთი რამეა, სულ გეძახის და უძლებ, უძლებ და ბოლოს მაინც მიდიხარ იქ, სადაც დაიბადე და აპოკალიფსსაც ეგრე დაემართა და წამოვიდა ერთხელაც აქეთ. ამბობენ, რომ დაბრუნდა, ღამე იყო. დილით კი მისი ჩამოსვლის ამბავი უკვე ყველამ იცოდა, აქაურობას ხომ გრძელი ენა აქვს. ბევრი არაფერი ვიცოდით აპოკალიფსზე, მაგრამ ის რაც გვსმენოდა, ეგეც საკმარისი იყო, რომ იმედი დაბრუნებულიყო ჩვენს მხარეში. ძლიერი იყო. ზღვის იქითა სანაპიროზე სუსტს, აპოკალიფსს ისე არავინ დაგარქმევს. იქ სხვა კანონებია. მე გამიგონია, თორემ ყოფნით არც არასდროს ვყოფილვარ იქ და არც სხვაგან, მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ბოლო წლები კი საერთოდაც იშვიათად თუ ვტოვებ სასაფლაოს, ანდა რატომ უნდა დავტოვო. ყველა აქ მოდის. ადამიანის ცხოვრება ეგეთია, ერთ დღეს მკვდარს მოასვენებს სასაფლაოზე და მეორე დღეს უკვე თვითონ ის მოჰყავთ უკვე მკვდარი, მაგრამ ეგრე რომ ხდება, უჩემოდაც იცით.“ მოხუცი კაცი გვიყურებს. თავებს ვუქნევთ და ასე ვამცნობთ, რომ ადამიანის მოკვდაობის საყოველთაოდ ცნობილი ამბავი ჩვენც ვიცით. “იცით, მაგრამ არ გახსოვთ, ვის ახსოვს?! ისე ცხოვრობს ადამიანი თითქოს… მეც ეგრე ვარ, მაგრამ თქვენ ხომ სულ სხვა ამბის ცოდნა გინდათ. მოკლედ, ბევრი რამ მოვისმინეთ აპოკალიფსზე, ადამიანი მაინც თვალს უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს და მისი ნახვა მოგვინდა. გავიგეთ, რომ მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე იღვიძებს და დადის აქეთ-იქით, მერე კი სახლში ბრუნდება და აღარ გამოდის. აი, ამ სახლებს ხომ ხედავთ…” – მოხუცი შორეული გორაკისკენ იშვერს ხელს – “მანდ სუყველა აპოკალიფსის სახლია. არავინ იცის, ზუსტად რომელში ცხოვრობს. იმასაც ამბობენ, რომ ერთ სახლში იძინებს, მეორეში იღვიძებს და მესამიდან გამოდის…”

ვაწყვეტინებ.

“როგორ?”

“მე ეგრე გამიგია, რომ გაღვიძებამდე 15 წუთით ადრე მცველებს გადაჰყავთ მეორე სახლში გვირაბით, მერე უკვე გაღვიძებული თვითონ გადადის გვირაბით მესამე სახლში და გარეთ გამოდის, მაგრამ პირველი, მეორე, მესამე სახლები რომელია ამდენ სახლში არავინ იცის. თავიდან ბევრს უნდოდა მისი ნახვა. ერთხელ, მთელმა აქეთა სანაპირომ მოვახერხეთ და მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე ჩვენც გავიღვიძეთ. დავდიოდით და ვეძებდით აპოკალიფსს, მაგრამ იცი, რას მივხვდით, რომ ეგრე ადგომით ცხოვრება ძალიან გრძელი გამოდის და იღლები ადამიანი. უკეთესია კარგად გეძინოს და გჯეროდეს რაღაცების. მერე ხელოვნური საჭმელი გააჩინა აპოკალიფსმა და შიმშილი გაწყდა. ხელოვნური თოვლი კიდევ უხდება ჩვენს მხარეს.”

“გამოდის, რომ არავის უნახავს აპოკალიფსი.”

“ჰო, არავის. იქნებ მეც ვარ…” – იცინის მოხუცი – “მე უკან გავტრიალდები. სხვა საქმეებიც მაქვს, თქვენ კი სულ წინ იარეთ…” – ამბობს და მიდის.

“გაიგე რამე?” – ვეკითხები ერთდროს ჩემს შეყვარებულს.

“მე უკვე გითხარი, რომ მხოლოდ ჩემი საქმეები და ოჯახი მაინტერესებს.“

ერთხანს ჩუმად მივიწევთ წინ. მერე  კუპიდონის უზარმაზარ ძეგლს ვხედავთ. ვუახლოვდებით.

“და შენ როგორ ცხოვრობდი, სანამ მე არ ვიყავი?“ – ვეკითხები.

“მე ერთხელ ძაღლმა გადამარჩინა სიკვდილს…” – მეუბნება. მისი პალტოს მარჯვენა ჯიბეში მობილური ტელეფონი ვიბრირებს. ის ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ეკრანს დასცქერის – “ამას აუცილებლად უნდა ვუპასუხო“ – მიხსნის. მერე ტელეფონს იღებს და კუპიდონის ძეგლს ეფარება. ვეღარც ვხედავ და აღარც მისი ხმა მესმის, ეტყობა, კონფიდენციალური ზარია და ჩურჩულებს.

სრულიად მარტო ვრჩები. ოდისევსი ვარ და მშობლიური ითაკას ბუნებას ვუმზერ და ვგრძნობ, რომ თანდათან ძილი მერევა, ვიცი: ჩაძინებისთანავე ჩემს თანამებრძოლებს სიხარბე სძლევთ და ეოლოსის ნაჩუქარ ჩანთას გახსნიან, სადაც მათ ოქროს ნაცვლად ქარები დახვდებათ.

(ღმერთებო, აქ ხართ?!)

© არილი

Facebook Comments Box