ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ
საიდან დავიწყო? – ცარიელი ფურცლის წინაშე უამრავჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის. თითქოს უნდა მეპოვა ის ერთადერთი ფრაზა, რომელიც მთელს წიგნს დამაწერინებდა და ყველა ეჭვს გამიქარწყლებდა. ფრაზა-გასაღები. დღესაც, სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდი, მოვლენა, რომლის წინაშეც გაოგნებული ვარ – „ნუთუ, ეს ჩემს თავს ხდება?“ – იმავე აუცილებლობით მომიცავს – ვიპოვო ფრაზა, რომელიც მომანიჭებს თავისუფლებას და სიმტკიცეს, საუბრისას არ ავკანკალდე, აქ, ამ საღამოს, თქვენ წინაშე.
შორს წასვლა არ დამჭირდება ამ ფრაზის საპოვნელად. ის გამოტყვრება თავისით; მთელი თავისი სიწმინდით, მთელი თავისი ძალმოსილებით. ბრუტალური. დაუძლეველი. სამოცი წლის წინ ჩავიწერე დღიურში. მე დავწერ, რათა შური ვიძიო ჩემი რასისთვის. ის ეხმიანებოდა რემბოს კივილს: „მე ვეკუთვნი უმდაბლეს რასას მთელს მარადისობაში“. ოცდაორი წლის ვიყავი. ენასა და ლიტერატურას ვსწავლობდი პროვინციის სასწავლებელში, უმეტესად, ადგილობრივი ბურჟუაზიის გოგო-ბიჭებთან ერთად. ქედმაღლურად და გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, დავწერდი წიგნებს და გავხდებოდი მწერალი უმიწო გლეხების, მუშებისა და წვრილ-ვაჭრების; უხეში მანერების, აქცენტის, უკულტურობის გამო მოძულებული ხალხის, და დავძლევდი იმ სოციალურ უსამართლობას, დაბადებით რომ ერგოთ. მეგონა, პირადი გამარჯვებით დავამარცხებდი საუკუნეების მანძილზე გამყარებულ ჩაგვრას და სიღატაკეს. ჩემი აკადემიური მიღწევები კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ილუზიას. ჩემი პირადი წარმატება როგორ გაუმკლავდებოდა მათ დამცირებას და შეურაცხყოფას? ამას არ ვკითხულობდი. მქონდა გარკვეული მიზეზებიც.
მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე, წიგნები ჩემს თანამგზავრად იქცა, კლასგარეშე საკითხავი ჩემი ჩვეული საქმიანობა გახდა. ეს ჩვევა გამიმყარა დედამ, რომელიც თავად იყო რომანების დიდი მკითხველი, კლიენტების ვიზიტებს შორის გამოთავისუფლებული დრო კითხვაში გაჰყავდა. ჭრა-კერვის სწავლას ერჩივნა, მეკითხა. სიძვირე და ეჭვის თვალი, რომლითაც ჩემი რელიგიური სკოლიდან უცქერდნენ, კიდევ უფრო სასურველს ხდიდა წიგნებს. დონ კიხოტი, გულივერის მოგზაურობა, ჯეინ ეარი, ანდერსენის და გრიმების ზღაპრები, დევიდ კოპერფილდი, ქარწაღებულნი, მოგვიანებით საბრალონი, მრისხანების მტევნები, გულზიდვა, უცხო: მიმდევრობას შემთხვევა უფრო განაპირობებდა, ვიდრე სასკოლო სია.
ენისა და ლიტერატურის შესწავლის სურვილი აღმიძრა ლიტერატურაში დარჩენის ვნებამ. ლიტერატურა იქცა ჩემს უმაღლეს ღირებულებად და ცხოვრების წესად. ფლობერისა და ვირჯინია ვულფის რომანებში ვჭვრეტდი საკუთარ თავს და მათში ვცხოვრობდი. ლიტერატურის კონტინენტს გაუცნობიერებლად ჩემს სოციალურ გარემოს ვუპირისპირებდი, წერას კი რეალობის გარდაქმნის საშუალებად ვსახავდი.
ჩემი პირველი რომანის უარყოფას ორი-სამი გამომცემლის მიერ – რომანის, რომლის ერთადერთი დამსახურება ახალი ფორმის ძიება იყო – არც ჩემი სურვილი და არც ქედმაღლობა არ გაუწბილებია. გამაწბილეს იმ ცხოვრებისეულმა ვითარებებმა, საზოგადოებამ, სადაც ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მთელს თავის სიმძიმეს სქესის მიხედვით განსაზღვრული როლების გამო იძენს… სადაც კონტრაცეფცია აკრძალულია, ორსულობის შეწყვეტა კი დანაშაულია. ოჯახური ცხოვრებით, ორი ბავშვით, მასწავლებლობით, ცალკე საოჯახო საქმეებით დღითიდღე ვშორდებოდი წერას და ვღალატობდი აღთქმას, შური მეძია ჩემი რასისთვის. „იგავს კანონის კარიბჭესთან“ კაფკას პროცესიდან ვერ ვკითხულობდი ისე, რომ მასში ჩემი ბედი არ განმეჭვრიტა: ისე მოვკვდე, ვერ მოვახერხო კარში გავლა, რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო და წიგნის დაწერა, რომელიც მხოლოდ მე შემეძლო დამეწერა.
მაგრამ კერძო თუ ისტორიულ შემთხვევაზე გათვლა არ მქონია. მამაჩემის გარდაცვალება – არდადეგებზე მასთან ჩასვლიდან მესამე დღეს; იმ კლასების მასწავლებლად განწესება, სადაც ჩემი სოციალური წრის ბავშვები სწავლობდნენ; საპროტესტო მოძრაობები მსოფლიოში… ეს ელემენტები მოულოდნელი და მგრძნობიარე გზებით მაბრუნებდნენ ჩემს საწყისებთან, ჩემს „რასასთან“ და წერის სურვილს საიდუმლო და აბსოლუტურ საჭიროებას სძენდნენ. ახლა უკვე, როგორც ოცი წლის ასაკში, ის კი აღარ განმეზრახა, მოჩვენებითად „მეწერა არაფერზე“, არამედ ჩამეყვინთა განდევნილი მეხსიერების გამოუთქმელ შრეებში, გამომემზეურებინა ცხოვრების ჩემეული წესები. მეწერა იმ მიზეზთა, ჩემში და ჩემ გარეთ, შესაცნობად, საკუთარ საწყისებთან რომ დამაშორეს.
წერის არჩევანი არასდროსაა საკმარისად ცხადი. არიან იმიგრანტები, რომლებიც აღარ საუბრობენ თავიანთი მშობლების ენაზე, და არიან სოციალურკლასგამოცვლილები, რომელთაც ასევე აღარ შემორჩათ თავიანთი ენა, სხვა სიტყვებით ფიქრობენ და მეტყველებენ; ისინი, ყველანი, დამატებითი ბარიერების წინაშე აღმოჩნდნენ. დილემა. ერთი მხრივ, ისინი გრძნობენ შეუძლებლობას, წერონ შეძენილ ენაზე, რომელზე დაწერილ ნაწარმოებებსაც აღმერთებენ, შეძენილი ენა დომინირებს მათი დაბადების სამყაროს ენაზე, რომელსაც ეკუთვნის პირველი შეგრძნებები, პირველი სიტყვები, ყოველდღიურობა, სამსახური, სოციალური გარემო. ერთი მხრივ, არსებობს ენა, რომელზეც მათ ისწავლეს საგანთა სახელები, მათი ბრუტალურობა და სიჩუმე, როგორიცაა, მაგალითად, დედა-შვილს შორის ალბერ კამიუს შესანიშნავ ტექსტში „კი და არა“. მეორე მხრივ, არსებობს შედევრები – შეძენილ ენაზე გაშინაგანებულნი, პირველი სამყარო რომ გაუხსნეს, ისინი მათ თავიანთ აღდგომას უმადლიან და ხშირად თავიანთ ნამდვილ სამშობლოდ მიიჩნევენ. ჩემს შემთხვევაში: ფლობერი, პრუსტი, ვირჯინია ვულფი. როდესაც წერა დავიწყე, ისინი ვერაფრით დამეხმარნენ. უნდა დამემსხვრია „ლამაზად წერის“ სტილი, ლამაზი ფრაზები, სკოლიდანვე რომ მასწავლიდნენ; იმ იარების გასაგებად, მე რომ მმსჭვალავდა, მათი ძირფესვიანად ამოგლეჯა და გამომზეურება მჭირდებოდა. სპონტანურად, ბრაზმორეული ბრდღვინვით, გესლიანად და უხამსად, ამბოხის, დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა ენით. ეს იყო, რაც ჩემს ხელთ აღმოჩნდა, როგორც ერთადერთი იარაღი, მეპასუხა სიძულვილის მეხსიერებისთვის, სირცხვილისთვის და სირცხვილის გამო სირცხვილისთვის.
მალევე, რამდენადაც შეუძლებელი იყო, მეპოვა სხვა საწყისი, მივხვდი, რომ ჩემი თხრობა ჩემსავე სოციალურ ნაპრალში უნდა ჩამეძირა, იმ ვითარებიდან უნდა დამეწყო, როცა სტუდენტი ვიყავი, მეამბოხე, ვიკეთებდი აბორტს მიწისქვეშა ანგელოზთა შემოქმედის ხელით, ფრანგული სახელმწიფო კი მხოლოდ ქალებს ადანაშაულებდა. მინდოდა, დამეწერა ყველაფერი, რაც გადახდა ჩემს ქალწულ სხეულს, სიამოვნების აღმოჩენა, წესები… ამგვარად, პირველ წიგნში, რომელიც 1974 წელს გამოიცა, ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად, უკვე იყო ის პლატფორმა, რომელზეც ჩემი მწერლობა განვითარდა, სოციალური და ფემინისტური პლატფორმა. შურისძიება ჩემი რასისთვის და სქესისთვის სწორედ აქედან დაიწყო.
როგორ უნდა დაფიქრდე ცხოვრებაზე ისე, რომ არ იფიქრო წერაზე? თუკი არ ჰკითხავ საკუთარ თავს, შენი მწერლობა ეთანხმება თუ ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ შეხედულებებს არსებათა და საგანთა შესახებ? მეამბოხე მწერლობა თავად ხომ არ ირეკლავს პრივილეგირებულთა მდგომარეობას? როცა მკითხველი კულტურულად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, ის წიგნის პერსონაჟის მიმართაც ისეთივე ზედმხედ და ქედმაღლურ პოზიციას იჭერდა, როგორც რეალური ადამიანების მიმართ. მინდოდა, მომეშორებინა ეს პოზიცია მამის მიმართ, როცა მისი ცხოვრების მოყოლას ვცდილობდი, ეს იყო აუტანელი, მე ამას ვგრძნობდი, ღალატს; მაგრამ ჩემი მეოთხე წიგნიდან, გამოვიმუშავე ნეიტრალური წერის სტილი, ობიექტური, „ბრტყელი“ იმ აზრით, რომ დავცალე მეტაფორებისა და ემოციებისგან. ძალმომრეობა ექსგიბიციის საგანი აღარ იყო, ის თავად ფაქტებიდან ჩანდა და არა ნაწერიდან. ვეძებდი სიტყვებს, რომლებიც დაიტევდა რეალობას და მისგან გამოწვეულ შეგრძნებასაც, რა საგანზეც არ უნდა მეწერა. ვცდილობდი, და დღემდე ასეა, მივმხვდარიყავი, რომელ უცვლელ მიზანს ვემსახურებოდი, როდესაც ვწერდი.
მჭირდებოდა, ისევ და ისევ გამეგრძელებინა, მეთქვა „მე“. პირველი პირი – ის, როგორც ვარსებობთ ენათა უმრავლესობაში ჩვენი ალაპარაკებიდან სიკვდილამდე, – ლიტერატურაში მიჩნეულია ნარცისულად, რამდენადაც გამოხატავს ავტორს და არა ფიქციურ „მე“-ს. მაგრამ გავიხსენოთ, როგორ ჩნდება ასეთი „მე“ ლიტერატურაში: იმის პარალელურად, რომ პრივილეგირებული დიდგვაროვნები თავიანთ სამხედრო მიღწევებზე მემუარებში ჰყვებიან, ამგვარი „მე“ XVIII საუკუნის საფრანგეთის დემოკრატიული მონაპოვარი ხდება, როგორც ინდივიდთა თანასწორობის დასტური, ჰქონდეთ უფლება, მოყვნენ თავიანთ ამბავს პირველ პირში; ჟან-ჟაკ რუსო აცხადებს აღსარებანის პირველ წინასიტყვაობაში: „ნუ გამკიცხავენ, თუკი უბრალო კაცი მკითხველთა ყურადღების ღირსს ვერაფერს ვამბობ. […] იმ სიბნელეში, რომელშიც შევძელი, მეცხოვრა, მე ვიფიქრე იმაზე მეტი და იმაზე უკეთ, ვიდრე მეფეებმა და ჩემი სულის თავგადასავალი მათზე უფრო საინტერესოა.“
მოტივაციას მძენდა არა ეს პლებეური სიამაყე (თუმცა კი…), არამედ სურვილი, გამომეყენებინა „მე“ ხელსაწყოსავით – მდედრობითისა და მამრობითისთვის საერთო – იმ შეგრძნებების დასაჭერად, სამყარო უშურველად რომ გვაძლევს ყველგან და ყოველთვის და მეხსიერებამ რომ განიდევნა. შეგრძნებათა ეს წინამძღოლი ჩემთვის იქცა ჩემი კვლევის ავთენტურობის გარანტად. საბოლოოდ რისთვის? მე არ ვცდილობ, ჩემი ცხოვრება მოვყვე ან ჩემი საიდუმლოებანი გავაცხადო; ჩემი მიზანია, გავშიფრო ის, რაც განვიცადე, მოვლენა, ვითარება, სასიყვარულო ურთიერთობა; გავაცხადო ის, რაც მხოლოდ წერის საშუალებით ეზიარება არსებობას და შესაძლოა, ასევე, სხვათა ცნობიერებასა და მეხსიერებასაც მსჭვალავს. ვის შეუძლია, თქვას, რომ სიყვარული, ტკივილი, გლოვა, სირცხვილი საყოველთაო არ არის? ვიქტორ ჰიუგოს უწერია: „ჩვენ შორის არავისა აქვს პატივი, თავისი ცხოვრება ჰქონდეს.“ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მხოლოდ ინდივიდუალურად განიცდება – „ეს მხოლოდ მე მემართება“ – „მე“ წიგნში გარკვეულწილად გამჭვირვალე ხდება და მას მკითხველი (მდედრობითი თუ მამრობითი) საკუთარი თავით ანაცვლებს. საბოლოოდ, ეს მე ტრანსპერსონალურია, სინგულარული კი უნივერსალურად იქცევა.
ამგვარად გავითავისე ჩემი შეკავშირება წერასთან, წერასთან არა რომელიმე კატეგორიის მკითხველის-„თვის“, არამედ გამოცდილები-„დან“, რომელიც დაკავშირებულია ჩემს ქალად ყოფნასთან და შინაგან იმიგრაციასთან, მეხსიერებასთან წლების გამჭოლ, აწმყოსთან, დაუღალავად რომ მაწვდის სხვათა სახებასა და მეტყველებას. ეს შე-კავ-შირება, როგორც მო-კავ-ება საკუთარი თავისა ნაწერში, რწმენიდან მექცა დარწმუნებულობად, რომ წიგნს ძალუძს, პირადი ცხოვრება შეცვალოს, დაამსხვრიოს ჩაგვრისა და განდევნილობის სიმარტოვე, გადახარშოს, გადაიაზროს. როცა გამოუთქმელი გამომზეურდება, ის პოლიტიკური ხდება.
დღეს ამას ვხედავთ ამბოხებულ ქალებთან, რომლებმაც იპოვეს სიტყვა მამაკაცის ძალმომრეობის შესარყევად და აღდგნენ, მაგალითად ირანში, ყველაზე ძალადობრივი და არქაული ფორმების წინააღმდეგ. მე კი მწერალი – დემოკრატიულ ქვეყანაში, ვაგრძელებ კვლევას იმისა, რა ადგილი ეკუთვნით ქალებს, მათ შორის ლიტერატურაში. მათი შემოქმედების ლეგიტიმურობა ჯერ კიდევ მიუღებელია. საფრანგეთსა და დანარჩენ მსოფლიოში არსებობენ მასკულინური ინტელექტუალები, ვისთვისაც ქალების დაწერილი წიგნები უბრალოდ არ არსებობს, ისინი მათ არასოდეს ციტირებენ. ჩემი შრომის აღიარება შვედეთის აკადემიის მიერ წარმოადგენს სამართლიანობისა და იმედის სიგნალს ყველა მწერლისთვის.
გაიტანო დღის შუქზე სოციალურად გამოუთქმელი, ინტერნალიზებული კლასობრივი ან/და რასობრივი, და თანაბრად სქესობრივი, დომინანტური დამოკიდებულებები, რომელთაც თავის ტყავზე მხოლოდ მათ ობიექტად მყოფი თუ გამოცდის, ქმნის შესაძლებლობას ინდივიდუალური და, მაშასადამე, კოლექტიური ემანსიპაციისა. რეალური სამყაროს გაშიფვრა და იმ ხედვათა და ღირებულებათა გაშიშვლება, რომლებითაც ენა, მთელი ენა გაჟღენთილია, ინსტიტუირებული წესრიგის მოშლასა და იერარქიების მორღვევას ემსახურება.
მაგრამ მე არ მერევა ერთმანეთში ამგვარი პოლიტიკური აქტი და ლიტერატურული წერა, მკითხველმა (ქალმა თუ კაცმა) რომ უნდა აღიქვას იმ პოზიციიდან, რომელშიც მე განვიცდი ჩემს მიმართებებს მოვლენებთან, კონფლიქტებთან და იდეებთან. მე იმ ომის შემდგომ თაობაში გავიზარდე, სადაც მწერლობა და ინტელექტუალობა თავისთავად მოიაზრებდა პოზიციონირებას ფრანგული პოლიტიკის მიმართ და ჩართულობას სოციალურ ბრძოლაში. დღეს ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მათი სიტყვისა და აქტივობის გარეშე. აქტუალური სამყაროს ინფორმაციულ წყაროთა სიმრავლეში, სადაც იმიჯები საოცარი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს, ინდიფერენტული ფორმის მორგება და საკუთარ ხელოვნებაზე კონცენტრირება ცდუნებას წარმოადგენს. მაგრამ, ამავე დროს, ევროპაში – ჯერ კიდევ იმპერიალისტური ომების ძალადობის ნიღბით, რუსული დიქტატურა რომ მეთაურობს – შეიმჩნევა განკერძოებისა და ჩაკეტვის იდეოლოგიური აღზევება, სულ უფრო რომ ვრცელდება და იპყრობს ჯერაც დემოკრატიული ქვეყნების მიწებს. დაფუძნებული უცხოელთა და ემიგრანტთა გარიყვაზე, ეკონომიკურად უძლურთა მიტოვებაზე, ქალის სხეულის კონტროლზე, ის მავიწროებს მე ისევე, როგორც ნებისმიერს, ვისთვისაც ადამიანად ყოფნის ღირებულება, ყველგან და ყოველთვის, სიფხიზლის ვალდებულებას გულისხმობს. იმ პლანეტის გადარჩენაში, რომელიც დიდწილად ეკონომიკური გაუმაძღრობით დაინგრა, საუბედუროდ არ იგულისხმებიან ისინი, ვინც რესურსებს მოკლებულნი არიან. სიჩუმის სიმძიმე ისტორიის გარკვეულ მომენტებში აწონილი არ არის.
უმაღლესი ლიტერატურული პატივის მონიჭებით სამზეოს ეზიარება სიმარტოვითა და ეჭვით წარმოებული ჩემი ლიტერატურული კვლევები. ეს ჯილდო არ მაბრმავებს. ნობელის პრემიის მიღებას ინდივიდუალურ გამარჯვებად არ აღვიქვამ. არც ამპარტავნება და არც თავმდაბლობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ამ ჯილდოს კოლექტიურ გამარჯვებად მივიჩნევ. მე ამაყი ვარ მათთან ერთად (ქალებთან და კაცებთან), ვინც ამა თუ იმ სახით ელტვოდა უფრო მეტ თავისუფლებას, თანასწორობასა და ღირსებას ადამიანთათვის, მათი სქესის, გენდერის, კანის ფერისა თუ კულტურული კუთვნილების განურჩევლად. მათთან ერთად, ვინც ფიქრობს მომავალი თაობებისთვის დედამიწის შენარჩუნებაზე, მცირეთა მადამ სულ უფრო და უფრო უსიცოცხლო რომ გახადა კაცობრიობისთვის.
ისევ რომ მივუბრუნდე ჩემს აღთქმას, ოცი წლის ასაკში რომ დავდე საკუთარ თავთან, არ ვიცი, შევასრულე თუ არა ის. მომეცა ამდენი ძალა და სიბრაზე ამ აღთქმისგან, წინაპრებისგან, მძიმე ჭაპანს რომ ეწეოდნენ და ნაადრევად იხოცებოდნენ, მათ გამო აღმეძრა სურვილი და ამბიცია, დამემკვიდრებინა მათთვის ადგილი ლიტერატურაში, ლიტერატურის იმ მრავალხმიანობაში, ადრეული ბავშვობიდანვე რომ თან მდევდა და მიხსნიდა კარს სხვა სამყაროებისკენ და სხვა ფიქრებისკენ, მათ შორის ლიტერატურის წინააღმდეგ და მის შესაცვლელად. ჩამეწერა ჩემი ქალიხმა (სოციალურკლასგამოცვლილისა) იმაში, რაც მუდამ იყო ემანსიპაციის ადგილი: ლიტერატურა.
© არილი