ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია

აკა მორჩილაძე – ლალა და თვრამეტიანი

ცნობილი ამბავია, რომ ქალაქის ენა უხეშია. სხვანაირად, ამას ქუჩის ენასაც ვარქმევთ. უფრო დაწვრილებულად, შეიძლება უწოდონ ხოლმე ბაზრის ენა, სადგურისპირა ენა, ნავსადგურის ენა და ასე შემდეგ. ესენი, ისევე როგორც ქუჩა, ღია სივრცეებია და მილეთის ხალხი იქ ირევა. ის ადგილებია, სადაც ბანოვანსა და ბაცაცას ერთად უწევთ ყოფნა, გამარჯვებული კი ბაცაცას ენაა, რადგან ბანოვანის ადგილი სახლია, ბაცაცასი კი – ქუჩა. სახლი იცავს აღზრდის სახლში დადგენილ წესებს, ქუჩა ანგრევს მათ. თუ არ ანგრევს, ცვლის, თუ ვერ ცვლის, ახალ სიტყვებს ჩაბეჭდავს ხოლმე მოზარდის გონებაში. ქუჩაში პირველად მარტო გასვლა დაახლოებით ისეა, სიდჰართა რომ პირველად გამოსცდა სასახლის გალავანს. სიტყვები სამუდამოა. მერე იმაზეა, რამდენად დაგრჩა ეს სიტყვები ყოველდღიურ მეტყველებაში.

თბილისი სამხრეთის ქალაქია, სადაც ქუჩა ძველთაგანვე ყოფილა არა მხოლოდ იოლი გადაადგილებისთვის გაჭრილი რომაული ქვაფენილი, არამედ ცხოვრების და ურთიერთობის ადგილი. სახლის ბანიც ამის დამხმარეა.

ცხადია, როგორც ყოველი ქუჩის ენა, თბილისის ქუჩის ენაც უხეშია.

უხეშობა შეურაცხყოფასთან მიახლოებული რამაა, მის გარშემო ტრიალებს. თუ შეურაცხყოფას შეუძლია ნაზადაც გამოითქვას, ირიბადაც, ეშმაკურადაც, უხეშობა პირდაპირია. თუმცა, უხეშ ლაპარაკში, ღონიერ შეურაცხყოფამდე მისვლა ეგებ არც მოხდეს, მხოლოდ ასატანს დასჯერდეს. იმასაც ხომ გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს შეურაცხყოფად და ვისი სიამაყე და ღირსება სადა ტრიალებს. ამიტომ, შეურაცხყოფა ფერადოვანია, მრავალსაზღვრიანი, უსაზღვრო და მრავალმხრივი. თავის მხრივ, უხეშობა პირდაპირია და თითქოს უფრო წრფელი. ორივე იმისთვისაა, რომ ადამიანები ერთმანეთს გაექაჩონ და საბოლოოდ ან დაასისხლიანონ, ან დახოცონ ერთიმეორე. ეს ქუჩის ამბავია. უხეშობასა და შეურაცხყოფას შორის მოძრავი საზღვრებია, რადგან რამდენი ადამიანიცაა, იმდენიც აღქმა და გაგება, მაგრამ არსებობს ერთი შედარებით მკვეთრი და, ასე თუ ისე, საყოველთაოდ აღიარებული საზღვარიც, რომელსაც ეწოდება შეგინება.

შეგინებასაც აქვს თავისი ხარისხები და ეს ამბავი ყველა ქვეყანაში თავისებურია, საბოლოოდ კი, ყველა ადამიანშიც. ჩვენი ცხოვრებით, გინება, რა ხარისხისაც არ უნდა იყოს, დიდი შეურაცხყოფაა. საბჭოთა დროს, იმ რუსის ოფიცრებს, პრაპორშჩიკებს და რიგით სალდათებსაც, რომლებმაც ეს არ იცოდნენ, რახან ჩვენებურს ჯერ არ გადაჰყროდნენ, უმთავრესად ცხვირიდან ძმრის დენით ამახსოვრებინებდნენ, რომ გინება შეურაცხყოფაა. იმათ უკვირდათ, რადგან ჩვენ ვერ ვარჩევდით მათეული დედის გინების ვერც მოხმარისგან გაცვეთილობას და ვერც ორ ფორმას მაწ ტვაიუ-სა და ტვაიუ მაწ-ს შორის სხვაობას, რომელთაგან ერთი გინებაა, მეორე უბრალოდ იმედგაცრუების მსგავსი რამის გამოხატვის საშუალება.

თუმცა, ასეთი გადახვევები შორს წაიყვანს ამბავს.

ქუჩის ენაში უხეშობის ერთგული მონაწილეა უხამსობაც, რომელიც, ასევე, შეურაცხყოფის საზღვრებზე მოტრიალე რამაა. უხეშობაში გადამწყვეტი შეიძლება სწორედ უხამსობის გაქანება იყოს. საკუთრივ უხამსობასაც აქვს თავისი რამდენიმე ხელსაწყო, რომელთაგან ერთ-ერთი და მნიშვნელოვანია ხუმრობა.

ქუჩის ენა ძალიან ხშირად იყენებს ხუმრობას, ხუმრობა კი, თავის მხრივ, დიდად განსაზღვრავს უხამსობის შეურაცხყოფაში გადაზრდა-ვერგადაზრდის, ანდა უხეშობის მორბილებ-მომტკიცების ამბავს. თუმცა, ხუმრობით უხამსობა და უხეშობა საბოლოოდ მაინც ვერ არის შეურაცხყოფის გრძნობის მომრბილებელი, რახან, ისევ და ისევ შეურაცხყოფილის ხასიათზეა დამოკიდებული, გადაყლაპავს ხუმრობის იმ ულუფას, რომელიც მისდამი მომართულ შეურაცხყოფაშია გაზავებული, თუ არა.

ამასთანავე, არსებობს უხამსი ხუმრობა, რომელიც კეთილგანწყობით და შინაურულადაა გამოთქმული შინაურთავე შორის და ის მეგობრული შეურაცხყოფისთვისაა, რაც ხშირად გაშაყირების იერით წარმოდგება, თუმცა საფუძვლად მაინც დამცირება აქვს. იგივე ხუმრობა, გამოთქმული სხვა ვითარებაში, დიდი უხეშობის და უხამსობის ძალისაა.

ხუმრობა უმეტესად შემარბილებელი, ამოსასუნთქი რამაა. ის ქუჩის ენას სწორედ ამისთვის თუ სჭირდება. თუმცა ის უხამსი დაცინვისთვისაც ხშირად მოიხმარება. აქედან თუა, რომ ქუჩის ენამ თითქოს თავისთავად შვა ერთგვარი სიტყვები, რომლებიც უხეშიცაა, უხამსიც, შეურაცხყოფაცაა, მაგრამ არცაა შეურაცხყოფა, რადგან გააჩნია ვის ეუბნები, რატომ და რის გამოისობით. ეს სიტყვები იმავდროულად ისე გაცვეთილან, რომ ქუჩის მეტყველების მარად თანამდევად ქცეულან.

მარად თანამდევი სიტყვები ქუჩის ენაში ბევრია და სულაც არ არის აუცილებელი, ისინი უხამსი და უხეში იყოს, თუმცა, ასეთიც ხშირია: გინდათ -კაროჩე, გინდათ – ქალაქებისდა მიხედვით ტო, სიმონ, ვასია, გინდათ – ჩემი კაი, ჩემი დედა, ბოზი შვილი ვიყო და ასე დაუსრულებლად. ესენი საუბრისას ან წინადადებას უსარდლებენ, ანდა ბოლოში, მარქაფასავით გამოვარდებიან ხოლმე. ამ სიტყვების სიხშირეები, ასე თუ ისე, ზოგადად ცნობილიცაა და ძნელი დასათვლელიც.

ჰოდა, ამ მარად თანამდევ სიტყვათა შორის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უპირატესად კი თბილისში უკანასკნელ სამოცდაათ წელიწადს მაინც, რასაკვირველია, იყო და არის სიტყვა – შეჩემა. აშკარაა, რომ შეჩემა მანამდეც წარმოითქმებოდა, ოღონდ ცოტა სხვაგვარად და მომავალშიც წარმოითქმება, თუმცა მეტად როგორღა უნდა გადაკეთდეს, ძნელი სათქმელია. ის ნამდვილი მეთაურია ქუჩის ლაპარაკისა, არა მხოლოდ თავისი დაფარული ჰაზრებით, არამედ სიძველითაც.

ყველამ იცის, რა დროს და როგორ წარმოითქმება ეს სიტყვა. არავის ახსოვს, როდის გაიგონა ის პირველად და როგორ ჩასწვდა მის მნიშვნელობას. ახლა არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ ძველად, ამ სიტყვასთან პირველგაჩვევის დროებაში, უწლოვან ბიჭებს ხშირად უსაუბრიათ, თუ რას ნიშნავს ზუსტად მიმართვა შეჩემა, რაის უფრო სწორი დაწერის ხერხიც ალბათ იქნებოდა შე ჩემა, ეს სიტყვა რომ ხშირად იწერებოდეს. იმ საუბრებში დასკვნის ყველაზე ღრმა აზრი ის იყო, რომ ეს იგივე დედის შეგინებაა, ოღონდ რაღაცნაირი, უცნაური ფორმით, რადგან საკუთრივ სიტყვაში არ არის უხამსი და უხეში, საყოველთაოდ აღიარებული, ყურს ნაჩვევი შემადგენელი გინებისა, რაიც უნდა მოიცავდეს ტყ, ყ-ს და თუნდაც უფრო რბილად ხმოვან შვც-ს. ამიტომ, შეჩემა ერთგვარად დამაბნეველი სიტყვაა.

ეგებ სწორედ თავისი ირიბი ხმოვანების და გაბუნდოვნებული მნიშვნელობის გამო ის იმგვარად დარბილებულა, რომ შეურაცხყოფის საზღვარს გადაპარულა, ერთი პატარა სამთავრო შეუქმნია და დროთა განმავლობაში მეტად და მეტად გასჭირვებია ყოფილიყო იმგვარად ხისტი, როგორც ქუჩის სხვა სიტყვა-თქმანი.

რაც რამ მძიმე და უხეშ განზრახვით არ უნდა წარმოითქვას, შეჩემა მაინც ვეღარ ახერხებს, რომ გინების თანაფარდი გახდეს. შეჩემა, რომელიც, თავისთავად, გინებად ითვლება ხოლმე, ალბათ ერთადერთია გინებათა შორის, რომელსაც შეიძლება პასუხად მოჰყვეს საპასუხო შეჩემა და ლამის გალექსილი პაექრობა, რაც შემდგომ დასისხლიანებას დროში გადასწევს ან სულაც ძალას გამოაცლის ხოლმე. უცხოსთვის შეჩემა-ს თქმა შეურაცხმყოფელია, მაგრამ თბილისში ყოფილა ასეთი სიტყვა-პასუხი თვალებდაქაჩულ უცხოთა შორის: მაგალითად: – მაგას (რაღაცას) რას აკეთებ, შე ჩემა! პასუხი: – შე ჩემა და ჩემიც შენა! – ჩემიც შენა და დაგიმატა დისპეტჩერმა! თუ არ გეყო და დაგიმატა მამაჩემმა! ეს უკანასკნელი, პასუხიც შეიძლება იყოს.

ამ სიტყვა-პასუხის ამბავი ასეა: ის სრულიად ქალაქისაა და თან ქალაქის, რომელშიც დადის ავტობუსები. ანუ უკვე გასული საუკუნის 50-იანი წლებია, რადგან მაშინ დაიდგა გაჩერებებზე დისპეტჩერის ჯიხურები. საუბრის არსი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაში შე ჩემა ჯერ კიდევ მეტად ხისტია, ვიდრე შემდგომში შეიქნა. იმავდროულად, შემორჩა მაგალითები, როცა აქა-იქ შეჩემა მეგობრის ან ზოგადად რომელიმე ადამიანის პირსწინა, თუ პირსუკანა მეტსახელებშიც ჩნდებოდა და, უმეტესად, ეს არავის სწყინდა. მეტსახელებში კი იმიტომ, რომ მეტსახელის პატრონი ხშირად წარმოთქვამდა ამ სიტყვას და ეს საახლობლო წრეში სახუმაროდ შეიქნებოდა ხოლმე. ანუ სიტყვას მაშინაც ჰქონდა რბილი მნიშვნელობა, თუმცა, უცხო გარემოში ის შეურაცხყოფად გარდაიქმნეობდა ხოლმე. რაც, ალბათ ახლაც ასეა.

რბილი მნიშვნელობით შეჩემა ახლო მეგობრის სახელის მაგივრადაც გამოიყენება: სადა ხარ, შეჩემა? იგივეა, რაც, სადა ხარ, ტოო და სრულიად არაფერს ნიშნავს როგორც მარად თანმდევი სიტყვა.

როგორც მრავალი სხვა ქუჩის სიტყვა, შეჩემა მესამე, იქ არ მყოფ პირზეც ვრცელდება – ეგ ჩემისა – რაც, ჩვეულებრივ, განაწყენების ან აგდებული დამოკიდებულების გამოხატულებაა.

სწორედ აქ გაგვახსენდება, რომ შეჩემა-ს აქვს გაგრძელებული ფორმა, ალბათ უფრო წინანდელი, მაგრამ დღესაც ცოცხალი და ალბათ შეჩემა-სთან შედარებით ერთი მეოთხედით მოქმედი – შე ჩემისა, რომელიც უფრო აზუსტებს მის არსს.

თანამედროვე შეჩემა ორი სიტყვისგან შენ და ჩემი შედგება. ორივე უიოლესი და უხშირესი ქართული სიტყვაა და ცალ-ცალკე მათში არც ხუმრობის კვალია, არც უხამსი მნიშვნელობა. მაგრამ ერთად ეს ორი სიტყვა შეურაცხყოფაა, რომელიც უმეტესად არ აღიქმება შეურაცხყოფად სწორედ ამ ნიღბის გამო. შენ – აქ პირდაპირი სიტყვაა, ჩემი კი, შენიღბული, თუმცა ყველამ იცის, რას აღნიშნავს ამ შემთხვევაში. ჩემი – მამაკაცის სქესობრივი უნარების სიმძლავრეს და მისით მეტოქის შეურაცხყოფის გარდუვალობას გამოხატავს. ამიტომ ჩემა და ჩემისა აქ სწორედ იმ დამდაბლების აღმნიშვნელია, რომლითაც განმარტავს საბა მთავარ ქართულ საგინებელ სიტყვას თავის ლექსიკონში. ასე გამოდის, რომ დაგამდაბლებ ჩემის შეხებით, თუ კიდევ მეტითაო, ამბობს ეს შე ჩემა-ჩემისა. უმეტესად, ერთსქესიანი ძალადობრივი დამცირების ამბავია, მოკლედ. ამას ერთგვარად მივყავართ საბჭოთა საციხო სამყაროსკენ, სადაც ამ ნიღბით უწყინარი შეჩემა-ს უკან ერთ-ერთი იქაური დაუნდობელი და შეურაცხმყოფელი ადათი იმალება, რომელიც პატიმართა შორის არსებობდა, შესაბამისი სიტყვებით და ჯგუფებით: თავისი ჩარტყმა, პეტუხი, მოგვიანებით გაქართულებული ქათამი და სხვა ასეთები და რომელიც პატიმრის სხვა პატიმრების მიერ ცხოვრების ფსკერზე ჩაგზავნას გულისხმობდა შესაბამისი ძალადობრივ-დამამცირებელი ხერხებით.

მაგრამ ეს გვიანდელი ამბებია, სწორედ იმ დროის, როცა იქმნებოდა დღევანდელი შეჩემა, რაც სწორედ თბილისის დიდ ქალაქად გადაქცევის დროების დასაწყისია – ისევ ის ორმოცდაათიანი წლები, როცა შეჩემა ლამის ქუჩის საბავშვო ენის გასატეხებში გამოჩნდა: შე ჩემის ტუზო, აქლემის კუზო, ვირის ტორმუზო… ეს უბრალო შაირიც დიდ ქალაქში შეჩემა-ს გამოღვიძების ერთ-ერთი მაგალითია.

საერთოდ, რახან შეჩემა ასეთი ნიღბიანი და მოქნილი რამაა, მასზე სხვა სიტყვის წაბმაც ბევრად იოლი გამოდგა. შეჩემა-ს ერითმება ნაირგვარი სიტყვა-თქმები, რაც ხუმრობის გაქანებას ზრდის: შე ჩემის ტუკნა (ტუკნა მთაში ნაბოლარას ან შეჯიბრში ჩამორჩენილს ნიშანვდა), შე ჩემის ტრულაილა (ეს ბევრად ძველი თქმა უნდა იყოს, რადგან საკუთრივ ტრულაილა და ტრალაილა, ინგლისური საოხუნჯო სიტყვების რუსული თარგმანია და მისი ფესვები უცნობია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს სიტყვები ორ ლიტერატურულ კაცუნადაც გადაიქცა, რაიც ლუის კეროლის ოხუნჯობის წყალობაა. ამასთან ერთად, რაღაც მელოდიაც არსებობდა) და სხვა ასეთები.

რა თქმა უნდა, ამ გამოთქმებს შორის ყველაზე ყურსმოსახვედრია შე ჩემის თვრამეტიანო და ისიც ურყევად მიგვანიშნებს დიდ ქალაქზე, ანუ თბილისზე. შე ჩემის თვრამეტიანო არსებობს იმ დროიდან, რაც ქვეყანაში, უპირველესად კი, თბილისში თანამედროვე ავტომანქანები მომრავლდა. ეს ჯერ კიდევ ის ხანაა, როცა სახელმწიფო ავტომანქანები ბევრად მეტი იყო, ვიდრე კერძო და მათი გარაჟი, სადაც ავტომანქანების შესაკეთებელი ხელსაწყო-გასაღებები ინახებოდა, განსაკუთრებული ადგილი იყო. იმავე გარაჟების გარშემო იქმნებოდა მძღოლთა თემები, ახალი სიტყვებით, თქმებით, მერე გამქრალი სუბკულტურითაც კი. მაშინ მძღოლებს მხოლოდ შოფრებს ეძახდნენ და ეს არ იყო იოლი ცხოვრებისა და ბედის ხალხი და არც მაინცდამაინც უბრალო ხასიათსა. მათმა მეტყველების ფორმებმა ოდესღაც საკმაოდ შესძინა ქალაქის გარემოს. ესეც დიდი ქალაქია.

ყოველ მძღოლს უკვე საბარგულში ედო იმ ხელსაწყოების ყუთი, რომლითაც გზაზევე შეაკეთებდა მანქანას. ყუთის შემადგენლობა თანდათან რთულდებოდა და ქანჩის გასაღებებსაც, სახალხოდ კლუჩებად წოდებულს, თავისი სახლები ჰქონდა, თუმცა, მძღოლები მათ უფრო ნომრებით იხსენიებდნენ, მოსაჭერი ქანჩის სიდიდის მიხედვით. ჰოდა, არსებობდა და არსებობს ასეთი კლუჩი, თვრამეტმილიმეტრიანი ქანჩის მომჭერი.

თვრამეტიანი თავისებური იერისა იყო და ამიტომაც მიიქცია ქუჩის ენის ყურადღება და მძღოლთა წარმოსახვის ერთი მოსახვევიც დაგვანახა: ამ ხელსაწყოს ერთ ბოლოზე გახსნილი პირი ჰქონდა, მეორეზე – ტეხილად თავშეკრული. სწორედ ამ თავშეკრულმა პირმა შვა გამოთქმა. შე ჩემის თვრამეტიანო-ს დაბადებაში ალბათ ცოტა ხუმრობაც ერია, მაგრამ ის სრულად იმეორებს დამცირების და შეურაცხყოფის შეჩემურ ფორმას, ოღონდ უკვე დიდი ქალაქის აუცილებელი ნივთის დახმარებით. ანუ შეურაცხყოფილი, როგორც პიროვნება არის თვრამეტმილიმეტრიანი ქანჩის შეკრული პირი, რომელიც შეურაცხმყოფლის სიამაყეს ზედ მოერგება და შეაკეთებს, მოემსახურება. მომსახურების საკითხი შეჩემა-ს განუყოფელი ნაწილია, რადგან შეუნიღბავად ეს სიტყვა იძულებითი მსახურების, ანუ უფრო მდაბალი, მსახურებითი ერთსქესიანი გაუპატიურების თქმაცაა. ერთსქესიანი გაუპატიურებით გინება, დამცირების უკიდურესი ფორმაც შეიძლება იყოს.

ჩვენში ჩვეულებრივი ადამიანისთვის დედის შეგინებაზე მეტი შეურაცხყოფა არ არსებობს. სამაგიეროდ, რაღაც იშვიათი შემთხვევის და გარემოების, ერთი-ორი საგინებელი ფორმის გარდა, არ არსებობს ადამიანის პირადად მისი შეგინებით შეურაცხყოფა, რაც არსებობს სხვა ქუჩის ენებში, სადაც დედის გინებით შეურაცხყოფის ხერხი არ არსებობს. პირადი შეგინება ამ დამდაბლებით, ნაცნობ ასოთა წყვილ ტყ-ს რომ გულისხმობს, ქართულში იმის ნამცეციც არაა, რაც რუსულსა და ინგლისურში. რაც არის, რუსულიდანაა გადმოსული.

აქ კი ისევ მივდივართ იმ საბჭოთა ციხეში, სადაც ადამიანის შეურაცხყოფა და განადგურება, მისი გასამართლება გარკვეულ ვითარებებში სწორედ პირადი სქესობრივი დამცირებით ხდებოდა. ეს იყო იქ უკიდურესი შეურაცხყოფა, თითქმის სიცოცხლის, უფრო კი ღირსების სულ ბოლომდე წართმევა. შეჩემა გარეგნულად კი მრისხანებადაკარგული სიტყვაა, მაგრამ ერთგვარად ამ ამბავსაც მოიცავს: რუსული პირდაპირობით რომ აღვნიშნოთ, აპუშჩენიეს და აბიჟენნი-ს ქცევას. დღეს ციხის შიდა ადათი უკვე კრძალავს ამ ფორმით ადამიანის უმდაბლეს-უსუფთაოთა წრეში დამკვიდრებას, მაგრამ იმ დროში და იმ სამყაროში ეს საყოველთაოდ მიღებული რამ იყო.

სწორედ ორმოცდაათიანი წლებია ის ხანა, როცა სტალინის საბჭოთა ციხე- ბანაკობია ქვეყანაში გამოსვლას იწყებს დიდ ამნისტიათა შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ ბარე 60-იან წლებამდე მოქმედებდა 101 კილომეტრის წესი, რომელიც გარკვეული მუხლებით ნასამართლევ ხალხს დედაქალაქებთან და საერთოდ დიდ ქალაქებთან მიახლოებასაც კი უკრძალავდა, შემდგომისთვის ეს უარესიც კი გამოდგა: „მეორეხარისხოვანი“ დაბა-ქალაქების ათეულობით მილიონმა ადამიანმა საბოლოოდ შეითვისა იქამდე უხილავი, მხოლოდ გულაგისა და ქალაქის ერთ სუბკულტურული ჯგუფისთვის ნაცნობი, საპატიმრო ქვეყნის ენა. ეს ენა შეერია პარტიულ ენას, შეერია უამრავ საბჭოთა ენასაც და დიდად ჭრელ ლევიათანად იშვა.

ამ ციხის ენას აქვს თავისი წილი პოეზია, ოღონდ არცთუ მაღალი და მხოლოდ მის მშობლიურ ფორმაში, ანუ რუსულად. ოდესღაც ამ სამყაროს ქართულ ნაწილს ბევრი ქართული ან გადმოქართულებული სიტყვა გააჩნდა, მაგრამ მერე ყველაფერმა მოიკლო და უმეტესად პირდაპირ რუსული გადმოვიდა. ეს ახალი ენა, დიდ ქალაქებს რომ უკანმოუხედავად მოედო ორმოცდაათიანი წლების მიწურულიდან, შეტაკებული ქუჩის ენასთან, რომელსაც თითქოს კიდეც ჰგავდა და არ ჰგავდა, იყო ბევრად უხეში, თუმცა ნაკლებ თავისუფალი, ვიდრე საკუთრივ ქუჩის ენა და მისი მინარევები.

სამაგიეროდ, მისი სიხისტე და დოგმატურობა ტენიდა ქუჩის ენაში უხეშ, ძალადობრივ და დამამცირებელ, უმეტესად პორნოგრაფიულ სურათებზე დაფუძნებულ თვითგამოხატვას. ეს უკანასკნელი ქუჩის ენას არ აკლდა, მაგრამ მუქარა ციხისაში მეტად შთამბეჭდავი იყო და, შესაბამისად, ის იმარჯვებდა დიდი ქალაქის ქუჩების ცხოვრების წესთა ფონზე. ამგვარი რამ ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ საბჭოთას ძნელად რომელიმე შეედაროს სქესობრივ-ძალადობრივი არსით.

იმ წლებში, ალბათ ბევრმა სიტყვამ და სიტყვათშეთანხმებამ გამოიღვიძა, მაგრამ, ეტყობა ორ-სამ ათწლეულში ისევ გაქრა, რადგან უფრო ხალასი და სახუმარო, ძველი თბილისის თარგისა იყო და ვერ გაუძლო ციხის ენის უხეში ძალის დაწოლას, მისი არათავისუფალი სისასტიკის გამო.

შეჩემა-ც ალბათ მაშინ გახშირდა და პირიქით გადარჩა და გაუბრალოვდა კიდეც. სწორედ ამ უბრალოებით და უწყინარი ნიღბით თუ მოედო ქვეყანას. ამის მიზეზი ალბათ ძნელი ასახსნელია, მაგრამ, თუკი აქამდე ჩრდილოეთში ვტრიალებდით, ახლა სამხრეთით უნდა წავიდეთ, რაც გასაკვირი არაა, რადგან თუ ახალი დამპყრობელი ჩრდილოეთითაა, ძველნი სამხრეთით ჰფენილიყვნენ.

საყოველთაო შეჩემობის ხანაში წარმოთქმის ფორმებს შორის უდავოდ შესამჩნევი და საინტერესოა შეჩემაალა, ანდა შეჩემანალა.

გვიანდელი ხანის თბილისელისთვის ეს ყურისმომჭრელი, დასაცინი ხმოვანება იყო, რომელსაც აშკარად იმერული მახვილები ახლდა და იმ დროის გავრცელებული შეფასების, „სოფლელობის“ უტყუარ ნიშნად მოჩანდა. რასაკვირველია, გვიანდელმა თბილისელმა არ იცოდა, რომ ადრინდელი თბილისელიც, თუნდაც მისი მამა, თუკი წარმოთქვამდა ამ სიტყვას, სწორედ ისე წარმოთქვამდა, როგორც ის „სოფლელი” და შეჩემას ასე გამოთქმასაც უფრო აღმოსავლეთქართული ხმოვანება ედო საძირკველში, ვიდრე იმერული. უბრალოდ, დიდმა ქალაქმა თანდათან მოაკვეცა ბოლო ამ სიტყვას.

სხვათა შორის, ამ, ახლა იშვიათ, მხოლოდ სახუმაროდ დარჩენილ გამოთქმის ფორმასაც ჰქონდა სახალისო გაგრძელება. ასე იტყოდნენ: შე ჩემანალა- არშინ მალალა. ეს შერითმება მომდინარეობდა ჯერ კიდევ რუსთ-ხელმწიფის დროიდან განთქმული აზერბაიჯანული ოპერეტის არშინ მალ ალანის სათაურიდან. ოპერეტა განთქმული იყო მთელს კავკასიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, როცა სტალინმა სახალისო და მუსიკალური ფილმების გადაღება ბრძანა, ხალხის გასართობად, არშინ მალ ალანი განთქმულ საბჭოთა ფილმადაც იქცა და მისი მელოდიები დღემდე ცოცხლობს, იმავე ქართულ დუქნის სიმღერებშიც.

თავად შეჩემა-ს პირვანდელი გამოთქმა კი სამსიტყვიანია: შე ჩემან ლალა. ეს კი ნიშნავს, რომ ის გვარიანად ძველი სიტყვათერთობაა. საუკუნეებს ახლა ვინ გამოითვლის, მაგრამ, უცნობი სიტყვა ამ შემთხვევაში ლალა გახლავთ. თუმცა ის არც ისე უცნობია. აბა, თუ გვახსოვს მეთექვსმეტე საუკუნეში ქართლზე სულთნის ბრძანებით წამოსული ლალა მუსტაფა ფაშა? გვეხსომება. მგონი, მისი სახელი სკოლის წიგნშიც კი ეწერა. სიმონ მეფე და მთელი ამბები. სიტყვა ლალა, როგორც მრავალი აღმნიშვნელი ჩვენს შემოგარენში, სპარსულიდან მომდინარეობს და აღმზრდელ-გამზრდელ მამაკაცს, მასწავლებელსაც და მოკლედ, მთელს ამ ამბავს ნიშნავს, ჩვენს ლექსიკონებში მის განსამარტად მამაძუძეც კი მოიხსენიება.

ოღონდაც, ოტომანათა ხელში ლალა დიდ წოდებად ქცეულა: ლალა ყოფილა მემკვიდრის გამზრდელი სულთნის კარზე. სელჩუკთ უფრო ათაბაგები ჰყოლიათ, მერე კი სპარსული ლალათი შეცვლილა. ლალა გამზრდელ-აღმზრდელი ყოფილა სეფიანთა ირანშიც, იმ ჩვენს გამამწარებელ შაჰთამაზ-შაჰაბასობის დროსაც. ამნაირი ლალები მერე დიდვეზირობამდეც კი მიდიოდნენ სულთნის კარზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ლალა მამაკაც აღმზრდელს ნიშნავს. ეს მსახურების დიდი და განსაკუთრებული ხარისხია. უფრო დაბლა, გაძიძავების საყოველთაო წესსაც მოვკრავთ თვლას, ნახე შენი გამზრდელიო და ასე შემდეგ.

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მემუარებსა და ნაწერებში სიტყვა ლალა ჩანს ხოლმე, ოღონდ, რასაკვირველია, ბევრად კნინი მნიშვნელობით. ლალა – მომვლელი კაცია. უფრო თუ ჩავხედავთ, სანიტრის ქართული შესატყვისიც კი გამოდის, სწორედ მაშინ ჩამოქნილ ახალ ქართულ სალიტერატურო ენაში. ასეთი სტრიქონიც არის ერთ მოგონებაში: საავადმყოფოში მივედით ალექსანდრე ყაზბეგის სანახავად და ლალამ გამოიყვანაო. ეს საერთოდაც არ არის ქუჩური სიტყვა. მომვლელი მსახური.

შეჩემა-ს ძველებური გამოთქმა კი იყენებს ლალა-ს, ყოველგვარი დიდი ქალაქის ამბების არსებობის გარეშე. ესე იგი, პირვანდელი შეჩემა გაისმის, როგორც შე ჩემის გამზრდელო, ანდა მომვლელოო. რაც უფრო აღმოსავლური ყაიდის შეურაცხყოფაა, ვიდრე გვიანდელი და ხისტი, შე ჩემის თვრამეტიანო. ამას კი იმ დიდი უბედურებისკენ მივყავართ, რაც ოდესღაც ფეხმოკიდებულიყო საქართველოში.

ჩვენი მეცხრამეტე საუკუნის მწერლები ბევრს წერდნენ ბატონყმობის, უუფლებო ადამიანის შესახებ. ამას, რა თქმა უნდა, ებმოდა ისტორიული საშინელების,  ტყვეთა სყიდვის ხსენებაც, რაზეც მეოცე საუკუნის დასაწყისში კონდრატე თათარაშვილმა რომანიც დაწერა. სხვა გასაჭირსა და ჭირთან ერთად ტყვეთა სყიდვამ ქართული სამეფო-სამთავროები სულის მღაფავ ადგილებად აქცია. ამ საზიზღარი საქმოსნობის საფუძველი, ცხადია, იყო მოთხოვნა სამხრეთის მძლე ქვეყნებისგან, რომლებიც საქართველოს სამეფო-სამთავროებს თავიანთ ერთგვარად ავტონომიურ ნაწილებად განიხილავდნენ და აქედან შესაბამისი გადასახადიც მიჰქონდათ. სპარსეთსა და ოსმალეთს შორის, ამ მხრივ, განსხვავებებიც იყო და საერთოც. მხოლოდ ჩვენი უბედურება არ იყო ეს ტყვეთა სყიდვა, მთელი ბალკანეთი და ჩერქეზობაც, სხვანიც რომ არ ვახსენოთ, ეწამებოდა ამ საქმით.

ის კიდევ ცალკე ამბავია, როგორ შენდება იმპერიები უცხოეთიდან ძალით მოყვანილი ხალხების ხარჯზე. ტყვეთა სყიდვა ერთი ცალკე საქმიანობა იყო, მაგრამ ქართველ მეფეებს შეთანხმებულ გადასახადადაც ევალებოდათ ყოველწლიურად ადამიანების გაგზავნა: იქ ახალგაზრდებიც იყვნენ და, ვთქვათ, ხელოსნებიც, მოვაჭრენიც. წელიწადში ოცი კაცი, ოცი ქალი ან თორმეტი კაცი, თორმეტი ქალი. დარჩენილია ამბები, რომ სიმონ ქართლის მეფე ცდილობდა სპარსეთში ქართველების ნაცვლად, სხვა, ნაშოვნი, ნაყიდი, თუ ნატყვევარი ადამიანების გაგზავნას, ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთ-ოსმალეთის ზავი, მთავარი შვება იმერეთის მეფე სოლომონ პირველისთვის, იმ ზავში ჩაწერილი წინადადება იყო: ამიერიდან იმერეთი ქალ-ვაჟს აღარ გაუგზავნის სულთანსო. მანამდე ერეკლემ შეუწყვიტა სპარსელებს და იქიდანაც აღარ გამოჰკიდებიან. თუმცა ეს მორჩილების გადასახადი მეტად მცირეა ტყვეთა სყიდვის ბაზართან და მის მოთხოვნასთან შედარებით. მეტიც, პირდაპირი, დაწვრილებითი შეკვეთებიც არსებობდა, ამნაირი და ამნაირი გოგოს ვიყიდით და ამნაირ და ამნაირ ბიჭსო. მგონი, ანტონ ფურცელაძის ერთ ნაწერში კრთის ასეთი ჯავრი, აღარ იყო ჯანი, უკვე გარეგნობის ისეთი დაწვრილებით ითხოვდნენ საცუმბუშოდო.

ცუმბუში. თბილისის ქუჩის ენაში ცნობილი, დღეს ნაკლებ გასაგონი სიტყვაა: ეგ ცუმბუშა, ეგა!.. ზმნაც გამოდის ხოლმე – ეცუმბუშება. ჩვენებური მნიშვნელობით ესაა ადამიანი, რომელიც ვიღაცას მლიქვნელ-ლაქუცობით ემსახურება, ვიღაც სასურველს. უფრო დამდაბლებითაც ითქმოდა, ჩემი ცუმბუშააო. მეტითაც, ცუმბუშ, მიდი ერთი ესა ჰქენიო. ეს სიტყვა ჩვენთან ოსმალეთიდანაა მოსული, სადაც გართობას, სიამოვნების მინიჭებას გულისხმობდა. ახლანდელ თურქეთში ამ სახელის სიმებიანი საკრავიც არსებობს, რომელიც ჩვენს დროში მოუგონია ერთ მუსიკოსს. თუმცა, ცხადია, რომ ცუბუშის სურვილი, იმ დროში მუსიკას კარგა შორს სცდებოდა. ეს სიამოვნების და განცხრომის მსახურება იყო ხშირად უწლოვანთაგან. ამ მსახურობით ებმის ცუმბუში ჩვენს შეჩემან ლალა-ს.

ასევე დიდხანს ცოცხლობდა სიტყვა თუქსუსი, რომელიც გვიანდელ თბილისში გულისხმობდა უარყოფითად მოხერხებულ ადამიანს, ეშმაკს. ეს სიტყვა ალბათ ბევრ ენაზე ნიშნავს რამეს, მგონი, გამარჯობასაც კი, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო მნიშვნელობა ქოსაა. იმ ძველ ქოსას, ქუჩის აზრებში, ირიბი, მაგრამ ბევრი ნაბიჯი არ უკლია საჭურისამდე, დახურულ ოთახთა კარამდე, განცხრომამდე, პატრონის მომსახურებამდე. ეშმაკი ახალი მნიშვნელობაა: რეზო გაბაშვილი მრისხანედ წერს მენშევიკების დროის თბილისის ერთ-ერთ ქალაქის თავზე, ზედ რუსთაველზე გაგვიხსნა ბიჭების სათუქსუსოო. რაც ალბათ ფარული, მაგრამ ყველასთვის ცნობილი კლუბ-ბორდელის არსებობას და ქალაქის უფროსობისგან მასთან არშებრძოლებას თუ გულისხმობს.

შე ჩემან ლალა-ს, უკან დგას კიდევ ერთი ამბავი, დღემდე ცნობილი ავღანეთიდან, როგორც ბაჩ(შ)ა ბაზი, მსოფლიოში განთქმული ჰალედ ჰუსეინის რომანითაც საბრალო ბიჭის შესახებ, რომელიც მავან მძლე კაცს დაუმონებია. ბაჩ(შ)ა ბაზი, ანუ ბიჭებთან თამაშიო, სრული კაცის თვალისა და ხორცის სატკბობი მონა ბიჭის არსებობას ნიშნავს და თავის მხრიდან ეხმიანება საცუმბუშოდ, განცხრომისთვის ნაყიდს. საბოლოოდ, ცეკვას ბევრი არავინ დააჯერებს, სქესობირვი-მონა მსახურია და ტყვეთა სყიდვის ყველაზე სულის მკვლელი ნაწილი. ბავშვებისა და მოზარდებისგან ყველა სულთნის ცოლი, ეგვიპტის გამგებელი და თუნდაც იანიჩარი და მამელუქი არ გამოდიოდა. ეგ ზღაპარია. ოსმალეთშიც იყვნენ ქალად ჩაცმული ქუჩაკები – მოცეკვავენი, რომლებსაც სულ უცხოელთა რიგიდან გამოზრდიდნენ.

ბაჩა ბაზის ძირი სპარსულია და სიტყვაც სპარსულისაა, ოღონდ წარმოთქმაა ცოტა სხვა, თორემ იქაურადაც პატარა ბიჭით და ბიჭთან თამაშობას ნიშნავს. ამას შეიძლება ცალკე საფიქრალი გაგრძელებაც მოჰყვეს, ოღონდ ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ადრე ეს ბაჩა ბაზობა, ნაირგვარად ბევრგან ყოფილიყო, იქეთ უკიდეგანო მიწებზე და ბოლო დრომდე მხოლოდ ავღანეთსა და აქა-იქ პაკისტანს შემორჩენოდა. ეს ქალად მოცეკვავე ბიჭი სხვაგანაც ხომ არის და არის, სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა დროსა და მხარეში. საქმე მონა-მომსახურეს, სიამოვნებას, იძულებას, ძალადობას და ტკივილს შეეხება.

შეჩემა კი ალბათ ყველაზე უცნაურად ცოცხალი სიტყვაა ქუჩის სიტყვებს შორის.

სიჯიუტეც ეტყობა.

ჰოდა, როცა ქუჩაში გადავეხვევით დიდი ხნის უნახავ ძმაბიჭს და ჩვენებურად, კეთილი წყენით, ყეენობა დღის ხალისით და ხმით შევუძახებთ:

– სად დაიკარგე, შეჩემა, ტო-ო,რაღაც ისტორიას ვყვებით, დავიწყებულს, გაუგებარს, მძიმეს, უშნოს, ძალაგამოცლილს, მაგრამ მაინც ჩვენზე.

© არილი

Facebook Comments Box