პროზა

ანი კილაძე – კატების ტყე

12 წლის რომ ვიყავი, ჩემი მორალური კომპასი ჯერ კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩემი ძუძუები, ამიტომ საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი, რომ ბებიაჩემი მეზიზღებოდა. მუდამ კოპებშეკრული, ცივი და მიუკარებელი. თმაც კი ისე ჰქონდა კეფასთან გადაჭერილი, ვერცერთი დაუმორჩილებელი თმის ღერი ვერ მოახერხებდა ოდნავ მაინც თავის გათავისუფლებას. არცერთი თბილი და მოსიყვარულე სიტყვა ბებიაჩემისგან, მხოლოდ საყვედური და დავალება. დავალება, გამომეწმინდა მარნის იატაკი, ობობების ქსელებისგან გამეთავისუფლებინა სასიმინდე ანდაც მომედუღებინა ყავა ცოტა ხნით დასასვენებლად გადმოსული მეზობელი ქალებისთვის. მას შემდეგ, რაც ხელი დავიწვი იმ უბედურ მადუღარაზე, ერთი საწყალი ჭიქის მარაგს რომ ძლივს იტევდა საკუთარ თავში, კიდევ უფრო მეზიზღებოდა ბებიაჩემი.

იმასაც ვუშვებ, რომ ბებიაჩემი კი არა, სოფელი მეზიზღებოდა. უბრალოდ, ეს ორი ცნება სამუდამოდ გადაჯაჭვულიყო ჩემს გონებაში და არ არსებობდა სოფელი ბებიაჩემის გარეშე და ბებიაჩემი სოფლის გარეშე. ბებიაჩემის სწრაფი ნაბიჯები შერწყმულიყო იმ ველების უსასრულობას, ჩვენი ეზოს უკან რომ მოჩანდა და ერთობლივად კი საპყრობილეს წარმოადგენდა ჩემი ბავშვობისა და თინეიჯერობისთვის. თბილისის ცხელ ასფალტს მოშორებული „სუფთა ჰაერზე“ ვიხდიდი ყოველ წელს 3 თვიან სასჯელს და ბებიაჩემთან ერთად უკვე დედაჩემიც მეზიზღებოდა, რადგან კორპუსების მაგივრად ხეებისთვის უნდა მეყურებინა, გარაჟების მაგივრად მინდვრებზე მერბინა და ვაჟას კვარტლის თავხედი და მოურიდებელი ბავშვების მაგივრად დრო სამყაროში ყველაზე მოსაწყენ ადამიანთან, საკუთარ თავთან გამეტარებინა.

სოფელზე და ბებიაჩემზე კიდევ უფრო მეტად ღამე მეზიზღებოდა. როგორც კი მზე მოპირდაპირედ მდგარ სახლებს მოეფარებოდა, მთელ ჩემს ბავშვურ სხეულს ერთიანად პანიკა აიტანდა ხოლმე. უკუნეთი სიბნელე კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდიდა ჩემს მარტოობას უსასრულოდ გადაჭიმულ ჰორიზონტიან სოფელში. საათობით წოლა გამოხარშულ და უხეშ თეთრეულში, სიბნელეში ჭერის ყურება და ფიქრი, რომ, შესაძლოა, ვერასდროს დაიძინო და თუ მოახერხე და თვალები დახუჭე, შესაძლოა, ვეღარასდროს გაიღვიძო. საშიში, ოფლიანი და აქაური მდელოებივით უსასრულო იყო სოფლის ღამეები.  

ჩვენი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში ტყე იწყებოდა. ყოველ დილას მოიცვამდა ბაბუაჩემი დიდჯიბეებიან ქურთუკს, ერთ-ერთ ჯიბეში ცულსაც მოიგდებდა და დაადგებოდა ხოლმე ტყისკენ გზას. ტყიდან შუადღისას ბრუნდებოდა, ხან ფიჩხი მოჰქონდა სახლში, ხან შეშა, ხანაც რაიმე ხილს ან ყვავილს წამოაყოლებდა ხოლმე ჩემთვის საჩუქრად. ეს ერთადერთი დრო იყო, როდესაც ბაბუაჩემი ყურადღებას მომაქცევდა, ორი წუთით შეყოვნდებოდა ჩემ წინ, სანამ საჩუქარს მაძლევდა, თმაზე ხელს გადამისვამდა და გააგრძელებდა თავის საქმის კეთებას, ამიტომ ბაბუაჩემი ბებიაჩემზე და სოფელზე ნაკლებად მეზიზღებოდა.

ყოველ საღამოს ტყიდან სოფლისკენ კატები მოდიოდნენ. შეიძლება, ტყიდან სულაც არ მოდიოდნენ, თუმცა რამდენჯერაც მათი ტრაექტორიის დადგენა ვცადე, იმდენჯერ სწორედ იქ გამოჩნდებოდნენ ხოლმე ჩვენი ეზოს ზღურბლთან, საიდანაც ტყის გზა იწყებოდა, უკან კი სწორედ იმავე მიმართულებით ბრუნდებოდნენ. ჯამში, 6-7 კატა იყო, რამდენიმე უფრო ხნიერი, რამდენიმეც ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ერთმანეთის შთამომავლები. როგორც კი ოდნავ მოსაღამოვდებოდა, დაბარებულებივით მოაკითხავდნენ ბებიაჩემს და ბებიაჩემიც სიხარულით გამოვარდებოდა ხოლმე ჭიშკარში საჭმლის ნარჩენებით ხელში. რაც არ უნდა ყოფილიყო სადილად, ტყის კატებისთვის ყოველთვის გამონახავდა რაღაცას. სათითაოდ გაუნაწილებდა ყველას საკვებს და ჩამოუჯდებოდა იქვე, ბალახში, სანამ ბოლომდე არ დაამთავრებდნენ ჭამას. ეს ერთადერთი დრო იყო დღის განმავლობაში, როდესაც ბებიაჩემს მოსიყვარულეს და ბედნიერს ვხედავდი. თვალები აენთებოდა ხოლმე მათ დანახვაზე. ჯერ ერთს ჩაისვამდა კალთაში და შემდეგ მეორეს დაღლიდა მოფერებით. კატებიც იმავე ენთუზიაზმით გაუსვ-გამოუსვამდნენ კუდებს ბებიას და აკრუტუნდებოდნენ, სანამ არ მოჰბეზრდებოდათ უსაქმოდ ჩვენს ეზოში ხეტიალი. შემდეგ ისევ დაეწყობოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და აუჩქარებელი ნაბიჯით გააგრძელებდნენ გზას უკან, ტყისკენ.

ბებიაჩემის ამ მცირეოდენი სითბოს გამოვლინების მონაწილე ვერც ამ დროს ვხდებოდი, რადგან, რაც თავი მახსოვდა, ჭირივით მეშინოდა კატების და ეს შიში ვერც ტყიდან მოსულმა გრაციოზულმა და ჭრელბეწვიანმა კატებმა ვერ განკურნეს. განკურნეს კი არა, სოფლის ისედაც შემზარავ და დაუნდობელ ღამეებში მუდმივად ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი. მესიზმრებოდა ჩვენი სახლის ეზო და მაღალი ბალახი, რომელშიც მთელი სხეულით ჩავფლობილიყავი, განძრევას კი ვერ ვახერხებდი. ვხედავდი საკუთარ ფეხებს და ხელებს, წამოჯდომას ვლამობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. თავზე ტყის კატები წამომდგომოდნენ და შესაშური სიმშვიდით ჩემს სხეულს შეექცეოდნენ. ჭამდნენ ჩემს კანს, ლოკავდნენ ჩემს სისხლს და აუჩქარებლად ღეჭავდნენ ჩემს ხორცს. ხალისიანად აკნატუნებდნენ ძვლებს და ხრტილებს, დროდადრო კი წითლად შეღებილ ულვაშებს გემრიელად მოილოკავდნენ ხოლმე. ვხედავდი, როგორ მაჭამდა პირდაპირ მკერდიდან გულს ბებიაჩემის რჩეული შავწინწკლებიანი კატა, რომელსაც მოფერებით ვარდოს ეძახდა, მე კი ვიწექი გაუნძრევლად სისველეშეპარულ მიწაზე და უშედეგოდ ვცდილობდი ყვირილს. პირს ვაღებდი, თუმცა ხმა არ ამომდიოდა, ფილტვებში ჰაერი აღარ მყოფნიდა და უმოძრაობა იპყრობდა მთელ ჩემს სხეულს. მაშინ კი, როდესაც ვარდო საბოლოოდ დაასრულებდა ჩემი გულის ნაფლეთების ღეჭვას, შეშინებულს და სასოწარკვეთილს ოფლიან საწოლში მეღვიძებოდა, ისედაც 40 გრადუს სიცხეში.

ერთადერთი, ვისაც ზაფხულის ჩემს ტუსაღურ ცხოვრებაში ცოტაოდენი სინათლე შემოჰქონდა, შორენა იყო. მზისგან დაწითლებული კანით, ჩემზე გაცილებით დიდი ძუძუებით და მოღიმარი სახით. ოღონდ არავითარ შემთხვევაში მოკრძალებულად და სიკეთით განათებული თვალებით, არამედ თავხედი და თავდაჯერებული, წამლეკავი ღიმილით. შორენა ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და ჩვენი სახლიდან 3 სახლის მოშორებით ცხოვრობდა. ნაადრევად დაქვრივებული დედამისი, შორენას გარდა, კიდევ 3 შვილს ზრდიდა, ამიტომ მეზობლები რითაც შეეძლოთ, ყველაფრით ეხმარებოდნენ. შორენა ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, ხან სახლის, ხანაც ცხოველების მოვლაში ეხმარებოდა ბებიაჩემს, ჩვენგან კი უკან პროდუქტებით დახუნძლული ბრუნდებოდა.

– ცოდოა, ჯერ კიდევ ბალღია, თანაც რა ლამაზი და ასე უპატრონოდ იზრდება. არავის ამისთვის არ სცალია დედამიწის ზურგზე.

იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი თავისთვის ჩემი თანდასწრებით და წამში გაამართლებდა იმ გადაჭარბებულ ზრუნვას, რომელსაც შორენას მიმართ გამოხატავდა, ჩემ მიმართ კი – არა. სამწუხაროდ, მამაჩემი მკვდარი არ იყო და თბილისში დივანზე იკავებდა ადგილს ტელევიზორის წინ.

– შენც მამაშენივით ზარმაცი და არაფრისმაქნისი ხარ. სულ გაგატუტუცეს ქალაქში მშობლებმა.

სრულიად აუღელვებლად იტყოდა ხმამაღლა ბებიაჩემი ამ ფრაზას და გააგრძელებდა მტვრის გამოწმენდას წიგნების ძველი კარადებიდან. მე კი, ცხადია, ვერც ხმის ამოღებას ვბედავდი და ვფიქრობდი, თუ რით გამატუტუცეს ოჯახის წევრებმა. და თუ ერთხელ უკვე გამატუტუცეს, რატომ არ დამტოვეს სამუდამოდ გატუტუცებული და რატომ ვატარებდი დასვენების არაერთგზის ნანატრ დღეებს ამ სრულიად შემზარავ და ღმერთებისგან დავიწყებულ ადგილას.

შორენას ვაღმერთებდი, თუმცა ახლოსაც არ ვიკარებდი. მისი ყურება შორიდან, სადმე კომფორტულად შეყუჟულს მერჩივნა. რამდენიც ჩვენს ეზოში ნიავი ოდნავ მაინც დაიქროლებდა და კაბა აუფრიალდებოდა, იმდენჯერ მეგონა, რომ მიყვარდა. მინდოდა, იმ კაბაზე გამოვბმოდი და აღარასდროს მოვშორებოდი. მასთან ერთად მეცხოვრა მისი თხელი კაბის ქვეშ და მისი სხეულის სიახლოვე მეგრძნო ყველა ჯერზე, რამდენჯერაც ტყის კატების ხმა მომესმებოდა. მის ხვეულ და დაუბანელ თმაში შემეყო ხელები და ბაბუაჩემის ტყიდან მოტანილი ყვავილები დამეტოვებინა შიგნით. მინდოდა, ისე გაეცინა ჩემთვის, როგორც შავწინწკლებიან ვარდოს უცინოდა ხოლმე, სანამ მიწაზე წამოგორებულს მუცელზე ეფერებოდა. თუ ისურვებდა, მეც ეგრე გადავგორდებოდი ბებიაჩემის დარგულ პომიდვრებში, ენას ზურგზე გადავიდებდი და ღამით სხვა კატებთან ერთად ტყეში დავბრუნდებოდი დასაძინებლად. მსუბუქი ზმუილით შემოვივლიდი მთელ სამეზობლოს და ყველას მოვაფერებინებდი ბეწვიან მუცელზე, ვინც კი მოისურვებდა. თათებს გავასუფთავებინებდი კოპებშეკრულ ბებიაჩემს და არცერთ მინდვრის თაგვს არ დავტოვებდი ცოცხალს. პირდაპირ კისერში დავეწაფებოდი სათითაოდ ყველას და მათი თაგვური სისხლით შევიღებავდი მოკლე ულვაშებს, ოღონდ შორენას ეთქვა. 

აღმაფრენისა და სიყვარულის ყოველ ტალღას ჩემს მუცელში ზიზღი და სასოწარკვეთა ანაცვლებდა. შორენა ყველაფერი იმის გამოვლინება იყო, რაც არ ვიყავი. რაზეც მეფიქრებოდა ყოველ ღამით დაძინებამდე, ყოველ დილას გაღვიძებისას და, პრინციპში, ყოველთვის, როდესაც მახსენდებოდა, ვინ ვიყავი. საშინლად მყარი და მოუქნელი, მოქუფრული და ცივი, უხეში და უსიამოვნო, ისევე როგორც ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი. თბილისის გარეუბნებივით შეუხედავი და მოუხელთებელი იყო ჩემი გარეგნობა, ჩემი შინაგანი სამყარო კი იმ ბუნკერებივით ყარდა, ბეტონის კატებს ათასგვარი ნარჩენით რომ უმასპინძლდებოდა. შორენა კი თითქოს მსუბუქი იყო და უსხეულო. ჩემგან განსხვავებით, სიცილი და თამაში შეეძლო. მის გონებას კოშმარები არ დაპატრონებულიყვნენ და თუ რამე ადარდებდა, მხოლოდ ის იყო, სახლში ვახშმად მისულს, დახვდებოდა თუ არა ყველასთვის საკმარისი საკვები. ეს კი თითქოს დიდი დარდი ჩანს 15 წლის გოგოსათვის, მაგრამ არც ისეთი დიდია, ცხოვრების ხალისი დაგაკარგვინოს, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა ხარ.

შორენა თითქმის არასდროს მელაპარაკებოდა, დიდწილად, ვერც კი ამჩნევდა მისი სტუმრობის დროს სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი. სწორი იქნება იმის თქმა, რომ ერთი წამითაც კი არ ადარდებდა მთელი ჩემი არსებობა თუ არარსებობა. თუ სადმე შემამჩნევდა, მწარე რეპლიკით ან მოკლე ფრაზით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ერთხელ, როდესაც წელში მოხრილი ეზოს ხვეტდა, მე კი კიბეებზე მჯდარი წიგნის წაკითხვას ვცდილობდი, თუმცა წიგნში ყურების მაგივრად მის გამხდარ ფეხებს ვაკვირდებოდი, რომ დეტალურად შემესწავლა, შემდეგ კი საკუთრისათვის შემედარებინა, წელში გაიმართა და თვალები პირდაპირ თვალებში მტრულად გამიყარა.

  • რას მაშტერდები, შე ლაწირაკო.
  • არ გაშტერდები.
  • ჰოდა, წადი, რა, შენს საქმეს მიხედე და მოშორდი აქედან.
  • მოვშორდები, ბოზების ყურება მაინც არ მაინტერესებს.

სანამ ბებიაჩემი ტუჩებში გამეტებით მირტყამდა, შორენას გაოგნებული სახე მახსენდებოდა. მე თვითონაც არ ვიცოდი, რატომ გადავწყვიტე მისთვის ბოზი დამეძახა ან საიდან გაჩნდა ჩემს გონებაში ეს სიტყვები, რომლებმაც შეუკავებელი ნიაღვარივით გადმოხეთქა ჩემი პირიდან, თუმცა ერთდროულად დანაშაულის და კმაყოფილების გრძნობა მეუფლებოდა. დანაშაულის იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ძალიან ვაწყენინე, კმაყოფილებას კი ის ფაქტი მაგრძნობინებდა, რომ ზუსტად ვიცოდი, ასეთ რამეს ჩემგან არავინ მოელოდა, მით უმეტეს კი შორენა. ახლა აღარავინ ჩამთვლიდა სუსტ და მარტივად ხელწამოსაკრავ ადამიანად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ადგილია სხვებისთვის. ეცოდინებოდათ, რომ თავი შორს დაეჭირათ, რადგან თუ შემომიტევდნენ, არც მე დავტოვებდი ვინმეს პასუხის გარეშე.

ამაყი ვიყავი ჩემი საქციელით, თუმცა ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვერიდებოდი შორენას და სათოფეზეც კი არ ვეკარებოდი. თავი შორს მეჭირა და მის სიახლოვეს ყოველთვის რამდენიმე ხე, ყვავილი, კედელი თუ ნებისმიერი მოსაფარებელი ობიექტი მაშორებდა. ივლისის ერთ-ერთ ძალიან ცხელ და უსიამოვნო დილას ბებიაჩემი ბაზარში წავიდა, რომ ახალი პროდუქტები მოეტანა და ოდნავ მაინც გადაეხალისებინა ჩვენი რუტინული კვებითი რაციონი, რადგან ვარდოსაც კი მოჰბეზრდა ყოველდღე მოხარშული კომბოსტოს და კარტოფილის ჭამა. ბებიაჩემს შორენა სახლში მარტო დაეტოვებინა და ფანჯრებს წმენდდა, შესაბამისად, მე ჩვენი ეზოს უკანა ნაწილში გადავხვეწილიყავი და ლექსის დაწერას ვცდილობდი. ის დრო იყო, როდესაც შიშით და სიკვდილის იდეით შეპყრობილს ახალი აღმოჩენილი მყავდა ტერენტი გრანელი და მსურდა, მეც მასავით აღმეფრთოვანებინა მკითხველი ჩემი რითმებით. ვფიქრობდი, ზაფხულში კარგად თუ ვერ დავისვენებ, მთელი ეს ტანჯვა ხასიათს მაინც გამომიწრთობს და წარმატებული პოეტი გამოვალ-მეთქი.    

როდესაც უშედეგოდ ვცდილობდი სიტყვები „პანაშვიდი“ და „განთიადი“ ერთმანეთისთვის გამერითმა, სახლიდან ხმაური მომესმა. სუსტი ყვირილი და მსხვრევის ხმა გავიგონე და სირბილით შემოვუარე ეზოს. ჯერ კიდევ რამდენიმე მეტრი მაშორებდა სახლში შესასვლელ კიბეს, როდესაც დავინახე შორენა, რომელმაც ხმაურით გამოგლიჯა ოთახის კარი და ჭიშკრისაკენ უკანმოუხედავად გაიქცა. სისწრაფეში მიჭირდა მისი სახის გამომეტყველების დანახვა, თუმცა ისე გამოიყურებოდა, როგორც კუთხეში მიმწყვდეული ჩვენი შინაური ცხოველები, რომლებმაც იციან, რომ მათი სიცოცხლე სულ რამდენიმე წამში დასრულდება და დღის ბოლოს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ჩახოხბილში ამოყოფენ თავს. თმა და ტანსაცმელი აწეწილი ჰქონდა, თითქოს ორიოდე წუთის წინ ტყეში მხეცს შეებრძოლა და ახლა გამარჯვებული, მაგრამ ქანცგაწყვეტილი ბრუნდება შინო, თუმცა გამომეტყველება გამარჯვებულისას ნამდვილად არ უგავდა. გაჭრილი ხელიდან სისხლი მოსდიოდა. იმაში კი არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ იცოდა თუ არა, ხელი რომ გაჭრილი ჰქონდა. რამდენიმე წამში გაირბინა მთელი ჩვენი ეზო და მომენტალურად მიეფარა თვალს. სახლში რომ შევედი, ოთახში ბაბუაჩემი დამხვდა. ხელში ცოცხი მოემარჯვებინა და აუჩქარებლად ხვეტდა ოთახში მიმობნეულ გამჭვირვალე ვაზის ნამსხვრევებს. ჩემს დანახვაზე ზანტად ამომხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და კვლავ გააგრძელა ნამსხვრევების შეგროვება.

  • რა დაემართა შორენას? –  აღელვებულმა და ნერვიულმა წამოვიყვირე.
  • არაფერი, ვაზა გაუტყდა. შეეშინდა, ნორა გაბრაზდებაო და სახლში წავიდა.

არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა ბაბუაჩემის პასუხი, თუმცა ნამსხვრევები სანაგვე ურნაში ჩაყარა და ისე, რომ ყურადღებაც კი არ მოუქცევია ჩემთვის, სავარძელში ჩაჯდა, რომ წიგნის კითხვა გაეგრძელებინა. ის კი მომეჩვენა, თითქოს სიარული უწინდელზე მეტად უჭირდა.

მას შემდეგ შორენა ჩვენთან აღარ მოდიოდა. ბებიამ, რომელმაც შორენასთან ვერაფერი გაარკვია, რამდენჯერმე სცადა ამ კითხვაზე პასუხი ბაბუისგან მიეღო. თუმცა ბაბუაჩემს ბევრი არაფერი ჰქონდა მოსაყოლი, გატეხილი ვაზის ისტორიის გარდა, რომელიც ორჯერ გაიმეორა და შემდეგ აღარც კი ჩაუთვლია საჭიროდ კიდევ მოეყოლა, რადგან ჩემი და ბებიას მსგავსად სულ ცალ ფეხზე ეკიდა შორენას ბედიც.

ბაბუაჩემზე ბევრი არაფერი ვიცოდი ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ კითხვა უყვარდა, ლაპარაკისგან განსხვავებით. საათებს ატარებდა მხოლოდ საკუთარი თავის გარემოცვაში და დიდად არც მეზობლებს თუ ნათესავებს ელაპარაკებოდა, ოჯახის წევრებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ორღობეში ჩვენ წინ განლაგებული, ერთმანეთის მომიჯნავე სახლებიდან ხშირად გამოდიოდა ყვირილის და ცემის ხმა, თუმცა ჩვენს სახლში მუდამ სიჩუმე იყო, იმდენად, რომ სარდაფში თაგვების სირბილის ხმაც კი მესმოდა. ერთი შეხედვით, სიჩუმე მშვიდობიანი და კომფორტული ჩანდა, თუმცა ვხვდებოდი, ნელ-ნელა რამდენად ჭკუიდან გადავყავდი მუდმივ დუმილს. ვოცნებობდი, ბებიაჩემს და ბაბუაჩემს რამეზე ეჩხუბათ, ეყვირათ, თუნდაც ოდნავ მაინც აემაღლებინათ ხმა, ოღონდაც კი ჩემთვის თავიდან აერიდებინათ გამაყრუებელი სიჩუმე, რომელიც მთელ სახლს შთანთქავდა.  

ჭიქების კარადის უჯრაში ინახებოდა ყუთი, რომელიც ბაბუაჩემის კომუნისტური მედლებით იყო სავსე. ზოგი ომში მსახურების ნიშნად ჰქონდა მიღებული, ზოგი კი უბრალოდ მადლობას უხდიდა, როგორც საპატიო მოქალაქეს. როცა სახლში არავინ იყო, ტანსაცმელზეც ვიბნევდი და ჩემს თამაშებში ახალი სიუჟეტები შემომქონდა, სადაც წითელი არმიის სათავეებში გერმანელ ფაშისტებს ერთი მეორეს მიყოლებით ვხოცავდი ან მუსრს ვავლებდი ჩემ მიერ მოფიქრებულ კატების იმპერიას, რომელსაც ვარდოს მსგავსი 2 მეტრიანი კატა მართავდა. თუ სიყვარულზე მიდგა საქმე, იმასაც ვერ ვიტყვი, ბაბუას დედაჩემი მაინც უყვარდა-მეთქი, შვილია და აბა, სხვა რა გზა გაქვს, უნდა გიყვარდეს, თუმცა მის მიმართაც ისეთივე ცივი და შორეული იყო, როგორიც ყველა სხვის. აი, დედაჩემს კი სიყვარულზე ან სიძულვილზე მეტად, უფრო, მგონი, გული სტკიოდა მამამისზე. ის დანამდვილებით ვიცი, შანსი რომ ჰქონოდა, თავად გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა მისი მშობელი, ნამდვილად არ აირჩევდა ბაბუაჩემს, თუმცა აბა რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო, ვინც საკუთარ მამაზე არ იტყოდა, სიამოვნებით შევცვლიდიო.

ზაფხულის მოსაწყენი რუტინა ზუსტად იმავენაირად გრძელდებოდა, მხოლოდ შორენას გარეშე, რაც იმას გულისხმობდა, რომ ის კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა. სანამ ერთ დილას საწოლიდან ახლად თავწამოყოფილმა შემთხვევით არ შევამჩნიე ჩემი ტრფობის ობიექტი ჩვენს ეზოში. ბებიას რაღაცას უყვებოდა და თან მის მხარზე მოთქმით ტიროდა. სახლში, მათ გარდა, არავინ იყო და ამიტომ ბოლომდე თავისუფლად საუბრობდნენ, სავარაუდოდ, მეც ჯერ კიდევ მძინარე ვეგულებოდით და არ იცოდნენ, რომ მათ მარტოობას მეორე სართულის ფანჯარას შუბლმიდებული ვუთვალთვალებდი. ფანჯრები დაკეტილი იყო და ერთი სიტყვაც არ მესმოდა, თუმცა ბებიაჩემს ბრაზით სავსე მზერა ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა და მტირალ შორენას ზედაც არ უყურებდა, ცალი ხელით კი დასწავლილივით თმაზე და მხრებზე ეფერებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. არასდროს მინახავს შორენა ასეთი სუსტი თუ დაუცველი, მომინდა, პიჟამას ამარა ჩამერბინა კიბეები, მის მუხლებთან დავცემულიყავი და პატიება მეთხოვა ყველაფრისათვის, თუკი რამე ოდესმე ვაწყენინე. ვერ წარმომედგინა, რომ მასაც შეეძლო ასე გულამოსკვნილს ტირილი და თანაც ბებიაჩემის მხარზე. ჩემი თვალები ვერ იჯერებდა მომხდარს, თუმცა ვიცოდი, თუკი ქვევით გამოვჩნდებოდი, დავარღვევდი ამ იდილიურ ეკოსისტემას, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად, განცალკევებით არსებობდა და საყვედურსაც დავიმსახურებდი.

მთელი დღე ბებიას დაკვირვებაში გავატარე. მეშინოდა და ვერ ვბედავდი მიზეზი მეკითხა, რა ატირებდა შორენას ან რატომ ჰქონდა თავად სახე წაშლილი სტუმრის ვიზიტის შემდეგ. საშიში და შემზარავი იყო მისი თვალები და მეც ვცდილობდი ჩემი დაკვირვებები მხოლოდ შორიდან მეწარმოებინა და ფეხებში ზედმეტად არავის მოვდებოდი. სიტუაცია არც ბაბუას დაბრუნების შემდეგ შეცვლილა, პირიქით, ნორას თვალები კიდევ უფრო წითლად აინთო. გამთენიისას ძლივს ჩამეძინა, ძილი ოდნავადაც არ მეკარებოდა. ვხვდებოდი, სიკვდილის და სიბნელის შიშთან ერთად, ჩემს სიას ბებიაჩემის შიშიც დამატებოდა. ზუსტად არ ვიცოდი, რა და როგორ, თუმცა შეგრძნება მქონდა, რომ მისგან საფრთხე მემუქრებოდა, რაღაცას აუცილებლად დამიშავებდა და დედაჩემიც ვერ მოსთხოვდა პასუხს ჩემი მკვლელობის გამო, რადგან, ბოლოს და ბოლოს, დედა იყო მისი და შეწინააღმდეგებას ვერ გაუბედავდა.

დილა უჩვეულოდ მშვიდი და ნათელი გათენდა. ეზოში გამოსულს კიბეებთან შემხვდა ბებიაჩემი, რომელიც ჩემთვის ხაჭაპურებს აკეთებდა. დასვრილი ხელი ჯერ კაბაზე გაიწმინდა, შემდეგ კი თმაზე სიყვარულის ნიშნად გადამისვა და წყლის ასავსებად გზა გააგრძელა. ვერ დამეჯერებინა, შემზარავი ღამის შემდეგ რომ ასეთი წყნარი დღე დამდგარიყო და ბებიაჩემიც ჩვეულზე მეტად თბილი და მოსიყვარულე იყო. მთელი დილა და შუადღე გარეთ, მეზობელ ბავშვებთან ჯოკერის თამაშში გავატარე და გუშინდელი ღამის შფოთვებიც საერთოდ გადამავიწყდა, თუმცა შუადღის დადგომასთან ერთად ბაბუაჩემი ტყიდან არ დაბრუნებულა. ხანდახან საღამომდეც შემორჩებოდა ხოლმე და მოსაღამოებას ველოდებოდი, რომ გამოჩენილიყო, მაგრამ არც მზის ჩასვლისას ჩანდა სადმე. როგორც კი სოფელში ჩამობნელდა, სხვებთან ერთად მეც ნერვიულობამ ამიტანა. ბებია მეზობელ-მეზობელ დადიოდა და დახმარებას ითხოვდა. ვალოდია ტყიდან არ დაბრუნებულა და, არიქა, მიშველეთ რამეო. ტყეში იგივე აღჭურვილობით წასულიყო, რითაც მუდამ მიდიოდა, არაფერი განსაკუთრებული ან დამატებითი არ იყო სახლიდან გამქრალი. არც ფული, არც პირადობის მოწმობა, არც პასპორტი, მისი კომუნისტური მედლებიც კი ხელშეუხებლად ელაგა ჭიქების კარადის უჯრაში მდებარე წითელ ყუთში.

სოფლის ორღობეში ფანრით კარდაკარ მორბენალ ბებიაჩემს ფეხდაფეხ მივყვებოდი და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიტანდა შიში. შიში სიბნელის, სიკვდილის, სოფლის, კატების, მოულოდნელობების და ამბების, რომლებიც აქამდე არასდროს გამომიცდია. ბაბუაჩემის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, არც ბირჟაზე მდგარ კაცებს ენახათ დილის შემდეგ, არც ქალაქისკენ მიმავალ მძღოლებს და არც ჯიხურში ხუთთეთრიანი კევებით მოვაჭრე ქალებს. თითქოს ერთიანად აორთქლდაო. მეზობელი კაცები ჯგუფებად გროვდებოდნენ და ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ფანრებით შეიარაღებულები ტყისაკენ მიდიოდნენ. ვარაუდობდნენ, ცუდად ხომ არ გახდა ან ახალ გამოჩენილმა მხეცმა, რომელიც მანამდე პრინციპში არავის ენახა სოფელში, დაუშავა რამეო. სანამ კაცები ბნელ ტყეში ხეების ტოტებს შორის დააბიჯებდნენ, მე ამ დროს ერთი მეზობელი ქალიდან მეორის ხელში გადავდიოდი. ხან რომელი მიხუტებდა გულში და ხან რომელი მეფერებოდა თმაზე, მე კიდევ უფრო და უფრო მერეოდა ცრემლები თვალებზე და ბოლოს უკვე შეუჩერებლივ ვტიროდი. ბებიაჩემს არ ეცალა ჩემს დასამშვიდებლად, იქით დასამშვიდებელი იყო, ამიტომ ხან ვისი დედის და ხან ვისი ბებიის ძუძუებში თავჩაყოფილი ვცდილობდი, მეპოვა ცოტაოდენი სითბო ზაფხულის ქარიან ღამეში. ტყიდან არაფერი ახალი არ ისმოდა, ყოველ საათში ბრუნდებოდა რომელიმე დაჯგუფება და გვატყობინებდა, რომ ბაბუას კვალი არსად იყო. სოფლის ცენტრში მდგარ სკამზე ტირილისა და სიცივისგან გადაღლილს ერთ-ერთი მეზობელი ქალის კალთაში ჩამედო თავი და ისე ვთვლემდი. რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სოფლის ქალებმა დაშლა დაიწყეს და ბებიაჩემიც აიძულეს სახლში წასულიყო და ცოტა გამოეძინა, სანამ კაცები კვლავ აგრძელებდნენ ტყეში ბაბუას ძებნას.

ჩაძინებულმა თვალი რომ გავახილე, ჩვენთან ყველაზე ახლო მცხოვრებ მეზობელს კიბეებზე ხელში აყვანილი ავყავდი, რომ ჩემს ლოგინში ჩავეწვინე, უკან კი ბებიაჩემი მოგვყვებოდა. ლოგინში ჩაწვენისთანავე შფოთვა დამეწყო. ძილი აღარ მეკარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაჩემი დაკარგული იყო, შეგრძნება მქონდა, სადღაც აქ იყო და ეს ფიქრი ძალიან მაშინებდა. ეზოდან შემოსული ხმები ძილის საშუალებას არ მაძლევდა. მეგონა, ჩემი სიზმარი ცხადში თამაშდებოდა. კატების მსუბუქი სირბილი მესმოდა ჩვენი აივნის მოაჯირებზე. მესმოდა, როგორ ხრავდნენ, ღეჭავდნენ და კბილებით ძიძგნიდნენ ხორცს. როგორ აგროვებდნენ ერთად ძვლებს და სიამოვნებით როგორ ილოკავდნენ ფუმფულა ულვაშებს. შიშისგან საბანგადაფარებული დროდადრო ვაშტერდებოდი კარს, ველოდებოდი, როდის ჩამოფხაჭნიდნენ ხის კონსტრუქციას, გააკეთებდნენ მასში ორმოებს, შემოძვრებოდნენ ოთახში და ჩემს ჭამას გააგრძელებდნენ. ვიცოდი, მალე გათენდებოდა, თუმცა რაც უფრო მეშინოდა, უფრო მეტად მინდებოდა ტუალეტში. ვცდილობდი, ორგანიზმი მომეტყუებინა და დამეძინა, რომ აღარ დამჭირვებოდა გარეთ გასვლა, მაგრამ რაც უფრო მეტად ვფიქრობდი ძილზე, მეტად მახსენდებოდნენ ტყის კატები და კიდევ უფრო მეტად მინდოდა მოფსმა. როდესაც სიბნელე სულ ოდნავ ჩაანაცვლა ცისფერმა ფერმა, შიში დავძლიე და სახლის კარი გამოვაღე, რომ ეზოში მდგარ ხის ტუალეტში გავსულიყავი. ჩემგან რამდენიმე მეტრში, კარალიოკის ხის ძირას ვარდოს სილუეტი გავარჩიე, პირით რაღაც გაურკვეველი ხორცის ნაჭერი ეჭირა და თათებით მის მოხელთებას ცდილობდა. რომ დამინახა, ადგილზე გაშეშდა დროებით, დამფრთხალი თვალები უფრო დამფრთხალ თვალებში გამიყარა, ნაჭერს პირი დაავლო და წამში ხეებში გაუჩინარდა. მომენტალურად მოვწყდი ადგილს, იმ მიმართულებით გავიქეცი, საითაც ვარდო გაიქცა და თან ბოლო ხმაზე ვყვიროდი:

  • ვარდო, ვარდო, გთხოვ, დააბრუნე ბაბუა!

ვარდოს კვალდაკარგული რამდენიმე ნაბიჯში გავჩერდი. ტირილმა ამიტანა, ერთიანად მაკანკალებდა და ვარდოს დაბრუნებას ვთხოვდი. თბილმა სითხემ ნელ-ნელა გამითბო ფეხები და მივხვდი, გაქცევას აღარ ჰქონდა აზრი. ბედსშეგუებული, სასოწარკვეთილი და ჩაფსმული დავტიროდი დაკარგულ ბაბუაჩემს და საკუთარ თავს. ხმაურზე ბებია გამოვიდა, ასეთ დღეში რომ დამინახა, მოვიდა, ჩაიმუხლა და ხელები მაგრად შემომხვია წელზე. უცნაურად დამშვიდებული და სასიამოვნო სახე ჰქონდა, ღამის ნერვიულობა ოდნავადაც კი არ ეტყობოდა ზედ. თავი მხარზე ჩამომადო, ლოყაზე მაკოცა და ჩუმი ხმით მითხრა:

  • კატები ღამით აქ არ მოდიან, პატარა, ალბათ მოგეჩვენა.

რაიმე სიახლე ბაბუაჩემის შესახებ არც დილას გაგვიგია. შუადღისას დედა და მამაც ჩამოვიდნენ თბილისიდან და ყველაფერი შედარებით ნაკლებად საშიში გახდა. მთელი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდა მის ძებნას. სოფლელებთან ერთად პოლიციელები და მაშველებიც ჩაერთნენ ბაბუას ძებნაში, თუმცა ვერავინ ვერაფერი იპოვა. არსად იყო მისი კვალი, არც მკვდრის და არც ცოცხლის. ორ-სამ კვირაში სოფელში ყველამ მიივიწყა ეს ამბავი და დაუბრუნდა თავის საქმიანობას. ბაბუაჩემის გაქრობა მხოლოდ და მხოლოდ ამოუცნობ, ბურუსით მოცულ მოვლენად რჩებოდა, რომელზე პასუხიც ყველა ადამიანს სხვადასხვა ჰქონდა, ზოგს დამაჯერებელი და ყოფითი, ზოგსაც აბსურდული და მისტიკური. ზოგი ვარაუდობდა, ნადირს დადევნებული ხევში გადაიჩეხაო, ზოგი იძახდა, ქალაქში გაიქცა სხვა ქალთან და ახალი ოჯახი შექმნაო, ზოგიც ამბობდა, ღმერთმა კომუნისტობისა და ათეისტობისთვის დასაჯა და საერთოდ გააქრო დედამიწიდანო, თუმცა, ჩემ გარდა, სხვას არავის ადარდებდა, რომ ბაბუაჩემის დაკარგვის დღიდან ტყის კატები აღარ გამოჩენილან არც სოფელში და მით უმეტეს არც ჩვენი სახლის სიახლოვეს.

სექტემბერში სკოლა დაიწყო. ახალდაქვრივებულ ბებიაჩემს დამ ჩამოაკითხა რუსთავიდან და დედაჩემსაც აღარ გასჭირვებია მისი მარტო დატოვება. მათემატიკის სასკოლო პროგრამაში ორუცნობიანი განტოლებების გამოჩენის დღიდან კი სრულიად გადამავიწყდა კატებიც და ცხონებული ბაბუაჩემიც.

© არილი

Facebook Comments Box