ესე (თარგმანი),  ლექცია

ანტონიო მუნიოს მოლინა – დონ კიხოტი, ანუ ქმნადობის ხელოვნება

molina 3839

რომანის, როგორც ლიტერატურული ჟანრის თავისებურება ისაა, რომ მისი გმირი ქმნადია და არა – მყოფი, ცვალებადია და არა უცვლელი. სწორედ ამიტომ, დონ კიხოტს პირველ თანამედროვე ლიტერატურულ გმირად მივიჩნევ. დავაზუსტებ: ეპიკური პოემებისა და ტრაგედიების გმირის დანიშნულებაა საკუთარი ბედისწერის, ამქვეყნიური მისიის რეალიზება, რაც ამ გმირის ერთგვარ სტატიკურობას გულისხმობს. მისი ბედი წინასწარაა განსაზღვრული: აქილევსში, თუნდაც ჩვილში, უცვალებელი თვითება საცნაურდება, ხოლო ოდისევსის ძირითადი თვისებები მოხერხებულობა და ცბიერებაა. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი პოპულარული ლიტერატურული გმირის შესახებ. შერლოკ ჰოლმსისთვის დამახასიათებელია ანალიტიკური განსჯის უნარი და უცხოა ჩვეულებრივი ადამიანური ვნებები. ვერავითარ თავგადასავლებს ვერ ძალუძთ მისი შეცვლა, რადგან ჰოლმსი ერთხელ და სამუდამოდაა ჩამოსხმული გარკვეული ყალიბის შესაბამისად. მკითხველი ვერსად მოიძიებს ინფორმაციას იმ დროის შესახებ, როდესაც ახალგაზრდა დეტექტივი ხვეწდა თავის ოსტატობას და სწავლობდა საკუთარი პროფესიის მრავალფეროვან მეთოდებს. ამ პერიოდის შესახებ არაფერი იცის დოქტორმა უოტსონმაც, იმისდა მიუხედავად, რომ დეტექტივის ახლო მეგობარია. მაგრამ ჩვენ გვიყვარს მოთხრობები შერლოკ ჰოლმსის შესახებ სწორედ იმის გამო, რომ პერსონაჟები და სიტუაციები მათში არასოდეს იცვლება; როდესაც ამ მშვენიერი მოთხრობების კითხვას ვიწყებთ, ისეთი შთაბეჭდილება გვიჩნდება, თითქოს ჩვეულ სამყაროში და ჩვეულ ნიადაგზე შევაბიჯეთ. შემთხვევითობებით აღსავსე და ცვალებადი სამყაროს მკვიდრთ, სიამოვნებას გვანიჭებს წარმოსახული სამყაროს სიმყარე, სადაც ყველაფერი და ყოველთვის უცვლელი და ნაცნობია. უმბერტო ეკოს შეხედულებით დეტექტიურ ნაწარმოებებს იმისთვის ვკითხულობთ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს ის, რაც უკვე ვიცით: რომ ექიმი უოტსონი სიტყვაძუნწი და მგრძნობიარეა, ხოლო ჰოლმსი – გამჭრიახი და მარტოსული; რომ იდუმალება, ბედისწერა და თვით ზებუნებრივი ძალების გამოვლინებებიც კი, საბოლოოდ, რაციონალურ განმარტებას ექვემდებარება. სიყვარული გამონაგონისადმი ბავშვობისას იდგამს ფესვებს ჩვენს სულში და ბავშვები სიამოვნებით ისმენენ მათთვის უკვე კარგად ნაცნობ საინტერესო ამბავს. მაგრამ როდესაც ვიზრდებით და ვიცვლებით, იცვლება ჩვენი დამოკიდებულებაც ცხოვრებისა და ლიტერატურის მიმართ.

ორი ტიპის ადამიანები არსებობენო, წერს სოლ ბელოუ რომანში “ჰენდერსონი – წვიმის მბრძანებელი” – მყოფნი და ქმნადნი. ბელოუს აზრით, მყოფნი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ცვლილებებს. მათ აკმაყოფილებთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი სახელები და საკუთარი საარსებო გარემო. ქმნადთათვის კი მიუღებელია სამყაროს თვითიგივეობრივი ხატი. მათ იზიდავს ქმნადობის პროცესი და ამასთან დაკავშირებული თავგადასავლები. ბელოუმ ეს ყოველივე კარგად იცოდა, ისევე, როგორც იმიგრანტთა სხვა შთამომავლებმა, რომლებმაც ზრდასრულობის ასაკს 30-40-იან წლებში მიაღწიეს. ერთი მხრივ, მათ არ სურდათ ეღალატათ მამა-პაპათა ტრადიციებისთვის, მეორე მხრივ კი, ხიბლავდათ ის ახალი ქვეყანა, რომელშიც დაიბადნენ, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ მართლაც მიეკუთვნებოდნენ მას. ეთნიკურად და ფაქტობრივად სეგრეგირებულ რაიონებში ისინი კვლავინდებურად ლაპარაკობდნენ მშობლიურ ენებზე, ეროვნულ კერძებს შეექცეოდნენ და ისმენდნენ მოხუცთა მონაყოლს თავიანთი ოდინდელი სამშობლოს შესახებ. სკოლაში ისინი ეუფლებოდნენ გამართულ ინგლისურ მეტყველებას და ხვდებოდნენ, რომ თანდათან სულ უფრო დიდი დისტანცია აშორებდა მათივე შრომისმოყვარე მშობლებისგან, რომლებიც ამერიკაში ჯერ კიდევ უცხოდ გრძნობდნენ თავს. ბევრმა მათგანმა შეითვისა ახალი სამშობლოს ტრადიციები, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებდნენ თავიანთ ძველ სამშობლოს და გამუდმებით გრძნობდნენ, რაოდენ განსხვავდებოდნენ ამერიკის ძირძველი მოსახლეობისგან. ის, ვინც 1915 წელს დაიბადა კანადაში, რუს ებრაელთა ოჯახში, სადაც რუსულად ან იდიშზე ლაპარაკობდნენ და სათანადოდ ვერასოდეს დაეუფლნენ ინგლისურს; ვინც იზრდებოდა 20-იან წლებში პოლონელებით დასახლებულ რაიონში და დეპრესიის უმძიმეს პერიოდში ძლივძლივობით დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი – კოლეჯი, მყოფ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდა, უარს ვერ იტყოდა თავის ოცნებებზე და ბედს ვერ შეურიგდებოდა. მას გამბედაობა და ფანტაზია უნდა ჰყოფნოდა, რათა გამოეგონა საკუთარი თავი, შემდეგ კი ხორცი შეესხა ამ გამონაგონისთვის და ქცეულიყო ყველაზე უჩვეულო არსებად, რადაც კი შეიძლებოდა ქცეულიყო ჩიკაგოს ჯურღმულებში გაზრდილი ბიჭი – ამერიკელ მწერლად.

ქმნადთა ამოცნობა ერთი შეხედვისთანავე შეიძლება. მათ რიცხვს მიეკუთვნება მხატვრული ლიტერატურის გმირების უმრავლესობა, ასევე – ზოგიერთი თვალსაჩინო მწერალი, მაგალითად – სერვანტესი ან ბელოუ. ერთფეროვან გარემომცველ სამყაროს ისინი ამჯობინებენ წარმოსახულ ქვეყნებს ან ქალაქებს, სადაც ცხოვრება უფრო საინტერესოა, ქალები – უფრო ლამაზნი და ვნებიანნი, მეგობრები – უფრო გულთბილნი. თვითიგივეობრიობის დილეგში ჩამწყვდეულნი, ისინი თავისუფლებისკენ ილტვიან, ზოგჯერ მართლაც გარბიან უცხო ქვეყნებში, ზოგჯერ თავშესაფარს ლიტერატურაში, გამონაგონში პოულობენ. სოლ ბელოუ პროფესიონალი და, შესაძლოა, მანიაკალური მკითხველიც კი იყო. სერვანტესს (მისივე აღიარებით) იმდენად უყვარდა კითხვა, რომ ქუჩაში ნაპოვნ დაგლეჯილ ფურცლებსაც კი კითხულობდა. კითხვა საშუალებას გვაძლევს, თავი შევაფაროთ მარტოობას და გავექცეთ რეალობის ყველაზე აბეზარ მოთხოვნებს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სიჩუმე და წიგნი. საბეჭდი დაზგის – ამ შესანიშნავი გამოგონების – წყალობით გაცილებით უფრო ადვილი გახდა ამგვარი პირობების შექმნა და მართვაც კი. ბეჭდური წიგნების ხელმისაწვდომობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა თანამედროვე ეპოქის ორი უმთავრესი რევოლუცია: პრივატული კითხვა და რომანის ჟანრის განვითარება. რეფორმაციას თან მოჰყვა ეროვნულ ენებზე ნათარგმნი ბიბლიის კითხვის (მღვდლების ჩაურევლად) შესაძლებლობა. მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი წიგნების განმარტოებით კითხვა (და, მაშასადამე, წიგნიერება) ის ფუნდამენტია, რომელზეც აიგება რომანის მთელი სამყარო. და კითხვის ნაკლი ისაა, რაც, ზოგადად, ახასიათებს მწერლებსა და მათ გმირებს. ლეო შპიტცერი თავის ბრწყინვალე ესეში “ლინგვისტური პერსპექტივიზმი “დონ კიხოტში” აღნიშნავს, რომ იმ ასი წლის განმავლობაში, რომლებიც გავიდა გუტენბერგის გამოგონებასა და მიგელ დე სერვანტესის მოწიფულობის წლებს შორის, წიგნების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, და ამავე ტემპით იზრდებოდა მკითხველთა რაოდენობა, რაც გულისხმობდა კითხვის აქტის პრივატულობასა და ინტენსიობას. პირველ თანამედროვე რომანში, “დონ კიხოტში”, სერვანტესი ცდილობს პასუხი გასცეს ყველაზე იდუმალ კითხვას: რა ზეგავლენას ახდენს მხატვრული ლიტერატურა მკითხველთა ცნობიერებასა და ცხოვრებაზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ესოდენ ბევრი წიგნია ხელმისაწვდომი მეტ-ნაკლებად განათლებული მკითხველებისთვის, როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა კარგი ცუდისგან? იმის გათვალისწინებით, რომ ბეჭდური ტექსტები განსაკუთრებული ავტორიტეტულობით აღიჭურვება, როგორ გავარკვიოთ, რომელი ამბავია ჭეშმარიტი და რომელი – ყალბი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ უნდა შეიმუშაოს ამა თუ იმ მკითხველმა მართებული მიმართება კონკრეტული ნაწარმოების მიმართ? შესაძლოა, მან არასწორად გაიგოს ეს ნაწარმოები, თუკი ვერ ჩასწვდება მის ზუსტ დედააზრს. სერვანტესისთვის ეს პრობლემა აქტუალური იყო, რადგანაც თვითონაც ისევე უყვარდა სარაინდო და პასტორალური რომანები, როგორც – დონ კიხოტს. რომანისა და ისტორიული თხზულების ერთმანეთში აღრევა ისეთივე კატასტროფულია, როგორც ქარის წისქვილების მიჩნევა გოლიათებად, ხოლო გლეხი ქალებისა – პრინცესებად. სერვანტესის ეპოქაში ბეჭდური ლიტერატურა სამყაროს რეპრეზენტაციის იმდენად ახალი საშუალება გახლდათ, რომ ბევრ ადამიანს არ ჰქონდა სათანადო უნარ-ჩვევები მის გასაგებად.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი მკითხველი სხვებზე უფრო მგრძნობიარე იყო ლიტერატურის ხიბლის მიმართ. მყოფნი ადვილად ცნობენ და უგულებელყოფენ მიმზიდველ, მაგრამ საშიშ სიცრუეს, რომელიც რომანების საფუძველია. მათ იმდენად აკმაყოფილებთ რეალობა, რომ ადვილად უმკლავდებიან ლიტერატურით ცდუნებას. მათ, ძირითადად, აინტერესებთ რეალური მოვლენები; ქმნადებს კი შესაძლო მოვლენები აინტერესებთ. არ ვიცი, წაკითხული ჰქონდა თუ არა რობერტ კენედის “დონ კიხოტი”, მაგრამ ცნობილი შეხედულება, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოთქვა, მართლაც რომ სერვანტესისეული სულისკვეთებითაა გამსჭვალული: “ვოცნებობ იმაზე, რაც არასოდეს არსებულა, და ვამბობ: რატომაც არა?”. ქმნადნი სწორედ ამგვარნი არიან. ასეთია ალონსო კიხანოც, რომელიც წიგნების ზეგავლენით თითქმის შეიშალა და იქცა ერთ-ერთ იმგვარ მოხეტიალე რაინდად, რომელთა შესახებაც ამდენი რომანი ჰქონდა წაკითხული. ფანტაზიის სასიამოვნო, მაგრამ ამაო თამაში დამთავრდა და ახლა უკვე საჭირო იყო მოძრაობა, მოქმედება. ეს დონკიხოტური საწყისი იმდენად ღრმადაა გამჯდარი თანამედროვე ადამიანთა ცნობიერებაში, რომ გამუდმებით და სრულიად მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს.

გასულ წელს ბროდვეის ერთ-ერთ თეატრში ვნახე ტენესი უილიამსის “მინის სამხეცე”. სცენაში, როდესაც ტომი შინიდან მიდის, ის ჩვეულებრივ დონ კიხოტად წარმოგვიდგება. წიგნები და ფილმები ტომისთვის კომპენსაციაა უღიმღამო დღეებისა, რომელთაც ატარებს მაღაზიაში, სადაც მუშაობს, და ოჯახში, სადაც ცხოვრობს დედასა და დასთან ერთად. ის ყოველ ღამე მიდის იმ ადგილას, რომლის სახელწოდებასაც მაგიური ფორმულასავით იმეორებს – “კინოში”. კინო მისთვის იგივეა, რაც სარაინდო რომანები იყო დონ კიხოტისთვის. სწორედ ფილმები ეხმარება ტომს, რომ აიტანის ცხოვრება, და ამისთვის მხოლოს ქუჩაში გასვლა და რამდენიმე ცენტის გადახდაა საჭირო. ფიქტიური სამყარო ისევე კვებავს ტომის, როგორც – ოდესღაც – ალონსო კიხანოს წარმოსახვას. ის აბედვინებს ჭაბუკს, დატოვოს თავისი სამუშაო, თავისი ოჯახი, თავისი ქალაქი, ჩაკლას თავის თავში სიყვარულისა და დანაშაულის გრძნობები. “ფილმების ყურებამ დამღალა”, ამბობს ტომი, “და აქედან გაქცევას ვაპირებ”.

მყოფნი ადგილსამყოფელს არ იცვლიან, მაშინ, როდესაც ქმნადნი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლებენ. პრაქტიკული მიზეზების კარნახით, მყოფთ შეუძლიათ ადგილსამყოფელი შეიცვალონ, მაგრამ მაინც ებღაუჭებიან თავიანთ წარსულს, თავიანთ ჩვევებსა და გრძნობებს. ისინი იმდენად შეუღწევადნი არიან ახალი გამოცდილებისა ან ადგილებისთვის, რომ შესაძლოა, ცხოვრების უმეტესი ნაწილი უცხო ქვეყანაში გაატარონ, ამ ქვეყნის ტრადიციებს და კულტურას ვერაფერი გაუგონ და ისეთივე მყარი ჯავშნით დაიცვან თავი ახალი გარემოსგან, როგორიც ზოგიერთ კიბორჩხალისნაირ არსებას აქვს. კიდევ ერთ უდიდეს მკითხველს, მიშელ დე მონტენს აოცებდა ის, რომ ზოგიერთი ადამიანი დიდხანს მოგზაურობს საზღვარგარეთ და სამშობლოში დაბრუნებისას იოტისოდენადაც არაა შეცვლილი: “როგორ უნდა ესწავლა რამე, – ამბობს მონტენი, – თუკი თან ატარებდა საკუთარი “მეს” მძიმე ტვირთს?” თვითიგივეობრიობა ძალზე მძიმე ტვირთად დაგაწვებათ შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისას. სამოგზაუროდ გამზადებული დონ კიხოტი ტოვებს ყველაფერს – საკუთარ სახელს, თავის სახლს, თვით საყვარელ წიგნებსაც კი. სტენდალის ფაბრიციო დელ დონგო ტოვებს მამისეულ სასახლეს უკუნი ღამით, რათა ნაპოლეონის არმიას შეუერთდეს. მამისგან გაქცევის მიზნით ჰეკლბერი ფინი საკუთარი სიკვდილის იმიტირებას მიმართავს და, ამგვარად, თითქოს თავის პიროვნებასაც უკან იტოვებს. ტრუმენ კეპოტისთან ჰოლი გოლაითლის სახელი მიგვანიშნებს საკუთარი თავისგან გაქცევის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კეპოტის ამ ნაწარმოებში ასახულია ავტორის ბრძოლა თვითგარდაქმნისთვის, რასაც მან მიაღწია დონკიხოტისებრი წმინდა ენერგიის მეშვეობით.

ქმნადნი ვერ ეგუებიან ჩვენს პოსტმოდერნულ სამყაროს. საზოგადოება დაქვემდებარებას მოითხოვს. თვითიგივეობრიობა – თანამედროვე კულტურის ეს სახელგანთქმული მანტრა – ქმნადთა იდეალი სულაც არაა. ამიტომაა, რომ ესოდენ ბევრი თანამედროვე რომანის გმირები არიან მატყუარები, თაღლითები, მაწანწალები, თვითმარქვიები, პროფესიონალი ქმნადნი, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილონი არიან თავიანთი ამქვეყნიური ხვედრით და გამუდმებით ცდილობენ არ დაემსგავსონ სხვებს, თავი აარიდონ შაბლონურ ქცევასა და აზრებს. ნება მიბოძეთ, მოკლედ დავახასიათო “დონ კიხოტის” მეორეხარისხოვანი, და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომხიბვლელი, გმირი. ესაა მწყემსი გოგონა მარსელა. თუმცა ამბობენ, რომ სერვანტესმა წერტილი დაუსვა პასტორალურ და სარაინდო რომანებს, მაგრამ მას ისევე ძლიერ უყვარდა ეს რომანები, როგორც ტენესი უილიამსის ტომს – ჰოლივუდური ფილმები, ხოლო ემა ბოვარის – მდარე რომანტიკული რომანები, რამაც ქალი თვითგანადგურებამდე მიიყვანა. “დონ კიხოტის” პირველი ნაწილის დასაწყისში დონი და მისი საჭურველმტვირთველი იგებენ ამბავს მწყემსთა ცხოვრებიდან, ისევე, როგორც ვუდი ალენის ფილმში “იდუმალი მკვლელობა მანჰეტენში” შუახნის ნიუ-იორკელი წყვილი იგებს მკვლელობის საიდუმლოს. სიერა-მორენაში, სადაც დონ კიხოტი და სანჩო პანსა ხვდებიან თხების მწყემსებს, ისინი შეიტყობენ ტრაგიკულ ამბავს ქრიზოსტომისა, რომელსაც შეუყვარდა მშვენიერი, მაგრამ გულცივი მწყემსი გოგონა მარსელა. ჟანრის კანონების შესაბამისად, ქრიზოსტომი, იმის ნაცვლად, რომ თხების არვესთვის მოევლო, სევდიან გრძელ ლექსებს წერდა და, ბოლოს – განცდებისგან გაწამებულმა – თავი მოიკლა. ამ მომენტამდე ამბავი ბანალურად ვითარდება. მწყემსი ჭაბუკი ლექსებს უნდა წერდეს და ცალმხრივ სიყვარულს უნდა ემსხვერპლოს, ხოლო მწყემსი გოგონა – შესაბამისად, კეკლუცი და გულქვა უნდა იყოს. ასეთი ადამიანები მყოფნი არიან. მაგალითად, ჰოლმსის ძირითადი თვისება გამჭრიახობაა, უოტსონი გონებაჩლუნგია, კლარკ კენტი – გულუბრყვილო, ბეტ დევისი – ხანდაზმული და მგრძნობიარე ძუკნა გახლავთ, პიტერ ლორი კი – ჯიბგირი. მაგრამ შემდგომ ქმნადობის ტერიტორიაზე გადავდივართ და ძველმოდური სარაინდო რომანი გარდაიქმნება თანამედროვე ნარატივად, სტერეოტიპული პერსონაჟები ინდივიდუალობით აღიჭურვებიან, ხოლო თვითიგივეობრივი ხასიათები ცვალებადობის ტენდენციას ავლენენ. სასაფლაოზე, სადაც – ქრიზოსტომის დაკრძალვისას – მისი მეგობრები აპირებენ დაიტირონ ნაადრევად გარდაცვლილი ჭაბუკი და წაიკითხონ მისი ლექსები, იქვე, სერზე, გამოჩნდება მშვენიერი ქალი. ესაა მწყემსი გოგონა მარსელა. ის მართლაც ლამაზია, მაგრამ – გოროზი და გულცივი. ამასთან, ის უკვე მხოლოდ ლამაზი და გულცივი როდია. მარსელა ლაპარაკობს და მისი სიტყვები არღვევს ჟანრის კანონებს. ის გონივრულად მსჯელობს, და ამგვარი აზრები არასოდეს გამოუთქვამთ მწყემს გოგონებსა და მათ მიჯნურებს შუა საუკუნეებისა და რენესანსის პოეზიასა და პროზაში. მარსელა გულახდილად აცხადებს, რომ უფლება აქვს გამოთქვას თავისი შეხედულება მთელი ამ ამბის შესახებ. პასუხისმგებელია თუ არა ის იმ ადამიანის თვითმკვლელობის გამო, რომელსაც არაფერს დაჰპირებია? როგორ უნდა მოიქცეს მარსელა – ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ სხვა ადამიანები თუ საკუთარი ნება-სურვილის თანახმად? როდესაც მარსელა ამ საკითხს თვითონვე გადაწყვეტს, ის უღრან ტყეში უჩინარდება და მის შესახებ მეტს ვერაფერს ვიგებთ. გოგონას მომავალი რომანში ისეთივე “ღიაა”, როგორც მისი ცხოვრება, რომლის წარმართვასაც მარსელა ამიერიდან თვითონვე აპირებს, ისევე, თვითონ მოჰყვა თავისი ამბავი და არავის ანდო მისი თხრობა. დონ კიხოტი მაშინვე ემხრობა მარსელას, შესაძლოა, იმის გამო, რომ გოგონაში მონათესავე სულს ამოიცნობს. ამ ამბის დასასრული გადმოცემული არაა. რომანში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, არ არსებობს მყარი და დამაკმაყოფილებელი დასასრული: “ჩვენი რაინდი კი მშვენიერი მარსელას საძებრად გაემგზავრა, იმ განზრახვით, რომ მისთვის თავისი სამსახური შეეთავაზებინა, მაგრამ როგორც ფიქრობდა, გარემოება ისე არ მოეწყო და მისი განზრახვა არ განხორციელდა…”.

მარსელა გაუჩინარდება და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ მისი ბედ-იღბლის შესახებ. როდესაც მარსელა წინ აღუდგება საზოგადოებას, რომელიც ცდილობს მას საკუთარი ნება მოახვიოს თავს, ის წარმოგვიდგება თანამედროვე ქალად, თანამედროვე პერსონაჟად. მარსელას სურს, დამოუკიდებლად იპოვოს თავისი ადგილი რეალურ ცხოვრებაში. არტურ რემბო წერდა, რეალური ცხოვრება სადღაც სხვაგან არისო, მაგრამ რემბო თვითონაც დევნილი და განკიცხული გახლდათ, რომელმაც პოეზიაზე ხელი აიღო და იარაღით ვაჭრობა დაიწყო აფრიკაში. ამჟამად, ისევე, როგორც დონ კიხოტის ეპოქაში, სოციალური ზეწოლა გვაიძულებს, მივესადაგოთ საყოველთაოდ მიღებულ სტერეოტიპებს, სოციუმის ორგანულ ნაწილად ვიქცეთ და გავაცხადოთ, როგორები ვართ, და არა – როგორები გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით. საკუთარი კულტურისადმი, საკუთარი სექსუალური, რასობრივი ან ეროვნული იდენტობისადმი ბრმა ერთგულება გულისხმობს, რომ თითოეული ჩვენგანი აბსოლუტურად სრულყოფილია. ეს კი მყოფთა ეპოქაა და არა – ქმნადებისა. და ყოველივე ეს აისახება ცვლილებაში, რომლებიც განიცადა სიტყვა “კულტურის” მნიშვნელობამ. ბავშვობისას, ესპანეთის პატარა ქალაქში, კულტურა იყო რაღაც, რაც შეიძლებოდა მომეპოვებინა ინდივიდუალური ძალისხმევის – კითხვისა და სწავლის წყალობით, გარემომცველი სამყაროს უკეთ გააზრებისა და, განსაკუთრებით, სამყაროს იმ ნაწილებისა და გამოცდილების იმ სფეროების შემეცნების მეშვეობით, რომლებსაც უშუალო კავშირი არ ჰქონდათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. კულტურა დამოუკიდებლად უნდა ამეთვისებინა, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ჩემი ინტელექტი მაძლევდა. ყოველივე ეს შესაძლებელი იყო სკოლისა და განათლების მეშვეობით. ახლა კულტურა ის კი არაა, რისი შეძენაც ადამიანს შეუძლია, არამედ – გარემო, რომელშიც დაიბადა, ან კიდევ – დიდი ხნის წინ დაკარგული ეროვნული მემკვიდრეობა, რომლის აღდგენასაც ცდილობს. ამ სიტყვის მნიშვნელობა შეიცვალა და მასში ახლა შერჩევის შედეგი კი აღარ იგულისხმება, არამედ – მოცემულობა, ის სეკულარულად კი არ გაიაზრება, არამედ – ანთროპოლოგიურად. კულტურა ისაა, რასაც თქვენ და თქვენი წინაპრები მიეკუთვნებოდით ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მოყოლებული.

ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა სრულიად დაუშვებელია. რატომ უნდა ვიგლოვო ან ვინანო იმ კულტურის დაკარგვის გამო, რომელშიც დავიბადე? ეს ხომ ანთროპოლოგის ხორცშესხმული ოცნებაა: ჩვენ ღარიბი გლეხები ვიყავით, ვიცავდით ძველთაძველ ტრადიციებს, გვქონდა ხალხური თქმულებებისა და სიმღერების მდიდარი ზეპირი ტრადიცია. ჩვენ ვიყავით უკანასკნელნი ევროპელ მოჰიკანთაგან – ვიყავით ჭეშმარიტად მყოფნი და განწირულნი გახლდით ზუსტად ისეთივე პატრიარქალური ცხოვრებისთვის, როგორითაც ჩვენი მამა-პაპები ცხოვრობდნენ. ეს კი გულისხმობდა შვილების დაქვემდებარებას მშობლებისადმი, ქალებისა – მამაკაცებისადმი. მაგრამ სამოციანი წლების ბოლოს ზოგიერთმა ჩვენგანმა იგრძნო, რომ მსოფლიოში, ჩვენი მშობლიური ქვეყნის საზღვრებს მიღმა, ბევრი რამ შეიცვალა. ამან გვიბიძგა, გაგვეაზრებინა ეს ცვლილებები, გვესწავლა უცხოური ენები, გვესმინა სიმღერებისთვის, რომელთაც ზოგჯერ რადიოთი გადმოსცემდნენ და გვეკითხა ახალი წიგნები. ჩვენ გვიზიდავდა ახალი წიგნები და არ გვიყვარდა ძველი ამბები, პოპ-მუსიკა უფრო გვიტაცებდა, ვიდრე – ხალხური სიმღერები.

შესაძლოა, “დონ კიხოტს” სწორედ ამის გამო აფასებენ ისინი, ვისაც არ სურს დაემორჩილოს იდენტობის კანონებს. ამიტომაა, რომ გვსიამოვნებს, პირველ რიგში, რომანების კითხვა, და, აგრეთვე, მათი წერა, იმ იმედით, რომ შევძლებთ იმ საზღვრების გარღვევას, რომელთა ხელყოფასაც ვერ ვბედავდით, რომ გავარღვევთ საკუთარი “მეს” საზღვრებს, სივრცის სამანებს, იმას, რასაც ვლადიმირ ნაბოკოვი დროის საპყრობილეს უწოდებდა. როდესაც სიცოცხლის უმეტეს ნაწილ დიდ ქალაქში ვატარებთ და ვსარგებლობთ ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა ცხელი წყალი, ცენტრალური გათბობა და სანიტარია, სენტიმენტალურ სიამოვნებას გვანიჭებს მესამე სამყაროს სარაინდო რომანები. სამოქალაქო უფლებები და ინდივიდუალური თავისუფლება ხშირად აღძრავს ნოსტალგიას ტროპიკული ტირანიებისა და წარსულის პატრიარქალური ტრადიციების მიმართ. მე თვითონ პროვინციულ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე ეგზოტიკურ ქვეყანაში, დიქტატურის პირობებში. ასე რომ, ვიცი, რასაც ვამბობ.

წიგნებსა და ფილმებში მიზიდავდა სრულიად ახალი ცხოვრება, რომელიც სცილდებოდა კონკრეტული ეროვნული კუთვნილებისა და მყოფობის საზღვრებს. ყოველი რომანისტი საკუთარ თავს რომანის პერსონაჟად წარმოიდგენს ხოლმე, ხოლო რომანების, მოთხრობებისა და პიესების პერსონაჟები თითქმის ყოველთვის გაურბიან კონკრეტულ ხვედრს და ისწრაფვიან ბუნდოვანი მომავლისკენ. ჯაშუშის ან დეზერტირის მსგავსად, აზნაური ალონსო კიხანოც უარს ამბობს თვითიგივეობრიობაზე, სანამ მოგზაურობას დაიწყებს. შეცვლა სახელისა, რომელიც დაბადებისთანავე დაგარქვეს, ახალი ცხოვრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. უამრავი სათავგადასავლო რომანის წაკითხვის შემდეგ ალონსო კიხანო მზადაა შექმნას ახალი ამგვარი რომანი, რომელიც შემდგომ ჩაწერილ უნდა იქნას, სახელდობრ – რომანი იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნა ამგვარი რომანების ერთ-ერთი პერსონაჟი საკუთარი თავგადასავლის ავტორად და შემოქმედად. და, ნებისმიერი ავტორის მსგავსად, მან უნდა შეარჩიოს სწორი სახელები თავისი პერსონაჟებისთვის, ასევე – საკუთარი თავისთვის, ქალბატონისთვის, რომელსაც, თავისივე გადაწყვეტილებით, უნდა ეთაყვანოს და საკუთარი ცხენისთვისაც კი. შემდეგ ის მზადაა გავიდეს გზაზე, განთავისუფლდეს თავისი ცხოვრების სტანდარტული წესრიგისგან: საკუთარი სახლისგან, საკუთარი ოჯახისგან და პატარა სოფლისგან, სადაც უნდა გაეტარებინა ცხოვრება. ნებელობითი აქტის მეშვეობით ის გარდაისახება და შემდეგ უბიძგებს საკუთარ თავს შეუპოვრობისა და სახიფათო თავისუფლებისკენ. რომანის დასაწყისში ვიღაც ეუბნება დონ კიხოტს, რომ ის მოხეტიალე რაინდი კი არაა, არამედ – პატიოსანი იდალგო, სენიორ კიხანო. დონ კიხოტი, რომელიც ნაცემი და დაჭრილია, მაგრამ დამარცხებული არაა, პასუხობს (და მისი პასუხი პირადი თავისუფლების დადასტურებაა): “მე თვითონ ვიცი, ვინცა ვარ. და ისიც ვიცი, რომ არათუ იმ რაინდებად შემიძლია ვიქცე, რომლებიც ახლა დავასახელე, არამედ – საფრანგეთის თორმეტივე დიდებულადა და დიდების ცხრა გმირადაც, იმიტომ, რომ მათ მიერ ჩადენილი საგმირო საქმეები ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე ჩემ მიერ ჩადენილ გმირობასთან შედარებით ჩირადაც არა ღირს”.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ის უბადრუკი შინნაკეთი აბჯრით შეიარაღებული სასაცილო ბერიკაცია, რომელიც იმდენად თავგზააბნეულია წაკითხული წიგნებით, რომ რეალობასა და გამონაგონს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. ჩვენ ვიცით, რომ დონ კიხოტი არაერთხელ დამარცხდება, რადგან ვერ ითვალისწინებს რეალობის მკაცრ ფაქტებს და ჯიუტად ენდობა გამონაგონს, რომელიც წიგნებში ამოიკითხა. მაგრამ ეს საშიშროება წამოიჭრება ყოველი ქმნადი არსების წინაშე, და მათ რიცხვს მიეკუთვნებიან არა მარტო რომანების, პიესებისა და ფილმების გმირები, არამედ – თითოეული ჩვენგანიც. ვის შეუძლია თქვას (დონ კიხოტის მსგავსად), ვიცი ვინცა ვარ და ჩემი ჭეშმარიტი არსი სრულიად განსხვავდება თქვენი წარმოდგენისგან ჩემ შესახებო? ჩვენი უდიდესი იმედები ხშირად თითქოს განუხორციელებელია, ხოლო წარმოსახვა აზვიადებს მათი მიღწევის სიძნელეს. მყოფობა უხიფათო და სასიამოვნოა, ქმნადობა – სახიფათო. და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ქარის წისქვილები საზარელ გოლიათებად წარმოგვიდგნენ. ესაა ერთ-ერთი სიბრძნე, რომელსაც გვაზიარებს დონ კიხოტი და მისი საშუალებით – სერვანტესი: გაბედულება უნდა გვეყოს, რომ ვიოცნებოთ, მაგრამ საჭიროა სიფხიზლეც, რათა ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს და წარმოსახვის სარკეებში არ ჩავიკარგოთ. ეს სასაცილო წიგნი სევდიანიცაა, და მის მიერ ოცნების ძალის განდიდება იმასაც გულისხმობს, რომ მყარად უნდა გავმიჯნოთ ფანტაზია და თვითმოტყუება. სერვანტესმა, რომლის ცხოვრება, უმეტესად, უიღბლო იყო, იცოდა, რის შესახებაც წერდა. მაგრამ მარცხიც და წარმატებაც შეიძლება ისეთივე ილუზორული იყოს, როგორებიც ქარის წისქვილები და გოლიათები არიან. თუკი მიგელ დე სერვანტესი მართლაც ნაკლებად ცნობილი ესპანელი მწერალი, უიღბლო დრამატურგი, ომის ხეიბარი ვეტერანი იყო, რომელმაც სიღარიბეში ცხოვრობდა, რატომ გვახსოვს მისი სახელი და ვეთაყვანებით მის უბადლო ხელოვნებას “დონ კიხოტის” დაწერიდან გასული ოთხი საუკუნის შემდეგ?

© The Hudson Review, 2015

© არილი

Facebook Comments Box