პროზა

ანუკი ბურდული – ანჟელიკა

anjelika-9898

1

აეროპორტში არავინ დამხვდა.

არ გამკვირვებია.

მორჩილად დაველოდე ჩემოდანს ბორბლებზე და გარეთ ტაქსი გავაჩერე.

მხოლოდ მოწევის დაუოკებელი სურვილი მაწუხებდა.

 

სადღეღამისო სუპერმარკეტში წვენი და სიგარეტი ვიყიდე.

მანქანაში რომ ჩავჯექი, პირველად  მძღოლის ხელებს შევხედე –

უჩვეულოდ თეთრი თითები, ძირში მოჭრილი, მოწესრიგებული ფრჩხილები.

გამიკვირდა.

 

ტრასაზე რომ გავედით, ჩამთვლიმა.

მერე მუხლზე თბილი ხელისგულის შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე.

ხელი არ აუღია.

არც კი შემიხედავს, მშვიდად მოვიშორე და ფანჯრისკენ შევბრუნდი.

ჩაახველა.

 

2

სახლის დალაგება სამზარეულოთი დავიწყე.

გადავყარე ძველი ქვაბების და ტაფების მთელი არმია.

ჭიქები გადავარჩიე და თაროებზე გადავანაწილე.

სამზარეულოს ფანჯრიდან გაჩეხილ იპოდრომს ვუყურე.

კედლებიდან  კუზნეცოვის თეფშები ჩამოვხსენი.

 

არ მიყვარს მარტო ძილი.

ვწრიალებ, ვერ ვისვენებ, სმენას ვამახვილებ, ველოდები, როდის მოარტყამს მინას ხელს ღამის მოჩვენება, ან თავზე კედლიდან ჩამომხტარი ტარაკანა დამეცემა.

პირველად მეძინა მშვიდად.

გათიშულს.

უსიზმროდ.

დაღლილს.

მუცელზე.

 

ზედა მეზობელმა მეორე დღეს დამიკაკუნა.

ბარიკადივით ჩავდექი ნახევრად ღია კარში:

„არ ვყიდი“, „ჯერ-ჯერობით არსად“, „კი, მარტო ვარ“.

 

ცივი ყავა გავიკეთე ნაყინით.

აივანზე დავჯექი.

მანქანების ხმაურს ვუსმინე.

არასოდეს დაგეზარება ერთი ჭიქის გარეცხვა.

სინათლეებს ვაქრობ.

კოღომ ყურთან გამიწუილა.

 

3

გმირთა მოედანს წრე დავარტყი და პირველივეს გავუჩერე მანქანა.

იერით მიმიზიდა – ჩასაფრებულს ჰგავს.

–         არ ჩაჯდები?

ყოყმანობს.

–         რამდენი გინდა?

–         70 , –  ისე მიყურებს, ვაჭრობა მერიდება და ვუღიმი.

კაბას ისწორებს და  გვერდით მიჯდება.

მეც კაბა მაცვია.

–    ტრანსები აღგაგზნებს? – მანქანის სარკეში თმებს ისწორებს.

–         ჯერ არ ვიცი.

–         მე ქალები არ აღმაგზნებს.

–         არა უშავს.

–         სად მივდივართ?

–         ჩემთან.

–         დასალევი გაქვს?

–         კონიაკი.

–         მარკეტთან გამიჩერე, სიგარეტი გამითავდა.

–         რა გქვია?

–         ანჟელიკა.

ჩემ სახელს არ მეკითხება.

ნეტა, რატომ გამომყვა.

 

უბნელი ბიჭები ხორხოცებენ.

–         ყლეები, – ამბობს ანჟელიკა კმაყოფილი ღიმილით.

მოტკეცილი ვერცხლისფერი კაბა აცვია და ღამეში ბრწყინავს.

 

კონიაკით მთვრალები ლოგინზე გაუხდელად ვწევართ და ვეწევით.

–         უცნაური ტიპი ხარ, – ანჟელიკა ქერა თმებს იხსნის.

მაინც ქერაა.

მაინც ლამაზია.

მაინც ანჟელიკაა.

ან მე ვარ ზედმეტად მთვრალი.

მინდა ვაკოცო, მაგრამ გზა ანჟელიკამდე ისეთი გრძელია, ხელსაც ვერ ვიწვდენ.

მინდა ვთხოვო, სინათლე ჩააქროს, მის მოკაშკაშე კაბას რომ ვუყურო და სურვილები ჩავიფიქრო.

თვალები მეხუჭება.

 

4

მეორე საღამოს ისევ გავედი გმირთა მოედანზე.

ამჯერად ფეხით.

მოედანს და ცირკის მიმდებარე ტერიტორიას წრე სამჯერ დავარტყი.

ჩემი სახლიდან ღამით გამქრალი ანჟელიკა მაინც ვერსად ვიპოვე.

ამასობაში გაწვიმდა.

ტაქსის გაჩერება მომიწია.

უკან დავჯექი და მძღოლს საუბრის შესაძლებლობა მტკიცე დუმილით დასაწყისშივე მოვუსპე.

ორივე დასმული კითხვა ამინდზე, ჰაერში გამოეკიდა.

 

5

ანჟელიკა მესამე დღეს მოვიდა.

წითელი ხუჭუჭა თმებით.

შავ ტყავის შარვალში.

დაფქული ყავა მომიტანა და თვითონვე მომიდუღა.

–         გინდა ჩაგიხედო? – გამიღიმა და თავისი ფინჯანი დაატრიალა.

–         ჩამიხედე.

–         ცოტა ხანი გადააბრუნე, დაველოდოთ ბნელ რკალებს.

 

6

ანჟელიკას განრიგი ზეპირად ვისწავლე.

გმირთა მოედანზე ჩასვლა  ერთგვარ რიტუალს დაემსგავსა.

წმინდათა წმინდა აქტს, რომელმაც საკუთარ გზაზე ყველაფერი ყოფითი გაანადგურა.

მაშინაც მივდიოდი, როცა ისვენებდა.

როცა ვერსად დავინახავდი მის გამოქანდაკებულ პროფილს და მკვრივ უკანალს.

მიწისქვეშა შრე გულის არევამდე მიზიდავდა, საკუთარ თავში მანეიტრალებდა, მკარგავდა.

ჩემს მარტოობას, ჩემს არაღიარებულ შიშებს, აუხდენელ ოცნებებს ახშობდა და აყუჩებდა.

ჩემი მთვარეული ღამეებიც აღარ მთავრდებოდა.[1]

ვიჭრებოდი თითოეულ ნაპრალში.

ხშირი სუნთქვა ყოველ კუთხეში მეჩეხებოდა.

ჩამოწეული შარვლის ტოტები და ფეხებს შორის ჩარგული თავები ჩემი ღამეების განუყოფელი ნაწილი გახდა.

მობილურის სუსტი შუქით განათებული სახეები კედლებთან, საგანგებოდ „გამოძერწილი“ ნაკვთები და საგანგაშო სიგნალებით დამუხტული სხეულები ჩემს დებიუტად ვაქციე.

ჩემი დაუსრულებელი ღამის მანათობელ ვარსკვლავად ანჟელიკა შეირაცხა.

 

7

კვირაში ორჯერ მოდის.

ჩემთან მოსვლა  ჩვევად ექცა.

თითქოს სულს ითქვამს.

ზოგჯერ არც კი მელაპარაკება.

ეს იგივეა გზისპირა ჯიხურში შეიარო ერთი ღერი სიგარეტის მოსაწევად.

რას წარმოიდგენს, 29 წლის ასაკში ტრანსების რომანტიკამ თუ გამიტაცა.

ფაქტია, აღგზნებული ვარ.

თან არ მინდა, ჩემი ფერადთმიანი დავაფრთხო.

მახეებს მიჩვეულია, მაგრამ არა ჩემგან.

ჩემს ლოგინში მინდა, რომ აღმოჩნდეს.

მინდა, ანჟელიკას ძუძუს თავი პირში მედოს და ისე მჟიმავდეს.

მინდა, ხელები ჩემს სისველეში უსრიალებდეს.

მინდა, მატკინოს და მიწისძვრასავით მაჯანჯღაროს, სანამ ყვირილი არ აღმომხდება.

მინდა, გვერდი-გვერდ ვიწვეთ და როცა სექსისგან დაღლილი იქნება, პენისზე მოვეფერები.

 

8

ანჟელიკა არასოდეს უცემიათ.

ხელის გულზე ატარებენ და მობეზრდა.

გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ჩემთვის სულერთია.

იძულებით მომარგო ეს როლი და განტვირთვის საშუალების ფუნქცია დამაკისრა.

– მასაჟს გამიკეთებ? – შევეცადე ხმისთვის ბუნებრივი ჟღერადობა შემენარჩუნებინა.

დაღლილი თვალებით შემომხედა.

– მოგინდი? – მკითხა გამომეტყველების შესაბამის ტონალობაში და ლაკის წასმა განაგრძო.

– ჰო.

– შენს განკარგულებაშია, – განაჩენი, როგორც ყოველთვის, ტაქტიანად გამომიტანა.

ლოგინში ვწევართ.

წყაროსავით  ვეწაფები.

ტუჩებით, ხელებით, მკერდით.

თითქოს დიდი ხნის მკვდარია.

თითქოს არც არასოდეს ამდგარა.

სახეზე არ ვუყურებ.

– ლოგინი არ არის საუკეთესო ადგილი, სადაც ვიურთიერთებთ. თუ გინდა კარტს გაგიშლი.

– ფრიგიდული ხარ.

გულიანად ეცინება.

– დარჩები? – ვეკითხები სასოწარკვეთილი.

– დამაძინებ თუ ისევ უნდა აწვალო ჩემი დაღლილი სხეული?

– საერთოდ არ შეგეხები.

გვერდი-გვერდ ვწევართ.

– მე და შენ სექსი არასოდეს გვექნება. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. – ვეუბნები სიბნელეში და ჭერზე მანქანების ჩრდილებს თვალს ვაყოლებ.

– მე და შენ სექსი არასოდეს გვექნება. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დამოკიდებულებაა.

– დამოკიდებულება?- ვიმეორებ მექანიკურად.

– მიჯაჭვულობა.

– თავშესაფარს სჯობია.

– რას ბოდავ.

– არაფერს.

– …

 

– შენი მალინისფერი კაბა მიმაქვს! – ჩამძახა დილაუთენია და კარი გაიჯახუნა.

კარადა გადმოყრილი დამიტოვა.

ჭიქები – გასარეცხი.

 

9

ანჟელიკა, წამოდი ყინულის მოედანზე ვისრიალოთ.

მეც არ ვიცი ციგურებზე დგომა.

მეც მიწითლდება ყინვაში ცხვირი, მერე რა.

ხელს არ გკრავ – მოგკიდებ.

შენი თმა იალქანივით იფრიალებს.

თუ დაეცემი, სისხლს მოგწმენდ.

წამოდი, ყინულის მოედანზე დაგმარხავ.

ჩემო ალისფერო.

 

10

– არ დაიღალე ამ პარიკებით?

– …

– თმები გიფუჭდება, თავზე ნამდვილი თმები გიკვდება. ან ამდენი ტონალური რად გინდა, კანი საერთოდ ვერ სუნთქავს.

– …

– მოტკეცილ კაბებსაც ჯობია თავი დაანებო, ყვერები გიჩანს!

კარი ისე გაიჯახუნა, კედლის ნაშალი თავზე დამეყარა.

ერთი კვირა აღარ გამოჩენილა.

ერთი კვირა სამაგალითოდ დამსაჯა.

არადა მინდოდა მეთქვა, ანჟელიკა რომ არ რქმეოდა, არასოდეს შემიყვარდებოდა.

მინდოდა ამეხსნა, რომ უბრალოდ ვეჭვიანობ.

მინდოდა მეთხოვა, ჩემს გარდა აღარავინ ენახა.

ერთი კვირის მერე დაბრუნდა.

არაფერი მითქვამს, არაფერი ამიხსნია, არაფერი მითხოვია.

არც არაფერი უკითხავს.

 

11

სად დადიხარ ამ შუაღამეს? ვინმე გყავს? – თვალი ჩამიკრა.

სახლის გასაღები რამდენიმე დღის წინ მივეცი, იწვა და ფეხზე ცელულიტის კრემს ისვამდა.

– დიდი სიამოვნებით გაგინგრევდი თავს. – შევუბღვირე.

– ამდენი ერთგულებაც დამღუპველია.

– მორჩი.

– მოვრჩი. სად დაიარები?

–  სასეირნოდ.

– ა.

– რას უყურებ?

– ოდრის.

– ღამე მშვიდობისა.

ტელევიზორში „რომაული არდადეგები“ გადიოდა.

 

12

ანჟელიკამ ჩემი სახლი გაავსო –

მოტკეცილი შარვლებით, ტყავის მაიკებით და მოელვარე კაბებით. „კალგოტკებით“, სტრინგებით, კორსეტებით, პარიკებით. წითელით და ლურჯით, იასამნისფერით, ყვითელით და არც ერთი თეთრით. ტანის კრემებით, ტკბილი სუნამოებით, პომადებით და ჭაღებივით მოქანავე საყურეებით. ბორკილებით, მათრახებით, პრეზერვატივებით. ბევრი ფეხსაცმლით.

მთელი თვე მოჰქონდა სხეულით ნივთები, ნივთები, ნივთები.

ცირკის არენასავით დახუნძლა ჩემი მოკრძალებული „ხრუშჩოვკა“ და თავისი წესები დაამყარა.

ღამის თენება, სექსი ტელეფონით, ყავა ლოგინში, აერობიკა შუადღეს, სიგარეტით გაბუღული აბაზანა, ცხელი წყლისგან დაორთქლილი სარკე, სარეცხის გროვა, კედელთან ჩამწკრივებული კონიაკის და შამპანურის ცარიელი ბოთლები, შავ-თეთრი ფილმები, მწერების დევნა,

განწყობათა კონტრასტი.

 

– შვებულებაში ვარ, – მოკლედ დაახასიათა ჩვენი ახალი ცხოვრება.

– სახეს ვასვენებ, – დაამატა მერე ღიმილით და სითეთრე შემომანათა.

– გინდა ბავშვი გავაჩინოთ? – ვუთხარი საპასუხოდ.

„მანუელამ შენგან განსხვავებით პანელით დაიწყო. მე კიდე არასოდეს ვიქნები ლოლა. კვდება.“[2] – ალბათ, ამ ფრაზას მეტყოდა, ალმადოვარი რომ ენახა. საბედნიეროდ, ხელოვნება საერთოდ არ აღელვებს, ამიტომ ჩვეული უკმაყოფილებით მეუბნება.

– ატრაკებ. ჯობია ხორცი გამოიღო. დაიწვა.

ღუმელში შემწვარი ნეკნები ანჟელიკას ახალი გატაცებაა.

ნოეს კიდობანში სრული იდილია გვაქვს.

თუ არ ჩავთვლით ფაქტს, რომ როდესაც ანჟელიკას სხეული ჩემს გვერდით  მეტისმეტად ყოვლისმომცველი ხდება, როდესაც მისი მკერდი ჩემს მამაკაცურ საწყისზე იერიშს ახორციელებს, მისი სასქესო ორგანო კი ჩემს ქალურ მეს ფეხქვეშ თელავს, იძულებული ვხდები ჩავიცვა, გარეთ გავიდე და ღამის მიწისქვეშეთში დავცალო საკუთარი ავადმყოფური ფანტაზია, სიგიჟე თუ უბრალო მოცემულობა.

 

13

– რამდენი ტანგა გაქვს, ანჟელიკა?

– არ დამითვლია.

– ესე ძნელია საკუთარი თმების აბაზანიდან ამოღება?

– საკუთარი თმების საკუთარი აბაზანიდან.

– როდესმე მეტყვი, რამდენი წლის ხარ?

– 917- ის.

– დაკომპლექსებული ქალი ხარ.

– ქალი?

– …

– ვითარდები, ხო იცი.

– კაცი რომ ვიყო, რას იზამდი?

– მინეტს გაგიკეთებდი.

– მერე?

– რაღა მერე, ძეტკა.

– …

მარტივი არითმეტიკა შემასწავლე, ანჟელიკა.

ჩვენი სქესი აცდენილია თუ, პირიქით, ემთხვევა?

 

ანჟელიკა მიდიოდა.

მეც მივყვებოდი.

არც ისე ახლოს, რომ შევემჩნიე.

არც ისე შორს, რომ კარგად ვერ დამენახა.

მივსდევდი.

პირველად ვუყურებდი ქუჩაში მოსიარულეს,

ერთადერთი ადგილი, სადაც ვხედავდი ჩემი სახლი იყო.

ერთად არასოდეს არსად გავსულვართ.

გამვლელები თვალს არიდებდნენ ან პირიქით თვალს არ აშორებდნენ.

თვითონ არავის უყურებდა.

თითქოს 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე, რომელიც ეცვა საკუთარ წონასწორობას ცდიდა და გამოსდიოდა – ყველა მზერას და რეპლიკას უძლებდა.

სამაგიეროდ, მე ვიყავი ცოცხალმკვდარი.

ძლივს ვსუნთქავდი, ხელები მეკრუნჩხებოდა.

თითქოს ამ დღემდე მარტოს არ გაუვლია

იგივე გზა,

იგივე ქალაქი,

იგივე ადამიანები,

სადაც ამდენი წელი ცხოვრობდა,

სადაც ამდენი წელი ანჟელიკა იყო. ან-ჟე-ლი-კა.

 

დანიშნულების პუნქტს მიაღწია და დადგა.

ბინდდებოდა.

დანჯღრეულმა ტაქსმა რამდენიმე წუთში გაუჩერა.

თავიდან ამ ფაქტისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.

ვიცოდი, არ ჩაჯდებოდა.

ამ მანქანაში, რომელსაც, ალბათ, იაფფასიანი ბენზინის და ოფლიანი კანის სუნი ასდიოდა.

ანჟელიკა მივიდა და ჩამოწეულ ფანჯარაზე გადაიხარა.

სხვა ტრანსები სიგარეტს ეწეოდნენ და არც კი უყურებდნენ სცენას, რომელიც დასაწყისში ყველაზე დიდ აბსურდად მეჩვენებოდა.

კარგად ვერ ვარჩევდი ტაქსისტის სახეს, გაბარიტებით ვხედავდი, მსუქანი იყო,

თმიანი ხელი ჩამოწეული ფანჯრიდან მოუჩანდა.

ანჟელიკა ჩაჯდა.

გამაჟრჟოლა.

ცოტა ხანს ილაპარაკეს.

მერე კაცმა მანქანა დაძრა და ზემოთ, ტყისკენ მიმავალ გზაზე ავიდა.

ამ დროს უკვე გავრბოდი.

აღარ მიფიქრია, ვინ დამინახავდა, ვინ გამაჩერებდა, რამდენი მცემდა არასწორ ადგილას მოხვედრისთვის.

დავეცი და “კალგოტკა” გადამეხა.

ავდექი.

ტყისკენ ავრბოდი.

ტაქსს ფარები ჩამქრალი ჰქონდა, როცა ავაღწიე.

ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ღამე.

ანჟელიკას ღამე,

ჩემი ღამე.

მაინც გავარჩიე, ტაქსისტის ფეხებშორის გაჭედილი ანჟელიკას თავი.

დავინახე ხელი, რომელიც ანჟელიკას თმებზე ექაჩებოდა.

ტაქსისტი ხმამაღლა იგინებოდა.

ანჟელიკა მუხლებზე იდგა.

ამ არარაობის წინაშე.

და ეს არარაობა ვერ ხვდებოდა, რომ მის წინ მუხლებზე ანჟელიკა იდგა!

გულის რევას კბილებით ვიჭერდი და ცრემლები მომდიოდა.

 

ანჟელიკა წამოდგა.

ტაქსისტმა შარვალი შეიკრა, პერანგის ზედა ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა.

მერე მანქანის კარი მოხურა და დაქოქა.

ანჟელიკამ რაღაც მიაძახა და ქვემოთ ჩამოუყვა გზას.

კაცმაც ხმამაღლა შეაგინა, სიჩქარე ხმაურით აკრიფა, კინაღამ გაიტანა თავისი ბოლისფერი 06-ით და წავიდა.

ვიდექი და ვკანკალებდი.

ანჟელიკა იქვე იყო, სიბნელეში, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში.

და რომ დავენახე, არასოდეს მაპატიებდა.

დაველოდე, როდის ჩავიდა ქვემოთ და ამის მერეღა წამოვედი.

 

ანჟელიკა, არასოდეს მეყოფა გამბედაობა, შენი ყელის გარშემო ჩემი ხელების რკალი შევკრა.

ისევ შენ თუ მოიკრეფ ნებისყოფას.

 

– ბედნიერი ხარ? – ვკითხე იმავე ღამეს, როცა ნახევრად სველი აბაზანიდან გამოვიდა და გვერდით მომიწვა.

ირონიულად შემომხედა და თავიდან პირსახოცი მოიხსნა.

– ბალიში დაგისველდება. – მაღალ მატერიებზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.

ტაქსისტი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ დაამცირა, მისთვის სულერთი იყო. მეც სულერთი ვიყავი, სველი ბალიშიც სულერთი იყო. ისიც ფეხებზე ეკიდა, რომ მხოლოდ ჩემთვის იყო ანჟელიკა. საკუთარი თავიც ფეხებზე ეკიდა.

რატომ გავუჩერე მანქანა?

ალბათ, ზუსტად ამ ყოვლისმომცველი გულგრილობის სუნი მეცა.

 

ანჟელიკას ხელის გულზე არავინ ატარებს.

ამ აღმოჩენამ ჩემი გრძნობა მისდამი კიდევ უფრო დამანგრეველი გახადა.

 

14

– ამით როგორ კაიფობ, – ანჟელიკამ ფირფიტა ზიზღით მოისროლა.

სამზარეულოს მაგიდაზე დამრჩა.

– გაგისინჯავს?

– ეგღა მაკლია, ნაგავია, შეეშვი.

– ერთი-ორი კვირაც და მორჩა. ჯერ მისწორდება.

– ადრეც სვამდი?

– ორი წელი. ექვსი თვეა აღარ გავკარებივარ და თავიდან მოიტანა.

ანჟელიკამ მდუმარედ მიაშურა „საკუთარ აბაზანას“.

 

არადა, მართლა მოიტანა.

ნახევარწლიანი პაუზის მერე ახალი სისხლით დავეწაფე და მესამე სუნთქვა გამიხსნა.

ჩემი ფანტაზია გამალებით ამუშავდა.

მასტურბაციამ ანჟელიკას გვერდით მცირეოდენი მუხტითაც კი ამავსო.

თვითონ, ძირითადად, ეძინა ან ნაუშნიკებით „იქს ფაქტორს“ უყურებდა.

 

დანაზოგი ამომეწურა.

სამსახურის ძებნა, რა თქმა უნდა, არ მიცდია.

ანჟელიკასთვის ფულის თხოვნა – მითუმეტეს.

მანქანა გავყიდე და ნახმარი ველოსიპედი ვიყიდე.

ჩემდა გასაკვირად, ანჟელიკამ მზადყოფნა გამოთქვა, ტარება ესწავლებინა.

და ყოველ შაბათ დღეს, ფსიქოტროპულებით აჟიტირებული მე და საკუთარი მკერდით აჟიტირებული ანჟელიკა რომელიმე პარკში ველოსიპედით მივდიოდით.

ანჟელიკა ქუსლებით ატარებდა.

აუტანელი მასწავლებელი გამოდგა.

უუნარო მოსწავლე აღმოვჩნდი.

როგორც კი ხელს მიშვებდა, ვეცემოდი.

მომდევნო ორი დღე გადატყავებულ მუხლებს ვიშუშებდი და ანჟელიკას პატივისცემის დაკარგვის პარალელურად დოზას ვზრდიდი.

 

რა ადვილია ჯდომა, როცა თვალებში წყალი მიდგება.

როცა ანჟელიკას სიწითლე ოთახში დააბიჯებს და წყობილებიდან აღარ გამოვყავარ.

როცა ღამე მის შიშველ ზურგს ვუყურებ და აღარ მინდება, ხერხემლის მალები ჩავუმსხვრიო ამ ზურგშექცევისთვის.

კეთილი ვარ და დაუზარელი.

მაღაზიაში დაუღალავად ჩავდივარ და ამოვდივარ.

სახლს ვალაგებ და ანჟელიკას კაბებს ვაუთოვებ.

მიუხედავად იმისა, რომ დაკუჭულსაც იგივე წარმატებით ატარებს.

საჭმლის მოთხოვნილებას დალევის მოთხოვნილება ანაცვლებს.

ალკოჰოლზე ტაბლეტები გრანდიოზულად იხსნება.

– კიდე მთვრალი ხარ? – მეკითხება ანჟელიკა მობეზრებული ცოლივით.

მიყვარს ეს კითხვა.

მოჩვენებითი სტაბილურობის ილუზიას მიქმნის.

პასუხს არ ვცემ, ფეხებს მაგიდაზე ვაწყობ და ბოთლს ვიყუდებ.

ვერასოდეს ვერც ერთი „კრაკადილშიკი“ ან კოკაინით ძგიდეგაცრეცილი ვერ შეიგრძნობს სიგარეტის ღერის ესეთ სიმსუბუქეს.

ვერასოდეს ვერც ერთი ქალი ვერ მიხვდება, რას ნიშნავს გვერდით ტრანსი გეწვეს, რომელსაც შენზე არასოდეს აუდგება და ეს ფაქტი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამკვდრო-სასიკვდილოდ გაკავშირებს მასთან.

ანჟელიკა აღარ მელაპარაკება.

უხმო ულტიმატუმი წამომიყენა.

მის გვერდით არსებობისათვის მინიმუმიც უნდა რომ წამართვას.

და თან ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროშა აქვს აფრიალებული.

ვერ ხვდება, სინამდვილეში რა მანგრევს, იაფფასიან კაიფზე მეტად რა მწამლავს.

 

15

ახალი სისხლი ერთ თვეში დამიშრა.

ეს დაშრობა ყოველთვის მტკივნეულია და დროის შეგრძნებას მაკარგვინებს.

დღე 1, დღე 2, დღე 1, დღე 1, და ასე გრძელდება მანამდე, სანამ თითოეული კუნთი ჩემს სხეულზე სხვისი არ ხდება.

 

მთელი ეს დრო ანჟელიკა ერთგულად მივლიდა და დუმდა.

მაგრამ აქ მზრუნველობა ისეთივე უსარგებლოა, როგორც თერაპია.

ორგანიზმი თავდაცვის რეჟიმზე გადადის.

ტვინი დიდი ხანია შიმშილის რეჟიმშია.

ისევ მე უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის, რომელიც კედლის ღრიჭოებში და პარკეტის განშტოებებში ჩამეშალა.

 

ძველი ნაცნობები ადვილად გავიხსენე.

უფრო მარტივად შევიძინე ახლები.

ამ სამყაროში შესვლას წესი არ გააჩნია.

სამაგიეროდ, გამოსვლა მთელ რიგ ბიუროკრატიას უკავშირდება.

სამყარო, რომელსაც „სფეშალ ქეის“ გრავიტაცია ჰქვია.[3]

 

ჯონი კეშს ეძახდა თავის თავს და ბარიგობას არასოდეს აღიარებდა.

უარს ვერ ვეუბნები ვერავის, იცი რა კეთილი ვარ? – გამიღიმა და ფული დაუთვლელად ჩაიდო ჯიბეში.

მთელი გზა იმდენს ლაპარაკობდა, ჯერ კინაღამ დამეძინა, მერე, პირიქით, ბოლომდე გამოვფხიზლდი.

არადა, კეთილთან ერთად ლამაზიც იყო.

ქერა კაცები არასოდეს მომწონდა, მაგრამ ეს ქერა არ იყო, უფრო თაფლისფერი.

დიალოგის რეჟიმი აბსოლუტურად არ აინტერესებდა.

უბრალო მსმენელიც აკმაყოფილებდა.

მეც ფანჯრიდან გაქცეულ ხეებს ვითვლიდი და ხმას არ ვიღებდი.

302-ე ხეზე გავჩერდით.

ისე „რესკად“ დაატორმუზა, ღვედმა ვერ დამიჭირა და შუბლი დავარტყი.

– ჩემი დედაც მოვტყან! – მანქანიდან გადმოხტა და ჩემი მხარე გამოაღო.

წარბიდან სისხლი შადრევანივით მომდიოდა და მეცინებოდა.

მანქანაში იმდენი რაღაც ეყარა, ბინტი რომ აღმოაჩნდა, აღარ გამკვირვებია.

ზუსტად ნახევარი საათი მიხვევდა, არ მოსწონდა და თავიდან იწყებდა.

თან მიყვებოდა, ძმაკაცთან ერთად როგორ ჩაკეტა ტაქსისტი აგარაკის მიყრუებულ ოთახში ამოტანილი ბენზინის და სასმელის ფული რომ არ მოეთხოვა და მერე უკვე პახმელიაზე მყოფები შიზოფრენიკებად როგორ ასაღებდნენ თავს, ტყვეობისგან გათავისუფლებული თავისი ფეხით რომ გაქცეულიყო სახლიდან.

რაღაც ტარანტინოს სულისკვეთება ვიგრძენი და პირველად გამისწორდა მთელი ეს აბდაუბდა.

– შევალ და მალე გამოვალ, აქ იყავი. ძაან სტრან ვიდზე ხარ, ჯობია აქ იჯდე.

ჩამონგრეულ სადარბაზოში შევიდა და ორი წამი არ იყო გასული, ისევ გამოვარდა,

– ხო კარგად ხარ? ხო არ გეშინია მარტო?

„იზმენა“ ჰქონდა აკიდებული, ეხლაღა მივხვდი.

– კარგად ვარ, შედი, შედი. – მგონი სულ მეორედ დაველაპარაკე.

უკანა სალონზე დაგდებული გაზგასული კოკა-კოლა ავიღე და მოვიყუდე.

პირი მქონდა გამშრალი.

ანჟელიკა სულ უფრო შორს მიდიოდა და ამ ამოსუნთქვის პერსპექტივას მოვეჭიდე.

ჩემი დაპყრობილი სახლის კედლებს გავცდი, ჩემი ჩაკეტილი სივრცე გავარღვიე, მერე რა, რომ ეს რაღაც ქიმიის დამსახურებით მოხდა.

ქიმიის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.

ეს ბიჭი მომინდა.

ზედმეტად ბევრი სიცოცხლე ჰქონდა.

მგონი მეც ზუსტად ეს მაკლდა.

ანჟელიკა დღითიდღე მართმევდა ძალას.

ტაბლეტები განტევების ვაცად გამოიყენა.

 

სადღაც ზემოთ ავედით, ტბის პირას.

ლუდი გვქონდა და თეთრი კრისტალები.

საშიში ნაზავი.

რა ტკივილს იყუჩებდა ჯონი კეში?

ლამაზი ბარიგა დაუსრულებელი მონოლოგებით…

16

ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამომინგრია მკერდი და ჰაერში გაიფანტა –

ტკივილი, რომელსაც ფიზიკური მასშტაბები ჰქონდა.

სუნთქვა შემეკრა.

ბევრი კედელი და ბევრი ხელი იყო.

კედლების სიცივეს ხელისგულებით შევიგრძნობდი.

კედლებიც ვიცი, შემიგრძნობდნენ.

ყველა ხელი ჩემი იყო.

არც ერთი კედელი უკან აღარ მიშვებდა.

 

ჯონი კეში გვერდით იწვა.

არც ერთი ხელით და არც ერთი კედლით.

ჩუმად.

არ იძვროდა.

თითქოს არც სუნთქავდა.

თავისი წილი ტკივილი გაიყუჩა.

 

წვიმამ გაგვაღვიძა.

ამაღლებულ გორაკზე ვიწექით.

თენდებოდა.

უხმოდ და აუჩქარებლად, სინქრონში ავდექით და მანქანისკენ წავედით.

ესევე ვიმგზავრეთ.

დროდადრო ვამჩნევდით, ზედმეტად დიდხანს ვიდექით შუქნიშანზე – უკანა სიგნალები გვაფხიზლებდა.

მანქანიდან რომ გადმოვდიოდი, გამიღიმა და გამსკდარ წარბზე ოდნავ შემახო ხელი.

როცა ლოგინში ჩავწექი, ჯონი კეშის მონოლოგი ვინატრე მარტოობის ფონად.

ანჟელიკა კიდევ უფრო შორს წავიდა.

 

სიმარტივემ ფეხებში მომკიდა ხელები და ისე ჩამითრია.

მე, ჯონი კეში თავისი ერთფარიანი ფორდით და ერთადერთი საზრუნავით, რომელსაც მაყუთი ერქვა, განუყრელი გავხდით.

თავიდან მეგონა ჩემ სქესსაც ვერ აღიქვამდა.

მიმართვის ძირითად ფორმად „შე ჩემას“ იყენებდა.

მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ვატარებდით გზებზე, საშოვარზე გასული განდეგილი მგლებივით, ლექსიკონმაც დახვეწა დაიწყო და ერთ ქარიან ღამეს, როცა მანქანა კუს ტბის ტყეში გვყავდა გაჩერებული და სკამის საზურგეებზე გადაწოლილები ჩვენ-ჩვენ მულტფილმს ვუყურებდით,

– იმენა სუჩკა ხარ, – მითხრა ისე, თვალები არ გაუხელია.

მახსოვს, საპასუხოდ წამოვიწიე და ვაკოცე.

და ამ დროს ვიღაცამ ფანჯრის მინაზე მაგრად მოაკაკუნა.

გამეღვიძა.

დაცვა აღმოჩნდა.

 

– შენი გაცნობის პირველივე წუთიდან შენთან სექსი მინდა. – მითხრა უკვე გახელილი თვალებით, დაცვა რომ მოვიგერიეთ.

მანქანას სასაცილოდ მართავდა, მთელი სხეულით წინ იყო მიწეული და ხელები საჭეზე უსარგებლოდ ეწყო, თან გზას არ უყურებდა, მე მიყურებდა და იცინოდა.

– გაცნობის დღიდან არა, მაგრამ მეც მინდა. – ვუთხარი და თავზე მოვეფერე.

იმ მომენტში მეგონა, ჩემი შვილი იყო და თან მე არ ვიყავი დედა.

 

ოთახში ერთადერთი მატრასი ედო.

ძალიან განიერი და ფართო.

კედლებზე სიმეტრიულად მიჭედებულ სქელ ლურსმნებზე  ნახატების მაგივრად ტანსაცმელი ეკიდა.

სახლი დიდი სივრცით და ანტიკვარული იერით.

მაგიდის როლს ყველა სხვა ნივთისთვის იატაკი ასრულებდა.

მახსოვს, როგორ დავწექი თეთრ მატრასზე და მახსოვს, როგორ დაწვა ჩემს გვერდით.

მოჭუტული თვალებით შემომხედა – ორივეს გაგვეცინა.

არც ერთს არათუ სექსის, ლაპარაკის თავიც არ გვქონდა.

რბილ და სურნელოვან ნავზე ვიწექი და სადღაც შორს მივცურავდი.

ჯონი კეშს ხელზე ხელი ეკიდა და ჩემთან ერთად ირწეოდა.

 

17

– რაღაც დვიჟენიებში ხარ და ვეღარ გეწევი, – მითხრა ანჟელიკამ ერთ საღამოს.

– როგორ დამეწევი, მეც ვეღარ ვეწევი ჩემ თავს. – გავუღიმე.

– მერე, რას აპირებ. – არ გაცინებია.

– მივსდევ, თუ დავეწიე, მოვალთ.

– თუ ვერ დაეწიე?

– მაშინ მარტო მოვალ.

ანჟელიკასთვის უფრო მოსახერხებელია, როცა ვატყუებ.

სიმართლე ყოველთვის აბნევს.

ამ დროს განგაშის ატეხვის საშიშროება მარტო თეორიულ დონეზე არსებობს და მშვიდადაა.

 

არადა, დაბრუნება აზრადაც არ მომსვლია.

თან წასასვლელიც არსად მაქვს.

მე და ჩემს თავს.

ჯონი კეშის ერთადერთ თავს.

ანჟელიკას ერთ, მეორე, მესამე თავს.

გზა თავებში დამეკარგა.

 

– გინდა განახო, სად ვცხოვრობდი?

ეს შეკითხვა ჯილდოს ჰგავდა ჩემი მომავალი დაბრუნების სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, მინდა.

ტაქსი გამოვიძახეთ.

ზემოთ და ზემოთ ვიარეთ.

ანჟელიკა, რატომ აგყავარ გოლგოთაზე?

შენი ჯვარი არც ისე მსუბუქია ესე სათრევად.

 

იტალიური ეზოს მეორე სართული.

წრეში დაკიდული სარეცხი.

მეზობლების წრიული ერთობა.

ანჟელიკას დაკეტილი ოთახი ხვნეშოდა, კვნესოდა, ბორგავდა.

ანჟელიკას მისვლა არ გახარებია.

მეც მტრულად შემომხედა.

მტვერი შემომასუნთქა.

დავჯექი და ანჟელიკას მოხატულმა კედლებმა აქამდე უცნობი სივრცე გამიხსნა.

ამ კედლებზე ანჟელიკას მთელი ცხოვრება იყო.

ყველა ტკივილი და სიხარული. შიშიც და იმედიც.

ანჟელიკას მთელი წარსული.

იმ ანჟელიკასი, რომელიც ჩემამდე იყო.

ამ კედლებზე ანჟელიკას მომავალიც იყო, სადაც უჩემოდ იქნებოდა.

ვიყავი კი საერთოდ ანჟელიკას აწმყოში?

არსებობდა საერთოდ აწმყო?

– მიპასუხე, ანჟელიკა.

 

– ამ ოთახს არასოდეს გავყიდი. არც გავაქირავებ.  – თქვა ურეაქციოდ და ხის კარი გასაღებით დაკეტა.

კიბეებს ქვემოთ ჩავუყევით.

ანჟელიკას ჯვარი ჩემს მხრებზე კიდევ უფრო დამძიმდა.

მობილური ჯიბიდან ამოვიღე და თითებმა დაზეპირებული ნომერი აკრიფა.

– გოლგოთაზე გავიჭედე. ჩამომიყვან?

– სად ჯანდაბაში ხარ, მთელი დღეა გირეკავ, – როგორც ყოველთვის, ადეკვატური იყო ჯონი კეში.

ანჟელიკა კიბეზე მსუბუქად ჩადიოდა.

 

– რამე მიქენი, ან მელაპარაკე. – ვუთხარი სასოწარკვეთილმა, ფანჯარა ჩამოვწიე და გავხედე.

– ყველაფერი იქნება თავის დროზე, ყველაფერი იქნება, აჰა, ჯერ ეს დალიე, – მომაწოდა წყალი ჯონი კეშმა და გამიცინა.

აი, ეს სიცილი თუ დამაყენებს ისევ მიწაზე.

– ჩემო რადიო, დღეს რა ჩუმი ხარ.

– დაწყნარდი, სუჩკა, ერთ იდეას ვამუშავებ, 15 წუთში მოგხედავ.

 

იმ ღამეს ჩვენს თავზე ურსულა ფრიალებდა[4].

ქალაქის თავზე ფარფატებდა.

თეთრი თმით და იმ ღიმილით, რომელიც ორივეს გვიყვარდა.

სახლების, კორპუსების, სტადიონების და ბილბორდების, მანქანების, ადამიანების, ხეების, ანძების თავზე, ღრუბლების სიმაღლეზე

დიდი და ბოროტი ურსულა შავ კაბაში ცეკვავდა.

მე და ჯონი კეში მანქანის კაპოტზე ვიწექით და დედამიწის ზურგზე არაფრის არ გვეშინოდა.

 

პირველადი მარცვალი.

ჩვენი ქალაქის ბოლო ნიშნულზე

ჩვენი სხეულები.

შუქნიშანი დიდი ხნის წინ გადაიწვა.

ამ დროს სიჩქარეს ვერ დააგდებ.

აღარც ტკვილს აქვს ზღვარი.

მანქანის ეს მოდელი უტორმუზოა.

ორი სხეული ერთმანეთში ჯდება.

ყველა მოძრაობა თანხვედრია.

სიამოვნება – ერთდროული.

ბოლომდე უნდა აილეწო.

ვერ გაჩერდები.

18

სახლის კარი გასაღებით გავაღე და შევედი.

ჯერ კიდევ ზღურბლიდან გავიგონე შხაპის ხმა.

ანჟელიკა არასოდეს კეტავს აბაზანას.

მდუღარე წყლით ბანაობს – ორთქლს თავისუფლებას არ უკარგავს.

ჩემი შეგრძნება პახმელიას არ ჰგავს.

ამ დროს ბნელ კუთხეს ვეძებ, სადაც დავიმალები.

სინათლესაც მანამდე არავინ ამინთებს, სანამ გრავიტაციას ენის წვერით არ ვიგრძნობ.

ანჟელიკა ბანაობს.

ჩემი ბნელი კუთხე ესაა.

ნახევრად ღია კარში ვდგავარ.

ვცდილობ, ნისლში მისი ფიგურა გავარჩიო.

ნისლში, რომელიც უკვე მთელ ჩემს სახლს ედება.

ამ ნისლმა ანჟელიკა დიდი ხნის წინ დაფარა.

 

ოთახში შევდივარ.

სარკის წინ ვდგები.

– სარკევ, სარკევ, მითხარი, მე უფრო ლამაზი ვარ თუ ანჟელიკა?

სარკე დუმს.

თავს არ ვანებებ.

არ გავჩუმდები, სანამ არ მიპასუხებს.

სარკე ჯიუტდება.

საძინებელში ანჟელიკა შემოდის.

გვერდით მიდგება და პირსახოცს იხსნის.

სარკე უკვე ორივეს გვხედავს.

მე ჯონი კეშის გაცვეთილი მაიკა მაცვია, რომელიც თავის დროზე ალბათ შავი იყო, ეხლა ნაცრისფერია, თავზე იმხელა კოსა მადევს, უცხოპლანეტელის თეფშს ვგავარ, ბოლოს როდის დავივარცხნე თმა, აღარც მახსოვს.

სახე თეთრი და ჩაცვენილია. თვალებში სარკის შუშა მერეკლება. ტუჩებს ისტერიულად ვიჭამ და დამისკდა. წელში ვარ მოხრილი, ცარიელი ძვალი და ტყავი. უსქესო და უსახელო გაურკვეველი წარმოშობის აჩრდილს ვგავარ.

ანჟელიკა შიშველია. მკერდი სწრაფად ადის და ჩამოუდის. სახე ცხელი წყლისგან აქვს აწითლებული, გრძელი და სველი, ამჯერად, წაბლისფერი თმა მხრებზე ეცემა, კანიც წყლისგან აქვს დანამული.

თვალები რომ დავხუჭო, თითს დამაჭერს და დავიშლები.

სარკემ იმაზე მეტი მიპასუხა, ვიდრე ვთხოვე.

ანჟელიკამ ხალათი მოიცვა და შემომხედა.

– ხედავ?

თავი დავუქნიე.

– ხოდა, დროა გონს მოხვიდე. სანამ პირში სული გიდგას.

რა თბილი ხარ, ანჟელიკა.

რა პათეტიური.

რომელ ზღაპარში ამოიკითხე ეს ფრაზა?

რატომ ჩამიჯექი მანქანაში,

მთელი ტვირთი საკუთარი მხრებიდან ჩემს მხრებზე რომ გადმოგეტანა,

ჩემი დაცემით საკუთარი ადგომა რომ გეზეიმა?

ცოტა მეტი ძალა რომ მქონდეს ხელებში, შენს ზღაპარსაც ტრაგიკული დასასრული ექნებოდა.

შენი აჩრდილი ვარ, ანჟელიკა.

ჯონი კეში ერთადერთია,  ვინც ჯერ კიდევ მაკავშირებს  მიწასთან.

19

რაღაც წერტილს მივადექით.

ჩიხს.

დიდ კედელს.

ჯონი კეში დადუმდა.

და ამ დუმილმა ცხოვრებაში პირველად შემაშინა.

ერთად უნდა გავიყუჩოთ ტკივილი.

ტკივილი, რომელიც აღარ ყუჩდება.

ფეხის ძირებიდან შემოპარული და ტვინში ჩაქცეული.

ყველა არტერიის და ძარღვის შემდედებელი.

– ამ დედამოტყნულს ისევ თავისი თავით თუ ჩაახშობ, – ჩამესმის შორიდან, მაგრამ გარკვევით ჯონი კეშის ხმა.

როგორც იქნა.

მოქმედების გეგმა ისევ არსებობს.

წერტილისთვის გადაბიჯებას,

ჩიხიდან გამოსვლას,

კედელზე ასვლას,

უკვე აზრი აქვს.

 

სისხლი ესეთი წითელი არასოდეს ყოფილა.

არასოდეს ყოფილა ესეთი უმტკივნეულო სისხლისგან დაცლა.

ერთმანეთის გვერდით

ამდენი სიმსუბუქე.

ამდენი სიჩუმე.

წვეთების წანწკარი.

ჯონი კეში ესეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა.

ხელზე ხელს ვკიდებ.

ნავზე არ ვწევართ.

ერთმანეთის სისხლში ვცურავთ.

– შენ რა გტკიოდა, ეხლა მაინც მითხარი , – ვეკითხები და წვერებზე ვეფერები.

– არაფერი არ მტკიოდა. – მიღიმის და თვალები ჩემზე უშეშდება.

არ ვუხუჭავ.

20

ერთი, ერთი, ერთი, ერთი, ერთი.

ერთი ფეხი, ორი ფეხი, სამი ფეხი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა და მეტი.

სუნთქვასაც აქვს სუნი,

ნასუნთქით სავსე ოთახს

ბევრი ფეხით, ბევრი ხელით, ძირს მოფენილი, დაცვენილი თმის ღერებით.

სადღაც ამ ფეხებში, ხელებში და თმებში მეც ვარ.

 

ბინტებს ვიხსნი.

როგორც ძაფის გორგალს ვახვევ და საკუთარი ჭრილობებით ვტკბები.

ისევ არ ხორცდება.

ქალები.

ბევრი ქალი.

გარს ქალები მახვევიან.

ქალებს ვითვლი და როცა სათვალავი მერევა, თვალებს ვხუჭავ.

 

„ჯონი კეში მკვდარია“.

არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ფრაზა,

როგორც დეპეშა.

მოვიდა და მომეწება.

ხმამაღლა გავიმეორე და ამით პირველად გავაცნობიერე.

ინსტინქტურად გადავიფარე თავზე საბანი.

მჭიდროდ მოვიხვიე.

დავიგრიხე.

ოთხად მოვიკეცე.

სუნთქვა შევიკავე.

 

საბნის ქვეშ მარტო ვარ.

საბნის იქით ქალები არიან.

დარაზმულები, როგორც ერთი ორგანიზმი.

ყველა ქალი ერთად ნახტომისთვის ემზადება.

სავარაუდო სამიზნე მე ვარ.

ჯონი კეში სისხლისგან დაიცალა.

მთელი სიცოცხლე პირში დაიგუბა და ისე წავიდა.

–         იუნგი წაკითხული გაქვს? – მეკითხება ვიღაც.

ყაყანი და ჩოჩქოლი ჩემს გარშემო თითქოს ონკანიდან გადაკეტეს.

სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა, რამდენიმე წამს ინერციით შენარჩუნდა და მერე კარუსელი თავიდან დატრიალდა.

მთავარია, ხორციანად არ ჩამითრიოს.

დამშრალ სხეულს კიდევ ერთხელ ვიკუმშავ.

21

მეც ქალთა ამ ორგანიზმის ნაწილი ვყოფილვარ.

ამდენი ჰალუცინაციის შემდეგ პირდაპირ ფაქტებში აღმოვჩნდი –

ქალების კარანტინში.

წინასწარ პატიმრობაში.

განაჩენის მოლოდინში

ჯონის კეშის მკვლელობისთვის.

ყოველთვის ისეთი ცოცხალი იყო, მკვდარს ვიცი, ვერ დაველაპარაკები.

შენგან განსხვავებით.

მკვდარიც ანჟელიკა იქნები, ანჟელიკა.

მე და შენს შორის მხოლოდ ეს ზღვარი არ არსებობს.

მერამდენე დროშა უნდა ავიტანო მთაზე, რომ დამინახო?

–         გშია? – მეკითხება ისევ იგივე ხმა.

კარუსელს ისევ აჩერებს, ჩამოდის და გვერდით მიჯდება.

შავგვრემანი ქალია – არაბუნებრივად თეთრი, სათვალეს ისწორებს და ისე მაკვირდება.

–         მალე ზონაზე გადაგიყვანენ, – მაწვდის პურის ნაჭერს.

არავისთვის მომიხმია საშველად.

რატომ მოვიდა?

მაფორიაქებს.

დროდადრო თითო ფრაზას მეტყვის და ჩუმდება.

პასუხს არ ელოდება.

თითქოს ეს პასუხი წინასწარ იცის.

იცის, იუნგი არც კი გამიგია და მიყვება სიზმრებში შემოპარულ ქვეცნობიერზე.

იცის, მშია და პურს მინაწილებს.

იცის, მჭირდება სულ ცოტა თანაგრძნობა და მამშვიდებს, რომ ზონაზე ბევრი სუფთა ჰაერი და ნაკლები სიმჭიდროვეა.

და მაინც, ყველა აქ გამოკეტილი ქალის ცხოვრების ტრაგიკულ ისტორიას მოვისმენდი ამ წამოსროლილი ფრაზების ნაცვლად, რომელთა მიზანიც ჩემს  სუსტ წერტილებში გარტყმა და სავარაუდო საფრთხის გაუვნებელყოფაა.

მაგრძნობინებს, მარტო ვარ, იქ სადაც მარტოობა შეუძლებელია.

სადაც ლოგიკის ყველა კანონის დაცვით სრული ქაოსია.

სადაც ნელ-ნელა მეც შევერწყმები ამ გიგანტურ მასას,

მეც ერთ-ერთ ორგანოდ გადავიქცევი მასიური „ქალის“ სხეულზე.

და მერე აღარ ექნება მნიშვნელობა არც ჩემს ქვეცნობიერს, რომელიც ცნობიერში დიდი ხანია დავკარგე.

არც ბუნებრივ მოთხოვნილებათა იერარქიულ კიბეს

და არც ჰაერს, რომელიც ჯონი კეშმა საკუთარი სიკვდილით დამითმო და სწორად სუნთქვა აღარ თუ ვეღარ მასწავლა.

ნინო ქალთა ორგანიზმის ხმაა.

და ამ ხმას მივყვები.

ერთადერთი გზაა, რაც წინ მაქვს.

წინააღმდეგობის გაწევა ანჟელიკაზე შორი და ამაო ალტერნატივაა.

22

შევდივართ.

იდაყვების, მკლავების, ბარძაყების, კოჭების, კისრების რიგში ვდგავარ.

წყლის პირველადი ფუნქცია წყურვილის დაკმაყოფილებაა თუ განბანვა?

ჩემი სხეულიც ერთ-ერთია ამ შიშველ სხეულთა ჯაჭვში.

მეც დავიშალე ცალკეულ ორგანოებად და მარტივი შეჯამებით თავიდან ავეწყვე.

წყლით განვიწმინდე.

ქალთა მექანიზმის ორგანული ნაწილი გავხდი.

საკუთარი ადგილი მოვიპოვე მდედრობით ხეზე.

ჩემი ტოტი.

დღეიდან მე-9 დაწესებულების სრულუფლებიანი წევრი ვარ.

 

საკნებში გაგვანაწილეს.

ყოველ დილით რიგ-რიგობით ვწმენდთ იატაკს ჟელეგარეული წყლით.

შუადღეს ეზოში ვსხედვართ, ვეწევით ან დომინოს ვთამაშობთ.

საღამოობით ტელევიზორს ვუყურებთ და პოლემიკაში აღტკინებულები ვერთვებით.

ჩვენი საჭმლის შეზღუდული რაციონი დროდადრო შემოგზავნილი „მოსაკითხით“ მდიდრდება.

მე ყოველთვის სულგრძელად მეპატიჟებიან.

კოლექტივიზაცია აქ შესაშურ მასშტაბებს აღწევს.

ბიბლიოთეკისკენ არ ვიხედები.

წიგნები ჩემში  მიმდინარე სასიკეთო პროცესებს დამახინჯებული მიმართულებით წაიყვანს.

საკუთარ თავში აღმოჩენილი სიბნელე დიდი ხანია გისოსებს მიღმა დამრჩა.

სრულ ნათელში ვარ.

23

მართალია, შეტყობინება უკვე მიღებული მქონდა, მაგრამ პაემნების ოთახში შეყვანის მერეც დარწმუნებული ვიყავი, ვიღაცაში ავერიეთ.

არადა, მე-4 ხელს ზედიზედ ვიგებდი.

სკამზე დავჯექი და ბადრაგს უაზროდ გავუღიმე.

შემომიბღვირა.

 

კარი როცა გაიღო და ოთახში შემოვიდა, ვიგრძენი, პირი როგორ წამებში გამიშრა.

ინსტინქტურად წამოვდექი და ისევ დავჯექი.

ხელები, როგორც ორი სრულიად უსარგებლო დანამატი ტანზე მეკიდა, ბოლოს ერთად მოვაქციე და მუხლებზე მოვათავსე.

ბადრაგმა დადგენილი დროის შესახებ მობეზრებული ხმით გაგვაფრთხილა და გავიდა.

 

ჩემს წინ ანჟელიკა იჯდა.

და ჩემს წინ ანჟელიკა არ იჯდა.

ჩემს წინ კაცი იჯდა, 30-ს გადაცილებული, მოკლედ შეჭრილი თმით, სუფთად გაპარსული და უცნაურად გლუვი სახის კანით.

ჯინსებში, ბოტასებში და სპორტულ, სადა მაიკაში.

იჯდა და მიყურებდა.

 

„ანჟელიკა“, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ხმა არ ამომივიდა.

თან საკუთარი გულის ცემაც ხელს მიშლიდა.

ისევ თვითონ დამელაპარაკა.

–         მაინც გაიჩალიჩე, – თქვა ჩვეული ირონიით და ოთახი მოათვალიერა.

–         ესეთი სახითაც ნუ მიყურებ, მე ვარ, სხვანაირად აქ ასი წელი ვერ შემოვაღწევდი, ეს ნიუბალანსები საერთოდ მკლავს. – მომაყარა სხაპა-სხუპით და თვალი გამისწორა.

ისტერიული სიცილი ამივარდა.

–         რა გატირებს, – სწრაფად წამოდგა და ამის მერეღა მივხვდი, ვტიროდი.

–         სენტიმენტალიზმის გარეშე, თორე გავდივარ, – შემაქცია ზურგი.

–         მოვრჩი, დაჯექი, – მოვიწმინდე ცრემლები და საათს ავხედე.

25 წუთი გვაქვს.

 

ანჟელიკა დაჯდა და დავინახე, თვალები თვითონაც ცრემლებით ჰქონდა სავსე.

–         ვიცი, არ მოგიკლავს ის ტიპი.

–         მეც ვიცი.

პირველად გაეცინა.

–         კარგია, ციხეში მაინც თუ ადეკვატური ხარ.

–         7 წელი მომისაჯეს.

–         …

–         ტკივილის გაყუჩების გარდა სხვა მოტივი არც ერთს არ გვამოძრავებდა, პროსტა, მე რატო გადავრჩი დღემდე ბუნდოვანია.

–         სასამართლოზეც ეს თქვი? – უკვე მეორედ გაიცინა.

სამი საკრალური ციფრია. ჩაფიქრებული მაქვს.

–         არა, ადვოკატმა ხმა არ ამომაღებინა.

–         ცოტა გასუქდი.

–         მართლა? მიხდება?

და აი, მესამედაც გამიცინა.

–         გიხდება, გიხდება.

25 წუთი ვერ დავხარჯეთ.

მოულოდნელად ადგა, საქმეები მოიმიზეზა, სწრაფად ჩამეხუტა და ლოყაზე კრისტიან ლაკრუას ძლივს შესამჩნევი სურნელი დამიტოვა.

სახლიდან ისე როგორ გამოვიდოდა.

24

როცა პირველად ფურცელი და ფანქარი მოვითხოვე, გაზის ტარიფის გაძვირებაზე ატეხილი დავა მომენტალურად შეწყდა და ხუთმა ქალმა ერთდროულად შემომხედა. იქითა ცხოვრებიდან შემოღწეული პრობლემები აქ აქტუალობას მაინც არ კარგავს.

ის იყო თავი უნდა მემართლებინა, ტელევიზორში ახალი ნიუსი გავიდა სტიქიით დაზარალებულთა შემოწირულობებზე და მეც შვებით ამოვისუნთქე.

 

არასოდეს მითქვამს ანჟელიკასთვის, მასზე წერა რომ დავიწყე.

წინასწარ ვიცი სახის მობეზრებული გამომეტყველება, რომელსაც მიიღებს და გესლიანი კომენტარი:

–         უსაქმური ხარ.

საინტერესოა, სხვა რა საქმე უნდა გამოვნახო აქ, როდესაც სტაბილურობა მინიმუმ 7 წელი გარანტირებული მაქვს.

 

არ ვიცი, რა სახელით და გვარით შემოდის ციხეში.

ალბათ, იმით, რაც დღემდე მის პირადობის მოწმობაში წერია.

არც ის ვიცი, რას გრძნობს თვეში ერთხელ, როცა ისევ უბრუნდება იმას, რასაც მთელი შეგნებული ცხოვრება გაურბოდა და ებრძოდა – საკუთარ სქესს.

ეს მისთვის არასოდეს მიკითხავს.

თვეში ერთი ღამე ძალიან ცოტაა მსგავსი კითხვებისთვის და თან ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ

როცა ბადრაგები გადიან და მარტო ვრჩებით,

როცა ჩემს გვერდით წვება და იხდის,

როცა თვალებს ვხუჭავ და ხელზე ხელს ვკიდებ,

როცა მისი მშვიდი სუნთქვა მესმის და მის სურნელს შევიგრძნობ,

ისევ ანჟელიკაა.

ზოგჯერ არც კი ვლაპარაკობთ.

ზოგჯერ ისევ გაუთავებლად მარიგებს ჭკუას ან მე არ ვასვენებ მომაბეზრებელი შეკითხვებით.

ზოგჯერ ვარწმუნებ, რა ექსტრემალური სექსი გვექნებოდა პაემნების ოთახში ბადრაგების მეთვალყურეობით და პასუხად, როგორც ყოველთვის,

„დავაი რა, ან ნუ ატრაკებ“  გამზადებული აქვს.

 

ჩემი ცხოვრება აუმღვრეველია და ჩემი წონასწორობა – შესაშური.

მთელი თვე იმ ერთი დღისთვის არ ვცხოვრობ, როცა კარი გაიღება, შემოვა და ლოგინზე დაჯდომამდე მორიგ კეპკას მოიხსნის.

არც იმ დღისთვის, როცა მისი სხეულის თვალიერებისას ფრჩხილის კუთხეში ჩარჩენილ მანიკურს აღმოვუჩენ.

და არც იმ დღისთვის, როცა ვკითხავ:

–         რას ეძებდი ჩემში, ანჟელიკა?

ანჟელიკა შემომხედავს, თვალებს რამდენჯერმე დაახამხამებს, ისევ გრძელი და ლამაზი წამწამები აქვს, და ჩვეულებრივი ხმით, ვითომც არაფერი, მეტყვის:

–         სახლს.

მე გავუღიმებ,

მკერდზე, რომელიც მჭიდროდ აქვს აკრული, თავს დავადებ და მის გვერდით მშვიდად პირველად დამეძინება.

დასასრული

1 აგვისტო, 2015


[1] იგულისხმება ფერდინან სელინის ნაწარმოები „მოგზაურობა ღამის დასალიერში“.

[2] იგულისხმება პედრო ალმადოვარის ფილმი „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“.

[3] Special K – ნარკოტიკული საშუალება კეტამინი. მედიცინაში გამოიყენება, როგორც ძლიერი საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

[4] ლიტერატურული პერსონაჟი უოლტ დისნეის მულტფილმ „ქალთევზადან“.

© არილი

Facebook Comments Box