ახალი ამბები

ჩარლზ სიმიკი – „ვწერ იმიტომ, რომ მინდა, მსოფლიოში ყველა ქალს შევუყვარდე”

ჩარლზ სიმიკი, პოეტი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის პროფესორი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ სიმიკმა 1990 წელს პულიცერის პრემია მიიღო, 2007-2008 წლებში კი ამერიკის პოეტ ლაურეატად დასახელდა. „განსაკუთრებით მიხარია და ვაფასებ, რომ შემარჩიეს, რადგან მე იმიგრანტი ბიჭი ვარ, რომელსაც 15 წლამდე ინგლისურად ლაპარაკი არ შეეძლო“ – თქვა სიმიკმა ლაურეატად დასახელებისას.

ჩარლზ სიმიკის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩევა – მისი ლექსები მარტივ კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ზოგიერთი მათგანი მინიმალისტურია და სიურრეალისტური, ზოგიერთი – მკაცრი და რეალისტური. მათი უმრავლესობა ირონიითა და გამაოგნებელი მეტაფორებითაა სავსე.

„მხოლოდ თავზეხელაღებულ კრიტიკოსს შეუძლია თქმა, რის შესახებაა მისი ლექსები“, წერდა ბრაკნერი 1990 წელს სიმიკის შესახებ New York Times-ში, „ისინი სავსეა ყოველდღიური საგნებით, მაგრამ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პოეტმა გააჩინა ხვრელი ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რათა თვალი რაღაც უსასრულოზეც შეგვევლო“.

სიმიკის შემოქმედების თემა ხშირად იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და მისი ბავშვობა ბელგრადში. სიმიკი მოზარდობისას გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ხშირად უბრუნდებოდა ბელგრადის ყოველდღიურ ყოფასა და თავის მოგონებებს.

მაგრამ სიმიკმა, საბოლოო ჯამში, ამერიკული ცხოვრების წესი შეითვისა. ის წერდა, როგორც კაცი, რომელიც ულმობელ ბედისწერას გაექცა და ცდილობდა, არ დაეკარგა ცხოვრების არცერთი მომენტი. მისი ურბანული და ცინიკური ლექსები ნელ-ნელა ივსებოდა სექსით, ფილოსოფიით, ღამის საუბრებითა და ამერიკული ისტორიებით. ის დიქოტომიების პოეტი იყო, ამიტომაც მისი შემოქმედების დანახვა მრავალი კუთხით შეიძლება.

როგორც ადამ კირში აღნიშნავდა, სიმიკი იყენებდა ცენტრალური ევროპის შავ იუმორს, ლათინური ამერიკის სენსუალურობას, ფრანგული სიურრეალიზმის კონტრასტულობას, რათა შეექმნა სტილი, რომლის მსგავსიც არავის ჰქონდა ამერიკაში.

სიმიკს არასოდეს დაუწერია თავის მშობლიურ ენაზე, ყოველთვის ინგლისურად წერდა. როგორც თავად თქვა, უნდოდა, რომ მის მეგობრებსა და გოგოებს, რომლებიც უყვარდა, მისი ტექსტები წაეკითხათ და გაეგოთ.

ჩარლზ სიმიკის პირველი ლექსები 1959 წელს გამოქვეყნდა, როცა ავტორი 21 წლის იყო. 1961 წელს არმიაში გაგზავნეს. 2 წელი გაატარა გერმანიასა და საფრანგეთში. 1964 წელს კი დაქორწინდა.

მისი პირველი ლექსების კრებული 1967 წელს გამოიცა. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სამსახურის ცვლილებაც: 1973 წელს ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტმა ასოცირებულ პროფესორად მიიწვია. უნივერსიტეტში იგი ამერიკულ ლიტერატურასა და შემოქმედებით წერას ასწავლიდა. სიმიკის თქმით, ამან საშუალება მისცა, უამრავი რამ ხელახლა წაეკითხა და იდეების ფორმულირებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ჭკვიან სტუდენტებთან ურთიერთობა გამოწვევა იყო მისთვის, იძულებული გახდა, ბევრი რამ გადაეფასებინა და ხელახლა დაფიქრდა რიგ საკითხებზე.

ჩარლზს თავდაპირველად მხატვრობა სურდა, წერის დაწყების შემდეგაც კი, ყოველთვის, თავისი ნახატები უფრო აინტერესებდა, ვიდრე ლექსები. სიმიკმა 30-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა, იყო რედაქტორი, ესეისტი და მთარგმნელიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობა სერბული ლიტერატურისთვის. მან დიდი წვლილი შეიტანა სერბი ავტორების პოპულარიზაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საინტერესოა მისი ინტერვიუ The Paris Review-სთან, სადაც თავისი ახალგაზრდობის პორტრეტს ასე ხატავს:

ახალგაზრდა ჩარლზი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, ღამით კი ლექციებს ესწრებოდა უნივერსიტეტში. ყიდდა მაისურებს, მუშაობდა წიგნის მაღაზიაში, ღებავდა სახლებს… როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, დადიოდა ბარში ან კინოში. ბევრს კითხულობდა, ცოტა ეძინა და ხშირად უყვარდებოდა. არც ძალიან უბედური იყო და არც ძალიან ბედნიერი.

სიმიკი ინტერვიუში იმასაც იხსენებს, არმიაში ყოფნისას როგორ გაუგზავნა ლექსების ჩანაწერებით სავსე ყუთი ძმამ. მან ხელახლა წაიკითხა და, როგორც თავად ამბობს, არასოდეს უგრძნია თავი ასე შერცხვენილად. სწორედ მაშინ გაანადგურა ადრეული ტექსტები.

სიმიკი თავის შემოქმედებაზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ უცნაურ შემთხვევად იქცა:

„როგორც სერბები მიიჩნევენ, ჩემი პოეზია ძირითადად უცხოდ ჟღერს მათთვის. „ის აღარაა ერთ-ერთი ჩვენგანი“ – მსმენია, როგორ ამბობენ ისინი, ერთდროულად ბრაზითა და იმედგაცრუებით. ვაცნობიერებ, რომ უცნაური შემთხვევა ვარ, რთულად კლასიფიცირებადი, არც მთლად იმიგრანტი და არც გაძევებული, მაგრამ ამაზე არ ვღელავ. არ მქონდა არჩევანი, როგორ მეცხოვრა ან როგორი პოეტი გავმხდარიყავი. უბრალოდ, ასე მოხდა“.

შემოქმედებითი გზის შეფასებისას იმასაც ამბობდა, რომ თავდაპირველად ჟღერადობასა და ლექსიკურ ერთეულებზე ნაკლებს ფიქრობდა, მთლიანად სურათებზე იყო კონცენტრირებული, თუმცა, საბოლოოდ, ენისა და მუსიკის მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდა. მის ტექსტებში თანდათან ავტობიოგრაფიული ელემენტები გაჩნდა, ლექსები კი უფრო თხრობითად გადაიქცა.

სიმიკი თავისი თაობის ერთ-ერთ უდიდეს პოეტად მიიჩნეოდა, მისი შემოქმედება არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. მის შესახებ სტატია კი თავად მისივე სიტყვებით უნდა დავამთავროთ, რომლებიც The Paris Review-ს ინტერვიუერს უთხრა:

 „ვწერ, რათა ღმერთი გავაბრაზო და სიკვდილი გავაცინო. ვწერ, რადგან ვერაფერი გამიგია. ვწერ იმიტომ, რომ მინდა, მსოფლიოში ყველა ქალს შევუყვარდე.“

© არილი

Facebook Comments Box