ახალი ამბები

არილის მიმართვა

არილის მკითხველებო, მეგობრებო, ავტორებო!

გვინდა, გარკვეულწილად, შევაჯამოთ გასული წელი, რომელიც „არილისთვის“, ვფიქრობთ, გარდამტეხი აღმოჩნდა. ყველასათვის ნაცნობი პოლიტიკური მოვლენების გამო „არილი“ სახელმწიფო დაფინანსებს გარეშე დარჩა, თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენი და რამდენიმე საერთაშორისო დონორის თანადგომის, ასევე ავტორებისა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შევძელით და 8 ნომერი გამოვეცით. ჩვენი მეგობარი ორგანიზაციების და მკითხველების გარდა საელჩოების მხარდაჭერაც უნდა აღინიშნოს, რომელთა დახმარებითაც ორი, სომხური და ბერძნული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნომერი მოვამზადეთ… ეს ჩვენს და თქვენს ერთობლივ გამარჯვებად მიგვაჩნია, მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2024-მა წელმა ურთულეს პირობებში ჩაიარა, განუწყვეტელი პროტესტისა და დიდი წინააღმდეგობების ფონზე.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვეულზე ორჯერ ვრცელი ნომერი, რომელიც სწორედ ამ, პროტესტის თემას მიეძღვნა მთლიანად და ტექსტები, რომლებიც სპეციალურად მისთვის დაიწერა და იქცა ლიტერატურის მნიშვნელოვან ხმად იმ საერთო ეროვნული მოძრაობისა, რომლის მუხტიც ახლაც დღითი-დღე ძლიერდება. ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება – ავტორები, მსახიობები და ხელოვნების სხვა სფეროთა წარმომადგენლები, ახლა უკვე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც 16 დღეა ციხეში შიმშილობს. ვითარებამ ზღვარს მიაღწია და ადამიანები ყოველდღიურად პროტესტისა და ბრაზის მძაფრად გამოხატვის ახალ-ახალ ფორმებს ეძებენ და პოულობენ.

ცხადია, ბრძოლის შეწყვეტა არავის უნდა. ჩვენც, იმ დიდი ბრძოლის პარალელურად, რომლის მცირე ნაწილადაც აღვიქვამთ თავს, გვინდა გავაგრძელოთ „არილის“ გამოცემაც. კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ პროტესტის ლიტერატურას, ენას, პოეტიკას და ჩვენი ხმა კვლავ შევუერთოთ წინააღმდეგობის ნაკადს. ეს თემა წლევანდელი „არილისთვისაც“ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

მადლობა ყველა გულშემატკივარს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის  და გამხნევებისთვის და გარდა იმისა, რომ თქვენი ფინანსური მხარდაჭერის იმედი გვაქვს, სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს ყველა მეგობრისგან დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების შესახებ. იქნებ გეგულებათ ფონდები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი ლიტერატურული „არილის“ გამოცემის მხარდაჭერით არიან დაინტერესებულნი.

პატივისცემით,

„არილი“

P.S. თებერვალში დაელოდეთ „არილის“ ახალ, წლის პირველ ნომერს, რომელიც, იმედი გვაქვს, ისევ საზოგადოების მხარდაჭერით გამოვა, ისევ აქტუალურ და ჩვენი დროის უმთავრეს და უპირველეს თემაზე.

ლარის ანგარიში: GE79TB7696236060100001

დოლარის ანგარიში: GE59TB7696236120100002

მიმღები: ააიპ ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ასოციაცია “არილი”.

TBC ბანკი.

დეტალური ინფორმაცია დოლარის ანგარიშთან დაკავშირებით:

Beneficiary’s Bank JSC TBC Bank

Bank Code TBCBGE22

Beneficiary’s IBAN GE59TB7696236120100002

Name of Beneficiary LITERATURAL-SOCIAL ASSOCIATION ‘ARILI’ NNLE

Facebook Comments Box