თარგმანი,  პროზა (თარგმანი)

არმენ ოჰანიანი – უ(თქმელ)კუდო  

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

 

ჩემ შესახებ

 

პირადი გვერდი: უ(თქმელ)კუდო

მდგომარეობა: ახლა კავშირზეა

დაბადების თარიღი: 07.07.2010

ზოდიაქოს ნიშანი: კირჩხიბი

(ვარსკვლავები ამბობენ, მაგრამ არ გვავალდებულებენ,

ივლისში დაბადებული მოთხრობები ადვილად იკითხება).

მე ტექსტი ვარ, ჩვეულებრივი მოთხრობის გარეგნობით. ჩემს მკითხველს ვეძებ მის წინ გასახსნელად. ვისურვებდი, რომ 16-46 წლის ბიჭმა ან გოგომ წამიკითხოს, ვინც მზადაა, ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ. უფრო ახალგაზრდებმა შეიძლება სწორად ვერ გამიგონ, ასაკოვნები კი – არასწორად გამიგებენ. ვინც დარწმუნებულია, რომ ინტერაქტიული ტექსტები ლიტერატურული გადახვევაა, ჩემგან თავი შორს დაიჭიროს. თვალს ნუ მიკრავთ, ვიმეორებ, მე მოთხრობა ვარ, მსგავსი რამეები არ მესმის. ერთჯერადი ან თუნდაც ორჯერადი სექსი არ შემომთავაზოთ, მე ტექსტი ვარ და სქესობრივი ორგანოები არ მაქვს.

 

თვითსახე

(თქმამდე წინათქმა იყო)

უპირველეს ყოვლისა, წაიკითხე თვითსახედ წოდებული ჩემი წინათქმა, რათა გაიგო, თუ როგორი ტიპის მოთხრობა ვარ და რა მინდა შენგან. მერე მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ შეუმჩნევლად დამასრულო, მოკლე და მარტივი ვიქნები. სრიალა ვიქნები, მშვიდად და ზედმეტობების გარეშე რომ მიხვიდე მთავარ ნაწილებამდე, სადაც ჩემი ხვრელები და ღია ადგილებია, სადაც ჩემს ნახევარ მე-ს შევსება სჭირდება.

ჩემზე უკეთესად იცი – მრავალრიცხოვანი და მრავალენოვანი შესანიშნავი ლიტერატურა არსებობს, რომელსაც ძალზე ენატრები. ჩემნაირი მოკრძალებული უცნობი ავტორის არასრულყოფილი ნამუშევარი მხოლოდ და მხოლოდ მილიონჯერ დამტკიცებული თეორემისა და ცნობილი ფორმულის შეხსენებაა. მაგრამ მე ჩემი საიდუმლო მაქვს: ორი რიცხვის ტოლობა, რომელიც წინასწარ ამოვხსენი დაფაზე საგანგებოდ შენთვის. დაიმახსოვრე უმთავრესი რამ: ჩემი ბედის ბორბალი იმის ხელშია, ვინც თავის ენას მაჩვენებს.

მე დაუსრულებელი მოთხრობა ვარ, რომელიც თავის ბოლოს ეძებს, უფრო სწორად, მე ინტერაქტიული მოთხრობა ვარ, რომლის ფინალი ჩემმა მკითხველმა უნდა დაწეროს, ანუ შენ – ახლა უკვე იცი ჩემი საიდუმლო.

ორიოდე სიტყვა ჩემი სტრუქტურის შესახებ. სტანდარტგარეშე ვარ 90-60-90-დან ძალიან შორს. ორ ნაწილად ვარ გაყოფილი. ჩემში ორი კუდიანი ამბავი წერია, რომლებიც დაუსრულებელია და დასრულებისკენ მიისწრაფვიან. სწორედ აქედან მომდინარეობს უ(თქმელ)კუდო. ჩემი ავტორი დარწმუნებულია, რომ ორივე ამბავს ერთი და იგივე დასასრული აქვს და ამიტომ ჩადო ისინი ჩემში – როგორც ერთი მთლიანის ორი ნახევარი. გარდა ამისა, წინათქმა მაქვს, რომელსაც ახლა კითხულობ და ინტერვიუ სახელით თვითსაამო ბოლოთქმის ნაცვლად. ჩემი კუდის მპოვნელს ფულად ჯილდოს არ ვპირდები, მაგრამ ის თავისუფალია ჩემი კუდიანი ვერსიის მისაკუთრების, ჩემი დაბინავებისა და ჰონორარის მიღების საკითხში. ერთის ნაცვლად ორ კუდს თუ იპოვი, არც ეგ არის პრობლემა, შემიძლია ასევე ორკუდიანი ლიტერატურული არსება ვიყო. ვიცი, ჩემი კუდი ენის წვერზე გადგას… გამოაჩინე.

 

უ(თქმელ)კუდო I

ჩემი გმირი შეიძლება თვითნებური სამკუთხედი ყოფილიყო. სამკუთხედს, რომელსაც წვივები აქვს, უკვე მიმზიდველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კუთხის მწვერვალი 60 გრადუსზე დიდია და წვივებს შორის გახსნადობა – ფართო. მაგრამ ყველა შესაძლო სამკუთხედიდან ჩემმა ავტორმა ის ერთი აირჩია, რომელიც მართკუთხედი იყო და მგრძნობიარე. ამდენი. გადავიდეთ უშუალოდ ამბავზე.

ერთ დილას, ჩვეულებისამებრ, მართკუთხა სამკუთხედმა დაჭიმა თავისი მოგრძო ჰიპოტენუზა, დაფერთხა გვერდები, კუთხსაზომით შეამოწმა, ხომ არ დახრილა 90 გრადუსიანი კუთხე და სამსახურში წავიდა – უახლოესი სომხური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეშვიდე თუ მერვე კლასში, სადაც იმ დღეს მასზე უნდა დაემტკიცებინათ პითაგორას თეორემა.

მისთვის პითაგორას თეორემა ლექსი იყო. მხოლოდ სიტყვა „ჰიპოტენუზა“-ს გამოთქმა ჭკუიდან შლიდა, ხოლო „ოთხ-კუთხედის“ გაგონებისას ახსენდებოდა ფრაზა „ტანო ტატანო“, რომელიც ლიტერატურის გაკვეთილიდან ჰქონდა დამახსოვრებული, როცა დაფიდან მისი წაშლა დაავიწყდათ და იმ წამიდან მოყოლებული, ვერაფრით ივიწყებდა. მარტო მართკუთხედი რატომ? თითოეული სიტყვა თავისთავად საოცრება იყო, ხოლო მთლიანი თეორემა პოეტური შედევრი. სამკუთხედს გულწრფელად უკვირდა, რომ მოსწავლეები ვერასდროს გრძნობენ პითაგორას თეორემის მთელ მგრძნობელობას. ის მზად იყო, დაუსრულებლად წაეკითხა:

 

მართკუთხედი

სამკუთხედი

ჰიპოტენუზა

ოთხკუთხედი

უდრის კათეტების კვა-

დრატთა  ჯამს…

გაკვეთილზე სამკუთხედს გაუხარდა, რომ თეორემა დაამტკიცეს თავიანთი ტოლობის მესამე ნიშნით. ასობით ვარიანტიდან მას განსაკუთრებით არ უყვარდა აშშ-ის პრეზიდენტ გენერალ ჰერფილდის დამტკიცება, უბრალოდ, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა ხოლმე, როდესაც მისგან მაგიდას ამზადებდნენ. ამგვარი აზრებით გატაცებულმა ვერ შეამჩნია გაკვეთილის დამთავრება. მაშინ გამოფხიზლდა, როცა თეორემა უკვე დამტკიცებული იყო, ხოლო ზარი – დარეკილი. ახლაღა ნახა, რომ საკლასო ოთახში მხოლოდ ის მორიგე მოსწავლე დარჩენილიყო, რომელმაც ლიტერატურის გაკვეთილზე „ტანო ტატანო“ თქვა და მას კათეტებზე მალულად დააჟრიალა.

დიდი შესვენება იყო. მორიგეს საშლელი ღრუბელი აეღო დაფის გასაწმენდად. სამკუთხედი მოწამებრივად იყო გამოსახული. მისკენ იყო მიმართული მასწავლებლის მიერ დახატული ისრები, ხოლო თავზემოთ გაურკვეველი, უმიზნო წრე გამოხტა საიდანღაც. იმ დღეს მას კანონიკური გარეგნობა არ ჰქონდა, გვერდები უთანასწორო, ჰიპოტენუზა უჩვეულოდ გრძელი, მაგრამ დაჭიმული იყო და იმდენად სწორად გახაზული, რომ თითქოს მწვერვალების ბოლოებს აჟრიალებდა და სინათლეს გამოსცემდნენ გვერდებთან გადაკვეთის სიამოვნებისგან. სწორი კუთხე უნაკლო იყო, მშვიდად, ზუსტად 90-ის ქვეშ გახსნილი, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე – ინახავდა დაფის ყავისფერ სიცარიელეში მბრწყინავ მხარეებს. სრიალა გვერდები ისე ეკვროდნენ ჰიპოტენუზას ბოლოებს, თითქოს ის ხაზი მათ მდინარებას აფერხებდა, ლაგამს უდებდა მათ უსასრულოდ დაჭიმვის სურვილს.

საშლელის რამდენიმე სწრაფი მოძრაობის შედეგად სამკუთხედის გარემოცული დამტკიცების ცარცისებრი ჩვენებები აორთქლდა, მაგრამ მორიგე მისი წაშლის ნაცვლად აგრძელებდა ყურადღებით დაკვირვებას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს აღტაცებული იყო მისით, ალბათ, იმაზე სრულყოფილი რამ, ვიდრე ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ცარცის ხაზია, არასოდეს ენახა.

საშლელი ძირს დავარდა. მორიგემ ერთგვარი ჩხვლეტა იგრძნო მუცლის ქვეშ, მერე სასიამოვნო კანკალი და უცნაური აღგზნება. მისდაუნებურად სახე დაფასთან მიიტანა. ნახევრად ღია ტუჩებით შეეხო დაფის ცივ ზედაპირს, შემდეგ მათი ღრიჭოდან გამოსრიალდა მოზარდის ვარდისფერი ენა და ხარბად მოლოკა სამკუთხედის ქვედა მოკლე ჰორიზონტალური კათეტი…

 

უ(თქმელ)კუდო მე-2

აღარავის ახსოვს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ერთს შეუყვარდა სხვა ერთი მეზობელი რიცხვითი სახელიდან. ერთი სიტყვით, ძალიან მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. შეყვარებული ერთები დიდხანს ცხოვრობდნენ თავიანთი ცხოვრებით – თითოეული მათგანი თავისი გრძნობით გატაცებული, სანამ დადგა დრო, როცა მათმა ოჯახებმა შესაბამისად გამოთვალეს და გადაწყვიტეს მათი შვილების კავშირის გაფორმება, როგორც ამბობენ, არითმეტიკულად გაოფიციალურება ან უბრალოდ – მათი დაქორწინება, რადგან ღვთის მოშიშ რიცხვთსამყაროში ასეთი იყო წესი. ამდენი. ახლა კი უშუალოდ ამბავზე გადავიდეთ.

ერთ დილას, ერთების ერთ-ერთი ოჯახთაგანი შეიკრიბა და მეორე ერთის ხელის სათხოვნელად წავიდა. არ დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ მასპინძელი ერთის დედა – ქალბატონი თორმეტი ძალზედ ეწინააღმდეგებოდა შესაძლო ქორწინებას.

რიცხვებმა რიგრიგობით, კლების მიხედვით გაიცნეს ერთმანეთი. მძახლებს ერთმანეთი მაშინვე ძალიან მოეწონათ. ყველა რიგითი რიცხვი იყო, თავმდაბალი, ორნიშნა, ძირეული გამოთქმების და სხვა ზედმეტობების გარეშე. დასხდნენ, დაითვალეს, გამოთვალეს, წინასწარი ფორმულა შეადგინეს 1+1=სიყვარულს.

და აი, ერთ-ერთი ერთის მამამ ჭიქა აიღო და ასე თქვა:

– ჩვენ მოვედით თქვენი ერთის ხელის სათხოვნელად. ჩვენი ერთი მარტოა, დედისერთა შვილი. უკვე დიდი ხანია უყვარს თქვენი ერთი, მაშ, რატომ არ მივუმატოთ თქვენსას ჩვენი და ჩვენი ერთი ორი გავხადოთ?!

ქალბატონმა თორმეტმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უჟმური სახით იჯდა, თავისთვის ითვლიდა თორმეტამდე, ვერ მოითმინა და აზრი გამოთქვა:

– რა?.. მიმატება? ეგ პრიმიტიული, ტრივიალური, უხეში ქმედება?.. თქვენ ფიქრობთ, რომ ესაა სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების ფორმულა? ეგ მარტივი შეფარდება, დამატება. ერთს მიმატებული ერთი სიყვარულს კი არ უდრის, არამედ ორს. გამოდის, რომ ჩემმა შვილმა თავისი ერთობა უნდა დაკარგოს, თავისი იდენტობა და გახდეს ორი…

– არა, ეს შეუძლებელია, – ქალბატონი თორმეტის თავზარდამცემი ისტერიკის შეჩერება სცადა სხვა ერთის მამიდამ, რომელიც არითმეტიკის მასწავლებელი იყო. –მოდით, ერთების სიყვარულის სხვა გასაღები ავირჩიოთ. მაგალითად: ერთჯერ ერთი უდრის ერთს. დაე, ბავშვები ნუ მიემატებიან ერთმანეთს, არამედ გამრავლდნენ.

– შესანიშნავია, ერთი გაყოფილი ერთზე უდრის ერთს, ასე რომ, თუ არ გსურთ თქვენი თვითმყოფადობის დაკარგვა, გამრავლდით და გაიყავით, რამდენიც გენებოთ, – სიტყვა დააწია ბიძიკო ოცდაერთმა.

– დიახ, ალბათ, ეს გამოსავალია, – ამოღერღა ერთის მამამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთის გაორების სადღეგრძელოს ჩაჩრას ცდილობდა, – მაგრამ ყოველი მხრიდან –ყველა მიწისქვეშაში, ყველა კედელზე, ყველა მერხზე და ყველა გოგონას დღიურში, სიყვარული ყოველთვის ემატება და არ იყოფა ან მრავლდება. ყოველთვის ასეთი იყო სიყვარულის ფორმულა. ჩვენს დროსაც ასე იყო, ერთს ემატებოდა მეორე და სიყვარული გამოდიოდა.

– ძვირფასო, თქვენ წარმოგიდგენიათ, რაოდენ საშიშია მათი ქორწინების პირველი ღამე. მიმატებად წოდებული მაგ ჯვრის პერპენდიკულარული ხაზუკა რომ გაუჩინარდეს? ღმერთმა არ ქნას, ერთი გამოაკლდეს… – ამის წარმოთქმისას ქალბატონი თორმეტი ცრემლებს ძლივს იკავებდა, – იცით, რა მოხდება, როცა ერთს მეორე გამოაკლდება? ისინი მოკვდებიან, განულდებიან, ერთს გამოკლებული ერთი სიკვდილს უდრის, ნულს უდრის… ეს გინდათ? მე არ დავუშვებ ჩემი ერთის განულებას, ამდენი წელი მაგისთვის არ ვზრდიდი, რომ ერთი დაუდევარი სასიყვარულო გამოკლების გამო განულდეს.

– მაშ, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ? მართლა არ მესმის თქვენი, ქალბატონო თორმეტო. არ გინდათ, რომ თქვენი ერთი გაორდეს, გეშინიათ, რომ გამოაკლდება და განულდება, მეორე მხრივ, გამოსავალს არ გვთავაზობთ. მე თქვენ პატივს გცემთ, ჭკვიანი, შემდგარი რიცხვი ბრძანდებით, იყოფით ერთზე, ორზე, სამზე, ოთხზე, ექვსზე და საკუთარ თავზე, უნაშთოდ, მაგრამ ეცადეთ, ოდნავ კონსტრუქციული იყოთ, – თავისი მძიმე სიტყვა თქვა მამიდამ, რომელიც არითმეტიკის მასწავლებელი იყო. მერე კი შემდეგი შემოთავაზება გააკეთა – იცით, ახლა 21-ე საუკუნეა, – ამის თქმისას ცელქი ღიმილი სტყორცნა ბიძიკო ოცდაერთს, – არითმეტიკა გამოვიდა თავისი კლასიკური ფორმიდან. მოდით, ჩვენი ერთები სხვა გამოთვლის სისტემაში საცხოვრებლად გავუშვათ, სადაც ერთს მიმატებული ერთი თერთმეტს უდრის, ასეც ხომ ხდება ხოლმე?

– თქვენ იმ სამყაროს გულისხმობთ, სადაც მხოლოდ ერთები და ნულებია? ამ შემთხვევაში ჩვენს შვილებს ვეღარასოდეს ვნახავთ, – თქვა ბიძიკო ცამეტმა.

– ოჰ, ცამეტო, რას ლაპარაკობ? – ისევ ჩაერთო ქალბატონი თორმეტი.

– არა, მე მაგას არ ვგულისხმობ, ამ ბოლო დროს შევიტყვე ერთი სისტემის შესახებ, რომელსაც კენტთა ეწოდება. იქ კენტები ცხოვრობენ, წყვილები არაა. და მგონი, იქ ერთს მიმატებული ერთი თერთმეტს უდრის.

– ბავშვები უცხო ქვეყანაში გავაგზავნოთ, სადაც ლუწი რიცხვები არაა, სადაც მხოლოდ კენტებია? ეგ გარყვნილებაა. ვინ იცის, კენტები ერთად რას აღარ აკეთებენ?! ჩვენ რა ვიცით, რომ იქ უსაფრთხოა. მე ვერ გავუძლებ.  თქვენ ამას ეუბნებით დედას, მშვენივრად იცით რა, რომ მე თვითონ  ლუწი რიცხვი ვარ?!

აქ ქალბატონი თორმეტი წამოხტა, ორ ექვსად გაიყო, რომლებიც თვის მხრივ ელვის სისწრაფით გაიყვნენ ორ სამებად და…

 

თვითსაამო

(ბოლო თქმა ბოლოთქმა იყო)

 

ბოლოთქმის ნაცვლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ავტორის ინტერვიუ, რომელიც მან საკუთარ თავთან ჩაწერა 2010 წლის 7 ივნისს.

– რის შესახებაა უ(თქმელ)კუდო?

– კომპლექსებისა და სიყვარულის.

– თქვენ კომპლექსები გაქვთ?

– დიახ, კიდურების სიმოკლის, განსაკუთრებით ერთის.

– ჰა, ჰა, რომლის?

– ენის. ბავშვობიდან მემუქრებოდნენ ჩემი ბინძური ენის მოჭრით, მოგლეჯით, ბუდიდან ამოღებით, გახმობით…

– კარგი, გასაგებია, მერე რა?

– მერე მე დავკომპლექსდი, რაღაც დროის მანძილზე ენა დავიმოკლე და აღარ ვტლიკინებდი. სქესობრივი მომწიფების ასაკში მივხვდი, რომ მოკლე ენა მაქვს და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ.

– რა ნაბიჯები გადადგით?

– ჩემი კომპლექსის დაძლევა ვცადე, სტუდენტი ვიყავი, აინშტაინის ფოტოსურათი რომ ვნახე, სადაც ენა ჰქონდა გამოყოფილი მთელი მსოფლიოს დასანახად. ყველას ენის გამოყოფა დავუწყე – მოურიდებლად.ზომის შეუცვლელად დაგრძელდა.

– კარგი, კომპლექსებს და კიდურებს შევეშვათ. სიყვარულს რა კავშირი აქვს დაფიდან ცარცის ალოკვასთან? ჯერ კიდევ ეძებთ სიყვარულის ფორმულას?

– პირველი უ(თქმელ)კუდოს პერსონაჟები სხვადასხვა სამყაროდან არიან. ისინი იმდენად განსხვავებულები არიან, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეუძლიათ. მეორე უ(თქმელ)კუდოს გმირები ერთი და იმავე სამყაროდან არიან. ისინი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ერთმანეთთან ვერ ურთიერთობენ. სიყვარული სადღაც ამას შორის არის. რომ მცოდნოდა სად, ჩემს მოთხრობას დავასრულებდი.

– როგორ ფიქრობთ, მოთხრობა იპოვის თავის კუდს ან კუდებს?

– ვინც ეძებს, ის პოულობს. მთავარი დაკარგვაა, ძებნა რომ დაიწყო. თუ არაფერი დაგიკარგავს, რას ეძებ?

– ბოლოს, მკითხველებს რას ეტყვით?

– მადლობა, რომ წამიკითხეთ. ზღაპრები, მოთხრობები, ფილმები და სერიალებიც კი მთავრდება, ცხოვრება კი ყოველთვის წყდება, 100 წლის ასაკშიც კი.

© არილი

 

Facebook Comments Box