ახალი ამბები

არტ შპიგელმანის “MAUS” – აკრძალვა ბავშვების „დაცვის“ მოტივით

2022 წელი არტ შპიგელმანისთვის ქაოსური წელი აღმოჩნდა. იძულებული იყო, ცენზურისა და ანტისემიტიზმის შესახებ დებატებში ჩართულიყო, მას შემდეგ, რაც მისი გრაფიკული რომანი MAUS ტენესის სკოლაში აიკრძალა.

შპიგელმანს უამრავი ინტერვიუ, საჯარო გამოსვლა თუ ვებინარი ჰქონდა და ტენესის შტატის მაცხოვრებლებსაც კი შეხვდა “ზუმში”. გამუდმებით იმეორებდა, რომ აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მის წიგნს, MAUS-ის პროგრამიდან ამოღების გადაწყვეტილება ისტორიის დამანგრეველი თავების უგულებელყოფის ნიშანია, რასაც ბავშვების „დაცვის“ მოტივით ნიღბავენ და სწორედ ესაა რეალური საფრთხე. მათ უნდათ უფრო ნაზი, კეთილი, ბუნდოვანი ჰოლოკოსტი, – ამბობდა შპიგელმანი.

აკრძალვამ წიგნი კიდევ უფრო პოპულარულად აქცია, რაზეც მეტყველებს ის, რომ 2021 წელთან შედარებით გასულ წელს სამჯერ მეტი გაიყიდა.

თუმცა, ცხადია, შპიგელმანის პოპულარობა მხოლოდ ბოლოდროინდელი მოვლენების დამსახურება არაა. 1992 წელს MAUS პირველი კომიქსი გახდა, რომელმაც პულიცერის ჯილდო მიიღო და დაამტკიცა, რომ კომიქსიც მაღალი ხელოვნებისა და ლიტერატურის ფორმაა. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წიგნის 6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და MAUS ჰოლოკოსტზე დაწერილ კლასიკად იქცა.

შპიგელმანი MAUS-ზე 13 წლის განმავლობაში მუშაობდა და ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ნამუშევარი წლების შემდეგ ამდენად დიდ კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენდა. ფიქრობდა, რომ არ დაწერდა ისეთ ვრცელ კომიქსს, რომლის კითხვისას სანიშნე დასჭირდებოდათ ადამიანებს.

„ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც რაღაცის სწავლება მინდოდა, მე ვიყავი. მინდოდა, რომ გამეგო, როგორ გავჩნდი, როცა ჩემი ორივე მშობელი წესით მანამ უნდა მომკვდარიყო, სანამ საერთოდ დავიბადებოდი. ასე რომ, კომპლექსური პროექტი ჩავიფიქრე – იმის რეკონსტრუქცია, რა იყო ისტორია მათთვის.“

MAUS მკითხველმა არაერთგვაროვნად მიიღო. კრიტიკოსების ნაწილმა შეურაცხმყოფლად ჩათვალა ცხოველების გამოყენება. წიგნი აკრძალა რუსეთში, გარეკანზე გამოყენებული ნახატის გამო. ხოლო პოლონეთში 2011 წელს პროტესტის ნიშნად მისი ასლები დაწვეს.

MAUS-ში შპიგელმანმა მამამისის, ვლადეკის, პირით მოგვითხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ მეორე მსოფლიო ომის დროს. თუმცა ტექსტის ორიგინალურობას განაპირობებს არა თემატიკა, არამედ ის, რომ ცხოველები მეტყველებენ, რაც მკითხველს, ისევე როგორც თავად ავტორს, ამბისგან ემოციურად დისტანცირების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება მათ, ვინც წიგნის აკრძალვას უჭერს მხარს – მათი ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ ძალადობის აღწერა, შესაძლოა, მავნე იყოს ახალგაზრდებისთვის. „არაა ჭკვიანური და ჯანსაღი განათლების სისტემის მხრიდან ასეთი წიგნების მხარდაჭერა“, აღნიშნავენ ისინი, თუმცა თავად ავტორისთვის მათი პოზიცია მიუღებელია, უკვირს, რომ მხოლოდ რამდენიმე უცენზურო სიტყვაზე არიან ფოკუსირებულნი და წიგნის მნიშვნელობას უგულებელყოფენ. ავტორს ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მუზეუმი. მუზეუმის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ამ წიგნში აღწერილი ისტორია გაიგონ. „MAUS-მა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰოლოკოსტის შესახებ მეტის გაგების პროცესში, მსხვერპლებისა და გადარჩენილების დეტალიზებული და პერსონალური გამოცდილებების გაზიარების გზით“.

ერთი მხრივ, ფიქრობენ, რომ შპიგელმანმა რეალური ამბავი, რომელიც მამამისს გადახდა თავს, დროისა და გარემოებებისთვის შესაბამისი ენით მოგვითხრო. მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებმაც წიგნი სასკოლო პროგრამისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს, ამბობენ, რომ ძნელად წარმოუდგენიათ ამ წიგნის მიღება. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ წლების განმავლობაში სწავლობდა სკოლაში მათემატიკას, ინგლისურს, ლიტერატურას, ისტორიას და არასოდეს უნახავს წიგნი, სადაც შიშველი ადამიანი იქნებოდა გამოსახული და არასოდეს წაუკითხავს უხეში ენით დაწერილი ტექსტები. ამიტომაც ის აზრი, რომ ბავშვებს ასეთი წიგნებით უნდა ასწავლონ, მისთვის მიუღებელია.

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, მკითხველებს არაერთი მიზეზი აქვთ შპიგელმანის გრაფიკული ნოველით დაინტერესებისთვის. შპიგელმანმა ჰოლოკოსტის ტრავმის შესახებ ყველა სხვა ავტორისგან განსხვავებულად მოგვითხრო, ისეთი ფორმით, რომელიც ჰოლოკოსტზე თხრობისთვის მანამ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. MAUS  ხაზს უსვამს, რომ ისტორია და არამხატვრული ლიტერატურა მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ფიქსირებულ ფაქტებს, მანამ, სანამ მასში რეალური ადამიანები მონაწილეობენ. ეს ფორმა კი ავტორს საშუალებას აძლევს, იმ პერსონალურ ემოციებზე წეროს, რომლებიც ჰოლოკოსტზე „ობიექტური“ დისკუსიებისას, შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს. გარდა ამისა, MAUS საინტერესოა თავისი ინტერტექსტუალობითაც.

საბოლოო ჯამში, ამ წიგნის კითხვა მკითხველს უბიძგებს, შეწყვიტოს ისტორიის მიღება, როგორც წარსულის შესახებ მიუკერძოებელი თხრობის. წიგნი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ტრავმები მომავალ თაობასაც გადაეცემა. აქედან გამომდინარე, MAUS ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია ჰოლოკოსტის გასაგებად.

© არილი

Facebook Comments Box