პოეზია

მამუკა ლეკიაშვილი – ლექსები

ლექსების ციკლის მეოთხე, ბოლო ნაწილი

15.

პოემა

– ჯერ უნდა მოგეწონოს

და მერე უნდა არკვიო,

შენსა და მასში

რამ მოგაწონა მოწონებული

და პირიქით თუ იმოქმედებ,

თუ ჯერ იმას დააზუსტებ,

რა უნდა მოგეწონოს და რატომ,

და მისი რა უნდა ეთანხმებოდეს

შენს რომელს

და ასე თუ ივლი,

გამოგრჩება ხელოვნებაც და ლიტერატურაც

და პეიზაჟიც

და ინტერიერიც

და ის თვალიც დაგეხუჭება,

გონების ის თვალი,

რომელსაც უნდა დაენახა

და მოსწონებოდა.

დაწუნებასაც და გულგრილად დარჩენასაც

იმავე თანმიმდევრობის დაცვა სჭირდება.

ამას ამბობდა სიტყვებისგან შედღვებილი

ვიღაც ქურუმი თუ მოძღვარი

თუ ვიღაც ეგეთი

და იყო ის კიდევ ორთან ერთად

ალიზის აგურით აშენებულ

და ტაძრის მსგავს შენობაში,

რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი,

როცა გზა დამებნა ჩემს მშობლიურ

და ძველ ქალაქ თბილისში.

და მან განაგრძო:

– დაიმახსოვრეთ,

არ დაივიწყოთ,

თანმიმდევრობა მთავარია,

თუმცა ისიც და კიდევ მრავალი

რამე, რაც მთავარია,

არ არის აუცილებელი

და მისი თავიდან აცილება

ისე ადვილია,

გაგეცინება.

სამაგიეროდ, სწორი

თანმიმდევრობის დაცვაში

და მიყოლაში და მიდევნაში,

ყოველთვის თუ არა,

ზოგჯერ მაინც

თავის გაწვრთნა შეგიძლია.

ჯერ უნდა მოხდეს

და მერე უნდა მიხვდე.

თორემ პირიქით თუ დაგემართა,

ეგ იქნება ქორწინება გარიგებით

და არა… რა ჰქვია იმას?

კი, გამახსენდა,

და არა სიყვარულით.

და ნუ ჩადგები მაჭანკლად

შენსა და სხვას შორის.

თუმცა თუკი მაგ გზას დაადგები,

ხელი არც მასზე მოგეცარება,

რადგან მაგ საქმეშიც

შეგიძლია,

რომ თავი გაიწვრთნა,

ანდა ვინმე სხვას გააწვრთნევინო,

თორემ აბა, სხვა რისთვის მოუგონიათ

მშობლები და ნათესავები და მეგობრები,

ხალხი და საზოგადოება

და ეკლესია და მისთანები

და, საერთოდაც,

ყველა რელიგია მაჭანკალია,

რომელიც ცდილობს,

რომ ტყუილთან დაგაქორწინოს

და შეგაუღლოს არარსებულთან.

არარსებობა და არყოფნა

კი ჩვენ იმდენი გვაქვს ჩვენთვის

განაღდებული,

რომ შენი მოწონებული.

„ტრაკი“, „პროჭი“, „მუტელი“

და „ძუძუები“ და „ბაყვები“

ან „ყლე“ და „ყვერები“

თითქმის ერთნაირად უხეში,

და დასაცინად  და სალანძღავად გამოწვრთნილი

სიტყვებია, რომლებიც

უსუსურ გონებას

დორბლად მოსდის

და ამ ბედოვლათ ქართულ ენას

ამიტომ უჭირს სიყვარული

და სექსი,

რომელსაც მდაბიურად შეარქვეს

„ტყნაური“.

და თუ თქვენ მართლაც ქართველები ხართ

და თქვენი მშობლიური ენა ქართულია,

ჯერ გაიხადეთ ეგ დაძენძილი ენა,

რომელსაც სიყვარულისთვის

მარტო ჯვალო ემეტება,

ფარჩა და ატლასი

კი მლიქვნელობისთვის აქვს გადანახული

და ერთმანეთის სხეულები კაცებმაც და ქალებმაც

ნაცვალსახელებად გააცამტვერეს!

ასე დაამთავრა მან თავისი

სათქმელი

და მე ვიყავი იქ სიძე

და შენ იყავი იქ პატარძალი

და ჩვენ ვიცოდით უკეთესი ქართული ენა

და როცა დამთავრდა ჩვენი ქორწინების

გულწრფელი რიტუალი,

ისტორიაში უკვალოდ გაზავდა,

გაქრა ის ვიღაც მოძღვარი თუ ქურუმი

თუ კლერიკალი, რომელიც

ჩვენ გვაქორწინებდა

და მისი ტაძრის კედლებიც

ისე გაიჟღინთა

ნოემბრის ღამით,

რომ აგურიც კი,

ბათქაშიც კი არ დარჩენილა

მისგან

და მე ვიცანი ქუჩა

და წამოვედი სახლისკენ.

შენ სად ხარ?

და სადაც არ უნდა

და როცა არ უნდა იყო,

შენც ჩემსავით იცი,

თუ უკეთესად არა,

რომ ჩვენ დავიცავით თანმიმდევრობა,

ის აუცილებელი თანმიმდევრობა,

რომელიც ასე ადვილი დასარღვევია,

რომელსაც ასე იოლად გადაეჩვევა ხოლმე

მასში გაწვრთნილიც კი ადამიანი.

და რადგან დავიცავით ის

და მივდიეთ მას,

ამიტომ არის უნებლიე

და უნებური

ჩვენი ყოველი შეხვედრა,

თუმცა მე და შენ უნდა გვახსოვდეს ისიც,

რომ თუ ცნობიერება

არის გაკონტროლებული ჰალუცინაცია,

ასევე მთელი სინამდვილე,

უკლებლად მთელი რეალობა,

რომელსაც ვაცნობიერებთ,

შეთანხმებული ილუზიაა

და მეტი არაფერი.

და მთელი ეს კულტურა,

რომელიც კი სადმე და ოდესმე დასჩემდა

კაცობრიობას,

არის მანქანა და მექანიზმი,

რომელიც განაპირობებს

და განსაზღვრავს კიდეც

ილუზიების ერთმანეთთან ისე შეთანხმებას,

რომ კაცობრიობის წევრებს ეჩვენებოდეთ და ეგონოთ,

რომ ერთსა და იმავე

და წყალიც რომ არ გაუვა,

სწორედ ისეთ სინამდვილეში,

იმნაირ რეალობაში იმყოფებიან.

უნებლიე და უნებური

იყო სიცოცხლის წარმოშობაც

და უნებლიე და უნებური

უნდა იყოს მოწონებაც

და მონატრებაც

და კიდევ ისიც,

რისი ხსენებაც

ისე გაცვითეს მეტყველმა ცხოველებმა,

რომ მაჭანკლები ანუ ყალთაბანდები

სჭირდებათ

ერთმანეთთან შესახვედრად

და ერთმანეთის მართლა შესახებად.

16.

ლეგენდა

ღამეში გასახელი თვალია ცეცხლი

და როცა ის ცეცხლს ანთებს –

კარგი, კოცონი ერქვას იმ ცალ ცეცხლს –

ის ახელს თავის მესამე თვალს,

ის, ძეხორციელი,

რომელიც არც მინდა,

რომ მოვიხსენიო ადამიანად,

რადგან ქართული სიტყვა „ადამიანი“

ნიშნავს ადამის შთამომავალს,

მე კი არ მინდა, რომ მოვაქციო იგი

ბიბლიური ბოდვის სივიწროვეში,

რადგან კაცი,

დედაკაცი იქნება ის თუ მამაკაცი,

გაცილებით ვრცელია,

ვიდრე ბიბლია ან რომელიმე

წიგნი ან ყველა წიგნი,

რაც კი დაწერილა.

მე კი ანტი-მღვდელი ვარ,

მღვდლის ანტიპოდი,

და მე სიმართლეს გიყვები ზღაპრად,

ხოლო მღვდელი, მოგეხსენება,

მღვდელი ტყუილის მაჭანკალია,

მღვდელიც და ნებისმიერიც სხვა ჯურის

ეგრეთ წოდებული სასულიერო პირიც ეგ არის

და ის მხოლოდ იმას ლამობს, რომ

ტყუილთან დააქორწინოს კაცი,

დედაკაცი თუ მამაკაცი,

თვითონ კი გამორჩეს მაჭანკლის ქირას.

თუმცა შორს წავედი

და მოვალ ჯერ შორიახლოს

და მერე ახლოსაც მოვალ.

თუმცა ახლოს არის ის,

რაც ხელის გაწვდენაზეა,

ხოლო რაც ხელის გაწვდენის

და თან ნაბიჯის გადადგმის მანძილზეა,

ის არის შორიახლოს,

იმის იქით კი იწყება სიშორე.

კაცი კი – დედაკაცი და მამაკაცი –

არ შეუქმნია არც შრომას, არც ღმერთს,

არც რომელიღაც სრულებით შემთხვევით

გენეტიკურ ცვლილებას,

არამედ კაცმა – დედაკაცმა და მამაკაცმა –

თვითონ შექმნა და გამოძერწა თავისი თავი,

თუმცა ამ კვიმატი და არნახული საქმის გასაკეთებლად

მას ხელსაწყო, ინსტრუმენტი კი სჭირდებოდა,

თორემ ხელცარიელს რა უნდა გამოსვლოდა.

და ის მთავარი ხელსაწყო და ინსტრუმენტი,

რომლითაც კაცმა – დედაკაცმა და მამაკაცმა –

თავისი თავი შექმნა და გამოძერწა,

ის ინსტრუმენტი იყო ცეცხლი.

მგონი, ნაწილობრივ მართალი იყო პლატონი,

როცა კაცზე – დედაკაცსა და მამაკაცზე –

თქვა, რომ ის გამოქვაბულშია

და მხოლოდ იმ ჩრდილებს ხედავს,

რომლებსაც გამოქვაბულის კედელზე ფენს

მის ზურგს უკან დანთებულ ცეცხლსა

და თვითონ მის ზურგს შორის

მიმდინარე სხეულები.

ეს მართლაც ასე იყო ხოლმე

შორეულ წარსულში,

ჩვენს დასაწყისში,

როცა ჩვენი წინაპრები

თავს აფარებდნენ გამოქვაბულს

და მასში ცხოვრობდნენ.

ის ჩვენი წინაპრები ყოველდღე

იკრიბებოდნენ გამოქვაბულში დანთებული

ცეცხლის გარშემო და მის ირგვლივ სხდებოდნენ,

ოღონდ მათ თურმე ჰქონიათ

ერთი დაურღვეველი წესი,

რომლის ძალით და თანახმად,

გამოქვაბულის სიღრმეში

დანთებული ცეცხლის ირგვლივ

ისინი, ის ჩვენი პირველი წინაპრები

უნდა მსხდარიყვნენ

ზურგით

და მხოლოდ ერთ რომელიმე მათგანს,

დაბადებით ბრმას ან ნადირის კლანჭებისგან

დაბრმავებულს,

ჰქონდა იმის უფლებაც და მოვალეობადაც ეკისრებოდა,

რომ პირით ცეცხლისკენ ყოფილიყო გამოქვაბულში

და ისე შეეკეთებინა მისთვის ფიჩხი

და ისე შეეწვა და მოეხარშა

ალზე საჭმელი,

რომელსაც გამოქვაბულის ბინადრები

ინაწილებდნენ

და მათ იცოდნენ, რომ გამოქვაბულის გარეთ

სხვა არაფერი იყო

ჩვეულებრივი ცხოვრების გარდა.

და ისიც იცოდნენ მათ,

რომ სამყარო ერთადერთია,

ათასწლეულების შემდეგ

რაც არ უნდა ემტკიცებინა ვინმე ფილოსოფოსს

და რაც არ უნდა ემტკიცებინათ

ნებისმიერი ჯურის

სასულიერო პირებს,

რადგან მათ, ჩვენმა წინაპრებმა, უკვე იცოდნენ,

ისევე მკაფიოდ იცოდნენ,

როგორც ჩვენ ვიცით ახლა,

რომ არავითარი სული არ არსებობს

და ყველაფერი ჩვენს სხეულებში

და ჩვენს სხეულებს შორის ხდება

და იქვე რჩება

და სულის არსებობას ვინც ამტკიცებს,

სულ ყველა ამბობს ტყუილს

და ნებით ან უნებლიეთ ტყუის

და ცდილობს ისე გაწაფულად იმაჭანკლოს,

რომ ერთმანეთზე განუყრელად

დააქორწინოს

ეს ტყუილი და კაცი,

ის იქნება დედაკაცი თუ მამაკაცი,

ბავშვი იქნება თუ მოწიფული

თუ მოხუცი.

მაშინ ცხოველების ტყავებისგან შეკერილი

ტანსაცმელი ეცვათ,

თუმცა სამხრეთ კავკასიაში,

იქ, სადაც ახლა საქართველოა,

ჩვენმა წინაპრებმა

ძაფის დართვა და ქსოვაც გამოიგონეს

და დაისწავლეს.

და მათ იცოდნენ, რომ ტანსაცმლისაც რომ იყოს,

ჩრდილი შიშველია,

ისე შიშველია,

რომ შუქიც კი გახდილი აქვს.

და როცა ორი ჩრდილი

უახლოვდება ერთმანეთს,

უახლოვდება და ერთიანდება

და ერწყმის ერთმანეთს

და ორი ჩრდილი უკვე ერთი ჩრდილია,

ამოსაკითხი და ამოსაცნობი

მხოლოდ ის რჩება,

ვიდრე ორნი იყვნენ,

ის ჩრდილები შენი და ჩემი

ხომ არ იყო,

თორემ სხვა ყველაფრის მნიშვნელობა

ისე ფუტუროა,

რომ სულის ერთი შებერვა

და მტვრადაც დაიფანტება,

ოდესმე მთელი სამყაროსი არ იყოს.

17.

ელეგია

შენ რომ დრო იყო,

ორის ნახევარი იქნებოდი,

ხან ღამის, ხან დღის.

მე რომ დრო ვყოფილიყავი,

ორის ნახევარი ვიქნებოდი,

ხან ღამის, ხან დღის.

ოღონდ ჩვენ ერთად რომ ვყოფილიყავით,

ჩვენ ვიქნებოდით ზუსტად ორი საათი,

ხან ღამის, ხან დღის.

თუმცა რამ გაყო დღე და ღამე, არა?

მათ შორის ხომ ერთი გადაბრუნებაა

და ჩემს სიზმარში იზმორება

კი, მთელი სამყარო

და ისე იზრდება,

ეგრეთ წოდებული

ბნელი ენერგიის ძალით

ისე უსასრულოდ ფართოვდება,

რომ მას გზაში სახსრები უტკაცუნებს

და ყოველ გატკაცუნებაზე

სადმე, კოსმოსის სიღრმეში

ინთება ახალი ვარსკვლავი,

რომელსაც არავინ ჰყავს,

შორიახლოს მობინადრე

მას არავინ ჰყავს,

ვინც დაარქმევდა მას მზეს,

და მხოლოდ,

მგონი, მართლა მხოლოდ ჩვენს ვარსკვლავს გაუმართლა,

რომ ვყავართ ჩვენ,

ჩვენ, რომლებმაც დავარქვით მას მზე.

და მე პატიოსნად –

ერთხელ მაინც ხომ უნდა გავაკეთო რამე,

ერთხელ მაინც ხომ უნდა შემემთხვეს რამე

მართლა პატიოსნად –

და მე პატიოსნად მოვკვდები ორზე,

ღამის ან დღის,

თუმცა მიჯობდა,

რომ მეცხოვრა ზუსტად ორზე,

ანუ მაშინ,

როცა მე და შენ

ერთად ვიქნებოდით ორი,

ზუსტად ორი საათი.

არა უბრალოდ სიცოცხლის,

არამედ ცხოვრების დროა

ზუსტად ორი საათი.

შიშის ძარღვებში სისხლად

მიმოიქცევა მეხსიერება

და მე გადავიჭერი,

ბასრი სიტყვებით გადავისერე

შიშის ძარღვები

და მათგან გადმოდენილი

და გადმოღვრილი

და ბოლოს წვეთებად დაწრეტილი

მეხსიერებით მოვრწყე

გულის პეშვით მოტანილი მიწა,

საიდანაც

შენი მომავალი ნელ-ნელა,

აუჩქარებლად გაიზრდება

და შენ გახდები ზუსტად ორი საათი,

ოღონდ უჩემოდ

და ვინმე სხვას ან სხვებს შეიკედლებ,

რომ ერთად მიაღწიოთ

ზუსტად ორ საათს,

დღის ან ღამის

ზუსტად ორს.

მე კი ზუსტად ორ საათზე

წავალ,

რომ რომელიმე ერთ მაინც

ობოლ ანუ უსახელო ვარსკვლავს

დავარქვა „მზე“.

18.

დამათვლევინე

ჩვენ აქ რომ ხორკლიან ქვებად

ვყრივართ,

დავგორავთ,

დრო წვიმს და მოდის ეპიზოდებად

და ამ დაკუწულ დროში,

ზოგჯერ რომ კოკისპირულად,

ხან კი მზე რომ პირს იბანს

ისე, წვიმს

და ჩვენ, მასში დასველებულებს

და გალუმპულებს,

გრძნობის ზედ სალეს ქვებად

გვარჩევს და გვაგროვებს

ის, რომლის სახელით ხსენებას

ევფემიზმებით გაურბის

ხალხი,

მოლაყბე

ანუ მინდობილი თავის

პრიმიტიულ ასოციაციებს,

ხალხი, რომელმაც არ იცის,

რომ კაცი ყოველთვის ის არის,

რაც თავში მოსდის მას

ამა თუ იმ მომენტში

და მომენტები ხორკლებად გვასხია

გონების შუბლზე

და თუ არ გამოდგა ისინი მტკიცე,

შემოეფშვნება, შემოადნება

მლესავის ხელს და

ქვასაც მოისვრის იგი

გუბედ დამდგარ ეპიზოდებში.

ამიტომ გვმართებს სიმტკიცე,

თორემ თუ ჩვენზე ვერ აილესა გრძნობა,

რაღაა ჩვენი ცხოვრება,

ფუჭად დარჩენა

აღარ აგვცდება,

ეგ კი ათასჯერ უარესია,

ვიდრე ჰგონიათ, რომ არის

გრძნობის ჩვენს ტყავზე

მლესავი,

რომლის სახელი უფრო მკაფიოდ

მაინც აშკარად ისმის,

როცა ჰგონიათ,

რომ მას პირდაპირ არ ასახელებენ

და არ იციან,

რომ ტყუილისკენ მიმავალი

გზა ევფემიზმებით მოკირწყლულია

და კიდევ კარგი,

რომ მოკვდავი ხარ,

თორემ უმაგისოდ

არც არაფერი არ იქნებოდა შენში უდავო

და უსათუო,

რადგან ყოფნა ნიშნავს თითქმის ყოფნას.

შენ კი, ჩემო კარგო,

გული ნურაფერზე დაგწყდება,

რადგან სამყაროს დავიწყება არ სჩვევია

და ვერც მიაჩვევ მას.

ყველა ბლაგვი გრძნობა

გუბეებად დამდგარ დროის ეპიზოდებში

ლღვება ტალახად

და ეგრე რჩება,

აი, ბასრად ალესილი კი ინახება

თითქმის იქ და თითქმის მაშინ,

სადაც და როცა

გაქრება სივრცე

და დროც

გაცამტვერდება ხოლმე.

ოღონდ რამე საიქიო

ცხოვრების იმედი კი ნუ მოგეცემა,

მაგას ცბიერი ანაფორები ნუ შემოგასაღებენ.

შენი ყოველი გრძნობა უშენოდ შეინახება

და არა მარტო შენი,

სულაც ყველასი,

გრძნობის სალეს ქვად ვინც გამოდგება.

თუმცა აქა-იქ იმ სხვების გრძნობებში

მეტ-ნაკლებად მკრთალ ან მკაფიო

ანაბეჭდებად შენც იქნები

უსათუოდ გაფანტული

და შენი ყველა გრძნობაც

ვინმე სხვებს შემოინახავს

სამყაროს დასასრულამდე

და თუ მომდევნო სამყაროც

წარმოიშობა,

იქ მოვა დროის წვიმად,

იმ დროის, რომელიც იქაც

ეპიზოდებად მოწვიმს.

დამათვლევინე,

შენი ტანი და

მთელი შიშველი სხეული

დამათვლევინე,

რომ გავატანო ჩემს გრძნობას

ამ ახლანდელი და იმ მომდევნო

სამყაროების,

ვინ იცის, დაბალ და

უტყუარ ზღურბლამდე მართლაც.

19.

არჩევანს იძლევა წარსული

შენც გარეწრობას გისურვებ

და უშაქრო და ნალექიან ყავაზე

კი დაგპატიჟებდი,

რატომაც არა,

ოღონდ მე უფრო გეპატიჟები

გარეწრობაში,

რომ შენც შეუდგე

ცხოვრებას გარეწრად.

მე კიდევ კარგი,

რომ გარეწარი ვარ,

თორემ ხომ ვიქნებოდი

მეც სანიმუშო

ანუ სტანდარტული

ანუ ტიპური

და ჩვეულებრივი ქართველი.

ქართველი ორნაირია,

ღრმად ზედაპირული

ან

ზედაპირულად ღრმა.

საგონებელში ჩავარდა ტანი,

რადგან მას გული აუჩქარდა

და რადგან გული აუჩქარდა,

უნდა გაარკვიოს მან,

ეგ რისი ბრალია,

შიშის თუ სიყვარულის.

ო, სამწუხაროდ, გული ერთია

და გულზე გამავალი გზა კი არა,

არამედ თვითონ

გულია ერთი

და ერთადერთი გზაა, რომელზეც

ვინ და რა აღარ დაეხეტება

და გული არის ოქსიმორონი,

რადგან გული ერთადერთი გზაა,

რომლითაც ნებისმიერი ვინმე

აღწევს იქამდე,

სადაც

ყველა ჩვენგანი

შეყუჟულია,

შეყუჟულია,

თუნდაც რომ თვითონ ეჩვენებოდეს,

ან არწმუნებდეს სხვებსაც,

რომ სამყაროში ბობოქრობს.

შეპყრობილია გონება წარსულით,

ხან ძველით, ხან ახალთახლით,

რომ გაარკვიოს –

და ეს მისი მთავარი საქმეა

და უძველესიც –

რომ გაარკვიოს,

როგორი იქნება მომავალი,

შორეულიც კი, განსაკუთრებით

კი აი, ეს კარზე მომდგარი,

რომ გაარკვიოს

და ის წინასწარ განმარტოს

შესაძლო ვარიანტებად

და იქვე დაგეგმოს,

რა ქნას და რა მოიმოქმედოს,

თუ მომავალი, მით უმეტეს

კარზე მომდგარი,

გამოირკვევა,

რომ არის ასეთი,

ან ისეთი, ან სულ სხვაგვარი.

და მან უნდა ეს გაარკვიოს

იმის მიხედვით,

რაც უკვე იყო

ძველთაძველ, ძველ ან

სულ ახალთახალ წარსულში.

არჩევანს წარსული იძლევა

და არა მომავალი

და რომ გაიხდი ზედმეტს,

შენი თეთრი მუხლები

ხდება ორი მთვარე,

რომელიც ნელა გაურბის ერთმანეთს

და მე მათ შორის

თან ვიმარხები

და თან ვსულდგმულობ,

კი, მაგ ორ მთვარეს შორის,

და შენ რომ გაიხდი

და მე გავხდები შენი წარსული,

სამაგიეროდ, შეიძენ

ახალ არჩევანს,

რადგან არჩევანს იძლევა წარსული

და არა მომავალი,

როგორც ჰგონია

ამ დედამიწის ვინმე ბინადარს,

რომელიც

ზედაპირულად ღრმაა,

ან ღრმად ზედაპირულია.

კი, არ მოგესმა

და არც მე შემშლია,

კი, აქა-იქ

რამდენიმე გარეწრის გარდა,

დედამიწის ყველა ბინადარი

მართლა ქართველია.

20.

ყველა ნაცნობში თითო მაინც ვინმე ისეთი უნდა ცხოვრობდეს,

ვისაც ვერ იცნობ ხოლმე.

ეს არსება კი, კაცობრიობის წევრი, ნაწილი,

სახელად კაცი – დედაკაცი და მამაკაცი –

სულ იმის ცდაშია,

სულ იმას ლამობს,

ხელით ან სიტყვით,

რომელიც გონების ხელია

და ხელზე უფრო მარჯვე ხელია,

სულ იმის ცდაშია,

რომ რაზეც ხელი მიუწვდება,

ტანის ხელი ან გონების ხელი,

ის ყველაფერი ისე შექმნას და გადააკეთოს,

ან გამოთალოს, მოქსოვოს

და გამოძერწოს,

რომ დაიმსგავსოს,

თავისნაირი გახადოს

და თავის თარგზე გამოჭრას

რამენაირად, დაახლოებით

მაინც, მაინცდამაინც.

და რადგან თვითონ ყბადაღებულად

ბიპედალური ანუ ორფეხა ვინმეა,

ამიტომ ისე გამოსდის,

რომ ეჩვენება,

რომ სამყაროც შეაყენა ორ ფეხზე

და სწორედ ამიტომ მიაწერს მას

თავის მოგონილ ორ სიტყვას

და კი, ეგ ორი სიტყვა არის „აქ“ და „ახლა“.

ოღონდ სამყაროს ფეხებზე ჰკიდია კაცობრიობა

და ყველა კაციც, იქნება იგი

დედაკაცი თუ მამაკაცი.

ოღონდ ჯიუტია კაცობრიობა

და მაინც არ ეშვება

იმას, რაც სამყარომ დაუწუნა,

და აი, უხსოვარი დროიდან მოყოლებული

თავის გონებას დაუგო ორ ფეხად

კაცმა ეგ ორი რამე,

ეგ ორი სიტყვა –

„აქ“ და „ახლა“,

თუმცა ორივე ისე ცრუ და ცარიელია,

რომ არ გვჭირდება

ერთად სამყოფად

და არც იმისთვის,

რომ ცალ-ცალკე ვიყოთ

და რაც არ უნდა შორს წავიდეთ ერთმანეთისგან,

მაინც არც ისე შორს ვართ ერთმანეთისგან,

რადგან მე და შენ ორი იდაყვი ვართ

ამ სამყაროსი, რომელსაც

დოინჯი შემოუყრია.

და იმ უხსოვარი დროიდან მოყოლებული

კაცობრიობის გონება ვერ ხვდება, რადგან

დაბინდულია თავისი სიხარბით,

იმას ვერ ხვდება,

რომ ორ ილუზიას ეყრდნობა

და რომ არცერთი ჩვენგანი

არსად და არასოდეს

არ არის არც აქ და არც ახლა.

ორად გაყოფილ ერთ ცალ შეხვედრას

ჰქვია „მე“ და „შენ“

და ყოველი ჩვენი შეხვედრა

გვავალებს ერთ რამეს

და ჩვენგან ითხოვს,

რომ ერთმანეთისთვის

ცოტათი მაინც ძნელად საცნობი ვიყოთ.

მე ბარძაყებით და წარბებით გცნობ

და მათ შორის კი შენ

მოედინები შიშველ მდინარედ,

რომელშიც შენი ქუსლები და კეფა

ორ გლუვ და ერთ თმიან ქვად

ისეა ჩაყრილი,

რომ ზედ გადავირბინოთ ხოლმე

მე და იმან,

რომელიც ჩემში ბინადრობს

და ჯვარედინად შეგხვდეთ

შენ და იმას,

რომელიც შენში ბინადრობს.

და ეს ორი სიტყვა – „აქ“ და „ახლა“ –

ჩვენთვის ზედმეტია,

რაკი ეგ წყვილი ქმნის უცვლელობის

მაცდურ ილუზიას,

თუმცა შენი სხეული

შიშველი მდინარეა, რომელშიც,

მოგეხსენება,

ერთი და იგივე ვინმე ორჯერ ვერ შევა,

რადგან მდინარეც სულ იცვლება

და სულ იცვლება ისიც,

ვინც მასში შედის

და მეც ყოველ ჯერზე

ცოტა სხვა ვინმედ მოვადგები

ხოლმე შენს რომელიმე ნაპირს, რომელიც

არც საქართველოს რუკაზეა

და არც მსოფლიო რუკაზე მოიძებნება.

თუმცა ან ამ საქართველოს რა უნდა

მსოფლიო რუკაზე,

ისიც იკმაროს საქართველომ,

რომ როცა ჩვენი ოთხივე ხელით

ისე გავრეცხავთ მას და გამოვხარშავთ,

როგორც ადრე იცოდნენ

ბებიებმა,

და მერე გავაშრობთ თორმეტივე

თვის თორმეტივე მზეში,

ისე გავუშლით მას

ზეწრად ჩვენს შეხვედრას,

რომელიც ორად იყოფა

და იმ ორიდან ერთი შენ ხარ

და მე ვარ მეორე

და შენი ნერწყვი და კერტები

წყურვილს მომიკლავს

და ეგ იქნება

ერთადერთი მკვლელობა

მთელ სამყაროში, რომელსაც

მე და შენ თავიდან გამოვძერწავთ,

გამოვთლით, მოვქსოვთ

ანუ შევთხზავთ

და ჩვენს თარგზეც გამოვჭრით

და ისიც იქნება ყოველდღე

 და ყოველღამე ისეთი,

რომ მოგვიწევს

მისი გაცნობა თავიდან ხოლმე.

© არილი

Facebook Comments Box