გივი ალხაზიშვილი
სიღრმე და გულისცემა
ასი უძველესი იაპონური ლექსი, თარგმანი იაპონურიდან ირმა რატიანისა. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, რეცენზენტები ჯემალ აჯიაშვილი, იასუჰირო კოჯიმა, დავით წერედიანი. თბ. “სიესტა”, 2008.
კანონიზებული სალექსო ფორმები, როგორიცაა შუასაუკუნეების იტალიასა და საფრანგეთში სონეტი, ბალადა, სპარსეთში ღაზელი და რობაი, იაპონიაში ტანკა და ჰაიკუ, დღესაც იზიდავს დახვეწილი გემოვნების მკითხველს. პოეტი შეგნებულად ირჩევს ასეთ მკაცრ ფორმებს გამოხატვის საშუალებად. სირთულეს განაპირობებს ფორმის შენარჩუნების აუცილებლობა, განსაზღვრული თემატიკაც კი, საუკუნეების განმავლობაში რომ დამკვიდრდა, თუმცა სალექსო ფორმის უცვლელობა ხელს არ უშლიდა ინდივიდუალური ნიჭით გამორჩეულ ავტორებს შეეცვალათ და გაემდიდრებინათ შინაარსობრივი, ნიუანსური, მეტაფორული, ინტონაციური /ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი/ შრეები და ახალი სინამდვილის შექმნით კიდეც გაგრძელებინათ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. გასაოცარია იაპონური ტანკა, ეს უცვლელი ცვალებადობა, როცა ფორმა ხელუხლებელია, იგივეა, მაგრამ მთლიანად იცვლება ტექსტი, ჩნდება სრულიად განსხვავებული სულიერი რხევები, ახალი განწყობილება, მგრძნობელობა, ინტონაცია, სათქმელი.
ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ხელახლა მივუბრუნდი იაპონური პოეზიის კითხვას, უცნაურმა შეგრძნებამ შემიპყრო, მომეჩვენა რომ აღვივსე იმ განცდებით, პეიზაჟებითა და სულის უფაქიზესი რხევებით, მოლოდინით და განშორებებით, ადამიანური ნაღველით, გასაოცარი უბრალოებით, ჩვენში რომ ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ თუ უკვე არ გადაგვავიწყდა. დღევანდელმა რეალობამ, თითქმის არ დატოვა სივრცე მსგავსი სიღრმეების შეცნობისა და წვდომისათვის, სულიერი წონასწორობისთვის, რაც თავისთავად მეტად მნიშვნელოვანია ჭვრეტისა და შემეცნებისას.
ზედაპირზე დევს სრულიად ლოგიკური შეკითხვა: რატომ ეზედმეტება თანამედროეობას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლიბერალურ ეკონომიკას, გლობალისტურ თარგზე მოჭრილ ყოველდღიურობას და მის პრაგმატულ პერსონაჟებს – პოეზია?
მკაცრი სალექსო ფორმები, მათ შორის ტანკა, თავის უმთავრესი არსით, ჭვრეტითა და მედიტაციით, ლაკონურობით მიბმულია ადამიანის სულზე და სულის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს უხილავი ტრანსცენდენტის მონაწილეობას და ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ წერდნენ მსგავსი ხასიათის ლექსებს უაღრესად განსწავლული ადამიანები – მეფეები, მინისტრები, სხვა წარჩინებული პირები, ჟამსა მოცალეობისასა.
ასე, რომ ძალიან კარგად მესმის, რატომ არ არის და არ უნდა იყოს ზოგადად პოეზია, და მეტადრე კანონიკურ სალექო ფორმებში არსებული პოეზია, – საყოველთაო მოხმარების “პროდუქტი.”
შეუძლებელია ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხსაც არ შევეხო. ფორმალისტური ძიებებით აღსავსე ლიტერატურულმა პროცესმა ლამის ჩამოწერა კანონიკური სალექსო ფორმები, სადაც გარეგნული სიახლის ნაცვლად მახვილი დასმულია არსობრივ სიახლეზე, რისი მოპოვება და მიგნებაც უფრო ძნელია და რაც ტალანტის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს – წარმატებას ან მარცხს – თვალნათლივ წარმოაჩენს.
“შეზღუდულ ვითარებაში გამოავლენს თავს ოსტატი”, გოეთეს ეს სენტენცია, რომელიც ლევან ბრეგაძეს თარგმანიდან ამოვიწერე დიდი ხნის წინათ, ხშირად მახსენდება ლიტერატურული პროცესის თვალის მიდევნებისას, როცა ძალიან იშვიათად წააწყდება მკითხველი ავტორს, შეზღუდულ ვითრებაში რომ ავლენდეს საკუთარ შესაძლებლობებს. შეზღუდული ვითარება უპირველესად პოეზიას გულისხმობს – პროსოდიისა და კონვენციის თავისებურებისა და განსაკუთრებულობის გამო. უფრო მეტად არის შეზღუდული ავტორი კანონიკური ფორმის მინიმალისტური ლექსების წერისას და შესაბამისად მეტი ძალისხმევა სჭირდება გამოავლინოს თავის შესაძლებლობა. განსაკუთრებულად შეზღუდულია ავტორი ტანკას წერისას. იაპონიაში ასებობს ტანკას წერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. უცვლელი იყო ტანკას ფორმა, მაგრამ დროის შესაბამისად იცვლებოდა თემატიკა და ავტორის შემოქმედებითი ინდივიდუალობა, რაც განასხვავებდა კიდეც ტანკას ავტორებს ერთმანეთისგან და სადაც კონკრეტულ კომენტარს განსაკუთრებული მნიშველობა აქვს კონტექსტის გასაგებად, გასაკუთრებით კი ჩვენთვის, როცა თარგმნილ ტანკას ვეცნობით.
ახლა კი ჩვენში, ისე როგორც სხვაგან, ზედაპირული სიახლეა პატივში და ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, დაბეჯითებით რომ ამტკიცებენ: პოეზიის შექმნას არ სჭირდება არავითარი სულის განსაკუთრებული მდგომარეობა და რომ მთავარია სიახლის და არა პოეზიის დონე. კულტუროლოგიული თამაშების მამებმა /ერთ ნაწილს ვგულისხმობ/ საკუთარი ჩიხის კარი ფართოდ გაუღეს თანამოაზრეებს მთელ მსოფლიოში, ჩვენშიც, საიდანაც უკან დაბრუნება უმრავლესობას უჭირს, ან საპატიო მიზეზების გამო არ შეუძლია.
ტრადიციის უწყვეტობა ინახავს საკრალურ ცოდნას, სულიერ ატმოსფეროს – თაობიდან თაობას რომ გადაეცემა და სადაც საგრძნობია ათასწლეულის გულისცემაც და დღევანდელი დღის სიღრმეც.
მივუგდოთ ყური რას გვეუბნება ბერი კისენი:
დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ ეულად,
სამხრეთის ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,
“უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“