პროზა (თარგმანი)

აღასი აივაზიანი – ორთაჭალის ბაღები

თარგმნა მედეა იმერლიშვილმა

აღასი აივაზიანი – სომეხი მწერალი, ქვის მთლელი, სცენარისტი და რეჟისორი, საქართველოში – აბასთუმანში დაიბადა 1925 წელს. ერზერუმიდან 1915 წელს  გადმოხვეწილმა მისმა მშობლებმა თავი საქართველოს შეაფარეს. 1942 წელს აღასი აივაზიანს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაუბარებია, 1945-49 წლებში სწავლა ერევნის სამხატვრო ინსტიტუტში გაუგრძელებია. 1948-1953 წლებში სწავლობდა ერევნის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში.

მოთხრობების გამოქვეყნება აღასი აივაზიანს დაუწყია 1954 წელს, თბილისის სომხურენოვან პრესაში, მოგვიანებით დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები ერევანშიც. 1965 წელს მწერალი საცხოვრებლად ერევანში გადადის და მუშაობას იწყებს ლიტერატურული გაზეთის რედაქციაში. 1969 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული. გარდაიცვალა 2007 წელს.

აღასი აივაზიანის მოთხრობების დიდი ნაწილი ძველ თბილისზეა. ერთი მხრივ, მისი პერსონაჟების ხმა და დიალოგები, და მეორე მხრივ, ის მხატვრული ხერხები თუ სიმბოლოები, რომელთაც აღასი აივაზიანი ძველი თბილისისა და თბილისელების აღსაწერად იყენებს, მის მოთხრობებს თბილისზე – ძველი თუ თანამედროვე მწერლების მიერ დაწერილი ყველა სხვა ნაწარმოებისაგან გამოარჩევს.

მთარგმნელი

ჩაიქროლა-ჩაიარა თბილისურმა კვირამ… უბრალოდ კვირამ კი არა, გზამ, ადამიდან ვიდრე ევამდე, მთვრალმა, ზეიმის მოლოდინით, გზამ – გადავსებულმა, ტკბილი საღერღელით, კაენიდან ვიდრე ორთაჭალის ბაღების ლულუმდე, ჟორჟეტამდე, ლეილამდე…

იწყებოდა პირველი დღით… ორშაბათი ზანტად ასწორებდა ადამიანური რუკის ნახაზებს: მდინარეებს პირვანდელი კალაპოტებისკენ მიმართავდა და მათ დინებას აწესრიგებდა, ამშვიდებდა ჭაობების ზედაპირს. წესისამებრ, წვიმას მიწისკენ, ორთქლს – ცისკენ მიერეკებოდა.

სამშაბათი თავს უყრიდა ნანახს და გაგონილს, ნაჭამს და დალეულს, ოთხშაბათი – გემოს და სუნს, მრისხანებას და დუმილს, ხმას და ღიმილს.

ხუთშაბათი მსხალსა და ლეღვს აწვნიანებდა და საზამთროსა და ნესვებს მზით ავსებდა…

პარასკევი ყველაფერ ამას უთავბოლო ართურმად გადააქცევდა, ველურ და წამხდარ ჭურჭელს ისევ ავხორცობით ამოავსებდა… მტკვარს კალაპოტში ვეღარ დაეტია, წვიმა მიწიდან ცისკენ ასხამდა, ღრუბლები კი მიწას ეხუტებოდნენ.

შაბათს თბილისის ცა ორთაჭალის ბაღებამდე ჩამოჰყავდა, უნდა გევლო ღრუბლებში. სახლი მტრად გეჩვენებოდა, მამადავითი – სულის მხუთავ ორმოდ… შაბათი კანონმორჩილ და პატიოსან თბილისელს შავი დენთით გამოტენიდა, იარაღს დაუტენიდა და ლულას ორთაჭალისკენ მიამართინებდა, სადაც სამყაროს ერთადერთი მიზანი ცოდვა იყო, სადაც სირცხვილი ტკბილ ქაფად მოედინებოდა, ერთ წამად ქცეული მარადისობა კი თავაშვებული ფრანგი მოცეკვავეების ფერხთით ილხენდა…

ორთაჭალის კვირაც იმისთვის იყო, მომდევნო კვირიდან ყველაფერი ისევ თავის რიგზე წასულიყო: სირცხვილი სირცხვილად ქცეულიყო, განდევნილი ღმერთი კი თავის იავარქმნილ სამკვიდრებელში დაბრუნებულიყო…

მაგრამ ის კვირა კვირად არ ქცეულა. მხიარული სახლის, „სულიერი კლუბის“, კართან ქერუბიმივით იდგა განმკარგულებელი გიგოლი და დამნაშავე, მოჟამული სახით ემზადებოდა სტუმრების დასახვედრად.

– ელენე აღარ არი… – მიეგება ყველაზე ადრე მოსულ ტყავის ფაბრიკის დირექტორს, ჩერკეშტიანს.

– მერე რა, – ვერ მიუხვდა ჩერკეშტიანი. – სხვები ხო არიან?

– დიახ, არიან, – ამოიოხრა გიგოლმა, – მაგრამ…

– რა „მაგრამ“, – შეკრთა ჩერკეშტიანი. – გაგონილი ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა. თუ დამატებაა საჭირო, პირდაპირ მითხარ!

– როგორ გეკადრებათ… ბატონო ალექსანდრე… – ენის ბორძიკით ჩაილაპარაკა გიგოლმა, და ერთდროულად, შეცბუნებით და ქედმაღლურად, დაუმატა: – გოგოებმა გლოვა გამოაცხადეს…

– გლოვა?! – ფაბრიკანტი ყურებს არ უჯერებდა და თავშეუკავებლად ხარხარებდა, ვიდრე ყელში მობჯენილი ჟინი სიცილს ხმას არ ჩააკმენდინებდა. – ეს რა გაუგონარი ამბავია – გლოვა ორთაჭალის ბაღებში!.. ეგენი ავად ხო არ არიან?

„სულიერ კლუბთან“ ამასობაში ახალი ფაეტონი გამოჩნდა და ჩერკეშტიანი ხეს ამოეფარა, იქიდან რომ ედევნებინა თვალი მოვლენების განვითარებისათვის. ფაეტონიდან ხალიჩა-ფარდაგებით მოვაჭრე რამაზანოვი გადმობრძანდა. ჩერკეშტიანმაც, სიამოვნების მოლოდინში ყურები დაცქვიტა.

– რაო?! – გიგოლას ნათქვამმა გააცოფა რამაზანოვი. – ეგენი რა, ავად არიან?..

ჩერკეშტიანის სიტყვებმა, მოულოდნელად რომ აღმოხდა რამაზანოვს, მეტყავე და ხალიჩებით მოვაჭრე მყისიერად დააახლოვა.

სტუმრები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ. და როგორც კი ჩამოქვეითდებოდნენ, ეგრევე განდგომილებას ეძლეოდნენ. მერე აქეთ-იქით მიმოიხედავდნენ და ბაღებში უჩინარდებოდნენ. ორ საათში ორთაჭალის ბაღების სხვადასხვა კუთხეში დაიარებოდნენ მოსამართლე ენუქ ენუქოვი, ლუდის ქარხნის საქმეთა მმართველი ბუხბინდერი, ფანერის ქარხნის მეპატრონე ადამოვი, აფთიაქარი ამინთაევი, ანდრეოლეტის, ძეგლებისა და მარმარილოს საწარმოს მოქანდაკე ზანდუკელი, წიგნის დუქნის მუწუკებიანი გამყიდველი მარგაროვი, სათამაშოების ქარხნის დირექტორი ტიგერი, და ბუღალტერი ლაღიძის ხილისა და მინერალური წყლების ქარხნიდან, მუფკე…

ყურებაწითლებულები, დროდადრო ჩუმ-ჩუმად გადახედავდნენ ხან ერთმანეთს, ხანაც მოღუშულ გიგოლს და უკან გაბრუნების გარდა სხვა გზა ვეღარ დაენახათ. გონების თვალს სტყორცნიდნენ საკუთარ, მთელი კვირის დაძაბულობით მოკრუნჩხულ, მთელი სამყაროს სიტკბოებითა და სიმწრით, თრთოლვითა და ნეტარებით გადავსებულ შიგნეულს და სხვა გამოსავალი კი მაინც ვერ მოეძებნათ. მაგრამ განა კი ეთქმოდა გამოსავალი დაბრუნებას, გამოწვეულს თავს ზემოთ ძალის უქონლობით. კვირა თბილისში – სახუმარო არ არის, მან უკვე ჩაიდინა თავისი მზაკვრული საქმე, როცა ამათ სამოთხის ნაყოფი და სიამოვნების სანეტარო იდუმალება აღუთქვა. ამიტომაც იყო, რომ მზად იყვნენ, რაც კი რამ ებადათ, უმალ მტკვრისთვის გაეტანებინათ, ოღონდ კი ახლა უკან არ ყოფილიყვნენ გასაბრუნებლები. და როდესაც ბაღები შემაწუხებელმა სიჩუმემ აახმაურა, როდესაც თითოეული მათგანი თავის სამალავში დარწმუნდა, რომ სხვა აღარავინ გამოჩნდებოდა, ახალგაზრდა ხოჯაეინათოვმა სასოწარკვეთილი გაბედულებით კვლავ გიგოლს მიაშურა.

– აჰა, გამომართვი… დაე, დამარხონ, – კუშტად ჩაიბურტყუნა და გიგოლს რამდენიმე კუპიურა გაუწოდა.

ქაღალდის დანახვამ გიგოლი წამიერად გამოაცოცხლა, მაგრამ გამოსართმევად გაწვდილი ხელი უკან ისე წამოიღო, ფულს არც შეხებია.

– რა იყო? – გაიკვირვა ხოჯაეინათოვმა. – კიდევ მოხდა რამე?

– ენა ვერ მომიბრუნებია… ამოილუღლუღა გიგოლმა. – ეს საძაგლები ამბობენ, მთელ თბილისში მაგათ გარდა სხვა არავინ გვყავსო… თქვენ ამათი ყველაზე ახლობელი ადამიანები ხართ… და იმედი აქვთ, რომ დაასაფლავებთ კიდეც ელენეს…

ხოჯაეინათოვმა, ვითომ უნდა გაეცინა, მაგრამ ამის ნაცვლად იქაურობას მოავლო თვალი, თითქოს ბუჩქებში მიმომალული, უბედურებაში თავისი თანამოძმეების აღმოსაჩენად.

გონებაში უტრიალებდა ერთი უბრალო და ლოგიკური აზრი, რომელსაც ხოჯაეინათოვი ყველანაირად ცდილობდა გამკლავდებოდა, მაგრამ ეს აზრი იყო მსუბუქი, მოქნილი, სწრაფი და ბოლოს და ბოლოს მის ტუჩებზე მკრთალ ღიმილად გამოისახა: „რა თქმა უნდა, აბა ვინ, თუ არა ყველაზე ახლობლები?.. ამაზე ახლობელი ვინღა უნდა იყოს, ორი წელია, ოლენკასკენ, ჩემი ცოლისკენ, ზურგით მძინავს“.

და ხოჯაეინათოვი ტიგერისკენ გაემართა.

– ბატონო ტიგერ… რას იტყვით? ევროპელი კაცი ბრძანდებით, უკეთ მოგეხსენებათ ასეთი ამბები…

ტიგერმა სიცილით შეათამაშა მხრები.

თავიანთი სამალავებიდან იმათ თვალს ადევნებდნენ პუგინოვი, ბუხბინდერი, ლაღიძის წყლების ბუღალტერი, ანდრეოლეტის საწარმოს მოქანდაკე. თავიდან ისეთი ეჭირათ, თითქოს ერთმანეთს ვერ ამჩნევდნენ, ვითომ „არც მე ვარ ამ სულელურ მდგომარეობაში და არც შენო“, – მაგრამ ახლა უკვე გასაცოდავებულებს და გულდამძიმებულებს გადაეწყვიტათ ერთმანეთის დანახვა და დაიწყეს შექუჩება.

– ხომ არ წაგვეყვანა აქედან განსვენებული? – შესთავაზა პუგინოვმა. – თუნდაც არამიანცის საავადმყოფოში, ვითომ ავადმყოფი მიგვეყვანოს სამკურნალოდ…

– მართლაც, – ჩაიბურტყუნა ლაღიძის წყლების ბუღალტერმა. – კვირადღის გაფუჭება იქნება! გაუგონია ვინმეს გლოვა ორთაჭალის ბაღებში…

– ეგრეა – უმწეოდ აასავსავა ხელები გიგოლმა, – მაგრამ მე რა შემიძლია?

– ხვდები მაინც, როგორ იზარალებს დაწესებულება? – „სულიერი კლუბის“ საქმიან მხარეზე სიტყვა გადაუკრა საქმეთა მმართველმა ბუხბინდერმა.

– ვიცი, განა არ ვიცი! – აღაპყრო ხელები გიგოლმა, – მაგრამ იმათ შეასმენ რამეს?

ჩერკეშტიანი, რამაზანოვი და ენუქ ენუქოვი ცოტა ხნით გვერდზე გადგნენ, რაღაც მოითათბირეს და მერე ისევ მიუახლოვდნენ გიგოლს.

– მიდი, უთხარი, რომ ჩვენ სამნი გადავიხდით…

გიგოლმა უმწეოდ ამოხედათ, – გგონიათ, არ მითქვამს? ერთმა პატივცემულმა კლიენტმა, სახელს არ ვიტყვი, მოინდომა ერთი კვირის გასამრჯელო გადაეხადა თითოეული მათგანისთვის, ელენესთვისაც კი…

– მერე?

– უარი თქვეს…

ჩერკეშტიანი უცებ გაცხარდა:

– წავედით, ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება!.. უყურებ? ეგღა გვაკლდა, ვიღაც ბოზებმა სცადონ, ასე გვამცირონ!.. – თავისთვის კი გაიფიქრა: „რაღა სცადონ, დაგვამცირეს და ეგაა, მეტი რაღა!..“

ბუხბინდერის სიარულის მანერა იყო ისეთივე სხარტი, როგორც მისი გონება, და უცბად მოტრიალდა და წამში გიგოლთან გაჩნდა.

– იქნებ რამე სხვა სურთ, ჰა?

– არა, არა… ამბობენ, ვიგლოვთ, ჩვენც ადამიანები ვართო…

წიგნის დუქნის მუწუკებიანმა გამყიდველმა, ლაპარაკის ყურმოკვრის იმედით, შორიახლოს რომ უტრიალებდა მოსაუბრეებს, გაიფიქრა: „ალბათ იმქვეყნადაც დაგვჭირდებიან“.

– ხედავ, – ჩაიფხუკუნა ჩერკეშტიანმა, – ჩვენნაირივე სიკვდილით მოკვდა!..

აფთიაქარი ამინთაევი თავს ძალას ატანდა, საკუთარი საბრალო ქალიშვილების მიმართ თავის მამობრივ გრძნობებს უხმობდა, რომ როგორმე მასში სინდისს გაეღვიძა, ჟინი ნაცარტუტად ექცია, – მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

მეფანერე ადამოვი ხის ქვეშ წრიალებდა, მზად იყო მიწა გასკდომოდა, მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა: აანალიზებდა გარდასულ ნეტარ სიამეთა დეტალებს და რცხვენოდა, საკუთარ თავზე გული ერეოდა, მაგრამ ბაღებიდან ფეხი მაინც ვერ გაედგა, თითქოს იქვე მიელურსმათ… „ტფუი და კიდევ ტფუი ჩემს კაცობას! აბა რა არი შენი ფასი, თუკი ამ ბინძური ბაღების მონად ქცეულხარ?“ – წუწუნებდა თავის განმარტოებაში.

„კაცი რომ თავს არ ეკუთვნოდეს…“ – ულვაშებში იცინოდა ლაღიძის წყლების გაკვირვებული ბუღალტერი.

ასე იყო თუ ისე, უცებ ახალი სტუმარი გამოჩნდა: მთელ თბილისში განთქმულმა თეთრმა ცხენებმა, ბაღებში მდიდარი უსაქმურის, ელჩიევის კარეტა შეაგრიალეს. იქიდან გადმოხტა ლაქია და თითქოს უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, არც გიგოლისთვის უკითხავს რამე, არც სხვებისთვის შეუხედავს, ეგრევე „სულიერი კლუბისკენ“ გაემართა.

ყველა, მათ შორის გიგოლიც, კარს მიაჩერდა.

გამოვიდა ლაქია. ერთიანად ოფლში ცურავდა.

კარეტიდან ელჩიევის თავი გამოჩნდა.

– აბა, რა ხდება?

– ამბობს, არაო… – სულელურად გაიკვირვა ლაქიამ.

– არ მოდის?

– არა. ამბობს, მეგობრებს ვერ მივატოვებო.

ელჩიევმა გადააფურთხა და იქაურობას თვალი შეავლო.

– ერთი კარგად უნდა გაწმინდო ამათი ბუდე!

ლაქიამ მხრები აიწურა, ვითომ, მიდი და გაწმინდე, ვინ გიშლისო. მერე ისევ შეძვრა კარეტაში და ისიც თვალის დახამხამებაში გაქრა ბაღებიდან.

მაგრამ როცა ბაღებში მიმოფანტული კაცები კიდევ ერთხელ შეიყარნენ „სულიერ კლუბთან“, კარეტა დაბრუნდა. ელჩიევი იჯდა და ელოდა, რა მოხდებოდა.

– უნდა დავმარხოთ… – გაუბედავად შეათვალიერა იქ მყოფები ანდრეოლეტის საწარმოს მოქანდაკემ.

მერე რა, რომ თითქმის დაიჩურჩულა, ყველამ კარგად გაიგონა მისი სიტყვები, იმიტომ რომ უკვე მათშიც გაედგა ფესვი მუხანათურ აზრებს, მომდევნო კვირებს რომ სწვდებოდა…

შუადღისას ორთაჭალის ბაღების თავზე შავი დროშა აფრიალდა.

ორთაჭალის ხშირი სტუმრები აყოვნებდნენ, დროს წელავდნენ, რომ დღის მიწურულს, ღამის საფარველქვეშ აღესრულებინათ თავიანთი რიტუალი…

როგორც არ უნდა ცდილიყო ჩერკეშტიანი ცოტათი მაინც ჩამორჩენოდა კუბოს, არაფერი გამოსდიოდა – მაინც მის გასწვრივ აღმოჩნდებოდა ხოლმე. ასე, ჩამორჩენა-თავის არიდებით, კუბოს მაინც მიყვებოდნენ.

მშვენიერი ელენე კი წინანდელივით ლამაზი იყო, ოდნავ ღია ქუთუთოებიდან, კეთილი და ალერსიანი მწუხარებით გადმოსცქეროდა ჭირისუფლებს – როგორც ადრე, სიცოცხლეში, ასეთივე მწუხარებით შეჰყურებდა თითოეული მათგანის სასიყვარულო თამაშებს.

© არილი

Facebook Comments Box