პოეზია

გიორგი ჩუთლაშვილი – დანაკარგი


1
დროდადრო ვკარგავ ღრუბლებს შორის ტერიტორიებს.
ტერორისტის ყუმბარასავით ხელში უიმედობის
ჯოხი მიჭირავს და ვისზე
გადატყდება თუ არა ჩემზე?!

დროდარდო ციდან მეტეორის მსგავს პურს მესვრიან,
ვიღაცის მკვდრები…
ჩემმა მკვდრებმა კი, ნუთუ დამივიწყეს?
ნუთუ  წაუყრუეს,
ჩემს თამაშის წესებს
და მტვირთავი გამხადეს
თავიანთი განსაცდელების?!..
ნუთუ ის ხმა, რაც მიწის ზედაპირზე დაცემისას
აღმომხდა, ვერ გაიგეს?
და თუ ვერ გაიგეს,
ვერც ჩემს ვითომ – უდარდელობას
ვერ წამოიყვირებენ.
ვერც ჩემს სახეს ვერ ამოჭრიან
მიწის ძირიდან…

2

დროდადრო ვაჯამებ ჩემს დანაკარგს;
სახეებს – სახლებს
ღრუბლებს – საყვარლებს
ჩიტებს – თვალებს
ცდუნებებს – დღეებს…
და მინდა მეგონოს, რომ არ შემშლია
ის ადგილი, სადაც
დიდი დანაკარგით გაქონილ ტანს
ზანტად მივათრევ…
და მინდა მეგონოს, რომ არ შემშლია
სააქაო…
და მინდა მჯეროდეს, რომ საიქიოც
არ შემეშლება…

ძია ჯოი
ნავსადგურთან ახლოს  ცხოვრობდა…
გამდინარე წყალივით იყო აჩქარებული
და აქედან გამომდინარე,
ცაზე გამოტოვებული ღრუბლისკენაც
შეეძლო ხელის წაღება.
ხიდან აფრენილ ჩიტსაც სწვდებოდა.
კაუჩუკის ხის კენწეროსაც..
გოლფის თამაშიც უყვარდა დღეგამოშვებით..
ნავმისადგომთან, როცა ფიქრობდა ძია ჯოი
მწერლის თვალებით..
მჭრელ დანის პირზე არეკლილი ცა, თითქოს ხელზე უთრთოდა…
თითქოს თითები ეღრუბლებოდა…
ძია ჯოიმ, ყველა ჩაძირული გემის ამბავი
ყველა დაღუპული მეზღვაურის ამბავი კარგად იცოდა…

მეგობრები ხშირად შესძახებდნენ ხოლმე ამ სიტყვებით:

,,მწერლის თვალები გაქვს – მეგობარო, მწერლის…

სამართებლის ბასრ პირზე შემოსკუპებულხარ,

თითქოს ქლიავის ხმელ – მოკლე ტოტზე

და ისე, უსმენ  ამ სამყაროს ვითომ  მოხუცი კაცი ხუმრობდეს…“

ნავსადგურთან ახლოს ცხოვრობდა
ძია ჯოი
და მაშინ მოკვდა
როცა ნავსადგურთან ახლოს
ფიქრობდა
ჩაძირულ გემზე
ვიღაცის ცხოვრებაში
ჩაძირულ ადამიანზე.
ალბათ ჩემზეც…
ალბათ სარაზეც…

სარა
1
ენა დამება.
როგორც გაზაფხულს მერცხალი…
მიტოვებულ ქარხანას ქარი…
ქლიავის ხეს – მთვარის შუქი…
ნიუ-იორკის ქუჩას ხმაური…

2
ენა დამება.
ვნება დამება.
ნება დამება.

საუბარი გავაბი უცნობ ქალთან,
როგორც თოკი სარეცხისთვის…
როგორც სადენი ინტერნეტისთვის…

უცნობ ქალს სარა ერქვა…

,,სარა – 27 წლის მოცეკვავე
– შავგვრემანი
სვირინგიანი სული“.

3.
,,სიეტლი“
43-ე ქუჩის გაჩერებაზე შემიყვარდა სარა
და 56-ე ქუჩის გაჩერებამდე გამყვა სიყვარული…
ახლა 63-ე ქუჩის გაჩერებაზე დღიურში ვიწერ
თუ როგორ შემიყვარდა სარა
43-ე ქუჩის გაჩერებაზე და
კინაღამ მანქანამ გამიტანა…

4
ჩვენ, გამართულად დავიწყეთ საუბარი, ამ ცხოვრებაზე
და ორივე უფრო და უფრო  დავრწმუნდით იმაში,  რომ ის გაუმართავი იყო
სარას მეზობელი, ძია ჯოის*,  მანქანასავით…
მერე ცხოვრებას გვერდი შევუცვალეთ…
სიკვდილშიც გამოვტეხეთ ერთმანეთი,
სადღაც დაგვაგვიანდა
და უგრძნობლობის აღმართსაც ავუყევით..

სუნთქვაც შეგვეკრა
ბავშვობისდროინდელი ამბების მოყოლით,
პირველი ონანიზმის გახსენებით…

სუნთქვა შეგვეკრა
როგორც ფოსტალიონის ჩანთას ზონარი.
დილის ანგელოზს მარტოობა.

5
მახსოვს, სარამ, როცა პირველად
სიტყვა გამომიყო, როგორც ენა
მე დავიბენი
და ჩემი ენით მოვუყევი მას,
ჩემი სისუსტის შინაარსი…
ჩემი მოძრაობის შინაარსი…
ჩემი უძრაობის შინაარსი…
მერე მიყრუებულ ადგილას გაგვეღვიძა.
სარას თითებზე დღე გადიოდა,
ჩემს მხრებზე ღამე….
ახლა ამ ყველაფერს ვიხსენებ
და ცრემლი მადგება
თვალზე კი არა,
თითქოს პირზე, თითქოს ენაზე…

,,ახლა იმასაც ვხვდები, რომ
ჩემი ალუბლის ხე, ერთხელაც,
კვირტს კი არა სარას ჩრდილს გამოიღებს…

6
სარა ცეკვავდა ყოველდღე
ღია ცის ქვეშ თვალდახუჭული
და ცეკვით ზუსტად აღწერდა,
საკუთარი  შიშის საიდუმლოს…

7
ენა დამება.
დანა ავიღე და დრო ოთხად გავყავი
მარჯვენა ხელი სვიტერში
მარცხენა კი სარას
განვლილ ცხოვრებაში გავყავი და
სპექტაკლიც დაიწყო…

,,სუფლიორს სძინავს.
მე და სარა სცენაზე ვწევართ
სავსე მთვარე სცენაზე ეშვება.
მე სარას ფეხებს შორის ხელს ვაცურებ
როგორც ქლიავის ტოტებს შორის
მთვარე სინათლეს…“
პ.ს
სარა ფრიგიდული არ არის…
8.
მე და სარა, ყოველ ღამე – სათადარიგო სიყვარულის
კედლებს კირით ვათეთრებდით…
მერე ვიძინებდით – და ყოველ ღამე…
მაღალი შენობის სახურავებსაც ხშირად ვლაშქრავდით,
პლედში ვეხვეოდით და ვარსკვლავებს ვიგროვებდით თვალებში…
ბავშვობასაც ვიხსენებდით და საწოლის ქვეშაც ვემალებოდით
დრო და დრო  ერთმანეთს,
მაგრამ ყველაზე ხშირად ერთმანეთის
გულუბრყვილობის ქვეშ ვიმალებოდით…

9
ენა დამება…
არადა, თთქოს არაფერი გამიგონია
არადა, თითქოს არაფერი დამინახავს.
დანა გავწმინდე, ფეხსაცმელი გავწმინდე.
სული შიგნიდან – ხორცი გარედან…
სული შიგნიდან – ხორცი გარედან…
ენა მოვიჭერი – ენა მწარე და…
სიტყვა გამიწყდა…
სარამ მიღალატა…
სარას ნაჩუქარი ქვიშის საათი
ქვიშით კი არა მისი ღამეებით აივსო
და აღარ დაიცალა…
მისი ტყუილის  უშნო სხეულით აივსო და აღარ დაიცალა…
მისი მდუმარებით აივსო და აღარ დაიცალა…
ბოლოს ქვიშის საათსაც დაება ენა…

10
ცამოწმენდილია – ჭიქა ვისკით ავივსე
და  წყალივით შემოვარდა
მარტოობა საძინებელ ოთახში
და იატაკიდან ამოყვინთა ტრაგედიამ
ჩემს ფეხებთან…
ცოდვები დამიგროვდა
ხარახურით სავსე სხვენში…
(სხვენი უნდა დაინგრეს…)
ტკივილი დაინერწყვა
ჩემი ცხოვრების ყულფში გასაყრელად
და სიკვდილი კიდევ ერთხელ გავახილე…

11
სარამ ამოიბრუნა სიყვარული – ჯიბეებივით
სარამ ამოიბრუნა რწმენა – ჯიბეებივით
სარამ გაისტუმრა სიყვარული – ვალივით
სარამ გაისტუმრა ბედნიერება – ვალივით
სარა – წავიდა…

გაუწყლოება. განკაცება. ცდუნება. გაფრთხილება.
1
 მათე, XIV, 22-34

„ხოლო ნავი უკვე გაშორებული იყო ხმელეთს მრავალ უტევანზე და ირყეოდა ტალღებისგან, რადგან იყო საპირისპირო ქარი. და ღამის მეოთხე სახმილავზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით; ხოლო როდესაც მოწაფეებმა დაინახეს ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენებაა და შიშისაგან შეჰყვირეს“.

წყალს, რაც არ უნდა გაატანო – სიზმარი,
თევზი, გემის კიჩო, ბოთლით წერილი..
ცოდვებიდან მობრუნებული ადამიანი
წყალს – ღაწვზე მოიგროვებს ყველაფრიანად
მომავლის ცრემლთან ერთად
და სადმე რამეს მიეტმასნება…

ადამიანი მობრუნებული
წყლითაც დაიწერება,
გაუწყლოებაც  დაემართება
და თუ ირწმუნებს
წყალზეც გაივლის, რადგან წყალზე
ცოცხლები დადიან…

წყალი – მზის სხივს,
პურის ლუკმას,
ქვას,
შუშის ნატეხს – ზურგზე დაილბობს..
მერე
ადიდდება სირცხვილისაგან,
ანგელოზის ცისფერ თვალებს
ტალღებს აუწყებს და
უკან მოიტანს
ტალღით – სიზმარს,
ნახევარ თევზს,
გემს, სახელად  ,,ვიქტორია“
და ბოთლს წერილის გარეშე…

ჩვენ უწყლოდაც ვიტყვით
სათქმელს და წყლითაც..
წყლით ნათქვამ სიტყვებს
სახლის საძირკველზე დავწერთ…
უწყლოდ ნათქვამ სიტყვებს
სახლის სახურავზე…
,,რომელ სიტყვასაც დაემართება გაუწყლოება
ხელისგულზე დავიწერთ, რომ არ დაგვავიწყდეს:
და თევზგამოვლილ
და მკვდარგამოვლილ
და გემგამოვლილ წყალზე გავივლით“.

2
,,იოანე 1;14
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება“.

კაცს, ვინც არ უნდა აადევნო
და რაც არ უნდა აადევნო – მკვლელი,
მეძავი,
ღამის დარაჯი
თუ
შენი სიკვდილი,
კაცი მაინც იპოვის
საკუთარ ადგილს,
განკაცდება და სადღაც,
ისიც კი წამოცდება,
რომ უკვე იცოცხლა:
ვიღაცის ჯიბრზე
ვიღაცის ხარჯზე
ვიღაცის ჩრდილში
ვიღაცის თვალში
ვიღაცის გამო.

3
მათე 18;9
,,და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა“.

კაცს თვალი აცდუნებს..
ადგება ამოითხრის,
ტბაში ჩააგდებს…
,,ერთიანობამ მიუბოძა ტბას სისავსე“
იტყვის – ლაო ძი.
თევზის თვალი
კაცის თვალის წილ…
,,განიმარტება
როგორც სიმძიმე
იმ სინამდვილის
რაც ჯერ არ ვიცით“…
თევზის თვალი
ღმერთის თვალის წილ…
იტყვის სიკვდილის
გამომცხადებელი.
ტბა დაშრება –
ჰაერი ჩაიხუთება
და საჰაერო მიმოსვლას
შეწყვეტენ ცისფერთვალება
ანგელოზები…

4
ცას გაუფრთხილდით.
ფეხი თუ დაუცდათ
ცისფერთვალება ანგერლოზებს
ციცაბო ციდან
არ შეგეშინდეთ
მხარი აუბით
მათ
და მიწის კიდეზე
დამაჯერებლად დაეცით
არა ცოდვით არამედ
გულუბრყვილობით…
ცას უყვარს კაცის – მარტოობა
კაცის – სიფხიზლე…
კაცის – სიფრთხილე…
წყალს გაუფრთხილდით.
წყალს უყვარს კაცი
მდინარის – სახლის
ქუჩის და ღმერთის..
მიწას გაუფრთხილდით.
მიწას უყვარს კაცი
წყლის და განთიადის
ტყის და ჭაობის…
და მაინც..
ყველაზე მეტად…
ყველაზე მეტად,
ყველაზე დიდი მონდომებით
სიკვდილს გაუფრთხილდით
ხმაგაუმტარ დღეებს შორის
ქარივით ჩამდგარს…
სიკვდილს უყვარს კაცი:
უკაცრიელი,
გაუვალი,
შეუვალი,
სავსე,
ცარიელი…

© არილი

Facebook Comments Box