თარგმნა მედეა იმერლიშვილმა
იყო ერთი გენერალი, გვარად ბარსეგოვი, თავით ფეხამდე გენერალი. ვერავინ წარმოიდგენდა უეპოლეტებოდ და ქართულით შეზავებული რუსულის გარეშე. მისი წინაპრები არავის ანაღვლებდა, მხოლოდ თავად გენერალმა, რაღაც ამოუცნობი გულის წადილით, გადაწყვიტა გამოეკვლია თავისი წარმომავლობა… რა თქმა უნდა, ამით არ აიხსნებოდა მის ოთახში ვარდან მამიკონიანის პორტრეტების მომრავლება. არც უფიქრია, საკუთარი თავი ამ ძველისძველი მხედართმთავრის შთამომავლად წარმოედგინა – მეტისმეტად ბევრი საუკუნე აშორებდა. ბარსეგოვის ვარაუდით, მისი წინაპარი ბრძოლაში გადარჩენილი უკანასკნელი ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოიქცა, სომხეთიდან გადმოხვეწილი ტფილისში დასახლდა და სათავე დაუდო თავის საგვარეულოს. გენერალმა იცოდა, ვინ ინარჩუნებს სიცოცხლეს ბრძოლის ველზე. თვალწინ დაუდგებოდა გამოქცეული წინაპარი და ეამაყებოდა, რომ ლაჩართა შორის ულაჩრესის, უკანასკნელი გადარჩენილი ჯარისკაცის შთამომავლებში დღეს გენერალიც გამოერია. და უცნაური სიჯიუტით ცდილობდა თვალის მიდევნებას იმ გზისთვის, რომელიც მისმა გვარმა გამოიარა.
ბარსეგოვის მამა ოფიცერი გახლდათ, პაპა – რუსული არმიის პორუჩიკი ნაპოლეონის ომში, დიდი პაპა კი, უბრალო ვაჭარი… აი, მხოლოდ ეს იცოდა გენერალმა და ცდილობდა, კიდევ უფრო ღრმად ჩაეღწია თავისი წარმომავლობის ხვეულებში… ვარდან მამიკონიანის პორტრეტებს კი იმიტომ ხატავდა, რომ მასში მხატვარმა გაიღვიძა და, გენერლის აზრით, ესეც ერთ-ერთი ის შტრიხი იყო, რომელიც იმ ბრძოლის ველზე გადარჩენილ ჯარისკაცთან აკავშირებდა…
ნათესავები ზურგს უკან ამბობდნენ, რომ გენერალი ჭკუაზე შეიშალა. ატანილი იყო თავისი გვარის მომავალზე ფიქრით. „კიდევ გოგო რომ დაიბადოს, თავსაც აღარ ვიცოცხლებ“, – უთხრა თავის ცოლს, მეოთხედ რომ დაორსულდა. და როდესაც გოგო დაიბადა, გენერალი საკუჭნაოში შეიკეტა, როგორც შედიან ბრძოლაში, და იქიდან დამარცხებულივით გამოსვლა აღარ მოინდომა. მართლა სურდა სიკვდილი, თუ გენერლის სიტყვა მისთვის სიცოცხლეზე ძვირად ფასობდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ სიტყვა ითქვა და გენერალი საკუჭნაოდან მომაკვდავი გამოიყვანეს. გენერლის ღიმილი ერთდროულად ასხივებდა სინანულსაც, გამარჯვებასაც და დაბნეულობასაც. შუბლზე სისხლიანი ჭრილობა გადახსნოდა, სპილენძის ქვაბს კი მისი სისხლიანი თმები შეხმობოდა. საკუჭნაოდან გამარჯვებული კი გამოვიდა, მაგრამ სიკვდილი არ ეწადა. გულუბრყვილოდ იღიმებოდა და უცებ ყველა მიხვდა, რომ ის გენერალი კი აღარ იყო, არამედ ერთი მიამიტი ადამიანი… ასე, პირზე ღიმილით აღესრულა ჯაბანი მეომრის უკანასკნელი შთამომავალი – მამაცი გენერალი ბარსეგოვი.
ნავთლუღის სადგური ვეღარ აუდიოდა აღმოსავლეთიდან ჩამოხვეწილ ლტოლვილებს. ტფილისის ქუჩები და მოედნები გაივსო ადამიანებით, რომლებსაც თვალებში შიში და მუდარა ჩასდგომოდათ. მათ ზიზღით უქცევდნენ გვერდს ქალაქელები, მათი სიმღერა უცხო იყო, კილო – ჯვალოსავით უხეში.
მანთაშევმა უფასო სასადილო გახსნა. მოქეიფე ყარაჩოღელები და ტფილისის ბოჰემის ნახევრად მშიერი წარმომადგენლები შესაწირს აგროვებდნენ. ადელხანოვის ფაბრიკასთან დღე და ღამე იდგა ხალხი – მზად იყვნენ ერთი ჯამი წვნიანისთვის ემუშავათ, შემდეგ იქვე, ჭიშკართან იძინებდნენ…
გენერალ ბარსეგოვის ცოლი სიკვდილისთვის ემზადებოდა – წინასწარ მოიკაზმა ჩიხტიკოპით და საწოლში ჩაწვა, რადგან, იცოდა, რომ კვდებოდა და ეშინოდა, რომ ისე არ მოკაზმავდნენ, როგორც წესი იყო. იქვე, კედელთან ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულიყვნენ მისი ქალიშვილები – სირანა, ვარვარა, კატო და მაშო.
1918 წლის მაისში გენერალ ბარსეგოვის უფროსი ქალიშვილი, სირანა დანიშნეს. მილიციონერმა ვალოდია ჯაბუამ სათავისოდ მოინიშნა ტიფისაგან ახლად განკურნებული, თავგადაპარსული სირანა, რომელსაც უარის თქმის ძალ-ღონეც კი არ შერჩენოდა. ერთხელ გააქნია თავი, მეორედ გააქნია, კიდევ ერთხელ გააქნია და დათანხმდა. ამის მერე შეტრიალდა მისი ბედი. კიდევ ერთხელ რომ გადაექნია თავი, იქნებ მისი ცხოვრება სხვანაირადაც წასულიყო. ასე აღმოჩნდა მილიციონერ ვალოდია ჯაბუასთან ერთად ზესტაფონის მტვრიან ბაქანზე. რამდენიმე კვირაში კი, სირანას არსებობაც ვეღარ წარმოედგინა ვალოდია ჯაბუას გარეშე, მისი წითური დიდი თავის გარეშე, მისი გრძელი ბალნიანი ხელების გარეშე…
პირველივე ღამეს შეაძრწუნა ვალოდია ჯაბუა განცდილი სიამოვნების სიმძაფრემ – ასე ეგონა, მარტო სირანა კი არა, მასთან ერთად ეხვეოდა მთელი არმია ჩამოძონძილი ლტოლვილებისა წყლიანი თვალებით, ტფილისის ქუჩებს რომ მოსდებოდნენ. იმ ღამეს შეიცნო ვალოდია ჯაბუამ სირანას გვარის მთელი ისტორია – ცრემლი, კვნესა, ქვითინი, პროტესტი… და წამოხტა ლოგინიდან შეშინებული ჯაბუა – „მე ამხელა სიყვარული არ მდომებია, რა თავში ვიხლი ამხელა სიყვარულს!“…
ჯაბუა რამდენიმე თვეში აღესრულა ბათუმის გზაზე. სირანა ჩავიდა, საფლავი ამოთხარა, მკვდარ ქმარს სახე და ხელები დაუკოცნა, ზესტაფონში წამოასვენა და იქ თავიდან დამარხა.
ცხოვრობდა ამის შემდეგ სირანა მარტო, მაღალ ხიმინჯებზე შემდგარ სახლში, რომელსაც გარს სიმინდის ყანები ერტყა.
მაგრამ უსიყვარულოდ დიდხანს ვერ გაძლებდა სირანა.
ლუკა ხუხუას მოღიმარი წყალწყალა თვალები გაურბოდა უცხო მზერას.
ლუკა ხუხუა ფეხის წვერებზე დადიოდა, ხალხს მისი ეშინოდა. მენშევიკების არმიიდან გამოქცეული ლუკა ხუხუა, დიდხანს არც ბოლშევიკებთან დარჩენილა… ისინი ერთმანეთს ესროდნენ, ტყეში გავარდნილი ლუკა ხუხუა ერთსაც ესროდა და მეორესაც.
ერთხელაც, სიმინდისთვის შინიდან გამოსულმა სირანამ თავის სახლთან დაინახა ლუკა ხუხუა. ნაცემი ძაღლივით გაურბოდა ლუკა ადამიანებს, რომლებიც ესროდნენ, ახლა კი სირანას კედელთან ჩაცუცქული იჯდა და სირანას უღიმოდა.
სახიდან სისხლს რომ სწმენდდა, ლუკამ ხელზე აკოცა. ჯერ კიდევ დასუსტებული ლუკა საბრალო მზერით თვალს ადევნებდა სირანას მოძრაობას. რამდენიმე დღეში ცოტა გამოკეთდა, ოთახში დადიოდა, ფართო მხრებს ათამაშებდა და ღიღინებდა. კიდევ რამდენიმე დღეში სახლის ბატონ-პატრონადაც იქცა.
მერე გამოჩნდნენ ვიღაც ადამიანები – ლუკას ამხანაგები, ორი დღე სვეს, იმღერეს და ლუკაც და სირანაც, მასთან ერთად, ტყეში წაიყვანეს.
ლუკამ სირანა წინ გაუშვა, ოთხი კაცი უკან მიჰყვებოდა. როცა ტყეში სიჩუმე და სიმშვიდე დაისადგურებდა, ლუკა ხელს ხვევდა სირანას, თეძოზე ეხებოდა. იქვე გაიელვებდნენ ბაჩოს, მურთაზისა და ბონდოს თვალები.
მიდიოდნენ ტყე-ტყე, გადადიოდნენ ბეწვის ხიდებზე, ქურდი და ყაჩაღი ლუკას უჩუმარი ნაბიჯები ხალხს შიშის ზარს სცემდა.
კაცები სირანას პირველი ტყვიისთვის იმეტებდნენ. სირანა კი, ბედნიერი იყო, რომ თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული ოთხი კაცი, ფრთხილი ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა და საფრთხის შემთხვევაში, ისინი სირანას უნდა გაეფრთხილებინა. ეს საფრთხე სირანასთვის ბედნიერება იყო, მისი სიყვარულის ხელწერილი. ზოგჯერ, რომ გამოცოცხლდებოდა, პატარა გოგოს სიმკვირცხლით გაიქცეოდა, აედევნებოდნენ სასაცილო ყაჩაღებიც – ლუკა, ბაჩო, მურთაზი და ბონდო. ერთხელ იხუმრა – გაშეშდა, პირთან თითი მიიტანა – „სუ“, – ისინიც ადგილზე გაქვავდნენ. სირანამ გადაიკისკისა. ლუკა განრისხდა და სირანას ერთი მაგარი უთავაზა. ბაჩო განზე გადგა, ქვაზე ჩამოჯდა. ეწყინა სირანას, გაბრაზდა, მერე დაფიქრდა და მათ შიშზე გაეცინა. ლუკამ გაუღიმა, აკოცა და სირანამაც აპატია.
ახლომახლო სოფლების რამდენიმე აქტივისტმა, რამდენიმე ათეისტმა და რამდენიმე ლიკბეზელმა, ჩეკას ხელმძღვანელ იაკინთე გაბლის მეთაურობით, მალე შეიპყრო სასაცილო მაწანწალები – ლუკა, ბაჩო, მურთაზი და ბონდო და მათთან ერთად, სირანაც. და დაუწყეს სოფელ-სოფელ ტარება, სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად. დადიოდნენ წალიკ-წალიკ, ფეხშიშვლები, სასაცილო ყაჩაღები, სოფლის მოედნებზე ერთმანეთს ეკვროდნენ.
და წავიდა სირანა, დაიკარგა იმის კვალი პროვინციების სატუსაღოების კანცელარიების მტვრიან საქაღალდეებში…
გენერალ ბარსეგოვის ოჯახში ახლა მისი მეორე ქალიშვილის, ვარვარას ბედის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ. შეკრებილთა შორის არ ყოფილან გენერლის ნათესავები. იქ გახლდნენ ერთი რუსი ოფიცერი, კაი ხნის წინ წამოსული ჯარიდან, სვამდა და გიტარაზე მღეროდა, „დეზერტირების“ ბაზრის თაღლითები, ვაგზლის ქურდები პაშა და ჩორნა და ნახშირით მოვაჭრე შიო კუმისიდან…
ვარვარა ტახტზე იჯდა და იცდიდა. სუფრაზე ეწყო თეფშები გენერალ ბარსეგოვის პორტრეტებით და დანა-ჩანგალი გენერლის გერბით.
გიორგიმ შეხედა ვარვარას გათქვირებულ ძუძუებს, გრძელ კაბაში გამოყვანილ მის თეძოებს და პირი გამოუშრა. მერე მოყვა პარიზულ ცდუნებებზე, „გეორგიჯანოვის“ ქალწულების ბედზე, ვენერიულ დაავადებებზე, მერე დაიკრიფა გულხელი და თქვა, ვარვარა მამა პავლეს მივგვაროთო.
ჩასვეს ვარვარა ეტლში, აქეთ-იქით ამოუსხდნენ და აუყვნენ ზემოთ, მონასტრისკენ.
მონასტერში ვარვარას დაკავება იოლი არ იყო. სოფელი სავსე იყო ჯარისკაცებით. ვარვარამდე აღწევდა მათი ხმები, და მისი ტანი, ლამის იყო, აფეთქებულიყო. ესმოდა ცხენების ხვიხვინი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჯარისკაცული გინებები… და ერთხელაც, ჭკუადაკარგულმა, შემოიძრო მონაზვნის კაბა, და ყველა წესის და რიგის საწინააღმდეგოდ, თავისი აცახცახებული, თეთრი და გავარვარებული სხეულით, ერთ უხეშ პორუჩიკს ჩაბარდა. მას შემდეგ ვარვარა საქართველოში აღარ უნახავთ.
გენერალ ბარსეგოვის მესამე ქალიშვილი – კატო, სამმა კინტომ არღნიანი ფაეტონით მოიტაცა. მოიტაცეს თუ თავად გაჰყვა, ღმერთმა იცის.
ტფილისი სულს ღაფავდა – მხოლოდ სარდაფის დუქნებში შემორჩა ხალხი ტრადიციული ტფილისური სამოსით. ვიღაცამ შემოინახა შარვალი, სხვამ – ტფილისური ჟარგონი, კიდევ სხვამ – ტფილისური ქუდები…
მორჩა, გაქრა ტფილისი… მოედნებზე სიტყვით გამოდიოდნენ, არღნებზეც კი „მარსელიეზას“ ამღერებდნენ.
კატო „თეთრ დუქანში“ მიიყვანეს. კინტო გრიშა საწოლში, გახურებულ ბოდვაში უყვებოდა ტფილისზე, რომელიც ქრებოდა, კინტოებზე – ტფილისელ რაინდებზე, კატო კი მკერდს უკოცნიდა, მისთვის სამყარო მარადიული იყო და ყველაფრის დასაბამი და დასასრული აქ ეგულებოდა. გრიშა ტიროდა, ოხრავდა, ლოგინს ღვინით ალბობდა. მერე ტფილისს გაემართა, ხოჯივანქზე, თავის პაპებთან, სულის დასამშვიდებლად… კატო კი, დარდსა და სასოწარკვეთაში, ერთმა, ცქვიტთვალა, ნახევრად ფრანგმა შულერმა იპოვა, ლეკვივით მოეფერა, დაუყვავა და ბათუმში წაიყვანა.
და ჩაიკარგა კატოს ხმა ინგლისელ, თურქ, ფრანგ მეთევზეთა გემების მღელვარე გუგუნში, დაიკარგა სამყაროში კატოს ხმა, რომელსაც სურდა ჰყვარებოდა და შეეძლო მთელი ხმით ეყვირა თავის სიყვარულზე…
1955 წელს თბილისში მაგრად გაწვიმდა. რომ გადაიღო, სახურავებიდან კიდევ კაი ხანს მოწანწკარებდა წყალი და მიიკვლევდა გზას მიწისკენ. ხარფუხის მოკირწყლულ ქუჩებში, სურბ გეორგას, სიონის, სინაგოგის ეზოებში, ვიწრო და დაკლაკნილ ქუჩაბანდებში მიიკვლევდა წყალი გზას და ჩაედინებოდა მტკვარში.
– ბარსეგოვაა! – ყვირის ვიღაც ელამი, გაუპარსავი კაცი.
მოხუცი მაშო, გენერალ ბარსეგოვის უმცროსი ქალიშვილი, ფანჯრის რაფას ჩამოყრდნობია და ნაწვიმარზე მზეს ეფიცხება. სახეზე მზე უთამაშებს. დროდადრო სახეზე თმას იპუტავს.
– წერილია მაშოსთვის!..
– უყურე ერთი, წერილებსაც რომ იღებს, – ხუმრობს ბეგო.
– ნეტა ვინ უნდა მისწეროს მაგ უბედურს წერილები? ცხოვრებაში არავინ ჰყვარებია… დუნიაზე არავინ ჰყავს. დები იყვნენ და, თავისი და მისი წილი სიყვარულიც თან წაიღეს…
მაშოც გააკვირვა თავისი გვარის გაგონებამ. ეზოში გამოვიდა, წერილს ხელში ატრიალებს. ებრაელი ეფიმი და ორიც მრეცხავი ქალი გვერდში ამოუდგნენ, წერილი გამოართვეს და შეუდგნენ ხმამაღლა კითხვას: „მიიღე ჩემი ჭაბუკი გულის მხურვალე სალამი, ჩემო ძვირფასო და დაუვიწყარო, ერთადერთო ბებია! როგორც იქნა, გიპოვე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეც კაცი ვარ, ვეღარავინ იტყვის, რომ დედამიწის ზურგზე არავინ მაბადია… გენერალ ბარსეგოვის ქალიშვილის, სირანას შვილიშვილი ვარ, გენო ჭკადუა. დიდხანს ვეძებდი ნათესავებს. მამა დიდი ხნის წინ მომიკვდა. არ იფიქროთ, რომ სულ მარტო ვარ, მთელი სამეგრელო მიცნობს, მაგრამ ნათესავი მაინც სხვაა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილი ვარ. ისევ შევიყრებით, ისევ ერთად ვიქნებით გენერალ ბარსეგოვის ოჯახი. არ დაღონდეთ, ძვირფასო ბებია, მაგრამ ბედს ჩემთვის თავზე ხელი არ გადაუსვამს. არ იფიქროთ, დახმარებას ვითხოვდე. ორთაჭალის ციხეში ვზივარ. ერთი თვის წინ გადმომიყვანეს დიდი ჭყონიდან. თოთხმეტ მაისს გამასამართლებენ. თუ ვინმე თავდებად დამიდგება, გამათავისუფლებენ როგორც არასრულწლოვანს. შენი შვილიშვილი გენო ჭკადუა“.
იმ გაუპარსავ კაცს ეს წერილი ციხიდან მოეტანა. ყოველი სტრიქონის წაკითხვის მერე თავს აქნევდა. მაშომ სახლში შეიყვანა, არაყი დაუსხა, წიწაკის მწნილით და ლობიოთი გაუმასპინძლდა.
თან ფიქრობდა, ნეტა ვინ არის, ან რატომ ჭკადუა, ან რატომ ციხეშიო. მერე იფიქრა, სამყარო დიდია, რას გაუგებო… თუ მილიციონერ ვალოდიას გოგო გაუჩნდა, ის კი ცოლად გაჰყვა ვიღაცას… რა არის ამაში საკვირველიო. და მაშო გამოცოცხლდა. სირანას შვილიშვილი, მისი სისხლი და ხორცი. თვითონ არაფერი გააჩნდა – არც სიყვარული, არც შვილები, მარტო ბაიყუშური ცხოვრება…
თოთხმეტ მაისს მაშო, ეფიმი და ბეგო სასამართლოსკენ გაეშურნენ. როგორც კი შეაღეს დარბაზის კარი, სიცილი შემოესმათ, სასამართლო სხდომა მხიარულად მიმდინარეობდა. სიტყვას წარმოთქვამდა დამცველი. მაღალმა წითურმა ბიჭმა მაშოსკენ მოიხედა, თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. ეს არისო, გაიფიქრა მაშომ. ბიჭმა კი, ხელით ანიშნა, მის გვერდით დამჯდარიყო.
„არა უშავს, ნუ შეწუხდებიო“, – ხელი გაიქნია მაშომ.
„აქ უკეთესიაო“, – ჟესტებით ანიშნებდა ყმაწვილი.
„არაფერია, არაფერიო“, მაშო აქედან ამშვიდებდა, აქაც კარგად მოვთავსდებიო. ამჯერად, გენო ჭკადუამ, რომელიც ერთობ ზრდილობიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა, გულზე მუდარით დაიკრიფა ხელები და მაშოს კიდევ ერთხელ სთხოვა, მასთან გადამჯდარიყო. ეფიმთან და ბეგოსთან ერთად გაიკვლია გზა მაშომ სასამართლოს დარბაზში და მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი ბრალდებულის სკამზე იჯდა. მხიარული სხდომა იყო. ახლა უკვე მოსამართლე ლაპარაკობდა – ხალისიანად. მკაფიოდ და ენამოსწრებულად. თან ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბრალდებულს და ვერც კი შენიშნა, რომ ბრალდებულის სკამზე ჩამოჯდა. მერე სიტყვა მისცეს ერთ ბრალდებულს, ვიღაც მექრთამეს. ისიც ადგა და ლაპარაკ-ლაპარაკში მოსამართლის სავარძელს მიუახლოვდა და მისი ადგილი დაიკავა. ასე საუბრობდნენ, ერთი კითხვებს სვამდა, მეორე პასუხობდა.
როცა დაიღალნენ ლაპარაკით და ყველაფერი გაირკვა და მოსამართლეც და ბრალდებულიც კმაყოფილები დარჩნენ, დადგა გენო ჭკადუას ჯერი. იოლი საქმე იყო – წვრილი ქურდობა, ბრალდებული – არასრულწლოვანი. თავდებად უდგებოდა სამი ადამიანი – ეფიმი, ბეგო და მაშო. და გენოსაც მეურვედ მაშო დაუნიშნეს.
რამდენიმე თვის თავზე გენერალ ბარსეგოვის კიდევ ერთი შვილიშვილი გამოჩნდა. მაშოს მეზობელმა, მკითხავმა ევამ, იმდენი იმარჩიელა, სომხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილი ავეტიკა აღმოაჩინა. ავეტიკამ ქრისტე იხილა და საავადმყოფოში უკრეს თავი. კარგი ბიჭი იყო, პიონერი, მერე კომკავშირელი და კოლმეურნეობის ფეხბურთის გუნდის წევრიც კი. მაგრამ ერთ ღამესაც, კარი გაიღო და ოთახში იესო ქრისტე შემოვიდა. ამის მერე ავეტიკას საქმე უკუღმა დატრიალდა. კლინიკის ექიმი გაბრაზდა და ბიჭს ქრისტეს გარეგნობის აღწერა მოსთხოვა. ავეტიკამაც ისე აღუწერა, როგორიც სხვადასხვა ნახატზე ენახა. ექიმი კიდევ უფრო გაბრაზდა და უთხრა, აი, სხვანაირი რომ დაგენახა, ისეთი, როგორსაც არავინ იცნობს, დაგიჯერებდიო.
მაშო ახლა ავეტიკას სანახავად გაემგზავრა.
ტფილისის ვაგზლის უკაცრიელ ბოლოში გენო ჭკადუა გენერალ ბარსეგოვის მეორე შვილიშვილს ელოდა. ქალების მუხლებისა და უკანალების თვალიერებით გართულს მაინცდამაინც არ აფიქრებდა, როგორ მოახერხა ამ შერეკილმა ქრისტეს დანახვა. ბაქანს აღმოსავლეთის მხრიდან მოადგა ძველი, მოხანხალებული შემადგენლობა. გაჩერდა, ამოიკვნესა, დაიღრჭიალა. გენომ მატარებელს ჩაურბინა და ერთ-ერთი ბოლო ვაგონის კარში მხრებში მოხრილი მაშო დაინახა. მისკენ გაემართა და მერე ერთ ადგილზე გაშეშდა დაბნეული ღიმილით, მაშოსთან ერთად დაინახა წვეროსანი კაცი გაოცებული თვალებით. მაშომ ერთი გადახედა თავის მეგზურს და რის ვაივაგლახით ჩამოვიდა კიბიდან. დაბერებულიყო, ფეხებს ძლივს ადგამდა. კონდუქტორმა ხელი მიაშველა. ბაქანზე ჩამოსვლისას კაბის კალთა კიბის საფეხურს გამოედო და მაშოს დამჭკნარი და ბებერი ფეხები გამოუჩნდა. როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, წვეროსანი შვილიშვილისკენ მიტრიალდა და ხელები ისე გაიშვირა, თითქოს პატარა ბავშვი უნდა ჩაეკრა გულში. გენო ჭკადუამ ავეტიკას გაუღიმა. მოუყვებოდნენ ბაქანს მაშო და გენერალ ბარსეგოვის ორი შვილიშვილი.
გაზრდილი ხარჯისათვის თავი რომ გაერთმიათ, მაშოს მზესუმზირას გაყიდვა ურჩიეს და ასწავლეს, ეს როგორ გაეკეთებინა. მაშოც მიდიოდა „დეზერტირებში“, იქ გლეხებისგან ყიდულობდა მზესუმზირას, ხალავდა, ტომსიკით კარის ზღურბლთან დებდა და პატარა ჭიქებით ყიდდა.
ჩუღურეთის ვიწრო, დაკლაკნილ და ჩახლართულ ქუჩებში ზოგჯერ მზესაც უჭირს გზის გაგნება. მთავარ ქუჩაზე გამოსასვლელად ჯერ აღმართს უნდა ამოჰყოლოდნენ, მერე ისევ დაშვებულიყვნენ და გზად ტფილისის ეზოები გამოევლოთ. ტფილისის ეზო არ მოუწყვიათ – ტფილისის ეზო ილუზიონისტებმა გამოიგონეს, მერე გულუხვმა ყარაჩოღელებმა ჩიხირთმით და ბუღლამით შეკმაზეს, ღვინო მოაპკურეს და სურნელოვანი ტარხუნა მოაბნიეს… ტფილისური ეზო, როგორც ძველისძველი აზრი, ჩუმია და მშვიდი – აივნებზე ხალიჩები, ეზოს შუაგულში – მოჩუხჩუხე ონკანი…
ამ ეზოებმა თითქოს დაბადეს ერთმანეთი – დიდები და მომცროები – ყველა ერთი ჯურის, ერთ თარგზე გამოჭრილი… ძველისძველ ოთახებში კიდევ ცოცხლობს საუკუნის საუბრები, სიტყვები ერთგულებასა და ღირსებაზე, ნათქვამი ათასი წლის წინ, კვნესა, ოცნებები, სიკვდილისწინა ამოოხვრა, კოცნის შარიშური… ღმერთთან გაბაასება, წმინდა და ცოდვილი სურვილები, ჩუმი, შეკავებული ქვითინი. საღამოობით ეს ხმები მოეფინება ეზოს, და წარეცხავს წყალი მოშვებული ონკანიდან, გაისმება ჩურჩული და ეზოც კიდევ ერთხელ გაცოცხლდება…
ერთ-ერთი ასეთი ეზოს წინ ჯდება თალხ კაბაში გახვეული მაშო, ლოყაზე თმიანი ხალით, და ყიდის მოხალულ მზესუმზირას…
მოულოდნელად შევიდა, კარი ღია იყო.
– გამარჯობა! – თქვა და გაიღიმა. ორმოცდახუთი წლისა იქნებოდა, თმა შუბლზე ლამაზად ჩამოევარცხნა. სახელოებიდან მოუჩანდა გამხდარი, თეთრი ხელები.
– გამარჯობა! – გაიმეორა – ჩემთან არავინ მოდის. სხვებს აკითხავენ მეგობრები, გოგოები… მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. სულ ველოდი, მაგრამ არავინ გამოჩენილა… თუ ვინმე მაინც შემოიხედავდა, წყლის და ნაგვის გადასახადზე… თმა შევიჭერი, მოვწესრიგდი, მოდურად გამოვეწყვე, მაინც არავინ მოსულა. არ ვიცი, რატომ. ალბათ ლამაზი არა ვარ…
ბოლო სიტყვებზე გენომ ჩაიფხუკუნა. „ალბათ“ სასაცილოდ მოეჩვენა. ის, რომ ლამაზი არ იყო, მეტისმეტად ცხადი გახლდათ და თან რაღაცნაირად, უჩვეულოც – ძალაუნებურად სიცილს მოგგვრიდათ. არიან ადამიანები, არცთუ ლამაზები, მაგრამ ძლიერები, მოწონების თუ არა, პატივისცემის გამომწვევები, ზოგჯერ შიშისაც. ეს კი სასაცილო იყო.
– შვილო, სტუმარი შემოიპატიჟე… – თქვა მაშომ. – დაბრძანდით.
ავეტიკამ სკამი დაუთმო. სტუმარი დაჯდა, არ იცის, ხელებს რა უყოს, სად წაიღოს. ხან ჯიბეში ჩაიწყობს, ხან მაგიდაზე ჩამოაწყობს, მერე მუხლებზე ჩამოიკრეფს, თითქოს საკუთარ ხელებში გაბლანდულიყოს. – თქვენ გენერალ ბარსეგოვის… მიმართა მაშოს და გაჩუმდა. უყურებდა მოკუზულ მაშოს, მის ჭაღარას და არ იცოდა, „ქალიშვილად“ როგორ მოეხსენიებინა. – დიახ, ქალიშვილი, – მიეხმარა მაშო.
კაცმა გაიღიმა, წამოწითლდა, გაუხარდა, მერე თავი მაგიდაზე ჩამოდო, ხელებში ჩამალა და ატირდა. გაჩუმდნენ, აცალეს, მაგრამ აღარ გაჩერდა. გენომ დამშვიდება სცადა. – ჩემთან არავინ დადის… სულ მოლოდინში ვარ, მაგრამ არავინ მოდის… ყველასთან ვიღაც მიდის, ჩემთან კი არავინ.
ახლა ავეტიკამ დაუყვავა, – დამშვიდდით, – ეუბნება.
დაბნეულები უყურებენ ერთმანეთს.
კაცმა შეწყვიტა ტირილი, მაგრამ მაგიდიდან თავი არ აუღია. მერე, როგორც იქნა, ჩამოიღო თავიდან ხელები და დასიებული თვალებით აქეთ-იქით მიმოიხედა. – ჩემთან არავინ მოდის… და ვიდრე ისევ თავზე შემოიხვევდა, გენო ხელზე სწვდა. – მე გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილი ვარ, – როგორც იქნა, ამოთქვა.
გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილებმა ერთმანეთს გადახედეს.
მაშო მიუახლოვდა, დააცქერდა და ჰკითხა:
– ვისი ხარ?
– არ ვიცი.
– რა გქვია და რა გვარი ხარ?
– კრივიცკი… იუზეფ… – ვარვარასი ყოფილა… – თქვა მაშომ და გენერალ ბარსეგოვის წვრილხელება შვილიშვილი გულში ჩაიკრა.
ძველი სამოვარი წყლით აავსეს, ნახშირი დაამატეს და დასხდნენ იუზეფ კრივიცკის ამბის მოსასმენად.
ასე მოიყარა თავი მაშოსთან რვა კაცმა. ერთს ბერძნული გვარიც კი ჰქონდა – გრამატიკოპულო. ვინ იყო და საიდან, არავინ იცოდა. მხიარული კაცი იყო, მომეტებულად მხიარულიც კი. სასაცილო ოჯახი შეიყარა – გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილები…
მაშო ბედნიერი და კმაყოფილი იყო. საქმე გამოუჩნდა – ბაზარში დადიოდა, სარეცხს რეცხავდა, მზესუმზირას ყიდდა და გენერლის შვილიშვილებზე ფიქრობდა.
თბილისში სამი ვაგზალია.
თუკი უსახლკაროს ვინმეს დაინახავენ, ურჩევენ, გენერალ ბარსეგოვის ქალიშვილს მიაკითხოს. -ძალიან კეთილია, – ეუბნებიან, – შეგიფარებს, და თან, იქნებ შენც მისი შვილიშვილი იყო? ჯერ გაეხუმრებიან, მერე კი სერიოზულადაც – ნამდვილად მისი შვილიშვილი ხარ, წყალი არ გაუვა…
თუ კაცს მწუხარე და ცოტა უცნაური თვალები აქვს, შინაგანი ხმა კარნახობთ – „შვილიშვილია თუ არა, გენერლისა კი რაღაც მოსდგამს… ნამდვილად მოსდგამს…“ გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები მთელ ქვეყანას მოედვნენ…
მაშო ყველა შემხვედრს გაფაციცებული უყურებს. რამდენი ადამიანი, მისი შვილიშვილებივით, დაქსაქსულა, ცხრა მთას იქით გადაკარგულა… ყველა ადამიანი ახლობელი გამხდარა მაშოსათვის.
ვინმე ხუმრობით რომ ეტყვის, გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილი ვარო, მაშო იჯერებს. ოღონდ იჯერებს იმიტომ კი არა, რომ ხუმრობას ვერ მიმხვდარა, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა თავადაც არ იცის, რომ მართლაც გენერალ ბარსეგოვის შვილიშვილია… ან რაღაცნაირი კავშირი აქვს მასთან… ამის მაშოს ძალიან სჯერა.
© არილი