ახალი ამბები

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნა

2 მარტს მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმი აერთიანებს მუდმივად მოქმედ ექსპოზიციასა და განახლებად საგამოფენო სივრცეს, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორსა და მოვლენას დაეთმობა, რაც ხელს შეუწყობს საბჭოთა წარსულის სიღრმისეულ გადააზრებას და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ამ თემაზე ეროვნული მასშტაბის დისკუსიისთვის.

მუზეუმის ფინანსური მხარდამჭერები არიან – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ამერიკის საელჩო საქართველოში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის CARDIF-ის ფონდი.

ექსპოზიციაზე იმუშავეს მაგდა ცოცხალაშვილმა, მარიამ ნატროშვილმა, დეთუ ჯინჭარაძემ და ნინო ანდრიაშვილმა.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოყენებულია გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს შსს აკადემიის არქივის, საქართველოს პირველი არხისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივის მასალები.

მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, ლელა შუბითიძე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავს, რომ მუზეუმს, გარდა საგანმანათლებლო და კვლევითი დანიშნულებისა, აქვს მიზანი – საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მემორიალიზაცია. მისი თქმით, უნდა არსებობდეს თანმიმდევრული პოლიტიკა, რომ მოვახერხოთ საბჭოთა წარსულის გადააზრება და მისი მიწოდება ახალგაზრდებისთვის ისე, როგორც ნამდვილად იყო. ამისთვის კი, სასურველია, გაიოლდეს არქივებთან და წყაროებთან წვდომა, რადგან ჩვეულებრივ მკვლევარს უჭირს მათთან მისვლა უამრავი ბიუროკრატიული საფეხურის არსებობის გამო.

როგორც მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური ამბობს: „ოკუპაციის პირველი დღეებიდან, 1921 წლიდან ქრონოლოგიურად არის მოყოლილი მწერლების ბედი. ირკვევა, რომ 1921 წლიდანვე სიტყვისთვის, ლექსისთვის უკვე აპატიმრებდნენ მწერლებს. ორჯონიკიძე და ელიავა უკვე 1921 წელს ახმოვანებდნენ – ჩვენ მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად არის, ყველანაირი კომფორტი გვაქვს. ხოლო ვინც ჩვენთან არ არის, მათ ტყვიის ენით დაველაპარაკებითო”.

დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13 მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს. 1921 წლის 28 თებერვალს დავით სარაჯიშვილისეული სახლი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილ მრეწველსა და მეცენატს, აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა, საბჭოთა რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას გადაეცა. ასე იწყება ამ სახლის საბჭოთა ისტორია, რომელიც მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მოიცავს. აქედან გამომდინარე, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მუზეუმი სწორედ მაჩაბლის 13-ში გაიხსნა.

„1921 წლის 28 თებერვალს, საბჭოთა რევკომის ბრძანებით, ეს სახლი გადაეცათ ქართველ მწერლებს. არა იმიტომ, რომ ძალიან უყვარდათ ქართველი მწერლები, არამედ იმიტომ, რომ მათგან სანაცვლოდ რაღაც უნდოდათ. და რა უნდოდათ მათგან ამ სახლის საჩუქრად გადაცემის სანაცვლოდ, ამის ისტორიას ჰყვება ეს ექსპოზიცია“ – ამბობს ნატა ლომოური.

მან ისაუბრა იმის შესახებაც, რომ მთლიანობაში 200-მდე რეპრესირებული მწერალია საქართველოში, რომელთა სახელებიც არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მათი ბიოგრაფიები ჯერ კიდევ ზუსტდება და კვლევა მიმდინარეობს. ამიტომაც ცდილობენ, რომ მუზეუმი კვლევით ცენტრადაც იქცეს, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ მისვლას და იმ მასალების ნახვას, რომლებიც მათ არქივებიდან თუ ოჯახებიდან მოიძიეს. გარდა ამისა, მუზეუმს ექნება საგანმანათლებლო ფუნქციაც. როგორც ის ამბობს, ჩვენი ისტორიის უახლეს პერიოდზე საუბრისას დიდი სიცარიელეა, ცოდნა მწირია, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომაც იმედი აქვს, რომ მუზეუმი ალტერნატიული განათლების კერა გახდება საზოგადოებისთვის.

„ეს მწერლები, რომლებიც ასე გმირულად იბრძოდნენ და იყვნენ დამცველნი საქართველოს დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ნამდვილად ჭეშმარიტი გმირები იყვნენ და არიან. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ მათ ღვაწლს და ვიხსენებთ მათ მოღვაწეობას.

ჩემთვის დიდი პატივია ამ არაჩვეულებრივი მუზეუმის გახსნაზე დასწრება მწერალთა სახლში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკულტო ძეგლია საქართველოში. ეს გახლავთ იმ მწერლების მუზეუმი, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა. გამოფენა საოცრად შთამბეჭდავია. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ მწერალთა ინდივიდუალურ ისტორიას, არამედ მთლიანად იმ საზარელი ეპოქის ამბავს, თუ რა გზა გამოიარეს ქართველმა მწერლებმა საკუთარი სამშობლოს იდენტობის დასაცავად; კულტურისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. საოცარია, რომ ეს ლიტერატორები მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეწირათ ქართული კულტურის შენარჩუნებისთვის. მუზეუმმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ესტუმრებიან მუზეუმს და შეისწავლიან ამ გმირობის ამბებს, თუ როგორი სიმამაცეა საჭირო, რომ საკუთარი უნიკალური კულტურა დაიცვა“ – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც მუზეუმს უკვე ესტუმრა.

მუდმივმოქმედ გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნო პაოლო იაშვილის 130 წლისადმი მიძღვნილ დროებით ექსპოზიციას.

მუზეუმის გახსნის ფარგლებში ნაჩვენები იყო მწერალთა სახლისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შექმნილი შალვა შენგელისა და მიხეილ ბასილაძის დოკუმენტური ფილმი ,„რეპრესირებული მწერლები“. ფილმი მოგვითხრობს ოთხი რეპრესირებული მწერლის: ნიკოლო მიწიშვილის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის შესახებ.

© არილი

Facebook Comments Box