კოლუმბიელის იუბილე ესპანურად
2007 წელი გაბრიელ გარსია მარკესისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა – 80 წელი მწერლის დაბადებიდან; 40 წელი მას შემდეგ, რაც “მარტოობის 100 წლის” პირველმა გამოცემამ დღის შუქი იხილა; ნობელის პრემიით დაჯილდოების 25 წლისთავი – ყველა ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 6 მარტს, მწერლის დაბადების დღეს, კოლუმბიელი ნობელიანტის ესპანელმა თაყვანისმცემლებმა “მარტოობის 100 წელი”-ს კითხვის მარათონი მოაწყვეს. რომანის პირველი აბზაცი ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, მარია ტერეზა დე ლა ვეგამ წაიკითხა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა. ყოველ მკითხველს 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რომანის თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი 16 საათი დასჭირდა. მარკესის დაბადების დღე ესპანეთის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით აქცია მოეწყო თბილისშიც – გამომცემლობა “სიესტა” კოლუმბიელი მწერლის თაყვანისმცემლებს “მარტოობის ას წელს” ერთი კვირის განმავლობაში სულ რაღაც 5 ლარად სთავაზობდა.
სონტაგის უკანასკნელი სიტყვა
გარდაცვალებამდე სიუზან სონტაგმა თავისი ესეების კრებულის გამოცემა დაგეგმა. მისთვის ეს ბოლო წიგნი იქნებოდა, თუმცა კი თავად მწერალი არ მოიაზრებდა მას, როგორც უკანასკნელს თავის შემოქმედებაში და სურდა, ესეების მერე ისევ მხატვრულ ლიტერატურას დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების გამო არაერთი წინასწარგამზადებული ტექსტი და სათაური დაიკარგა, მაგრამ რედაქტორმა მაინც მოახერხა, ერთად შეეკრა 16 ესე და სონტაგის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერილი სხვადასხვა ტექსტები.
“ერთსა და იმავე დროს”( “At the Same Time“) ასე ერქმევა წიგნს. სონტაგის ესეებსა და წერილებში ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლება ლიტერატურა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია, ესთეტიკა; ხშირად ეს ცნებები ფარავენ კიდეც ერთმანეთს. წიგნში გახმოვანებულია ასევე მისი ადრეული დაკვირვებები და შეხედულებები – 1976 წელს დაწერილი “ფოტოგრაფიის” პირდაპირი გაგრძელებაა 2003 წლის ერთ-ერთი სერიოზული კვლევა – “ფოტოგრაფია – მცირე რეზიუმე” (“Photography: A Little Summa.”).
იმსჯელეთ წიგნებზე, რომლებიც არ წაგიკითხავთ
ფრანგი პროფესორის, პიერ ბეინარდის წიგნი ბესტსელერი გახდა – ესაა სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმსჯელოთ საინტერესოდ და კომპენტენტურად იმ წიგნებზე, რომლებიც არასოდეს წაგიკითხავთ. 52 წლის ფსიქოანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ თავისუფლად შეიძლება ისაუბროთ წიგნზე, რომლის წაკითხვაზეც დრო არ დაგიკარგავთ და არც უხერხულად იგრძნობთ თავს გადამეტებული ინტელექტუალიზმით შეპყრობილ საზოგადოებაში. მისი თქმით, უსაქმურ ინტელექტუალთა წრეში აშკარად იჩაგრებიან ის საშუალოსტატისტიკური ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, დრო არ აქვთ, რომ დღე და ღამე სქელტანიან წიგნებს უკირკიტონ.
“ექიმი ჟივაგო” – ტროას ცხენი რუსეთს
რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტს – ბორის პასტერნაკის დევნას, რუსმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა, ივან ტოლსტოიმ, კიდევ ერთი ინტრიგა შემატა: გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსულენოვანი რომანის წარმატება ამერიკის კონტრდაზვერვის სამსახურმა უზრუნველყო ფინანსურად. მალე დღის შუქს იხილავს წიგნი, სადაც “რადიო თავისუფლებისა” და “თავისუფალი ევროპის” ჟურნალისტი წერს, რომ სწორედ ამერიკამ დააფინანსა “ექიმი ჟივაგოს” განსაზღვრული ტირაჟით გამოცემა და 1958 წელს პასტერნაკისთვის ნობელის პრემიის გადაცემა.
“პასტერნაკის წიგნმა იარაღის როლი ითამაშა ამერიკის ხელში – ამით შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ჭკუა ასწავლა”, – განაცხადა ტოლსტიომ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჟურნალისტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, პასტერნაკის ოჯახის წევრებმა და თავად მწერალმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ორჰან ფამუქი გერმანიაში
ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი გერმანიას მაისში ესტუმრება. გამგზავრება თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ მწერალი საუკეთესო მეგობრის ტრაგიკულად დაღუპვამ შეაფერხა. შეფერხების მიზეზი ისიც იყო, რომ ფამუქს ანტიეროვნულობაში ადანაშაულებდნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ ნაციონალისტი თურქები. მწერალმა პროტესტი გამოთქვა 1915 წელს სომხების მასობრივ ჟლეტასთან დაკავშირებით, რაც ნაციონალისტებმა “ღალატად” მონათლეს.
მეგობრის დაღუპვის შემდეგ ფამუქმა უარი თქვა ქვეყნიდან გასვლაზე, ისე, რომ მოგზაურობის ორგანიზატორებისთვის მიზეზიც არ აუხსნია. თუმცა, მწერალი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და ახალი გეგმის მიხედვით, 2 მაისს ის უკვე ჰამბურგში იქნება. ღონისძიებები დაგეგმილია ბერლინში, კიოლნში, შტუტგარტსა და მიუნხენში – ფამუქი პუბლიკას თავის ბოლო წიგნს – „სტამბოლს“ – წაუკითხავს. 4 მაისს კი ნობელიანტ მწერალს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდებას მიანიჭებენ.
ვატიკანი ოსკარ უაილდს ცოდვებს შეუნდობს
ოსკარ უაილდს კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული პატივი მიაგო. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელმა მწერალმა და ჰომოსექსუალთა კერპმა კათოლიციზმი მხოლოდ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა, ვატიკანმა მისი გამონათქვამები ქრისტიანული აფორიზმებისა და ნაკვესების კრებულში შეიტანა. კრებულს რომის პაპის თანაშემწე, მამა ლეონარდო საპიენცა გამოსცემს.
დიდი ხნის მანძილზე უაილდის მიმართ ვატიკანი ანთიპათიით იყო განწყობილი, კათოლიკური ეკლესია მას გარყვნილ და უსირცხვილო ჰომოსექსუალად შერაცხავდა. ახლა კი რომის პაპის მეთვალყურეობის ქვეშ შედგენილ წიგნს ოსკარ უაილდის ფრთიანი გამოთქმები ამკობს, მათ შორის: “მე შემიძლია გავუძლო ამქვეყნად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა,” “ცდუნებისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა – მისი მორჩილებაა”.
კატები – ახალი თემა მწერლებისთვის
“კატების მწერლები” – უცნაურია, მაგრამ არსებობს ასეთი ორგანიზაციაც, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ ის მწერლები, პუბლიცისტები, ტელე და რადიოჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებით საქმიანობას კატებს უძღვნიან. ისე, როგორც სხვა დანარჩენ სოლიდურ ლიტარატურულ ასოციაციებს, “კატების მწერლებსაც” აქვთ დაწესებული თავიანთი სახელობითი ჯილდო. პრემია – “თაგვის მედალი” – წელს კლეა საიმონს გადაეცა, მძაფრსიუჟეტიანი რომანის, “მიაუ მკვლელობაა”-ს ავტორს. ეს პირველი წიგნია, რომელიც 2005 წლის ნოემბერში “კატების მწერალთა” სერიით გამოვიდა. მას შემდეგ საიმონმა კიდევ ერთი რომანი მიუძღვნა საყვარელ ცხოველებს. წიგნს ამჯერად “კატების კონცერტი” ჰქვია. როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, კატების თემა მათ შემოქმედებაში შემთხვევითი სულაც არაა და აპირებენ, თავიანთი ორგანიზაციის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდონ.
ბეიკერ-სტრიტელი გამომძიებელი მოსკოვში
შერლოკ ჰოლმსის დაბადების 120 წლისთავზე მოსკოვის სამოქალაქო სამსახურმა მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – რუსეთის დედაქალაქში ლეგენდარული გამომძიებლის და მისი ერთგული თანაშემწის, დოქტორი ვატსონის ძეგლი დაიდგმება. უკვე ადგილიც შერჩეულია – არტურ კონან დოილის გმირი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ახლოს, სმოლენსკის სანაპიროზე დაიკავებს ადგილს. ის, თუ როგორი იქნება ძეგლის ვიზუალური მხარე, ჯერ არ არის ცნობილი. მოსკოველი ჰოლმსის და ვატსონის გარეგნობა დახურულ კონკურსზე გამოვლინდება.
არ ვართ “ქალთა მწერლები!”
ირლანდიელი მწერალი ქალების ნაწილმა უკმაყოფილება და აღშფოთება გამოხატა იმ კრიტიკოსების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და მათ ნაწარმოებებს “ქალთა საკითხავი ლიტერატურა” უწოდეს. სესილია აერნი (Cecilia Ahern) და მარიან კეიესი (Marian Keyes) იმ მწერლებს შორის არიან, რომლებიც საკმაოდ წარმატებული ნოველისტის, მაივ ბინჩის (Maeve Binchy) წინააღმდეგ გამოვიდნენ და გააპროტესტეს მისი მტკიცებულება, რომ მათი ტექსტები “მოსაწყენი” და ზედმეტად “ქალურია”. მარტივად გაიშიფრნენ ირლანდიელი ქალი მწერლების პირით მოლაპარაკენი ტელევიზია RTE-ს სპეციალურ არტ-გადაცემაში – ლიტერატორი ქალბატონები საკმაოდ უხეშნი და მაღალ ტონალობაში მოსაუბრენი აღმოჩნდენ. “აღსაშფოთებელი ფაქტია – ჩვენ მიერ შექმნილი ლიტერატურის ღირებულებები კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს”, – ამბობს ბესტსელერი რომანების ავტორი მარიან კეიესი. თავად კრიტიკოსები კი დიდად არ განიცდიან ქალი მწერლების უნდობლობას და ტელედებატებსაც თავს არიდებენ.
ჟან ბოდრიარი ავადმყოფობამ იმსხვერპლა
ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი 7 მარტს პარიზში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ საზოგადოებას მისმა რედაქტორმა, მაიკლ დელორმმა აუწყა. დელორმის თქმით, 77 წლის კრიტიკოსისა და ფილოსოფოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა აღმოჩნდა.
ბოდრიარი პირველი იყო თავის ოჯახში, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. იგი მალევე გახდა ცნობილი თავისი პროვოკაციული, პარადოქსული თეორიებით და მალე გავლენიანი ფრანგი ინტელექტუალების ჯგუფს შეუერთდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბოდრიარი თავადვე ამბობდა საკუთარი შემოქმედების შესახებ: “ყოველ ჩემს ახალ ნაშრომს სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსი ექნება, გაიგონ და აღიქვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩემი პრობლემაა”
ბუკერის პრემია რუსეთში
2007 წლის რუსულ ბუკერს მწერალი და მთარგმნელი, ასარ ეპელი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად წლის საუკეთესო რომანს გამოავლენენ პროზაიკოსი ოლეგ ზაიონჩკოვსკი, კრიტიკოსი სამუელ ლურიე, მწერალი ოლესა ნიკოლაევა და რეჟისორი ჰენრიეტე იანკოვსკი. ნომინანტების გამოვლენა 12 მაისს დასრულდება. სიის ვრცელ ვარიანტს 4 ივლისს გაახმოვანებენ, საბოლოოს კი – 3 ოქტომბერს. მთავარი პრიზი – 20000 დოლარი – გამარჯვებულს 5 დეკემბერს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის “რუსული ბუკერის” ლაურეატი ოლგა სლავნიკოვა გახდა. ჟიურიმ მისი “2017” რუსულ ენაზე დაწერილ წლის საუკეთესო რომანად აღიარა. ბუკერის პრემია რუსეთში 1991 წელს დაარსდა. მისი მიზანია, წაახალისოს ავტორები, რომლებიც რუსულ ენაზე წერენ და პოპულარიზაცია გაუწიოს რუსულ ლიტერატურას დასავლეთში. სხვადასხვა დროს მისი ლაურეატები იყვნენ ბულატ ოკუჯავა, მიხაილ შიშკინი, ლიუდმილა ულიცკაია. დიდი ხნის მანძილზე ბუკერის სპონსორი მიხაილ ხადარკოვსკის ფონდი – “ღია რუსეთი” იყო.
© “ცხელი შოკოლადი”