პროზა (თარგმანი)

ხორხე ლუის ბორხესი – ბაბილონის ბიბლიოთეკა

 

 

ესპანურიდან თარგმნა ელისაბედ ყვავილაშვილმა

 

          წელს სულაკაურის გამომცემლობა დიდი არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის სამი პროზაული კრებულის (ქვიშის წიგნი, ალეფი, ფიქციები) ახალ თარგმანს გამოსცემს..

            „ბაბილონის ბიბლიოთეკა მწერლის ერთერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი მოთხრობაა. ნაწარმოების ქართული თარგმანი არილის ამ ნომერში სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით იბეჭდება.

 

 

By this art you may contemplate

The variation of the 23 letters….

The anatomy of Melancholy, part 2, sect. II, mem IV[1]

სამყარო (რასაც ზოგიერთი ბიბლიოთეკად მოიხსენიებს) გაურკვეველი და, ალბათ, უსასრულო რაოდენობის ექვსკუთხა გალერეებისგან შედგება, რომელთაც შუაში განიერი სავენტილაციო ჭები ჩასდევს დაბალი ჯებირებით. თითოეული ამ ექვსკუთხედიდან ზედა და ქვედა სართულების დაუსრულებელი წყებების დანახვა შეიძლება. ყველა გალერეის აგებულება უცვლელია: ორის გარდა, თითო კედელზე ხუთ-ხუთი გრძელი თაროა, ანუ სულ ოცი; თაროები სართულის სიმაღლის ტოლია და ოდნავ აღემატება საშუალო ბიბლიოთეკარის სიმაღლეს. ერთ-ერთი, თავისუფალი მხრიდან მას წვრილი კორიდორი ემიჯნება, რომელიც მეორე გალერეისკენ მიემართება და ისიც ისეთივეა, როგორიც პირველი და ყველა დანარჩენი. კორიდორის მარცხნივ და მარჯვნივ ორი პაწაწინა სათავსოა. ერთში შეიძლება ფეხდგომელა ძილი; მეორეში – ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. გვერდით დახვეული კიბეა, რომელიც ზემოთაც მიემართება და ქვემოთაც და სადღაც უძირო უსასრულობაში იკარგება. კორიდორში სარკეა, ერთგულად რომ აორმაგებს ყველაფერს, რაც მასში ირეკლება. ადამიანებს, ჩვეულებრივ, საგონებელში აგდებენ ეს სარკეები: ეჭვობენ, რომ ბიბლიოთეკა უსასრულო სულაც არ არის (თუკი მართლაც უსასრულოა, ეს ილუზორული გაორმაგება რაღა საჭიროა?); მე კი ვამჯობინებ ვიფიქრო, რომ უსასრულობის არსებობას სწორედ ეს გლუვი ზედაპირები აღნიშნავენ და ადასტურებენ კიდეც… სინათლე რაღაც ნაყოფების მსგავსი სეფროებიდან იღვრება, რომელთაც ნათურებს უწოდებენ. ყოველ ექვსკუთხედში ორი ასეთი ნათურაა, ერთმანეთის საპირისპირო კედელზე. საკმარის სინათლეს ვერ ასხივებენ, თუმცა, არასოდეს ქრებიან.

ბიბლიოთეკის ყველა მკვიდრის დარად, ახალგაზრდობაში მეც ვმოგზაურობდი. მომლოცველივით დავეხეტებოდი ერთი წიგნის ძიებაში, რომელიც შეიძლებოდა კატალოგთა კატალოგი ყოფილიყო; ახლა, როდესაც ჩემი თვალები ჩემივე ნაწერსაც კი ძლივსღა არჩევენ, ვემზადები, სიცოცხლე რამდენიმე ლიგის დაშორებით დავასრულო იმ ექვსკუთხედიდან, სადაც მოვევლინე ქვეყნიერებას. მე რომ მოვკვდები, ვინმეს კეთილი ხელი ჯებირებს მიღმა გადამისვრის და საფლავად უძირო სიცარიელე მექცევა; ჩემი სხეული ხანგრძლივად იქროლებს და ჩემივე უსასრულო ვარდნისგან გამოწვეულ ქარებში გაიხრწნება, განქარდება, გაქრება. დიახაც, ვადასტურებ, რომ ბიბლიოთეკა ნამდვილად უსაზღვროა. იდეალისტები ირწმუნებიან, რომ ექვსკუთხა დარბაზები აბსოლუტური სივრცის, ანდა, ყოველ შემთხვევაში, სივრცის ჩვენეული აღქმისათვის აუცილებელი ფორმა გახლავთ. ისინი თვლიან, რომ სამკუთხა ან ხუთკუთხა ოთახი წარმოუდგენელია (მისტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ექსტაზისას მათ ბურთისმაგვარი დარბაზები ელანდებათ უზარმაზარი მრგვალი წიგნით, რომლის უკიდეგანო ყუები კედლებს მიუყვება; მაგრამ მათი მტკიცება საეჭვოა, მათი მეტყველება – ბუნდოვანი. ეს სფერული წიგნი ღმერთია.) ჯერჯერობით აჯობებს კლასიკური განსაზღვრებით შემოვიფარგლო: ბიბლიოთეკა სფეროა, რომლის ზუსტი ცენტრი შეიძლება ნებისმიერი ექვსკუთხედი იყოს, ხოლო გარშემოწერილობა – მიუწვდომელი. ყოველი ექვსკუთხედის ყოველ კედელზე ხუთი თაროა, ყოველ თაროზე – ერთი და იმავე ფორმატის ოცდათორმეტი წიგნი; თითო წიგნში ოთხას ათი გვერდია; თითო გვერდზე – ორმოცი სტრიქონი; თითო სტრიქონში შავი ფერის დაახლოებით ოთხმოცი ასო. ასოები წიგნის ყუაზეც წერია; მაგრამ ისინი წიგნის შინაარსს არც განსაზღვრავს და მასზე არც მიგვითითებს. როგორც ვიცი, ოდესღაც ეს შეუსაბამობა იდუმალად ეჩვენებოდათ. სანამ დასკვნას გამოვიტანდეთ (რისი გარკვევაც, მიუხედავად ტრაგიკული პროექციებისა, შესაძლოა, ყველაზე მთავარი მოვლენა აღმოჩნდეს ისტორიაში), მინდა, ზოგიერთი აქსიომა შეგახსენოთ.

ჯერ ერთი: ბიბლიოთეკა ab aeterno[2] არსებობს. ამ ჭეშმარიტებაში, რომლის პირდაპირი შედეგი სამყაროს მომავალი მარადიულობაა, ვერცერთი მოაზროვნე გონი ვერ დაეჭვდება. ადამიანი არასრულყოფილი ბიბლიოთეკარია, რომლის გაჩენა შეიძლება შემთხვევითობას, ანდა ბოროტი დემიურგის ჩანაფიქრს დავაბრალოთ; სამყარო თავისი დახვეწილი თაროებით, იდუმალი ფოლიანტებით, უსასრულო კიბეებით მოგზაურისათვის და ფეხსალაგებით ჭკუადამჯდარი ბიბლიოთეკარისათვის, მხოლოდ ღმერთს შეეძლო შეექმნა. რომ გავაცნობიეროთ, თუ რამხელა უფსკრული არსებობს ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის, საკმარისია ის ნაჯღაბნი, რომელიც მერყევი ხელით ამოვკაწრე წიგნის ყდაზე, თავად წიგნში დავანებულ სრულ ჰარმონიაში მყოფ ასოებს შევადაროთ: როგორ გარკვეულად, დახვეწილად, მკვეთრად, შეუდარებელი სიმეტრიულობითაა გამოყვანილი თითოეული მათგანი.

მეორე: ორთოგრაფიული ნიშნები ოცდახუთია[3]. ამ მოცემულობამ შექმნა საშუალება, სამასი წლის წინ ჩამოყალიბებულიყო ბიბლიოთეკის ზოგადი თეორია და დამაკმაყოფილებლად გადაჭრილიყო ის თავსატეხი, რომლის არსს ვერცერთმა ჰიპოთეზამ ვერ შეძლო ჩასწვდომოდა: თითქმის ყველა წიგნის უფორმო და ქაოსური ბუნება. ერთი წიგნი, რომელიც მამაჩემმა ნახა თხუთმეტ – ოთხმოცდამეთოთხმეტე სექტორის ექვსკუთხედში,  პირველი გვერდიდან ბოლომდე მხოლოდ სამი ასოს – M C V-ს ავადმყოფური გამეორებებისაგან შედგებოდა. მეორე (რომელსაც ამ ზონაში ძალიან ხშირად ჩახედავდნენ ხოლმე) უბრალოდ ასოების ნამდვილ ლაბირინთს წარმოადგენდა, თუმცა, ბოლოს წინა გვერდზე ეწერა: „ჰოი, დროო, შენი პირამიდები“. უკვე ცნობილია, რომ ერთ გააზრებულ სტრიქონზე ან პირდაპირ ნათქვამზე ათასობით უაზრობა მოდის, სიტყვების ნამდვილი აბდაუბდა და შეუთავსებლობა. (ერთი ისეთი მკაცრი მხარეც არსებობს, სადაც ბიბლიოთეკარები უარს ამბობენ ცრუ და ამაო ჩვევაზე – წიგნებში აუცილებლად რაღაც აზრი მოიძიონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს იგივეა, სიზმრებსა თუ ხელისგულის ქაოსურ ხაზებში ეძიო გონივრული აზრი… ისინი დასაშვებად მიიჩნევენ, რომ იმათ, ვინც წერა მოიგონა, ოცდახუთი ბუნებრივი ნიშნის იმიტაცია შექმნეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამტკიცებენ, რომ მათი გამოყენება შემთხვევითია, ხოლო თავისთავად წიგნებს არავითარი დანიშნულება არ გააჩნიათ. როგორც მალე ვნახავთ, ასეთი შეხედულება საფუძველს არ არის მოკლებული).

კარგა ხანს მიაჩნდათ, რომ წიგნები, რომელთა წაკითხვაც შეუძლებელია, დაწერილი უნდა ყოფილიყო ძველ ან ეგზოტიკურ ენებზე. მართლაც, ძველი ადამიანები, პირველი ბიბლიოთეკარები, იყენებდნენ ენას, რომელიც ახლანდლისგან ძალიან განსხვავდება; ისიც მართალია, რომ მარჯვნივ რამდენიმე მილის დაშორებით დიალექტზე ლაპარაკობენ, ხოლო ოთხმოცდაათი სართულით მაღლა სრულიად გაუგებარ ენაზე მეტყველებენ. ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ უცვლელი MCV-თ გავსებული ოთხას ათი გვერდი არ შეიძლება რაიმე ენას შეესაბამებოდეს, თუნდაც დიალექტს, ან უძველესს, რაოდენ პრიმიტიულიც უნდა იყოს იგი. ერთნი თვლიდნენ, რომ ყოველ ასოს შესწევს ძალა, მის შემდგომ ასოზე გავლენა მოახდინოს და რომ MCV ასოების მნიშვნელობა, 71-ე გვერდის მესამე სტრიქონში არ ემთხვევა სხვა გვერდზე იმავე თანმიმდევრობით მიყოლებული ასოების მნიშვნელობას, მაგრამ ამ ბუნდოვან თეზისს წარმატება არ მოჰყოლია. სხვებს მიაჩნდათ, რომ საქმე ჰქონდათ კრიპტოგრაფიასთან; ეს ვარაუდი საყოველთაოდ აღიარეს, თუმცა, არა იმ მნიშვნელობით, რაც მასში ამ აზრის მქონეთ ჰქონდათ ჩადებული.

ხუთასი წლის წინ ერთ-ერთი უმაღლესი ექვსკუთხედის გამგებელი[4] დანარჩენებივით აბურდულ წიგნს გადააწყდა, თუმცა მასში ერთნაირი სტრიქონებით შევსებული თითქმის ორი გვერდი იპოვა. თავისი ეს აღმოჩენა მოხეტიალე გამშიფვრელს უჩვენა, რომელმაც განაცხადა, ტექსტი პორტუგალიურადაა დაწერილიო; სხვები ეუბნებოდნენ, პორტუგალიური კი არა, იდიშიაო. საუკუნეც არ იყო გასული, როდესაც ენა განსაზღვრეს: გუარანის სამოედურ-ლიეტუვური დიალექტი, რომელსაც კლასიკური არაბულის გავლენა ეტყობოდა. შესაძლებელი გახდა შინაარსის ამოკითხვაც: იგი აღმოჩნდა შეჯერებული ანალიზის ცნებები, ილუსტრირებული უსასრულოდ გამეორებადი ვარიანტების მაგალითებით. ამ მაგალითებმა გენიალურ ბიბლიოთეკარს საშუალება მისცა, ბიბლიოთეკის მთავარი კანონი აღმოეჩინა. ამ მოაზროვნემ შენიშნა, რომ ყველა წიგნი, რაოდენ განსხვავებულიც უნდა ყოფილიყო ისინი ერთმანეთისაგან, ერთი და იმავე ელემენტებისგან – ჰაერის, ასოების, წერტილების, მძიმეებისა და ანბანის ოცდაორი ასოსაგან შედგებოდა. მანვე დაასაბუთა მოვლენა, რომელიც ყველა მოგზაურმა დაადასტურა: მთელ ამ უკიდეგანო ბიბლიოთეკაში ორი ერთნაირი წიგნი არ მოიპოვებოდა. ამ უტყუარი დაშვებიდან კი ისიც დაასკვნა, რომ ბიბლიოთეკა ყოვლისმომცველია და მის თაროებზე ოცდარამდენიღაც რაოდენობის ორთოგრაფიული ნიშნების ყველა შესაძლო კომბინაციაა წარმოდგენილი, თანაც ყველა ენაზე (მათი რაოდენობა, მართალია, დიდია, მაგრამ არა უსასრულო), ანუ კომბინაცია ყველაფრისა, რის გამოხატვაც კი საერთოდ შეიძლება. ყველაფერში იგულისხმება: მომავლის გამოწვლილვითი ისტორია, მთავარანგელოზთა ავტობიოგრაფიები, ბიბლიოთეკის უტყუარი კატალოგი, ათასობით ყალბი კატალოგი, მტკიცება ამ კატალოგების სიყალბისა, მტკიცება უტყუარი კატალოგის სიყალბისა, ბასილიდესის გნოსტიკური სახარება, კომენტარები ამ სახარების შესახებ, კომენტარები ამ სახარების კომენტარებზე, სიმართლე შენს სიკვდილზე, ყოველი წიგნის თარგმანი ყველა ენაზე, ყოველი წიგნის ინტერპოლაცია ყველა წიგნში, ტრაქტატი, რომელიც შეიძლებოდა ღირს ბედას დაეწერა (მაგრამ არ დაწერა) საქსების მითოლოგიაზე, ტაციტუსის დაკარგული შრომები[5]

როდესაც გაირკვა, რომ ბიბლიოთეკა ყველა წიგნს მოიცავდა, პირველი შეგრძნება უსაზღვრო სიხარული იყო. ყოველ ადამიანს თავი იდუმალი და ხელშეუხებელი განძის მფლობელად მიაჩნდა. არ არსებობდა საჭირბოროტო საკითხი, არც პირადი, არც მსოფლიო მნიშვნელობისა, რომელსაც რომელიმე ექვსკუთხედში გადაჭრის დამაჯერებელი გზები არ მოეძებნებოდა. სამყარომ აზრი შეიძინა და უეცრად მოიცვა იმედის უსაზღვრო განზომილებები. იმ დროში ბევრს ლაპარაკობდნენ ვინდიკაციებზე: აპოლოგიებისა და წინასწარმეტყველებების წიგნებზე, რომლებიც სამუდამოდ ამართლებდნენ ყოველი ადამიანის ქმედებას ამქვეყნად და მისი მომავლის შესახებ საოცარ საიდუმლოებებს ინახავდნენ. ათასობით ხარბმა ადამიანმა დატოვა მშობლიური ექვსკუთხედი და ზემოთ მიმავალი კიბეებისკენ დაიძრა აღტყინებული ამაო სურვილით, საკუთარი საქციელის გამართლება მოეძიებინა. ეს პილიგრიმები ხმის ჩახლეჩამდე ეკამათებოდნენ ერთმანეთს ვიწრო კორიდორებში, შავბნელ წყევლებს ანთხევდნენ, ღვთიურ კიბეებზე ერთურთს ახრჩობდნენ, გვირაბებში ისროდნენ მატყუარა წიგნებს და უცხო მხარეთაგან მოსულების ხელით დახოცილები თავადაც იმ გვირაბების უსასრულობაში ცვიოდნენ. ზოგი ჭკუიდანაც იშლებოდა… ვინდიკაციები მართლაც არსებობს (მე ორის ნახვა მოვახერხე, რომლებიც მომავლის ადამიანებს ეხებოდა და, შესაძლოა, ის ადამიანები გამოგონილები სულაც არ იყვნენ), მაგრამ მათ საძებრად წასულებს აღარ ახსოვდათ, რომ ადამიანისთვის თავისი გამართლების, ან საკუთარი თავის რომელიმე მოღალატე ვარიანტის პოვნის ალბათობა ნულის ტოლია.

იმ დროს ჯერ ისევ სჯეროდათ, რომ ფარდა აეხდებოდა კაცობრიობის ორ მთავარ საიდუმლოს: ბიბლიოთეკისა და დროის წარმომავლობას. მართლაც შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამ სერიოზულ საიდუმლოებათა ახსნა სიტყვებს ხელეწიფებოდეთ: თუკი ამ მიზნის მისაღწევად ფილოსოფოსების ენა არ იკმარებს, აუცილებელ, ადრე არარსებულ ენას, ლექსიკონებითა და გრამატიკით, თავად მრავალმხრივი ბიბლიოთეკა შექმნის.

აი, უკვე ოთხასი წელია, რაც ადამიანები ექვსკუთხედებში დაეხეტებიან… არსებობენ ოფიციალური მკვლევრები, ინკვიზიტორები. მე მომიხდა ნახვა, თუ როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობას: მოდიან ყოველთვის დაღლილები; ახსენებენ კიბეს, რომელსაც საფეხურები არ გააჩნია და სადაც კინაღამ დაიმტვრნენ, ბიბლიოთეკარს ესაუბრებიან გალერეებსა და კიბეებზე, დროდადრო რომელიმე, სიახლოვეს მდებარე წიგნს მოიხელთებენ, ფურცლავენ და შიგ სამარცხვინო სიტყვების ძებნას იწყებენ. მაგრამ აშკარაა, რომ არავის აქვს იმედი რაიმეს პოვნისა.

იმედების ხანა, როგორც ხდება ხოლმე, უსაშველო სასოწარკვეთილებამ შეცვალა. აუტანელი აღმოჩნდა იმ აზრთან შეგუება, რომ სადღაც, რომელიღაც ექვსკუთხედის რომელიღაც თაროზე ძვირფასი წიგნი იდო, მაგრამ მისი პოვნა შეუძლებელი იყო. ერთი ღვთისმგმობი სექტა მოუწოდებდა ყველას, შეეწყვიტათ ძიება და ასო-ნიშნები იმდენ ხანს ეადგილებინათ, სანამ წარმოუდგენელი შემთხვევითობის წყალობით კანონიკური წიგნები არ შეიქმნებოდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, მკაცრი ზომები მიეღო. სექტამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ ბავშვობაში მინახავს, როგორ იკეტებოდნენ დიდი ხნით მოხუცები ტუალეტებში და როგორ ამაოდ ცდილობდნენ, აკრძალვის მიუხედავად, კამათლების გორებით შეექმნათ ღვთაებრივი უწესრიგობის იმიტაცია.

ზოგიერთებს, პირიქით, მიაჩნდათ, რომ უპირველეს ყოვლისა, უსარგებლო წიგნები უნდა გაენადგურებინათ. რომელიმე ექვსკუთხედში შეიჭრებოდნენ, საშვს ააფრიალებდნენ, რომელიც ყოველთვის ყალბი როდი იყო, გაღიზიანებით ფურცლავდნენ წიგნებს და მთელ თაროებს ანადგურებდნენ: ამგვარ ჰიგიენურ, ასკეტურ აღტყინებას უაზროდ შეეწირა მილიონობით წიგნი. ანათემას გადაეცა გამანადგურებელთა სახელები, მაგრამ, ვინც სიგიჟის ამ გამოხატულებით სამუდამოდ დაკარგულ „განძს“ დასტირის, ორი უტყუარი რამ ავიწყდება. პირველი: ბიბლიოთეკა იმდენად უკიდეგანოა, რომ ადამიანის ხელით მიყენებული ნებისმიერი დანაკლისი უსასრულოდ მცირე იქნება. მეორე: ყოველი წიგნი უნიკალურია, შეუცვლელი, მაგრამ (რადგან ბიბლიოთეკა ყოვლისმომცველია) არსებობს ასიათასობით არასრულყოფილი ასლი: წიგნები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ თითო ასოთი ან მძიმით განსხვავდება. მიუხედავად საყოველთაოდ მიღებული აზრისა, თავს უფლებას მივცემ, განვაცხადო, რომ გამანადგურებელთა ქმედების შედეგი გადაჭარბებულია იმ შიშის გამო, რომელიც ამ ფანატიკოსებმა გამოიწვიეს. მათ ამოძრავებდათ შეშლილი სურვილი, მოეხელთებინათ სისხლისფერი ექვსუთხედის წიგნები: ჩვეულებრივზე მცირე ზომის ტომები , ყოვლისშემძლე, ხელდასხმული, მაგიური.

ცნობილია იმ დროის სხვა ცრურწმენაც: ადამიანი-წიგნის არსებობა. რომელიღაც ექვსკუთხედის რომელიღაც თაროზე (როგორც თვლიდნენ) ნამდვილად უნდა არსებულიყო წიგნი, რომელშიც ყველა დანარჩენის არსი და დედააზრი იქნებოდა დაუნჯებული: ის წიგნი ერთ ბიბლიოთეკარს წაუკითხავს და ღმერთის სადარი გამხდარა. იმ მხარის ენაში დღემდეა შემონახული შორეულ დროთა იმ მუშაკის კულტის გადმონაშთები. ბევრი დაიძრა მის მოსაძებნად. სხვადასხვა მხარეს ეს უშედეგო ძიება მთელ საუკუნეს გაგრძელებულა. როგორ უნდა განესაზღვრათ სად მდებარეობდა ის საიდუმლო ექვსკუთხედი, სადაც ადამიანი-წიგნი სუფევდა? ვიღაცამ რეგრესული მეთოდი წამოაყენა: წიგნი A რომ ვიპოვოთ, ამისათვის წინასწარ წიგნ B-ს უნდა მივმართოთ, რომელიც A-ს ადგილმდებარეობას მიგვანიშნებს; წიგნი B-ს საპოვნელად ჯერ წიგნი C უნდა მოვიძიოთ, და ასე უსასრულობამდე. … აი, ასეთ ძიებებში დავხარჯე და გავლიე ცხოვრების წლები. დაუჯერებლად სულაც არ მეჩვენება, რომ სამყაროს რომელიღაც თაროზე იდოს წიგნი, რომელიც ყოვლისმომცველი იქნება[6]; უცნობ ღმერთებს ვევედრები, რომ ადამიანს, თუნდაც ერთს, თუნდაც ათასი წლის შემდეგ, მიეცეს საშუალება იპოვოს და წაიკითხოს სანუკვარი ფოლიანტი. თუკი ამის პატივი, სიბრძნე და ბედნიერება ჩემთვის არ უბოძებიათ, დაე, სხვას მაინც ეღირსოს. დაე, არსებობდეს სამოთხე, თუნდაც ჩემი ადგილი ჯოჯოხეთში იყოს, დაე, მე ვიყო დამცრობილი და იმედდაშრეტილი, ოღონდ წამით მაინც, თუნდაც ერთ არსებაში გამართლდეს შენი უზარმაზარი ბიბლიოთეკა.

ურწმუნონი გაიძახიან, ბიბლიოთეკისთვის უაზრობა ჩვეულებრივი რამაა,  გონივრულობა კი (ან თუნდაც ოდნავი და უბრალო აზრის თანმიმდევრულობა) – ლამის სასწაულებრივი გამონაკლისიო. იმასაც ამბობენ (ვიცი), რომ არსებობს „მგზნებარე ბიბლიოთეკა, სადაც შემთხვევით შერჩეული ტომები გაუთავებელი პასიანსით სხვა ტომებად გადაიქცევიან და მათში ხან დასტურდება, ხან უარიყოფა ყველაფერი, რასაც ადრე ამტკიცებდნენ, ან ერთმანეთში ურევენ, როგორც ეს ღვთაებრივ ბოდვას სჩვევია“. ასეთი სიტყვები, რომლებიც არა მხოლოდ ააშკარავებენ უწესრიგობას, არამედ მის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენენ, აშკარად ცუდი გემოვნებისა და გამოუსწორებელი უვიცობის დასტურია. სინამდვილეში ბიბლიოთეკა ყველა ვერბალურ სტრუქტურას მოიცავს, ყველა ვარიანტს, რომლებიც ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლოთი შეიძლება იქნეს შედგენილი, მაგრამ არა აბსოლუტურ უაზრობას. ალბათ არ ღირს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩემს გამგებლობაში არსებული მრავალი ექვსკუთხედის საუკეთესო წიგნს „დავარცხნილი ჭექა-ქუხილი“ ეწოდება, მეორეს – „თაბაშირის კრუნჩხვა“, მესამეს – Axaxaxas mlö. ეს სახელწოდებები ერთი შეხედვით ერთმანეთს არ უკავშირდება, მაგრამ მათ უეჭველად შეიძლება ჰქონდეთ კრიპტოგრაფიული ან ალეგორიული საფუძველი; ეს საფუძველი ვერბალურია და ბიბლიოთეკაში ex hypothesi[7] იარსებებს. როგორი ასოშეთანხმებაც უნდა დავწერო

dhcmrlchtdj

ღვთაებრივი ბიბლიოთეკა მას უთუოდ გაითვალისწინებდა და რომელიმე იდუმალ ენაზე რაღაც თავზარდამცემი აზრის მატარებელი იქნება.  ხოლო ნებისმიერის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი მარცვალი, ენათაგან რომელიმეზე სინაზისა და შიშის, ან ღმერთის ძლევამოსილი სახელის აღმნიშვნელი აღმოჩნდება. ლაპარაკი ტავტოლოგიაში ჩაფვლას ნიშნავს. ეს ჩემი სიტყვაუხვი და უსარგებლო გზავნილიც სადმე უკვე არსებობს უთვალავი ექვსკუთხედთან რომელიმე კედლის ხუთ თაროზე განთავსებული ოცდაათი ტომიდან რომელიმეში, როგორც არსებობს მისი გაბათილებაც (შესაძლო ენების N რაოდენობა სიტყვების ერთსა და იმავე მარაგს იყენებს; ზოგიერთში სიმბოლო „ბიბლიოთეკა“ მის ზუსტ განსაზღვრებას გვაძლევს – „ ყოვლისმომცველი და მარადიული სისტემა ექვსკუთხა გალერეებისა“, მაგრამ, ამასთან, „ბიბლიოთეკა“ შეიძლება ნიშნავდეს „პურს“, ან „პირამიდას“, ან ნებისმიერ სხვა საგანს, და შვიდი სხვადასხვა მნიშვნელობიდან ყველას თავისი ღირებულება ექნება. შენ, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობ, დარწმუნებული ხარ, რომ გესმის ჩემი ენა?).

წერის ჩვევას ჩემი ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს და ვეღარ ვამჩნევ, რა მდგომარეობაში არიან ახლა ადამიანები. რწმენა იმისა, რომ ყველაფერი უკვე დაწერილია, გვანადგურებს და თავზარს გვცემს. არსებობს ადგილები, სადაც ახალგაზრდები წიგნებს ეთაყვანებიან და წარმართთა აღტყინებით ეამბორებიან ფოლიანტებს, არადა ერთი ასოს წაკითხვაც კი არ ხელეწიფებათ. ეპიდემიებმა, ერეტიკულმა განხეთქილებებმა, პილიგრიმობამ, რაც გარდაუვალად გარდაისახება ხოლმე ყაჩაღობად, ერთიათად შეამცირეს მოსახლეობა. მგონი, თვითმკვლელობაზე უკვე ვილაპარაკე, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო ხშირი ხდება. შესაძლოა, შიში და სიბერე თავგზას მიბნევს, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, რომ ადამიანთა მოდგმას – ერთადერთს – გადაშენება ემუქრება, ბიბლიოთეკა კი ისევ იარსებებს: გასხივოსნებული, უკაცური, უსასრულო, სრულიად უმოძრაო, სავსე ძვირფასი ტომებით, უმაქნისი, უხრწნელი, იდუმალი.

ეს-ესაა უსასრულო-მეთქი დავწერე. ეს სიტყვა რიტორიკისადმი სიყვარულის გამო არ მიხმარია; ვფიქრობ, სრულიად ლოგიკურია, ჩაითვალოს, რომ სამყარო დაუსრულებელია. ისინი კი, ვისაც იგი სასრულად მიაჩნია, უშვებენ, რომ სადღაც, რომელიღაც შორეულ მხარეში კორიდორები, კიბეები და ექვსკუთხედები შეიძლება გაურკვეველი მიზეზით დამთავრდეს. აბსურდულია ასეთი წარმოდგენა. ვისაც ბიბლიოთეკა უსაზღვროდ მიაჩნია, ავიწყდება, რომ შესაძლო წიგნთა რაოდენობა შეზღუდულია. ვბედავ ვივარაუდო, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ  უძველესი თავსატეხის გადაჭრის გზა: ბიბლიოთეკა უსაზღვროა და პერიოდული. მარადიული მგზავრი გზას რომ დასდგომოდა რომელიმე მიმართულებით, საუკუნეთა შემდგომ დარწმუნდებოდა, რომ ერთი და იგივე წიგნები ერთი და იმავე უწესრიგობით იწყებენ გამეორებას (რაც, რადგან მეორდება, წესრიგად იქცევა: წესრიგად) ეს მოხდენილი იმედი ალამაზებს ჩემს მარტოსულობას.[8]

მარ დელ პლატა, 1941 წ.

 

 

[1] ეს ხელოვნება გიხსნის გზას, ჭვრიტო, რამდენი ძალუძს 23 ასოს… („მელანქოლიის ანატომია“. ნაწ. 2 სექტ. 2 მ. 4 ავტ. რობერტ ბარტონი)

 

[2] მარადიულად (ლათ.)

[3] თავდაპირველი ხელნაწერი ციფრებსა და ასომთავრულ ასოებს არ შეიცავს. პუნქტუაცია შეზღუდულია და მხოლოდ მძიმე და წერტილია გამოყენებული. ეს ორი ნიშანი, ჰაერი და ანბანის ოცდაორი ასოა ის ოცდახუთი სიმბოლო, რომლებიც უცნობს აქვს ნახსენები (ავტ. შენიშვნა).

[4] წინათ ყოველ სამ ექვსკუთხედზე ერთი ადამიანი მოდიოდა. ეს პროპორცია თვითმკვლელობებმა და ფილტვების დაავადებებმა დაარღვია. უთქმელი მელანქოლიის მოგონებები: ხანდახან უამრავ ღამეს ვატარებდი გალაქულ კორიდორებსა და კიბეებზე მოგზაურობაში ისე, რომ ერთი ბიბლიოთეკარიც კი არ მხვდებოდა. (ავტ. შენიშვნა)

[5] ტაციტუსის ანალებიდან ჩვენამდე სრულად მოღწეულია მხოლოდ 1-4, 12-16 წიგნები, ხოლო 5,6, და 11 – ნაწილობრივ (მთარგმნ. შენ.).

 

[6] ვიმეორებ: საკმარისია, რომ წიგნის არსებობა იყოს შესაძლებელი. მხოლოდ შეუძლებლობაა გამორიცხული; მაგალითად, არ შეიძლება არცერთი წიგნი კიბე იყოს, თუმცა, ცხადია, არის წიგნები, რომლებშიც ბჭობენ, უარყოფენ ან ასეთ ვარიანტსაც წარმოადგენენ, არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთა სტრუქტურა კიბისას შეესაბამება. (ავტ. შენიშვნა)

[7] სავარაუდოდ (ლათ.)

[8] ლეტისია ალვარეს დე ტოლედომ შენიშნა, რომ უზარმაზარი ბიბლიოთეკა უსარგებლოა; მკაცრად რომ ვთქვათ, საკმარისი იქნებოდა ერთი წიგნი, ჩვეულებრივი ფორმატისა, ცხრა ან ათი საზომით დაბეჭდილი, რომელიც უსასრულო რაოდენობის უსასრულოდ თხელი ფურცლებისგან იქნებოდა შემდგარი. როგორც კავალიერიმ განაცხადა XVII საუკუნის დასაწყისში, ყოველი მყარი სხეული უსასრულო რაოდენობის თხელ სიბრტყეთა ჯამს წარმოადგენს. ასეთი აბრეშუმისებრი წიგნის ხმარება მოსახერხებელი არ იქნებოდა: ყოველი ფურცელი თავისივე მსგავს ფურცლებად დაიშლება; და მოუხელთებელ შუა ფურცელს უკანა მხარე არასოდეს ექნება. (ავტ. შენიშვნა)

© არილი

Facebook Comments Box