ჰორას ენგდალი თანამდებობას ტოვებს
ჰორას ენგდალი, მწერალი და კრიტიკოსი, 1999 წლიდან ნობელის კომიტეტის უცვლელი მდივანი, 2009 წლის ივნისში თავის პოსტს დატოვებს. მის მოვალეობაში სხვა დანარჩენთან ერთად ასევე შედიოდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადებაც. მის თანამდებობას ივნისიდან 51 წლის ისტორიკოსი პეტერ ენგლუნდი დაიკავებს – შვედეთის სამეფო აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. თეორიულად აკადემიის მდივნის პოსტი მისი მფლობელისათვის მუდმივია, თუმცა კი პრაქტიკაში არ არის გამორიცხული, რომ მდივანმა თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა, როგორც ეს ენგდალმა გააკეთა. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს, მეტი დრო დაუთმოს სამწერლო საქმიანობას და ბერლინის კაფეებს – გერმანიის დედაქალაქში ამჟამად მისი მეუღლე ცხოვრობს. ენგდალმა ასევე აღნიშნა, რომ მუდმივი მდივნის პოსტი – ეს ვალდებულებების დიდი დოზაა, ასე რომ, ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო.
პრუსტი ისევ იყიდება
ლიტერატურული რარიტეტების აუქციონმა Sotheby’s-მა, რომელიც 2008 წლის დეკემბერში პარიზში გაიმართა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარსელ პრუსტის რელიკვიებზე ისევ დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა. მწერლის ჯიბის ოქროს საათი, რომელიც 2000 ევროდ იყო შეფასებული, 60 ათასად გაიყიდა, მედალიონი კი, რომელშიც ავტორის თმა იყო ჩატანებული – 12 ათას ევროდ. აღნიშნული ნივთების მყიდველები კი რიგითი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც, უბრალოდ, პრუსტის შემოქმედების თაყვანისმცემლები არიან. ასევე ცეცხლის ფასად გადავიდა ახალი მფლობელების ხელში მწერლის შვიდსტროფიანი ლექსი და ყავის ლაქით შემკობილი ჩანაწერი. ალენ რენე, Sotheby’s ვიცე-პრეზიდენტი, სულაც არ თვლის მოულოდნელად აუქციონის ამგვარ წარმატებას და აღნიშნავს, რომ პრუსტი – ეს ჯადოსნური სახელია, და მასთან დაკავშირებულ ნივთებს ყოველთვის ეყოლება მყიდველი, იმისდა მიუხედავად, იქნება კრიზისი თუ – არა. აუქციონის მოგებამ 1,58 მილიონი ევრო შეადგინა.
ლონდონში უილიამ ბლეიქის გამოფენა გაიმართება
2009 წლის აპრილში ლონდონის გალერეა Tate უილიამ ბლეიქის გამოფენას გახსნის. გამოფენაზე პოეტისა და მხატვრის ის ტილოები იქნება გატანილი, რომლებიც მხოლოდ 1809 წელს მის პერსონალურ გამოფენაზე იხილა აუდიტორიამ. მაშინდელი კოლექციის 16 ნამუშევრიდან ჩვენამდე მხოლოდ 11-მა მოაღწია. მათგან 9 დანამდვილებით იქნება წარმოდგენილი Tate-ში, დანარჩენი ორი კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, არ არის გამორიცხული, გლაზგოს პოლოკ-ჰაუს მუზეუმში დარჩეს. თავის დროზე ბლეიქმა გამოფენა ძმის სახელოსნიში, ლონდონის რაიონ სოჰოში მოაწყო, თუმცა, მაშინ ავტორს იმედგაცრუება ხვდა წილად – მისი პროექტი ფართო აუდიტორიის მიერ შეუმჩნეველი დარჩა, გაზეთებში კი მის შესახებ მხოლოდ კრიტიკული წერილები დაიბეჭდა. პირველი წარუმატებლობის შემდეგ ბლეიქმა პრაქტიკულად გაწყვიტა პუბლიკასთან ყველანაირი კავშირი და თავისი ცხოვრების შემდეგი ათწლეულიც სიღარიბესა და მარტოობაში გაატარა.
ვიქტორ ჰიუგოს რომანი გრძელდება
პარიზის სააპელციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ვიქტორ ჰიუგოს რომანს – “საბრალონის” თანამედროვე გაგრძელება უკვე ლეგალურად გამოიცემა. საჩივარი ჰიუგოს ნათესავებმა გამომცემლობა Plon-ისა და მწერალ ფრანსუა სერესას წინააღმდეგ შეიტანეს, რომლებმაც ორი რომანი გამოსცეს “საბრალონის” მოტივებზე. 2001 წელს დაბალი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ავტორის მორალური უფლებების დარღვევაში, თუმცა კი ავტორმა და გამომცემლობამ საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, რახან ჰიუგოს რომანი უკვე არაერთხელ იქნა ადაპტირებული თეატრსა და კინოში, ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ ეს ლიტერატურაშიც მოხდება. გარდა ამისა, ჰიუგოს ნათესავებს მწერლისა და გამომცემლობის მორალური ზარალის კომპენსაციისათვის 10 ათასი ევრო დაეკისრათ ჯარიმად.
ელიოტის პრემიის ახალი ლაურეატი
ჯენ ჰეფილდი თომას სტერნზ ელიოტის სახელობის პრესტიჟული ბრიტანული პრემიის ლაურეატი გახდა. მან ჯილდო თავისი მეორე პოეტური კრებულისათვის – “Nigh-No-Place” _ მიიღო. პრემიის ჟიურის თავმჯდომარემ, ენდრიუ მოუშნმა, ჰეფილდს საოცრად ორიგინალური ავტორი უწოდა, რომელიც თავისი შემოქმედების დასაწყისში უკვე ავლენს საკმაოდ დიდ პოტენციალს. პოეტი ამჟამად შეთლენდის კუნძულებზე ცხოვრობს, მისი კრებული კი, როგორც იგი თვითონ აღნიშნავს, კანადასა და შოტლანდიაში მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებების გალენითაა დაწერილი. თომას სტერნზ ელიოტის სახელობის პრემია 15 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვან პოეტურ ჯილდოდ ითვლება. მისი ლაურეატები იყვნენ ტედ ჰიუზი, დონ პატერსონი, შეიმუს ჰინი, კეროლ ენ დაფი.
ჰემინგუეის არქივი ციფრული ფორმატში
გაზეთ Latin American Herald Tribune-ის ცნობით, ერნესტ ჰემინგუეის პირადი არქივის 3000-ზე მეტი საბუთი მალე ციფრულ ფორმატში გადავა. მათს შორისაა “მოხუცი და ზღვის” სცენარი ფილმისათვის და რომანის, “For Whom The Bells Ring”-ის ეპილოგი. აღნიშნული დოკუმენტები ადრე არსად ყოფილა გამოქვეყნებული. ციფრულ ტექსტებს შორის იქნება ასევე საბუთები, რომლებიც უკავშირდებიან ჰემინგუეის ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ გერმანული წყალქვეშა ნავები მეორე მსოფლიო ომის დროს სამხრეთ კუბის სანაპიროდან იმართებოდა. არქივი, რომლის კუთვნილებაც აღიშნული დოკუმენტებია, სახლ-მუზეუმში, სახელად “ფინკა ვიხია” (“Finca Vigia”) ინახება. სწორედ ამ სახლში, ჰავანიდან ჩრდილოეთით, ცხოვრობდა ჰემინგუეი 1939-1960 წლებში. გარკვეული დროის შემდეგ ციფრული არქივით სარგებლობის უფლება ბოსტონის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ექნებათ, მომსახურება უფასო იქნება.
ვინი პუჰი და მისი მეგობრები ბრუნდებიან
ბრიტანულმა გამომცემლობა Egmont Publishing-მა საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ 2009 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე ვინი პუჰის თავგადასავლის გაგრძელება გამოჩნდება. წიგნი, რომლის სახელწოდებაც უკვე ცნობილია – “დაბრუნება ასაკროვან ტყეში” (“Return to the Hundred Acre Wood”), 83 წლის წინ ალან მილნის მიერ დაწერილი ვინისა და მისი მეგობრების თავგადასავლის პირველი ოფიციალური გაგრძელება იქნება. ვინი პუჰის ახალი ისტორიების ავტორი დევიდ ბენედიქტუსი იქნება, სწორედ მას ეკუთვნის სცენარი მილნის აუდიოწიგნისათვის. გამოცემის მხატვრული გაფორმება კი მარკ ბერჯესს ანდეს, რომელმაც ადრე უკვე შექმნა ილუსტრაციები წიგნისათვის, სადაც ვინისა და დათუნია პადინგტონზეა მოთხრობილი.
თომას ბერნჰარდის ავტობიოგრაფია გერმანიაში გამოიცემა
გერმანულმა გამომცემლობა Suhrkamp-მა ავსტრიელი დრამატურგის, თომას ბერნჰარდის (1931-1989) აქამდე გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიული ტექსტი გამოსცა. წიგნს “ჩემი ჯილდოები” (“Meine Preise”) ჰქვია და 140 გვერდს მოცავს. პირველი გამოცემა, რომლის ტირაჟსაც 20 ათასი ეგზემპლარი შეადგენს, მწერლის გარდაცვალების ოცი წლის თავს მიეძღვნა. ავტობიოგრაფიული ტექსტის სათაური იმ მრავალრიცხოვან პრემიებსა და ჯილდოებს უკავშირდება, რომელთა მფლობელიც ბერნჰარდი 1979 წლამდე გახდა. მაშინ მწერალი ამტკიცებდა, რომ ამ ჯილდოების მიღება მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მათი მატერიალურ-მერკანტილური მხარეები. გამომცემლის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ბერნჰარდმა წიგნის წერა 1980 წელს დაამთავრა, თუმცა კი ანდერძში მიუთითა, მისი გამოუქვეყნებელი ტექსტები ავსტრიაში არ გამოეცათ.
ქენძაბურო ოე – ჩინური ლიტერატურული პრემიის ლაურეატი
იაპონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქენძაბურო ოე, ჩინეთის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა საკუკეთესო საზღვარგარეთული რომანისათვის. მწერალმა ჯილდო წიგნისათვის “მშვენიერ ანაბელ ლის ქარმა დაუბერა და მოკლა” (“Routashi Anaberu ri souke dachitu mimakaritu”) _ მიიღო, რომელიც იაპონიაში 2007 წელს გამოიცა. დაჯილდოების ცერემონიალზე მწერალმა თავისი წიგნიდან ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია ამ პრემიით განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისაგან, სადაც მკითხველი საკმაოდ პრეტენზიულია თანამედროვე ლიტერატურის მიმართ. ოე პირველი იაპონელი ავტორია 2000-იანი წლების შემდეგ, რომელმაც ჩინური ლიტერატურული პრემია მიიღო.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”