Orange Broadband Prize-ის ფინალისტთა სია
გამოქვეყნდა Orange Broadband Prize-ის პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე ნომნირებულთა საბოლოო სია. ჯილდო, რომელიც 1996 წელს დაარსდა, გადაეცემა ქალ მწერალს ინგლისურ ენაზე დაწერილი პროზაული ნაწარმოებისთვის. 30 ათასი ფუნტი სტერლინგისათვის წელს ექვსი ფინალისტი იბრძოლებს, გამარჯვებული კი 4 ივნისს ლონდონში, Royal Festival Hall-ში დასახელდება. ნომინანტთა შორის არიან როუზ ტრემეინი (2004 წლის Orange Broadband Prize-ის მფლობელი) და ნენსი ჰასტონი. ასევე დებიუტანტები – სეიდი ჯონსი, ჰეზერ ო’ნილი და პატრიშა ვუდი. 2007 წელს Orange Broadband Prize-ის ლაურეატი ნიგერიელი მწერალი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩე გახდა.
უილიამ შექსპირის მოგზაურობა იტალიაში
ვენეციის უნივერსიტეტის Universita Ca Foscari di Venezia-ს ლექტორმა, შაულ ბასიმ, და მისმა თანაავტორმა ალბერტო ტოსო ფეიმ, გამოსცეს წიგნი “შექსპირი ვენეციაში” (“Shakespeare a Venezia”), სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანელი დრამაურგი ნამყოფი იყო იტალიაში. ბასი და ტოსო დარწმუნებულები არიან, რომ შექსპირის პიესებში დეტალების მთელი რიგი ადასტურებს მათი ავტორის უშუალო შეხებას ამ ქვეყნის გეოგრაფიასა და წეს-ჩვეულებებთან. მათი აზრით, მართალია, მხოლოდ რიალტოს ხიდის ხსენება ვერ იქნება ბრიტანელი დრამატურგის ვენეციაში ყოფნის საბუთი, მაგრამ გვარი გობო, რომლითაც შექსპირი ლანჩელოტის მოსამსახურეს მოიხსენიებს, ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ავტორს ნანახი ჰქონდა კუზიანი კაცის ფიგურა, რომელიც რიალტოს ხიდზე დგას და რომელსაც “Il Gobbo di Rialto” ჰქვია. ლიტერატურათმცოდნეები და ისტორიკოსები კი აქამდე არანაირ დოკუმენტურ მასალას არ ფლობენ იმის შესახებ, დატოვა თუ არა შექსპირმა ერთხელ მაინც ინგლისის საზღვრები. თვლიან, რომ იტალიის, დანიისა და სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციებს მას სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა ვაჭრები და დიპლომატები აწვდიდნენ.
საუდის არაბეთი – ლონდონის წიგნის ბაზრობის სტუმარი
ლონდონში ყოველწლიური წიგნის ბაზრობა გაიხსნა. ბაზრობაზე მსოფლიოს 62 ქვეყნის სხვადასხვა გამომცემლობაა წარმოდგენილი, წლის ფოკუსში კი არაბული ლიტერატურაა. მარტო შაუდის არაბეთიდან 40-მდე ლიტერატორი და გამომცემელი სტუმრობს ლონდონს. პრეზენტაციებსა და მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ ღონისძიებებში მონაწილებობას მიიღებენ ეგვიპტელი მწერლები ბაჰაა თაჰერი და ალაა ალ-ასვანი, პალესტინელი ლიტერატურათმცოდნე ფასლან დარაკი, პოპულარული ლიტველი პროზაიკოსი ჰიშამ მათარი, მწერალი არავიი რაჯა საუდის არაბეთიდან. ბრიტანულმა საბჭომ სპეციალური ინტერნეტ-საიტიც კი შექმნა თანამედროვე არაბული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის. ბაზრობის ფარგლებში დადგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ცნობილი ბრიტანელი ავტორები – ბლეიკ მორისონი, ტონი პარსონსი, როდერიკ გორდონი და ბრაიან უილიამსი. პავილიონები ერლს-კორტის (Earls Court) ტერიტორიაზეა განლაგებული.
ფრანც კაფკას სახელობის პრემია ჩეხ მწერალს
ჩეხი მწერალი, ანრნშოტ ლუსტიგი, ფრანც კაფკას სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. ლუსტიგი 1926 წელს დაიბადა ჩეხი ებრაელების ოჯახში. 15 წლის ასაკში იგი გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ჯერ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, შემდეგ – ბუხენვალდში. 1945 წელს მოახერხა გაქცეულიყო მატარებლიდან, რომელსაც ტყვეები დახაუს საკონცენტრაციო ბანაკისაკენ მიჰყავდა და პრაღაში დაბრუნდა. 1968 წელს ლუსტიგმა ჩეხეთი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა 2003 წლიდან იგი ისევ პრაღაში ცხოვრობს. მისი წიგნების დიდი ნაწილიც ფაშისტების ტყვეობაში გატარებული პერიოდის მოგონებების მოტივზეა შექმნილი.
ფრანც კაფკას სახელობის პრემია ყოველ წელს გაიცემა პრაღის ფრანც კაფკას საზოგადოების მიერ. ლაურეატი ჯილდოდ კაფკას მცირე ზომის ქანდაკებას და 10 ათას ამერიკულ დოლარს იღებს. სხვადასხვა წელს ლიტერატურული პრემიის ლაურეატები იყვნენ ჰარუკი მურაკამი, ფილიპ როტი, ელფრიდე იელინეკი და ჰაროლდ პინტერი.
ჯუნოტ დიაზი – 2008 წლის პულიცერის პრემიის მფლობელი
კოლუმბიის უნივერსიტეტმა პულიცერის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ჯილდო ამერიკელმა ავტორმა, ჯუნოტ დიაზმა მიიღო რომანისათვის “ოსკარ ვაოს საოცრად ხანმოკლე ცხოვრება” (“The Brief Wondrous Life of Oscar Wao”). ჯუნოტი 39 წლისაა. იგი 1974 წელს დომინიკის რესპუბლიკიდან ჩავიდა ამერიკაში და ინგლისურად წერა-კითხვაც არ იცოდა. 90-ან წლებში უკვე მან მოთხრობების კრებული “Drown” გამოსცა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.
პრემია განსაკუთრებული დამსახურებისათვის ლეგენდარულ პოეტსა და მუსიკოსს, ბობ დილანს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი 29 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.
პულიცერის პრემია მედია-მაგნატმა ჯოზეფ პულიცერმა (1847-1911) დააწესა, რისთვისაც მან კოლუმბიის უნივერსიტეტს 2 მილიონი დოლარი უანდერძა. პრემია 1917 წლიდან დღემდე ყოველ წელს გაიცემა ლიტერატურის, ჟურნალისტიკისა და ზოგადად კულტურის სფეროში.
ჰარუკი მურაკამი – დოსტოევსკის ეპიგონი
ჰაუკი მურაკამიმ მკითხველს ამცნო, რომ ახალ რომანს წერს, და თანაც ცდილობს, მაგალითი რუსი კლასიკოსისგან, ფიოდორ დოსტოევსკისგან აიღოს. “ახლა ყოველდღე 5-6 საათს ვატარებ საწერ მაგიდასთან. უკვე ორი წელი და რამდენიმე თვეა, რაც ახალ რომანზე ვმუშაობ,” – გაანდო მურაკამიმ საინფორმაციო სააგენტოს – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ეს მათთვის, ვინც მწერლის დამოკიდებულებას იცნობს ჟურნალისტების მიმართ: როგორც წესი, იგი გაურბის მასმედიას. ამჯერად კი 59 წლის მურაკამი გვარწმუნებს, რომ მისი შთაგონება დოსტოევსკია. “ის ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო პროდუტიული ხდებოდა. “ძმები კარამაზოვებიც” მაშინ დაასრულა, როცა უკვე საკმაოდ მოხუცი იყო. მეც იმავეს გაკეთებას ვისურვებდი”. მურაკამი “გიგანტური რომანის” დაწერას აპირებს, რომელიც მსოფლიოს მთელი ქაოსის მომცველი იქნება და მკვეთრად დასახავს მისი განვითარების გზებს. ამჯერად მწერალმა უარი თქვა წერს ინტიმურ მანერაზე და პირველ პირში თხრობაც მესამე პირით შეცვალა.
IMPC-ის ლიტერატურული პრემიის რვა ნომინანტი
გამოცხადდა IMPC-ის ირლანდიურ ლიტერატურულ პრემიაზე ნომინირებულ ფინალისტთა ვინაობა. საბოლოო სია, რომელიც რვა ნომინანტს მოიცავს, მრავალფეროვანია. კონკურსანტთა შორის არიან ირლანდიელი პატრიკ მაკკეიბი, ავსტრალიელი ჰეილ ჯონსი, ესპაელი ჰავიერ სერაკასი, შრი-ლანკელი იასმინ გუნერანტე, ლიბანური წარმოშობის კანადელი რავი ჰაგე, არაბი საიედ კაშუა და იასმინა ჰანდრა, რომლის ფსევდონიმითაც ფრანკო-ალჟირელი მწერალი, მოჰამედ მულესეული წერს. IMPC-ის პრემიაზე ნომინირებულია ასევე რუსი ანდრეი მაკინი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ფრანგულად წერს. ნომინაცია მას წიგნისთვის “ქალი, რომელიც ელოდა” (“La femme qui attendait”) ერგო. გამარჯვებულის ვინაობა 12 ივნისს გახდება ცნობილი.
IMPC-ის პრემია ერთი ლიტერატურული ნაწარმოებისთვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხას მოიცავს – ფულადი პრიზი 100 ათასი ევროა.
კონკურსი წიგნის სასაცილო სათაურებს შორის
ბრიტანულმა ჟურნალმა “The Bookseller”-მა წიგნის ყველაზე სასაცილო სათაურში ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა. ეს წიგნი კი არ მეტი, არც ნაკლები – მამაკაცებთან ურთიერთობის სახელმძღვანელოა, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: “თუ ურთიერთობის გარკვევა გსურთ, პირველ რიგში ეს საკუთარი ფეხებიდან დაიწყეთ” (“If You Want Closure in Your Relationship, Start With Your Legs”). წიგნის ავტორი ყოფილი სუტენიორია, რომელიც ბიგ ბუმის ფსევდონიმით წერს. კონკურსის ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ასევე შემდეგი სათაურები: “როგორ დავწეროთ წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ ვწეროთ”, “არიან თუ არა ქალები ადამიანები? და სხვა ზოგადსაკაცობრიო კვლევები”, “არ მასვენებს სიყვარულის პიგმეური ღმერთი”. წელს პრემიას 30 წლის იუბილე აქვს, რასთან დაკავშირებითაც გამომცემლობა Aurum Press-ი საშობაოდ სპეციალური გამოცემის დაბეჭდვას გეგმავს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“