რეცენზია (თარგმანი)

ახალი კანონი: ჟოზე სარამაგუს ,,სიბრმავე”

(ციკლიდან ,,ახალი კანონი’’, რომელიც 1985 წლიდან დღემდე გამოქვეყნებულ მხატვრულ ლიტერატურას მოიცავს)

ავტორი: ტედ ჯოია

 

მწერლები დიდი ხანია, დაინტერესებულები არიან იმით, თუ როგორ იქცევიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანები. კერძოდ, სოციალური კოლაფსის ფონით, რომლის პირობებშიც ქცევის ჩვეულებრივი წესები არ ,,მუშაობს’’.  თანამედროვე ლიტერატურა თავის ყველაზე მთავარ შეკითხვას უბრუნდება: ,,რა მოხდება თუ…’’. ჩვენ სწორედ ამ ,,თუ’’-ს ბუნების გათვალისწინებით ვაფასებთ საკუთარ თავებს და გვაინტერესებს, როგორ მოვიქცევით შუა ომის ეპიცენტრში ან კრიზისის დროს.

უმეტესად, ამ ტიპის ტექსტებში ისეთ უსიამოვნო სიმართლეს ვიგებთ ხოლმე საზოგადოების შესახებ, როგორიც ასახულია უილიამ გოლდინგის ,,ბუზთა ბატონში’’ ან კორმან მაკარტის ,,გზაში’’. შედარებით ნაკლებად გვხვდება ენ პეტჩეტის ,,ბელკანტოს’’ მსგავსი ოპტიმისტური ნარატივი. მასში წარმოდგენილია ტერორისტებისა და მძევლების სახელმწიფოსთან დაპირისპირების პროცესი, რეალურ სამყაროზე გაცილებით იდილიურ პირობებს რომ ასახავს.

ჟოზე სარამაგუს რომანი ,,სიბრმავე’’ უმართავი ეპიდემიის შედეგად გამოწვეული სოციალური კოლაფსის ამბავს ასახავს. ეპიდემიის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი კარგავს მხედველობას. თავდაპირველად, მთავრობა კარანტინს აწესებს, რათა თავიდან აიცილოს ეპიდემიის მოსალოდნელი რისკები, თუმცა ყოველივე მარცხით სრულდება. იწყება ტოტალური რღვევის პროცესი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ინსტიტუციაში. სარამაგუ კატასტროფის ტრაექტორიას რამდენიმე ადამიანის მეშვეობით აკვირდება, რომელთაც მათ წინაშე არსებული წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ.

,,სიბრმავე’’ ესაა რომანი, მითი და იგავი ერთდროულად. უსახელო პერსონაჟებს მხოლოდ ზოგადი მახასიათებლებით ვცნობთ. თხრობის დასაწყისში მანქანის მართვისას უეცრად დაბრმავებულ პიროვნებას ვეცნობით, რომელსაც უცნობი ,,კეთილი სამარიტელი’’ ჯერ სახლში აცილებს, შემდეგ კი მანქანას პარავს. სულ მალე ქურდიც ბრმავდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სიბრმავე ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელია, თუმცა თანდათან  ქურდზე გაცილებით პატიოსანი ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ისინიც ანალოგიურად იტანჯებიან. მაგალითად, ექიმი,რომელიც პირველი დაბრმავებულის მკურნალობას ცდილობს და მის მოსაცდელში მყოფი პაციენტები.

რომანის კითხვის პროცესში ჩვენ სწორედ საზოგადოების ამ მიკროკოსმოსს ვაკვირდებით. სარამაგუ თავიდანვე უარყოფს უკონტროლო ეპიდემიის კვლევის უფრო ფართო პერსპექტივას. პრაქტიკულად, ,,სიბრმავის’’ ყოველ ფურცელზე ასახული ტრაგედია- ინდივიდუალური, პირადი ტრაგედიაა. რომანში კონტროლს ერთდროულად  კარგავს სახელმწიფო და სასულიერო ინსტიტუცია,თუმცა ამ ქაოსის ფონზე ავტორი მხოლოდ საკუთარ პერსონაჟებზეა კონცენტრირებული.

წიგნის სიუჟეტის დიდი ნაწილი საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ინფიცირებულები საკარანტინე პირობებში არიან მოთავსებულები. მათ არა აქვთ მუდმივი წვდომა საკვებთან, მედიკამენტებთან, წყალთან და სხვა საშუალებებთან. ის, ვინც კარგად იცნობს ფილოსოფოს რობერტ ნოზიკის წიგნს ,,ანარქია,სახელმწიფო, უტოპია’’, უფრო უკეთ გააცნობიერებს იმ ფაქტს, რომ აქ ორგანიზების პრინციპი მოქმედებს. ნოზიკი თვლიდა, რომ სახელმწიფოს და მაფიოზური რეკეტის ფორმირება ერთ პრინციპს ეფუძნება. ქაოსის დროს ადამიანები თავდაცვისთვის ერთიანდებიან. ძლიერები სუსტებს აკონტროლებენ, რომლებიც უსაფრთხოების სანაცვლოდ თავადვე ამბობენ უარს თავიანთ უფლებებზე. ანალოგიური სიტუაციაა ბრმების სამყაროში.

საინტერესოა, რომ სარამაგუს არ ახასიათებს პოლიტიკაზე და სხვა მსგავს სფეროებზე ვრცლად მსჯელობის ვნება. ის მათ მხოლოდ გაკვრით, შეფარვით ეხება, თანაც ყოველგვარი  თანამედროვე იდეოლოგიებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარეშე. სოციოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას კი საკმაოდ ცინიკურია.

ამ ავტორისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანები არც ერთმნიშვნელოვნად ბოროტ არსებებად ითვლებიან და არც ცალსახად დაუცველებად. რეალურად, ისინი სიკეთისა და ბოროტების გაუწონასწორებელ კომბინაციას წარმოადგენენ. კრიზისის დროს ჩვენი რეაქცია მძაფრდება და მუდმივ ცვლილებას განიცდის, თუმცა იშვიათად თუ მარტივდება ხოლმე.

საბოლოო ჯამში, ,,სიბრმავე’’ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, თუნდაც თავისი ღია ფინალის გათვალისწინებით. ბევრი რამის სწავლებაც შეუძლია, თუმცა ახსნას მწერლისგან ნუ მოელით. რომანი ერთგვარ ბიძგადაც შეგიძლიათ აღიქვათ, რათა დაიწყოთ მსჯელობა ეთიკის, მედიცინის, ადამიანის უფლებების და სხვა საკითხების ირგვლივ. ამდენად, ,,სიბრმავე’’ დიალოგის ათვლის წერტილი უფროა და გაცილებით უფრო მეტად გვიბიძგებს ფიქრისკენ, ვიდრე ის რომანები, რომლებიც დამამშვიდებელ ფინალს გვთავაზობენ.

© არილი

Facebook Comments Box