”ბაღდადელი ულისე”
ერიკ-ემანუელ შმიტი
“Ulysse from Bagdad”
Schmitt Eric-Emmanuel
300გვ. Albin Michel
ერაყის გაუთავებელი ომების, გამუდმებული ქაოსისა და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობის, სიღატაკის გამო ახალგაზრდა საად საადი სამშობლოს დატოვებას გადაწყვეტს. იგი ბრიტანეთში მიემგზავრება, იმედი აქვს, რომ ევროპაში ნორმალურ სამუშაოს იშოვის და თავის ოჯახს მატერიალურად მაინც დაეხმარება. მართალია, მისი სახელი – საად საადი არაბულ თარგმანში “იმედის იმედს” ნიშნავს, მაგრამ რამდენად გაუმართლებს თავგადასავლებისა და უკეთესი მომავლის საძიებლად მიმავალ ახალგაზრდა ერაყელს თავისი იმედები – ამის გადაწყვეტა მხოლოდ ერიკ-ემანუელ შმიტის ხელშია. ფრანგი მწერლისთვის “ბაღდადელი ულისე” მეექვსე რომანია. ქართველი მკითხველი კი ავტორს უკვე ქართულ თარგმანშიც იცნობს ( “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”, “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები”).
“ამას ჩემი ბებიაც ფლობს”
ფილიპ დელერმი
“Ma grand-mère avait les mêmes “
Philippe Delerm
93 გვ, Points
მარტივი ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერ გასაკუთრებულს არ გვეუბნებიან, თუმცა კი სადღაც მიმალულ ქვეცნობიერს მაინც გვიფორიაქებენ; სიტყვები, რომლებიც ცალ-ცალკე თითქოს უმნიშვნელო საგნებსა და მოვლენებს ასახავენ, მათი ერთობლიობა კი სიამოვნების მიღების ჩვენში დაფარულ უნარებს აღვიძებს – ფილიპ დელერმის ახალი წიგნი სწორედ ასეთი სიტყვებისა და ფრაზების კრებულია, სადაც ავტორის უკიდურესი ეგოცენტრიზმი, პირველ პირში გადაწყვეტილი წინადადებები მათი მარტივი ფორმებისა თუ შინაარსის გამო მკითხველს თანაავტორობის საშუალებას აძლევს და საბოლოოდ კი ნიღაბს ხსნის ფარულ ადამიანურ ზრახვებს. იუმორი, თვითირონია, სიმარტივე და თხრობის სილაღე – აშკარაა, ფრანგი ავტორი ჩვეულ სტილს არ ღალატობს.
“გულმოწყალება”
ტონი მორისონი
“A Mercy”
Toni Morrison
167 გვ. Alfred A. Knopf.
ნობელის პრემიის ლაურეატი ახალ რომანში ისევ უბრუნდება მონათმფლობელობის მტკივნეულ თემას. ამჯერად მოქმედების დროდ მეჩვიდმეტე საუკუნეა მონიშნული, ამერიკული ქვეყნების ფორმირების ხანა. მერილენდის ერთ-ერთ პლანტაციაში მომუშავე მონა თავის პატრონს, იაკობს, გასასტუმრებელი ვალების ალტერნატივად საკუთარ ქალიშვილს სთავაზობს, მაშინ, როცა იაკობის მეუღლის, რებეკას, ჯანმრთელობა დღითიღე უარესდება – იგი ერთი-მეორის მიყოლებით კარგავს ბავშვის ნაყოფს. ეპოქის სისასტიკე, ცხოვრებისეული დრამები, ადამინების პირადი ტრაგედია და ბიბლიური ალუზიები – ასეთია ტონი მორისონის ახალი წიგნი. “გულმოწყალება” ნობელიანტი მწერლის მეცხრე რომანია.
“ბარდ ბიდლის ზღაპრები”
ჯოან როულინგი
“The Tales of Beedle the Bard “
JK Rowling
109 გვ. Bloomsbury
ჰარი პოტერის ჯადოსნური თავგადასავლების მოყვარულებს სიურპრიზი ელით – ჯოან როულინგის ახალი წიგნი უკვე გაყიდვაში გამოვიდა. “ბარდ ბიდლის ზღაპრები” თავდაპირველად მხოლოდ 7 ეგზემპლარად გამოიცა, რომელთაგანაც ავტორმა ექვსი წიგნი თავის ახლო მეგობრებს დაურიგა, მეშვიდე კი აუქციონზე 800 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. “ბარდ ბიდლის ზღაპრები” ხუთი ჯადოსნური ამბისგან შედგება, სწორედ ეს წიგნი დაეხმარა ჰარის და მის მეგობრებს მათი დაუძინებელი მტრის – ვოლდემორის დამარცხებაში და, შესაბამისად, ზღაპრების შინაარსიც თემატურად ჰარი პოტერის მეშვიდე წიგნს – “სიკვდილის საჩუქრებს” უკავშირდება.
“ჯერარდ მენლი ჰოპკინსი. ცხოვრების გზა”
პოლ მერიენი
“Gerard Manley Hopkins. A Life.”
Paul Mariani
496 გვ. Viking
1898 წელს, 23 წლის ასაკში ჯერარდ მენლი ჰოპკინსმა თავისი ლექსების დაწვა გადაწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ კი შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: “მსხვერპლის სისხლი დაიღვარა”. შემდეგში კი ასეთი საქციელი იმ უსიამოვნო შეგრძნებით ახსნა, რომელიც თავისი და უოლტ უიტმენის პოეზიას შორის აღმოჩენილმა მსგავსებამ გამოიწვია მასში. ბრიტანელი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კიდევ არაერთ საინტერესო ფაქტს წაიკითხავთ პოლ მერიენის წიგნში, რომელიც თითქმის დეტალურად აღგვიწერს ჰოპკინსის ცხოვრების გზას. რელიგიური წინააღმდეგობები, კულტურული დაპირისპირებები, პოეტური ძიებები და ახალი ფორმა-შინაარსები – ეს ყველაფერი ჯერარდ მენლი ჰოპკინსის შემოქმედებას უკავშირდება.
„ენი ლეიბოვიცი მუშაობის პროცესში“
ენი ლეიბოვიცი
„Annie Leibovitz At Work“
Annie Leibovitz
237 გვ. Random House.
ფოტოხელოვნების შესახებ ერთ-ერთ მედიტაციაში სიუზან ზონტაგი წერდა, რომ ყველა ფოტოგრაფი მხოლოდ იმისკენ მიისწრაფვის, მისი ნამუშევარი ყველას დაამახსოვრდეს და ამით დაუვიწყარი დარჩეს. თითქოს, ასეთ დროს სულ ერთია, ვინ დგას ობიექტივის წინ, ვის გამომეტყველებასა და სხეულის მოყვანილობას აფიქსირებს ფირი, მაგრამ ჭირვეული ესეისტის საყვარელი თავის ახალ წიგნში სხვა ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად ამ სადუმლოსაც გვიმხელს – თურმე, ენი ლეიბოვიცის ფოტოკამერას ფავორიტებიც ჰყოლია, და მაგალითად, გრძელფეხება ნიკოლ კიდმანის გადაღებას შუბლშეკრული, ბრაზიანი გრიმასის მქონე უილიამ ბეროუზის გადაღება ერჩივნა. წიგნში ასევე შესულია ლეიბოვიცის ფოტონამუშევრების რეპროდუქციები, სხვადასხვა ფოტო-ესეებთან ერთად აქ ფოტოგრაფის დედის, მერილინ ლეიბოვიცის ფოტოებსაც ნახავთ.
© “ცხელი შოკოლადი”