ახალი წიგნები

ახალი წიგნები (ივნისი, 2007)

იან მაკიუენი

“ჩესილის სანაპიროზე”

Ian McEwan

“On Chesil beach”

166გვ, Jonathan Cape.

60-იანი წლების წყნარი სასტუმრო, ირგვლივ ყვავილებით გაშენებული ბაღი და ხედი სანაპიროზე… რომანტიული სამყარო და ორნი ამ სამყაროში – ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც თავის პირველ ღამეს სწორედ ამ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ატარებს. თითქოს და, რა უნდა მოხდეს ბედნიერ ცოლ-ქმარს შორის ისეთი, რამაც შეიძლება ქორწილის პირველი ღამე ტანჯვად გადაუქციოს მათ… მაკიუენს მკითხველი ახალდაქორწინებულთა საძინებელ ოთახში შეჰყავს, სადაც უკვე ნათელი ხდება, რომ მხოლოდ თეთრი კაბა, შამპანური, ყვავილები და საქორწილო საჩუქრები არ კმარა ქალსა და კაცს შორის ურთიერთგაგებისა და თანაცხოვრებისათვის.

თომას პინჩონი

“დღის საწინააღმდეგოდ”

Thomas Pynchon

“Against the Day”

1085გვ, Cape.

მათ, ვინც პინჩონის ახალი წიგნის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა, მწერლის ახალი ხუშტურებისა და უცნაურობების ატანა მოუწევს. ძნელია, პასუხი გასცე შეკითხვას, რის შესახებაა რომანი, უკეთესია, იკითხოთ, რის შესახებ არ არის ის. წიგნის გარშემო ცალსახად საუბარი და მის საერთო შინაარსზე მსჯელობა დაახლოებით იმის მცდელობას დაემსგავსება, ერთი მუსიკალური ნოტით გამოხატო, თუ რა ხმებს გამოსცემს პიანინო, როცა ის კიბეებზე ეშვება. ალბათ, “დღის საწინააღმდეგოდ” უფრო იდეების კომედიაა, სადაც ადამიანები მეორე ხარისხოვან როლს თამაშობენ. სამაგიეროდ, აქ წაიკითხავთ უზარმაზარი გაბურძგნული ძაღლის თავგადასავალს, რომელიც ისეთი სერიოზულობითა და სიზუსტითაა მოყოლილი, თითქოს ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი იყოს; იხილავთ ცნობილი ანიმაციური იხვის ჭუჭულის – ლუნი ტუნზის მიერ აღწერილ აპოკალიფსს და მწერლის სხვა ოინებს. ერთი სიტყვით – სრული ნონსენსი.

გიუნტერგრასი

სულელიაგვისტო

Günter Grass

“Dummer August”

80 გვ, Steidl.

რას განიცდის მწერალი, როდესაც მის ბოლო სერიოზულ ნაშრომს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, პასუხს სთხოვენ “ცუდი წიგნის” გამო და თან უკმაყოფილების გამოხატვის ფორმებზეც დიდად არ ზრუნავენ? მით უმეტეს, თუ ეს მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატია და კრიტიკოსების ასეთ შემოტევასთან გამკლავების არც ისე დიდი გამოცდილება აქვს? სხვისი არ ვიცი, მაგრამ გიუნტერ გრასი ამ ყველაფერზე უცნაურად რეაგირებს – მკითხველს ახალ წიგნს სთავაზობს, თანაც – არც მეტი, არც ნაკლები – პოეტურ კრებულს. როგორც თავად მწერალი ამბობს, ლექსები საჯარო დებატების პარალელურად იწერებოდა, რაც მას ძალიან დაეხმარა ამ მძიმე პერიოდის გადასატანად.

სიუზან სონტაგი

ერთსადაიმავედროს: ესსეებიდამოხსენებები

Susan Sontag

„At the same time: essays and speeches”.

256 გვ, Hamish Hamilton.

კრებულში შესულია ესეები და ზეპირსიტყვიერი ჩანაწერები, რომლებსაც სონტაგის გარდაცვალების შემდეგ (2004) მისმა რედაქტორმა თავი მოუყარა და ერთ წიგნად გამოსცა. ამერიკელი მწერლის ბოლოდროინდელი ნაშრომები ჩვეული რადიკალიზმით და ხედვის დამახასიათებელი კუთხით გამოირჩვეა, მასში განხილულია ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებიც, მათ შორის თერთმეტი სექტემბრის ტრაგედია და ბუშის აღმოსავლური პოლიტიკა. როგორც თავად სონტაგი ამბობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში სურდა, დაბრუნებოდა მხატვრულ ტექსტებს და მისი უკანასკნელი წიგნიც რომანი ყოფილიყო, თუმცა, მისი ესსეებისა და კრიტიკული წერილების მიმართაც მკითხველი არანაკლებ ინტერესს იჩენს.

რიჩარდ უიტსი

The Velvet Underground

Richard Witts

“The Velvet Underground”

171 გვ, Equinox.

როდესაც ხედავ, რომ ახალგაზრდები თავიანთი საკულტო როკ-ჯგუფის გავლენაში ჩარჩნენ, ცხოვრობენ ჯგუფის წევრების ცხოვრების წესით, ბაძავენ ყოველგვარ უმსგავსობაში და მათ მიმართ სიყვარულს მხოლოდ ნარკოტიკებისგან გაბრუებით, ერთი და იმავე მუსიკის მოსმენით გამოხატავენ, სწორედაც დროა, რომ ამ მოჭარბებული ემოციების კოორდინაცია გაცილებით უფრო სასარგებლოდ მიმართო – უფრო კონკრეტულად კი, დაწერო წიგნი ახალგაზრდების კერპის შესახებ და, გარდა იმისა, რომ თაყვანისმცემლები გაახარო, სხვა დაინტერესებულ მკითხველსაც ლეგენდარული შემსრულებლების მოღვაწეობის საინტერესო დეტალებზე უამბო. “The Velvet Underground” ამავე სახელწოდების ამერიკულ როკ-ჯგუფზე მოგვითხრობს; წიგნი “პოპ-მუსიკის კერპების” სერიითაა გამოცემული.

.. დოქტოროუ

ტკბილიმიწისამბები

EL Doctorow

„Sweet land stories“

180გვ, Abacus.

შეკითხვების აუტანელი სიმრავლე, რომლებიც ადამიანს გზაჯვარედინზე ყოფნისას უჩნდება – მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი კრიმინალია და დანაშაულს დანაშაულზე ჩადის. არადა, თითქოს, მიზანი მიღწეულია – მაქინაციებითა და დანაშაულებრივი გზით წარმატებულად გადაგყავს საზღვარზე სულიერად ავადმყოფი მეგობარი გოგო და მოტაცებული ახალშობილი… მაგრამ რა უნდა მოიმოქმედო შემდეგ? აჰყვე გრძნობებს და ახალი ცხოვრება დაიწყო დედობრივი ინსტინქტებით აღტაცებულ შეშლილ გოგონასთან და უსუსურ არსებასთან ერთად თუ გონებას მოუხმო და ბავშვი მშობლებს დაუბრუნო, სულიერად ავადმყოფი მეგობარი კი საავადმყოფოს მიაბარო? ედგარ ლორენს დოქტოროუს ახალი რომანი ლესტერ რომანოვსკის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ უამბობს მკითხველს

© ”ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box